ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
რუსუდან კვარაცხელია ∘
ლევან კიკილაშვილი ∘
ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი პრობლემები Covid-19-ის პირობებში და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები DOI: 10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.03.KVARATSKHELIA.KIKILASHVILI ანოტაცია სხვადასხვა ქვეყნის შემოსავლების ზრდისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების საფუძველზე საერთაშორისო ტურიზმის ბაზარი სწრაფად მზარდი და განვითარებულია. ტურიზმის სწრაფ განვითარებას ასევე განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ტურისტული ბიზნესი არ მოითხოვს დასწყისში დიდ ფინანსურ ინვესტიციებს. განსაკუთრებით მზარდია თანამედროვე მსოფლიო ტურიზმში აგროტურიზმისა და კულტურული ტურიზმის პოპულარობა. კომპიუტერული ტექნიკის, ავტომატიზაციის განვითარებისა და პრაქტიკაში დანერგვის საფუძველზე ულტრათანამედროვე ინსტრუმენტებითა და მომსახურებით ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით ვითარდება ინოვაციური, სრულიად მაღალტექნოლოგიური მიმართულებით, ჩნდება თანამედროვე ტენდენციები და მიმართულებები. მოცემული სტატია ეხება კიდევ ერთ ინოვაციას აგროტურიზმში, რითაც შესაძლებელია კონკრეტულად ქართული ტურიზმის ინდუსტრიის კოლოსალური ზარალი დროულად აღმოიფხვრას და დარგმა შეძლოს სწრაფად აღდგენა, მას შემდეგ რაც პანდემიის გამო დაწესებული ტურისტული შეზღუდვები მოიხსნება. სტატიის ავტორები თავად იწყებენ მოცემული პროექტის განხორციელებას, რაც გულისხმობს ონლაინ ტურებისა და ონლაინ სასერტიფიკატო კურსების ჩატარებას აგროტურიზმის მიმართულებით. საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, აგროტურიზმი, ინოვაცია ტურიზმში, ონლაინ-ტურები, ონლაინ-მასტერკლასები. შესავალი თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მზარდია ტურიზმის განვითარების ტენდენცია. ტურიზმი, როგორც სოციალური მოვლენა, წარმოიქმნა მე-20 საუკუნეში, თუმცა მოსახლეობის გადაადგილებას, მიგრაციას, მოგზაურობას ადგილი ჰქონდა პირველყოფილ ადამიანებშიც კი, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სხვადასხვა დანიშნულებით დაიწყეს გადაადგილება, ვაჭრობისა თუ სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტების მოპოვების მიზნით. დღეს, 2019 წლის ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ტურიზმის ინდუსტრია დადგა სერიოზული პრობლემების წინაშე, რომელთა აღმოსაფხვრელად მეტი ინოვაციური და ეკონომიკურად ეფექტიანი ღონისძიების გატარებაა საჭირო. საუკუნეების მანძილზე ტურიზმი გადის ხანგრძლივ, ევოლუციურ გზას დღემდე, მასობრივ, განვითარებულ ტურიზმამდე. მოთხოვნადია სხვადასხვა სახის ტურები მთელ მსოფლიოში. თანამედროვე სახით არსებული ტურიზმი და მისი მუდმივი ზრდის ტენდენცია ასახავს დედამიწის მოსახლეობის კეთილდღეობის ფენომენალურ, შეუჩერებლივ მზარდ ცვლილებას. ამ მხრივ, შესანიშნავი გამოცდილება დაუგროვდა ჩინეთის რესპუბლიკას 1970-იანი წლებიდან. თანამედროვე ადამიანი კი მოგზაურობით სწავლობს სამყაროს, იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას სიახლეებით, რაც აკმაყოფილებს მის ფიზიკურ, სულიერ, ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს. აზიის ქვეყნებში აქტიურად გაიცემა გრანტები, ტურიზმის დარგში