ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
გიორგი ბერულავა ∘
თეიმურაზ გოგოხია ∘
ბიზნეს გარემოს ზეგავლენა ფირმის ინოვაციას, მწარმოებლურობასა და ექსპორტს შორის არსებულ სტრუქტურულ ურთიერთკავშირზე გარდამავალ ეკონომიკებში[1] DOI: 10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.04.Berulava.Gogokhia ანოტაცია. სტატიაში წარმოდგენილიაემპირიული ხასიათის კვლევა, რომელიც ორიენტირებულია გამოავლინოს ინდივიდუალური ფირმების საექსპორტო საქმიანობაზე ბიზნესგარემოს ზეგავლენა გარდამავალ ეკონომიკებში. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულია გარდამავალი ეკონომიკის 28 ქვეყანაში 2012-2014 წლებში მსოფლიო ბანკის და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მიერ ერთობლივად შესრულებული ე.წ. BEEPS[2]-ის მე-5 რაუნდის ფირმის (მიკრო) დონის მონაცემები. გაფართოებული ეკონომეტრიკული CDM მოდელის გამოყენების საფუძველზე განხორციელდა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების პირობებში მოქმედი ინდივიდუალური ფირმების დონეზე არსებული შესაბამისი სტრუქტურული ურთიერთობების შესწავლა ისეთ ფაქტორებს (ცვლადებს) შორის, როგორიცაა:
მოდელი შეფასდა თანმიმდევრულად, ეტაპობრივად. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ უკეთესი ბიზნესგარემო სტიმულს აძლევს ფირმებს სკსსს-ში ინვესტიციების ჩასადებად, თუმცა ამას გავლენა არ აქვს სკსსს-ის ინტენსიურ სიდიდეზე (the intensive margin of R&D). ზოგადად, სტრუქტურული მოდელის შეფასებებმა დაადასტურა ჩვენი ჰიპოთეზა, რომ ბიზნესგარემო დადებით ზეგავლენას ახდენს როგორც ინოვაციასა და შრომის მწარმოებლურობაზე, ისე ექსპორტის მიმართ მიდრეკილებაზე. წარმოდგენილი კვლევა ასევე ადასტურებს ადრეული კვლევების ფარგლებში გაკეთებულ დასკვნებს, რომ სკსსს ინოვაციის მნიშვნელოვანი დეტერმინანტია, ინოვაცია – შრომის მწარმოებლურობის ამაღლების მამოძრავებელი ძალა, ხოლო შრომის მწარმოებლურობა, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის საექსპორტო ბაზრებზე ფირმის მონაწილეობის ალბათობას. საკვანძო სიტყვები: გარდამავალი ეკონომიკა, ბიზნესგარემო, ინოვაცია, შრომის მწარმოებლურობა, ექსპორტი. 1. შესავალი არაერთი მოსაზრებით, ინოვაცია, მწარმოებლურობის ზრდა და ექსპორტი ის ეკონომიკური ფაქტორებია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად. მსოფლიო გამოცდილება უამრავ მტკიცებულებას იძლევა იმის შესახებ, რომ ინოვაციებისა და ექსპორტის წახალისება განვითარებადი ბაზრების ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენს. მრავალი წელია, რაც მიმდინარეობს დისკუსია იმ ფაქტორების გარშემო, რომლებიც ინოვაციური და საექსპორტო საქმიანობის წარმატებას განსაზღვრავს. აკადემიურ ლიტერატურაში სიღრმისეულად არის შესწავლილი როგორც ფირმის მიერ კონტროლირებადი, ისე გარე ფაქტორები. მაგრამ, ბიზნესგარემოს, როგორც ერთ-ერთი გარე ფაქტორის, როლი კომპანიების ინოვაციის, მწარმოებლურობისა და საექსპორტო საქმიანობის ხელშემწყობაში და, ასევე, ამ ფაქტორებს შორის სტრუქტურული ურთიერთკავშირები შედარებით ნაკლებად შესწავლილი რჩება. ამ სტატიაში კი ყურადღება გამახვილებულია ბიზნესგარემოს მნიშვნელობაზე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მოქმედი ფირმების „ინოვაცია-მწარმოებლურობა-ექსპორტ“-ზე ზეგავლენის თვალსაზრისით. წარმოდგენილ კვლევაში ეკონომეტრიკული სტრუქტურული მოდელის შეფასებების შედეგად დადასტურა ჩვენი ჰიპოთეზა, რომელიც ეხება ბიზნესგარემოს ზეგავლენას ისეთ ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირზე, როგორიცაა: სკსსს-ში ინვესტიციები, ინოვაციები, შრომის მწარმოებლურობა და ექსპორტი. ეს კვლევა ასევე ადასტურებს ადრეული კვლევების აღმოჩენებს, რომლის მიხედვით სკსსს ინოვაციის მნიშვნელოვან დეტერმინანტს წარმოადგენს, ინოვაცია – შრომის მწარმოებლურობის მამოძრავებელ ძალას, ხოლო შრომის მწარმოებლურობა, თავის მხრივ, არსებითად ზრდის საექსპორტო ბაზრებზე ფირმის მონაწილეობის ალბათობას. კვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად, ნაჩვენებია, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ბიზნესგარემო, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ცოდნაში ინვესტიციების განხორციელებისა და ინოვაციური აქტივობების სტიმულირებას, ხოლო მეორე მხრივ - მწარმოებლურობის ამაღლებასა და ექსპორტის წახალისებას, ფირმის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სტატიის სტრუქტურა შემდეგნაირად არის განსაზღვრული: მე-2 თავში ფარგლებში განხორციელდა იმ კვლევებთან დაკავშირებული ლიტერატურის მიმოხილვა, რომელიც ეხება ისეთი ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულებას, როგორიცაა: ბიზნესგარემო, ინოვაცია, მწარმოებლურობა და ექსპორტი. აქვე, ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე, ჩამოყალიბდა კვლევის შესაბამისი ჰიპოთეზები. მე-3 თავში განვიხილეთ კვლევის მეთოდოლოგია, მათ შორის ემპირიული კვლევის სტრატეგია და საზომი მაჩვენებლები (measures), მონაცემთა ბაზა და კვლევაში გამოყენებული ცვლადების მახასიათებლები. მე-4 თავის ფარგლებში წარმოდგენილია კვლევის შედეგების ანალიზი, ხოლო შემაჯამებელი დასკვნები და შენიშვნები მოცემულია ბოლო, მე-5 ნაწილში. 