English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ გიგი ელიზბარაშვილი
საქართველოს თანაზომიერი განვითარების არსისა და მისი შეფასების ინდიკატორების შესახებ

ანოტაცია. სტატიის მიზანია თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი მინიმიზაციის გზების ძიება. ამისათვის შევიმუშავებთ ქვეყნის ეკონომიკის თანაზომიერი განვითარების შეფასების ინდიკატორებს. მიღებული შედეგები საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ საქართველოს დედაქალაქის განვითარების დონესა და რეგიონების განვითარების დონეებს შორის არასებული დისბალანსი. მიღებული შედეგების საფუძველზე კი წარმოვადგენთ რეკომენდაციებს თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში იმისათვის, რომ არათანაზომიერი ეკონომიკური განვითარება მინიმუმამდე დავიდეს და ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკური განვითარების გზაზე შეუფერხებლად სვლა.
საკვანძო სიტყვები: თანაზომიერი ეკონომიკური განვითარება, დისბალანსი, თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების გადახრის კოეფიციენტები, ეკონომიკური განვითარების დიაპაზონები.

შესავალი

ქვეყნის თანაზომიერი განვითარება თანამედროვე პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რასაც ჩრდილქვეშ აყენებს დედაქალაქისა და რეგიონების განვითარების დონეებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი. არ არსებობს ქვეყანა, თუ ის ძალიან მცირე ზომის არ არის, რომელსაც აღნიშნული დისბალანსი არ ახასიათებს [პაპავა, 2013].  არათანაბარი განვითარების დროს რესურსების დიდი ნაწილი ძირითადად დედაქალაქშია თავმოყრილი და შესაბამისად, რეგიონებთან შედარებით ცხოვრების სტანდარტიც მაღალია, რაც იწვევს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დედაქალაქში თავმოყრას და რეგიონების დეპოპულაციას.

დეპოპულაციას, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამამძიმებელ გარემოებას, თითქმის მთელი მსოფლიო ებრძვის, რომლის აღმოსაფხვრელადაც საჭიროა მისი მამოძრავებელი ეკონომიკური, პოლიტიკური, ინსტიტუციური თუ სოციო-კულტურული ფაქტორების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების ძიება [Plieninger, et al., 2016: 204].  ეკონომიკური ფაქტორებიდან აღსანიშნავია რეგიონში ინვესტიციების სიმცირე, კაპიტალის ხელმიუწვდომლობა და უმუშევრობა. სოციალური ფაქტორებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონში  შემოსავლების დაბალი, ხოლო ფასების მაღალი დონე. ინსტიტუციური ფაქტორები ეხება იმ მახასიათებლებსა და ელემენტებს, რომლებიც განსაზღვრავენ ინსტიტუტების ფუნქციონირებას და აყალიბებენ საზოგადოებრივ, თუ ორგანიზაციულ ქცევას. პოლიტიკური ფაქტორების ქვეშ კი მოიაზრება მთავრობის მიერ გასატარებელ იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც გარკვეული პროცესების ხელშეწყობას ან თავიდან აცილებას ემსახურება [EP, 2023].

რეგიონების დეპოპულაციის შედეგად დედაქალაქში კონცენტრირებული მოსახლეობის რაოდენობა იწვევს ნაკლებად კვალიფიციური სამუშაო ძალის ჭარბ მიწოდებას, ხელფასების შემცირებას და უმუშევრობის საერთო დონის ზრდას. ამავდროულად მოსახლეობისგან დაცარიელებულ რეგიონებში ეკონომიკური აქტივობა ქრება, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის უკუსვლას იწვევს.