მომუშავე მეცნიერებისათვის დამატებითი კვლევების განსახორციელებლად, ტურიზმის მნიშვნელობის, მისი ახალი სახეობებისა და მიმართულებების განვითარებისათვის, რამაც ზეგავლენა უნდა მოახდინოს მათ ეკონომიკურ განვითარებაზე [Lew A, 2019]. ”ტურიზმის გლობალური ეთიკური კოდექსი” (მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, სანტიაგო, ჩილე, 1999 წლის 1 ოქტომბერი) ტურიზმს ახასიათებს როგორც: ინდივიდუალური და კომპლექსური სრულყოფის ფაქტორს; მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს; კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის გამდიდრების ფაქტორს; მომგებიან სექტორს [კვარაცხელია ნ., 2009] სამწუხაროდ, 2019 წლის ბოლოდან კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიას სერიოზული ზარალი მიაყენა. სავარაუდოდ, ევროკავშირის ტურიზმის ინდუსტრია, რომელშიც დაახლოებით 13 მილიონი ადამიანია დასაქმებული, COVID-19-ის აფეთქების შედეგად თვეში 1 მილიარდი ევროს შემოსავალს დაკარგავს [Parliament., 2020] წლის დასაწყისში დაცარიელდა სასტუმროები, რესტორნები, ბარები, ტურისტული ატრაქციონები, დაიხურა თემატური პარკები, მუზეუმები. გაუქმდა ან გადაიდო გლობალური ბაზრობები, კონგრესები და კულტურული ღონისძიებები. სპორტული ღონისძიებები. ვირუსის გავრცელების შედეგად თითქმის მთელ მსოფლიოში სათხილამურო კურორტებმა ზამთრის სეზონი ნაადრევად დაასრულეს. საკრუიზო კომპანიებმა შეაჩერეს საქმიანობა. გამკაცრდა სასაზღვრო კონტროლი. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებით, შემოსავლიანობა ტურიზმიდან 300-450 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. გლობალური საჰაერო ტრანსპორტის ზარალი 2020 წლისთვის შესაძლოა 252 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იყოს [Parliament., 2020]. შედარებისთვის, SARS–ის 2003 წლის აფეთქებამ მხოლოდ 0.4%-ით შეამცირა გლობალური შემოსავლები ტურიზმის ინდუსტრიაში. ამჯერად კი კორონა ვირუსის შედეგად ნავარაუდევია მთლიანად 2020 წლის ტურიზმის ეკონომიკის 45-70%-იანი შემცირება [Parliament., 2020]. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) პროგნოზით, 2020 წელს, ტურიზმის გლობალურ ბაზარზე შეიძლება 75 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს. WTTC–ს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება ვირუსის სრული კონტროლი, აღდგება ნორმალური ფუნქციონირება მსოფლიო ეკონომიკაში, ეპიდემიის დაწყებამდე ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობის აღდგენას ყველაზე ცოტა, 10 თვე დასჭირდება. ანალოგიური პრობლემებია საქართველოშიც. მითუმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც ვირუსის მეორე ტალღის საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა და სასტუმროებისათვის კვლავ შეზღუდვები წესდება, რეგულარული ფრენები კვლავ შეჩერებულია, აჭარის საკურორტო ზონა კი ვირუსის ეპიცენტრად გამოცხადდა. თუ გადავხედავთ ახლო წარსულს, უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით მზარდი ტენდენციით ხასიათდება საქართველოშიც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს, საქართველოში დაფიქისრდა 5 მლნ ტურისტის შემოსვლა, რაც წინა წელთან შედარებით 6.8%-ით იყო გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტების კუთხით, 2019 წელს პირველად საქართველოში შედგა 