English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვახტანგ ბურდული
ეკონომიკის აქტუალურ სექტორებში წარმოებების შექმნისათვის ეროვნული ბიზნესის თავისუფალი საფინანსო რესურსების მოზიდვის ეკონომიკური მექანიზმის ფორმირება

ვრცელი რეზიუმე

ეროვნული ბიზნესის ძალიან დაბალი ინვესტიციური აქტიურობის პირო­ბებ­ში საქართველოში აღებულია კურსი უცხოური ინვესტიციების გადაჭარ­ბე­ბულ (აუცილებელზე მეტ) მოზიდვაზე, როგორც მიზანშეწონილების, ასევე მი­ზან­შეუწონლების. ამას მოსდევს მოკლე ერთდროული დადებითი მაკროე­კო­ნო­მი­კური შედეგი (უცხოური ვალუტის ნაკადებისა და სამუშაო ადგილების რაო­დე­­ნობის ზრდის ხარჯზე), მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან ასპექ­ტში ეს (უცხოური საწარმოების ზომაგადასული რაოდენობა) დამაქცეველ გავ­ლენას ახ­დენს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ზრდის ქვეყანაში სიღა­რიბის დონეს, რადგანაც უცხოური საწარმოები მყარ ვალუტაში გაიტანენ ქვეყ­ნიდან მთელ მი­­ღებულ მოგებას და ბიუჯეტიც სუსტად შეივსება მათი ფუნქ­ციონი­რების ხარ­­ჯზე (მართალია, რამდენადმე შემცირდება უმუშევრობის დონე და ბიუ­ჯეტ­ში შევა ამ საწარმოების მომუშავეებისაგან აკრეფილი საშე­მო­სავლო გადა­სა­ხა­დი).

ახალი ინვესტიციური მშენებლობისათვის არსებით მასშტაბებში ეროვ­ნუ­ლი ბიზნესის სახსრების მოზიდვისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ქმე­დი­თი განვითარების საფინანსო ინსტიტუტების არსებობა (ფონდების, ბან­კე­ბის).

როგორც ვიცით, ქვეყანაში შექმნილია თანაინვესტირების ფონდი. ივა­რაუ­დებოდა, რომ ეროვნული მსხვილი ბიზნესი ამ ფონდში სახსრებს შეიტანდა დასაბუთებული პროექტების მიხედვით წარმოებების მშენებლობის თანადაფი­ნანსებისათვის, რის გაკეთება არ იყო ძნელი მსხვილი ბიზნესისათვის მოგების გადასახადის მიზერული განაკვეთის (15%) არსებობის პირობებში. მაგრამ მსხვი­­ლი ბიზნესი, ბიძინა ივანიშვილის გამონაკლისით (რომლის სახსრები მი­მარ­თულია რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაზე), არ ჩქარობს, აქტიური მონაწილეობა რომ მიიღოს ამ ფონდში.

ამის მაგივრად, მსხვილი კომპანიების მოგება ქვეყანაში მყარ ვალუტაზე იცვლება და “ინვესტიციების” სახით იგზავნება საზღვარგარეთ (უფრო მეტად ოფშორულ ზონებში). ექსპერტების უმეტესობა იზიარებს იმ აზრს, რომ საქარ­თველოდან ასეთი სახით კაპიტალის გადინება აძლიერებს სადევალვაციო ტენ­დენციებს, ესე იგი ახდენს გავლენას ლარის კურსის მდგრადობაზე.

