English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ დავით კეშელავა
სავალუტო კურსის რეჟიმები და კალვო-რეინჰარტის მცურავი კურსისადმი დამოკიდებულების ინდექსი საქართველოს მაგალითზე

ანოტაცია: მიუხედავად იმისა, რომ განვითარებადი ქვეყნები, ხშირ შემთხვევაში, უპირატესობას მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს ანიჭებენ, მათ წინაშე ყოველთვის არსებობს ცდუნება, რომ არ დაუშვან გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი მერყეობა. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ქვეყნები ოფიციალურად (დე იურე) მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ახორციელებენ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, ხოლო რეალურად (დე ფაქტო) ხშირად ერევიან სავალუტო ბაზრის ფუნქციონირებაში და მკაცრი ინტერვენციებით ინარჩუნებენ გაცვლითი კურსის სტაბილურობას. საქართველოს მცურავი სავალუტო კურსისადმი დამოკიდებულების მაჩვენებელი საკმაოდ ახლოს იმყოფება რეგიონის საშუალოსთან, თუმცა ინდექსი დინამიკაში საკმაოდ დიდი მერყეობით ხასიათდება. 2008-2015 წლებში საქართველო სავალუტო ბაზარზე მკაცრი ჩარევებით გამოირჩეოდა და რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცურვის შიშის მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო 2016-2020 წლებში, პირიქით, სხვა ქვეყნებზე უფრო ნაკლებად ერეოდა სავალუტო ბაზრის ფუნქციონირებაში და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ცურის შიშის მაჩვენებელი გააჩნდა.   

საკვანძო სიტყვები: სავალუტო კურსის რეჟიმები, მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკური შოკები, მცურავი კურსისადმი დამოკიდებულების ინდექსი 

შესავალი

გლობალიზაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ფონზე ქვეყნები უფრო და უფრო დამოკიდებულნი ხდებიან ერთმანეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი, რომელსაც გლობალური ხასიათი ჰქონდა და ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება მოჰყვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის მსგავსად, მთელ მსოფლიოში გავრცელდა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული 2020 წლის სავალუტო კრიზისი.

კავკასიის რეგიონი ნეგატიური ეკონომიკური შოკების საკმაოდ ძლიერი გადაცემის ეფექტით ხასიათდებოდა 2015-2016 წლების სავალუტო კრიზისების პერიოდში. ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა შემცირებამ ჯერ ნავთობის ექსპორტიორ რუსეთსა და აზერბაიჯანს შეუქმნა ეკონომიკური პრობლემები, შემდეგ კი შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, სწრაფად გავრცელდა კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ასეთი მასშტაბის ეკონომიკური მოვლენები მუდმივად დღის წესრიგში აყენებენ გაცვლითი კურსის ოპტიმალური რეჟიმის შერჩევის საკითხს. ქვეყნები ცდილობენ არჩევანი ისეთ რეჟიმზე შეაჩერონ, რომელიც უზრუნველყოფს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე.   

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციის მიხედვით სავალუტო კურსის რეჟიმები შესაძლებელია 10 კატეგორიად დავყოთ [IMF, 2014]:

  • მკაცრად ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმები: (1) საერთო ვალუტის შემოღება (No separate legal tender) (ყველაზე ფართოდ გავრცელებულია სრული დოლარიზაცია) და (2) სავალუტო ფარი (Currency board) (სხვაგვარად სავალუტო საბჭო). ასეთ სავალუტო კურსის რეჟიმებს ხშირად იყენებენ ქვეყნებში, რომელთაც ჰიპერინფლაცია და მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური არასტაბილურობა ახასიათებთ.
  • შუალედური რეჟიმები: (1) ტრადიციული მიბმა (Conventional peg), (2) დასტაბილიზებული მექანიზმი (Stabilized arrangement ), (3) მცოცავი მიბმა (Crawling peg), (4) მცოცავი მიბმის მსგავსი მექანიზმი (Crawl-like arrangement), (5) ჰორიზონტალურ საზღვრებს შორის ფიქსირება (Pegged within horizontal bands ) და (6) სხვა მართვადი მექანიზმები (Other managed arrangements (residual)).
  • მცურავი რეჟიმები: (1) მცურავი გაცვლითი კურსი (Floating) და (2) თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსი (Free floating ).    

სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმზე გადასვლის ან ძირითადი სავაჭრო ქვეყნის (ან ქვეყნების ჯგუფის) ვალუტაზე (ან ვალუტების კალათაზე) მიბმის მთავარი უპირატესობებია: 1) მონეტარული ეფექტიანობით სარგებლობა, რაც დაკავშირებულია ტრანზაქციული დანახარჯების დაზოგვასთან [Krugman, Obstfeld & Melitz, 2012]; 2) სავალუტო რისკის აღმოფხვრა და მასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირება - ასეთ დროს ეკონომიკურ აგენტებს აღარ უწევთ სავალუტო რისკების დაზღვევა; 3) შემცირებული ინფორმაციის დანახარჯები - ეკონომიკურ აგენტებს აღარ უწევთ ინფორმაციის შესწავლა, რადგან მონეტარული პოლიტიკისა და სავალუტო რისკების შესახებ ინფორმაცია აღარ არის მნიშვნელოვანი [Krugman, Obstfeld & Melitz, 2012]; 4) გაზრდილი ინვესტიციები და საერთაშორისო ვაჭრობა [Krugman, Obstfeld & Melitz, 2012]; და 5) შემცირებული რისკის პრემიუმის პირობებში შემცირებული საპროცენტო განაკვეთები [Berg & Borensztein, 2000]. ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმები საკმაოდ ეფექტურია ჰიპერინფლაციასთან საბრძოლველად [Chang & Velasco, 1998].  

თუმცა ფიქსირებულ გაცვლით კურსს გარკეული ნაკლოვანებებიც გააჩნია: 1) კონფლიქტი სხვა მაკროეკონომიკურ მიზნებთან - როდესაც გაცვლით კურსზე ზეწოლა არსებობს გაუფასურების მიმართულებით, გაცვლითი კურსის პარიტეტის შესანარჩუნებლად საპროცენტო განაკვეთების გაზრდაა საჭირო, რაც ნეგატიურად მოქმედებს ერთობლივ მოთხოვნაზე [Pettinger, 2019]; 2). შემცირებული მოქნილობა - როდესაც ნეგატიური შოკის პირობებში მიმდინარე ანგარიში მნიშვნელოვნად უარესდება, გაცვლითი კურსი ვეღარ ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას და მისი გაუფასურებით აღარ არის შესაძლებელი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება. პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გაცვლითი კურსი გადაჭარბებით ან არასათანადოდაა შეფასებული [Pettinger, 2019]; 3) როდესაც კაპიტალის მოძრაობა არაა შეზღუდული, ცენტრალური ბანკი კარგავს მონეტარულ პოლიტიკას [Shambaugh, 2004]; 4) ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმები ახალისებენ სპეკულაციურ შეტევებს - როდესაც ინვესტორები ფიქრობენ, რომ გაცვლითი კურსი არასათანადოდ ან გადაჭარბებულად არის შეფასებული და მთავრობა (შესაბამისი მონეტარული ინსტიტუტები) იძულებულია მიატოვოს ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი [Krugman, 1999]. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ქვეყანას საკმაოდ დიდი რაოდენობით უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეზერვები, რათა დაიცვას ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი მასზე ზეწოლის არსებობის შემთხვევაში.

სავალუტო კურსის რეჟიმები საქართველოს მაგალითზე

პატარა ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, გაცვლითი კურსი ძლიერი და ხშირი ნეგატიური შოკების გავლენის ქვეშა არის და იგი შოკის ერთგვარ შემამსუბუქებელ როლს ასრულებს და ანეიტრალებს მის ნეგატიური გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგალითად, როდესაც სავაჭრო ბალანსის გაუარესების გამო ეროვნული ვალუტა უფასურდება, ექსპორტირებული პროდუქტების ფასები იკლებს, იმპორტირებული პროდუქტების ფასები კი იზრდება. შესაბამისად, ექსპორტზე მოთხოვნა იზრდება, იმპორტზე კი იკლებს, სავაჭრო ბალანსი უმჯობესდება და  ადგილობრივი კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან საერთაშორისო ბაზარზე. გამყარებას ამის საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია. 

ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი ავტომატურად გულისხმობს იმ ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის იმპორტს, რომელზეც არის მიბმული სავალუტო კურსი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა ოპტიმალური სავალუტო სივრცის პირობებს: რამდენად თანხვედრაშია ბიზნეს ციკლები ერთმანეთთან (ასიმეტრიული შოკების შემთხვევაში ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმთან დაკავშირებული დანაკარგები საკმაოდ დიდია ქვეყნისთვის) და რამდენად მაღალია წარმოების ფაქტორების მობილობა (შრომითი რესურსებისა და კაპიტალის მობილობა) [Mundell, 1961].

საინტერესოა საქართველოს მაგალითის განხილვა აღნიშნულ კონტექსტში. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების არსებობა, რისი გაზომვაც საგარეო ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის მეშვეობით არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის შემოდინებების დივერსიფიკაციის კუთხით ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, აშშ-სა და ევროკავშირის წილი კვლავ საკმაოდ შეზღუდულია და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით დომინანტ პოზიციას კვლავ შედარებით არასტაბილური ვალუტის მქონე მეზობელი ქვეყნები ინარჩუნებენ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში სავაჭრო ხელშეკრულებები საერთაშორისო დონეზე კონვერტირებადი ვალუტებით ხდება: აშშ დოლარით, ევროთი და სხვა. თუმცა აღნიშნული ფაქტი არ გულისხმობს იმას, რომ ფასწარმოქმნის პროცესიც სწორედ ამ ვალუტებში ხდება. მაშასადამე, ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით აშშ-სთან და ევროკავშირთან საერთო სავალუტო ზონის შექმნა  არახელსაყრელად გამოიყურება.

ოპტიმალური სავალუტო სივრცის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა სამუშაო ძალის მობილობა, რაც ასევე პრობლემურია საქართველოს შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, შრომის ბაზრის ინტეგრაციის კუთხით არც ისე სახარბიელო მდგომარებაა - საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური სირთულეები ხვდებათ ევროკავშირის შრომის ბაზარზე დასაქმებისას. სამუშაო ძალის მობილობა კიდევ უფრო დაბალია აშშ-ს შემთხვევაში, კულტურულ და ეკონომიკურ ბარიერებთან ერთად, საქართველოს არ გააჩნია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აშშ-სთან. სამუშაო ძალის დაბალი მობილობა აფერხებს ინფლაციისა და უმუშევრობის დონის გათანაბრებას სავალუტო სივრცის ფარგლებში, რაც არაეფექტიანს ხდის საერთო მონეტარულ პოლიტიკას.  გარდა ამისა, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის კაპიტალის მობილობა მნიშვნელოვანი შეფერხებებით ხასიათდება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსური რესურსების მოძრაობის კუთხით ლეგალური დაბრკოლებები არ გააჩნია, მისი ინტეგრაცია საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კვლავაც საკმაოდ შეზღუდულია.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ სავალუტო ზონის პირობებში საქართველოს ეროვნული ბანკი კარგავს დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას ბიზნეს ციკლების მერყეობის შესამცირებლად და საჭიროების შემთხვევაში ინვესტორების მოლოდინების სამართავად. ასიმეტრიული შოკების პირობებში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ოპტიმალური სავალუტო რეჟიმი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია.

კალვო-რეინჰარტის მცურავი კურსისადმი დამოკიდებულების ინდექსი

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ღია ეკონომიკების უფრო და უფრო დიდი ნაწილი უპირატესობას მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს ანიჭებს, ემპირიული ლიტერატურის დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ ქვეყნების დიდ ნაწილს საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ხშირი სავალუტო ინტერვენციები ახასიათებთ. ამ ყოველივეს მიზანი კი ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი მერყეობის თავიდან აცილება გახლავთ.

დიაგრამა 1 - გაცვლითი კურსის რეჟიმები (პროცენტული განაწილება)

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, AREAER და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პერსონალის გამოთვლები

გილერმო კალვო და კარმენ რეინჰარტი [Calvo & Reinhart, 2002] აღნიშნულ მოვლენას მცურავი კურსისადმი დამოკიდებულების (“Fear of Floating”) ფენომენს უწოდებს. ავტორები აღნიშნავენ, რომ ოფიციალურად თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის მქონე განვითარებადი ქვეყნების 76.4 პროცენტისთვის ნომინალური გაცვლითი კურსი +/- 2.5 პროცენტით განსხვავდება საბაზისო ქვეყნებისგან (საბაზისო ქვეყნებად განხილულია აშშ და იაპონია), მაშინ როცა საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად უფრო მაღალი მერყეობით ხასიათდება, იმავე საბაზისო ქვეყნებთან შედარებით. მაშასადამე, ავტორები მკაფიო ზღვარს ავლებენ ოფიციალურ (დე-ფაქტო) და რეალურ (დე-იურე) გაცვლით კურსის რეჟიმებს შორის და აღნიშნავენ, რომ განვითარებადი ქვეყნები ხშირად ოფიციალურად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო რეალურად სავალუტო კურსის გაცილებით მკაცრი რეჟიმების პირობებში ფუნქციონირებენ.

