English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ბექა ზაუტაშვილი
COVID-19 - ით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები აგროსექტორში და თანამედროვე პლატფორმათა მნიშვნელობა პრობლემათა აღმოსაფხვრელად

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.04.Zautashvili

ანოტაცია

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით,, მსოფლიოს არაერთ რეგიონში შეინიშნება სიღარიბის დონის ზრდა და უკვე არსებული პრობლემების,  მათ  შორის, შიმშილის კიდევ უფრო გამწვავებაც. ამასთანავე, პანდემიის ფონზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები არასახარბიელო გავლენას ახდენენ სხვადასხვა დარგზე, მათ შორის, აგრო-სასურსათო სექტორზე. პრობლემების აღმოსაფხვრელად და აგროსექტორის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭიროა საზოგადოების მხრიდან განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგას, რაც გამოიხატება დარგში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციის დანერგვით.

საკვანძო სიტყვები: აგროსექტორი; COVID-19; ციფრული პლატფორმები; ტექნოლოგია; ინოვაცია.

შესავალი

COVID-19-ის მასობრივი გავრცელების შედეგად უამრავ დარგში არაერთი პრობლემა წამოიჭრა. აღნიშნულმა საბოლოოდ გამოიწვია წარმოების შემცირება, კორპორაციათა შემოსავლების კლება და სხვა უარყოფითი ტენდენცია, რაც მსოფლიო GDP-ს კლებით დაგვირგვინდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პანდემიის პერიოდში გარკვეულწილად შეფერხდა გამართულად ფუნქციონირება, არის აგროსექტორი, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო გამწვავდება მსოფლიოს მასშტაბით  შიმშილის პრობლემა.

ძირითადი ნაწილი

აგროწარმოება და სურსათის წარმოების ინდუსტრია არაერთი გამოწვევის წინაშე დგას  რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, კერძოდ:, მსოფლიოში მოსახლეობის მკვეთრი ზრდა, კონფლიქტები,საზოგადოების მხრიდან აგროწარმოებისთვის ვარგისი მიწების არაეფექტიანი გამოყენება, სხვადასხვა სავაჭრო თუ პოლიტიკური ბარიერები და სხვ. პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს კორონავირუსით შექმნილი სიტუაცია, რომელმაც შეაფერხა მიწოდების ჯაჭვის გამართულად ფუნქციონირება სხვადასხვა შეზღუდვის გამო. აღნიშნული ფაქტები,თავის მხრივ,ხელს უშლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სისრულეში მოყვანას 2030 წლისთვის, ვინაიდან 17 მნიშვნელოვანი პრობლემიდან, ერთ-ერთი სწორედ შიმშილის აღმოფხვრაა.

Covid-19-ით გამოწვეული სიტუაციის ფონზე, ქვეყნები იძლებულნი გახდნენ მიეღოთ სხვადასხვა სახის დამცველობითი ზომები, რამაც, საბოლოო ჯამში, გავლენა იქონია გლობალურ ვაჭრობაზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრების 5%-ზე და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წელს მსოფლიო GDP-ს4,9% ვარდნა ექნება.[1]

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)მონაცემებზე დაყრდნობით, არაერთ პროდუქტზე გაიზარდა ფასები. მაგალითად, 2020 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, ოქტომბერში ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი (9,2%), კარტოფილი (10%), ქათმის ხორცი (7,2%), პურ-ფუნთუშეული (9,2%) და სხვ. შედეგად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი სრულფასოვანი საკვები რაციონის მისაღებად. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პრობლემის წინაშე ძირითადად განვითარებადი და არამდგრადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები აღმოჩნდნენ. 2020 წელს, WFP-ს(World Food Programme) ინფორმაციაზე დაყრდნობით, კორონავირუსის შედეგად შიმშილის პრობლემა გამწვავდა მსოფლიოს 18 ქვეყანაში.(მაგ:ჩადისმოსახლეობის 39,3% ქრონიკული შიმშილის ზღვარზეა, ხოლო 20,7% კი არასაკმარისი რაოდენობის საკვებს მოიხმარს. მსგავსი სიტუაციაა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: კოლუმბია- 5,4% ქრონიკული შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანი, 23,1% არასაკმარისი რაოდენობის საკვების მომხმარებელი; ერაყი - 23,6% ქრონიკული შიმშილის ზღვარზე, 8% არასაკმარისი რაოდენობის საკვებს მოიხმარს და სხვ.).FAO(Food and Agriculture Organization) და WFP-ს მიხედვით, მსოფლიოში პანდემიით დამძიმებული შიმშილის პრობლემების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • დასაქმებისა და ხელფასების შემცირება. შესაბამისად, მოსახლეობას უფრო ნაკლები ფინანსური რესურსი აქვს სურსათის შესაძენად. ამასთანავე, საზღვარგარეთ მომუშავე პერსონალს შეექმნა პრობლემები ფულად  გზავნილებზე, შედეგად, დაუცველ  ქვეყნებში ფასები მნიშვნელოვნად  გაიზარდა.
  • სხვადასხვა ტიპის შეფერხებებმა, რომელიც უკავშირდება პანდემიის გავრცელების შემცირების ღონისძიებებს, მნიშვნელოვანი და მზარდი გავლენა შეიძლება იქონიოს სურსათის წარმოებასა და მიწოდებაზე.
  • სამთავრობო შემოსავლების შემცირება - ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუძნელდებათ უსაფრთხოების სტანდარტების მაღალ დონეზე შენარჩუნება და მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
  • პანდემია და ეკონომიკური ჩავარდნის ტენდენციები შესაძლოა გახდეს პოლიტიკური არასტაბილურობის/კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი, რაც იმოქმედებს აგროსექტორზეც.