საჭიროა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მსხვილი სიმდიდრეების უმე­ტე­სობა შექმნილია ქვეყანაში იმპორტული პროდუქციის რეალიზაციის ხარჯზე. ბუნებრივია, ქვეყანაში იმპორტული პროდუქციის მორიგი პარტიის შემოტა­ნი­სათვის საჭიროა ლარებში მიღებული შემოსავლის გაცვლა დოლარებზე ან სხვა მყარ ვალუტაზე. მაგრამ, როდესაც, ამის გარდა, კომპანიები იწყებენ მი­ღე­­ბული მოგების გაცვლას დოლარებზე და “ინვესტიციებისათვის” მათ გაგ­ზავ­ნას საზღვარგარეთ, მაშინ ქვეყანაში ჩნდება აჟიოტაჟური მოთხოვნა დო­ლარსა და ევროზე და, ამის შედეგად, ლარის კურსი ხდება არამდგრადი, ესე იგი ეს ძალიან ავნებს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის შენარჩუნების პირო­ბებს.

ახლა განვითარების სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის შესახებ. ჯერ კიდევ ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე საქართველოში არ­სებობდა “საპარტნიორი ფონდი”, რომლის აქტივების პორტფელი მოიცავს რამ­დენიმე მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის სახსრებს. მაგრამ, თუ გავითვა­ლისწინებთ, რომ მობილიზებულია საკმაოდ მსხვილი სახსრები, ნათელია, რომ ამ ფონდის სახრები არასაკმაოდ მიზანშეწონილად გამოიყენებოდა, რადგან აშე­ნებული იყო ობიექტების მცირე რაოდენობა (საკმარისი კონტროლი კი ამ ფონდის სახსრების ხარჯვაზე არ არის მოგვარებული, ამასთან, მას გააჩნია უზარმაზარი ბიუროკრატიული მმართველობითი სტრუქტურა). უკანასკნელ პე­რი­ოდში, ბოლოს და ბოლოს, მოგვარდა გადაწყვეტილება, რომ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე “საქართველოს განვითარების კორპორაცია შეიქმნება”.

მაშასადამე, ქვეყნის წინაშე დგას ურთულესი ამოცანა, რომელიც ეხება ეროვნული კაპიტალის თავისუფალი საფინანსო რესურსების მოზიდვას ეკო­ნომიკის სხვადასხვა სექტორში, დღეისათვის აქტუალური წარმოებების შექმნის ინვესტირებისათვის. ამ ამოცანის რეალიზაციისათვის საჭიროა ძირითადი განვითარების საფინანსო ინსტიტუტების რეფორმირება შესაბამისი წესით ჴ 1. საქართველოს განვითარების კორპორაციის, 2. თანაინვესტირების ფონდის და 3. ბანკების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების საფინანსო-სამმრეწველო ჯგუ­ფების (ფმჯ) შემადგენლობაში (რეფორმირება, უპირველეს ყოვლისა, მიმარ­თუ­ლი უნდა იყოს განვითარების საფინანსო ინსტიტუტებში ეროვნული კაპიტა­ლის საფინანსო სახსრების მოზიდვისა და საინვესტიციო მშენებლობის მიზ­ნებ­ზე ამ სახსრების გამოყენების მექანიზმების გაუმჯობესებაზე).

პირველი. როგორ უნდა წარმოებდეს ეროვნული კაპიტალის ხარჯზე საკმარისი ოდენობით სახრების მობილიზაცია საქართველოს განვითარების კორპორაციაში?

უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ, სინამდვილეში, ქვეყნისათვის შემო­თა­ვაზებულია თუ არა “საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი”. ამი­სათვის შევადაროთ საქართველოში საწარმოების მოგებაზე საგადასახადო დატვირთვის მაჩვენებელი სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან. PwC და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ ეს დატვირთვა (საერთო საგადასახადო განაკვეთი ჴ Total Tax Rate) გამოიანგარიშება, როგორც ჰიპოთეტური საწარ­მოე­ბის მიერ გადახდილი გადასახადების საშუალო ოდენობის შეფარდება მათ საერთო მოგებასთან. Aამ მეთოდიკაში აღირიცხება მხოლოდ ის გადასახადები, რომლებსაც იხდის საწარმო (ან სამუშაოს მიმცემი), ესე იგი, რომლებიც წარმოადგენენ საგადასახადო დატვირთვას საწარმოთა მოგებაზე (profit taxes, labour taxes. მაგალითად, სოციალური გადასახადი, რომელსაც იხდის სამუშაოს მიმცემი. and other taxes).

