English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ გივი ვეშაპელი
შრომის პოლარიზაციის თავისებურებები საქართველოში

ანოტაცია. შრომის ბაზრის პოლარიზაცია დღეისათვის მეტად აქტუალური საკითხია. იგი უკავშირდება საშუალოკვალიფიკაციური კადრების „გაქრობას“ შრომის ბაზარზე.  უამრავი კვლევა ტარდება ამ პროცესის ასახსნელად და სიღრმისეულად შესასწავლად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ნაკლებადაა შრომის პოლარიზაციაზე  ჩატარებული კვლევები.

ნაშრომში გადმოცემულია პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზები  და დღეს მსოფლიოში არსებული ტენდენციები OECD ქვეყნების მაგალითზე.

საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე  კი შესწავლილია შრომის პოლარიზაცია საქართველოში 2017-2022 წლებში. კვლევა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამუშაო ძალის კვლევის მონაცემთა ბაზებიდან აღებულ მონაცემებს. სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა შრომის ბაზრის პოლარიზაციის დონე საქართველოში.  განხორციელებული კვლევის შედეგების მიხედვით დასტურდებარომ საქართველოს შრომის ბაზარზე სუსტად გამოხატული პოლარიზაცია.

საკვანძო სიტყვები: შრომის ბაზარი; პოლარიზაცია; ავტომატიზაცია; ტექნოლოგიური ცვლილებები; გლობალიზაცია; 

შესავალი

2000-იანი წლებიდან ტექნოლოგიურ განვითარებასთან და კომპიუტერიზაციასთან ერთად,  გაჩნდა მოსაზრება რომ ამ პროცესებს დიდი გავლენა ექნებოდათ შრომის ბაზარზე. ამ კონცეფციის  მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა,  რომ ამ პროგრესს რუტინულ და არა-რუტინულ სამუშაოებზე განსხვავებული გავლენა ექნებოდა. რუტინული სამუშაო გაცილებით მარტივია ჩანაცვლდეს კომპიუტერებით, ხელოვნური ინტელექტითა თუ რობოტებით. რუტინული სამუშაოების გაქრობა კი იწვევს ზუსტად საშუალო კვალიფიციური მუშახელის გადინებას ან უფრო დაბალ ან უფრო მაღალკვალიფიციურ სამუშაოებზე ან თუნდაც უმუშევრობას. ამ პროცესს ეწოდება შრომის პოლარიზაცია, რომელიც ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი, როდესაც საშუალო კვალიფიცურ პერსონალს არ უწევს უმუშევრობაში გადასვლა, იწვევს მათ „გადინებას“ უფრო დაბალკვალიფიციურ და მაშასადამე დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე. ეს თეორია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში პოპულარულია და ბევრი მკვლევარი მუშაობს მასზე (Autor, Dorn, 2013).

შრომის ბაზრის პოლარიზაციის სპეციფიკა მდგომარეობს შემდეგში: ის ამცირებს „ცუდი“ სამუშაოებიდან „კარგ“ სამუშაოებზე გადასვლის შესაძლებლობას. ეს ხდება საშუალო რგოლის სამუშაოების შემცირებით რაც ასუსტებს ვერტიკალური მობილობის შესაძლებლობას. ის ვინც, მაგალითად, კარიერას იწყებს დაბალკვალიფიციური სამსახურით, ურთულდება მაღალკვალიფიციურ სექტორში გადასვლა, სადაც, უკეთესი პირობები და შემოსავლებია (დიაკონიძე; 2020). აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა დიდ წილად სტუდენტებსაც ეხებათ, რადგან სწორედ ისინი არიან უმეტესად წარმოდგენილები შრომის ბაზრის დაბალ რგოლზე (მაგ: მომსახურების სფერო).

მიუხედავად იმისა, რომ შრომის პოლარიზაცია ევროპასა და ამერიკაში ძალიან აქტუალური თემაა და შესაბამისად კვლევებიც ტარდება, საქართველოში ამ მხრივ კვლევები ფაქტობრივად არ ჩატარებულა. შრომის პოლარიზაციასთან ერთად, საჭიროა შევისწავლოთ მისი სპეციფიკა რადგან ევროპასა და საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავლების განაწილებაც კვალიფიკაციების მიხედვით განსხვავდება. 

შრომის პოლარიზაცია: თეორიული ასპექტები და  გამომწვევი მიზეზები

შრომის პოლარიზაციაზე ჩატარებული პირველი რაოდენობრივი კვლევები გვაჩვენებს ცალსახა კორელაციას შრომის ბაზარზე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალგანათლებულ დასაქმებულებზე გაზრდილ მოთხოვნას შორის (ამ კორელაციას სხვანაირად, უნარებზე დამოკიდებულ ტექნოლოგიურ ცვლილებასაც უწოდებენ). აუტორის (Autor, 2003) აზრით, კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა შრომის ბაზარზე, იწვევს ცვლილებებს დასაქმებულების მიერ შესრულებულ დავალებებში, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მოთხოვნის კლებას ადამიანურ უნარებზე. კომპიუტერების ტექნოლოგიები, შრომის ბაზარზე ანაცვლებს დასაქმებულ ადამიანებს, თუმცა ეს პროცესი ყოვლისმომცველი არ არის და უმეტესად, კოგნიტურ და ფიზიკურ დავალებებს მოიცავს, რომლებიც  სრულდება წინასწარ დაწესებული და განსაზღვრული წესებით, ამ უკანასკნელს „რუტინული დავალებები“ ეწოდება. ავტომატიზაციის პროცესი მეორე მხრივ საფრთხეს არ უქმნის ისეთ დასაქმებულებს, რომლებიც ასრულებენ, კომპლექსურ, კრეატიულ დავალებებს და ითხოვს პრობლემების გადაჭრის უნარს - „არა-რუტინული დავალებები“. როდესაც ტექნოლოგიებზე ფასი იკლებს, ზემოხსენებული ორი მექანიზმი (რუტინულ დავალებებზე ადამიანების ჩანაცვლება და არა-რუტინულზე პირიქით, ადამიანების „შემავსებლის“ როლის თამაში) ზრდის მოთხოვნას ისეთ განათლებულ მშრომელებზე, რომლებსაც შეუძლიათ არა-რუტინული დავალებების შესრულება.

გუსის და მენინგის (Goos, Manning, 2007) კვლევის თანახმად რუტინული დავალებები, რომლებიც საჭიროებს სიზუსტეს და შეიძლება შესრულდეს კომპიუტერების ან რობოტების მიერ (როგორიცაა, მაგალითად, ზოგიერთი საფინანსო დავალება) არ არის აუცილებელი კლასიფიცირდეს, როგორც დაბალკვალიფიციური. ზოგიერთი არა რუტინული ფიზიკური დავალება, რომელიც არსებითად მოიცავს კოორდინაციის უნარს (როგორიცაა პროდუქტების თაროებზე მოთავსება, ან სამსახურის პროფესიებში შესრულებული დავალება, რომელიც მოიცავს სხვების დახმარებას) მოითხოვს ძალიან მცირე კვალიფიკაციას. შედეგად, ავტომატიზაცია იწვევს გაზრდილ მოთხოვნას მაღალანაზღაურებად კვალიფიციურ სამუშაოებზე, რომლებიც, როგორც წესი, მოითხოვს არა რუტინულ კოგნიტურ უნარებს და გაზრდის მოთხოვნას დაბალკვალიფიციურ, დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, რომლებიც, როგორც წესი, საჭიროებენ არა რუტინულ ფიზიკურ უნარებს. საპირისპიროდ, იკლებს მოთხოვნა "შუალედურ" რგოლზე, რომლებიც საჭიროებენ რუტინულ ფიზიკურ და კოგნიტურ უნარებს. ეს პროცესი იწვევს შრომისა და შემოსავლების პოლარიზაციას. თუ ყველაზე გამოცდილი მუშები ასრულებენ არა  რუტინულ კოგნიტურ დავალებებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად გამოცდილი მუშები ასრულებენ არა-რუტინულ ფიზიკურ დავალებებს, შრომის პოლარიზაცია წარმოდგენილი იქნება როგორც სამუშაო ადგილების ზრდა შემოსავლების განაწილების ზედა და ქვედა ნაწილებში. რუტინული დავალებების შემცირება, იქნება ეს კოგნიტური თუ ფიზიკური იწვევს საშუალო კვალიფიციური ადგილების შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ შრომის პოლარიზაციის განხილვა შემოსავლებით უთანასწორობის პერსპექტივიდან საინტერესო და აქტუალურია ჩვენს რეალობაში. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთის ქვეყნებში ანაზღაურება შეესაბამება კვალიფიკაციის დონეს, ხოლო საქართველოში, სავარაუდოა რომ ამ მხრივ განსხვავებული სურათი იქნება.

ალან მენინგი ერთმანეთთან აკავშირებს პოლარიზაციას და უთანასწორობას, მისი აზრით, შრომის ბაზარზე სტრუქტურული ცვლილებები ქმნის „მოგებულებს“ და „წაგებულებს“. შრომის პოლარიზაცია არ ვლინდება როგორც შემოსავლების უთანასწორობის მასიური ზრდის წინაპირობა, არამედ როგორც დიფერენცირებული გავლენა ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის.

შრომის პოლარიზაციის ორი ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი გამოიყოფა, ესენია:

  1. ტექნოლოგიური ცვლილება - რუტინული სამუშაოები, ავტომატიზაციის გამო აღარ არის ისეთი მოთხოვნადი როგორც წარსულში იყო.
  2. გლობალიზაცია და ოფშორინგი - გლობალური ვაჭრობის ზრდა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება ნიშნავს, რომ ზოგიერთი სამუშაოები დასავლეთ ევროპის გარეთ მდებარე ქვეყნებში გადავიდა.

შრომის პოლარიზაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, აუცილებელია განისაზღვროს, თუ კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოებს ეხება მთელი ეს პროცესი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია აუტორის (2003) „უნარებზე დამოკიდებული ტექნოლოგიური ცვლილების“ ჰიპოთეზა (ცნობილია როგორც SBTC).

ნახ.#1

ნახაზი #1: ავტომატიზაციის გავლენა სამუშაოს სხვადასხვა ტიპზე

დავალება

დავალების ტიპი

სამუშაო ტიპის მაგალითი

ავტომატიზაციის გავლენა

რუტინული

კოგნიტური

ბუღალტერი

პირდაპირი შეცვლა

რუტინული

ფიზიკური

საწარმოო ხაზში დასაქმებული მუშა

პირდაპირი შეცვლა

არა-რუტინული

კოგნიტური

მეცნიერი, იურისტი

შემავსებელი

არა-რუტინული

ფიზიკური

ავტობუსის მძროლი

შეზღუდული ჩანაცვლება

წყარო: გუსი(2010)

ცხრილი #1-ზე მოცემულია ფერდანდეზ-მაციასის (Fernandez-Macias) აზრით (2012) გამოყოფილი სამუშაოს ტიპები. მისი აზრით გამოიყოფა  შემდეგი ოთხი ტიპი:

  • რუტინული - კოგნიტური დავალებები: ეს ის განმეორებადი სამუშაოებია რომლებიც მოითხოვს ინფორმაიის გადამუშავებას. ტექნოლოგიურ რევოლუციამდე რთული იყო ადამიანური ძალის ჩანაცვლება კომპიუტერებით, თუმცა ახლა ეს უფრო მარტივდება, რაც ასეთი სამუშაოების კლებას იწვევს.
  • რუტინული - ფიზიკური (Manual) დავალებები: განმეორებადი შრომა ფიზიკური სახით. ასეთი სამუშაოები ინდუსტრიული რევოლუციის დროსაც და განსაკუთრებით ახლაც დიდწილად ჩაანაცვლა დანადგარებმა და კომპიუტერებმა.
  • არარუტინული - კოგნიტური დავალებები: სეთი ტიპის სამუშაოებისთვის დამახასიათებელია არა-კოდირებადი ცოდნა, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მოითხოვს დასაქმებულის მხრიდან სამუშაოსთან დაკავშირებულ ან თუნდაც ზოგად ცოდნას, რომელიც ამ ეტაპზე შეუძლებელია რაიმე რობოტით ან ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლდეს.
  • არარუტინული - ფიზიკური დავალებები: ეს არის „არაგანმეორებადი“ ფიზიკური დავალებები, რომლებიც მოითხოვენ ხელისა და თვალის კოორდინაციის უნარს (‘hand-eye coordination). ეს კი უფრო მეტად დაბალკვალიფიციური სამსახურებისთვისაა დამახაასიათებელი. 

ბევრი საშუალოდ კვალიფიციური სამუშაო შეიძლება ჩაითვალოს როგორც რუტინული, ხოლო დაბალკვალიფიციური კი როგორც არარუტინული. ეს კი იწვევს სამუშოების პოლარიზაციას. მაღალკვალიფიციურ მუშახელს ხელს უწყობს ტექნოლოგიები და დაბაკვალიფიციურ არარუტინული მშრომელები კი სარგებლობენ მაღალკვალიფიციურ სამუშაოების სიმვრავლისგან გამოწვეული მოთხოვნით. საშუალოკვალიფიციუირ რუტინული მშრომელები კი მთლიანად ნაცვლდებიან ახალი ტექნოლოგიებით (Goos & Manning, 2007).

შეხედულებები იმაზე, თუ როგორი გავლენა აქვს გლობალიზაციას შრომის ბაზარზე OECD-ს ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა. 1980-იან და 1990-იან წლებში მთავარ გამოწვევად დაბალგანვითარებულ ქვეყნებში წარმოების გადატანა ითვლებოდა. 2000-იანი წლებიდან კი მთავარი ფოკუსი გადავიდა წარმოების პროცესის გარკვეული ნაწილის რელოკაციაზეგანვითარებად ქვეყნებში, რასაც ოფშორინგი ეწოდება (Acemoglu და Autor 2011). ბლინდერის და კრუგერის (Blinder and Krueger) 2009 წლის კვლევის თანახმად ამერიკაში სამუშაო ადგილების 25% უახლოს 20 წელში შეიძლება ოფშორინგის საფრთხე შეექმნას.ოფშორინგი შრომის პოლარიზაციის წარმოქმნის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია,გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი გულისხმობს რუტინული, საშუალოდ კვალიფიციური სამუშაოების გადასვლას ერთი ქვეყნიდან (განვითარებული) მეორეში (განვითარებადი). ბლინდერი და კრუგერი (2009) გამოყოფენ ორ კრიტერიუმს, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ სამუშაო რომელსაც შეიძლება ოფშორინგის საფრთხე შეექმნას, ესენია:

  1. ითხოვს თუ არა კონკრეტული სამუშაო პირისპირ კომუნიკაციას ან კონტაქტს მომხმარებელთან
  2. შეიძლება თუ არა სამუშაო შესრულდეს დისტანციურად იმის გათვალისწინებით რომ პროდუქციის ან სერვისის მიწოდების ხარისხი არ შეიცვლება უარესობისკენ

ამრიგად, შრომის პოლარიზაციის გამომწვევი ეს მიზეზი, გლობალურ ჭრილში, ამცირებს განვითარებულ ქვეყნებში საშუალო რგოლის სამუშაოებს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში - ზრდის დაბალ და მაღალ რგოლში დასაქმებული ადამიანების რაოდენობას.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, რაც უფრო მაღალია დასაქმებულის განათლების/კვალიფიკაციის ხარისხი, მით უფრო დაბალია მისი სამუშაოს ავტომატიზირების რისკი. თუმცა,  ტექნოლოგიების გავრცელებას განსხვავებული გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა კვალიფიკაციების მქონე მუშაკებზე. ზოგადად, იგი მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისთვის დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ზრდის მათ პროდუქტიულობას, და შესაბამისად, ხელფასსაც. ამავდროულად ამცირებს  დაბალკვალიფიციური კადრის საჭიროებას.

საინტერესოა  ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება შრომის ბაზარზე პოლარიზაციასთან დაკავშირებით. შრომის პოლარიზაცია ევროპაში სიღრმისეულად არის შესწავლილი (Goos & Manning, 2007; Goos et al., 2009; Goos et al., 2010; Jerbashian 2019; Wang et al., 2015). გუსის 2010 წლის კვლევაში, სადაც შეისწავლეს შრომის პოლარიზაცია ევროპის 16 ქვეყენაში, დაადგინეს რომ 1993-2006 წლამდე იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შრომის ბაზრის ქვემო და ზემო რგოლების ზრდაში, ხოლო საშუალო რგოლის (საწარმოო და რუტინულ) სამუშაოების კლებაში აისახა.

1990-იანი წლებიდან, ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს ადამიანები ბევრ საშუალო კვალიფიციურ რუტინულ სამუშაოზე, თუმცა ამასთან ერთად შექმნეს ბევრი დაბალ და მაღალკვალიფიციური სამუშაოებიც. OECD-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც ასახავს მასში შემავალი 21 ქვეყნის შრომის ბაზრების მონაცემებს, 1990-იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე, საშუალოდ, 8%-ით მოიკლო საშუალო კვალიფიციური სამუშაო ადგილების რაოდენობამ, 2%-ით დაბალკვალიფიციურმა, ხოლო 10%-ით გაიზარდა მაღალკვალიფიციური სამუშაოების რაოდენობა (ნახაზი 2).

ნახ. #2

ნახაზი  #2: OECD-ს ქვეყნების შრომის პოლარიზაციის დონე 1990 - 2010 წლებში

(პროცენტული ცვლილება  სამუშაო ჯგუფების მიხედვით)

წყარო: OECD calculations based on LIS, ECHP and EU-SILC

 შრომის ბაზარი და შრომის ბაზრის პოლარიზაციის გამოვლინებები საქართველოში

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დაბალი ბუნებრივი მატებისა და გაზრდილი მიგრაციული ნაკადის შედეგად, კლებადობით ხასიათდება შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის კვლევის (lmis.gov.ge) თანახმად 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 2.1%-ით მეტია, უმუშევრობის მაჩვენებლები გენდერულ ჭრილში გვიჩვენებს, რომ უმუშევრობის დონე მამაკაცებში აღემატება ქალებისას. ამის ერთ ერთი გამომწვევი მიზეზი სამუშაო ძალაში მამაკაცებისა და ქალების არათანაბარი ჩართულობაა (მამაკაცები - 63%, ქალები - 40.5%).

საქართველოს შრომის ბაზარს ევროპულისგან განსხვავებული სპეციფიკა აქვს.  ზოგადად,  ევროპულ და ამერიკულ რეალობაში სამუშაო ადგილების გადანაწილება კვალიფიკაციების მიხედვით  გულისხმობს მათ გადანაწილებას შემოსავლების მიხედვითაც. ეს უმთავრესად უკავშირდება იმას,  რომ ამ ქვეყნებში ანაზღაურება კვალიფიკაციის დონეს შეესაბამება. საქართველოში კი მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო პოზიცია ავტომატურად არ ნიშნავს მაღალ ანაზღაურებას. თუმცა, კვლევების მიხედვით, ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული შრომის ბაზრის პოლარიზებაში.

საქართველოს შრომის ბაზრის პოლარიზაციის გამოსავლენად პირველ რიგში, განვახორციელეთ სამუშაო ადგილების კლასიფიცირება მაღალ, საშუალო და დაბალ სამუშაო ადგილებად. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული ჯგუფების მიხედვით, დასაქმებულთა განაწილების შესახებ სტატისტიკა მხოლოდ 2017 წლიდან არის ხელმისაწვდომი, კვლევაში ასახულია 2017 წლიდან 2021 წლამდე შრომის პოლარიზაციის დინამიკა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში არ ფიგურირებენ სოფლის მეურნეობის სფეროს მუშაკები. ამის მთავარი განმაპირობებელი ისაა, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკები არ არიან წარმოდგენილი ფორმალურ შრომის ბაზარზე და თვითდასაქმებულებად კლასიფიცირდებიან (დიაკონიძე. 2020).

ნახ. #3

ნახაზი #3: დასაქმებულთა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით საქართველოში

პროფესიული ჯგუფი

2017

2022

დაბალკვალიფიციური

15.1%

11.4%

დამწყები კვალიფიკაციის

6.5%

3.9%

სერვისისა და გაყიდვებისსფეროს მუშაკები

8.6%

7.5%

საშუალოკვალიფიციური

12.7%

9.9%

ოფისის დამხმარე მუშაკები

2.9%

2.0%

ხელოსნები და მონათესავე სფეროს მუშაკები

5.5%

4.7%

დანადგარებისა და მანქანების ოპერატორები

4.3%

3.3%

მაღალკვალიფიციური

18.9%

14.4%

მენეჯერები

3.7%

2.6%

პროფესიონალები

9.5%

7.5%

ტექნიკოსები და ასოცირებული პროფესიონალები

5.7%

4.3%

       

წყარო: ავტორისეული გაანგარიშებები სტატისტიკის ეროვნული სამსახურს მონაცემებზე დაყრდნობით.

ნახაზი ძალიან სუსტად გამოხატულ პოლარიზაციაზე მიგვითითებს. 2022 წელს ნაკლები ყველა სამუშაო რგოლში დასაქმებულების პროცენტული წილი. ამის მიუხედავად, მსგავსია შრომის პოლარიზაციის დონის ზოგადი სურათი. კვლავ, ყველაზე მეტი დასაქმებული მაღალკვალიფიციურ სამუშაოებზეა (14.4%) რასაც მოსდევს დაბალკვალიფიციური სამუშაოებზე დასაქმებულები (11.4%) და საბოლოოდ, პროცენტულად ყველაზე ნაკლები ადამიანი საშუალოკვალიფიციურ სამუშაოებზეა (9.9%).

თუ შრომის პოლარიზაციას შემოსავლების გადანაწილების პერსპექტივიდანაც შევხედავთ, ამისათვის, განვიხილოთ  სამუშაო ადგილების გადანაწილება შემოსავლების მიხედვით საქართველოში. ანაზღაურების დონეები დაყოფილია შემდეგნაირად: დაბალი ანაზღაურება -  600 ლარი ან მასზე ნაკლები, საშუალო - თვიური 601-1500 ლარამდე, ხოლო მაღალი -1501 ან მეტი ლარი. ნახაზი #4 კარგად ჩანს, რომ საქართველოში ყველა პროფესიულ ჯგუფში დაბალი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილების წილი არის ყველაზე დიდი.  

ნახ. #4

ნახაზი #4: სამუშაო ადგილების განაწილება შემოსავლების მიხედვით საქართველოში (%)

 

წყარო: ავტორისეული გაანგარიშებები საქსტატის მონაცემების მიხედვით

განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც იზრდება დაბალ და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ქრება საშუალო რგოლი, საქართველოში საპირისპირო სურათი იკვეთება: დაბალანაზღაურებადი სამუშაოები ჭარბობს ყველა სამუშაო ადგილზე, იქნება ეს მაღალ, საშუალო თუ დაბალკვალიფიციური. 

დასკვნა

  • ტექნოლოგიურ განვითარება და კომპიუტერიზაცია  დიდი გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე. ამავდროულად,   უნდა აღინიშნოს რომ ეს პროცესი  რუტინულ და არა-რუტინულ სამუშაოებზე განსხვავებულად აისახება. რუტინული სამუშაო მარტივად იცვლება კომპიუტერებით, ხელოვნური ინტელექტითა თუ რობოტებით. სწორედ ეს იწვევს ზუსტად საშუალოკვალიფიციური მუშახელის გადინებას ან უფრო დაბალ ან უფრო მაღალკვალიფიციურ სამუშაოებზე ან თუნდაც უმუშევრობას. ამ პროცესს ეწოდება შრომის პოლარიზაცია, რომელიც ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი, როდესაც საშუალოკვალიფიცურ პერსონალს არ უწევს უმუშევრობაში გადასვლა, იწვევს მათ „გადინებას“ უფრო დაბალკვალიფიციურ და მაშასადამე დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე.
  • ევროპის ქვეყნებისათვის (ზოგადად მსოფლიოსთვის) შრომის პოლარიზაცია ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.
  • კვლევის შედეგებისა და დოკუმენტების ანალიზის შედეგად, აღმოჩნდა რომ ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა.
  • საქართველოში ძალიან სუსტად ვლინდება შრომის პოლარიზაცია. ხუთწლიანი დინამიკის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ სიტუაცია ამ პერიოდში არ შეცვლილ - კვლავ ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი მაღალკვალიფიციურ რგოლშია, რასაც მოსდევს დაბალ და საბოლოოდ საშუალოკვალიფიციური სამუშაოები. ანაზღაურების კონტექსტში კი დაბალანაზღაურებადი სამუშაოები ჭარბობს ყველა სამუშაო ადგილზე, იქნება ეს მაღალ, საშუალო თუ დაბალკვალიფიციური.
  • ერთი მხრივ უმუშევრობის დონის კლებასთან რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას და მეორე მხრივ ავტომატიზაციის პროცესთან ერთად, იზრდება რისკი, რომ საშუალო და დაბალკვალიფიციური მუშახელი საქართველოში დროდადრო ჩანაცვლდება შედარებით უფრო ნაკლები მაღალკვალიფიციური კადრებით. 

ბიბლიოგრაფია:

  1. დიაკონიძე ა. (2020) შრომის ბაზრის პოლარიზაცია და მისი სპეციფიკა საქართველოში
  2. 2.       თოთლაძე ლ., ვეშაპელი გ. (2021) ციფრული ტრანსფორმაციის შრომასა და  შრომის ბაზარზე  გავლენის საკითხისათვის.  Proceedings of Materials of International Scientific Conference “ECONOMIC, SOCIAL, ECOLOGICAL AND TECHNOLOGICAL CHALLENGES IN XXI-st CENTURY”.  P. 169-176.  PUBLISHING HOUSE OF PAATA GUGUSHVILI INSTITUTE OF ECONOMICS OF IVANE JAVAKHISHVILI TBILISI STATE UNIVERSITY; ISBN 978-9941-491-53-5;  Tbilisi, 2021. (თანაავტორი გ. ვეშაპელი)  http://conferenceconomics.tsu.ge/doc/2021%20konf.pdf
  3. პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა (2022) პროფესიული უნარების სააგენტო,  2022;
  4. საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი 2022; ხელმისაწვდომია: https://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=UserReport&ID=6d62d354-2f42-4614-9038-fdaea4c0d13d
  5. Acemoglu, D., & Autor, D. (2010). Skills, tasks, and technologies: implications for employment and earnings (Ser. Nber working paper series, no. w16082). National Bureau of Economic Research.
  6. Autor, D. H., & Dorn, D. (2013). The growth of low-skill service jobs and the polarization of the US labor market. American Economic Review,103(5), 1553–1597.
  7. Autor, D. H., Katz, L., & Kearney, M. (2008). Trends in U.S. wage inequality: Revising the revisionists. The Review of Economics and Statistics, 90(2), 300–323.
  8. Blinder, A. S., and Rueger, A. B. K. 2013. “Alternative Measures of Offshorability: A Survey Approach.” Journal of Labor Economics 31: 97–128.
  9. Coville A. Fernandez C. Mannava A. Piza C. Raja S. (2019), Empirical Evidence for broadband as a skills-biased technology
  10. Fernandez-Macias, E. (2012). Job polarization in Europe? changes in the employment structure and job quality, 1995-2007. Work and Occupations, 39(2), 157–182.
  11. Goos, M., & Manning, A. (2007). Lousy and lovely jobs: the rising polarization of work in Britain. The Review of Economics and Statistics, 89(1), 118–133.
  12. Goos, M., Manning, A., & Salomons, A. (2009). Job polarization in Europe. The American Economic Review, 99(2), 58–63.
  13. Jerbashian, V. (2019). Automation and job polarization: on the decline of middling occupations in Europe. Oxford Bulletin of Economics and Statistics, 81(5), 1095–1116.
  14. Wang, J., Caminada, K., Goudswaard, K. and Wang, Ch., (2015). Decomposing Income Polarization and Tax – Benefit Changes Across 31 European Countries and Europe Wide, 2004-2012, Leiden University, Department of Economics.
  15. www.Geostat.ge
  16. https://www.oecd.org/
  17. https://www.ilo.org/global/lang--en/index.htm