2. ლიტერატურის მიმოხილვა სტატია ფოკუსირებულია ბიზნესგარემოს ფაქტორზე, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ფირმების ინოვაციებზე, მწარმოებლურობასა და საექსპორტო საქმიანობაზე გარდამავალი ეკონომიკების პირობებში. ლიტერატურაში ჯეროვნად არის აღიარებული სტრუქტურული კავშირის არსებობა ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა, ერთი მხრივ, ინოვაცია და მწარმოებლურობა, ხოლო მეორე მხრივ – მწარმოებლურობა და ექსპორტი. დღეს უკვე საკმაოდ დიდი მოცულობის ლიტერატურა არსებობს, რომელიც ეხება „ინოვაცია-მწარმოებლურობ“-ის დამოკიდებულების დადგენას, და ჯერ კიდევ გრილიჩისის (Griliches, 1979) და ფეიქსისა და გრილიჩისის (Pakes and Griliches, 1980) ფუნდამენტური ნაშრომებიდან დაწყებული, იკვლევს ურთიერთკავშირებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა: სკსსს-ში წარსული და მიმდინარე ინვესტიციები, ცოდნის გენერაცია და მწარმოებლურობის ზრდა. კვლევების ეს მიმართულება გააფართოვეს მეცნიერებმა –ქრეპონმა, დიუგემ და მერესმა (Crepon, Duguet, and Mairesse, 1998), რომლებმაც ერთმანეთისგან გამიჯნეს ინოვაციური დანახარჯებისა (სკსსს-ისა) და ინოვაციური შედეგების (ცოდნის) ცნებები. ამ ავტორების მიერ შემოთავაზებული მიდგომის საფუძველზე, რომელიც შემდგომ CDM[4] მოდელის სახელწოდებით გახდა ცნობილი, მწარმოებლურობის ამაღლება ახსნილია ინოვაციური შედეგებით, ხოლო ინოვაციური შედეგები – ინოვაციური დანახარჯებით, ანუ სკსსს-ის შესრულებით. აღნიშნულ ფაქტორებს შორის ეს დამოკიდებულება შესწავლილი იქნა და დადასტურდა უამრავი ემპირიული კვლევით როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მაგალითზე (Loof et al., 2003; Griffith et al., 2006; Hall and Mairesse 2006; Mairesse and Robin, 2009; EBRD, 2014; Disoska et al., 2018; Toshevska-Trpchevska et al., 2019; Berulava and Gogokhia, 2016; Berulava and Gogokhia, 2018; Masso and Vahter, 2012; Friesenbichler and Peneder, 2016). მეორე მხრივ, ლიტერატურა, რომელიც ეხება ურთიერთკავშირის გამოვლენას ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა ფირმის საექსპორტო საქმიანობა და მწარმოებლურობა, ხაზს უსვამს ორ ალტერნატივას, მაგრამ არა ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს (Wagner, 2007; Bernard and Jensen, 1999; Bernard and Wagner, 1997). მკვლევართა ერთი ჯგუფი გამოყოფს სწავლების ეფექტს, რომლის მეშვეობითაც საექსპორტო ბაზრებზე მონაწილეობა ფირმებს უფრო მწარმოებლურს ხდის. კვლევის სხვა მიმართულება, რომელიც ეყრდნობა ჰეტეროგენულ ფირმასთან დაკავშირებულ მელიცის მოსაზრებას (Melitz, 2003), მიიჩნევს, რომ უფრო მწარმოებლური ფირმები თვითონ ირჩევენ, დაიწყონ თუ არა საქმიანობა საექსპორტო ბაზრებზე და რომ ეს არის ფირმის მიზანმიმართული სტრატეგიის შედეგი. აღნიშნული მიდგომა ქმნის მყარ თეორიულ საფუძველს მწარმოებლურობასა და ექსპორტს შორის სტრუქტურული ურთიერთობების გასაგებად (Bernard and Wagner, 1997; Melitz, 2003). აღსანიშნავია ზოგიერთი კვლევა, რომელიც შეისწავლის ბიზნესგარემოს გავლენას ინოვაციასა და მწარმოებლურობაზე და ბიზნესკლიმატის სხვადასხვა განზომილების როლს ფირმების საექსპორტო საქმიანობის სტიმულირებაში. მაგალითად, განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებში მოცემულია შემდეგი ემპირიული მტკიცებულებები: სავაჭრო და საბაჟო შემზღუდავ რეგულაციებს, ასევე ცუდ საბაჟო ადმინისტრაციას შეუძლია ხელი შეუშალოს მწარმოებელ საწარმოთა ექსპორტს (Clarke, 2005); ბიზნესკლიმატი და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფირმის საექსპორტო შესაძლებლობებზე (Escribano and Guasch, 2005; Dollar et al., 2005; Iwanow and Kirkpatrick, 2008); სერვისების ლიბერალიზაცია, რომელიც ამცირებს წარმოების ხარჯებს, ზრდის ან მწარმოებლურობას ქვედა დონის სექტორებში (in downstream sectors) (Arnold, Javorcik and Mattoo, 2011; Arnold, Mattoo and Narciso, 2008; Fernandes and Paunov, 2012), ან მწარმოებელთა საექსპორტო საქმიანობას გარდამავალ ეკონომიკებში (Berulava, 2011, 2012). Véganzonès-Varoudakis and Nguyen (2018)-ის კვლევის თანახმად, კომპანიების მწარმოებლურობის შედეგიანობა დამოკიდებულია საინვესტიციო კლიმატის შეზღუდვებზე. ანალოგიურად, Plane and Véganzonès-Varoudakis (2019)-ის მიხედვით, როდესაც ინდოეთის მაგალითზე იკვლევდნენ დამოკიდებულებას, რომელიც არსებობს ფირმის დონეზე ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა: ინოვაცია, მწარმოებლურობა, ექსპორტი და საინვესტიციო კლიმატი, აღმოაჩინეს, რომ საინვესტიციო კლიმატი წარმოადგენს მწარმოებლებისთვის ინოვაციური პროცესებისა და მწარმოებლურობის მნიშვნელოვან დეტერმინანტს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევა (Gogokhia and Berulava, 2020), რომლის ფარგლებში ე.წ. BEEPS-ის მე-5 რაუნდის მონაცემთა ბაზის გამოყენების საფუძველზე შევისწავლეთ ბიზნესგარემოს როლი ინდივიდუალური ფირმების ინოვაციებისა და მწარმოებლურობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების მაგალითზე. კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ ბიზნესგარემოს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმ ურთიერთკავშირზე, რომელიც არსებობს ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა სკსსს-ში ინვესტიციები, ინოვაციები და შრომის მწარმოებლურობა, თუმცა კომპანიის საქმიანობაზე გავლენის სქემები განსხვავდება ბიზნესგარემოს სხვადასხვა განზომილებების მიხედვით. ამასთან, აღსანიშნავია Rialp-Criado & Komochkova (2017)-ის კვლევა, რომლის მიხედვით ჩინეთის მაგალითზე გამოჩნდა, რომ ურთიერთკავშირი, რომელიც არსებობს ინოვაციურ პროცესებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო საქმიანობას შორის, დამოკიდებულია ბიზნესგარემოს რამდენიმე განზომილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საკმაოდ ინტენსიურად არის შესწავლილი ისეთი კავშირები, როგორიცაა „ინოვაცია-მწარმოებლურობა“ და „მწარმოებლურობა-ექსპორტი“, ამ ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი გარკვეულწილად შეუსწავლელი რჩება. პირველი, ერთიანი სტრუქტურული მოდელის ფარგლებში ურთიერთობა ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა ინოვაცია, მწარმოებლურობა და ექსპორტი, კვლავ საჭიროებს შემდგომ გამოკვლევას. მეორე, ისეთი გარე ფაქტორების, მაგალითად ბიზნესგარემოს, გავლენა ამ სტრუქტურულ ურთიერთობებზე ასევე მეტ ყურადღებას