მოცემული კვლევის მიზანი თემის აქტუალობიდან გამომდინარე, თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებაა, რომლისთვისაც გამოყენებულია თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების შეფასების ავტორის მიერ შემუშავებული ინდიკატორები. მას შემდეგ, რაც გამოვლინდება დისბალანსი საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის, დაიწყება მისი მინიმუმამდე დაყვანის გზების ძიება, რაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურ დონეზე შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

საქართველოს ეკონომიკის თანაზომიერი განვითარების შეფასების მეთოდოლოგია

თანაზომიერი განვითარების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანსაც საქართველოს მოსახლეობაში თბილისის მოსახლეობის წილის დადგენა წარმოადგენდა. ვინიდან, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და ამასთანავე ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, განვიხილეთ, როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დედაქალაქის დემოგრაფიული მდგომარეობა (იხ. დიაგრამა1) [CP, n.d].

დიაგრამა 1

 

გამოვლინდა, რომ გამოკვლეული ორმოცი ქვეყანის დედაქალაქს შორის თბილისის მოსახლეობის წილის პროცენტულ მაჩვენებელს - 33%-ს, მხოლოდ მეზობელი სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის შესაბამისი დემოგრაფიული მაჩვენებელი აღემატება. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი თბილისში ცხოვრობს, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. მართალია, ზოგიერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსაც უფიქსირდება მაღალი მაჩვენებლები ამ კუთხით, თუმცა განვითარებული ეკონომიკის წყალობით, მათი მოსახლეობა ქვეყნის შიგა ეკონომიკურ დისბალანსს ნაკლებად განიცდის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე 2022 წლის მონაცემებით შეადგენს 2 383,3 ადამიანს, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 1 კვ. კმ-ზე  სიმჭიდროვეს 18,4-ჯერ აღემატება, გურიისას - 45-ჯერ, იმერეთისას - 31,8-ჯერ, კახეთისას 87,9-ჯერ, მცხეთა-მთიანეთისას - 143,7 ჯერ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისას - 396-ჯერ, სამეგრელო-ზემო სვანეთისას - 58,1-ჯერ, სამცხე-ჯავახეთისას - 102-ჯერ, ქვემო ქართლისას - 34,3-ჯერ, შიდა ქართლისას - 31,6-ჯერ [საქსტატი, 2023ბ]. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მრავალფეროვანი რელიეფი გააჩნია და მოსახლეობის სიმჭიდროვის გამოთვლისას დაუსახლებელი ტერიტორიების ფართობებიც იღებს მონაწილეობას, მოცემული ციფრები მაინც სავალალო მდგომარეობის მანიშნებელია რეგიონებისთვის.

ქვეყნების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების დღის წესრიგში უნდა იდგეს აღნიშნული უთანაბრობის მინიმუმამდე დაყვანა. თითოეული ქვეყნის რეალური განვითარებისთვის უნდა არსებობდეს გარკვეული ბალანსი რეგიონისა და დედაქალაქის განვითარებას შორის, რის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის ყველა ტერიტორიული ერთეულის მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ამ პრობლემის თვალნათლივ საჩვენებლად, შევიმუშავეთ ქვეყნის ეკონომიკის თანაზომიერი განვითარების დონის შეფასების ინდიკატორები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება თითოეული ქვეყნის ნებისმიერი ტერიტორიული ერთეულის ეკონომიკური განვითარების ერთმანეთთან შედარება. (სტატიაში განხილულია მხოლოდ დედაქალაქისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონეების, როგორც ერთმანეთთან, ასევე ქვეყნის საშუალო ეკონომიკურ განვითარებასთან შედარება). ამისათვის შევიმუშავეთ თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების გადახრის კოეფიციენტები KR1,KR2;KC1,KC2 და მათი გამოსათვლელი ფორმულები, რომელთა ზოგად აღნიშვნასაც წარმოადგენს KXx:

1. ქვეყნის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარებიდან რეგიონალური გადახრის კოეფიციენტი (KR1) ერთმანეთს ადარებს ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის საშუალო ეკონომიკური განვითარების დონეებს:

სადაც: GDP მთლიანი სამამულო პროდუქტია, RGDP - რეგიონის მთლიანი სამამულო პროდუქტი, N - ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, ხოლო RN - რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა.

2. დედაქალაქის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარებიდან რეგიონული გადახრის კოეფიციენტი(KR2) გვიჩვენებს ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებლის გადახრას დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების დონიდან:

სადაც: CGDP დედაქალაქის მთლიანი სამამულო პროდუქტია, ხოლო CN - დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა.