გილერმო კალვომ და კარმენ რეინჰარტმა [Calvo & Reinhart, 2002] ასევე შეიმუშავეს “კალვოსა და რეინჰარტის მცურავი კურსისადმი დამოკიდებულების ინდექსი“ (C-R Index), რომელიც მხედველობაში იღებს როგორც ნომინალური გაცვლითი კურსის, ასევე საპროცენტო განაკვეთებისა და საერთაშორისო რეზერვების მერყეობას:

                                                            λ  = σe /(σi + σF)            (41)

სადაც σe, σi და σF ვარიაციის კოეფიციენტებია ნომინალური გაცვლითი კურსისთვის (ნაშრომში აღებულია განსახილველი ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებით), მოკლევადიანი ნომინალური საპროცენტო განაკვეთებისთვისა (ნაშრომში აღებულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები) და საერთაშორისო რეზერვებისთვის (ნაშრომში გამოყენებულია ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ოქროს გამოკლებით).

თეორიულად ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმისთვის ინდექსის მნიშვნელობა ნულს უნდა უტოლდებოდეს. რაც უფრო მცირეა იგი, მით ნაკლებად აძლევს ცენტრალური ბანკი გაცვლით კურსს თავისუფალი ცურვის საშუალებას - რადგან ნაკლებია გაცვლითი კურსის მერყეობა და შედარებით უფრო დიდია საპროცენტო განაკვეთებისა და რეზერვების ცვალებადობა. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი არაერთი ნაკლოვანებით ხასიათდება, მისი მეშვეობით მაინც შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება რეალური (დე-ფაქტო) გაცვლითი კურსის რეჟიმების შესახებ.

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია კალვოსა და რეინჰარტის მცურავი კურსისადმი დამოკიდებულების ინდექსის მაჩვენებლები ფართო გაგებით რეგიონის ქვეყნებისთვის და სხვადასხვა პერიოდებისთვის. როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს შემთხვევაში, ინდექსის მაჩვენებელი აღემატება განხილული ქვეყნების უმეტესობას (კერძოდ, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე ყირგიზეთს და მოლდოვას), თუმცა ჩამორჩება ბელარუსის, ყაზახეთისა და რუსეთის მაჩვენებლებს. საქართველო სავალუტო კურსის მერყეობის შესამცირებლად ყველაზე ხშირი ინტერვენციებით გამოირჩეოდა (გაცვლითი კურსის ცურვის მაღალი შიში) 2008-2015 წლებში - პერიოდში, როდესაც საქართველოში ორ სავალუტო კრიზისს ჰქონდა ადგილი (2008 წლის და 2015-16 წლების სავალუტო კრიზისები). აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ აზერბაიჯანისა და მოლდოვის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატებოდა. გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანი დიდწილად ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში ფუნქციონირებდა და ამიტომაც არ არის გასაკვირი ინდექსის ძალიან დაბალი მაჩვენებელი.

2016-2020 წლებში კი საქართველოს განხილულ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნდა, რაც სავალუტო კურსის მერყეობის თავიდან ასაცილებლად ცენტრალური ბანკის ნაკლებ ჩარევაზე მიუთითებს (გაცვლითი კურსის ცურვის დაბალი შიში). შესაბამისად, ზემოხსენებულ პერიოდში, საქართველომ ეროვნულ ვალუტას შესწავლილ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი თავისუფლება მისცა. აღსანიშნავია  სომხეთისა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებლები, რაც არაა გასაკვირი აზერბაიჯანის,  თუმცა საინტერესოა სომხეთის შემთხვევაში. მიუხედავად ოფიციალურად დეკლალირებული მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისა, სომხეთი რეალურად ფიქსირებული გაცვლით კურსისთან მიახლოვებული რეჟიმის პირობებში ფუნქციონირებდა. აღსანიშნავია, რომ მცურავი კურსისადმი დამოკიდებულების ინდექსი ყველა ქვეყნის შემთხვევაში შემცირდა 2016-2020 წლებში, საქართველოს გარდა, რაც რეგიონში გაცვლითი კურსის ცურვის შიშის გაძლიერებაზე მიუთითებს (შედეგები იხილეთ ცხრილ 1-ში).     