იმსახურებს მეცნიერებისგან. ამ ნაშრომის მიზანია, დაძლიოს არსებული შეზღუდვები ერთიანი სტრუქტურული ჩარჩოს ფარგლებში „ინოვაცია-მწარმოებლურობა-ექსპორტი“-ს კავშირზე ბიზნესგარემოს ზეგავლენის შესწავლით. ამ კონტექსტში, ანტონიეტისა და კაინელის (Antonietti and Cainelli, 2011) მიერ განხორციელებული კვლევა, რომელიც ინოვაციას, მწარმოებლურობასა და ექსპორტს შორის არსებულ კავშირს ერთობლივ მოდელში აქცევს და ამ კავშირზე გარე ფაქტორის გავლენის შეფასებას ახდენს, ფასეულ და გასათვალისწინებელ მიდგომას წარმოადგენს. კერძოდ, ავტორები ტრადიციულ CDM მოდელს აფართოებენ ერთი მხრივ, ახალი, საექსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული განტოლების დამატებით, ხოლო მეორე მხრივ - სივრცითი აგლომერაციის გარე ფაქტორების (spatial agglomeration externalities) როლის შესწავლით, რომელსაც ისინი ასრულებენ „სკსსს-ინოვაცია-მწარმოებლურობა-ექსპორტი“-ს კავშირში. მოდელი მოიცავს ხუთ განტოლებას, სადაც პირველი ორი განსაზღვრავს სკსსს-ის განხორციელებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას და სკსსს-ის ინტენსივობას; მესამე ეხება ინოვაციურ დანახარჯსა და ინოვაციურ შედეგს; მეოთხე განტოლება შეისწავლის ინოვაციური შედეგის გავლენას საერთო ფაქტორულ მწარმოებლურობაზე (Total Factor Productivity - TFP); ხოლო ბოლო განტოლება ასახავს საერთო ფაქტორული მწარმოებლურობის კავშირს საექსპორტო საქმიანობის შედეგიანობასთან. კვლევის შედეგები აჩვენებს სივრცითი აგლომერაციის სხვადასხვა ინდიკატორების მნიშვნელოვან და დადებით გავლენას „სკსსს-ინოვაცია-მწარმოებლურობა-ექსპორტი“-ს კავშირის თითოეულ ელემენტზე. ჩვენი მიზნის მისაღწევად ვიყენებთ ანტონიეტისა და კაინელის (Antonietti and Cainelli, 2011) სტრუქტურულ მიდგომას გარკვეული მოდიფიკაციებით. ჩვენ ჩავანაცვლებთ სივრცის აგლომერაციის ფაქტორებს ბიზნესგარემოს სხვადასხვა საზომებით და შემდგომ შევისწავლით მათ გავლენას „სკსსს-ინოვაცია-მწარმოებლურობა-ექსპორტი“-ს სტრუქტურულ კავშირზე გაფართოებული CDM მოდელის გამოყენებით. ჩვეულებრივ, აკადემიურ ლიტერატურაში ბიზნესგარემო განიხილება როგორც შესაბამისი ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდუალური ფირმებისთვის ბიზნესკეთების ხარჯებს და რომელიც გავლენას ახდენს ამ ფირმების საინოვაციო და საექსპორტო საქმიანობისკენ მიდრეკილებაზე (Carlin and Seabright, 2009; Iwanow and Kirpatrick, 2008; EBRD, 2014). ჩვენს ნაშრომზე დაყრდნობით (Gogokhia and Berulava, 2020), წარმოდგენილ კვლევაში ვიყენებთ ბიზნესგარემოს ინდექსს, როგორც ბიზნესგარემოს შემცვლელ ცვლადს (proxy). ინდექსი გამოითვლება, როგორც სხვაობა ბიზნესგარემოს (სხვადასხვა საზომებთან დაკავშირებულ) დაბრკოლებების სუბიექტური შეფასებების (კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით აგრეგირებულ) საშუალო ქულებს შორის ინოვაციური და არაინოვაციური ფირმებისათვის. ბიზნესგარემოს გაზომვის ასეთი მიდგომა ემყარება წინა ემპირიული კვლევების შედეგებს (EBRD, 2014), რომელიც ცხადყოფს, რომ ფირმები, რომლებიც ინოვაციურ ან საექსპორტო საქმიანობას ეწევიან, ჩვეულებრივ, უფრო მაღალ დაბრკოლებებს აწყდებიან, ვიდრე ფირმები, რომლებიც ამ ტიპის საქმიანობაში არ არიან ჩართული. ამრიგად, რაც უფრო მცირე იქნება სხვაობა ერთსა და იმავე რეგიონში მდებარე ინოვაციურ და არაინოვაციურ ფირმებს შორის ბიზნესის კეთების დაბრკოლებების აღქმის თვალსაზრისით, მით უკეთესი იქნება იქ ინოვაციებისა და ექსპორტის ხელშემწყობი ბიზნესგარემო. ამ ნაშრომში ვაფართოვებთ ჩვენს მიერ განხორციელებულ კვლევას (Gogokhia and Berulava, 2020) „სკსსს-ინოვაცია-მწარმოებლურობ“-ის სტრუქტურულ მოდელში დამატებითი განტოლების ჩართვით, რომელიც ასახავს საექსპორტო საქმიანობას. ჩვენ ასევე ვიყენებთ განსხვავებულ მიდგომას ამ სტრუქტურული ურთიერთობის შესაფასებლად და გაფართოებულ CDM მოდელს. მოდელი მოიცავს ისეთ ხუთ განტოლებას, როგორიცაა: სკსსს-ის გადაწყვეტილების განტოლება; სკსსს-ის ინტენსივობის განტოლება; ინოვაციის განტოლება; მწარმოებლურობის განტოლება; ექსპორტის განტოლება. მოდელის შეფასება ხდება თანმიმდევრულად ან ეტაპობრივად. ჩვენ ვახორციელებთ ბიზნესგარემოს ეფექტების ტესტირებას „სკსსს-ინოვაცია-მწარმოებლურობა-ექსპორტი“-ს სტრუქტურული კავშირის ყოველ ეტაპზე, სტრუქტურული მოდელის ყოველ მომდევნო განტოლებაში ბიზნესგარემოს ინდექსის ჩართვის მეშვეობით. ამრიგად, ჩვენი მოდელი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: • პირველ ეტაპზე ფირმის სკსსს-თან დაკავშირებული არჩევანის აქტივობა (ინოვაციური დანახარჯის ექსტენსიური სიდიდე) აიხსნება ბიზნესგარემოს ინდექსით და სხვა შესაბამისი დეტერმინანტებით. • მეორე ეტაპზე ფირმის სკსსს-ის ინტენსივობა (ინოვაციური ხარჯების ინტენსიური სიდიდე) აიხსნება როგორც სკსსს-ის არჩევანისა და ბიზნესგარემოს ინდექსის, ისე სხვა შესაბამისი დეტერმინანტების გამოთვლილი სიდიდით (a predicted value); • მესამე ეტაპზე ინოვაციური შედეგები უკავშირდება ინოვაციურ დანახარჯებსა და ბიზნესგარემოს ინდექსს; • მეოთხე ეტაპზე ჩვენ ვაფასებთ შრომის მწარმოებლურობაზე ინოვაციური შედეგისა და ბიზნესგარემოს ინდექსის გამოთვლილი სიდიდის (a predicted value) ზეგავლენას; • დასკვნით ეტაპზე ფირმის საექსპორტო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებული არჩევანი მოდელირებულია შრომის მწარმოებლურობისა და ბიზნესგარემოს ინდექსის გამოთვლილი სიდიდით (a predicted value). არსებული ლიტერატურის მიმოხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნებზე დაყრდნობით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კვლევის შემდეგი ჰიპოთეზები: • H1. რაც უფრო დაბალია ბიზნესგარემოს ინდექსი, მით უფრო მაღალია ფირმის სკსსს-ის ექსტენსიური სიდიდე. • H2. რაც უფრო დაბალია ბიზნესგარემოს ინდექსი, მით უფრო მაღალია ფირმის სკსსს-ის შესრულების ინტენსივობა. • H3. რაც უფრო დაბალია ბიზნესგარემოს ინდექსი, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ფირმა ჩაერთვება ინოვაციურ საქმიანობაში. • H4. რაც უფრო დაბალია ბიზნესგარემოს ინდექსი, მით უფრო მაღალია ფირმის შრომის მწარმოებლურობის დონე. • H5. რაც უფრო დაბალია ბიზნესგარემოს ინდექსი, მით უფრო მაღალია ფირმის მიდრეკილება საექსპორტო საქმიანობისკენ. • H6. სკსსს-ი პოზიტიურ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინოვაციებზე. • H7. ინოვაცია დადებით და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფირმის შრომის მწარმოებლურობაზე. • H8. ფირმის შრომის მწარმოებლურობა დადებით და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საექსპორტო საქმიანობისკენ მის მიდრეკილებაზე. 