English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ემირ ეთერია
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური განზომილება: თეორია და პრაქტიკული შედეგები

10.36172/EKONOMISTI.2021.XVIII.01.Emir.Eteria

ვრცელი რეზიუმე

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ნაწილს (DCFTA), ითვალისწინებს ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრულ ეკონომიკურ ინტეგრაციას. ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხები აქტუალური ხდება მე-20 საუკუნის 50 წლებიდან და მას არაერთი ნაშრომი მიეძღვნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური განზომილება მრავალ სფეროს მოიცავს და პირობითობის პრინციპზეა დაფუძნებული. ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური განზომილება შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს. პირველი ნაწილი მოიცავს შეთანხმების DCFTA-ს ნაწილს (IV კარი „ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები), ხოლო მეორე ნაწილი შეთანხმების მე-5 და მე-6 კარებს (ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობის სხვა სფეროები). შეთანხმების ეკონომიკური განზომილება ითვალისწინებს ეკონომიკის ცალკეულ სფეროებში ევროკავშირთან მარეგულირებელი სისტემების კონვერგენციას და საკანონმდებლო დაახლოებას. შესაბამისად, ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული ეკონომიკური ინტეგრაცია მოიცავს ვაჭრობის, სექტორული, ინსტიტუციური, ასევე, ცალკეულ სფეროებში შესაბამისი დარგობრივი პოლიტიკის ცალკეული ასპექტების ინტეგრაციას. 

ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური განზომილების ზემოაღნიშნული ორივე ნაწილის გათვალისწინებით, ნათელია, რომ აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირთან თანმიმდევრული ეკონომიკური ინტეგრაციის უნიკალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული შეთანმების უნიკალურობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: შეთანხმების ეკონომიკური განზომილება დაფუძნებული პირობითობაზე, რაც გულისხმობს ევროკავშირის ბაზრის თანმიმდევრულ გახსნას შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების კვალობაზე; მეორე, შეთანხმების ეკონომიკური განზომილება მოიცავს როგორც ვაჭრობის და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებს, ასევე სხვა სფეროებს (ეგრეთ წოდებული WTO+ და WTO-X სფეროები), რაც ევროკაშირთან სექტორული ინტეგრაციის მექანიზმს წარმოადგენს; მესამე, შეთანხმება გულისხმობს ცალკეულ სფეროებში საკანონმდებლო და მარეგულირებელი სისტემების დაახლოებას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის/პოლიტიკების და ინსტიტუციური ინტეგრაციის მექანიზმს; და ბოლოს, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კანონმდებლობის დინამიურ აპროქსიმაციას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და ევროკავშირის ეკონომიკური სისტემების თავსებადობის ამაღლებას. შესაბამისად, ნათელია, რომ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს ევროკავშირთან ვაჭრობის სფეროში ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოს მიმზიდველობის ზრდის განმაპირობებელ ფაქტორს.

ცნობილია, რომ ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის დინამიკა წარმოადგენს ეკონომიკური ინტეგრაციის უმთავრეს დეტერმინატებს. შესაბამისად, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის არსებული დონის შეფასების მიზნით გაანალიზებულია 2014-2019 წლებში საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის სტატისტიკა, ასევე, ამავე წლებში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა.  კერძოდ, ვაჭრობის სფეროში ევროკავშირთან ინტეგრაციის შეფასების მიზნით გაანალიზებულია 2014-2019 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპი, საქართველოს მთლიან ექსპორტსა და საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის წილის დინამიკა, ასევე ცვლილებები საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2014-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, ვაჭრობის ინტეგრაციის სხვა დეტერმინანტები, როგორიცაა ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში და სავაჭრო ბრუნვაში, ასევე, მთავარი სავაჭრო პარტნიორების კომპოზიცია, მხოლოდ მცირედით შეიცვალა. ამასთან, 2014 წლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა თითქმის უცვლელია და მხოლოდ მცირე რაოდენობის ახალი პროქდუქცია დაემატა ტრადიციულ საექსპორტო  პროდუქციას. გარდა ამისა, უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო დაახლოებას და მარეგულირებელი სისტემების კონვერგენციას, რომელიც წარმოადგენს სექტორული და ინსტიტუციური ინტეგრაციის მექანიზმს, ხელი უნდა შეეწყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. თუმცა, როგორც უცხოური ინვესტიციების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ავლენს, 2014 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებული ინვესტიციების დინამიკაში მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს ადგილი არ ქონია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპისთვის, მიუხედავად საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი განხორციელებისა, საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის დონე მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.