ცხრილი 1 - კალვოსა და რეინჰარტის მცურავი კურსისადმი დამოკიდებულების ინდექსი

ქვეყნები

2008-15

2016-20

მთელი პერიოდი

 

სომხეთი

0.42

0.04

0.36

 

აზერბაიჯანი

0.16

0.06

0.37

 

ბელარუსია

0.90

0.16

0.80

 

საქართველო

0.24

0.51

0.49

 

ყაზახეთი

0.52

0.23

0.77

 

ყირგიზეთი

0.25

0.24

0.34

 

მოლდოვა

0.24

0.11

0.26

 

რუსეთი

0.83

0.28

0.90

 

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდის საერთაშორისო ფინანსური სტატისტიკა, აღნიშნული ქვეყნების სატატისტიკის ეროვნული სამსახურებისა და ცენტრალური ბანკების ვებ-გვერდები. ავტორის გამოთვლები.

 

           

ასევე აღსანიშნავია, რომ განხილული ქვეყნების უმრავლესობისთვის, საპროცენტო განაკვეთები უფრო დიდი მერყეობით ხასიათდებიან, ვიდრე გაცვლითი კურსი და საერთაშორისო რეზერვები (რაც თანხვედრაშია გილერმო კალვოსა და კარმენ ჰეინჰარტის [Calvo & Reinhart, 2002] მიგნებასთან). თუმცა საქართველოს შემთხვევაში ვარიაციის კოეფიციენტებს შორის განსხვავება შედარებით მცირეა.

ოფიციალურ (დე-იურე) და რეალურ (დე-ფაქტო) სავალუტო კურსის რეჟიმებს შორის განსხვავების ახსნა სხვადასხვა ფაქტორებითაა შესაძლებელი:

  • იმ ქვეყნებში, რომელთაც ჰიპერინფლაციის გამოცდილება გააჩნიათ, ცურვის შიში საკმაოდ მაღალია (პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება). რაც უფრო მაღალი იყო პიკური ინფლაცია აღნიშნულ ქვეყნებში 1990-იან წლებში, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ქვეყანა ფიქსირებულ გაცვლით კურსზე შეაჩერებს არჩევანს ან რეალურად (დე-ფაქტო) არ მისცემს კურსს თავისუფალი ცურვის საშუალებას [Belhocine et al, 2016].
  • რადგან ქვეყნების ცენრალური ბანკების უმთავრეს საზრუნავს ფასების სტაბილიზაცია წარმოადგენს, ისინი სავალუტო რყევების განეიტრალებას ცდილობენ, რათა თავიდან აირიდონ გაცვლითი კურსის გაუფასურების ნეგატიური გავლენა ფასების დონესა და ინფლაციურ მოლოდინებზე (ცენტრალური ბანკები ცდილობენ ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შეინარჩუნონ). აღნიშნული ეფექტი განსაკუთრებით ძლიერია იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების შემთხვევაში [Castro, 2004].
  • განვითარებად ქვეყნებს, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, აქტივებისა და ვალდებულებების მაღალი დოლარიზაცია ახასიათებთ. მაგალითად, საქართველოში სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 50 პროცენტს აღემატება, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია კიდევ უფრო მაღალია. როდესაც ეკონომიკურ აგენტებს ვალდებულებები დოლარში აქვთ დენომინირებული, ხოლო შემოსავლებს ეროვნულ ვალუტაში იღებენ (Currency mismatch), ეროვნული ვალუტის გაუფასურება ზრდის სავალო ტვირთს, წარმოშობს საკრედიტო რისკებს და ასევე, ნეგატიურად მოქმედებს ერთობლივ მოთხოვნასა და გამოშვებაზე (Contractionary depreciation ) [Ranciere, Tornell & Vamvakidis, 2010].
  • განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ საგარეო ვალი ეროვნულ ვალუტაში აიღოს (აღნიშნულ ფენომენს „თანდაყოლილ ცოდვას“ (Original sin ) უწოდებენ [Eichengreen, Hausmann & Panizza, 2002]). შესაბამისად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მნიშვნელოვნად ზრდის მათ სასესხო ვალდებულებებს, რაც ზოგჯერ გადახდისუნარინობისა და საკრედიტო რეიტინგების მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებას მნიშვნელოვნად ართულებს და უბიძგებს მთავრობებს, რომ თავიდან აიცილონ გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი მერყეობები.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებადი ქვეყნები აცნობიერებენ მცურავი გაცვლითი კურსის უპირატესობებს, ხშირად უჩნდებათ ცდუნება, რეალურად არ დაუშვან ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი მერყეობა, რაც წარსულში გადატანილ ჰიპერინფლაციას, სავალუტო კურსის მერყეობის ფასების დონეზე გადაცემას, სავალუტო შეუსაბამობასა და საკრედიტო რისკების გაზრდას და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მაღალ კონცენტრაციას უკავშირდება. საქართველოს მცურავი კურსისადმი დამოკიდებულების მაჩვენებელი ახლოს იმყოფება რეგიონის ქვეყნების საშუალოსთან, თუმცა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, საქართველომ უფრო მეტი მერყეობის საშუალება მისცა საკუთარ ვალუტას, ვიდრე ნაშრომში განხილულმა ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ განხილული ქვეყნების უმრავლესობის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალი მერყეობით ხასიათდება, ვიდრე ნომინალური გაცვლითი კურსი და საერთაშორისო რეზერვები, საქართველოს შემთხვევაში ვარიაციის კოეფიციენტები საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან.    