საქართველო ჯერ კიდევ “ესტონური ვარიანტის” შემოღებამდე შედიოდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე მცირე საგადასახადო დატვირთვა საწარმოების მოგებაზე. ეს დატვირთვა საქართველოში კიდევ უფ­რო ნაკლებია, ვიდრე ქვეყნებში, რომლებიც ამა თუ იმ ზომით წარმოადგენენ თა­ვისუფალ ეკონომიკურ ზონებს (სინგაპური, კიპრის ოფშორი). რაც კი ეხება ესტონეთს, ის, საწარმოების მოგებაზე საგადასახადო დატვირთვის სიდიდის მი­ხედვით, შედის მსოფლიო ლიდერების რიცხვში, ოდნავ უსწრებს რუსეთის ფე­დერაციას და გერმანიასაც კი, რომ არაფერი ვთქვა მის სხვა მეზობლებზე (ლიტვა, ლატვია, ფინეთი). საგადასახადო დატვირთვის მაჩვენებელი ესტო­ნეთ­ში სამჯერ მეტია ვიდრე საქართველოში (49.4% 16.4%-ის წინაამღდეგ). რა­ტომ არ­სებობს ასეთი სხვაობა საწარმოთა მოგებაზე საგადასახადო დატვირ­თვის მი­ხედვით საქართველოსა და ესტონეთს შორის? საქმე ისაა რომ ეს­ტონეთში სა­მუშაოს მიმცემი იხდის მაღალ სოციალურ გადასახადს, რომლის თანხა ასე­ვე ითვლება საგადასახადო დატვირთვად საწარმოთა მოგებაზე. ამ გარემოების გა­მო საერთო საგადასახადო დატვირთვა საწარმოების მოგებაზე ესტონეთში ძა­ლიან მაღალია, საქართველოში კი ასეთი გადასახადი ამჟამად არ არსებობს. მა­შასადამე, საქართველოში ამჟამად შემოღებულია არა გადა­სახადებით და­ბეგ­ვ­რის ესტონური ვარიანტი, არამედ რაღაც ძალიან საოცარი, რაც თავისუფალი ეკო­ნომიკური ზონებისათვისაც კი არ არის დამახა­სიათე­ბელი. მაშასადამე, მთავ­რობა, ამტკიცებს რა, რომ შემოღებულია გადასა­ხა­დე­ბით დაბეგვრის ეს­ტონური ვარიანტი, არც ისე ზუსტად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას, მი­ს­დევს რა მსხვილი ბიზნესის დესტრუქციული ნაწილის მოთ­ხოვნების სადავეს.

ამიტომ, საქართველოს განვითარების კორპორაციის საფინანსო საშუა­ლე­­ბების მდგრადი და რეგულარული შევსება რომ მოხდეს (ბიუჯეტის ხარჯვი­თი ნაწილის შესაბამისი მუხლების მეშვეობით) კერძო სექტორის ეროვნული ფუ­ლადი რესურსების ხარჯზე და იმისათვის, რომ ხდებოდეს სახელმწიფო ბიუ­ჯეტის ნორმალური შევსება, საჭიროა მოგების გადასახადის განაკვეთის გაზ­რდა (მცირე ბიზნესისათვის არსებული განაკვეთის დატოვების პირობებში), ხე­ლახლა სოციალური გადასახადის (რომელსაც იხდის სამუშაოს მიმცემი) შე­მო­ღება, საშემოსავლო გადასახადის პროგრესული განაკვეთის შემოღება (უნდა აღი­ნიშნის, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონ­დის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა გააკეთა რეკომენდაცია გარკვეული გადასახადების ზრდის თაობაზე, კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით).