3. კვლევის მეთოდოლოგია ამ თავის ფარგლებში მიმოვიხილავთ შერჩევისა და მონაცემთა მახასიათებლებს, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების საზომებსა და ეკონომეტრიკულ მოდელს ჰიპოთეზების ტესტირებისთვის. 3.1. შერჩევა და მონაცემების აღწერა ჩვენი კვლევის მონაცემების ძირითადი წყაროა BEEPS-ის მე-5 რაუნდის მონაცემები, რომელიც ეხება ეკონომიკის ფირმის (მიკრო) დონეს. BEEPS-ი ჩატარდა 2012-2014 წლებში ევროპული და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ერთობლივად მსოფლიო ბანკის (World Bank) და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) მიერ. გენერალური ერთობლიობიდან გაკეთდა შემთხვევითი სტრატიფიცირებული შერჩევა. ყველა ქვეყანაში სტრატიფიცირების სამი დონე იქნა გამოყენებული: 1. ინდუსტრია/დარგი (ეკონომიკური საქმიანობის სახეობა); 2. ფირმების ზომა (მსხვილი ფირმა – დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 99-ზე მეტ კაცს, საშუალო ფირმა – 20-დან 99-მდე კაცს, მცირე ფირმა – 5-დან 19-მდე კაცს); 3. რეგიონი (მაგალითად, საქართველოში – თბილისი; ქვემო ქართლი; იმერეთი და რაჭა ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი; კახეთი; მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი; აჭარა, გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი). შერჩევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ გამოცემაში – Sampling Manual[5]. კვლევაში გამოყენებულია შერჩევა, რომელიც მოიცავს 28 ქვეყანას და 9,868 საწარმოს. ცხრილი 1 ასახავს დესკრიპტულ სტატისტიკას საანალიზო შერჩევისთვის. ცხრილი 1. დესკრიპტული სტატისტიკა (Descriptive statistics)
ცხრილის თანახმად, ბიზნესგარემოს ინდექსებს შორის პოლიტიკური სტაბილურობის/იურიდიული გარემოს ინდიკატორი წარმოადგენს ყველაზე მაღალ დაბრკოლებას ინოვაციური ფირმებისათვის, რომლის შემდეგ დგას ინფრასტრუქტურული გარემოს ინდიკატორი. ბიზნესის/ეკონომიკური მარეგულირებელი გარემოს ინდიკატორი ყველაზე ნაკლებ შეზღუდვებს უქმნის ფირმის უნარებსა და სტიმულებს, განახორციელოს ინოვაციური აქტივობები. საშუალოდ, ფირმების 7% ინვესტიციებს ახორციელებს სკსსს-ში, ხოლო ფირმების წილი, რომლებმაც განახორციელეს პროდუქტული ან პროცესული ინოვაციები, თითქმის ოთხჯერ მეტია - 27.8%. კომპანიების 21 პროცენტი უშუალოდ ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს; ამასთან, გლობალური ბაზარი წარმოადგენს ძირითად ბაზარს ფირმების მხოლოდ 7,5%-სთვის. საშუალოდ ფირმებში დასაქმებულია 63 თანამშრომელი, ხოლო დასაქმებულთა 34.2%-ს აქვს უმაღლესი განათლება. ფირმების საშუალო ასაკია 22,6 წელი. შერჩევაში ფირმების 83%-ზე მეტი ახლად დაარსებული ორგანიზაციებია, ხოლო საწარმოების 7.5%-ს ფლობენ უცხოელები, ხოლო 2%-ს - სახელმწიფო. შერჩევაში ფირმას კონკურენციული ბრძოლა უწევს, საშუალოდ, ექვსიდან ოცდახუთი კონკურენტის წინააღმდეგ. შერჩევაში კომპანიების თითქმის ცხრა პროცენტი იღებს სუბსიდიებს მთავრობისგან ან ევროკავშირისგან. შერჩევის უმეტესი ნაწილი (87%) იყენებს ელ. ფოსტას პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის. ფირმების დაახლოებით ცამეტი პროცენტი იყენებს უცხოურ ლიცენზირებულ ტექნოლოგიებს. სექტორში ტოპმენეჯერების გამოცდილება საშუალოდ 16 წელს შეადგენს. 3.2. საზომი მაჩვენებლები (Measures) ამ კვლევის ინტერესის საგანია ისეთი ცვლადი, როგორიცაა ბიზნესგარემოს ინდექსი. უკანასკნელი აღებულია ჩვენს მიერ განხორციელებული წინა კვლევიდან (Gogokhia and Berulava, 2020). ბიზნესგარემოს ინდექსი შექმნილია ფირმების სუბიექტური შეფასებების ბაზაზე 5 ელემენტიანი სკალის საფუძველზე (0-დან 4-მდე, სადაც 0 ნიშნავს „არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“ და 4 – „არსებობს ძალზე სერიოზული დაბრკოლება“) იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეზღუდულად აღიქვამენ ისინი თავიანთ საქმიანობას ბიზნესგარემოს ისეთი ფაქტორების მიმართ, როგორიცაა: მიწის, ფინანსების, ელექტროენერგიის, ტელეკომუნიკაციების ხელმისაწვდომობა; საგადასახადო ტარიფები და ბიზნესგარემოს სხვა ფაქტორები. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (Gogokhia and Berulava, 2020) შევქმენით ბიზნესგარემოს ოთხი საზომი მაჩვენებელი: 1) საერთო ბიზნესგარემოს ინდექსი; 2) ბიზნესის/ეკონომიკური მარეგულირებელი გარემო (ფინანსების ხელმისაწვდომობა, გადასახადების განაკვეთები, საგადასახადო ადმინისტრირება, ბიზნესის ლიცენზირება და ნებართვები, საბაჟო და სავაჭრო რეგულაციები, მიწის ხელმისაწვდომობა, შრომის რეგულირება), 3) ინფრასტრუქტურული გარემო (ელექტროენერგია, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი), 4) პოლიტიკური სტაბილურობის/სამართლებრივი გარემო (პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფცია, სასამართლოები). ბიზნესგარემოს თითოეული ინდექსის შესაქმნელად გამოვიყენეთ შეჯამებული სკალების მიდგომა - თითოეულ ფაქტორში ჩართულია საშუალო შეწონილი მნიშვნელობის ცვლადები. დასასრულ, ბიზნესგარემოს შემადგენელი საზომების გამოყენებით გამოვიანგარიშეთ ბიზნესგარემოს