English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ თეიმურაზ გოგოხია
ბიზნესგარემო, ინოვაცია და მწარმოებლურობა გარდამავალი ეკონომიკების პირობებში: ანალიზი ფირმის დონეზე[1]

ანოტაცია. სტატიაში წარმოდგენილიაემპირიული ხასიათის კვლევა, რომლის მთავარი მიზანია გაფართოებული ეკონომეტრიკული ე.წ. CDM მოდელის საფუძველზე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების პირობებში მოქმედი ფირმების დონეზე არსებული შესაბამისი სტრუქტურული ურთიერთობების შესწავლა ისეთ ფაქტორებს (ცვლადებს) შორის, როგორიცაა:

  • ბიზნესგარემო;
  • სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები(სკსსს)[2];
  • ინოვაციები;
  • შრომის მწარმოებლურობა.

კვლევა ეყრდნობა გარდამავალი ეკონომიკის 28 ქვეყანაში 2012-2014 წლებში მსოფლიო ბანკის და რეკონსტ­რუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მიერ ერთობლივად შესრუ­ლებული BEEPS[3]-ის მე-5 რაუნდის  მონაცემებს, რომელიც ეხება ფირმის (მიკრო-) დონეს.

საკვანძო სიტყვები: გარდამავალი ეკონომიკა, ფირმა, ბიზნესგარემო, ინოვაცია, მწარმოებლურობა. 

შესავალი

როგორც თეორიულ, ისე ემპირიულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ხაზგასმულია ინოვაციების გადამწყვეტი როლი და მნიშვ­ნელობა ფირმის, როგორც ეკონომიკური სისტემის ძირეული რგოლის, მწარმოებლუ­რობისა და, შესაბამისად, ეფექტიანობის ამაღლებაში.

ინოვაციები, ინოვაციური აქტიურობა და ინოვაციებზე ორიენტირებული სტრატეგიები განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის, სადაც ფირმების წინაშე დღის წესრიგში დგას კონკურენტუნარიანობისა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევისა და შენარჩუნების ამოცანა სხვადასხვა ბიზნესგარემოს პირობებში.

ამასთან დაკავშირებით, თანამედროვე პირობებში, შეინიშნება გარდა­მავალი ეკონომიკის ქვეყნების ფირმების ინოვაციური საქმიანობის სფეროში როგორც თეორიული, ისე ემპირიული კვლევების გააქტიურება. თუმცა გადაუჭრელი საკითხი ჯერ კიდევ ბევრი რჩება.

სტატიის ძირითადი მიზანია ბიზნესგარემოს როლის შესწავლა გარდამავალი ეკონომიკების პირობებში მოქმედი ფირმების საქმიანობის ისეთი მიმართულებების გაძლიერებაში, როგორიცაა: სკსსს; ინოვაციები; შრომის მწარმოებლურობა.

ნაშრომში ვეყრდნობით შესაბამის აკადემიურ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებულ გაგებას ბიზნესგარემოს შესახებ, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი  ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა სამართლებრივი და მარეგულირებელი ინსტიტუტისგან შედგება. ის, ერთი მხრივ,  კონტროლს არ ექვემდებარება ფირმების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, ზეგავლენას ახდენს ფირმის დანახარჯებზე როგორც ვაჭრობის, ისე ბიზნესის კეთების სფეროში, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს ფირმის მწარმოებლურობის ამაღლებას და, ამასთან ერთად,  ფირმას აძლევს სტიმულს, გაზარდოს თავისი აქტივობები ინოვაციური და საექსპორტო მიმართულებით [Carlin and Seabright, 2007; Iwanow and Kirpatrick, 2008; EBRD, 2014].

სტატია დაყოფილია ოთხ ნაწილად. პირველ ნაწილში ვასრულებთ შესაბამისი ლიტერატურული წყაროების მიმოხილვას. ამ უკანასკნელის შეჯამების საფუძველზე მეორე ნაწილში ვახდენთ შესაბამისი ჰიპოთეზების ფორმულირებას.

მესამე ნაწილში ჩამოვაყალიბებთ ემპირიულ სტრატეგიას, სადაც აღვწერთ ჰიპოთეზების ტესტირებისთვის გამოყენებულ ეკონომეტრიკულ მოდელს, კვლევის შერჩევასა და შესაბამის მონაცემებს, ხოლო ბოლო ნაწილში წარმოვადგენთ კვლევის შედეგებს, ანუ გამოყენებული ეკონომეტრიკული მოდელის პარამეტრების შეფასების შედეგებსა და მის ინტერპრეტაციას.

 I. ლიტერატურის მიმოხილვა

ლიტერატურის მიმოხილვის ფარგლებში გამოვყავით როგორც თეორიული, ისე ემპირიული ხასიათის კვლევების ორი მიმართულება: 1. ლიტერატურა, რომელში აღწერილია დამოკიდებულება ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა: ბიზნესგარემო და ეკონომიკური ეფექტიანობა [Schumpeter, 1934; 1942; North, 1990, 1994; Dollar et al. 2005; Arnold, Javorcik and Matoo, 2006; Knack and Keefer, 1997; Zak and Knack, 2001; Allard, Martinez& Williams, 2012; Prajogo, 2016; Rialp-Criado, & Komochkova, 2017; Véganzonès-Varoudakis & Nguyen, 2018; Plane, Véganzonès-Varoudakis, 2019]; 2. ლიტერატურა, რომელში აღწერილია დამოკიდებულება ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა: ფირმის დონეზე განხორციელებული სკსსს, ინოვაციები და ფირმის (შრომის) მწარმოებლურობა [Griliches, 1979; Pakes and Griliches,1980; Crepon, Duguet, and Mairesse, 1998; Loof et al., 2003; Janz et al., 2004; Mairesse et al., 2005; Griffith et al., 2006; Loof and Heshmati, 2006]. 

ბიზნესგარემო და ეკონომიკური განვითარება

პირველ რიგში გვინდა გამოვყოთ და დავეყრდნოთ ცნობილი მეცნიერების ჯ. შუმპეტერისა და დ. ნორტისმოსაზრებებსა და შეხედულებებს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც არსებობს ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა: ბიზნესგარემო, ინსტიტუტები, ინოვაციები და ეკონომიკური განვითარება.

პირველი აღნიშნავდა, რომ ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის უმთავრესი წინაპირობაა ისეთი ფირმების არსებობა, რომელთაც შეუძლიათ სწავლა და ცოდნის ათვისება, მეწარმეობრივი აღმოჩენების კეთება და ინოვაციების დანერგვა, ბაზრებზე რყევების გამოწვევა და ზემოგების მიღება. მისი შეხედულებით, ინოვატორთა არსებობა, თავის მხრივ, დამოკიდებულია ქვეყნის უნარზე, უზრუნველყოს სათანადო ინსტიტუციური გარემოს ჩამოყალიბება, რომლის პირობებში ინოვატორის ზემოგება საკმარისია ინოვაციურ საქმიანობასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯების დასაფარად[Schumpeter, 1934; 1942].

ამასთან, მეორე მიიჩნევდა, რომ განვითარებადი ქვეყნის წარმატება ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, საბოლოო ჯამში, აიხსნება ინსტიტუციური გარემოს შექმნით, რომელიც უზრუნველყოფს ხელსაყრელი სტიმულების (სამოტივაციო სტრუქტურის) ფორმირებას ინოვაციური ფირმებისთვის. ამასთან ერთად, მისი მოსაზრებით, განსხვავება, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების დონის თვალსაზრისით, შეიძლება აიხსნას ამ ქვეყნების ინსტიტუციურ გარემოში არსებული განსხვავებებით [North, 1990; 1994]. 

ეკონომიკურ შედეგებზე ბიზნესგარემოს ზეგავლენის გზები

ასევე, ნაშრომები, სადაც აღწერილი კვლევების შედეგების თანახმად გამოკვეთილია ბიზნესგარემოს მნიშვნელობა და მისი ზეგავლენის გზები წარმატებულ ეკონომიკურ შედეგებზე. სახელდობრ, სათანადოდ ფორმირებული, ეკონომიკური საქმიანობისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემო: საკუთრების უფლებათა დაცვით ინოვაციურ საქმიანობაში ახდენს ინვესტიციების სტიმულირებას [World Bank, 2001; 2002; 2004];საერთო პრობლემების გადაჭრისა და პარტნიორთა შორის ურთიერთობების გაძლიერების ხელშეწყობით სკსსს-სა და ინოვაციებში ახდენს ინვესტიციების სტიმულირებას ახდენს [Akcomak and ter Weel, 2009; Doh and Acs,  2010; Camps and Marques, 2014];ტრანსაქციული ხარჯების შემცირებით და ე.წ. ოპორტუნისტული ქცევების შემსუბუქებით უზრუნველყოფს სპეციფიკურ ინვესტიციებს და საუკეთესო სამმართველო სტრუქტურების ჩამოყალიბებას[Zak and Knack,2001; Dyer and Wujin Chu, 2003; Bjørnskov and Méon, 2010; Berulava, 2013];მაღალხარისხიანი და იაფი მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით ხელს უწყობს სამრეწველო ფირმების (downstream manufacturing firms) ხარჯების შემცირებასა და მწარმოებლურობის ამაღლებას [Arnold, Javorcik and Matoo, 2006; Arnold, Matoo and Narciso, 2006; Eschenbach and Hoekman, 2006; Fernandes and Paunov, 2008];ასრულებს მოდერაციულ როლს ინოვაციასა და ბიზნესსაქმიანობას შორის არსებულ დამოკიდებულებაში [Prajogo, 2016; Allard, Martinez & Williams, 2012; Zhang et al., 2018; Jiao, Koo & Cui, 2015].

