English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნიკო ხუციშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინოვაციების განხორციელების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე

ანოტაცია: სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობა და გამოწვევები. განხილულია მსოფლიოში არსებული  ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში მეწარმეებს აძლევს საშუალებას იყვნენ უფრო მეტად პროდუქტიულები და კონკურენტუნარიანები. ასევე განხილულია საქართველოში არსებული პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ სფეროს განვითარებას. საქართველოში არსებული მდგომარეობა შედარებულია მსოფლიოში არსებულ საშუალო მონაცემებთან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით აგებულია რეგრესიული მოდელი, რომელიც კავშირს ადგენს კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯულ რესურსებსა და სოფლის მეურნეობის გამოშვებას შორის. კვლევის საფუძველზე შემუშავებულია დასკვნები და რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები:ინოვაცია, სოფლის მეურნეობა, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, ეკონომიკური პოლიტიკა

შესავალი

ინოვაციები კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. იგი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ქვეყნებს და მეწარმეებს საშუალებას აძლევს შექმნან ახალი საქონელი, გაზარდონ მწარმოებლურობა და კონკურენცია გაუწიონ ბაზარზე არსებულ სხვა ბიზნეს სუბიექტებს. ინოვაცია ასევე ქმნის ახალ ინდუსტრიებს და სამუშაო ადგილებს, ზრდის დასაქმებას და შემოსავლის დონეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნები, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ ინოვაციებში (R&D-ში (Research & Development)) აქვთ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მაღალი ტემპები, ხოლო მეწარმეები, რომლებიც იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს, არიან უფრო მომგებიანები, კონკურენტუნარიანები და წარმატებულები. ტექნოლოგიურმა პროგრესმა და  გლობალიზაციამ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკაში ინოვაციები დანერგვის კუთხით.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკაში ინოვაციების დასანერგად. ეს შეიძლება იყოს ინვესტიცია განათლებაში, კვლევებისა და განვითარების ხელშეწყობა, მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნებს გააჩნდეთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესაძლებლობა, რაც უფრო მდგრადს გახდის ამ სფეროს განვითარებას.

მსოფლიო მოსახლეობა მუდმივად იზრდება. 1950-იანი წლებიდან მოსახლეობის ზრდა საკმაოდ სწრაფი ტემპებით დაიწყო. ეს გარკვეულწილად გამოწვეული იყო იმით, რომ მსოფლიო ომები დასრულდა და ამასთან ტექნოლოგიურმა პროგრესმა ხელი შეუწყო ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. 1900-იანი წლების დასაწყისში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 40 წელს არ აღემატებოდა, ხოლო დღეს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 73 წელს შეადგენს (Roser, Ortiz-Ospina, & Ritchie, 2019). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით, შემდეგი 30 წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა 2 მილიარდზე მეტით გაიზრდება და 2050 წლისთვის 9,7 მილიარდს გადააჭარბებს. თუ ზრდა იგივე ტემპებით გაგრძელდა 2100 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 11 მილიარდს მიაღწევს (United Nations - Department of Economic and Social Affairs , 2017).

უფრო რეალური რომ გახდეს სურათი, გადავხედოთ მოსახლეობის ზრდის ტემპებს. 1804 წელს მსოფლიო მოსახლეობამ 1 მილიარდს მიაღწია და თითქმის 123 წელი დასჭირდა, რომ კიდევ ერთი მილიარდით გაზრდილიყო და 1927 წელს ორი მილიარდი გამხდარიყო. კიდევ ერთი მილიარდი ადამიანის შემატებას 33 წელი დასჭირდა. ამის შემდეგ ზრდის ტემპმა საგრძნობლად იმატა და 1974 წელს ოთხი მილიარდი (14 წლის შემდეგ), 1987 წელს ხუთი (13 წლის შემდეგ) და 1999 წელს (12 წლის შემდეგ) ექვს მილიარდს შეადგენდა  (Hofstrand, 2014).

გაზრდილი მოსახლეობა, პირდაპირ გულისხმობს გაზრდილ მოთხოვნას ყველა სახის საქონელსა და მომსახურებაზე. გაზრდილი მოთხოვნა ეკონომიკას აიძულებს აწარმოოს უფრო მეტი რაოდენობით პროდუქტი, თუმცა მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. ჩვენი რესურსები შეზღუდულია. რადგან შეუძლებელია ყოველთვის ყველაფერი გვქონდეს, გვიწევს არჩევანის კეთება.

ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ეკონომიკას სჭირდება, არის საკვები. ის, როგორც ძრავისთვის საწვავი, ისეა ეკონომიკისთვის. საკვების მოთხოვნაზე გარკვეული ფაქტორები ახდენენ გავლენას. პირველ რიგში ცხადია ეს არის მოსახლეობის სწრაფი ზრდა. მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებული კვლევები საკმაოდ სანდოა, შესაბამისად სარწმუნოა ის ფაქტიც, რომ მომავალში საკვებზე მოთხოვნა გაიზრდება, რასაც ეკონომიკა მზად უნდა შეხვდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოსახლეობის გაზრდილი შემოსავლები, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში (The World Bank, 2021). მილიონობით ადამიანის გაზრდილი შემოსავლები, ზრდის საკვებზე მოთხოვნას და სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოხმარებას. სწორედ ამ ფაქტორებმა ჩაუყარა საფუძველი სოფლის მეურნეობაში მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მეწარმეები ცდილობენ ახალი და ინოვაციური მიდგომების, განვითარებული ტექნიკის, სასუქის, პესტიციდების და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით, დააკმაყოფილონ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა.

კვლევის მიზანია იმის დადგენა, თუ სად იმყოფება საქართველო სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, რადგან ეკონომიკის ეს ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელზეც დასაქმებულთა თითქმის 20% და მთლიანი სამამულო პროდუქტის 8%-ზე მეტი მოდის (გველესიანი, და სხვ., 2022).

მეთოდოლოგია

სტატიაში განხილულია საქართველოს სოფლის მეურნეობის დასაქმება, მისი განვითარება 2010-2022 წლებში, სოფლის მეურნეობის გავლენა ეკონომიკაზე და მისი როლი ქვეყნის მთლიან სამამულო პროდუქტში. შედარებულია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისა და სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანების მიერ შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. სწორი დასკვნების გასაკეთებლად, გამოირჩა სოფლის მეურნეობის ის პროდუქტები, რომელთა მწარმოებლურობა ყველაზე მაღალია. ამის დასადგენად დამუშავებულია 2006-2021 წლების მონაცემები, რათა დინამიკაში უკეთ გამოჩნდეს, რომელი პროდუქტის მწარმოებლურობა იზრდება ყველაზე მეტად. სტატისტიკური მონაცემების დიდი ნაწილი მოპოვებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდიდან.

იმისთვის, რომ ვნახოთ რა სხვაობაა საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, მონაცემები შედარებულია მსოფლიოს საერთო მაჩვენებელთან. საერთაშორისო სტატისტიკაზე ინფორმაციის მისაღებად გამოყენებულია მსოფლიო ბანკის (World Bank) ოფიციალური ვებ გვერდი.

შეგროვებულია 2000-2020 წლების მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით კვლევებსა და გავნითარებაზე დახარჯულ თანხებსა და სოფლის მეურნეობაზე. შემდგომში ამ მონაცემებით განსაზღვრულია კორელაციური კავშირი მათ შორის და აგებულია რეგრესიული მოდელი.

საქართველოში დღეს არსებობს კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ. ამასთან მოქმედებს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო დაფინანსების მქონე პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეებს საქმიანობის განხორციელებაში. სტატიაში ასევე საუბარია იმ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისას. 

ინოვაციები სოფლის მეურნეობაში - მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია

თანამედროვე სოფლის მეურნეობა რადიკალურად განსხვავდება წარსულში არსებული მიდგომებისგან. მსოფლიო ეკონომიკის ზრდამ, გამოიწვია მოსახლეობის შემოსავლების და მოთხოვნის ზრდა. სწორედ ამიტომ, მეწარმეებს უწევდათ ახალი მიდგომების მოფიქრება, რათა გაეზარდათ პროდუქტიულობა და გამხდარიყვნენ მეტად კონკურენტუნარიანები. სოფლის მეურნეობაში დღეს არსებულ ძირითად ინოვაციურ მიდგომებს წარმოადგენს:

1)      ზუსტი სოფლის მეურნეობა - მონაცემებზე დაყრდნობით წარმოების მართვა და მონიტორინგი;

2)      ვერტიკალური მეურნეობა - მცენარის მოყვანა შენობაში საფეხურებად, ხელოვნური განათების პირობებში;

3)      სოფლის მეურნეობის რობოტიზაცია - გულისხმობს დამხმარე მანქანების (რობოტი) მეშვეობით მცენარის დარგვას, მოვლას და მოსავლის აღებას;

4)      სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგია - ბიოტექნოლოგიის საშუალებით ახალი ჯიშების გამოყვანა.