 

ნახაზი 1: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების ძირითადი არხები

აგრარულ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია შესაბამის რესურსებზე წვდომა. პანდემიის პერიოდში კი შეფერხდა ლოგისტიკური პროცესები და შესაბამისად, ფერმერებს შეექმნათ გარკვეული პრობლემები პესტიციდების, სასუქის, თესლებისა და სხვ. მოპოვებაში. აღნიშნულმა ფაქტმა მნიშვნელოვნად იმოქმედა პროდუქციის მიწოდებაზე, პანიკის ფონზე გაზრდილმა მოთხოვნამ ბაზრებზე გამოიწვია გარკვეულწილად მიწოდების პრობლემები და ფასების ზრდა.წარმოებისთვის არა მარტო შუალედური რესურსებია მნიშვნელოვანი, არამედ ძირითადი კაპიტალის (გადამამუშავებელი ქარხნები, მანქანა-დანადგარები, სასაწყობე ტერიტორიები) გამართულად ფუნქციონირებაც, ანუ აგროსექტორი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კაპიტალ ინტენსიური დარგი. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კაპიტალ ინტენსიურობასთან ერთად,  შრომაც ინტენსიურია. საერთაშორისო დონეზე ლოგისტიკური პროცესების შეფერხებამ მეწარმეებს შეუქმნა სხვადასხვა სახის დაბრკოლება, შედეგად კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ადამიანური კაპიტალის როლი აგროწარმოებაში, თუმცა ამან გამოიწვია მიწოდების ეფექტიანობის შემცირება და ფერმერთა შემოსავლების კლება.

პანდემიამ უდავოდ მთელი სურსათის ინდუსტრიაზე იმოქმედა და გავლენა მოახდინა აგროსექტორის ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა: პირველადი წარმოების პროდუქტებით ვაჭრობა, პროდუქციის დამუშავება, ლოგისტიკური პროცესები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, შეიცვალა სობოლოო მოთხოვნის რაოდენობაც. ამან, თავის მხრივ, იმოქმედა ფაქტორულ, კერძოდ, შრომისა და კაპიტალის ბაზრებზე, რომლებიც წარმოების პროცესთან უშუალო კავშირში იმყოფებიან. მსგავსი გამოწვევების ფონზე, საჭიროა სწორი და მიზანმიმართული რეაგირება საზოგადოების მხრიდან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა სინერგიული მუშაობა, რათა შემსუბუქდეს Covid-19-ით გამოწვეული წნეხი განვითარებად სახელმწიფოებში და, ამასთანავე, აგროწარმოებაში მომუშავე პირებს მიეცეთ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. ამის შესაძლებლობას კი შესაბამისი ტექნოლოგიები და ციფრული პლატფორმები იძლევა, რომელთა დახმარებითაც სექტორი პანდემიის პირობებშიც მოახერხებს ფუნქციონირებას.

კორონaვირუსმა საზოგადოება იმაზე მეტად დამოკიდებული გახადა ტექნოლოგიებზე, ვიდრე ეს აქამდე იყო. ტექნიკამ და თანამედროვე პლატფორმებმა ადამიანებს საშუალება მისცა მასობრივი შეზღუდვების ფონზეც გაეგრძელებინათ საკუთარი საქმიანობა, განათლების მიღების პროცესი და სხვა სახის აქტივობები. ტექნიკური და ციფრული საშუალებების ჩართვა, რომლებიც უშუალოდ  მორგებული იქნება ფერმერებზე, აგროწარმოების პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის. თუმცა, ტექნოლოგიათა გავლენის ზრდის პარალელურად არსებობს საფრთხე, რომელიც უკავშირდება მიღებული სარგებლის არათანაბარ განაწილებას, კონკრეტულად კი პლანეტის ღარიბ რეგიონებში მცხოვრები ხალხი შესაძლოა ჩამორჩეს განვითარების ტემპებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხე რეალურია, მისი თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ შესაბამისი ციფრული პლატფორმები და წარმოებისთვის საჭირო მოწყობილობები გამოყენებული იქნება, როგორც მასობრივი შიმშილის აღმოფხვრის საშუალება, რაც ხელს შეუწყობს აგროწარმოების, როგორც დარგის სრულფასოვან ფუნქციონირებას განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებში.