გარდა ამისა, აღსანიშნავია ბოლოდროინდელი კვლევები განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მაგალითებზე, სადაც გამოვლენილია ურთიერთდამოკიდებულება ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა, ერთი მხრივ, ბიზნესგარემო ან საინვესტიციო გარემო, ინსტიტუტები, სოციალური კაპიტალი, კონკურენცია, კორუფცია, ხოლო მეორე მხრივ - ფირმის საქმიანობა (მათ შორის ფირმის ინოვაციური საქმიანობა). 

მოვიყვანთ  შესაბამისი ლიტერატურული წყაროების რამდენიმე მაგალითს.

ყურადსაღებია კვლევა, რომელიც ეხება საინვესტიციო კლიმატსა (investment climate) და ფირმის მწარმოებლურობას (productive performance) შორის ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენას. 70 განვითარებადი ქვეყნის და, შესაბამისად, 11 საწარმოო დარგის (manufacturing industries) მონაცემების საფუძველზე ჩატარებულმა ემპირიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ფირმებს, რომლებიც ირჩევენ გარე ბაზრებზე ორიენტაციას, აქვთ მწარმოებლურობის უფრო მაღალი დონე, თუმცა ამასთან ერთად, უფრო მგრძნობიარენი არიან საინვესტიციო კლიმატის შეზღუდვების მიმართ [Véganzonès-Varoudakis M.A. & H. T. M. Nguyen, 2018].

ამასთან ერთად, ძალზე საინტერესოა კვლევა, რომლის მიხედვით გამოვლენილია ბიზნესგარემოსა (დინამიურობისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით) და ფირმის სხვადასხვა ტიპის ინოვაციურ სტრატეგიებს  შორის არსებული კავშირები. ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის, კერძოდ, ავსტრალიის მაგალითზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, ერთი მხრივ, დინამიური ბიზნესგარემო აძლიერებს პროდუქტული ინოვაციების გავლენას ბიზნესშედეგიანობაზე, ხოლო მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი გარემო ასუსტებს პროდუქტული ინოვაციების გავლენას, მაგრამ აძლიერებს პროცესული ინოვაციების ეფექტებს ბიზნესკეთების შედეგებზე [Prajogo, Daniel I., 2016].

აქვე აღსანიშნავია კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ადამიანისეულ კაპიტალში ინვესტიციებსა და ორგანიზაციის ინოვაციურ პოტენციალს შორის არსებულ ურთიერთობაში სოციალური კაპიტალის მედიაციური როლის დადგენა. კორეის მაგალითზე ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სოციალური კაპიტალის ინტერპერსონალური და შემეცნებითი ასპექტები წარმოადგენს მნიშვნელოვან მედიატორს ორგანიზაციული ინოვაციების შესრულებაში [Ahn S.- Y. and So-Hyung Kim, 2017].

ასევე უნდა აღინიშნოს კვლევა, რომელიც ორიენტირებული იყო პროდუქტული ინოვაციების დანერგვაზე ბიზნესისა და პოლიტიკური კავშირების (business and political ties), შემეცნებითი კაპიტალისა (cognitive capital) და ინსტიტუციური მხარდაჭერის (institutional support) ერთობლივი ეფექტების გამოვლენაზე. ჩინეთისა და ინდოეთის მაგალითზე შესრულებული გამოკვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ, ერთი მხრივ, შემეცნებითი კაპიტალი მედიაციურ როლს ასრულებს პროდუქტულ ინოვაციებზე ბიზნესკავშირების ეფექტების ფორმირებაში როგორც ჩინეთში, ისე ინდოეთში, ხოლო მეორე მხრივ, ინსტიტუციური მხარდაჭერა მედიაციურ როლს ასრულებს პროდუქტულ ინოვაციებზე ბიზნესისა და პოლიტიკური კავშირების ზემოქმედების პროცესში მხოლოდ ჩინეთში. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ პოლიტიკური კავშირები ზრდის ინსტიტუციურ მხარდაჭერას ინდოეთში, ხოლო პროდუქტული ინოვაციების დანერგვაზე შემეცნებითი კაპიტალის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა უფრო ძლიერია ინდოეთში, ვიდრე ჩინეთში [Zhang M. et al., 2018].

და ბოლოს, ამ კონტექსტში გვინდა გამოვყოთ კვლევა, რომლის ფარგლებში გამოვლენილია კორუფციის გავლენა ხარისხის სერტიფიკატებისა და პატენტების მიღებაზე მცირე და დიდი ზომის ფირმების მიერ. 48 განვითარებადი და ზრდადი ბაზრების ქვეყნების მონაცემების დამუშავების საფუძველზე მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ კორუფცია ამცირებს ალბათობას, შესაბამისი დარგის ფირმებმა მიიღონ ხარისხის სერტიფიკატები. გარდა ამისა, დასტურდება, რომ კორუფცია განსაკუთრებულ გავლენას ახდენს უფრო მცირე ზომის ფირმებზე, ხოლო არ ახდენს ზეგავლენას ექსპორტზე მომუშავე ფირმებზე ან ფირმებზე, რომლის კაპიტალი უცხოურ და საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენს [Paunov, C., 2016].

ამასთან ერთად, აღვნიშნავთ ზემოთ მოყვანილი ფაქტორების დამოკიდებულების შესახებ რამდენიმე კვლევას, რომელიც ჩატარდა გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნების მიმართ.

აქ აღსანიშნავია სლოვენიაში ჩატარებული კვლევა, რომელიც ავლენს ურთიერთკავშირს ბიზნესგარემოსა და ინოვაციებს შორის. კვლევაში მითითებულია რომ, თუ სლოვენიას სურს წარმატებული იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, მხარდამჭერი ბიზნესგარემო არ შეიძლება და არც უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ მთავრობის ფინანსურ დახმარებებზე, არამედ უნდა შეიცავდეს ტექნოლოგიურ განვითარებაზე ზეგავლენის მომხდენ ისეთ ელემენტებსაც, როგორიცაა: 1) ორგანიზაციული კულტურა, ღირებულებები, დაჯილდოვების სისტემა; 2) საკანონმდებლო რეგულაციები; 3) საგადასახადო და სოციალური შენატანები; 4) ბიუროკრატიული ბარიერები; 5) ადამიანისეული რესურსი; 6) ხელსაყრელი საბანკო სესხი, საბანკო გარანტიები, ვენჩურული კაპიტალი და ა.შ.) [Krapez J., Miha Skerlavaj, Ales Groznik, 2012].

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოსკვლევა, რომელიც ეხება ე.წ. დამწევი ეკონომიკების (catching-up economies) პირობებში ფირმის მწარმოებლურობის მამოძრავებელი ძალების (drivers) გამოვლენას სიახლეებსა და კონკურენციასთან მისი დამოკიდებულების ერთობლივი შეფასებით. კვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკისა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მიერ დაგროვებული ე.წ. BEEPS-ის მონაცემების გამოყენების საფუძველზე, რომლის შედეგებით დასტურდება სკსსს-ზე კონკურენციის ინვერსიული U-ფორმის ზეგავლენა. ამასთან ერთად, კვლევის შედეგების თანახმად, კონკურენცია და ინოვაცია ერთდროულად დადებით გავლენას ახდენს შრომის მწარმოებლურობაზე როგორც ერთ დასაქმებულზე გაყიდვების ან დამატებთი ღირებულების, ისე უმაღლესი განათლების მქონე თანამშრომლებისა და უცხოური საკუთრების მაღალი წილის თვალსაზრისით. ასევე, შრომის მწარმოებლურობაზე დადებით გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ფირმის ზომა, ექსპორტი ან მოსახლეობის სიმჭიდროვე, ხოლო ინოვაცია და უცხოური საკუთრება, როგორც ჩანს,  მულტიფაქტორული მწარმოებლურობის უძლიერესი განმსაზღვრელი ხდება [Friesenbichler K. and Michael Peneder, 2016].

შეიძლება შევაჯამოთ ზემოთ აღნიშნული მიმართულებების შესახებ მიმოხილული ლიტერატურა და, შესაბამისად კვლევები, და გამოვიტანოთ დასკვნები, რომ ეს კვლევები:

—  ადასტურებს ბიზნესგარემოს პოზიტიურ ეფექტებს ისეთ ეკონომიკურ შედეგებზე, როგორიცაა: სკსსს-ში ინვესტიციები, ინოვაცია და მწარმოებლურობა;

— აღიარებს ბიზნესგარემოს მოდერაციულ როლს ინოვაციასა და ფირმების ბიზნესსაქმიანობას შორის არსებულ დამოკიდებულებაზე;

— არ განიხილება ბიზნესგარემოსა და სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის ცვლადებს შორის არსებული სტრუქტურული ურთიერთკავშირები ერთდროულად ერთიანი მოდელის ფარგლებში;

—  ძირითადი აქცენტი კეთდება ეროვნულ ან რეგიონულ დონეზე და ნაკლები ყურადღება ექცევა ვითარებას ფირმის დონეზე;

—  ნაკლებად ფოკუსირდება გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე.