3. ქვეყნის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარებიდან დედაქალაქის გადახრის კოეფიციენტი (KC1) გვიჩვენებს, დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებლის გადახრას ქვეყნის საშუალო ეკონომიკურ განვითარების დონიდან:


4. რეგიონის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარებიდან დედაქალაქის გადახრის კოეფიციენტი (KC2) წარმოადგენს დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებლის გადახრას რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონიდან:

თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების გადახრის კოეფიციენტების გამოსათვლელ ფორმულირებასთან ერთად ამ კოეფიციენტების რიცხვით ღერძზე განლაგებისთვის და თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების სტატუსის განსაზღვრისთვის ასევე შევიმუშავეთ ეკონომიკური განვითარების სამი დიაპაზონი. ქვეყნის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების არეალს ის დიაპაზონი განსაზღვრავს, რომელშიც ყველაზე მაღალი გადახრის მქონე კოეფიციენტი მოექცევა, კოეფიციენტების მოდულის სიმცირე კი ნაკლები უთანაბრობის მანიშნებელია. აღნიშნული დიაპაზონები შემდეგი კვადრატული ფუნქციების ამონახსნებია:

I დონის დიაპაზონიათანაზომიერი ეკონომიკური განვითარების დიაპაზონი

(-0,5 < Kxn < 0,5), რომელიც რიცხვით ღერძზე წარმოდგენილია დაშტრიხული ველის სახით.

 (იხ. გრაფიკი 1).

 

II დონის დიაპაზონიაარათანაზომიერი ეკონომიკური განვითარების დიაპაზონი“

(0,5 < Kxn  ≤ 1 და -1 ≤ Kxn < -0,5). (იხ. გრაფიკი 2).

 

III დონის დიაპაზონიამნიშვნელოვნად არათანაზომიერი ეკონომიკური განვითარების დიაპაზონიKxn < -1 და  Kxn > 1. (იხ. გრაფიკი 3).

 

შემუშავებული ინდიკატორები გამოყენებულია საქართველოს თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების დონის შეფასებისთვის. განვიხილეთ საქართველოს ყველა რეგიონის (გარდა ოკუპირებული რეგიონებისა), როგორც ჯამური, ასევე ცალკეული რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონეების შედარება თბილისისა და საქართველოს საშუალო ეკონომიკური განვითარების დონეებთან. გათვლები ჩატარებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების საფუძველზე [საქსტატი, 2023ა, 2023გ].

პირველ რიგში, განხილულია საქართველოს თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების გადახრის კოეფიციენტების დინამიკა 2010-2022 წლებში (იხ. გრაფიკი 4).

გრაფიკი 4

 

გადახრის კოეფიციენტების 2010-2022 წლების დინამიკა აჩვენებს, რომ:

1. KR1 კოეფიციენტი მერყეობს -0,34-სა და -0,26-ს შორის, რაც საშუალოდ -0,29-ის ტოლია. ე.ი. რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონე საქართველოს საშუალო ეკონომიკურ განვითარების დონეს 29%-ით ჩამორჩება;

2. KR2კოეფიციენტი მერყეობს -0,64-სა და -0,52-ს შორის, რაც საშუალოდ -0,58-ის ტოლია. ე.ი. რეგიონების ეკონომიკური განვითარება თბილისის ეკონომიკურ განვითარებას 58%-ით ჩამორჩება;

3. KC1 კოეფიციენტი მერყეობს 0,54-სა და 0,83-ს შორის, რაც საშუალოდ 0,67-ის ტოლია. ე.ი. თბილისის ეკონომიკური განვითარების დონე საქართველოს საშუალო ეკონომიკურ განვითარების დონეს 67%-ით აღემატება;

4. KC2 კოეფიციენტი მერყეობს 1,07-სა და 1,77-ს შორის, რაც საშუალოდ 1,38-ის ტოლია. ე.ი. თბილისის ეკონომიკური განვითარების დონე რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონეს 138%-ით აღემატება.

ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება არათანაზომიერია. თბილისის ეკონომიკური განვითარების დონე აღემატება როგორც რეგიონების, ასევე მთლიანად ქვეყნის საშუალო ეკონომიკურ განვითარების დონეს. ამ მოცემულობის ნათლად დასანახად წარმოდგენილია 2010-2022 წლებში ცალკეული რეგიონის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების გადახრის კოეფიციენტების დინამიკის ამსახველი დიაგრამები (იხ. დიაგრამა 2).

დიაგრამა 2

საქართველოს რეგიონების თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების გადახრის კოეფიციენტების დინამიკა 2010-2022 წლებში

  

იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული გდახრის კოეფიციენტის ნულთან სიახლოვე უკეთესი - ნაკლები ეკონომიკური უთანაბრობის მანიშნებელია, დიაგრამებზე თვალნათლად ჩანს თუ რა დონეზეა თითოეული რეგიონი ამ კუთხით და როგორია მათი ეკონომიკური განვითარება წლების განმავლობაში, როგორც ქვეყნის საშუალო, ასევე დედაქალაქის საშუალო ეკონომიკურ განვითარებასთან მიმართებით. განხილული რეგიონების თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების დიაპაზონების განსაზღვრისა და თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების სტატუსების მინიჭებისთვის გამოთვლილია თითოეული რეგიონის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების გადახრის კოეფიციენტების 2010-2022 წლების საშუალო მაჩვენებლები (იხ. დიაგრამა 3).

დიაგრამა 3

აღნიშნული კოეფიციენტების საშუალო მაჩვენებლების ერთეულებამდე დამრგვალების შემთხვევაში საქართველოს რეგიონალური ეკონომიკური განვითარება შემდეგნაირად დაიყოფა:

◾ KR1კოეფიციენტები უტოლდება ნულს და ათივე რეგიონისთვის მიეკუთვნება I დონის დიაპაზონს. ამასთანავე მათი ეკონომიკური განვითარების დონეებიც თანაზომიერად მიუყვება ქვეყნის საშუალო ეკონომიკურ განვითარებას;

◾ KR2 კოეფიციენტები I დონის დიაპაზონში ხვდება მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების შემთხვევაში, ხოლო დანარჩენი რეგიონებისთვის - II დონის დიაპაზონში;

◾ KC2 კოეფიციენტები, II დონის დიაპაზონში ხვდება მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის  შემთხვევაში, ხოლო დანარჩენი რეგიონებისთვის იგი მოთავსებულია III დონის დიაპაზონში. აქედან გამომდინარე, იკვეთება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი წარმოადგენენ არათანაზომიერი ეკონომიკური განვითარების დონის მქონე რეგიონებს, დანარჩენი რეგიონები კი მნიშვნელოვნად არათანაზომიერი ეკონომიკური განვითარებისას.

კვლევით მიღებულ შედეგებსა და საქართველოს ეკონომიკურ-დემოგრაფიულ მდგომარეობას შორის ურთიერთკავშირის დასადგენად გამოანგარიშებულია 2010 წელთან შედარებით თბილისისა და რეგიონების 2022 წლის მოსახლეობის რაოდენობისა და მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის პროცენტული ცვლილება (იხ. დიაგრამა 4) [საქსტატი, 2023ა].

დიაგრამა 4

დემოგრაფიული მონაცემებისა და თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების კოეფიციენტების დინამიკის ანალიზიდან იკვეთება, რომ 2022 წელს 2010 წელთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა ან უცვლელი დარჩა მხოლოდ II დონის დიაპაზონში მოქცეულ რეგიონებში: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, მცხეთა-მთიანეთში და ქვემო ქართლში. სხვა რეგიონებში კი შემცირდა. კერძოდ:

◾აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა. აქ, როგორც ზღვისპირა და  ამავდროულად მაღალმთიან რეგიონში სწრაფად ვითარდება როგორც შიგა, ასევე გარე ტურიზმი. გაზრდილი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობა კი ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური დოვლათის ზრდას;  

◾მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა უცვლელია, ეკონომიკური მდგომარეობა კი გაუმჯობესებული, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი, რეგიონის ტურისტულად მიმზიდველ მდებარეობასთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ მსხვილი ბიზნეს სუბიექტების არსებობას უკავია. სავარაუდოა, რომ ტურიზმის განვითარების გამო, თუ სხვადასხვა საწარმოებში დამატებით შექმნილი სამუშაო ადგილების ფაქტორით დაბრუნებული მოსახლეობის უმეტესობას სარეგისტრაციო მისამართად შესაძლოა კვლავ სხვა ადგილი ეწეროს, შესაბამისად ვერ იქონიოს გავლენა ამ რეგიონის მოსახლეობის ოფიციალურ ცვლილებაში;

◾ქვემო ქართლში, მართალია მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა, თუმცა ეკონომიკური ზრდა არ შეინიშნება. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის მრავალშვილიანობის ტრადიციების გამო გაიზარდა ახალგაზრდა, არაშრომისუნარიანი მოსახლეობა. ამასთანავე, მათი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა, საიდანაც ეკონომიკის უფრო რენტაბელურ დარგებთან შედარებით არ მიიღება მაღალი ეკონომიკური ამონაგები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო თბილისშია დასაქმებული და შესაბამისად მათი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში დედაქალაქს განეკუთვნება. ქვემო ქართლის მაგალითი ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ზრდა ვერ იქნება ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი, თუ ეს მოსახლეობა არ აქტიურად ჩაერთვება რეგიონის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში;

◾დანარჩენი რეგიონების თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების კოეფიციენტები მეტნაკლებად გაუმჯობესებულია. მეტწილად, ეს გაუმჯობესება ქვეყნის საერთო ეკონომიკური ზრდის გავლენაა (ასე, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მსხვილი საინვესტიციო პროექტები) და არა უშუალოდ რეგიონების წარმატება. რომ არა, მოსახლეობის რიცხოვნობის მნიშვნელოვანი შემცირება, ჩვენ მიერ შემუშავებული რეგიონული ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მცხეთა-მთიანეთის მსგავს ან უკეთეს შედეგს მოგვიტანდა.

დასკვნა

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ წარმატებად, როდესაც იგი თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში არსებულ ტერირტორიულ ერთეულებზე და მთლიან მოსახლეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობის ზრდას განაპირობებს ერთი კონკრეტული რეგიონის ან დედაქალაქის განვითარება, შეუძლებელია ქვეყანაში არსებული საერთო სურათი, ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების კუთხით დამაკმაყოფილებელი იყოს. აქედან გამომდინარე, მთავარ მიზანს ქვეყნის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს.

გასაკვირი არ არის, რომ საქართველო, თავისი საბჭოთა წარსულითა და განვითარებადი ეკონომიკით, არათანაზომიერი ეკონომიკური განვითარების დიაპაზონში მოხვდა. დიდია დისბალანსი როგორც დედაქალაქისა და რეგიონების განვითარების დონეებს შორის, ასევე რეგიონების განვითარების დონეებს შორისაც. აღნიშნული დისბალანსის მინიმუმამდე დაყვანა მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია. საჭიროა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ძირეული რეფორმების გატარება, რომლებიც მიმართული იქნება დაბალგანვითარებულ რეგიონებში პარალიზებული ეკონომიკური აქტიურობის გამოცოცხლებაზე.

ჩვენი კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ რეგიონის განვითარებასა და ამ რეგიონში ეკონომიკურ აქტიურობაში ჩართვით დაინტერესებულ, შრომისუნარიან, მოსახლეობის რაოდენობის ზრდას შორის დადებითი კორელაციური კავშირია. მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა ან თუნდაც მისი არსებულ დონეზე შენარჩუნება თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარების საწინდარია. რეგიონის ეკონომიკური განვითარება კი თავის მხრივ, მოსახლეობის ზრდის მასტიმულირებელია, როგორც ეს მცხეთა-მთიანეთში შეინიშნება, სადაც არსებულ საწარმოებში სამუშაოდ არამხოლოდ ადგილობრივები არიან დასაქმებული, არამედ დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილიც აქტიურად მუშაობს. აქვე, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ დადებით ტენდენციას, რომელიც თბილისისა და რეგიონების ანალიზიდან იკვეთება. 2022 წელს 2010 წელთან შედარებით თითოეული რეგიონის მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდის ტემპი საგრძნობლად აღემატება თბილისის ანალოგიურ მაჩვენებელს. მართალია ამ მაჩვენებლების შედარება „მკვეთრი ზრდის ეფექტის“ გამორიცხვის გარეშე შეუძლებელია, [პაპავა, 2020: 228] თუმცა იქმნება ოპტიმისტური განწყობა და იკვეთება პერსპექტივის არსებობა რეგიონების განვითარებისთვის მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმისა და შესაბამისი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის თანაზომიერი ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში ეკონომიკური ციკლის ამოძრავებაში ვლინდება, აამაღლებს მოსახლეობის ჩართულობას ეკონომიკური დოვლათის შექმნაში და გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებას. აგრეთვე, მოხდება დედაქალაქში კონცენტრირებული სამუშაო ძალის გადანაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეამცირებს უმუშევრობას, შედეგად კი აჩქარდება თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპი და მისი განვითარების დონე არათანაზომიერი დიაპაზონიდან თანაზომიერ დიაპაზონში გადაინაცვლებს. 

ლიტერატურა

  1. პაპავა ვ., 2013. „მთავრობას ერთიანი გააზრებული ხედვა ჯერ არ წარმოუდგენია“. საქართველოს ახალი ამბების სააგენტო, 12 აპრილი, <https://ghn.ge/news/86773-lado-papava-mtavrobas-ertiani-gaazrebuli-khedva-jer-ar-tsarmoudgenia>.
  2. პაპავა ვ. 2020. არატრადიციული ეკონომიკსი.  თბილისი, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 421 გვ., <https://digitallibrary.tsu.ge/book/2021/oct/books/Papava_Aratradiciuli__Economiksi_Ge.pdf>.
  3. საქსტატი, 2023ა. „მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა თვითმმართველი ერთეულების მიხედვით“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba>.
  4. საქსტატი, 2023ბ. „მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე რეგიონების მიხედვით“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba>.
  5. საქსტატი, 2023გ. „ტერიტორიული ერთეულების მიერ შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/ mtliani-shida-produkti-mshp>.
  6. CP., n.d. “Population Statistics For Countries, Administrative Divisions, Cities, Urban Areas and Agglomerations – Interactive Maps and Charts.” City Population, <https://www.citypopulation.de>.
  7. EP., 2023. Exploring Migration Causes: Why People Migrate. European Parliament,July 1, <https://www.europarl.europa.eu/topics/en/article/20200624STO81906/exploring-migration-causes-why-people-migrate>.
  8. Kohler T., Elizbarashvili N., Meladze G., Svanadze D., Meessen H. (2017) The Demographic Crisis in Racha, Georgia: Depopulation in the Central  Caucasus Mountains. Mountain Research and Development, 37(4): 415-424, <https://bioone.org/journals/mountain-research-and-development/volume-37/issue-4/MRD-JOURNAL-D-17-00064.1/The-Demogeographic-Crisis-in-Racha-Georgia--Depopulation-in-the/10.1659/MRD-JOURNAL-D-17-00064.1.full>.
  9. Paniagua A. (2013) Farmers in Remote Rural Areas: The Worth of Permanence in the Place. Land Use Policy, 35: 1-7, November, <https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S026483771300080X>.
  10. Plieninger T., Draux H., Fagerholm N., Bieling C., Burgi M., Kizos T., Kuemmerle T., Primdahl J., Verburg P. H. (2016) The Driving Forces of Landscape Change in Europe: A Systematic Review of the Evidence. Land Use Policy, 57: 204-214, November 30, <https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0264837715301769>.