ზუსტი სოფლის მეურნეობა ითვალისწინებს მოსავლისა და პირუტყვის მონიტორინგს და მონაცემების შეგროვებას, შემდგომში ანალიზის გასაკეთებლად. ეს საშუალებას აძლევს მეწარმეს გაზარდოს პროდუქტიულობა და შეამციროს გარემოზე ზემოქმედება (Wigmore, 2023). მონაცემებს მეწარმეები სხვადასხვა გზებით აგროვებენ. ისინი იყენებენ სატელიტურ ფოტოებს, რაც მოსავლის ჯანმრთელობის მონიტორინგში ეხმარებათ. ამასთან სპეციალური დრონებით ახდენენ საჰაერო მონიტორინგს, რითაც მუდმივად თვალყურს ადევნებენ ფერმას და მოსავლის ზრდას. სპეციალური სენსორების მეშვეობით ადგენენ ნიადაგის ტენიანობას და სარწყავ აპარატებს იყენებენ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. სენსორების საშუალებით ისინი დისტანციურად ადგენენ თუ კონკრეტულად რომელ უბანში სჭირდება მცენარეს სასუქი და პესტიციდები (Rajendra, Ram, & Sudhir, 2020).

ვერტიკალური ფერმები არის მცენარეების გაშენების პრაქტიკა ვერტიკალურად დაწყობილ ფენებში. რადგან იგი მოითხოვს ნაკლებ მიწას და წყალს, ვიდრე ტრადიციული მეურნეობა, მისი გამოყენება შესაძლებელია ურბანულ ტერიტორიებზეც. ვერტიკალური ფერმების განვითარება ადრეულ ეტაპზეა, თუმცა აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომ რადიკალურად შეცვალოს სოფლის მეურნეობა (Gerrewey, Boon, & Danny, 2021).

ფერმერებისთვის დამატებითი უპირატესობების  მომტანია სოფლის მეურნეობაში რობოტიზაციის დანერგვა. კვლევები აჩვენებს, რომ რობოტების გამოყენებით შესაძლებელია მწარმოებლურობის ზრდა, ადამიანური რესურსის დაქირავებაზე არსებული ხარჯის შემცირება, უსაფრთხოების ზრდა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება, მცენარეების ხარისხის ზრდა (Vougioukas, 2019). ზემოაღნიშნული ტექნოლოგიების განვითარება ხშირად ერთმანეთთან კავშირშია. სოფლის მეურნეობის რობოტიზაციას ხელს უწყობს სენსორების განვითარება. სენსორები რობოტებს აწვდიან მონაცემებს, რაც მათ საშუალებას აძლევთ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და შეასრულონ დავალებები. მაგალითისთვის რობოტი კომბაინი იყენებს სენსორს მწიფე ხილის იდენტიფიცირებისთვის (Fountas, et al., 2020).

ზემოთ ჩამოთვლილი ინოვაციების გარდა მნიშვნელოვანია, რომ ერთეული მცენარის ან ცხოველის მიერ მოცემული პროდქუტის ზრდაც მოვახდინოთ. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ შეეცვალათ მცენარის პროდუქტიულობა. მაგალითისთვის, 1866 წლიდან 1899 წლამდე აშშ-ში სიმინდის მოსავალი საშუალოდ 26 ბუშელს შეადგენდა ჰექტარზე. მოსავლიანობა 2016 წლიდან 2021 წლამდე, საშუალოდ შეადგენდა 174 ბუშელს ჰექტარზე, რაც ექვსჯერადი ზრდაა 1800-იანი წლებიდან (Schnitkey, Swanson, Paulson , Coppess, & Baltz, 2022).

სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგია არის სამეცნიერო ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოყენება მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმების გასაუმჯობესებლად სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის. იგი მოიცავს ტექნოლოგიების ფართო სპექტრს, როგორიცაა გენის რედაქტირება, მოლეკულური გამოყვანა და სხვ.

სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგია გამოიყენება კულტურების ახალი ჯიშებისა და მეცხოველეობის ჯიშების შესაქმნელად, რომლებიც უფრო მდგრადია მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, აწარმოებენ მაღალ მოსავალს და აქვთ გაუმჯობესებული კვების ღირებულება.

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა და პროგრამები საქართველოში

სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარებისთვის, სახელმწიფო უწყებების მოვალეობაა, ხელი შეუწყონ არსებული ან ახალი საწარმოების განვითარებას და მათში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ამ მიმართულებით.

2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფომ 1,5 მილიარდი ლარი დახარჯა (ერქომაიშვილი, 2020).