განვითარების კორპორაციის წესდებაში მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვ­რუ­ლი, რომ მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ეკო­ნომიკის რეალურ სექტორში წარმოებების მშენებლობის ინვესტირება. ამჟამად ქვეყანაში მწვავედ დგას დამწყები ბიზნესის საკითხი. ქვეყანაში არიან გამოც­დი­ლი მენეჯერები, სპეციალისტები, რომლებიც ეკონომიკის პოსტსაბჭოური ჩამოქცევის წინ (როდესაც ბევრი საჭირო დარგი დაიკარგა) მუშაობდნენ რეა­ლური სექტორის დარგებში. ამიტომ საქართველოს განვითარების კორ­პო­რაციის ძირითად საქმიანობაში ამჟამინდელ ეტაპზე უნდა შედიოდეს ისეთი უნარიანი პირების მათ შორის გამოვლენა, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული წვლილის შეტანა დარგობრივი რესტრუქტურიზაციის პროცესში, და მათთვის საჭირო საფინანსო, საკონსულტაციო და სხვა სახის მხარდაჭერის გაწევა ეკონომიკის რეალურ სექტორში იმპორტჩანაცვლებითი და ექსპორტზე ორიენ­ტი­რებული საწარმოების შექმნის მიზნით.

საქართველოს განვითარების კორპორაციის ინვესტიციური საქმიანობის რეგლამენტაციის მექანიზმის შექმნისას შეიძლება ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად იტალიის, გამოცდილების გამოყენება, სადაც არსებობს სახელმ­წიფო ჰოლდინგები _ ინდუსტრიის რეკონსტრუქციის ინსტიტუტი (IRI), სააქციო მონაწილეობების და დამამუშავებელი მრეწველობის დაფინანსების სამმართ­ველო და სხვა, რომლებიც სტრუქტურირებულია როგორც საფინანსო-სამრეწ­ვე­ლო ჯგუფები. მაგრამ, თუ იტალიაში სახელმწიფო ჰოლდინგები, მაგალითად IRI, ყიდულობდნენ კერძო საწარმოებს და შემდეგ ახდენდნენ მათ მოდერ­ნი­ზაციას (შემდგომ, ხანდახან, მონაწილეობის წილების გაყიდვით, მაგრამ სა­კონტ­როლო პაკეტის თავის ფლობაში დატოვებით), საქართველოში კი, რო­გორც ქვეყანაში ტრანსფორმირებადი ეკონომიკით, სადაც დაკარგული იყო ბევრი სასარგებლო წარმოება, განვითარების კორპორაციის წინაშე, უპირვე­ლეს ყოვლისა, დგას სრულიად ახალი საწარმოების მშენებლობაზე თავისი სახსრების მიმართვის ამოცანა.

