English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ მარიამ საღარეიშვილი
კონკურენცია საქართველოს აგროსასურსათო ბაზრებზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების გამოწვევები

რეზიუმე. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილებიდან, სოფლის მეურნეობის დარგს ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია[1]. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა[2] და შესაბამისად, არაერთი პროგრამა და პროექტი ხორციელდება დარგის ხელშესაწყობად. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (APMA) ახორციელებს ისეთ პროექტებს,[3]  როგორებიცაა: დანერგე მომავალი, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტი, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, აგროდაზღვევა და სხვ. აღნიშნული პროექტებით საწარმოო ჯაჭვის ყველა რგოლის  განვითარება შესაძლებელია. ისინი მოიცავს, რეგიონების მიხედვით, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას, გამრავლებას, გადაბერებული ბაღების ჩანაცვლებას, გადამუშავებას და უზრუნველყოფს დარგში ფინანასებზე ხელმისაწვდომობას.  სახელმწიფოს გარდა, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციები, როგორებიცაა: ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სურსათის და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაცია (FAO) და სხვ.  (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2018).

სტატიაში განხილულია, თუ რამდენად შესაძლებელია აღნიშნული პროგრამების დახმარებით საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა და გამოწვევების დაძლევა. ასევე, მიმოხილულია ის ძირითადი გამოწვევები, რაც სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდას აფერხებს.

საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, კონკურენცია, სასურსათო ბაზარი, კონკურენტუნარიანობის ამაღლება. 

შესავალი

სოფლის მეურნეობის გაძლიერებისთვის განხორციელებული პროექტებისა და გამოყოფილი სახსრების მიუხედავად, სტატისტიკური მონაცემები არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია. 2017 წლის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შემცირდა 0.8 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 8.2% (საქსტატი, 2018). ამასთან ერთად, 2017 წელს სექტორში უარყოფითი რეალური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა (-4.1%). რაც შეეხება დარგში გამოშვებული პროდუქციის მოცულობას, იგი მზარდია, თუმცა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არც ისე მაღალი ტემპით იზრდება (2017 წელს გაიზარდა 2%-ით, 2016 წელთან შედარებით) (დიაგრამა 1).

 

დიაგრამა 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, 2006-2017

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

დარგის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, 2012 წლიდან მკვეთრად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი და 2017 წელს 322 მლნ ლარი შეადგინა, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს 2011 წელს[4]

არსებული მონაცემების გაანალიზება ეჭვქვეშ აყენებს დარგში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობას[5], ასევე, რამდენად სწორად ხდება დარგში არსებული შესაძლებლობების გამოვლენა და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება და ინვესტირება. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია  43%, რაც 735 ათას კაცს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მასში მნიშვნელოვანი წილი თვითდასაქმებულებს უკავიათ (98%)[6] ხოლო, ბიზნეს სექტორში სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასაქმებულთა რიცხვი 12 ათას კაცს აღემატება. დარგში შრომის მწარმოებლურობა არც თუ ისე მაღალია. სოფლის მეურნეობის სექტორში 2017 წელს, საშუალოდ, ერთ მუშაკზე 5329 ლარის ღირებულების პროდუქცია მოდის (საშუალოდ თვეში 444 ლარი), ხოლო ბიზნეს სექტორში, საშუალოდ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ერთ მუშაკზე - 10920 ლარის ღირებულების პროდუქტი (საშუალოდ თვეში 909 ლარი). 

2017 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 518 ლარს შეადგენს, არასახელმწიფო სექტორში კი - 693 ლარ,. ხოლო ბიზნეს სექტორში სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 641 ლარს.

ძირითადი გამოწვევები 

სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობის ზრდის და დარგის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ ქვეყანაში ძირითადად იწარმოება პირველადი (გადაუმუშავებელი) აგროსასურსათო პროდუქცია და შედარებით ნაკლებად ხდება მეორადი წარმოება. შედეგად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს, ძირითადად ნედლი სახის პროდუქცია მიეწოდება. იქიდან გამომდინარე, რომ მეორად პროდუქციას უფრო მაღალი ღირებულება აქვს, სასურველია, საწარმოო ჯაჭვის ყველა რგოლის განვითარება. 

დარგის განვითარების შემთხვევაში, ჩნდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ  საქართველოში მოქმედებს სხვადასხვა სახის სავაჭრო რეჟიმები და საერთაშორისო შეთანხმებები[7]. საქართველო არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წევრი, აშშ-სთან, კანადასა და იაპონიასთან სარგებლობს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP). ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან. 2002 წლიდან საქართველო სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ქვეყნებთან თანამშრომლობს თავისუფალი სავაჭრო ზონის პირობებში. 2014 წლიდან კი მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შექმნის (DCFTA) შეთანხმება ევროკავშირთან. 

არსებული შესაძლებლობების მიუხედავად, 2017 წლის მონაცემებით, ქართული პროდუქციის ექსპორტი თითქმის სამჯერ ჩამოუვარდება იმპორტის მაჩვენებელს. არც თუ ისე მაღალი ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ერთ-ერთი მიზეზი აღნიშნული პროდუქციის დაბალი ხარისხი და შესაბამისად დაბალი კონკურენტუნარიანობაა სხვადასხვა ბაზარზე. საპირისპიროდ კი აღნიშნული პროდუქცია მაღალ კონკურენციას განიცდის სხვა ქვეყნებისგან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. 