განვითარებად ქვეყნებში აგროსექტორისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შესაბამისი ინფორმაციათა ნაკადების არსებობა და მათზე წვდომის გამარტივება, ასევე, ციფრული პლატფორმების რაოდენობის გაზრდა და ფერმერების იმ მინიმალური ტექნიკით აღჭურვა, რაც უკეთ გაარკვევს მათ, არა მარტო სამეწარმეო პროცესში, არამედ საკუთარი პროდუქციის რეალიზების ეფექტურ გზებსაც აპოვნინებს. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა კერძო და სამთავრობო სექტორების აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა.

ციფრული პლატფორმები ფერმერებისთვის სასურველი ინფორმაციის დახმარებით ხელს შეუწყობს სექტორში ფასების გამჭირვალობას,რესურსებზე წვდომის სიმარტივეს, უკეთესი დაზღვევის არსებობას, სესხის აღების პროცესის დახვეწას, ასევე რეგენერაციული აგროსაქმიანობის წახალისებას და სხვ., ამიტომ საჭიროა არსებობდეს რაც შეიძლება მეტი ონლაინ პლატფორმა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ინფორმაციას. მიზნის მიღწევა მხოლოდ ციფრული მონაცემთა ბაზების შექმნით შეუძლებელია, ვინაიდან ონლაინში არსებულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ტექნიკისა და ინტერნეტ სერვისის არსებობის შემთხვევაში. მაგ: რუკაზე 1 გამოსახულია 2017 წელს მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობები ქვეყნების მიხედვით (უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეცლილა ბოლო 3 წლის განმავლობაში). ინტერნეტთან კავშირის პრობლემა ძირითადად იმ რეგიონებშია, სადაც კორონა ვირუსის შედეგები ყველაზე მძიმედ აისახა ეკონომიკურ პროცესებზე.   ინტერნეტ კავშირისა და ტექნოლოგათა ჩართულობის გაზრდა ღარიბ ქვეყნებში, გარკვეულწილად იქნება პირველი ნაბიჯი აგროსექტორის გამართულად ასამუშავებლად.

რუკა 1: საზოგადოების ინტერნეტთან წვდომის პროცენტული გადანაწილება ქვეყნების მიხედვით.

ციფრული გარდაქმნის პროცესი აგროსფეროში შეცვლის შრომის ბაზრის სტრუქტურასა და ზოგადად მუშაობის პრინციპებს. შედეგად, შეიცვლება საჭირო უნარ-ჩვევები, რაც აგრომეწარმეებს სჭირდებათ წარმატებული საქმიანობისთვის. ამიტომ, ინოვაციური პროცესის პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს ფერმერთა სწავლება, რათა არ ჩამორჩნენ სექტორში მიმდინარე ცვლილებებს. საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების (FAO IOM UNDP UNFPA UN-Habitat) აქტიური ჩართულობა იმ რეგიონების სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის, სადაც კორონავირუსით სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა გაეროს მდგრადი მიზნების სისრულეში მოყვანისთვის.

როგორც ცნობილია, აგროწარმოებას პრობლემები განვითარებულ ქვეყნებშიც შეექმნა და გართულდა წარმოების, მიწოდებისა თუ სხვა სახის პროცესები. პრობლემებთან დასაპირისპირებლად მაღალშემოსავლიან რეგიონებში შესაძლებელია დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები, რომლებიც გაცილებით ეფექტიანად გაუმკვლავდებიან ნეგატიურ პროცესებს.მაგ: ვერტიკალური ფერმების გაშენება, რომელიც საშაუალებას იძლევა წარმოების მაქსიმიზების, რადგან მსგავს ფერმერულ მეუნეობებს არაერთი დადებითი ეფექტი ახლავს თან: შესაძლებელია წარმოების პროცესის შეუფერხებელი მუშაობა მთელი წლის განმავლობაში, ფერმის მოსასვლელად საჭიროა გაცილებით ნაკლები ჰიდრო რესურსები, პესტიციდების გამოყენება აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვერტიკალურ ფერმებს პანდემიის პირობებშიც გამართულად შეუძლიათ ფუნქციონირება, ვინაიდან წარმოებისთვის საჭიროა მცირე ადამიანური რესურსი.