იმ შემთხვევაში თუ ბიზნეს ოპერატორს სურს შექმნას ახალი საწარმო, ან მოახდინოს არსებული საწარმოს გადაიარაღება და განვითარება, შეუძლია მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს, აღნიშნულის დასაფინანსებლად. 2022-23 წლებში 91 ბიზნეს სუბიექტი დაფინანსდა და დაფინანსების ჯამურმა ღირებულებამ  20 მილიონი ლარი შეადგინა (საქართველოს მთავრობა, 2023).

გარდა ამისა მოქმედებს შეღავათიანი აგროკრედიტის სისტემაც. 2014 წლიდან ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის მიზანია ფიზიკური და იურიდიული პირებითვის, იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით აგრარული საქმიანობის ხელშეწყობა. პროგრამაში ჩართულია საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ბანკი, რომელთა მიერ გაცემულ აგროკრედიტებზე სახელმწიფოს მხრიდან ხდება პროცენტის სუბსიდირება (საქართველოს მთავრობა, 2014).

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ჩართულ სუბიექტებს, პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, სახელმწიფო სთავაზობს:

  • საკონსულტაციო მომსახურებას და ტრენინგებს;
  • პროდუქციის ბრენდირებს და შეფუთვებს;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვას;
  • ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭებას; (საქართველოს მთავრობა, 2020)

გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა, მთავრობის მიერ ხდება სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგების მხარდაჭერა. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 5 მილიონი ლარი გამოიყო არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის (საქართველოს მთავრობა, 2023). 2022-23 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი.

წარმოებაში ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენება ამცირებს ადამიანური რესურსის საჭიროებას და ზრდის მწარმოებლურობას. გარდა იმისა, რომ მეწარმეს შეუძლია ზემოაღნიშნული პროგრამების ფარგლებში მიიღოს დაფინანსება ტექნიკის შესაძენად, დამატებით მოქმედებს მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა. აღნიშნული პროგრამით 2019-23 წლებში 200-ზე მეტმა ბიზნეს სუბიექტმა ისარგებლა და თანადაფინანსების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 18 მილიონ ლარზე მეტი (საქართველოს მთავრობა, 2019).

საქართველოში, მისი ბუნებრივი და გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, ხშირია სტიქიები, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მეწარმეს თავიდანვე ჰქოდნეს აღნიშნული რისკი გათვალისწინებული და დააზღვიოს საკუთარი მოსავალი. რადგან აღნიშნული საკითხი დამატებით ფინანსებთან არის დაკავშირებული, სახელმწიფო 2020 წლიდან 70%-იანი თანადაფინანსებით მონაწილეობს, პროგრამით გათვალისწინებული კულტურების დაზღვევისას (საქართველოს მთავრობა, 2020).

კვლევით ნაწილი

საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი მოდის სოფლის მეურნეობაზე (სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეტყევეობა, თევზჭერა, მეთევზეობა). აღნიშნული მაჩვენებელი 2017-2020 წლის მონაცემებით 20%-ზე მეტს შეადგენს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023). სფეროში დასაქმებულთა მაღალი მაჩვენებელი დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისთვის (თურქეთი 18%, ალბანეთი 36%, სომხეთი 24%) რომელთა რიგს დღეს საქართველოც მიეკუთვნება. მაღალი განვითარების მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი დაბალია (ნიდერლანდები 2%, აშშ 1%, გაერთიანებული სამეფო 1%) (The World Bank, 2021). იმისთვის რომ უკეთ შევაფასოთ საქართველოში არსებული ვითარება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანია ვნახოთ მისი წილი ეკონომიკაში. 2010 წელს სოფლის მეურნეობის მიერ შექმნილი პროდუქტი შეადგენდა დაახლოებით 1.8 მილიარდ ლარს. მომდევნო შვიდ წელიწადში აღნიშნული მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა და 2017 წელს 2.5 მილიარდი ლარი შეადგინა. 2010-2017 წლის მონაცემებისგან განსხვავებით, 2017-2022 წლებში სოფლის მეურნეობის მიერ შექმნილი პროდუქტი დაახლოებით 60%-ით გაიზარდა და 4,3 მილიარდს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს რომ სოფლის მეურნეობის სექტორი ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება (იხ. ნახ. 1). 