სკსსს, ინოვაციები და ფირმის (შრომის) მწარმოებლურობა განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, აკადემიურ ლიტერატურაში ინოვაცია აღიარებულია როგორც მწარმოებლუ­რობის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ფირმის ინოვაციურ საქმიანობასა და მის მწარმოებლურობას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებუ­ლების პრობლემას  საფუძვლიანად პირველად  მიაქციეს ყურადღება ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც არიან გრილიჩისი და ფეიქისი [Griliches, 1979; Pakes and Griliches, 1980]. მათ სანიმუშო კვლევებში, რომელიც გამიზნული იყო ფირმაში შესრულებული სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების (R&D-ის) უკუგების შეფასებაზე, ავტორებმა განახორციელეს ტრადიციული კობი-დუგლასის საწარმოო ფუნქციის ჩარჩოს მოდიფიკაცია იმით, რომ მოდელში შემოიტანეს „ცოდნის საწარმოო ფუნქცია“. ამ მიდგომის მთავარი დაშვება გულისხმობს, რომ ინვესტიციები წარსულ და მიმდინარე ცოდნაში (ანუ R&D-ში) აუცილებელია ახალი ცოდნის (და შესაბამისად, ინოვაციების) წარმოსაქმნელად, რაც, თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს ფირმის შედეგების ზრდაზე.

კვლევის ეს ხაზი შემდგომ გააფართოვეს ქრეპონმა, დიუგემ და მერესმა [Crepon, Duguet, and Mairesse, 1998]. მათ მიერ შემოთავაზებულმა მოდელმა, რომელმაც შემდგომ მიიღო CDM[4]-ის სახელწოდება, ერთმანეთისაგან გამიჯნა ინოვაციური დანახარჯები (სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე განხორ­ციელებული ინვესტიციები) და ინოვაციური შედეგები (მიღებული ცოდნა). CDM-ი, როგორც სტრუქტურული რეკურსიული მოდელი, ხსნის ფირმის მწარმოე­ბლურობას ისეთი ფაქტორით, როგორიცაა ცოდნა, ანუ ინოვაციური შედეგი და, თავის მხრივ, ინოვაციურ შედეგებს –  ინოვაციური დანახარჯებით, ანუ ისეთი ფაქტორით, როგორიცაა სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე განხორ­ციელებული ინვესტიციები.

თავიდან CDM მოდელი შედგებოდა 4 განტოლებისგან: 1. ცოდნაში ინვესტირების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების არჩევანის განტოლება; 2. სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში ინვესტირების ინტენსივობის განტოლება; 3. სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქ­ტორო სამუშაოებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციათა შორის კავშირის განტოლება; 4. ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და მწარმოებლურობას შორის კავშირის განტოლება.

ეს განტოლებები ფასდებოდა ერთდროულად და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ანუ ეტაპობრივად.

ფრანგული საწარმოო ფირმების შერჩევის მიმართ ამ მოდელის გამოყენებით ქრეპონმა, დიუგემ და მერესმა აღმოაჩინეს, რომ სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ინტენსივობა დადებით და სტატისტი­კურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინოვაციურ შედეგზე (გაზომილი ისეთი ორი ცვლადით, როგორიცაა პატენტების რაოდენობა და ახალი პროდუქტის ბაზარზე გაყიდვების პროცენ­ტული წილი). გარდა ამისა, ავტორებმა მიაკვლიეს, რომ ინოვაციური შედეგი, თავის მხრივ, არის ფირმის მწარმოებლურობის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი (პრედიქტორი).

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა მკვლევარების მიერ ხდებოდა ტრადიციული CDM მოდელის გაფართოება, ძირითადად ისეთი ფაქტორების (და, შესაბამისად, განტოლებების) შემოღებით, როგორიცაა: სივრცითი აგლომერაცია[Antonietti and Cainelli, 2011]; ექსპორტი[Masso and Vahter, 2012]; კორუფცია [Habiyaremyev and Raymond, 2013] და სხვ.

ზოგადად, CDM მოდელზე დაფუძნებულმა ბოლო კვლევებმა[5], რომელიც მიზ­ნად ისახავდა ურთიერთკავშირების დადგენას ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, ინოვაცია და ფირმის მწარმოებლურობა, – დაადასტურა ქრეპონის, დიუგესა და მერესის  მთავარი მიგნებები. ამ კვლევების უმრავლესობა განხორციელებული იყო განვითარებულ ქვეყნებში. მონაცემები კი, ქრეპონის, დიუგესა და მერესის კვლევის მსგავსად, აღებული იყო ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის სხვადასხვა წლის მიმოხილვებიდან – ე.წ. Community Innovation Survey (CIS)[6].

გარდა ამისა, აქ ასევე აღსანიშნავია კვლევა, რომელიც ჩატარდა ერთ-ერთ წამყვან, ზრდადი ბაზრების ქვეყანაში, როგორიცაა კორეა. უნიკალური მონაცემების გამოყენების საფუძველზე გამოვლინდა ინოვაციების მედიაციური როლი სკსსს-სა და ფირმის მწარმოებლურობას შორის არსებულ დამოკიდებულებაში [Hong, Y.-P. et al., 2015]. 

ინოვაციები და ფირმის (შრომის) მწარმოებლურობა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში

რაც შეეხება ევრობანკის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს [EBRD, 2014], ვრცლად იქნა შესწავლილი ინოვაციასა და ფირმის მწარმოებლურობას შორის კავშირი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების მიხედვით. BEEPS V-ის მიმოხილვიდან აღებული 15000-ზე მეტი საწარმოს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკვლეულ იქნა: ინოვაციების ტიპები; ინოვაციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები (მათ შორის, ერთი მხრივ, ფირმის დონეზე არსებული დრაივერები, როგორიცაა ფირმის ზომა და ასაკი, საკუთრების ტიპი, კონკურენცია საერთაშორისო ბაზრებზე, სკსსს, ადამიანისეული კაპიტალი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგია, ხოლო მეორე მხრივ, - ბიზნესგარემოს ისეთი ხელშემწყობი ან დამაბრკოლებელი ელემენტები, როგორიცაა ფართოდ გავრცელებული კორუფცია, მართლმსაჯულების სუსტი სისტემა და ა.შ.); რამდენად ინოვაციურია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები (მათ შორის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პატენტის ხარისხი, არსებული ტექნოლოგიის დანერგვა, ექსპორტისა და პატენტების ინოვაციური ინტენსივობა); ფირმის მწარმოებლურობაზე ინოვაციების ზეგავლენა; ფინანსების როლი ფირმების ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობაში გარდამავალი ეკონომიკის პირობებში; ინოვაციური აქტივობების მხარდამჭერი პოლიტიკები და ა.შ.

ზემოთ აღნიშნული კვლევის თანახმად [EBRD, 2014] CDM მოდელის გამოყენებით გამოვლინდა ფირმის მწარმოებლურობაზე ტექნოლოგიური (პროცესული და პროდუქტული) და არატექნოლოგიური (ორგანიზაციული და მარკეტინგული) ინოვაციების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა. ინოვაციური შედეგის მნიშვნელოვან დეტერმინანტებად გამოვლინდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, ფირმის ზომა და ასაკი, ფირმის კაპიტალში უცხოელ მესაკუთრეთა წილი, ფირმაში დასაქმებულთა განათლების დონე, კომუნიკაციების გამოყენება და ფინანსების ხელმისაწვდომობა.     

CDM მოდელზე დაფუძნებული გარდამავალ ეკონომიკის სხვადასხვა ქვეყანაში „ინოვაცია-მწარმოებლურობის“ კავშირის გამოსავლენად განხორციელებული კვლევების შედეგად გამოვლინდა: ფირმის მწარმოებლურობაზე ტექნოლოგიური ინოვაციის შესაძლო ეფექტი (ესტონეთის მაგალითზე) [Masso and Vahter, 2008]; „ინოვაცია-მწარმოებლურობის“ ურთიერთკავშირის განსხვავებული ხარისხის სიძლიერე მომსახურების სექტორის სხვადასხვა ქვედარგის მიხედვით (ესტონეთის მაგალითზე) [Masso and Vahter, 2012]; საწარმოო ფირმების „სკსსს-ის დანახარჯები-ინოვაცია-მწარმოებლურობის“ კავშირზე სახელმწიფო მხარდაჭერის ზეგავლენა (უკრაინის მაგალითზე) [Vakhitova and Pavlenko, 2010]; ფირმის ინოვაციური მიმართულებით ქცევებსა და შედეგიანობაზე ტრანსნაციონალური კორუფციის ეფექტები [Habiyaremyev and Raymond, 2013]; ფირმის მწარმოებლურობის დამოკიდებულება ინოვაციებისა და კონკურენციის მიმართ [Friesenbichler and Peneder, 2016]; „სკსსს-ინოვაცია-ფირმის მწარმოებლურობის“ კავშირები გარდამავალი ეკონომიკის მქონე ბულგარეთსა და რუმინეთში  ისეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან შედარებით, როგორიცაა გერმანია [Tevdovski D. et al.,, 2017]. 