ცხრილში 1 მოცემულია ათი ყველაზე მსხვილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის მოცულობები და მათი დინამიკა. ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ხორბალი, შაქარი, ფრინველისა და ღორის ხორცი, რძე და რძის ნაწარმი და სხვ. კონკურენციას უწევენ ადგილობრივად წარმოებულ იმავე პროდუქციას. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ვერ ხდება მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის აღნიშნული პროდუქციის წარმოება, ქვეყანა ხდება იმპორტდამოკიდებული. 

ცხრილი 1. ათი უმსხვილესი აგროსასურსათო პროდუქტის იმპორტის დინამიკა (მლნ ლარი)

 

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

ხორბალი

108.9

105.1

174.1

184.2

240.0

184.8

151.8

119.4

86.1

98.2

შაქარი

66.0

50.4

74.2

92.9

84.5

67.4

57.9

49.3

65.5

67.6

ფრინველისხორცი

44.8

37.2

48.0

66.1

69.8

71.4

72.2

53.0

58.4

61.7

შოკოლადი

49.7

42.9

46.6

50.5

53.1

61.6

59.6

47.0

50.6

53.3

კვებისპროდუქტები

28.2

22.9

21.9

27.9

27.0

30.1

32.9

26.5

27.8

36.4

ზეთი

45.7

28.2

40.0

54.2

51.3

53.8

37.6

43.5

39.6

36.2

ღორისხორცი

16.5

12.7

13.5

18.9

28.9

34.1

38.1

26.6

26.1

34.6

პურისაკონდიტრონაწარმი

25.4

19.2

22.4

29.2

30.1

32.7

34.0

29.9

30.5

34.6

თევზი

26.6

22.5

26.9

30.9

33.7

35.3

31.2

27.1

26.4

28.1

რძე

14.9

11.7

15.7

17.6

17.0

21.4

21.7

16.5

17.9

24.4

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2018.

ცხრილში 2 კი წარმოდგენილია ის ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომლის ექსპორტიც ხორციელდება საერთაშორისო ბაზრებზე. მათ შორისაა: ქართული ღვინო, თხილი და მინერალური წყალი. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულობამ ხელი შეუწყო ცხრილში მოცემული პროდუქციის წარმოების განვითარებას.

ცხრილი 2. ათი უმსხვილესი აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის დინამიკა (მლნ ლარი)

 

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

ღვინო

41.1

29.2

36.9

32.0

41.1

54.1

64.8

128.3

180.4

95.8

მინერალურიწყალი

24.0

25.4

31.0

24.7

36.9

47.6

59.4

106.9

137.1

82.2

კაკალი

56.6

65.1

31.7

70.0

75.1

130.2

83.7

166.7

183.4

176.6

მსხვილფეხარქოსანიპირუტყვი

0.0

0.0

0.6

16.9

19.3

28.2

39.3

47.6

30.1

20.1

ცხვრის/თხისხორცი

0.0

0.1

0.0

0.0

0.0

0.0

1.9

0.8

0.9

0.1

ლიმონათი

23.0

29.4

7.9

10.7

14.7

15.1

20.9

17.4

28.7

18.8

ფქვილი

0.0

0.3

0.2

0.8

2.7

1.9

0.8

13.5

15.7

10.7

ციტრუსებისნაყოფი

2.5

4.6

3.9

15.7

12.1

5.3

7.7

20.2

14.7

13.4

წვენები

2.8

13.6

8.4

2.9

6.2

6.3

12.6

7.4

10.6

7.5

დაფნა

1.4

2.1

2.2

2.6

3.8

3.6

4.8

5.2

7.0

8.0

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2018.

ძირითადი გამოწვევები

 სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია აგროსასურსათო ბაზრებზე კონკურენციის ჩამოყალიბება. კონკურენცია აგროსასურსათო ბაზარზე სასარგებლოა როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მწარმოებლებისათვის. კონკურენციის შედეგად[8]:

- მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად. კონკურენციის შედეგად ბაზარზე იკლებს ფასები, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება ხელი ამა თუ იმ სოფლის მეურნეობის პროდუქტზე.

- მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. კონკურენციის შედეგად ფირმები ცდილობენ გააუმჯობესონ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი.

- მომხმარებლებს აქვთ უფრო მრავალფეროვანი და ფართო არჩევანი.

- ფირმები მიმართავენ ინოვაციებს მწარმოებლურობის ზრდისთვის.

- ფირმები კონკურენტუნარიანები ხდებიან საერთაშორისო ბაზრებზეც.

არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ქართული აგროსასურსათო პროდუქცია დაბალ კონკურენტულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

მაგალითად, ბოსტნეულის სექტორში, პროდუქციის კონკურენტუნარიანობას აფერხებს საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები, რომლებსაც ქართული ბოსტნეული ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს. ამასთან ერთად, ბარიერს წარმოადგენს ბოსტნეულის მცირე რაოდენობით წარმოება, რაც ბევრად ჩამორჩება იმ რაოდენობას, რა მოცულობაზეც არის საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა (ე. ხარაიშვილი, ბ. გეჩბაია, გ. მამალაძე, 2018).

კონკურენტუნარიანობის კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების დონე. კვლევები[9] ცხადყოფს, რომ ღირებულებათა ჯაჭვის რგოლებში შემნახველ-გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირეა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ძირითადად გადამუშავების გარეშე მიეწოდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს. შესაბამისად, მისი ღირებულებაც დაბალია. ამას ისიც ემატება, რომ პროდუქციის პირველადი წარმოებიდან მომხმარებლამდე მიტანამდე არ იქმნება მაღალი დამატებული ღირებულება.

სოფლის მეურნეობის ბაზარზე კონკურენციის ზრდას ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაც შეუწყობს ხელს, რაც ამჟამად ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს (ე. ხარაიშვილი, 2018).

წარმოების განვითარებას ასევე ხელს უშლის მიწის ფრაგმენტაცია და მიწის რეგისტრაცია[10]. მიწის ფრაგმენტაცია ხელს უშლის წარმოების გაფართოებას, დიდი რაოდენობით პროდუქციის წარმოებას და გაყიდვას. ხოლო მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ ბარიერს, რადგან ამ შემთხვევაში მიწის, როგორც საბანკო უზრუნველყოფის, გამოყენება რთულდება.

დასკვნები და რეკომენდაციები

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, არსებობს გამოწვევების აღმოფხვრის და დაძლევის სხვადასხვა გზა. მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რთულია წარმოებული პროდუქციის მოცულობით კონკურენციის გაწევა მსხვილი მწარმოებელი ქვეყნისთვის, როგორიცაა, თურქეთი. სწორედ ამიტომ, სასურველია ნიშური პროდუქციის შერჩევა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზარზე, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, კოოპერაციის, გაერთიანების გზით შესაძლებელია გაცილებით დიდი რაოდენობით პროდუქციის მიწოდება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისათვის. ეს გაზრდის ბაზარზე კონკურენციას და ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობასაც. 

საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების დანერგვა ადგილობრივ წარმოებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ზოგადად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის. იგი გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხს, შესაბამისად, უფრო მიმზიდველს გახდის მას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე, ქართველი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე.

მწარმოებლურობის ზრდის ერთ-ერთი გზა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტექნოლოგიები ხარჯებთანაა დაკავშირებული, იგი ზრდის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და მაღალი ამონაგების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს უკვე არაერთ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. მსგავსი შეთანხმებების არსებობა და მათი გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარების და დარგის კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობაა. სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შედეგად იზრდება კონკურენცია ადგილობრივ ბაზარზე. ასევე, ადგილობრივი კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრები გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება (შესაბამისი მოთხოვნებისა და სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში). აქედან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების პირობებში, ქვეყანაში შემოედინება უცხოური გამოცდილება, ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნა. სანაცვლოდ კი ხდება უფრო მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი, ქართული პროდუქციის წარმოება და მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ე. ხარაიშვილი, ბ. გეჩბაია, გ. მამალაძე, „ბოსტნეულის ბაზარი:   ქართული პროდუქტის კონკურენტული უპირატესობები და კონკურენციის გამოწვევები“, 2018.
  2. E. Kharaishvili, G. Erkomaishvili, M. Chavleishvili, “Problems Faced by the Agricultural Sector and Agribusiness Development Strategy in Georgia“, World Academy of Science, Engineering and Technology International Journal of Industrial and Systems Engineering, 2015.
  3. E. Kharaishvili, The Impact of Preferential Agro Credit on the Development of Agribusiness in Georgia, 2018. ECOFORUM. Volume 7, Issue 1(14), 2018.
  4. პი ემ სი კვლევითი ცენტრი, „ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი“, 2016.
  5. პი ემ სი კვლევითი ცენტრი, “მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი“, 2018
  6. პი ემ სი კვლევითი ცენტრი, „ჟოლოს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი“, 2018.
  7. ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, http://iset-pi.ge/index.php/ka/iset-economist-blog/entry/2018-05-15-13-41-57
  8. ევროპის კომისია, http://ec.europa.eu/competition/consumers/why_en.html
  9. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2018.
  10. სახელმწიფო ბიუჯეტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2018
  11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2018.
  12. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2018.
  13. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, 2018.
  14. https://www.ippmedia.com/en/features/importance-agricultural-sector-country%E2%80%99s-economic-development


[2] საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020.

[3] სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, 2018.

[4] საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2018

[6] საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ.

[7] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2018.

[8] http://ec.europa.eu/competition/consumers/why_en.html

[9] ატმის, მანდარინის, ჟოლოს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზები, პი ემ სი კვლევითი ცენტრი, 2018.

[10] https://waset.org/publications/10002878/problems-faced-by-the-agricultural-sector-and-agribusiness-development-strategy-in-georgia