ინდექსი როგორც სხვაობა აგრეგირებულ (ქვეყნის და ადგილმდებარეობის ზომის მიხედვით) ქულათა შორის ინოვაციური და არაინოვაციური ფირმებისთვის. შედეგად, მივიღეთ ბიზნესგარემოს ოთხი ინდექსი: საერთო ბიზნესგარემოს ინდექსი, ბიზნესის/ეკონომიკური მარეგულირებელი გარემოს ინდექსი, ინფრასტრუქტურული გარემოს ინდექსი და პოლიტიკური სტაბილურობის/სამართლებრივი გარემოს ინდექსი. მიგვაჩნია, რომ პატარა სხვაობა და, შესაბამისად, დაბალი ბიზნესგარემოს ინდექსი მიუთითებს უკეთეს ბიზნესგარემოზე, რომელიც განაპირობებს ინდივიდუალური ფირმის ინოვაციურ, მწარმოებლურ და საექსპორტო შედეგიანობას. კვლევის ფარგლებში გამოყენებულია შემდეგი ენდოგენური ცვლადები: სკსსს_dummy – ფიქტიური ცვლადი, რომელიც მიუთითებს, ახორციელებს თუ არა ფირმა ინვესტიციას სკსსს-ში; სკსსს – ინოვაციური ხარჯის ინტენსიური სიდიდე, რომელიც გაიანგარიშება როგორც თანაფარდობა სკსსს-ზე გაწეული საერთო ხარჯებსა (თანხა, რომელიც დახარჯულია შიდა სკსსს-ის შესრულებასა და გარე ცოდნის შეძენაზე) და ყოველწლიურ გაყიდვებს შორის. Friesenbichler and Peneder (2016)-ის შესაბამისად, ჩვენ შევქმენით რიგითი სკალა (1-დან 4-მდე), სადაც: ნიშანი „1“ მინიჭებულია იმ ფირმებისთვის, რომლებსაც არა აქვთ სკსსს-ზე გაწეული ხარჯები; „2“ - იმ ფირმებისთვის, სადაც სკსსს-სა და გაყიდვებს შორის თანაფარდობა არის 1.5%-ზე დაბალი; „3“ - იმ ფირმებისთვის, სადაც აღნიშნული თანაფარდობა არის 1.5%-დან 5%-მდე; „4“ - იმ ფირმებისთვის, სადაც ეს თანაფარდობა არის 5%-ზე ზევით. ინოვაცია – ფიქტიური ცვლადი, რომელიც მიუთითებს, ახორციელებს თუ არა ფირმა პროდუქტულ ან პროცესულ ინოვაციას; მწარმოებლურობა - გაიზომება როგორც საერთო გაყიდვებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობას შორის თანაფარდობის ლოგარითმი. ამ კვლევაში ჩვენ ვიყენებთ ამ ცვლადს, როგორც ფირმის შედეგიანობის გამზომ მაჩვენებელს; ექსპორტი – ფიქტიური ცვლადი, რომელიც მიუთითებს, ყიდის თუ არა ფირმა პროდუქციას პირდაპირ ექსპორტზე. ბიზნესგარემოს ინდექსთან ერთად მოდელი მოიცავს ეგზოგენური ფაქტორების შემდეგ ნაკრებს: უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების მქონე, სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა პროცენტი, რომელიც ასახავს ფირმაში დასაქმებული ადამიანისეული კაპიტალის ხარისხს; ფირმის ზომა – ფირმაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რიცხვის ნატურალური ლოგარითმი; ფირმის ასაკი – ფირმის ასაკის (წლებით დაფიქსირებული) ნატურალური ლოგარითმი; უცხოელების წილი – ფიქტიური ცვლადი, რომელიც აჩვენებს, აღემატება თუ არა უცხოელების წილი საკუთრებაში ადგილობრივი მოქალაქეების წილს; სახელმწიფო წილი – ფიქტიური ცვლადი, რომელიც აჩვენებს, აღემატება თუ არა სახელმწიფო წილი საკუთრებაში კერძო პირთა წილს; ახალი – ფიქტიური ცვლადი, რომელიც აჩვენებს არის თუ არა ფირმა ახლად დაფუძნებული; კონკურენცია – რიგითი ცვლადი, შექმნილი Friesenbichler and Peneder (2016)-ის კვლევის შესაბამისად. მთავარი პროდუქტისა და მომსახურებისთვის ძირითად ბაზარზე არსებული კონკურენტების რაოდენობაზე დაყრდნობით, ცვლადს ენიჭება მნიშვნელობა „1“, თუ ფირმა წარმოადგენს მონოპოლიას; მნიშვნელობა „2“ - თუ ფირმა აცხადებს, რომ ჰყავს 1-დან 5 კონკურენტამდე; „3“ - თუ კონკურენტების რაოდენობა 6-დან 25-მდეა; „4“ - თუ კონკურენტების რაოდენობა 26 ან მეტია; სუბსიდიები – ფიქტიური ცვლადი, რომელიც აჩვენებს ფირმამ მიიღო თუ არა სუბსიდიები ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობიდან ან ევროკავშირიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში; ელექტრონული ფოსტა – ფიქტიური ცვლადი, რომელიც გულისხმობს, რომ ფირმა ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაციისთვის იყენებს ელ. ფოსტას; უცხოური ტექნოლოგიები - ფიქტიური ცვლადი, რომელიც გულისხმობს, რომ ფირმა იყენებს უცხოურ ლიცენზირებულ ტექნოლოგიებს; ძირითადი ბაზარი – შედგება სამი ინდიკატორისგან – ლოკალური ბაზარი, ეროვნული ბაზარი და საერთაშორისო ბაზარი – რაც ნიშნავს, რომ ფირმის მთავარი პროდუქტი, შესაბამისად, იყიდება ლოკალურ, ეროვნულ ან საერთაშორისო ბაზარზე; მენეჯერული გამოცდილება – გაიზომება როგორც ტოპმენეჯერების გამოცდილება ამ სექტორში წლების მიხედვით; ქვეყნის ცვლადები– ფიქტიური ცვლადები, რომლებიც ასახავს ქვეყნის ფიქსირებულ ეფექტებს. კვლევაში გამოყენებული ქვეყნების ჩამონათვალი: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ყირგიზეთი, ლატვია, ლიეტუვა, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა და უზბეკეთი; ინდუსტრიის/დარგის ცვლადები – ფიქტიური ცვლადები, რომლებიც ასახავს ინდუსტრიის/დარგის ფიქსირებულ ეფექტებს. კვლევაში გამოყენებული ინდუსტრიების/დარგების ჩამონათვალი: მრეწველობა (საკვები პროდუქციის წარმოება; ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება; საგამომცემლო და პოლიგრაფიული საქმიანობა, ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლების ტირაჟირება; ქიმიური წარმოება; რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება; არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება; მეტალურგიული წარმოება; ლითონის მზა ნაწარმის წარმოება; მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება; ელექტრული მანქანებისა და ელექტრომოწყობილობების წარმოება; ავეჯის წარმოება); საცალო ვაჭრობა; სხვა მომსახურება (საბითუმო ვაჭრობა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; სასტუმროები და რესტორნები; ავტომობილების მომსახურება; სატრანსპორტო მომსახურების გაწევა; მშენებლობა; ტრანსპორტი; ფოსტა და ტელეკომუნიკაცია). ერთდროულობის პრობლემის მოსაგვარებლად გამორიცხვის შეზღუდვის სახით (an exclusion restriction) ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ცვლადებს: ფირმის ზომა გამოიყენება როგორც არჩევის ცვლადი (selection variable) II ტიპის ტობიტ მოდელში სკსსს-ის განტოლებისთვის. წინა კვლევების თანახმად, ეს ცვლადი გავლენას ახდენს სკსსს-ის ექსტენსიურ სიდიდეზე, ხოლო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ინტენსიურ სიდიდეზე. სკსსს-ისინტენსიურისიდიდისგანტოლებაში გამორიცხვის შეზღუდვის სახით ჩვენ ვიყენებთ სუბსიდიის ცვლადს; ინოვაციისგანტოლებაში - ელ.