II. საკვლევი ჰიპოთეზების ფორმულირება

ჩვენი კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების პირობებში მოქმედი ფირმების დონეზე არსებული შესაბამისი სტრუქტურული ურთიერთობების შესწავლა ისეთ ფაქტორებს (ცვლადებს) შორის როგორიცაა:

  • ბიზნესგარემო;
  • სკსსს;
  • ინოვაციები;
  • შრომის მწარმოებლურობა.

არსებული მიზნის მიღწევას ჩვენ ვაპირებთ გაფართოებული ეკონომეტრიკული ე.წ. CDM მოდელის გამოყენებით.

შესაბამისად, ამისათვის, ვგეგმავთ გავაფართოვოთ ტრადიციული სტრუქტურული მოდელი (ანუ მოვახდენთ ტრადიციული CDM მოდელის მოდიფიკაციას) მასში ბიზნესგარემოსთან დაკავშირებული დამატებითი (ახალი) განტოლების შემოტანით და განვახორციელებთ ბიზნესგარემოს ეფექტის შეფასებას მოდელის ყოველ საფეხურზე.

ზემოთ განხორციელებული შესაბამისი თეორიული და ემპირიული ლიტერატურის მიმოხილვის დაჯამების საფუძველზე, ჩვენ გავქვს მოლოდინი, რომ გამოვავლენთ ბიზნესგარემოს სტატისტიკურად მნიშვნელოვან ეფექტებს CDM მოდელის ყოველ საფეხურზე და რომ სკსსს-ისა და ინოვაციების ეფექტებიც გვიჩვენებს მოსალოდნელ შედეგებს.

კერძოდ, ვვარაუდობთ და, შესაბამისად, ვახდენთ შემდეგი ჰიპოთეზების ფორმულირებას:   

H1. ბიზნესგარემო ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას სკსსს-ზე;

H2. ბიზნესგარემო ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას  ინოვაციებზე;

H3. ბიზნესგარემო ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას  შრომის მწარმოებლურობაზე;

H4. სკსსს-ი ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ინოვაციებზე;

H5. ინოვაცია ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას შრომის მწარმოებლურობაზე. 

III. ემპირიული სტრატეგია

აქ აღვწერთ ჯერ ეკონომეტრიკულ მოდელს ჰიპოთეზების ტესტირებისთვის და, შესაბამისად, ამ მოდელის საზომ - დამოკიდებულ (ენდოგენურ) და დამოუკიდებელ (ეგზოგენურ) - ცვლადებს, ხოლო შემდეგ - გამოყენებულ შერჩევასა და მონაცემებს. 

ეკონომეტრიკული მოდელი

კლასიკური ეკონომეტრიკული CDM მოდელი ერთმანეთთან აკავშირებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები (სკსსს), ინოვაციები და მწარმოებლურობა. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, ეს მოდელი ითვალისწინებს ფირმის ეფექტიანობაზე ისეთი ფაქტორების შესაძლო ზეგავლენას, როგორიცაა ფირმის ზომა და ასაკი, საწარმოო პერსონალის კვალიფიკაცია, კონკურენციის ხარისხი, დარგი და ა.შ.

კვლევაში ვიყენებთ მოდელის გაფართოებულ (მოდიფიცირებულ) ვერსიას იმისათვის, რომ ფირმის დონეზე შევისწავლოთ სტრუქტურული ურთიერთკავშირები ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა ბიზნესგარემო, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, ინოვაციები და მწარმოებლურობა. მოდელი ასახავს ოთხსაფეხურიან რეკურსიულ სისტემას, რომელშიც ყოველი წინა საფეხური მოდელირებულია როგორც მომდევნო საფეხურის დეტერმინანტი.

მოდელის მოდიფიკაცია მოხდა მასში ახალი განტოლების შემოყვანით, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, ბიზნესგარემოს ფუნქციონირების იდენტიფიკაციის გათვალისწინება, ხოლო მეორე მხრივ - მოდელის ყოველ მომდევნო საფეხურზე შევძლებთ, განვახორციელოთ შესაბამის ცვლადებზე ბიზნესგარემოს გავლენის ტესტირება.

მოდელის წარდგენა, როგორც ოთხ განტოლებათა სისტემა, შემდეგ სახეს იღებს:

 

სადაც i=1, ..., nარის დაკვირვებადი ფირმების ინდექსი;

yki - ენდოგენური (დამოკიდებული) ცვლადები, კერძოდ: y1არის ბიზნესგარემოს ინდექსი, გამოანგარიშებული როგორც ფაქტორული ქულა (as a factor score); y2სკსსს-ში ინვესტირების ინტენსიური ზღვარი (ამ კვლევაში ჩვენ ვიყენებთ ორსაფეხურიან ჰეკმანის მოდელს, რომ მოვახდინოთ ამ ცვლადისთვის შერჩევის გადახრის (selection bias) კორექტირება); y3ინოვაცია (ინოვაციური შედეგი, რომელიც წარმოდგენილია როგორც პროდუქტული და პროცესული ინოვაციების შერეული, გაერთიანებული ცვლადი); y4მწარმოებლურობა (ცვლადი, რომელიც წარმოდგენილია როგორც შრომის მწარმოებლურობის ლოგარითმი);

xki(სადაც k = 1, …, 4) არის ამხსნელი, ეგზოგენური (დამოუკიდებელი) ცვლადების ვექტორი;

βk(სადაც k = 1, …, 4) – პარამეტრების ვექტორი;

α2, α3, α4, γ3 და δ4 –შესაფასებელი პარამეტრები;

εki(სადაც k = 1, …, 4) – შეცდომის წევრები (error terms). 

საზომი ცვლადები

ენდოგენური ცვლადები

1. ბიზნესგარემოს ინდექსი (BE index) შექმნილია ფირმების სუბიექტური შეფასებების ბაზაზე ხუთელემენტიანი სკალის საფუძველზე (0-დან 4-მდე, სადაც 0 ნიშნავს „არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“ და 4 – „არსებობს ძალზე სერიოზული დაბრკოლება“) იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეზღუდულად განიხილავენ ისინი თავიანთ ბიზნესსაქმიანობას ისეთი ფაქტორების მიმართ, როგორიცაა: მიწის, ფინანსების, ელექტროენერგიის, ტელეკომუნიკაციების ხელმისაწვდომობა, საგადასახადო ტარიფები და ბიზნესგარემოს სხვა ფაქტორები[7].

ბიზნესგარემოს საერთო ინდექსის გასაანგარიშებლად ვიყენებთ შეჯამებული სკალების მიდგომას (summated scales approach) (ფაქტორში გაერთიანებული, საშუალოდ შეწონილი მნიშვნელობის ცვლადებს). მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები  არაერთ კვლევაში გამოიყენება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესგარემოს პირველადი სუბიექტური მაჩვენებლების გამოყენებამ შეიძლება ენდოგენურობის პრობლემა წარმოქმნას და გამოიწვიოს „ბიზნესგარემო-ინოვაცია-მწარმოებლურობის“ ცვლადების მიკერძოებული (არაობიექტური) შეფასება. უფრო მეტიც, ეს მაჩვენებლები  ასახავს მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს ბიზნესგარემოში არსებული დაბრკოლებების შესახებ, რომელთა წინაშე დგას ნებისმიერი კონკრეტული ფირმა. ცხადია, ფირმები, რომლებიც ინოვაციური ან საექსპორტო საქმიანობით არიან დაკავებულნი, უფრო მეტ დაბრკოლებას განიცდიან, ვიდრე ის, ვინც არ არის ჩართული ამ აღნიშნული ტიპის საქმიანობაში [EBRD, 2014]. ამრიგად, კარგი ბიზნესგარემო იქნება ის, რომელიც არსებითად არ განსხვავდება ერთი და იგივე ლოკაციაზე (ადგილმდებარეობაზე) მოქმედი ინოვაციური და არაინოვაციური ფირმებისთვის, აღქმული დაბრკოლებების თვალსაზრისით. ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, ვიანგარიშებთ ბიზნესგარემოს ინდექსს, როგორც სხვაობა აგრეგირებულ (ქვეყნის და ადგილმდებარეობის ზომის მიხედვით) ქულებს შორის ინოვაციური და არაინოვაციური ფირმებისთვის. ამრიგად, რაც უფრო ნაკლებია მათ შორის სხვაობა, მით უფრო მეტია იმ ფირმების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ სტიმული, განახორციელონ ინვესტიციები ინოვაციებში.

2. სკსსს-ს (R&D) ცვლადი გამოიანგარიშება როგორც თანაფარდობა (ratio) საერთო სკსსს-ს დანახარჯებსა(თანხა, რომელიც იხარჯება შიდა სკსსს-სა და გარე ცოდნის შეძენაზე) და ყოველწლიურ გაყიდვებს შორის.

Friesenbichler and Peneder (2016) მიხედვით ჩვენ შევქმენით რიგითი სკალა (1-დან 4-მდე), სადაც: ნიშანი „1“ მინიჭებულია იმ ფირმებისთვის, რომლებსაც ხარჯები არა აქვთ გაწეული სკსსს-ზე; „2“  - იმ ფირმებისთვის, სადაც სკსსს-სა და გაყიდვებს შორის თანაფარდობა არის 1.5%-ზე დაბალი; „3“ - იმ ფირმებისთვის, სადაც აღნიშნული თანაფარდობა არის 1.5%-დან 5%-მდე; „4“ - იმ ფირმებისთვის, სადაც ეს თანაფარდობა არის 5%-ზე ზევით.