 „სმარტ“/ავტომატიზირებული ფერმები ერთ-ერთ საუკეთესო პერსპექტივას წარმოადგენს აგროსექტორის გამართული ფუნქციონირებისა და მსოფლიოში საკვები მარაგების უზრუნველყოფისთვის. ვინაიდან მოსავლის მოყვანისა და მისი აღების პროცესში ჩართულია ისეთი ტექნიკა, როგორებიცაა: დრონები, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემები და ტრაქტორები და სხვ. ეს კი, თავის მხრივ, ამარტივებს წარმოებას. მნიშვნელოვანია, ასევე, თანამედროვე სასათბურე სისტემების შექმნა და, რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობის გაზრდა წარმოებაში, ვინაიდან მსგავსი ტიპის ნაბიჯები დადებითად იმოქმედებს არა მარტო წარმოებაზე, არამედ მიწოდების სრულყოფის პროცესსა და შესაბამისი ლოგისტიკური არხების გამართულად ფუნქციონირებაზე.

დასკვნა

კორონავირუსმა მსოფლიოში არაერთი გადაუჭრელი საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა, მათ შორისაა შიმშილის პრობლემაც, რომელიც პირდაპირ კავშირშია აგროწარმოების მდგრად განვითარებასა და დაბალშემოსავლიან რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობასთან. პანდემიის პერიოდში აგროსექტორის წარმომადგენლები უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე ეპოქაში არსებული ტექნოლოგიისა და სხვა ინოვაციური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია ყველა იმ უარყოფითი ეფექტის შემსუბუქება, რაც COVID-19-მა გამოიწვია. ციფრული პლატფორმებისა და ტექნოლოგიის დანერგვა სოფლის მეურნეობაში, ერთგვარი გარანტია მის ისეთ სტაბილურ დარგად ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა სირთულის გადალახვა ისე, რომ მსოფლიო მოსახლეობას სურსათზე წვდომის შესაძლებლობა არ შეეზღუდოს და სრულად აღმოიფხვრას მისი უსაფრთხოებისა პრობლემები.

გამოყენებული ლიტერატურა

[1] გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნები. https://www.un.org/sustainabledevelopment /%20sustainable-development-goals/ (გადამოწმებულია 10/2020).

[2]  Erokhin V., Gao T.; Impacts of COVID-19 on Trade and Economic Aspects of Food Security: Evidence from 45 Developing Countries, School of Economics and Management, Harbin Engineering University, Harbin 150001, China;  International Journal of Environmental Research and Public Health; 08/2020.

[3] Hausmann R., Schetter U.; https://voxeu.org/article/horrible-trade-offs-pandemic; voxeu.org; (გადამოწმებულია 10/2020).

[4]  FAO, Daily Food Price Monitor; https://datalab.review.fao.org/dailyprices.html; fao.org (გადამოწმებულია 08/2020).

[5]  WFP, HungerMap, https://hungermap.wfp.org/, (გადამოწმებულია 08/2020).

[6] FAO, New report identifies 27 countries heading fot COVID_19-driven food crisis; http://www.fao.org/news/story/en/item/1298468/icode/; fao.org (გადამოწმებულია 10/2020).

[7]  Schmidhuber J., Pound J. Qiao B.; COVID-19 Channels of transmission to food and agriculture; FAO; Rome, 2020.

[8]  Kremer M., Grow back better? Here’s how digital agriculture could revolutionuse rural communities affected by COVID-19,https://www.weforum.org/agenda/2020/07/digital-agriculture-technology/, weforum.org; (გადამოწმებულია 10/2020).

[9]  Regeneration International; Why Regenerative Agriculture?; https://regenerationinternational.org/why-regenerative-agriculture/;regenerationinternational.org (გადამოწმებულია 10/2020).

[10] World Agri-Tech; Digital Disruption:Will online Agribusiness marketplaces make the future agri-food supply chain more resilient? https://worldagritechusa.com/digital-marketplaces-webinar/; (გადამოწმებულა 10/2020).

[11] Roser M, Ritchie H’ Ortiz-Ospina E.; Internet; https://ourworldindata.org/internet; ourworldindata.org, (გადამოწმებულია 10/2020).

[12] Trendov M.N, Varas S., Zeng M., Gigital technologies in agriculture and rural areas; FAO; Rome, 2019.

[13] OCHA, Global Humanitatian Response Plan COVID-19, Geneva, 2020.

[14] Ku L.; New Agriculture Technology in Modern Farming; https://www.plugandplaytechcenter.com/resources/new-agriculture-technology-modern-farming/; plugandplaytechcener.com; (გადამოწმებულია 08/2020).

[15] European Comission; Digital Transformation Monitor - Drones in agriculture; 01/2018.



[1]Hausmann R., Schetter U.; https://voxeu.org/article/horrible-trade-offs-pandemic; voxeu.org; (გადამოწმებულია 08/2020).