ნახაზი 1 - სოფლის მეურნეობის გამოშვება საქართველოში (მლნ. ლარი)

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023) 

ამასთან მნიშვნელოვანია რამდენად არის ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებული აღნიშნულ სფეროზე. 2010 წელს მთლიან სამამულო პროდუქტში (მსპ) სოფლის მეურნეობის წილი 8,4%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2022 წლის ჩათვლით თითქმის იგივე დიაპაზონში იყო. დღევანდელი მონაცემებით 2022 წლის მსპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლის კლება გამოწვეულია იმით, რომ 2010-დან 2022 წლის ჩათვლის მსპ უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე სოფლის მეურნეობა (იხ. ნახ. 2). 

ნახაზი 2 - სოფლის მეურნეობის წილი მსპ-ში. 2010-2022 წლები

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023) 

მსოფლიოში 2000-2021 წლებში სოფლის მეურნეობის წილი მსპ-ში 3.3%-დან 4.4%-მდე მერყეობს. განვითარებულ ქვენებში ეს მაჩვენებელი დაბალია (აშშ 1%; გაერთიანებული სამეფო 0.7%; საფრანგეთი 1.6%), ხოლო განვითარებად (სომხეთი 11.3%; უკრაინა 10.6%; ალბანეთი 17.7%) და განუვითარებელ (ბურუნდი 29%; გვინეა 26%;) ქვეყნებში გაცილებით მაღალი (The World Bank, 2023). ცხადია ეს მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობა არ არის განვითარებული და სხვა დანარჩენში პირიქით. იმისთვის, რომ ვნახოთ განვითარების რა საფეხურზეა სოფლის მეურნეობა ამა თუ იმ ქვეყანაში, მნიშვნელოვანია ვნახოთ თუ რა რაოდენობით პროდუქტს ქმნიან წლის განმავლობაში, სფეროში დასაქმებული ადამიანები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განვითარებულ ქვეყნებში, დასაქმებული ადამიანების საკმაოდ მცირე ნაწილი მოდის სოფლის მეურნეობაზე, მაშინ როცა განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მაღალია.

თუ საქართველოს მაგალითზე განვიხილავთ, ვნახავთ რომ 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანის მიერ შექმნილი საქონლის/მომსახურების ღირებულება დაახლოებით 8800 ლარიდან თითქმის 14500 ლარამდე გაიზარდა. ცხადია ზრდა საგრძნობია, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ის თუ რა ხდება სხვა მსხვილ დამსაქმებელ სფეროებში. ნახაზი 3-ზე ნათლად ჩანს, რომ მშენებლობაში დასაქმებულის მიერ შექმნილი ღირებულება წლის განმავლობაში, საშუალოდ 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობის სფეროს, ვაჭრობა საშუალოდ 2.5-3-ზე მეტჯერ, ხოლო მეცნიერება და ტექნოლოგიები 5-ზე მეტჯერ (იხ. ნახ. 3). 

ნახაზი 3 - საქართველოში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების მიერ ერთი წლის განმავლობაში შექმნილი საქონელი/მომსახურება (გამოხატულია ლარებში)

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (შედეგი მიღებულია მშპ-ს და დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკის გამოყენებით)  (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023) 

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე კიდევ ერთი ინდიკატორით შეიძლება ვიმსჯელოთ. ზემოთ მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია იმის თქმა, რომ ბოლო 13 წლის მანძილზე სოფლის მეურნეობა საქართველოში განვითარდა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ რომელი საქონლის მწარმოებლურობა გაიზარდა ყველაზე მეტად. ეს მოგცემს საშუალებას, ვნახოთ თუ რომელი პროდუქტია საქართველოსთვის სხვებთან შედარებით უპირატესობის მქონე. ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობის ანალიზი გვაჩვენებს, რომ მწარმოებლურობა გაზრდილია. ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში 2021 წელს მწარმოებლურობა 2006 წელთან შედარებით 100%-ზე მეტად არის გაზრდილი: ხორბალი - 125%; ბაღჩეული - 133%. სხვა პროდუქტების წარმოებაშიც გვაქვს ზრდა, თუმცა ეს მაჩვენებელი 100%-ს არ აღემატება: ქერი - 75%; სიმინდი - 66%; ლობიო - 40%; მზესუმზირა - 16%; კარტოფილი - 93%; ბოსტნეული - 56% (იხ. ნახ. 4). 

ნახაზი 4 - საქართველოში სოფლის მეურნოების სხვადასხვა დარგის მწარმოებლურობა 1 ჰექტარზე (შენიშვნა: კარტოფილის, ბოსტნეულის და ბაჩეულის მონაცემი მოცემულია 1000 მ2-ზე)

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023) 

იმისთვის რომ დავინახოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური სურათი დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, აუცილებელია ზემოთ მოცემული შედეგები შევადაროთ მსოფლიოში არსებულ საშუალო შედეგებს.

