ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
ლალი ხიხაძე ∘
ეკონომიკური და კულტურული გლობალიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები რეზიუმე თანამედროვე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის განვითარების მომავალი გლობალიზაციის შეუქცევად პროცესებთანაა დაკავშირებული. სამეურნეო ცხოვრების ინტერნაციონალიზაცია, ტრანსნაციონალიზაცია, ინტეგრაციული პროცესები, სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაცია გახდა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს გლობალიზაციის თანამედროვე მდგომარეობას. XXI საუკუნის დასაწყისში საქართველო სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სივრცეების მიჯნაზე იმყოფება და გლობალურ მსოფლიოში ეფექტიანი ჩართვის აუცილებლობის წინაშე დგას. გლობალური პრობლემების მოგვარება მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით შეუძლებელია, საჭიროა ამ მიმართულებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და გამოცდილების კვლევა და მათი გამოყენება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული თავისებურების გათვალისწინებით. მიგვაჩნია, რომ საქართველო აქტიურად ჩართულია გლობალიზაციის პროცესებში, ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკის გრანდებთან-ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან, გლობალურ ტრიადასთან-საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკის ჯგუფთან, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამდენად ობიექტური აუცილებლობაა საქართველომ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, ეკონომიკური პროგრესისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პერსპექტივა. ქვეყნის ეროვნული პოლიტიკა, საქმიანი და კულტურული ურთიერთობები ცივილიზებულ მსოფლიოსთან უნდა იყოს მიზანდასახული, რაციონალური და ეკონომიკურად დასაბუთებული. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური და კულტურული გლობალიზაცია, გლობალური ბიზნესი, პოსტინდუსტრიული, გარდამავალი და განვითარებადი ქვეყნები, გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები, ინტეგრაციული პროცესები, საერთაშორისო ბიზნესის ლიბერალიზაცია, სატრანზიტო დერეფანი, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, კულტურულ მემკვიდრეობა, გლობალური ორგანიზაციები. XXI საუკუნის 20-იან წლებში კაცობრიობის წინაშე დგას მრავალი გლობალური პრობლემა და გამოწვევა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას, კვლევასა და შეფასებას საჭიროებს ეკონომიკური და კულტურული გლობალიზაცია, რადგანაც კულტურული გლობალიზმი მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული ფასეულობების წაშლასა და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას. გლობალური კულტურა და კოსმოპოლიტური მიდგომები კი შეუთავსებადი და წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკასთან. |