English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ალფრედ კურატაშვილი
თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია – ეკონომიკური ფაშიზმისა და კრიმინალური ბიზნესის აღმოფხვრის აუცილებელი მეცნიერული საფუძველი

ვრცელი რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში გამხილულია თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია – როგორც საზოგადოებაში და სახელმწიფოში ეკონომიკური ფაშიზმისა და კრიმინალური ბიზნესის აღმოფხვრის აუცილებელი მეცნიერული საფუძველი.

თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური ფაშიზმის არსებობის მიზეზი მდგომარეობს – საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფუნქციონირების ეკონომიკურ მიზნობრივ მიმართულებაში (?!).

მაშასადამე, საზოგადოებაში და სახელმწიფოში ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის „უზენაესობა“ – ბატონობა – ადამიანზე, რაც დამახასიათებელია კაპიტალიზმის არსობრივი ბუნებისათვის, წარმოადგენს ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინებას (?!).
უფრო მეტიც, ეკონომიკური ფაშიზმის თეორიული „დასაბუთება“ და „გამართლება“ მოცემულია სახელგანთქმული ადამ სმიტის ეგრეთ წოდებულ „უხილავ ხელში“ (?!).

რაც შეეხება კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის ფუძემდებლის – სახელგანთქმული ადამ სმიტის, რომელიც ამავე დროს არის ეკონომიკური ფაშიზმის ფუძემდებელი და „გამთეთრებელი“, მიმდევრებს, უნდა აღინიშნოს, რომ ადამ სმიტის მიმდევრები, ჩემი მეცნიერულად დასაბუთებული რწმენით, არიან როგორც კეინსიანიზმის დამფუძნებელი და წარმომადგენლები, ისე მონეტარიზმის დამფუძნებელი და წარმომადგენლები და ა.შ., მიუხედავად მათი სხვადასხვა სამეცნიერო დამსახურებისა კაპიტალიზმის დროებით გადარჩენის საქმეში (?!).

ადამ სმიტის მიმდევრები არიან აგრეთვე კაპიტალიზმის ყველა აპოლოგეტი –დამცველი – და, შესაბამისად, ეკონომიკური ფაშიზმის ყველა აპოლოგეტი –დამცველი, რომლებმაც „თბილი“ „კორმუშკა“ იპოვეს, როგორც მეცნიერების, ისე პოლიტიკის, და, კერძოდ, სახელმწიფო მართვის სფეროში (?!).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ ეკონომიკური ფაშიზმის ბატონობის შედეგია, სწორედ საზოგადოებაში და სახელმწიფოში ადამიანზე ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის „უზენაესობის“ – ბატონობის – მხარდამჭერთა, ეკონომიკური ფაშიზმით „დაავადებულ“ „მეცნიერთა“ და „პოლიტიკოსთა“ „მოღვაწეობის“ შედეგია ყველა ის კრიმინალური და ანტიადამიანური ქმედებები, და, მათ შორის, კრიმინალური ბიზნესის ფუნქციონირება, რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვე მსოფლიოში (?!).

და აქ ჩნდება კითხვა:

რაში მდგომარეობს ადამ სმიტის ეგრეთ წოდებული „უხილავი ხელის“ ალტერნატივა, და, მაშასადამე, ეკონომიკური ფაშიზმის ალტერნატივაც?!

ამის საპასუხოდ უნდა აღინიშნოს, რომ ადამ სმიტის ეგრეთ წოდებული „უხილავი ხელის“ ალტერნატივა და, მაშასადამე, ეკონომიკური ფაშიზმის ალტერნატივაც, არის რევოლუციური ცვლილებები საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფუნქციონირების მიზნობრივ მიმართულებაში „წმინდა“ ეკონომიკური მიზნობრივი მიმართულებიდან – სოციალური (ჰუმანოსოციალური) მიზნობრივი მიმართულებისაკენ, რაც განხორციელებადია (შესაძლებელია) მხოლოდ ჩემს მიერ შექმნილი პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულებების და პრინციპულად ახალი მეცნიერული თეორიების საფუძველზე – სოციალური მიზნის ფილოსოფიის საფუძველზე, ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიის საფუძველზე და თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორიის საფუძველზე.

ამასთან, მოცემულ სამეცნიერო ნაშრომში განხილულია თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია – როგორც საზოგადოებაში და სახელმწიფოში ეკონომიკური ფაშიზმისა და კრიმინალური ბიზნესის აღმოფხვრის აუცილებელი მეცნიერული საფუძველი.