ფოსტა და უცხოური ტექნოლოგიის ცვლადები; მწარმოებლურობისგანტოლებაში - ძირითადი ბაზრისა და მენეჯერული გამოცდილების ცვლადებს. 3.3. ეკონომეტრიკული მოდელი „სკსსს-ინოვაცია-მწარმოებლურობა-ექსპორტი“-ს სტრუქტურული ურთიერთკავშირების შესასწავლად ვიყენებთ CDM მოდელის გაფართოებულ ვერსიას. პირველი, ვცვლით CDM ჩვეულებრივ მოდელს ახალი განტოლების შემოღებით, რაც ითვალისწინებს მწარმოებლურობის გავლენას კომპანიების საექსპორტო საქმიანობაზე. მეორე, ყოველ მომდევნე ეტაპზე ჩვენ ვახდენთ ტესტირებას, თუ რა გავლენას ახდენს ბიზნესგარემო (რომელიც წარდგენილია რამდენიმე ზემოთ განხილული შემცვლელი ინდექსით) საქმიანობის შედეგების შესაბამის ცვლადზე. ამრიგად, მოდიფიცირებული მოდელი მოიცავს ხუთ განტოლებას: ორი - სკსსს-თვის (II ტიპის ტობიტ მოდელი), ერთი - ინოვაციისთვის (ბინარული პრობიტ მოდელი), ერთი - შრომის მწარმოებლურობისთვის (OLS რეგრესია) და ერთი - საექსპორტო ქცევისთვის (პრობიტ მოდელი). მიგვაჩნია, რომ ცოდნის კაპიტალში ინვესტიცია კომპანიებს უბიძგებს ინოვაციების დანერგვისკენ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მის მწარმოებლურობაზე, ხოლო მწარმოებლურობის ამაღლება წაახალისებს ფირმებს, განახორციელონ თავისი პროდუქტისა და მომსახურების ექსპორტი საზღვარგარეთ. თანმიმდევრულად და ეტაპობრივად შეფასებული ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდიფიცირებული CDM მოდელი წარმოდგენილია ქვემოთ:
აქ, i = 1,… .., n არის გამოკითხული ფირმების ინდექსი. R&D_dummy, R&D, Innovation, Productivity და Export წარმოადგენს ენდოგენურ ცვლადებს. კერძოდ, R&D_dummy - სკსსს-ის ექსტენსიური სიდიდე; R&D ნიშნავს სკსსს-ის ინტენსიურ სიდიდეს, რომელიც ასევე განიხილება როგორც ინოვაციური დანახარჯის ცვლადი; Innovation ნიშნავს ინოვაციის შედეგს, რომელიც ჩანაცვლებულია (is proxied) შესაბამისი ფიქტიური ცვლადით (dummy variable); Productivity - შედეგიანობის გამომავალი ცვლადი (performance output variable), რომელიც განისაზღვრება, როგორც შრომის მწარმოებლურობის ლოგარითმი (log of labor productivity); Export - ფიქტიური ცვლადი პირდაპირი ექსპორტისთვის. კვლევის მთავარ ინტერესს წარმოადგენს ბიზნესგარემოს ცვლადი - ბიზნესგარემოს ინდექსი, გაანგარიშებული როგორც ფაქტორთა ქულა (a factor score). ამხსნელი ცვლადების (explanatory variables) ვექტორები აღინიშნება xki (k= 1,…,3); βk (k= 1,…,3) არის პარამეტრების ვექტორი, ხოლო α1,α2, α3, α4, α5, γ3, δ4, და θ5 - შესაფასებელი პარამეტრები. შემთხვევითი შეცდომის წევრები (Random error terms), რომლებიც, სავარაუდოდ, მულტივარიაციული ნორმალურია (multivariate normal), განისაზღვრება როგორც εki (k = 1,…, 3). ყველა ენდოგენური და ეგზოგენური ცვლადი უფრო დეტალურად განხილულია წინა განყოფილებაში. ზემოთ მოყვანილი მოდიფიცირებული CDM მოდელის პირველი განტოლება ხსნის სკსსს-თან დაკავშირებულ არჩევანს, ხსნის იმის ალბათობას, რომ ფირმის i-ური არჩევანი წარმოადგენს სკსსს-ში ინვესტიციას. განტოლება განსაზღვრულია როგორც პრობიტ მოდელი. მოდელის მეორე განტოლება აღწერს სკსსს-ის ინტენსიურ სიდიდეს i ფირმისთვის და განსაზღვრულია როგორც OLS რეგრესია, რომელიც სკსსს-ის ინტენსიურ სიდიდეს უკავშირებს რიგ პოტენციურ დეტერმინანტს, მათ შორის ბიზნესგარემოს ინდექსს. სავარაუდოდ, ამ ორი განტოლების შეცდომის წევრები εi1 და εi2 ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან ρ12 კორელაციის კოეფიციენტით. ეს ორი განტოლება წარმოადგენს გენერალიზებულ (ან II ტიპის) ტობიტ მოდელს. მოდელის მესამე განტოლება განსაზღვრულია როგორც პრობიტ რეგრესია და მოდელირებს ბიზნესგარემოს ინდექსის, სკსსს-ის ინტენსიური სიდიდის გამოთვლილი მნიშვნელობისა (მეორე განტოლებაში დამოკიდებული ცვლადია) და ეგზოგენური ცვლადების ნაკრების ეფექტებს ფირმის არჩევანის ალბათობაზე, დანერგოს პროდუქტული ან პროცესული ინოვაცია. მეოთხე განტოლება მოდელირებს შრომის მწარმოებლურობის ლოგარითმს როგორც ბიზნესგარემოს ინდექსის, ინოვაციის გამოთვლილი სიდიდის (მესამე განტოლებაში დამოკიდებული ცვლადია) და ეგზოგენური ცვლადების ნაკრების ფუნქციას. ხოლო ბოლო (მეხუთე) განტოლება იყენებს პრობიტ მოდელს, რათა შეფასდეს ბიზნესგარემოს ინდექსზე, მწარმოებლურობის გამოთვლილ სიდიდესა (მეოთხე განტოლებაში დამოკიდებული ცვლადია) და საკონტროლო ცვლადების ნაკრებზე ფირმის ექსპორტისკენ მიდრეკილების დამოკიდებულება. მას შემდეგ, რაც ბიზნესგარემოს ინდექსი გამოითვლება მაკრო დონეზე და ასახავს იმ გარემოს, რომელთანაც ინდივიდუალური ფირმა მუშაობს, ამ ცვლადთან დაკავშირებით ენდოგენურობის საკითხი შეიძლება უფრო მეტად შემცირდეს. თითოეულ განტოლებაში (გარდა უკანასკნელისა) გათვალისწინებულია გამორიცხვის ცვლადები (exclusion variables) ("ინსტრუმენტები"), რაც იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. პოტენციური, შესაძლო გადახრის გამოსასწორებლად (To correct the potential bias), რომელიც გამოწვეულია ენდოგენური ცვლადების უმრავლესობისთვის ფაქტობრივი სიდიდეების (actual values) ნაცვლად გამოთვლილი მნიშვნელობების (predicted values) გამოყენებით, ჩვენ ვიყენებთ ბუტსტრაპირებულ (Bootstrapped) სტანდარტულ შეცდომებს. 4. კვლევის შედეგები კვლევაში ჩვენ ვაფასებთ რეკურსიული სისტემის ოთხ ალტერნატიულ მოდელს. მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ სისტემაში შეტანილი ბიზნესგარემოს ინდექსის ტიპის მიხედვით. მოდელ 1-ში გამოყენებულია ბიზნესგარემოს საერთო ინდექსი, მოდელ 2-ში - ბიზნესის/ეკონომიკური მარეგულირებელი გარემოს ინდექსი, მოდელ 3-ში - ინფრასტრუქტურული გარემოს ინდექსი და მოდელ 4-ში - პოლიტიკური სტაბილურობის/სამართლებრივი გარემოს ინდექსი. სისტემის თითოეული მოდელი მოიცავს ხუთ განტოლებას: სკსსს-ის არჩევანის, სკსსს-ის ინტენსივობის, ინოვაციის, მწარმოებლურობისა და ექსპორტის განტოლებები. მოდელ 1-ის შეფასების სრული შედეგები მოცემულია ცხრილში 2, ხოლო დანარჩენი მოდელების ძირითადი შედეგები შეჯამებულია ცხრილში 3. ცხრილი 2. სტრუქტურული CDM მოდელის შეფასების საერთო შედეგები: მოდელი 1 – ბიზნესგარემოს ინდექსი (საერთო)