მეორე. აქტუალური წარმოებების შექმნის მიზნით ინვესტიციებისათვის საფინანსო პოტენციალის გაზრდის (უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ბიზნესის მოგებიდან შემოსულობების ხარჯზე) მეორე შესაძლებობას წარმოადგენს თა­ნა­ინვესტირების ფონდის უფრო მკვეთრი რეორგანიზაცია, რომელიც უნდა გარ­და­იქმნას, მაგალითად, იმის მსგავს საინვესტიციო ფონდად, რომლებიც არ­სე­ბობს აშშ-ში, საწესდებო ფონდში იმ პირების მონაწილეობით, რომლებიც ახ­დე­ნენ ამ ფონდში საფინანსო სახსრების აკუმულირებას (ესე იგი საჭიროა მი­სი გარდაქმნა წმინდა საბაზრო სტრუქტურად), პარტნიორების მიერ გადაწ­ყვე­ტილებების მიღების უფლებით კონკრეტულ პროექტში სახსრების განთავ­სების შესახებ. ფონდში საჭიროა მცირე ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ხელს შეუ­წ­ყობს პროექტების მიხედვით ტექნოლოგიების არჩევას და მათ დანერგვას შე­სა­ბამის საწარმოებში. ფონდის ფუნქციონირების პრინციპები, საჭიროების ფარ­გ­ლებში, განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო წესით. ამას­თან, ქვეყა­ნა­ში, რომელიც იმყოფება ტრანსფორმაციულ პერიოდში და რომელშიც ეროვ­ნულ ბიზნესს არ ეხალისება თავისუფალი საფინანსო სახრე­ბის განთავსება ქვეყ­ნის შიგნით საინვესტიციო პროექტებში (ამასთან, ამჯო­ბი­ნებს მათი შენახ­ვას საზღვარგარეთ), საჭიროა დროებით ამ ფონდში მსხვილი ბიზნესის მოგე­ბიდან სავალდებულო ანარიცხების დაწესება. ასევე საჭიროა ამ ფონდში საერ­თა­შორისო ინვესტორების მონაწილეობის გარკვეულ ფარგლებში შეზღუდვა. ამ ფონდის მონაწილეობით შექმნილი საწარმოები უპირატესად უნდა წარმო­ადგენდნენ ეროვნული კაპიტალის საკუთრებას, საწარმოების ასა­შე­ნებლად და ტექნოლოგიების პირველადი გამართვისათვის საჭირო შემთხ­ვე­ვებში შეიძლება უცხოური მენარდის მოზიდვა, როგორც ეს, მაგალითად, გათ­ვალისწინებულია ნენსკრაჰესის მშენებლობისათვის, თუმცა ინვესტორი ამ შემ­თხვევაშიც უცხოელია (ხოლო როგორია საპარტნიორო ფონდის მონა­წი­ლეობა?).

მესამე. საჭიროა ქვეყანაში საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების (ფმჯ) შექმნა, რომელთა არსებობა დამახასიათებელია ყველა განვითარებული ქვეყ­ნისათვის როგორც ბაზარზე ორიენტირებული საფინანსო სისტემით (აშშ, დი­დი ბრიტანეთი), ასევე ბანკებზე ორიენტირებული საფინანსო სისტემით (კონ­ტინენტური ევროპა, იაპონია, სამხრეთ კორეა). ფმჯ-ის ჩამოყალიბება ყველაზე საიმედო და სანდო გზაა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზ­რუნ­ველსაყოფად.

ცხადია, საქართველოში, როგორც მცირე ქვეყანაში, საფინანსო რესურ­სების შეზღუდულობის გამო, ძნელია ფმჯ-ის შექმნა სამრეწველო საწარმოების ვიწროსპეციალიზებული ნაკრებით, საჭიროა საწარმოების სპეციალიზაციის მიხედვით უფრო ფართო სპექტრი. მაგრამ ფმჯ-ის შექმნა უკიდურესად საჭი­როა და ფმჯ-ში შემავალმა ბანკებმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ეკონომიკის აქტუალურ სექტორებში ახალი საწარმოების მშენებლობის კოორდინაციასა და ნაწი­ლობრივ დაფინანსებაზე. მაგრამ ამჟამად საქართველოში არ არის ამისათვის საჭირო საკმაოდ მძლავრი კომერციული ბანკები. ამიტომ საჭიროა, მდიდარმა ეროვნულმა კომპანიებმა (კერძოდ, სავაჭროებმაც) გაზარდონ ბანკების საფი­ნანსო რესურსები, ჯერ ერთი, თავისი თავისუფალი რესურსების განთავსებით ბანკების საწესდებო ფონდში (ესე იგი გახდნენ მათი თანამფლობელები) და, მეორე, თავისუფალი რესურსების ნაწილის ბანკებში ანაბრების სახით გან­თავ­სებით. ფმჯ-ის წამყვანი ბანკი (ან ორი-სამი ბანკი) აირჩევს ინვესტირების მიმართულებებს, უზრუნველყოფს პროექტების ეკონომიკურ დასაბუთებას, ნაწი­ლობრივ დააფინანსებს საწარმოების მშენებლობას, დაფინანსების მეორე ნაწილს კი აიღებენ თავის თავზე ფმჯ-ში შემავალი სამრეწველო და სხვა სა­წარ­მოები (ესე იგი ისინი უნდა გახდნენ მშენებელი საწარმოების თანაინვეს­ტორები, უკვე აშენებული საწარმოების კაპიტალის მიხედვით აქციების შესაბა­მისი წილის მიღებით).