3. ინოვაციის (Innovation) ცვლადის გასაანგარიშებლად ჩვენ გამოვიყენეთ ფრიზენბიხლერისა და ფენედერის მიერ [Friesenbichler and Peneder, 2016]  შემუშავებული ოთხელემენტიანი რიგითი სკალა ფირმების საინოვაციო საქმიანობის გასაზომად. ფირმას ენიჭება:  ნიშანი „1“, თუ ის არ არის ჩართული არც პროდუქტული და არც პროცესული ინოვაციების დანერგვის პროცესში (ადაპტირებადი ფირმის I ტიპი); ნიშანი „2“, თუ ის ნერგავს თავის საქმიანობაში ისეთ პროდუქტულ ან პროცესულ ინოვაციას, ან ორივეს ერთად,  რომელიც ახალია ამ ფირმისთვის, მაგრამ არ არის ახალი ბაზრისთვის (ადაპტირებადი ფირმის II ტიპი); ნიშანი „3“, თუ ის ნერგავს თავის საქმიანობაში ამ აღნიშნული ტიპის ინოვაციებს, რომელიც ახალია ბაზრისთვის, მაგრამ ამ პროცესში მთავარი წვლილი შეაქვს გარე პარტნიორებს (შემოქმედებითი ფირმის I ტიპი); ნიშანი „4“, თუ ის ნერგავს თავის საქმიანობაში საკუთარი ძალებით შექმნილ, აღნიშნული ტიპის ინოვაციებს, რომელიც ახალია ბაზრისთვის (შემოქმედებითი ფირმის II ტიპი).

4. შრომის მწარმოებლურობის(LabourProductivity) ცვლადი გაზომილია როგორცსაერთო გაყიდვებსა და დასაქმებულთა რიცხვს შორის არსებული თანაფარდობის ლოგარითმი. 

ეგზოგენური ცვლადები

უმაღლესი განათლება (Univeristy_degree) – უმაღლესი განათლების მქონე, სრული დატვირთვით დასაქმებულების პროცენტი, რომელიც ასახავს ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანისეული კაპიტალის ხარისხს;

ფირმის ზომა (Size)– ფირმის ზომა, რომელიც მოიცავს 3 ფიქტიურ ცვლადს (dummy variables): მცირე (6-19 დასაქმებული), საშუალო (20-99 დასაქმებული), მსხვილი (100-ზე მეტი დასაქმებული);

ფირმის ასაკი (Age)– ორგანიზაციის ასაკის ლოგარითმი წლებში;

უცხოური საკუთრება (ForeignOwnership) – უცხოური საკუთრების ფიქტიური ცვლადი, რომელიც აჩვენებს საერთო კაპიტალში უცხოელების მეტ წილს;

სახელმწიფო საკუთრება (State Ownership) – სახელმწიფო საკუთრების ფიქტიური ცვლადი, რომელიც აჩვენებს აჩვენებს საერთო კაპიტალში სახელმწიფოს მეტ წილს;

პირდაპირი ექსპორტი (Direct export)–ექსპორტის ფიქტიური ცვლადი;

ძირითადი ბაზარი (Main Market) – ძირითადი ბაზარი (მოიცავს 3 ფიქტიურ ცვლადს: ლოკალური ბაზარი, ეროვნული ბაზარი, საერთაშორისო ბაზარი), რომელიც აჩვენებს, რომ ფირმის მთავარი პროდუქცია იყიდება ლოკალურ, ეროვნულ თუ საერთაშორისო ბაზრებზე;

ელ. ფოსტა (Email) ელ. ფოსტის ფიქტიური ცვლადი, რომელიც აჩვენებს, ფირმები რამდენად იყენებენ ელექტრონულ ფოსტას ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაციისთვის;

სუბსიდია (Subsidy) – რომელიც აჩვენებს, ფირმამ მიიღო თუ არა სუბსიდიები ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობიდან ან ევროკავშირიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში;

მშპ მოსახლეობის ერთ სულზე (GDP_per_capita) – იზომება როგორც ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ლოგარითმი, რომელიც ასახავს ეკონომიკური განვითარების ეროვნულ დონეს;

სახელმწიფო მართვის ხარისხის ინდიკატორი (WGI[8])– ქვეყნის სახელმწიფო მართვის ხარისხის ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს, რამდენად კარგია ბიზნესრეგულაციები და ბიზნესგარემო ქვეყანაში;

ქვეყნის და ინდუსტრიის (დარგის) ფიქტიური ცვლადები (Country and Industry dummies) - შესაბამისად ასახავს ქვეყნის და ინდუსტრიის (დარგის) ფიქსირებულ ეფექტებს.

ერთდროულობის პრობლემის გადასაწყვეტად ვიყენებთ გამორიცხვის შეზღუდვების შემდეგ ინსტრუმენტულ ცვლადებს:

ბიზნესგარემოს ინდექსი 2009 წლისთვის – გამოანგარიშებულია ბიზნესგარემოს ინდექსის მსგავსად, იმ განსხვავებით, რომ გამოყენებულია BEEPS IV რაუნდის მონაცემთა ბაზა;

შესაძლებლობის პირობები (Opportunity conditions) – კლასიფიკაცია ეფუძნება 4 რიგით კატეგორიას, რომელიც ასახავს ფირმების დამახასიათებელ განაწილებას სკსსს-ზე მათ მიერ გაწეულ ხარჯებზე დაყრდნობით დანერგილი ინოვაციებისთვის სავარაუდო შესაძლებლობებთან დაკავშირებით;

ცოდნის კუმულაცია (Cumulativeness of knowledge) – კლასიფიკაცია ეფუძნება 3 რიგით კატეგორიას, რომელიც ასახავს ფირმების დამახასიათებელ განაწილებას ცოდნის წარმოებიდან მიღებული უკუგების (შემოსავლების) ზრდასთან დაკავშირებით.

აქ ბოლო 2 ცვლადი ადაპტირებულია პენედერის მიერ განხორციელებული [Peneder, 2010] კვლევიდან. სკსსს-სა და ინოვაციის ფაქტორების მიმართ როგორც კარგი ინსტრუმენტული ცვლადების მათი გამოყენება დასაბუთებულია სხვა ემპირიულ კვლევებშიც [მაგალითად, Friesenbichler and Peneder, 2016]. 

განტოლებათა სისტემა (1) წარმოადგენს ერთდროულ განტოლებათა ტიპის რეკურსიულ მოდელს, უკუკავშირის ეფექტების გარეშე.

ბიზნესგარემოს, სკსსს და ინოვაციის პოტენციური ენდოგენურობა გათვალისწინებულია ყველა განტოლების ერთდროული შეფასებით და კორელაციების მეშვეობით შეცდომის წევრებში (in the error terms). გამორიცხვის შეზღუდვების ინსტრუმენტული ცვლადები, რომელიც უზრუნველყოფს იდენტიფიკაციას, წარმოდგენილია ყველა განტოლებაში (გარდა ბოლო განტოლებისა). შეცდომის წევრები, სავარაუდოდ, ხასიათდება ნორმალური განაწილებით, საშუალო მნიშვნელობით (mean) - ნული და ვარიაციული მატრიცით (covariance matrix) Σ:

 

სადაც ρ1213142324, ρ34 არის კორელაციები შეცდომის წევრებს (error terms) შორის, რომელიც ასევე უნდა იყონ შეფასებული.

ვალდ ტესტის (Wald test) გამოყენებით, სკსსს-სა და ინოვაციის ცვლადების ეგზოგენურობა (the exogeneity) შეიძლება იყოს განსაზღვრული ნულოვანი ჰიპოთეზის (hypothesis H0) ერთობლივი ტესტირებით: ρ121314232434=0.

სისტემა (1) შეფასებულია ერთდროულად იმიტირე­ბული მაქსიმალური დასაჯერებლობის შეფასების ტექნიკით (by Simulated Maximum Likelihood estimation technique). შეფასებული პარამეტრების იგნორირებით დასაჯერებლობის ლოგარითმული ფუნქცია იღებს შემდეგ სახეს:

 

დასაჯერებლობის ფუნქცია (3) მოიცავს ორ წრფივ (1-ლი და მე-4 განტოლება) და ორ პირველი ტიპის ე.წ. ტობიტ (Type I Tobit) მოდელს (მე-2 და მე-3 განტოლება).

დასაჯერებლობის ლოგარითმული ფუნქცია მაქსიმიზებულია პირობითი შერეული პროცესის პროგრამის (Conditional Mixed Process program) მეშვეობით [Roodman, 2011], რომელიც იყენებს ე.წ. GHK-ტიპის (Geweke-Hajivassiliou-Keane) რიცხვით იმიტირებულ ალგორითმს. 

შერჩევა და მონაცემების აღწერა

ჩვენი კვლევა ძირითადად დაეყრდნო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში 2012-2014 წლებში მსოფლიო ბანკის და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მიერ ერთობლივად შესრულებული ე.წ. BEEPS-ის მე-5 რაუნდის მონაცემებს[9], რომელიც ეხება ეკონომიკის ფირმის (მიკრო-) დონეს.