ცხრილი 3. სტრუქტურული CDM-ის შეფასების ძირითადი შედეგები ალტერნატიული მოდელებისთვის
სკსსს-ის ექსტენსიური სიდიდის განტოლება. სკსსს-თან დაკავშირებული არჩევანის განტოლების შეფასებები უზრუნველყოფს სკსსს-ის ექსტენსიურ სიდიდეზებიზნესგარემოს გავლენასთან დაკავშირებული ჰიპოთეზის ძლიერ მხარდაჭერას. კერძოდ, H1 ჰიპოთეზა დადასტურებულია პირველ სამ მოდელში (მოდელ 2-ში, ბიზნესგარემოს საერთო ინდექსის გავლენა სკსსს-ში ინვესტიციისკენ მიდრეკილებაზე სტატისტიკურად მხოლოდ 10%-იან დონეზე არის მნიშვნელოვანი). კვლევის შედეგების თანახმად, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ფირმების სკსსს-ში ინვესტიციის სურვილის ძირითადი გარე მამოძრავებელი არის საერთო ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ასევე ბიზნესის/ეკონომიკური მარეგულირებელი გარემოსა და ინფრასტრუქტურული გარემოს მკაცრი რეფორმები. ორივე ინდექსის გავლენა "ინოვაციურ დანახარჯებზე" პრაქტიკულად იმავე სიძლიერისაა, თუმცა ამ კვლევაში ჩვენ ვერ ვნახეთ ფირმის სკსსს-ის ექსტენსიურ სიდიდეზე პოლიტიკური სტაბილურობის/სამართლებრივი გარემოს ინდექსის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა. განტოლების სხვა ცვლადებმა ზოგადად აჩვენა მოსალოდნელი და მსგავსი სურათი მოდელების მიხედვით. ინოვაციების მიმართ შუმპეტერიული მიდგომის შესაბამისად, ჩვენ აღმოვაჩინეთ ფირმის ზომის მნიშვნელოვანი და პოზიტიური გავლენა სკსსს-ში ინვესტიციის მიდრეკილებაზე. ასევე, ჩვენი მოლოდინის შესაბამისად, სუბსიდიებისა და უმაღლესი მენეჯმენტის განათლების უმაღლესი დონის არსებობას, ფირმის ასაკს აქვს პოზიტიური და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სკსსს-ის ექსტენსიურ სიდიდეზე. სკსსს-ის ინტენსიური სიდიდის განტოლება. ამის საპირისპიროდ, "ინოვაციური დანახარჯების" განტოლების შეფასების შედეგები არ უზრუნველყოფს H2 ჰიპოთეზის მხარდაჭერას სკსსს-ის ინტენსიურ ზღვარზე ბიზნესგარემოს გავლენასთან დაკავშირებით. ოთხივე მოდელში ვერ აღმოვაჩინეთ ბიზნესგარემოს ინდექსის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სკსსს-ის ინტენსივობაზე. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ უკეთესი ბიზნესგარემო სტიმულს აძლევს ფირმებს, მიიღონ გადაწყვეტილებები სკსსს-ში ინვესტიციების ჩასადებად, ხოლო ამას არანაირი გავლენა არ აქვს ინვესტიციის მოცულობის ჩადებაზე. წინა განტოლების მსგავსად კონტროლის ნაკრებმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სკსსს-ის ინტენსივობაზე. ინოვაციის განტოლება. სკსსს-ის განტოლების მსგავსად, "ინოვაციური განტოლების" შეფასების შედეგები პირველი სამი მოდელისთვის უზრუნველყოფს H3 ჰიპოთეზის ძლიერ მხარდაჭერას. კერძოდ, ამ შეფასებების თანახმად, გაუმჯობესებულია ბიზნესგარემოს საერთო ინდექსი, აგრეთვე ბიზნესის / ეკონომიკური მარეგულირებელი გარემოსა და ინფრასტრუქტურული გარემოს ინდექსები მნიშვნელოვნად ზრდის ინოვაციის შედეგებს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ფირმებისთვის. ყველა ამ ინდექსის ეფექტები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია 1%-ის დონეზე. ბიზნესის/ეკონომიკურ მარეგულირებელ გარემოში შესაბამისი რეფორმები, სხვა ინდექსებთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინოვაციაზე. წინა ეტაპზე მიღებული შეფასების მსგავსად, ჩვენ ვერ ვიპოვეთ ინოვაციის ინტენსივობაზე პოლიტიკური სტაბილურობის/სამართლებრივი გარემოს ინდექსის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა. გარდა ამისა, წინა ემპირიული კვლევების შესაბამისად, ჩვენ გამოვავლინეთ სკსსს-ის ინტენსივობის პოზიტიური და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ინოვაციური შედეგის ცვლადზე მოდელების მიხედვით. ამრიგად, H6 ჰიპოთეზა იყო დადასტურებული ოთხივე მოდელში. ასეთ შედეგებს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ბიზნესგარემოს შესაბამისი ინდექსები ინოვაციაზე ახდენს როგორც პირდაპირ, ისე ირიბ გავლენას. ინოვაციის სხვა მნიშვნელოვანი პრედიქტორებია ფირმის ზომა, ახალი ფირმა, კონკურენცია, ელექტრონული ფოსტის გამოყენებით კომუნიკაციები და უცხოური ტექნოლოგიების გამოყენება. მწარმოებლურობის განტოლება. მე-2 და მე-3 ცხრილების მონაცემების თანახმად, ჰიპოთეზა H4 სრულად არის მხარდაჭერილი ყველა მოდელში. კერძოდ, მოდელების შეფასების შედეგები აჩვენებს, რომ შესაბამისი ბიზნესგარემოს ინდექსები გარდამავალ ეკონომიკაში ინდივიდუალური ფირმის მწარმოებლურობის მნიშვნელოვან პრედიქტორს წარმოადგენს. ყველა ამ ინდექსის ეფექტები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, მინიმუმ, 1%-ის დონეზე. პოლიტიკური სტაბილურობის/იურიდიული გარემოს ინდექსი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს შრომის მწარმოებლურობის ცვლადზე, რასაც მოჰყვება ბიზნესის/ეკონომიკური მარეგულირებელი გარემოს ინდექსის ეფექტი. როგორც მოსალოდნელი იყო, ინოვაცია, როგორც ჩანს, ფირმის მწარმოებლურობის ძირითადი მამოძრავებელია. ინოვაციის უფრო მაღალი ინტენსივობა იწვევს მწარმოებლურობის უკეთეს შედეგიანობას. ამრიგად, წინა კვლევების მიგნებების შესაბამისად, H7 ჰიპოთეზა მტკიცედ არის მხარდაჭერილი ოთხივე მოდელში. შრომის მწარმოებლურობის სხვა მნიშვნელოვანი