9.3 მლნ საქმიანი ვიზიტი, ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი იყო 8.7 მლნ, (7.1%-იანი ზრდა). საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაიზარდა 35 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება საქართველოს შიდა ვიზიტორებს, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (9 თვე) შედარებით, 2019 წელს გაიზარდა 11.9 %- ით. გაიზარდა დანახარჯები შიდა ვიზიტებზე, 7.5 %-ით. ღამისთევის რაოდენობა ზოგადად 13.6 %-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯი კი იყო 169.4 ლ, რაც 5.4 %- ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ 2019 წლის მანძილზე, წინა წელს განხორციელებული აქტიიური და ეფექტიანი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო. კერძოდ, საუდის არაბეთში განხორციელებული აქტიური სარეკლამო კამპანიის შემდეგ საუდის არაბეთიდან ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა 42 %-ით, ინვესტირებულ 1 ლარზე სახელმწიფომ მიიღო 579 ლარის უკუგება, ვიზიტორების ჯამურმა დანახარჯმა შეადგინა 248 მლნ ლარი. [1] რაც შეეხება, 2020 წლის მონაცემებს, ოფიციალური მაჩვენებლით, კონკრეტულად აგვისტოს თვეში, 2019 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები შემცირდა 96.4 %-ით, 1,358,598-დან 48,355-მდე. სხვა ვიზიტები (არატურისტული) შემცირდა 98.3%-ით (272,002-დან 4,697-მდე). საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები შემცირდა 96.0% (1,086,596-დან 43,658-მდე) თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, მხოლოდ უარყოფითად ვერ განვიხილავთ პანდემიას (covid-19), კერძოდ, გარემოზე, კლიმატზე, ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე შეიძლება ითქვას, დადებითი შედეგები დაფიქსირდა. თბილისი, რომელიც ევროპაში ჰაერის დაბინძურების ჭრილში, მე-3 ადგილს იკავებდა, [Cuddy et al. 2018]. საგრძნობლად გაუმჯობესდა.[2] როგორც ცნობილია, მდგრადი განვითარების კონცეფცია მოიცავს 3 ძირითადი ასპექტს: გარემო, ეკონომიკა და საზოგადოება [Pirouz et al. 2020]. მდგრადი აგრარული ტურიზმი გულისხმობს სასოფლო სამეურნეო სავარგულების დამუშავებასთან ერთად, კულტურისა და ბუნების ხელშეუხებელი ძეგლების მონახულებას, რაც ხელს უწყობს ვიზიტორებს ერთ სივრცეში მიიღონ მათთვის სასურველი სერვისების დიდი არჩევანი, მაღალ დონეზე ორგანიზებული მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვთა სისტემით. [Su et al. 2018]. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ეს სფერო მიჩნეულია ძირითადი შემოსავლის წყაროდ, აღსანიშნავია, რომ მასობრივი ტურიზმი ამავე დროს უარყოფითი გავლენას ახდენს ეკონომიკასა და გარემოზე გრძელვადიან პერიოდში, გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზარალის გამო, როგორიცაა, ტყის გაჩეხვა, ოკეანეების დაბინძურება, საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობის დროს წარმოქმნილი მტვრის ატმოსფეროში გაბნევა და ა.