English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ალფრედ კურატაშვილი
ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია – ეკონომიკისა და ბიზნესის ფუნქციონირების სოციალური ორიენტაციის განმსაზღვრელი მეცნიერული საფუძველი

ვრცელი რეზიუმე 

სამეცნიერო ნაშრომში კრიტიკულად არის განხილული ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ სამყაროში მეცნიერებაში, პოლიტიკაში და პრაქტიკაში შეცდომით დამკვიდრებული, და საზოგადოებაში და სახელმწიფოში გაბატონებული – საშუალებათა უზენაესობა (?!).

კერძოდ, კრიტიკულად არის განხილული საზოგადოებაში და სახელმწიფოში საშუალებათა ეკონომიკური თვითმიზნის უზენაესობა (ბატონობა) – ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის უზენაესობა (ბატონობა) ადამიანზე (?!).

ამასთან, საშუალებათა ეკონომიკური თვითმიზნის საფუძველში, ეკონომიკური თვითმიზნისა, რომელიც გამოხატავს კაპიტალიზმის ჭეშმარიტ ბუნებას, ძევს ადამ სმიტის ეგრეთ წოდებული „უხილავი ხელი“, რამეთუ მიუხედავად ადამ სმიტის საყოველთაოდ აღიარებული დამსახურებისა ეკონომიკურ მეცნიერებაში, ეგრეთ წოდებული „უხილავი ხელის“ თავისი მთავარი „მეცნიერული“ იდეით, ადამ სმიტი, ჩემი მეცნიერულად დასაბუთებული რწმენით, ფაქტობრივად არის არა მხოლოდ კლასიკური პოლიტეკონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, არამედ არის აგრეთვე ეკონომიკური ფაშიზმის „მეცნიერული“ „ინტერპრეტატორი“ და მისი მეცნიერული საფუძვლების შემქმნელი.

სამეცნიერო ნაშრომში კრიტიკულად არის განხილული აგრეთვე მსოფლიოში შეცდომით აღიარებული და დამკვიდრებული –კანონის უზენაესობა, რამეთუ კანონს არ შეიძლება ჰქონდეს უზენაესობა საზოგადოებაში და სახელმწიფოში, რადგან კანონი ჭეშმარიტად ადამიანურ საზოგადოებაში და სახელმწიფოში უნდა იყოს მხოლოდ ადამიანის უფლებების, ჭეშმარიტად ადამიანური თავისუფლებების და ინტერესების რეალიზაციის აუცილებელი საშუალება –აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც გამორიცხავს ანტისოციალურ, ანტიჰუმანურ, ანტიზნეობრივ მოვლენებს.

ამრიგად, კანონს, ისევე, როგორც, საერთოდ, სამართალს –სამართლებრივ სისტემას, რომელიც თავის თავში აერთიანებს კანონებს და ყველა სხვა სამართლებრივ აქტებს, არ შეიძლება ჰქონდეს უზენაესობა საზოგადოებაში და სახელმწიფოში, მიუხედავად კანონიერების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და აუცილებლობისა, რამეთუ კანონები იქმნება (უნდა იქმნებოდეს) ადამიანისათვის, და არა ადამიანი იბადება და ცხოვრობს კანონებისათვის.

მაშასადამე, ჩემს მიერ შექმნილი ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია არის პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულება და პრინციპულად ახალი მეცნიერული თეორია, რომლის საფუძველზეც იმსხვრევა სტერეოტიპები საზოგადოებრივ მეცნიერებებში, პოლიტიკაში და პრაქტიკაში, და სწორედ ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიის საფუძველზე კარდინალურად იცვლება კრიტერიუმი და მიდგომა ეკონომიკისა და ბიზნესის მართვისადმი, ისევე, როგორც მთლიანად საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვისადმი.