English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნუნუ ოვსიანიკოვა მაია მიქაია
საქართველოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა და ევროინტეგრაცია

ანოტაცია. საქართველოში შრომითი ურთიერთობების რეგულირების პოლიტიკის ორიენტირი ევროინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული რეფორმაციის უზრუნველყოფის მიზანს უკავშირდება. მიუხედავად რეფორმებისა, რომლითაც  ქვეყნის შრომის უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს,  დღესაც ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები ასოცირების შესახებ შეთანხმების, ევროკავშირის სხვა დირექტივებისა და სოციალური ქარტიის დებულებიდან გამომდინარე.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მისაღები დირექტივები და თავად კონვენციების რატიფიცირებისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფის საკითხები.

საკვანძო სიტყვები: ევროინტეგრაცია, შრომითი ურთიერთობები, შრომის უსაფრთხოება, შრომის ინსპექცია, ასოცირების შეთანხმება.

 

 

შესავალი

 

ადამიანის უფლებების დაცვის დონე მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული დასაქმებულთა უფლებების დაცვასთან და შესაბამისად შრომის უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკა  ღირსეული შრომის გარემოსა და ქვეყნის მდგრადი განვითარების  მძლავრი ბერკეტია.    საქართველოში შრომითი ურთიერთობების რეგულირების პოლიტიკის ორიენტირი ევროინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული რეფორმაციის უზრუნველყოფის მიზანს უკავშირდება და რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარიმართება,  როგორიცაა შრომის პოლიტიკის კონცეპტუალური, საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური  მექანიზმების ჩამოყალიბება, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული, ევროკავშირის შრომის დირექტივების,  სოციალური ქარტიის დებულებიდან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიდან გამომდინარე ვალდებულებების  არა მარტო შესრულების  არამედ შესრულების პროცესის თანმიმდევრული  მონიტორინგით, რაც თავის მხრივ ევროინტეგრაციის პროცესის ეფექტურობის გარანტად გვესახება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სამართლებრივი ბაზა მთელ საკანონმდებლო მასივს მოიცავს და შესაბამისად,  შრომის უსაფრთხოების  რეგულირების საკანონმდებლო მექანიზმების  ჩამოყალიბების პროცესებში გარდამტეხი ადგილი უკავია „ასოცირების შესახებ   შეთანხმებას  ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ,  ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“.

რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების მართვის ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნას, ზედამხედველი ორგანოს დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შრომის ინსპექციის სამსახურისა  და ადგილებზე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის ან პირის   სახით არსებობას იგი უშუალოდ უკავშირდება შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.

ამასთანავე, ბოლო წლებში,  საქართველოს შრომის უსაფრთხოების სისტემის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს და ქვეყნის მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებებს, უდაოდ ევროინტეგრაციული პროცესების დინამიურ განვითარებაზე მიუთითებს და აქტუალობას არ კარგავს ასოცირების შეთანხმების  სრული აღსრულების პროცესისთვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მისაღები დირექტივები და  თავად კონვენციების რატიფიცირების  საკითხი. ასევე, უნდა აღინიშნოს რომ ქვეყნისთვის შრომის ნორმების სრული აღსრულების პროცესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამუშაო ადგილებზე. ხოლო სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა  მზარდი სტატისტიკა დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნის ცალკეული ინსტიტუციების მართვის პროცესს - გაუმკლავდეს პრობლემებს  ღირსეულად და შექმნას ჯანსაღი სამუშაო პირობები.

ამდენად, ნათლად იკვეთება შრომის ინსპექციის სამსახურის მიზნების, სოციალური სარგებლისა და ფუნქციების, აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული კომუნიკაციისა და კონსულტაციების გააქტიურების საჭიროება.

სწორედ აღნიშნული საკითხების წარმოჩენა  განაპირობებს წინამდებარე ნაშრომის აქტუალობას - რათა ანალიზისა და სათანადო დასკვნების საფუძველზე, ჯეროვანი არგუმენტირებული რეკომენდაციები მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს  არსებული პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტისათვის, შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროინტეგრაციის პროცესის წარმართვის  თანხვედრილად.

 

 

საქართველოს შრომის უსაფრთხოების  პოლიტიკა და ევროინტეგრაცია

„ასოცირების შესახებ   შეთანხმებას  ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ,  ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც   საქართველოს შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროინტეგრაციის თანმიმდევრული  პროცესის ორიენტირი. საყურადღებოა, რომ  2014 წლის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების ფორმირებამდე დასაქმებულთა უფლებების დაცვის სფეროში  ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების  ქმედითი პროცესი  თითქმის არ მიმდინარეობდა და ატარებდა  ფრაგმენტულ ხასიათს.

 აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციულ პროცესებში ჩართულობის შესახებ საქართველომ ჯერ კიდევ 1996 წელს 22 აპრილის “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებით, [1]გამოიხატა ნება ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის დამყარების შესახებ. შემდგომში კი, „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“,[2] საქართველოს პარლამენტის  1997 წლის 2  სექტემბრის # 828 დადგენილებით  ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა, რომ „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროპის კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს და ნორმებს“, ხოლო  საქართველოს პარლამენტის 2004 წელს 12 მარტის #580 დადგენილებით ,,საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“[3] საქართველოს ხელისუფლებამ სამართლებრივად განამტკიცა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ინტენსიფიკაციას.

ამდენად, საქართველოს საშინაო და საგარეო  პოლიტიკის ვექტორი პრიორიტეტულად მიმართული იქნა ევროინტეგრაციისკენ, რომელიც ხორციელდებოდა ეტაპობრივად.

2006 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა პირველი ეტაპი  შრომითი კანონმდებლობის რეფორმის კუთხით. რეფორმის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შრომით ბაზარზე ლიბერალური მიდგომის დანერგვით, რომელსაც თავის მხრივ შეეძლო უზრუნველყოფა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდებოდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. რეფორმის ამოსავალი წერტილი სახელმწიფოს მხრიდან იყო დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ინტერვენციის შესაძლებლობის მაქსიმალური შეზღუდვა  და მხარეებისთვის მოქმედების თავისუფლების მინიჭება კერძო ხასიათის სამართლებრივ ურთიერთობებში. რეფორმის შედეგად კი  მიღებული შრომის კოდექსი იყო მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესების გამტარებელი.  შედეგად ხელშეკრულება ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონით დადგენილ ნორმებთან და  მით უფრო ევროპის კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან, რომელიც ითვალისწინებდა  დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებების თანაბარ დაცვას. ამავე  წელს საქართველოში გაუქმდა  შრომის უსაფრთხოების ნორმების მარეგულირებელი ორგანო შრომის ინსპექცია.  შრომის უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციები წლების განმავლობაში კრიტიკულად აფასებდნენ  ხელისუფლების მიერ შრომის ინსპექციის გაუქმებას[4].  

ხოლო ,,Human Rights Watch,[5]“ სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მატებას პირდაპირ უკავშირებდა შრომის ინსპექციის სამსახურის გაუქმების ფაქტს.  შრომის ინსპექციის გაუქმების გარდა ამავე  პერიოდში გაუქმდა „დასაქმების საჯარო სამსახური“ (გაერთიანდა „დასაქმებისა და სოციალური დახმარების სააგენტოში“) და უმუშევრობის შემწეობა[6].  მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად[7] მისი კორუფციული ხასიათი სახელდებოდა, აღსანიშნავია,  რომ ის არ ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იდეოლოგიური მოსაზრებით[8]

2013 წელს განხორციელდა შრომის კანონმდებლობის რეფორმის მეორე ეტაპი. ახალი რეფორმის შედეგად მიღებული შრომის კოდექსი ძირეულად განსხვავდებოდა ადრე მოქმედი კოდექსისგან. შრომის კოდექსში გაჩნდა ისეთი დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფდა გარკვეული მიმართულებებით დასაქმებულთა უფლებების დაცვასა და გაფართოებას, რის შედეგად დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებები მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ერთმანეთს. მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში კოდექსის სრული დაცვით უნდა ასახულიყო შრომითი მოთხოვნები რაც გარკვეულწილად იყო დასაქმებულის გარანტი თავისი უფლებების დასაცავად. ზემოაღნიშნული ცვლილებები შემდგომ შეფასდა, როგორც  ისტორიული განვითარების ახალ ეტაპზე  ქართული შრომის სამართალის გადასვლა.  

საქართველოს და ევროკავშირს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის საძირკველი ჯერ კიდევ პარტნიორობისა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებამ[1] შექმნა და  ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციათა ინტეგრირება საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არ არის მხოლოდ დღევანდელი დღის წესრიგი.  ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასოცირების  შესახებ  შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების  შესრულების ვადების დაცვისა და  მონიტორინგის საკითხებს.

ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, მნიშვნელოვანია ,,საკანონმდებლო დაახლოების“ ვალდებულება, რომელიც ქვეყანაში  ძირეული სამართლებრივი რეფორმის გატარების საჭიროებაზე მიუთითებს.

,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით  განსაზღვრულია,  რომ ანგარიშვალდებულების და შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, პაქტის ხელშემკვრელი მხარეები, ვალდებული არიან, დააფუძნონ შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემა[9].   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ  საქართველომ გამოხატა მზაობა ქვეყანაში გატარებულიყო  ძირეული რეფორმა შრომითი ნორმების მოწესრიგებისა და შესაბამისი ზედამხედველი ორგანოს შექმნის გზით. შესაბამისად 2015 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარატამენტი. დეპარტამენტის შექმნამ საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე შრომის პირობების მონიტორინგისა და ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბებას. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები თავდაპირველად მოქმედებდნენ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №38 დადგენილების ,,შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“[10] საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრა დეპარტამენტის  საქმიანობის მთავარი მიზანი დახმარებოდა დამსაქმებლებს შექმნათ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. დეპარტამენტის    ამოცანებში შედიოდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია;  გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროებების განსაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების მიხედვით პროგრამის სამიზნე ჯგუფი შეზღუდული იყო და  მას წარმოადგენენ მხოლოდ ის დამსაქმებლები, რომლებმაც წერილობითი თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ, რომელიც ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ეს ეტაპიც დადებითად არის შეფასებული.[11] სარეკომენდაციო მანდატის მიუხედავად, პროგრამამ დადებითი როლი შეასრულა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით და ასევე ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდა საზოგადოების მომზადება  შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების მიმართულებით.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა  2018 წელი, როდესაც  საქართველოს პარლამენტმა  მიიღო საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. აღსანიშნავია, რომ  2018 წელს მიღებული კანონი  ნაწილობრივ შესაბამისობაში მოვიდა ასოცირების ხელშეკრულების XXX დანართით განსაზღვრულ ჩარჩო დირექტივასთან -1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC დირექტივა სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თავდაპირველად „შრომის უსაფრთხოების შესახებ“[12] საქართველოს კანონი გავრცელდა შეზღუდული მანდატით და აღნიშნული  კრიტიკულად შეფასდა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიერ.  კერძოდ, კანონი  ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრული იყო   საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით ,,მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“[13]

შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა 2019 წელს,  როდესაც   გაუქმდა 2018 წელს მიღებული ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. რომელიც გავრცელდა შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე. [14]

ორგანული კანონის მიღებით შრომის უსაფრთხოების სტანდარტები კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ სტანდარტს. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილი გახდა  წინასწარი შეტყობინების გარეშე  დღე-ღამის ნებისმიერ დროს განეხორციელებინა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის (როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებები)  ინსპექტირება, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევა და ობიექტების შემოწმება, რომელიც  უზრუნველყოფდა შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტიანი აღსრულებასა და მის გამოყენებას.  ასევე ორგანული კანონით განსაზღვრული  ცვლილებები  დადებითად იქნა შეფასებული ევროკომისიის მიერ.[15]

შრომის უსაფრთხოების ევროინტეგრაციის პოლიტიკის რეალიზების მნიშვნელოვან ბერკეტად გვესახება ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ   2019 წლის 31 დეკემბრის #662 დადგენილებით ,,საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ მიღებული  შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია.

 ქვეყანაში გატარებული ფუნდამენტალური რეფორმების მიუხედავად,  მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემები და შრომის ბაზრის არასაკმარისი განვითარება, რაც თავის მხრივ სხვა პრობლემებთან ერთად უკავშირდებოდა სამუშაო ადგილებზე შრომითი ნორმების დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფომ მიზნად დაისახა შრომის და დასაქმების პოლიტიკისკენ მიმართული რეფორმის გაგრძელება და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ზემოაღნიშნული სტრატეგია,  რომლის მიზანს წარმოადგენს  ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითრების ხელშეწყობა, მათ შორის შრომისა და დასაქმების სფეროში საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების, საერთაშორისო  დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების, დასაქმებისა და შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების  ხელშეწყობა.

შრომის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამმხრივ თანამშრომლობას, რომელიც აერთიანებს მთავრობას, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს, რომლებიც  განიხილავენ შრომის პოლიტიკის საკითხებს, კანონებს და წარადგენენ რეკომენდაციებს, რომლებსაც გავლენა აქვთ  სოციალურ პარტნიორებზე. ჯერ კიდევ 2009 წლის 12 ნოემბერს გამოიცა პრემიერ-მინისტრის N 57 ბრძანება სამმხრივი კომისიის შექმნის შესახებ, რის საფუძველზეც  2010 წლის მარტში დამტკიცდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შემადგენლობა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში განისაზღვრა საქართველოს მთავრობის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის  წარმომადგენლები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული 2013 წელს, როდესაც საქართველოს კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ აისახა სამმხრივი კომისია და განისაზღვრა საქმიანობის პრინციპები, ფუნქციები და უფლებამოსილებები. ასევე საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 7 ოქტომბერს დაამტკიცა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულება, რომლითაც  განისაზღვრა, რომ კომისიის მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქვეყანაში შექმნილი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობა წლების განმავლობაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მისი შეკრებაც მხოლოდ ვალდებულების ნაწილი იყო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, 2018 წელი როდესაც საქართველომ მოახდინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 144-ე პრიორიტეტული კონვენციის ,,სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ რატიფიცირება, რითაც ქვეყანას განესაზღვრა დამატებითი ვალდებულებები სოციალური დიალოგის გასამართად. კონვენციით მოთხოვნილია რომ ეროვნულ დონეზე კონსულტაციები წარიმართოს მთავრობას, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებს შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით ნათელია ქვეყნის მზაობა სოციალური დიალოგის ხელშეწყობის კუთხით, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ ინტეგრაციას, მდგრად განვითარებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.[16]

ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის VI თავი განსაზღვრავს  „შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიასა და სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ უწყებებს“, მე-16 მუხლით კი  განსაზღვრულია სოციალური პარტნიორების სამმხრივი კომისია და მისი ფუნქციები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. სოციალური პარტნიორების სამმხრივი კომისია უფლებამოსილია განახორციელოს  შრომის უსაფრთხოების მიმართულებით  წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება  და  გაანალიზოს ზედამხედველი ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირებების ეფექტურობის ანალიზი და დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობები.

აღსანიშნავია, რომ სოციალური დიალოგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური უსაფრთხოების განმტკიცებაში, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, სოციალური პარტნიორების როლი დადებითად უნდა შეფასდეს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საქმიანობის განხორციელების პროცესში.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმად უნდა შეფასდეს 2020 წელი, როდესაც მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა რომ 2021 წლის 1 იანვრამდე სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაცემოდა  შრომის ინსპექციის სამსახურს.  2021 წლის 1 იანვრიდან ამ  სახით დაიწყო ფუნქციონირება ამ ინსტიტუციამ.  ზემოაღნიშნული ცვლილებების კვალდაკვალ  შრომის პირობებზე საზედამხედველო სისტემა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილში დაუახლოვდა  შრომის საერთაშორისი ნორმებს. აღნიშნული ვალდებულებები განსაზღვრულია შრომის ინსპექციის შესახებ 81-ე კონვენციით, რომლის რატიფიცირება დღემდე არ განხორციელებულა.

შრომითი ნორმების ეფექტიანი აღსრულების პროცესში გარდა სოციალური პარტნიორების აქტიური  ჩართულობისა, ცალკე უნდა გამოიყოს შრომის ინსპექციის სამსახურის სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისთვის მთავარ შრომის ინსპექტორთან შექმნილი მრჩეველთა საბჭო  საქმიანობა, რომლის   შემადგენლობაც განისაზღვრა 7 წევრისგან და მათ შორის  2-2 წარმომადგენელი ჰყავს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, რაც თანაბრად აძლევს  შესაძლებლობას  წარმოადგინონ თავიანთი  წინადადებები და რეკომენდაციები  შრომითი ნორმების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხოლო ის ფაქტი, რომ კომისიის 2 წევრი არის საქართველოს პარლამენტიდან (თითო-თითო წევრი    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და   ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებიდან) და 1 წევრი არის წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან  ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობაზე.

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ (გაზრდილი მანდატის ფარგლებში), განხორციელებულმა საქმიანობამ, როგორც სამსახურის ანგარიშებშია ნაჩვენები , გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში გარკვეულწილად გაზარდა საზოგადოების ცნობიერება შრომის უსაფრთხოების ნორმების მიმართულებით.  ცხადია დადებითი ტენდენციის  მაჩვენებლად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ 2023 წელს შემოწმებული ობიექტების 52% გამოასწორა გაცემული მითითებები, ინსპექტირება ტარდება ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის მიმართ და შესაბამისად გაზრდილია იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომელთაც შეეხოთ ინსპექტირების პროცესი და   რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილებზე მომხდარი ფატალურ უბედურ შემთხვევები, 2018 წელთან შედარებით შემცირდა  42%.[17]

ასოცირების შეთანხმების  XXX დანართით განსაზღვრულია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 26 დირექტივის მიღება.  შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მისაღები დირექტივები ვადებთან ერთად ასახული იქნა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლში, დღევანდელი მდგომარეობით უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს კანონმდებლობაში სრულად ასახულია  6 დირექტივა, ხოლო 2 დირექტივა კი მხოლოდ ნაწილობრივ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია რომ საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყო აღებული ვალდებულების შესრულება ევროდირექტივების მიმართულებით, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით შეადგენს  31%-ს.

ევროპულ კანონმდებლობასთან, შრომითი ნორმების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში მნიშნელოვანი ადგილი უკავია   შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების  რეალიზების საკითხებს და იმ ვალდებულებებს,  რომელიც 1993 წლის 20 მაისს წარმოიქმნა, როდესაც საქართველო შრომის საერთაშორისი ორგანიზაციის წევრი გახდა.  შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველო თანამშრომლობენ ღირსეული სამუშაო ქვეყნის პროგრამის (DWCP[18]) განხორციელებაზე. DWCP არის სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ILO-სა და წევრ ქვეყანას შორის მოქმედებისა და თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს. ის ყურადღებას ამახვილებს ღირსეული სამუშაო შესაძლებლობების ხელშეწყობაზე, შრომის ბაზრის გამოწვევებზე და სოციალური დაცვისა და მშრომელთა უფლებების უზრუნველყოფაზე.

საქართველოს ასევე, გააჩნია ვალდებულება მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციების რატიფიცირება და მისი აღსრულება. საქართველოს დღემდე რატიფიცირებული აქვს 19 კონვენცია, მათ შორის: ფუნდამენტური 10 კონვენციიდან რატიფიცირებულია 8, ხოლო 4 პრიორიტეტული კონვენციიდან რატიფიცირებულია 2 და 177 ტექნიკური კონვენციიდან 9.

ზემოხსენებული ვალდებულებების გათვალისწინებით არსებითად მნიშვნელოვანია ფუნდამენტური, პრიორიტეტული და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სხვა კონვენციების რატიფიცირება, როგორიცაა : შრომის ინსპექციის შესახებ №81 პრიორიტეტული კონვენცია; „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის და საწარმოო გარემოს შესახებ “N155 ფუნდამენტური კონვენცია; შრომის უსაფრთხოების ჩარჩო  N187 ფუნდამენტური კონვენცია და N129 პრიორიტეტული კონვენცია  „შრომის ინსპექცია სოფლის მეურნეობაში“.

ამრიგად ნათელია რომ საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყო კონვენციების რატიფიცირების საკითხი და დღეს უკვე დღის წესრიგში აქტიურად უნდა დადგეს არარატიფიცირებული კონვენციების მიღების საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს შრომითი ნორმების ეფექტურ აღსრულებას.

საქართველომ ეტაპობრივად დაიწყო აღებული ვალდებულებების შესრულება. ამავდროულად გამოაცხადა მზაობა ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების, როგორიცაა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მისაღები დირექტივები და  თავად კონვენციების რატიფიცირების საკითხის მიმართ.  დასტურია  „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ 2021 – 2024 წლის სამთავრობო პროგრამა, რომელშიც აღნიშნულია რომ გაგრძელდება მუშაობა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვის მიმართულებებით. პრიორიტეტული იქნება შრომის უსაფრთხოების კუთხით მიღებული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება და შრომის ინსპექციის მანდატის ქმედითი რეალიზაცია შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფის, შრომის ინსპექციის სამსახურის მიზნების, სოციალური  სარგებლისა და ფუნქციების, სამმხრივი სოციალური პარტნიორების აქტიური ჩართულობის აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული კომუნიკაციის, კონსულტაციების გააქტიურების საჭიროების მიმართულებით.

 

 

დასკვნა

 

 

საქართველოს შრომითი ურთიერთობების პოლიტიკის რეალიზების სამართალშემოქმედებით საქმიანობაში თანხვედრილად  განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ევროპული ინტეგრაციის პროცესების  ინსტიტუციონალური  უზრუნველყოფის მექანიზმებზე.

ქვეყანაში გატარებულმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებებმა, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მოამზადა მყარი საფუძველი მასშტაბური ინსტიტუციური რეფორმის განსახორციელებლად განსაკუთრებით შრომის სფეროში. იგულისხმება შრომის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის ეფექტური აღსრულების მექანიზმისა და ფართო მანდატის მქონე შრომით ნორმებზე საზედამხედველო ორგანოს დანერგვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ საქართველომ  პროგრესული ნაბიჯები გადადგა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, თუმცა დღემდე არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები  და უფრო  ქმედითი უნდა გახდეს ღონისძიებები შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის სრულყოფის, აღსრულების ეფექტიანობის გაძლიერებისა და დარგის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის :

. გაგრძელდეს მუშაობა და იმპლემენტირებულ იქნას ასოცირების ხელშეკრულების XXX დანართის შესაბამისად 2021-2023 წლებისთვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მისაღები 18 დირექტივა.

. ასოცირების შეთანხმებით  აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შიდა ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის თანხვედრილად წარიმართოს  თავად კონვენციების რატიფიცირების საკითხიც.  რატიფიცირებულ იქნას შემდეგი პრიორიტეტული და ფუნდამენტური კონვენციები  81-ე  („შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“), 155-ე (,,შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის და საწარმოო გარემოს შესახებ“) და 187-ე ,,შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ხელშემწყობი ჩარჩო-სისტემის შესახებ“)

 

შრომის ინსპექციის გაფართოებული მანდატის გათვალისწინებით,    ასევე ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად გავრცობილი შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის ინსტიტუციურად გაძლიერდეს შრომის ზედამხედველობის უწყება.

. განხორციელდეს საერთო  მიზნობრივი პოლიტიკა ცნობიერების ამაღლების სფეროში. უბედურ შემთხვევათა კლების მზარდი დინამიკის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვანია    გეგმაზომიერად წარიმართოს სამუშაო ძალის მაქსიმალური ინფორმირება შრომის ფუნდამენტურ უფლებებზე; გაფართოვდეს ცნობიერების ამაღლების კონსოლიდირებული კამპანია საგანმანათლებლო/საინფორმაციო აქტივობების ორგანიზებით. მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ასევე დამსაქმებლების და დასაქმებულების ცნობიერების ამაღლება მათ შრომით  უფლებებსა და ვალდებულებებზე, რასაც დარღვევების პრევენციისა და მინიმიზაციის ფორმით ექნება  პირდაპირი გავლენა როგორც დამსაქმებლებზე, ისე დასაქმებულებზე და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს  საჯარო სიკეთის გაზრდას.

. უზრუნველყოფილი იქნეს სოციალური პარტნიორების აქტიური ჩართულობა და სოციალური დიალოგის კრიტიკული შესაძლებლობები შრომის სფეროში ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების ეფექტური რეალიზაციისათვის, აღნიშნული  შრომის პოლიტიკისა და ეფექტური ეროვნული დასაქმების პოლიტიკის წარმართვის საკვანძო და გადამწყვეტი ფაქტორია.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“[1] საქართველოს კანონი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4486188?publication=2

  1. ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი https://matsne.gov.ge/ka/document/view/4486188?publication=2
  2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილება ,,მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“https://matsne.gov.ge/ka/document/download/4277583/0/ge/pdf
  3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №38 დადგენილება ,,შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2719707?publication=0

  1. საქართველოს პარლამენტის  1997 წლის 2  სექტემბრის # 828 დადგენილება „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებhttps://www.matsne.gov.ge/ka/document/view/38704?publication=0
  2. საქართველოს პარლამენტის 2004 წელს 12 მარტის  #580 დადგენილებით ,,საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“    https://matsne.gov.ge/ka/document/view/42694?publication=0
  3. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, 16 დეკემბერი, 1966, მუხლი 7, https://bit.ly/3hsg2le
  4. 1996 წელს 22 აპრილის შეთანხმება “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1212956?publication=0
  5. COMMISSION STAFF WORKING DOCUMENT, Georgia 2023 Report Accompanying the document Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, 2023 Communication on EU Enlargement policy, Brussels, 8.11.2023: https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf
  6. https://socialjustice.org.ge/ka/products/shromis-usafrtkhoebis-shesakheb-sakartvelos-kanonis-proektis-shefaseba
  7. შრომისინსპექციისწლიურისაქმიანობისანგარიშებისანალიზი:https://lio.moh.gov.ge/report.php?lang=1&id=2
  8. შრომისინსპექციისსამსახურის 2022 წლისსაქმიანობისანგარიში, სამუშაოსივრცეშიმომხდარიუბედურიშემთხვევისშედეგადდაშავებულთადაგარდაცვლილთარაოდენობა: https://lio.moh.gov.ge/stat.php?lang=1&id=202212271826086439640835
  9. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში”, 2017, https:// bit.ly/3yJCUCH; (შემდგომში, EMC, შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება, 2017); საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, „რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს შრომის ინსპექციის არარსებობამ?“ 28 აპრილი, 2014, https://bit.ly/3qW872R
  10. Human Rights Watch, “ არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე – საქართველოში წლების განმავლობაში შრომის ბაზრის დერეგულირება საფრთხეს უქმნის მაღაროელებს“, 8 იანვარი, 2019, https://bit.ly/3xp2Env. „ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დერეგულაციის შემდეგ, სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რიცხვი 74 პროცენტით გაიზარდა.“
  11. რაისა ლიპარტელიანი, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიმოხილვა, ჟურნალი „ჩემი ადვოკატი“, პირველი ნომერი, 6 ივნისი, 2021, https://bit.ly/3wtbcIE; (შემდგომში, ლიპარტელიანი, 2021).
  12. ანა დიაკონიძე, „შრომისა და დასაქმების პოლიტიკა საქართველოში – ფასადური ინსტიტუტები, საერთაშორისო აქტორები და იდეების ბრძოლა“, 2018, გვ. 86, https://bit.ly/2VkSK8d; (შემდგომში, დიაკონიძე, 2018)
  13. UN Committee on Economic, Social and Cultural Rights (CESCR), General comment No. 23 (2016) on theright to just and favourable conditions of work (article 7 of the International Covenant on Economic, Social andCultural Rights), 7 April 2016, E/C.12/GC/23, 54, https://bit.ly/36utSwY.
  14. COMMISSION STAFF WORKING DOCUMENT, Georgia 2023 Report Accompanying the document Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, 2023 Communication on EU Enlargement policy, Brussels, 8.11.2023: https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf
  15. TRUMENT_ID:312289 14 იხ. საქართველოს კანონმდებლობის ოფიციალური ვებგვერდი ‘’მაცნე’’, 2014 წლის 27 ივნისი, ევოკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, თავი 14, მუხლი 348 დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, https:// matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=


[1]1996 წელს 22 აპრილის შეთანხმება “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1212956?publication=0

[2]საქართველოს პარლამენტის  1997 წლის 2  სექტემბრის # 828 დადგენილება „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებhttps://www.matsne.gov.ge/ka/document/view/38704?publication=0

[3]საქართველოს პარლამენტის 2004 წელს 12 მარტის  #580 დადგენილებით ,,საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“    https://matsne.gov.ge/ka/document/view/42694?publication=0

[4]ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში”, 2017, https:// bit.ly/3yJCUCH;(შემდგომში, EMC, შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება, 2017); საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, „რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს შრომის ინსპექციის არარსებობამ?“ 28 აპრილი, 2014, https://bit.ly/3qW872R.

[5] 2 იქვე, იხ., ასევე, Human Rights Watch, “ არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე – საქართველოში წლების განმავლობაში შრომის ბაზრის დერეგულირება საფრთხეს უქმნის მაღაროელებს“, 8 იანვარი, 2019, https://bit.ly/3xp2Env. „ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დერეგულაციის შემდეგ, სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რიცხვი 74 პროცენტით გაიზარდა.“

[6] იქვე

[7]რაისა ლიპარტელიანი, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიმოხილვა, ჟურნალი „ჩემი ადვოკატი“, პირველი ნომერი, 6 ივნისი, 2021, https://bit.ly/3wtbcIE; (შემდგომში, ლიპარტელიანი, 2021).

[8] ანა დიაკონიძე, „შრომისა და დასაქმების პოლიტიკა საქართველოში – ფასადური ინსტიტუტები, საერთაშორისო აქტორები და იდეების ბრძოლა“, 2018, გვ. 86, https://bit.ly/2VkSK8d; (შემდგომში, დიაკონიძე, 2018)

[9] UN Committee on Economic, Social and Cultural Rights (CESCR), General comment No. 23 (2016) on the

right to just and favourable conditions of work (article 7 of the International Covenant on Economic, Social and

Cultural Rights), 7 April 2016, E/C.12/GC/23, 54, https://bit.ly/36utSwY.

[10]საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №38 დადგენილება ,,შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

[11]შრომისინსპექციისწლიურისაქმიანობისანგარიშებისანალიზი:https://lio.moh.gov.ge/report.php?lang=1&id=2

[12]„შრომის უსაფრთხოების შესახებ“[12] საქართველოს კანონი

[13]საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილება ,,მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“

[14],,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი

[15]COMMISSION STAFF WORKING DOCUMENT, Georgia 2023 Report Accompanying the document Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, 2023 Communication on EU Enlargement policy, Brussels, 8.11.2023: https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf

[16]TRUMENT_ID:312289 14 იხ. საქართველოს კანონმდებლობის ოფიციალური ვებგვერდი ‘’მაცნე’’, 2014 წლის 27 ივნისი, ევოკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, თავი 14, მუხლი 348 დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, https:// matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0

[17]შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა: https://lio.moh.gov.ge/stat.php?lang=1&id=202212271826086439640835