შ. სწორედ ამიტომ სულ უფრო მნიშვნელოვანია ზუსტი ბალანსის დაცვა და რისკ-ფაქტორების შემცირება [ Yabuuchi., 2018]. მეცნიერები ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს მოუწევს, ისწავლოს ვირუსებთან ერთად ცხოვრება, ვინაიდან ვირუსების ეპოქა დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი გამოწვევების წინაშე დგება გლობალური ეკონომიკა, მათ შორის ტურიზმის სექტორი. ადამიანები უკვე ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც ნაკლები ხალხი ტრიალებს, სადაც ნაკლები საფრთხისა და მეტი დაცულობის განცდა ექნებათ. ასეთ პირობებში მთელი მსოფლიო ეძებს ალტერნატიულ გზებს, რათა დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრია გარკვეულწილად გაძლიერდეს, მოდიფიცირდეს, ადაპტირდეს არსებულ ვითარებაზე და გარკვეული ფორმით განვითარდეს. როგორ იქნება ეს შესაძლებელი? სოფლის, აგროტურიზმის განვითარება მოცემულ ვითარებაში სიცოცხლიუნარიანია უმეტესად შიდა ტურიზმის ფარგლებში. 2020 წლის ზაფხული, ქართველებისთვის საქართველოს გაცნობის საუკეთესო საშუალებადაც იქცა. ბევრი ადამიანი პანდემიის დროს დაუბრუნდა მშობლიურ სოფლებს, მოაწყვეს საექსპერიმენტო ბოსტანი, მოიწიეს ბიოლოგიურად სუფთა მოსავალი. ჩაჰყავთ მეგობრები ქალაქებიდან, აგემოვნებინებენ საკუთარი ხელით მოყვანილ პროდუქტს. თავისთავად, ეს უკვე აგროტურიზმის ელემენტებია. ცნობილია, რომ ტურიზმის ერთი სახეობა თავისთავში ყოველთვის მოიცავს სხვა მიმართულებას. ანუ აგროტურიზმში ერთვება გასტრონომიული, ფოლკლორული, ისტორიული, ეთნოგრაფიული, სათავგადასავლო, ნოსტალგიური და სხვა სახის ტურიზმის ელემენტები. თუ დავუბრუნდებით პანდემიის პირობებს, მსოფლიოში არც პანდემიის დასრულების შემდეგ არის მოსალოდნელი, რომ დაშვებულ იქნას მასობრივივი ტურიზმი, მით უფრო, რომ ეს პრობლემა, მანამდეც მწვავედ იდგა. შესაძლოა, დისტანცირება და გარკვეული შეზღუდვები დროთა განმავლობაში გარკვეულ ტურისტულ წესადაც დამკვიდრდეს. ამ პირობებში კი, დისტანციურად ჩატარებული მასტერკლასები, გარკვეული გეგმა-გრაფიკით პრაქტიკული საქმიანობის მიზნით ჩამოსული სტუმრების განაწილებასაც უზრუნველყოფს. რას ნიშნავს ონლაინ ტური? სხვადასხვა ონლაინ-სასწავლო-საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით მოხდეს მთელი საქართველოს და კონკრეტული რეგიონების შესახებ ინფორმაციის მაღალხარისხიანი დემონსტრირება, ქართული კულტურის, ისტორიის, ღირშესანიშნაობების აღწერა. ასევე, ყველა რეგიონიდან, ყველა სოფლიდან, მოხდეს ონლაინ-ჩართვა აგრომეურნეობებიდან, ადგილის დეტალური დათვალიერებით, საოჯახო სასტუმროების შეთავაზებული პირობების გაცნობით. ჩატარდეს ონლაინ მასტერკლასები სხვადასხვა მიმართულებით: კულინარია, ტრადიციული ხელობა, ხალხური სიმღერები, ქართული ცეკვები და ა.შ. ჩატარდეს ზოგადი, მასერტიფიცირებელი ონლაინ-კურსი აგროტურიზმის მიმართულებით, მსოფლიოსა და კონკრეტულად საქართველოს რეალური მაგალითების გაცნობით, ასევე აგრომეურნეობების ჩართვით, რითაც გაიზრდება მათი ცნობადობა. სახელმწიფოს მხარდაჭერა ითვალისწინებს ვებ-გვერდის, აპლიკაციის, ონლაინ-კურსების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, კურსზე დარეგისტრირებული უცხოელი კი უნდა ჩაიძიროს საქართველოს უნიკალურ სანახაობებში, მიიღოს აღფრთოვანება მასტერკლასებით, რათა მას გაუჩნდეს დაუოკებელი სურვილი, სიტუაციის გამოსწორებისთანავე ეწვიოს საქართველოს, რეალურად მოინახულოს ვირტუალურად ნანახი საოცარი ადგილები, პირადად ჩაერთოს მასტერკლასებში აღწერილ საქმიანობებში, მიიღოს აგროტურიზმის მიმართულებით შესაბამისი, ქართული, რამდენიმეენოვანი სერტიფიკატი. დისკუსია მკვლევართა გუნდის მიერ ჩატარებულ იქნა ტურისტული კომპანიების სიღრმისეული გამოკითხვა, ტურიზმის სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კვლევის ყველა ეტაპზე დაცულ იქნა კონფიდენციალურობა, ობიექტურობა, ანონიმურობა, მონაწილეთა სურვილები და მათი კეთილი ნება. ექსპერტთა შერჩევა მოხდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიებისგან (რანდომული შემთხვევითი შერჩევის მეშვეობით), რამაც შესაძლებლობა მოგვცა მკაფიოდ წარმოგვეჩინა პროექტთან დაკავშირებული საკითხები. კვლევის პროცესის ჩაწერა მოხდა აუდიო-ვიდეო ფორმატის მეშვეობით. შედეგები. ტურისტული კომპანიები №1 და №2 აღნიშნავენ, რომ წინა წელთან შედარებით, 2020 წელს დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ქართველების მიერ დაკვეთილი ტურების რაოდენობა, ხოლო №3, №4, №5 ტურისტული კომპანიების მონაცემებით ეს მაჩვენებელი 60%-ით არის გაზრდილი. ზოგადად, 2020 წელს განხორციელებული ტურები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, №1 და №2 კომპანიების ინფორმაციით, 20%-ით. ხოლო №3, №4, №5 კომპანიების ინფორმაციით 60%-ით არის შემცირებული. უცხოელების მხრიდან ტურების დაკვეთა 90%-ით შემცირდა. ტურისტული კომპანიები №1 და №2 2020 წელს აწყობდნენ სათავგადასავლო, ისტორიულ, რელიგიურ, ეკო ტურებს, რაც საინტერესო იყო ქართველი ვიზიტორებისთვის. ტურისტული კომპანიებისთვის №3, №4, №5 მნიშვნელოვანი იყო, სათავგადასავლო ტურების ორგანიზება, ვინაიდან განსაკუთრებით მოთხოვნადია აღნიშნული სახის ტურები. ჩვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეჯამებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში, პამდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა, მოსახლეობის ნაწილისთვის, იყო სტიმული, მოენახულებინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, შესაბამისად, ფულადი რესურსი არ გასულა საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად შემცირდა, უცხოელებისგან ტურების დაკვეთა, გარკვეულწილად, მათი ჩანაცვლება მოხდა, ადგილობრივი ტურისტების ხარჯზე. ამას გვიდასტურებს ტურისტული კომპანია №5, რომელიც გვამცნობს, რომ 1, 2, ან რამდენიმედღიან ტურებზე მოთხოვნა ქართველების მხრიდან შესამჩნევად მზარდია. შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში ზაფხულის პერიოდში, მოთხოვნამ გადააჭარბა მიწოდებას, შეიქმნა კვალიფიციური მძღოლების, გიდების, ტუროპერატორების დეფიციტი. თუ გასულ წელს ტურზე მსურველთა დარეგისტრირება 1 კვირით ადრე იყო შესაძლებელი, ხოლო ხშირ შემთხვეევაში ბოლო დღეებშიც, 2020 წლის ზაფხულში ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ვინაიდან ტურის გამოქვეყნებისთანავე ხდებოდა ადგილების დაჯავშნა. გარდა ამისა, დღეს, საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის იცხოვროს ეკოქალაქებში, იქ სადაც, სუფთა ჰაერზე, ნატურალური პროდუქტებით მომარაგების პირობებში, შეძლებს გაიუმჯობესოს სიცოცხლის ხარისხი. განსაკუთრებით, ეს მოთხოვნა მზარდია იმ ადამიანებში, რომლებიც, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ახორციელებენ ყოველდღიურ, სამსახურებრივ საქმიანობას, სახლიდან გაუსვლელად. დღითიდღე იზრდება საზოგადოების ინტერესი ურბანული მეურნეობების მიმართ. სასურველია, სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს ეკო ინფრასტრუქტურის განვითარების მოდელს, მოიზიდოს ინვესტორები, მეტი ეკოლოგიურად სუფთა და უნარჩენო ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ქალაქის ასაშენებლად [კვარაცხელია რ., კიკილაშვილი ლ., 2019]. დასკვნა იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გამო, საზღვრები ჩაკეტილია, ფრენები შეზღუდულია, იმისათვის, რომ ტურიზმის ინდუსტრიას ზარალი შეუმსუბუქდეს და სიტუაციის გამოსწორებისთანავე, სწრაფად შეძლოს აღორძინება, უნდა გატარდეს რამდენიმე, ეკონომიკურად ეფექტიანი ღონისძიება: ქვეყანაში უნდა მოხდეს ტურიზმის მკვეთრი დიფერენციაცია; განვითარდეს აგროტურიზმის სხვადასხვა მიმართულება, ამ კუთხით შეიქმნას შესაბამისი, განახლებული საკანონმდებლო ბაზა; მოხდეს აგროტურისტული ობიექტების კატეგორიზაცია; მოწესრიგდეს რეგიონალური ინფრასტრუქტურა; ტურისტულმა კომპანიებმა გამოკვეთონ სხვადასხვა სახის ტურების შეთავაზება; შეიქმნას ონლაინ ტურები, ონლაინ-მასტერკლასები, სასერტიფიკატო-სასწავლო ონლაინ-კურსები, დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს უაღრესად შთამბეჭდავი, შინაარსობრივად ღრმა და მაღალი ტექნოლოგიური ხარისხის, რომ სიტუაციის გამოსწორებისთანავე, უცხოელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს, რეალურად მოინახულოს ონლაინ ნანახი უნიკალური კადრები, პირადად ჩაერთოს მასტერკლასებში გამოცდილ საოცარ პროცესებში, მიიღოს ოფიციალური, საერთაშორისო დონის სერტიფიკატი აგროტურიზმის მიმართულებით. შესაბამისად ეს დაეხმარება ქვეყანას, ტურსისტული გადაადგილების შეზღუდვის პირობებშიც უფრო მეტად, დეტალურად გააცნოს მსოფლიოს მისი კულტურა, ისტორია, ადათ-წესები, ღირებულებები. ყველაფერი ეს საჭიროებს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროფესიონალი თარჯიმნების, გიდების და სხვა სპეციალისტების აქტიურ ჩართულობას. პროექტი, რა თქმა უნდა, მოითხოვს რეგიონის მოსახლეობის აქტიურობას, სურვილს, მოაწესრიგონ სოფლის სახლები, კარ-მიდამო, ბაღი, ბოსტანი, სხვადასხვა სახის ფერმა, რათა მათი აგრომეურნეობიდან მოხდეს მაღალი დონის ჩართვები, მასტერკლასები. ონლაინ-ტურებისა და მასტერკლასების საშუალებით, უამრავი უცხოელი პოტენციური ტურისტი, ინტერნეტის (Youtube, სოც.ქსელების, ონლაინ სწავლების პლატფორმებისა და ტურისტული საიტების) დახმარებით, გაივლის შეთავაზებულ კურსს, გაეცნობა საქართველოს, მის რეგიონებს, სოფლებს, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს, ისტორიას, რელიგიას, ეკოგარემოს უპირატესობებს, ასევე, აგრომეურნეობებში გამოყენებულ, ბიოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებსა და ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიურად უსაფრთხო საკვების არსსა და უპირატესობებს. გაეცნობა ქართულ გასტრონომიას, კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ელემენტებს. შეეცდება საკუთარი ხელით მოამზადოს, მასტერკლასებით, მიწოდებული რეცეპტის საფუძველზე უნიკალური კერძები, აყვეს ქართულ მრავალხმიანობას, აითვისოს ქართული ცეკვის უნიკალური ილეთები, სახელობო გაკვეთილები და ა.შ. ამავე დროს გაეცნოს ზოგადად აგროტურიზმის პრინციპებს, სტრუქტურას, სპეციფიკაციებს როგორც თეორიულად, ასევე მსოფლიოს გამოცდილების შესაწავლის საფუძველზე. ხოლო მას შემდეგ, რაც მსოფლიოში აღდგება უსაფრთხო გადაადგილებისა და ტურისტული მოგზაურობის პირობები, ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ყველა, მისთვის საინტერესო ფაქტს. გამოყენებული ლიტერატურა
|