პრედიქტორებია ფირმის ზომა, ადამიანისეული კაპიტალი და უცხოური საკუთრება. ექსპორტისგანტოლება. ანალოგიურად, ჰიპოთეზა H5 მხარდაჭერილია ოთხივე მოდელში, ბიზნესის/ეკონომიკური მარეგულირებელი გარემოს ინდექსს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ფირმების მიდრეკილებაზე, პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე. ბიზნესგარემოს შესაბამისი ინდექსების ყველა ეფექტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია p<0.01-ის დონეზე. არსებული თეორიული და ემპირიული მტკიცებულებების შესაბამისად, ჩვენ აღმოვაჩინეთ კომპანიის საექსპორტო საქმიანობაზე მწარმოებლურობის გავლენასთან დაკავშირებული H8 ჰიპოთეზის ძლიერი მხარდაჭერა. ექსპორტისკენ მიდრეკილების სხვა მნიშვნელოვანი პრედიქტორებია ფირმის ზომა, ადამიანისეული კაპიტალი, უცხოური საკუთრება, ახალი ფირმა, კონკურენცია და კომუნიკაციები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით. 5. დასკვნა კვლევაში შესწავლილია გარდამავალი ეკონომიკების პირობებში მოქმედი ბიზნესგარემოს როლი ისეთი ფაქტორების გაძლერებაში, როგორიცაა: სკსსს, ინოვაცია, შრომის მწარმოებლურობა და ფირმის საექსპორტო საქმიანობა. გარდამავალი ეკონომიკის 28 ქვეყანაში 2012-2014 წლებში ჩატარებული ე.წ. BEEPS-ის მე-5 რაუნდის ფირმის (მიკრო) დონის მონაცემებზე დაყრდნობით და გაფართოებული ეკონომეტრიკული CDM მოდელის გამოყენებით, კვლევის ფარგლებში განხორციელდა სტრუქტურული კავშირების შეფასება ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა: ბიზნესგარემო, ინოვაციური ქცევა, მწარმოებლურობა და ექსპორტი. ჩვენი ეკონომეტრიკული შეფასების შედეგები ცხადყოფს, რომ ბიზნესგარემო წარმოადგენს გარდამავალ ეკონომიკურ ქვეყნებში ფირმის ინოვაციური და მწარმოებლურო საქმიანობის მნიშვნელოვან გარე დეტერმინანტს. ამრიგად, ზოგადად დადასტურებულია კვლევის ჰიპოთეზები ბიზნესგარემოს რეფორმებსა და ფირმის საქმიანობის შედეგიანობას შორის, როგორიცაა სკსსს-ი და ინოვაცია, შრომის მწარმოებლურობა და ექსპორტისკენ მიდრეკილება. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ უკეთესი ბიზნესგარემო სტიმულს აძლევს ფირმებს, მიიღონ გადაწყვეტილებები სკსსს-ში ინვესტიციების ჩადების შესახებ, ხოლო მას გავლენა არ აქვს სკსსს-ის ინტენსიურ სიდიდეზე. ამასთან, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ფირმის საქმიანობაზე გავლენის სქემა განსხვავდება ბიზნესგარემოს სხვადასხვა საზომების მიხედვით. ერთ-ერთი სქემა გულისხმობს ბიზნესგარემოს ორმაგ ეფექტს ექსპორტისკენ მიდრეკილებაზე: ირიბად - კომპანიის სკსსს-ისა და ინოვაციური საქმიანობის სტიმულირებით, შრომის მწარმოებლურობის ამაღლებით; და პირდაპირი გზით - სავარაუდოდ, ტრანსაქციული და ბიზნესკეთების ხარჯების შემცირებით და მმართველობითი სტრუქტურების გაუმჯობესებით. ზემოქმედების ასეთი სქემა დამახასიათებელია ბიზნესგარემოს საერთო ინდექსისა და ბიზნესის/ეკონომიკური მარეგულირებელი გარემოს ინდექსისთვის. მიმდინარე კვლევის თანახმად, პოლიტიკური სტაბილურობის/იურიდიულ გარემოში განხორციელებული რეფორმები გავლენას არ ახდენს სკსსს-სა და ფირმების ინოვაციურ საქმიანობაზე, მაგრამ ის მნიშვნელოვანია კომპანიის მწარმოებლურობის ასამაღლებლად. ასევე, ჩვენი კვლევის შედეგები მხარს უჭერს ადრეულ დასკვნებს, რომ სკსსს ინოვაციის მნიშვნელოვანი დეტერმინანტია, ინოვაცია შრომის მწარმოებლურობის მამოძრავებელია, ხოლო შრომის მწარმოებლურობა მნიშვნელოვნად ზრდის საექსპორტო ბაზრებზე ფირმის მონაწილეობის ალბათობას. ამ კვლევის მთავარი წვლილი ის არის, რომ წარდგენილია ახალი ემპირიული შეხედულება სტრუქტურული კავშირის მიმართ, რომელიც არსებობს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მოქმედი ფირმების დონეზე ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა: ბიზნესგარემო და ინოვაცია, მწარმოებლურობა და ექსპორტი. ზოგადად, წარმოდგენილია, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ბიზნესგარემო, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნაში ინვესტიციების განხორციელებისა და ინოვაციური აქტივობების სტიმულირებას, მწარმოებლურობის ამაღლებასა და ექსპორტის წახალისებას, ფირმის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. კვლევის მთავარი შეზღუდვაა ის, რომ გამოყენებულია ზოგადად ბიზნესგარემოს მხოლოდ ერთი შემცვლელი ცვლადი (proxy) - აგრეგირებული ფაქტორი, რომელიც ემყარება ბიზნესკეთების დაბრკოლებების სუბიექტურ აღქმას. მომავალმა კვლევებმა შეიძლება გამოიყენონ ინდივიდუალური ცვლადები და დაეყრდნონ ბიზნესგარემოს ობიექტურ მაჩვენებლებს. ამგვარ მიდგომას შეუძლია გააუმჯობესოს ბიზნესგარემოსა და ფირმის საქმიანობის შედეგიანობას შორის კავშირის კონკრეტიზაცია და ინტერპრეტაცია და არსებითად ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და რეფორმების მიზანმიმართულების დასახვას. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოცემულ კვლევაში გამოყენებულ მონაცემთა ჯვარედინი (cross-sectional) ხასიათი ზღუდავს დინამიკური ურთიერთობების გაგებას ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა: ბიზნესგარემო, სკსსს, ინოვაციები, მწარმოებლურობა და ექსპორტი. ვფიქრობთ, რომ პანელის მონაცემთა გამოყენება მკვლევარებს ამ საკითხის უკეთ გარკვევაში დაეხმარება. გამოყენებული ლიტერატურა
[1] კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მხარდაჭერით [გრანტის ნომერი №YS-18-1304]. [2] BEEPS – Business Environment and Enterprise Performance Survey (ბიზნესგარემოსა და საწარმოთა მუშაობის მაჩვენებლების გამოკვლევა) - https://www.enterprisesurveys.org. [3] სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები (სკსსს) = Research and Development (R&D). [4]CDM – C – Crepon, D – Duguet, M – Mairesse. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||