BEEPS-ის ანგარიში ემყარება შესაბამისი მეთოდოლოგიით ევროპისა და ცენტრალური აზიის 28 ქვეყნის 11082 ფირმაში ჩატარებული გამოკითხვებით მოპოვებულ მონაცემებს. გენერალური ერთობლიობიდან გაკეთდა შემთხვევითი სტრატიფიცირებული შერჩევა. ყველა ქვეყანაში სტრატიფიცირების სამი დონე იქნა გამოყენებული: დარგი (industry), ორგანიზაციის ზომა (establishment size) და რეგიონი. შერჩევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ გამოცემაში – the Sampling Manual [10].

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (ცხრილი 1) მოცემულია იმ ცვლადების დესკრიპტული სტატისტიკა, რომელიც გამოყენებულია მოდელის სხვადასხვა განტოლებაში. ცხრილი აგებულია Stata[11] კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით BEEPS-ის მონაცემების გამოყენებით და აღწერს შესაბამისი მაჩვენებლების საშუალო მნიშვნელობებს და სტანდარტულ გადახრებს გაწმენდილი შერჩევისთვის (9868 ორგანიზაცია).

ცხრილი 1

დესკრიპტული სტატისტიკა გაწმენდილი შერჩევისთვის

(საშუალო მნიშვნელობა და სტანდარტული გადახრა)

ცვლადები

დაკვირვებ. რაოდენობა

საშუალო მნიშვნელობა

სტანდარტული გადახრა

ბიზნესგარემოს ინდექსი

9,868

0.189

0.151

სკსსს(ფიქსირებული ცვლადი)

9,868

0.071

0.257

სკსსს(რიგითი ცვლადი)

9,868

1.121

0.488

ინოვაცია(ფიქსირებული ცვლადი)

9,842

0.276

0.447

ინოვაცია(რიგითი ცვლადი)

9,859

1.702

1.083

გამოშვება ერთ დასაქმებულზე(Ln)

9,868

10.037

2.157

ფირმის ზომა

9,868

63.4

280.4

უმაღლესი განათლება(%)

9,868

34.2

31.04

ფირმის ასაკი

9,868

23.3

134.2

პირდაპირი ექსპორტი

9,868

0.213

0.409

უცხოური საკუთრება

9,868

0.075

0.263

სახელმწიფო საკუთრება

9,868

0.020

0.141

სუბსიდია  (ფიქსირებული ცვლადი)

9,813

0.087

0.282

ელ. ფოსტა  (ფიქსირებული ცვლადი)

9,851

0.869

0.337

ძირითადი ბაზარი(საერთაშორისო)

9,820

0.075

0.2631

 

ცხრილის მიხედვით, საშუალოდ, ფირმების 7% ინვესტიციას დებენ სკსსს-ში, ხოლო იმ ფირმების წილი, რომლებიც განახორციელეს პროდუქტული ან პროცესული ინოვაციები, თითქმის ოთხჯერ მეტის შეადგენს - 27.6%-ს.

ფირმაში საშუალოდ დასაქმებულია 63 მუშაკი, ხოლო დასაქმებულთა 34% -ს აქვს უმაღლესი განათლება.

ფირმების საშუალო ასაკი 23 წელს შეადგენს.

შერჩევაში ფირმების 7.5% უცხოელებს ეკუთვნის, ხოლო 2% - სახელმწიფოს.

შერჩევაში ფირმების უმრავლესობა (86.9%) იყენებს ელ.ფოსტს პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის, ხოლო მხოლოდ 9 პროცენტი იღებს სუბსიდიებს მთავრობიდან ან ევროკავშირისგან.

კომპანიების 21 პროცენტი თავისი პროდუქციის პირდაპირ ექსპორტს ეწევა.

ამასთან, საერთაშორისო ბაზარი არის მთავარი ბაზარი მხოლოდ 7.5% ფირმისთვის. 

IV. კვლევის შედეგები

რეკურსიული სისტემის (1) მაქსიმალური დასაჯერებლობის შეფასების შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში (ცხრილი 2). რეკურსიული სისტემა (1) შედგება თანმიმდევრულად შეფასებული ოთხი განტოლებისგან:

  1. ბიზნეს გარემოს განტოლება;
  2. სკსსს-ის განტოლება;
  3. ინოვაციის განტოლება;
  4. შრომის მწარმოებლურობის განტოლება.

ცხრილი 2

გაფართოებული CDM მოდელის მაქსიმალური დასაჯერებლობის შეფასება

ცვლადები

ბიზნესგარემოს ინდექსის განტოლება

სკსსს

განტოლება

ინოვაციის განტოლება

მწარმოებლურობის განტოლება

ბიზნესგარემოს ინდექსი

-

-0.107*

(0.055)

-0.330***

(0.114)

-0.297***

(0.099)

სკსსს

-

-

1.154*** (0.177)

-

ინოვაცია

-

-

-

0.062***

(0.023)

ფირმის ზომა

0.0009

(0.001)

0.018***

(0.006)

0.113***  (0.014)

0.029**

(0.013)

უმაღლესი განათლება (%)

0.0002***  (0.000)

0.0015***  (0.0002)

0.0012* (0.0006)

0.0046***

(0.0005)

ფირმის ასაკი

0.00001

(0.000)

-0.00007***   (0.00001)

0.0002* (0.0001)

-0.00007

(0.0001)

პირდაპირი ექსპორტი

-0.0053

(.003)

0.139***

(0.021)

-0.025

(.046)

0.269***

(0.041)

უცხოური საკუთრება

-0.029*** (0.006)

-0.006

(0.029)

-0.001

(0.054)

0.341***

(0.053)

სახელმწიფო საკუთრება

-0.041*** (0.007)

-0.0226

(0.047)

0.059

(0.111)

0.063

(0.096)

ბიზნესგარემოს ინდექსი_2009

0.096***

(0.007)

-

-

-

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

-0.0099*** (0.002)

-

-

-

სახელმწიფო მართვის ხარისხის ინდიკატორი

-0.050*** (0.003)

-

-

-

შესაძლებლობის პირობები

-

0.079***

(0.008)

-

-

სუბსიდია

-

0.141***

(0.029)

-

-

ცოდნის კუმულაცია

-

-

0.056*** (0.012)

-

ელ. ფოსტა

-

-

0.206*** (0.046)

-

მთავარი ბაზარი(საერთაშორისო)

-

-

-

-0.198***

(0.060)

ქვეყანა (ფიქტიური ცვლადი)

არა

კი

კი

კი

დარგი (ფიქტიური ცვლადი)

არა

არა

არა

კი

დაკვირვებების რაოდენობა

9,868

Wald χ2 (11)    

1979.26

(0.000)

შენიშვნები: რობასტული (Robust) სტანდარტული შეცდომები მოთავსებულია ფრჩხილებში;;

*** - სტატისტიკურად მნიშვნელოვანია p

** - სტატისტიკურად მნიშვნელოვანია p

* - სტატისტიკურად მნიშვნელოვანია p

 1. ბიზნესგარემოს ინდექსის განტოლება. თეორიისა და არსებული ემპირიული კვლევების შესაბამისად, ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, ზოგადად, ბიზნესგარემო უფრო უკეთესად და უფრო კარგად მოქმედებს უფრო მდიდარ და უკეთესი მმართველობის მქონე ქვეყნებში. ზემოთ მოყვანილი ცხრილის თანახმად, ბიზნესგარემოს ინდექსზე სტატისტიკურად მნიშვნელოვან (1%-იანი მნიშვნელობის დონეზე) გავლენას ახდენენ ისეთი ცვლადები, როგორიცა: მშპ ერთ სულ მოსახლეზე და ქვეყნის სახელმწიფო მართვის ხარისხის ინდიკატორი.

2. სკსსს-ის განტოლება. ამ განტოლების შეფასებების შედეგების მიხედვით ვპოულობთ H1 ჰიპოთეზის მხარდაჭერას. ბიზნესგარემოს ინდექსის გავლენა სკსსს-ის ცვლადზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანია 10%-იან დონეზე.

განტოლებაში სხვა ცვლადებმა, ზოგადად, აჩვენეს მოსალოდნელი შედეგები. აქ აღმოვაჩინეთ, რომ ფირმის ზომა სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სკსსს-ზე. ასევე, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ისეთი ცვლადები, როგორიცაა შესაძლებლობების პირობები, უმაღლესი განათლება, პირდაპირი საექსპორტო საქმიანობა და სუბსიდიების არსებობა სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფირმაში სკსსს-ის ინტენსივობაზე.

3. ინოვაციის განტოლება. ამ განტოლების შეფასების შედეგებმა დაადასტურეს H2 ჰიპოთეზა. აქ ფიქსირდება ბიზნესგარემოს ინდექსის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა 1%-იან დონეზე.

გარდა ამისა, CDM მოდელის გამოყენების საფუძველზე ჩატარებული წინა ემპირიული კვლევების შედეგების მსგავსად, ჩვენს მიერ გამოვლენილია სკსსს-ის ინტენსივობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ინოვაციის ცვლადზე. ამრიგად, დადასტურდა H4 ჰიპოთეზაც. ამ განტოლების მიხედვით, ინოვაციის სხვა მნიშვნელოვან პრედიქტორად გვევლინება ისეთი ცვლადები, როგორიცაა: ფირმის ზომა, მისი ადამიანისეული კაპიტალი (დასაქმებულების უმაღლესი განათლება), ცოდნის კუმულაცია და პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციები.

4. შრომის მწარმოებლურობის განტოლება. მოდელის შეფასებიდან მიღებული და, შესაბამისად, ცხრილში ასახული მონაცემების მიხედვით, დასტურდება H3 ჰიპოთეზაც. კერძოდ, ბიზნესგარემოს ინდექსი გარდამავალ ეკონომიკებში ფირმაში შრომის მწარმოებლურობის მნიშვნელოვან პრედიქტორს წარმოადგენენ.

გარდა ამისა, ამ განტოლების მიხედვით გამოვლინდა, რომ ინოვაციების დანერგვა უფრო მაღალი ინტენსივობით ფირმაში მწარმოებლურობის ამაღლებას იწვევს. ამრიგად, წინა კვლევების შედეგების მსგავსად, H5 ჰიპოთეზა მტკიცედ არის მხარდაჭერილი ჩვენს მიერ შეფასებულ მოდელშიც.

ამასთან, მოდელის პარამეტრების შეფასების შედეგების მიხედვით, შრომის მწარმოებლურობის სხვა მნიშვნელოვან პრედიქტორებად გვევლინება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ადამიანისეული კაპიტალი, ფირმაში უცხოური საკუთრება და პირდაპირი ექსპორტი. 

დასკვნა

— კვლევის შედეგების მიხედვით ყალიბდება ახალი ემპირიული ხედვა გარდამავალი ეკონომიკების პირობებში მოქმედი ფირმების დონეზე, მიზეზობრივი კავშირების მიმართ ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა: ბიზნესგარემო, სკსსს, ინოვაცია და შრომის მწარმოებლურობა.

— კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძლიერი მხარდაჭერა იმ მოსაზრების მიმართ, რომლის მიხედვით, ბიზნესგარემოს ინდექსი სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს როგორც სკსსს-ის ინტენსივობასა და ინოვაციებზე, ისე შრომის მწარმოებლურობაზე (დადასტურდა H1, H2 და H3 ჰიპოთეზა).

— კვლევა ადასტურებს ადრინდელი კვლევებით  გაკეთებულ მიგნებებს, რომლის თანახმად, სკსსს არის ინოვაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი (ე.წ. დეტერმინანტი), ხოლო ინოვაცია შრომის მწარმოებლურობის მამოძრავებელ ძალას (ე.წ. დრაივერს) წარმოადგენს (დადასტურდა H4 და H5ჰიპოთეზა).

— კვლევის შედეგების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  ბიზნესგარემოს შეუძლია შრომის მწარმოებლურობაზე მოახდინოს დადებითი ზეგავლენა როგორც პირდაპირ (ტრანსაქციული ხარჯების შემცირებით და უკეთესი სპეციალიზაციისა და მმართველობითი სტრუქტურების უზრუნველყოფით), ასევე ირიბად (ფირმის სკსსს-სა და ინოვაციური აქტივობების სტიმულირებით).