  • 2006 წლის მონაცემებით მსოფლიოში ხორბლის მწარმოებლურობა 140%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. ეს რიცხვი 2021 წლისთვის 29.5%-მდე შემცირდა.
  • 2006 წლის მონაცემებით მსოფლიოში ქერის მწარმოებლურობა 112%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. ეს რიცხვი 2021 წლისთვის 37.6%-მდე შემცირდა.
  • 2006 წლის მონაცემებით მსოფლიოში სიმინდის მწარმოებლურობა 165%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. ეს რიცხვი 2021 წლისთვის 96%-მდე შემცირდა.
  • 2006 წლის მონაცემებით მსოფლიოში ლობიოს მწარმოებლურობა 50%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. ეს რიცხვი 2021 წლისთვის 10%-მდე შემცირდა.
  • 2006 წლის მონაცემებით მსოფლიოში მზესუმზირის მწარმოებლურობა 118%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. ეს რიცხვი 2021 წლისთვის 180%-მდე გაიზარდა.
  • 2006 წლის მონაცემებით მსოფლიოში ლობიოს მწარმოებლურობა 133%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. ეს რიცხვი 2021 წლისთვის 46%-მდე შემცირდა. (იხ. ნახ. 5)

ნახაზი 5 - მსოფლიოში სოფლის მეურნოების სხვადასხვა დარგის მწარმოებლურობა 1 ჰექტარზე

(შენიშვნა: კარტოფილის მონაცემი მოცემულია 1000 მ2-ზე)

 

წყარო: Our Worldin Data  (Our World in Data, 2023 ) 

მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში ზრდა ხილის (ყურძნის და ციტრუსის გარდა) (ზრდა 2014-დან 2021 წლამდე 11%) და ყურძნის (ზრდა 2014-დან 2021 წლამდე 57%) შემთხვევაში ფიქსირდება. ციტრუსის შემთხვევაში კლება 12%-ს შეადგენს (იხ. ცხრ. 1). 

ცხრილი 1 - საქართველოში სოფლის მეურნოების მრავალწლოვანი კულტურების წარმოება (ათასი ტონა)

პროდუქტი

წელი

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

2021

ხილი (ყურძნის და ციტრუსის გარდა

210

144,3

186,4

114,1

188,2

144,4

228,6

233,3

ყურძენი

 

172,6

214,5

159,2

180,8

259,9

293,8

316,9

271,6

ციტრუსი

 

69,8

77,6

65,5

58,2

66,3

64

56,8

61,6

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023) 

ინოვაციების დანერგვას პირდაპირ კავშირშია კვლევებსა და განვითარებებზე დახარჯული თანხები (Research and development (R&D)). ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყნები ზრდიან თანხების აკუმულირებას ამ მიმართულებით. იმისთვის, რომ ვნახოთ რა გავლენას ახდენს R&D-ზე დახარჯული თანხები სოფლის მეურნეობაზე, საჭიროა მთ შორის კორელაციური კავშირის შემოწმება. პირველ რიგში შეგროვდა მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით R&D-ზე დახარჯულ სახსრებთან დაკავშირებით (The World Bank, 2023). ამასთან შეგროვდა მონაცემები მსოფლიოში სოფლის მეურნეობის სექტორის ჯამურ გამოშვებასთან დაკავშირებით (Our World In Data, 2023). 

ცხრილი N2 - R&D-ს ხარჯი და სოფლის მეურნეობის გამოშვება (მსოფლიო)

წელი

2000

2001

2002

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

R&D-ს წილი მსოფლიოს მშპ-ში (%)

2.05

2.07

2.04

2.03

1.98

1.96

1.97

1.94

1.99

2.03

2.01

სოფლის მეურნეობის გამოშვება ტრილიონი დოლარი (მსოფლიო)

1.31

1.28

1.31

1.52

1.78

1.89

2.74

2.52

2.98

2.75

3.19

 

წელი

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

R&D-ს წილი მსოფლიოს მშპ-ში (%)

2

2.03

1.99

2.07

2.1

2.14

2.13

2.2

2.33

2.63

სოფლის მეურნეობის გამოშვება ტრილიონი დოლარი (მსოფლიო)

3.89

3.92

4.2

3.5

3.65

3.62

3.74

4.15

4.23

4.45

 

ცხრილი N2-ში მოცემული მონაცემების მიხედვით დათვლილია კორელაცია ორ მონაცემს შორის R&D-ს წილს მსოფლიოს მსპ-ში (%) და სოფლის მეურნეობის გამოშვებას შორის. კორელაცია შეადგენს 0.493944026-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორ მონაცემს შორის დადებითი კორელაციური კავშირია, თუმცა ეს კავშირი არ არის ძალიან მაღალი. ცხადია სოფლის მეურნეობის წარმოებაზე გარდა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისა, გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები როგორიცაა საკვებზე მოთხოვნა, ამინდის ცვალებადობა და სხვ.