ამასთან, არ შეიძლება, საქართველოში დაშვებულ იყოს ისეთი სერიო­ზუ­ლი შეცდომა (რომელიც გაწირავს ქვეყნის მოსახლეობის ძირითად მასას მუდ­მივ სიღარიბეზე), როგორიც არის უზარმაზარი ოდენობის კერძო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. მრეწველობის რესტრუქტურიზაციისათვის დამატები­თი ფულის სესხება უფრო უკეთესია მსოფლიო სავალუტო ფონდიდან ან მსოფ­ლიო ბანკიდან (მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა გახდეს იმ კომერციული ბანკების თანამფლობელი, რომლებიც ოპერირებენ საინვესტიციო რესურსებით), ასევე, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკიდან ან სხვა მსგავსი საერთაშორისო ბანკიდან, რომლებთანაც იოლად იქნება შესაძ­ლებელი მომავალში ვალების გასტუმრება ეკონომიკის ჯეროვანი განვითა­რების შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ახალი საწარმოები და მოქ­მედი კომერციული ბანკები დროულად დაფარავენ “საინვესტიციო” ვალებს მიღებული მოგების ხარჯზე.

მაშასადამე, ეროვნული ბიზნესის ხარჯზე საქართველოს განვითარების კორპორაციის სახსრების ზრდისათვის საჭიროდ მიგვაჩნია მოგების და საშემოსავლო გადასახადების გაზრდა (პროგრესულობის წესით), ასევე სამუ­შაოს მიმცემზე სოციალური გადასახადის ხელახლა შემოღება და ამით მიღებული თანხის უმეტესი ნაწილის მიმართვა განვითარების კორპორაციაში, რომლის ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს სახელმწიფო სექტორში ახალი წარმოებების მშენებლობის ინვესტირება. მისი ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფისას მიზანშეწონილია იტალიური სახელმწიფო ჰოლდინგების გა­მოც­დილების გაზიარება. თანაინვესტირების ფონდის საქმიანობის აქტივიზა­ციისათვის მისი ფუნქციონირების მექანიზმი უნდა გარდაიქმნას საბაზრო ეკო­ნომიკის კანონების შესაბამისად (მაგალითად, აშშ-ის ინვესტიციური ინსტიტუ­ტე­ბის მუშაობის პრინციპების მიხედვით) _ ეს უნდა იყოს წმინდა საბაზრო წარმონაქმნი და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც შეაქვთ ამ ფონ­დ­ში სახსრები, მასში უნდა ჰქონდეთ სააქციო წილები. ეროვნული ბიზნესის სახსრების მოზიდვას საფინანსო მიზნებზე ასევე ხელს შეუწყობს საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნა. Mმათი შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ბიზნესგარემოში უნდა შემუშავდეს გარკვეული პრინციპები (კერძოდ, საფი­ნანსო და სამრეწველო კაპიტალის ურთიერთქმედების შესახებ) არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით. მთავრობამ კი უნდა განახორციელოს კოორდინირებული მუშაობა, რომელიც მიმართული იქნება ასეთი წარმონაქ­მნების შექმნის წახალისებაზე და, ასევე, იმ კომერციული ბანკების პოზიციე­ბის გამაგრებაზე, რომლებშიც საინვესტიციო საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მათი საქმიანობის სახეების ერთობლიობაში.