გამოყენებული ლიტერატურა

პაპავა, ვლადიმერ. „სავალუტო კრიზისის პირობებში „სავალუტო ფარის“ ქმედითობა ჰოლანდიური დაავადებით ინფიცირებულ ეკონომიკაში   (საქართველოს   მაგალითზე)“. პროფესორ   გიორგი   წერეთლის   დაბადებიდან   მე­60   წლისადმი   მიძღვნილ   საერთაშორისო სამეცნიერო­პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, ეროვნული ეკონომკები დაგლობაიზაცია, 2012.

Belhocine, Nazim, Ernesto Crivelli, Ms. Nan Geng, and Mr. Johannes Wiegand. Taking stock of monetary and exchange rate regimes in emerging Europe. International Monetary Fund, 2016.

Berg, Andrew, and Eduardo Borensztein. Full dollarization: The pros and cons. Vol. 24. Washington, DC: International Monetary Fund, 2000.

Calvo, Guillermo A., and Carmen M. Reinhart. "Fear of floating." The Quarterly journal of economics 117, no. 2 (2002): 379-408.

Castro, Juan Francisco. "On the reasons behind fear of floating: pass-through effects vs. contractionary depreciations", 2004.

Chang, Roberto, and Andres Velasco. "Financial fragility and the exchange rate regime." NBER Working paper w6469 (1998).

Eichengreen, Barry J., Ricardo Hausmann, and Ugo Panizza. Original sin: the pain, the mystery, and the road to redemption. No. BOOK. [sn], 2002.

International Monetary Fund (2014). Annual Report on Exchange Arrangements and Exchange Restrictions 2014. Washington, D.C: International

Krugman, Paul. "Balance sheets, the transfer problem, and financial crises." In International finance and financial crises, pp. 31-55. Springer, Dordrecht, 1999.

Krugman, Paul, Marc Melitz, and Maurice Obstfeld. International Economics: Theory and Policy, Global Edition. Pearson., 2012.

Mundell, Robert A. "A theory of optimum currency areas." The American economic review 51, no. 4 (1961): 657-665.

Pettinger, Tejvan. “Advantages of fixed exchange rates”. Economics Blog. Retrieved from: https://www.economicshelp.org/ macroeconomics/ exchangerate/advantages-disadvantages-fixed/  

Ranciere, Romain, Aaron Tornell, and Athanasios Vamvakidis. "Currency mismatch, systemic risk and growth in emerging Europe." Economic policy 25, no. 64 (2010): 597-658.

Shambaugh, Jay C. "The effect of fixed exchange rates on monetary policy." the Quarterly Journal of economics 119, no. 1 (2004): 301-352.