— ზოგადად, კვლევის შედეგების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარდამავალ ეკონომიკებში ბიზნესგარემო, რომელიც უზრუნველყოფს სტიმულირებას როგორც ცოდნაში ინვესტირების, ისე ინოვაციური აქტივობებისა და მწარმოებლურობის ამაღლების მიმართულებით, წარმოადგენს ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს ფირმის განვითარებისთვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Akcomak and ter Weel (2009). “Social Capital, Innovation and Growth: Evidence from Europe”. European Economic Review, vol. 53, issue 5, 544-567.
  2. Ahn S.-Y. and So-Hyung Kim, (2017). “What Makes Firms Innovative? The Role of Social Capital in Corporate Innovation”, Sustainability, 2017, 9, 1564; doi:10.3390/su9091564.
  3. Allard, G., Martinez, C. A., & Williams, C. (2012). “Political Instability, Pro-Business Market Reforms and Their Impacts on National Systems of Innovation”. Research Policy, 41(3), 638–651.doi:10.1016/j.respol.2011.12.00.
  4. Antonietti, Roberto and Giulio Cainelli (2011). “The Role of Spatial Agglomeration in a Structural Model of Innovation, Productivity and Export: A Firm-Level Analysis,” Annual Regional Science, vol. 46, pp. 577-600.
  5. Arnold, J.M., Javorcik B. and Mattoo A. (2011) “Does Services Liberalization Benefit Manufacturing Firms: Evidence from the Czech Republic”, Journal of International Economics. 85, 1: 136-146.
  6. Arnold, J. M., Mattoo, A. & Narciso, G. (2008). “Services inputs and firm productivity in Sub-Saharan Africa: Evidence from firm-level data”. Journal of African Economies, Centre for the Study of African Economies (CSAE), 17(4), 578-599.
  7. Berulava, G. (2013). "Do Trust-Based Relations Improve Firm’s Performance? Evidence from Transition Economies," MPRA Paper 48430, University Library of Munich, Germany.
  8. Berulava, G., & Gogokhia, T., (2016). “On the role of in-house R&D and external knowledge acquisition in firm’s choice for innovation strategy: Evidence from transition economies”. Moambe, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences,10 (3), 150-158.
  9. Berulava, G., & Gogokhia, T., (2018). “Complementarities of Innovation Strategies: Evidence from Transition Economies.” In: Bilgin M., Danis H., Demir E., Can U. (eds) Eurasian Economic Perspectives. Eurasian Studies in Business and Economics, vol 8/2. Springer, Cham, 169-192, https://doi.org/10.1007/978-3-319-67916-7_11
  10. Bjørnskov, Christian & Pierre-Guillaume Méon (2010). "The Productivity of Trust," Working Papers CEB 10-042, ULB - Universite Libre de Bruxelles.
  11. Boermans M.A. & Hein Roelfsema, (2015). “The Effects of Internationalization on Innovation: Firm-Level Evidence for Transition Economies”, Open Econ Rev, 26:333–350; Doi 10.1007/s11079-014-9334-8.
  12. Camps, S., Marques, P. (2014). “Exploring How Social Capital Facilities Innovation: The Role of Innovation Enabllers, Technological Forecasting and Social Change”, Business Management Journal, 88.325-348.
  13. Carlin, W. and Seabright, P., (2007). “Bring Me Sunshine: Which parts of the business climate should public policy try to fix?” Paper presented at the Annual Bank Conference on Development Economics, Bled Slovenia.
  14. Crepon, B., Duguet, E., and Mairesse, J., (1998). “Research, Innovation and Productivity: An Econometric Analysis at the Firm Level,” Economics of Innovation and New Technology, 7(2), pp.115-158.
  15. Criscuolo, C., (2009). “Innovation and Productivity: Estimating the Core Model across 18 Countries,” In: OECD, Innovation in Firms: A Microeconomic Perspective. Paris: OECD Publishing. Ch.3.
  16. Doh S. and Z.J. Acs (2010). “Innovation and Social Capital: A Cross-Country Investigation”. Industry and Innovation, Vol. 17 (Issue 3): 241-262. DOI: 10.1080/13662711003790569.
  17. Dollar, D., Hallward‐Driemeier, M., & Mengistae, T. (2005). “Investment Climate and Firm Performance in Developing Economies”. Economic Development and Cultural Change, 54(1), 1–31. https://doi.org/10.1086/431262
  18. Dyer, J. H. and W. Chu (2003). “The Role of Trustworthiness in Reducing Transaction Costs and Improving Performance: Empirical Evidence from the United States, Japan and Korea.” Organization Science. Jan/Feb, Vol. 14 Issue 1, pp: 57-68.
  19. EBRD (2014). “EBRD Transition Report 2014: Innovation in Transition”, European Bank for Reconstruction and Development. Available at: http://www.ebrd.com/downloads/research/transition/tr14.pdf
  20. Eschenbach F. and B. Hoekman (2006). “Services policy reform and economic growth in transition economies”,Review of World Economics. 142, 4: 746-764.
  21. Fernandes A.M. and C. Paunov (2012). “Foreign Direct Investment in Services And Manufacturing Productivity Growth: Evidence for Chile”, Journal of Development Economics. 97, 2: 305-321.
  22. Friesenbichler K. and Michael Peneder, (2016). “Innovation, Competition And Productivity. Firm-Level Evidence for Eastern Europe and Central Asia”, Economics of Transition, Volume 24(3), 535–580; DOI: 10.1111/ecot.12100.
  23. González, M.G., Alonso, M.V., Tato, M.G., (2016). “Innovation, Productive Capacity, Training and Productivity”, Cuadernos de Gestión, Vol. 16 - Nº 2, pp. 77-92.
  24. Griffith, R., Huergo, E., Mairesse, J., and Peters, B., (2006). “Innovation and Productivity Across Four European Countries,” Oxford Review of Economic Policy, 22(4), pp.483-498.
  25. Griliches, Zvi. (1979), “Issues in Assessing the Contribution of Research and Development to Productivity Growth”, Bell Journal of Economics, 10(1), pp. 92-116.
  26. Habiyaremye, A. and Raymond, W., (2013). “Transnational Corruption and Innovation in Transi­tion Economies”. UNU-MERIT Working Papers, #2013-050, ISSN 1871-9872, 18 Septem­ber.
  27. Hong, Y.-P., Kim Y.J., and Cin B.C., (2015). “Product-Service System and Firm Performance: The Mediating Role of Product and Process Technological Innovation”, Emerging Markets Finance & Trade, 51: 975–984; DOI: 10.1080/1540496X.2015.1061388.
  28. Iwanow, Tomasz and Kirkpatrick, Colin, (2008). “Trade Facilitation and Manufactured Exports: Is Africa Different?” World Development 37(6):1039-50.
  29. Janz, N., Loof, H., and Peters, B., (2004). “Firm Level Innovation and Productivity – Is There a Common Story across Countries,” Problems and Perspectives in Management, 2, pp.184-204.
  30. Jiao, H.,  Koo C.K.,  Cui Y.K. (2015). “Legal Environment, Government Effectiveness and Firms' Innovation in China: Examining The Moderating Influence of Government Ownership”. Technological Forecasting and Social Change 96. DOI: 10.1016/j.techfore.2015.01.008.
  31. Johansson, B. and Lööf, H., (2009). “Innovation, R&D and Productivity – Assessing Alternative Specifications of CDM-Models”, CESIS Electronic Working Paper Series, Paper No. 159, January.
  32. Kaufmann, D., Kraay, A., & Mastruzzi, M. (2010). “The worldwide governance indicators: A summary of methodology, data and analytical issues”. World Bank Policy Research Working Paper No.  5430. Available at:  http://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=1682130. Accessed 15 May 2019.
  33. Knack, S., Keefer, P. (1997). “Does Social Capital Have an Economic Payoff? A Cross-Country Investigation”. Quarterly Journal of Economics, 112 (4): 1251-1288.
  34. Krapez J., Miha Skerlavaj, Ales Groznik, (2012). “Contextual Variables of Open Innovation Paradigm in The Business Environment of Slovenian Companies”, Economic and Business Review, Vol.14, No. 1, pp. 17-38.
  35. Loof, H. and Heshmati, A., (2006). “On the Relationship between Innovation and Performance: A Sensitivity Analysis,” Economics of Innovation and New Technology, 15(4/5), pp. 317-344.
  36. Loof, H., Heshmati, A., Apslund, R., and Naas, S-O., (2003). “Innovation and Performance in Manufacturing Industries: A Comparison of the Nordic Countries,” International Journal of Management Research, 2, pp. 5-36.
  37. Mairesse J., Mohnen P., Zhao Y., Zhen F., (2012). “Globalization, Innovation and Productivity in Manufacturing Firms: A Study of Four Sectors of China”, ERIA Discussion Paper Series, ERIA-DP-2012-10, June.
  38. Mairesse, J. and Robin, S., (2010). “Innovation and productivity: A firm-level analysis for French Manufacturing and Services (1998-2000 and 2002-2004),” CREST-ENSAE, Paris.
  39. Mairesse, J., Mohnen, P., and Kremp, E., (2005). “The Importance of R&D and Innovation for Productivity: A Reexamination in Light of the 2000 French Innovation Survey,” Annalesd’Economieet de Statistique, 79/80, pp.489-529.
  40. Masso, J. and P. Vahter, (2008). “Innovation and Firm Performance in a Catching-up Economy.” European Journal of Development Research, Vol. 20, No. 2, pp. 240-261.
  41. Masso, J. and P. Vahter, (2012). “The Link Between Innovation and Productivity in Esto­nia's Services Sector,” The Service Industries Journal, Vol. 32(16) December, pp. 2527-2541.
  42. North, D. C. (1990). Institutions, Institutional Change and Economic Performance, Cambridge University Press.
  43. North, D. C., 1994. "Institutional Change: A Framework Of Analysis," Economic History 9412001, University Library of Munich, Germany.
  44. Pakes, Ariel and Griliches, Zvi, (1980). "Patents and R&D at the Firm Level: A First Report", Economics Letter, No. 5, pp. 377-381.
  45. Paunov, C., (2016). “Corruption's Asymmetric Impacts on Firm Innovation”, Journal of Development Economics, 118, pp. 216–231; http://dx.doi.org/10.1016/j.jdeveco.2015.07.006.
  46. Peneder, M. (2010). “Technological Regimes and The Variety of Innovation Behavior: Creating Integrated Taxonomies of Firms and Sectors”, Research Policy, 39, pp. 323–334.
  47. Plane P., Véganzonès-Varoudakis M.-A., (2019). “Innovation, Productivity, Exports And The Investment Climate: A Study Based On Indian Manufacturing Firm-Level Data”, Études et Documents, n° 1, CERDI.
  48. Prajogo, D. I. (2016). The Strategic Fit Between Innovation Strategies and Business Environment in Delivering Business Performance. International Journal of Production Economics, 171,  241-249, http://dx.doi.org/10.1016/j.ijpe.2015.07.037
  49. Rialp-Criado, A., Komochkova K., (2017). “Innovation Strategy and Export Intensity of Chinese SMEs: The Moderating Role of The Home-Country Business Environment”, Asian Bus Manage; DOI 10.1057/s41291-017-0018-2.
  50. Raymond, W., Mairesse, J., Mohnen, P., and Palm, F., (2012). “Dynamic Models of R&D, Innovation and Productivity: Panel Data Evidence for Dutch and French Manufacturing,” In: EEA & ESEM, 27th Annual Congress of the European Economic Association & 66th European Meeting of the Econometric Society. Malaga, Spain, 27-31 August.
  51. Roodman, D. (2011). “Fitting Fully Observed Recursive Mixed-Process Models with CMP,” the Stata Journal, vol. 11 (November 2), pp. 159-206.
  52. Schumpeter, J. A. (1934). “The Theory of Economic Development”. Cambridge, MA: Harvard University Press.
  53. Schumpeter, J. A. (1942). “Capitalism, socialism and democracy”. New York: Harper.
  54. Tevdovski D., Katerina Tosevska-Trpcevska and Elena Makrevska Disoska, (2017). “What is the Role of Innovation in Productivity Growth in Central and Eastern European Countries?”, Economics of Transition, Volume 25(3), pp. 527–551; DOI: 10.1111/ecot.12121.
  55. Vakhitova, G. and Pavlenko T., (2010). “Innovation and Productivity: a Firm Level Study of Ukrainian Manufacturing Sector”, Discussion Papers 01, Kyiv School of Economics.
  56. Véganzonès-Varoudakis M.A. & H. T. M. Nguyen, (2018). “Investment Climate, Outward Orientation And Manufacturing Firm Productivity: New Empirical Evidence”, Applied Economics, DOI: 10.1080/00036846.2018.1488065.
  57. World Bank (2001). “World Development Report 2002: Building Institutions for Markets”. The World Bank, Washington DC.
  58. World Bank (2002). “Transition – The First Ten Years: Analysis and Lessons for Eastern Europe and the Former Soviet Union”. The World Bank, Washington DC.
  59. World Bank (2004). “World Development Report 2005: A Better Investment Climate for Everyone”. The World Bank and Oxford University Press, Washington, D.C.
  60. Zak, P.J. and S. Knack (1998). “Trust and Growth”. IRIS, University of Maryland, mimeo
  61. Zhang M., Yinan Qi, Zhiqiang Wang, Xiande Zhao, Kulwant S. Pawar, (2018). “Effects of Business and Political Ties on Product Innovation Performance: Evidence from China and India”, Technovation; https://doi.org/10.1016/j.technovation.2018.12.002.


[1] კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მხარდაჭერით [გრანტის ნომერი №YS-18-1304].  

[2] სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები (სკსსს) = Research and Development (R&D).

[3] BEEPS – Business Environment and Enterprise Performance Survey (ბიზნესგარემოსა და საწარმოთა მუშაობის მაჩვენებლების გამოკვლევა) - https://www.enterprisesurveys.org.

[4] CDM – C – Crepon, D – Duguet, M – Mairesse.

[5] მაგალითად, იხ. Loof et al., 2003; Janz et al., 2004; Mairesse et al., 2005; Griffith et al., 2006; Loof and Heshmati, 2006; Criscuolo, 2009; Johansson and Lööf, 2009; Raymond et al., 2012; González, M.G. et al., 2016.

[6] ქვეყნის სხვადასხვა სექტორსა და რეგიონში არსებულ ინოვაციურ საქმიანობასთან დაკავშირებით ევროკავშირის, ნორვეგიისა და ისლანდიის ეროვნული სტატისტიკური სამსახურების მიერ განხორციელებული გამოკითხვები.

[7] ელექტროენერგია, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, სამომხმარებლო და სავაჭრო რეგულაციები, მიწის ხელიმისაწვდომობა, კრიმინოგენური მდგომარეობა, ქურდობა და უწესრიგობა, ფინანსების ხელმისაწვდომობა, საგადასახადო ტარიფები, საგადასახადო ადმინისტრირება, ბიზნესის ლიცენზირება და ნებართვები, პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფცია, სასამართლო, შრმითი რეგულაციები, დაბალკვალიფიციური მუშახელი (Electricity, telecommunications, transport, customs and trade regulations, access to land, crime, theft and disorder, access to finance, tax rates, tax administration, business licensing and permits, political instability, corruption, courts, labor regulation, inadequately educated workforce).

[8] წყარო: http://info.worldbank.org/governance/wgi/index.aspx#home;

მეთოდოლოგიის შესახებ იხ. Kaufmann et al. (2010).

[11] Stata (Statistics და Data სიტყვების მარცვლოვანი აბრევიატურა) – მონაცემების სტატისტიკური დამუშავების კომპიუტერული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევების ჩატარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, მედიცინა, ბიოლოგია, სოციოლოგია და სხვ.