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით აგებულია რეგრესიული მოდელი:

 

ფორმულა N1      F(x) = 3,464x - 4,2249          R2 = 0,244

რეგრესიის მოდელი, F(x) = 3.464x - 4.2249, აკავშირებს ზემოაღნიშნულ ორ მონაცემს. მოდელის R2 მნიშვნელობა 0.244 მიუთითებს, რომ R&D-ზე დახარული თანხის ცვალებადობის დაახლოებით 24.4% შეიძლება აიხსნას სოფლის მეურნეობის პროდუქციის ცვლილებებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი გვთავაზობს ზომიერი რაოდენობის ახსნას, ამ ცვლადებს შორის ურთიერთკავშირის დასადგენად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ.

დასკვნები და რეკომენდაციები:

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

  1. კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯულ სახსრებსა და სოფლის მეურნეობის გამოშვებას შორის არსებობს დადებითი კორელაციური კავშირი, რაც კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხების მნიშვნელობაზე მეტყველებს;
  2. საქართველოს სოფლის მეურნეობა 2006 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ზრდის ტემპით ხასიათდება, როგორც ინდივიდუალური პროდუქტის ისე მთლიანი პროდუქტის ღირებულებით. ამის მიზეზი სხვა გარე ფაქტორებთან ერთად არის ის პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ხორციელდება;
  3. საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების მიერ შექმნილი პროდუქტისა და მომსახურების ღირებულება, გაცილებით ნაკლებია ვიდრე სხვა სფეროებში დასაქმებულების. ამასთან განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროცენტული რაოდენობა;
  4. მსოფლიოს საშუალო მონაცემებთან შედარებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგები, ნაკლებ პროდუქტიულობით გამოირჩევიან, თუმცა აღნიშნული სხვაობის კლება თვალსაჩინოა 2006-2021 წლის მონაცემების ანალიზისას.

რეკომენდაციის სახით შეიძლება ითქვას, რომ:

  1. მნიშვნელოვანია არსებულ პროგრამებთან ერთად, ახალი პროგრამების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის ინოვაციურ განვითარებას. ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს მწარმოებლურობის და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას ბაზარზე;
  2.  აუცილებელია მოხდეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მეწარმეების ინფორმირება იმ ინოვაციურ მიდგომებსა და მეთოდებზე, რომლებიც დღეს მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში;
  3. აქცენტის გაკეთება სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტებზე, რომლებიც სხვა პროდუქტებთან შედარებით მაღალი მწარმოებლურობით და ზრდის ტემპებით ხასიათდება. 

ბიბლიოგრაფია 

  1. გველესიანი, რ., გოგორიშვილი, ი., ერქომაიშვილი, გ., ლეკაშვილი, ე., ხურცია, ლ., & გაფრინდაშვილი, გ. (2022). ეკონომიკურიპოლიტიკა - წიგნი 2. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  2. ერქომაიშვილი, გ. (2020, November 6). აგრარული პოლიტიკის განხორციელების შედეგები. CHALLENGES OF GLOBALIZATION IN ECONOMICS AND BUSINESS, 5th International Scientific Conferenc, pp. 170-174.
  3. საქართველოს მთავრობა. (2014, იანვარი 27). შეღავათიანი აგრო-კრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელისა წარმოების თანადაფინანსებისპ როგრამა. Retrieved from საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2237341?publication=0
  4. საქართველოს მთავრობა. (2019, მარტი 15). მოსავლისამღებისასოფლო-სამეურნეოტექნიკისთანადაფინანსებისპროგრამა. Retrieved from სოფლის განვითარების სააგენტო: https://rda.gov.ge/programs/harvesting-agricultural-machinery/a8b00775-f198-4f98-9e0b-d3fbe48c7ad1
  5. საქართველოს მთავრობა. (2020, აპრილი 10). აგროდაზღვევა. Retrieved from სოფლის განვითარების სააგენტო: https://rda.gov.ge/programs/631456-agrodazghveva/bb82cb1c-d772-4d56-8ee4-01a57905cff4
  6. საქართველოს მთავრობა. (2020, აპრილი 24). ტექნიკურიდახმარებისპროგრამა. Retrieved from სოფლის განვითარების სააგენტო: https://rda.gov.ge/programs/technical-assistance/f0b5dbd5-29c2-4145-bb8c-e0e2c1818ca5
  7. საქართველოს მთავრობა. (2023, აგვისტო 7). არასტანდარტულივაშლისმოსავლისრეალიზაციისხელშეწყობისპროგრამა. Retrieved from სოფლის განვითარების სააგენტო: https://rda.gov.ge/api/media/blob/7b331c70-98ec-4dbb-2294-08db989fcb70/
  8. საქართველოს მთავრობა. (2023, დეკემბერი 27). საპილოტერეგიონებისინტეგრირებულიგანვითარებისპროგრამა. Retrieved from სოფლის განვითარების სააგენტო: https://rda.gov.ge/programs/684083-sapilote-regionebis-integrirebuli-ganvitarebis-programa/f8ad20d2-86ba-4d85-bc17-51ecd8edd81f
  9. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2023, March 28). დასაქმებადაუმუშევრობა. Retrieved from საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  10. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2023, March 28). სოფლისმეურნეობა. Retrieved from საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba
  11.  E. Kharaishvili, G.Erkomaishvili, M. Chavleishvili (2019) Trends of Agri-Food Production and Export Stimulating Economic Policy in Georgia. World Academy of Science, Engineering and Technology International Journal of Economics and Management Engineering Vol:13, No:1, Istanbul, Turkey
  12. Erkomaishvili G., (2021) Agrarian policy in Georgia in the conditions of contemprorary challenges. The 6 th  International Conference   Actual Economic and social Problems in modern Globalization. Tbilisi, July 17
  13. Fountas, S., Mylonas, N., Malounas, I., Rodias , E., Santos , C. H., & Pekkeriet, E. (2020, May 7). Agricultural Robotics for Field Operations. Sensors.
  14. Gerrewey, T. V., Boon, N., & Danny, G. (2021, December 21). Vertical Farming: The Only Way Is Up? Agronomy 2022.
  15. Hofstrand, D. (2014). Can We Meet the World's Growing Demand for Food? Ames: AG MRC (Agricultural Marketing Resource Center).
  16. Our World in Data. (2023 , November 27). Crop Yields. Retrieved from Our World in Data: https://ourworldindata.org/crop-yields
  17. Our World In Data. (2023, May 28). Value of agricultural production, 1991 to 2021. Retrieved from Our World In Data: https://ourworldindata.org/grapher/value-of-agricultural-production?tab=chart&country=~OWID_WRL
  18. Rajendra, P. S., Ram, L. R., & Sudhir, K. S. (2020, 24 September). Applications of Remote Sensing in Precision Agriculture: A Review. Remote Sensing.
  19. Roser, M., Ortiz-Ospina, E., & Ritchie, H. (2019, October). Life Expectancy. Retrieved from Our World In Data: https://ourworldindata.org/life-expectancy
  20. Schnitkey, G., Swanson, K., Paulson , N., Coppess, J., & Baltz, J. (2022). Weekly Farm Economics: Perspectives on National U.S. Corn Yields. Urbana-Champaign: Farmdoc Daily.
  21. The World Bank. (2021, Januari). Employment in agriculture (% of total employment) (modeled ILO estimate). Retrieved from The World Bank: https://data.worldbank.org/indicator/SL.AGR.EMPL.ZS?name_desc=false
  22. The World Bank. (2021). GDP per capita (current US$). Retrieved from The World Bank: https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.CD
  23. The World Bank. (2023, March 23). Agriculture, forestry, and fishing, value added (% of GDP). Retrieved from The World Bank: https://data.worldbank.org/indicator/NV.AGR.TOTL.ZS
  24. The World Bank. (2023, May 29). Research and development expenditure (% of GDP). Retrieved from The World Bank: https://data.worldbank.org/indicator/GB.XPD.RSDV.GD.ZS?end=2021&name_desc=false&start=2000
  25. United Nations - Department of Economic and Social Affairs . (2017). World Population Prospects The 2017 Revision. New York: United Nation.
  26. Vougioukas, S. G. (2019, December 19). Agricultural Robotics. Annual Review of Control, Robotics, and, pp. 365-392.
  27. Wigmore, I. (2023, September 03). Watls.com. Retrieved from Precision Agriculture: https://www.techtarget.com/whatis/definition/precision-agriculture-precision-farming#:~:text=Precision%20agriculture%20(PA)%20is%20a,specific%20crop%20management%20(SSCM).