English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ პაატა კოღუაშვილი ბადრი რამიშვილი
ხორცის წარმოების პერსპექტივები საქართველოში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2024.XX.03.KOGUASHVILI.RAMISHVILI

ანოტაცია 

ხორცის მოხმარების მაჩვენებლით შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებაც ვიმსჯელოთ. მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ხორცის მოხმარების ინდიკატორი ადამიანის კეთილდღეობის ამსახველი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია(1). თუ, კონკრეტული სახელმწიფოს მოსახლეობა, კვების ტრადიციებიდან გამომდინარე, არ არის ვეგეტარიანელი და იქ ხორცის მოხმარების მაჩვენებელი დაბალია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა ეკონომიკური განვითარების დონით ვერ დაიკვეხნის და პირიქით, ხორცის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კარგ მდგომარეობაზე მიუთითებს.

ხორცის წარმოების ზრდის არსებითი პირობაა ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის კვების კულტურიდან გამომდინარე, მის რაციონში ეს პროდუქტი მნიშვნელოვნად უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია ისიც, რომ ქვეყანას გააჩნდეს საკმარისი რესურსები მეცხოველეობის განვითარებისთვის. თუ ეს ორი პირობა არსებობს, მაშინ ეკონომიკური თავქარიანობა იქნება, თუ ასეთ სახელმწიფოში კარგად არ იქნება განვითარებული მეცხოველეობა.

ქვემოთ წარმოდგენილ გამოკვლევაში ჩვენ შევეცდებით წარმოვაჩინოთ თუ რამდენად აქვს საქართველოს ხორცის წარმოების პოტენციალი და შეუძლია თუ არა მას საკუთარი რესურსებით დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის კვების ფიზიოლოგიურ ნორმებზე დაფუძნებული მოთხოვნა.

საკვანძო სიტყვები: ხორცის მოხმარება,  ფიზიოლოგიური ნორმები, მარცვლეული, სურსათით უზრუნველყოფა, სათიბ-საძოვრები.

 შესავალი 

სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია მოსახლეობის კვების ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი რაოდენობის პროდუქტებით მომარაგება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განსაკუთრებულ პრობლემას  სასურსათო ბაზარზე წარმოადგენს მაღალი ხარისხის ხორცისა და ხორცპროდუქტების სათანადო რაოდენობით მიწოდება, რადგან ეს საკვები ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება და როგორც წესი, როდესაც ეკონომიკური პრობლემების გამო კვების ფიზიოლოგიური ნორმების დარღვევა ხდება პირველ რიგში, სწორედ ხორცისა და მისი პროდუქტების მოხმარება მცირდება და პირიქით -  მათი მოხმარების ზრდა ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებაზე მიუთითებს. წინამდებარე სტატიის ავტორების მიერ ადრე გამოქვეყნებულ ნაშრომებში გამოკვლეულ იქნა ის, თუ რა რაოდენობით და პროპორციით უნდა მოიხმარდეს საქართველოს ერთი საშუალო მოქალაქე ხორცსა და ხორცის პროდუქტებს და მიმდინარე კვლევის ამოსავალ წერტილად სწორედ ამ მონაცემებს ავიღებთ. 

ხორცის წარმოების მდგომარეობა და პროგნოზი 

მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ხორცის მოხმარების კვების ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი დონის მიღწევას, რაც  65 კგ-ს შეადგენს მოსახლეობის ერთ სულზე. ჩვენი აზრით, ის პროპორციები, რაც საბაზრო ძალების ზემოქმედების შედეგადაც დადგინდა სხვადასხვა სახის ხორცის მოხმარების მხრივ, მნიშვნელოვნად არ უნდა შეიცვალოს, თუმცა გარკვეული კორექტირება დასაშვებია. ავტორები საქართველოს საშუალო მოქალაქისთვის ხორცის მოხმარების ოპტიმალურ სტრუქტურას ვიძლევით, რაც პროცენტულად შემდეგნაირად გამოისახება: მოხმარების 50% უნდა მოდიოდეს ფრინველის ხორცზე, 19% ღორის ხორცზე, 25% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო დანარჩენი 6% კი ცხვრის, თხისა და ბოცვრის ხორცზე.გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში ხორცის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 25 კილოგრამით უნდა გაიზარდოს (2022 წლის ფაქტობრივი მდგომარეობით), რაც რეალობად აქცევს კვების ფიზიოლოგიური ნორმის შესრულებას.(2)

ჩვენ ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ როდესაც ვიკვლევთ სურსათით მოსახლეობის მომარაგების პრობლემას, სამიზნე ინდიკატორის  შერ ჩევისას,  სასურველია გავითვალისწინოთ მოსახლეობისათვის ფიზიოლოგიური  ნორმების უზრუნველმყოფი ეკონომიკური ხელმისაწვდომობა. თუ კი ვაწარმოებთ ფიზიოლოგიური  ნორმების გაორმაგებულ რაოდენობას, რის მიღწევაც არ არის რთული, ნათელია, რომ მისი თვითღირებულება და გონივრული მოგების მომტანი სარეალიზაციო ფასი არსებითად შემცირდება.

 ჩვენი გაანგარიშებით, ხორცის შემთხვევაში საქართველოსთვის ასეთი მაჩვენებელია -  65 კილოგრამი მოსახლეობის ერთ სულზე. ამასთან მიგვაჩნია, რო მ თუ ქვეყანაში შესაბამისი პოტენციალი არსებობს ამა თუ იმ სურსათით მოსახლეობის მომარაგება ადგილობრივი წარმოების ხარჯზე უნდა მოხდეს და ეს განსაკუთრებით სწორედ ხორცის შემთხვევაშია აქტუალური, რადგან ხორცისა და მისი პროდუქციის ადგილობრივი წარმოების გადიდება სოფლად მოსახლეობის დამაგრების უმნიშვნელოვანესი საშუალება იქნება, რის გარეშეც უკიდურესად გართულდება საქართველოს სასოფლო ტერიტორიების ტევადობის შემდგომი ზრდა, რის სრული ოპტიმალური პოტენციალი 300-330 ათას ადამიანამდე(3) შუალედშია. ხორცის წარმოება და გადამუშავება ინტენსიურ დარგებს მიეკუთვნება, რომელთა განვითარება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას განაპირობებს, ეს, კი, ეკონომიკურ განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

იმ ფაქტს, რომ საქართველოში მოხმარებული ხორცის 50%-ი ფრინველის ხორცზე მოდის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამართლება აქვს. პირველ რიგში, ეს არის ისტორიული ტრადიცია და ქართველთა კვების კულტურა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ფრინველის ხორცი ერთ-ერთი ყველაზე დიეტურია, ამავე დროს 1 კგ ამ პროდუქტის წარმოებისთვის საჭიროა შედარებით მცირე რაოდენობით საკვების გამოყენება და ჩვენს ქვეყანაში მეფრინველეობის განვითარება შესაძლებელია იმპორტირებულ მარცვლეულსაც დაეყრდნოს. ამიტომ, სავსებით ოპტიმალური მაჩვენებელი იქნება ის ფაქტი, რომ როდესაც საქართველოში ხორცის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე 65 კგ-ს მიაღწევს აქედან 32.5 კგ. ფრინველის ხორცზე მოდიოდეს.

თანამედროვე საშუალო სტატისტიკური ქართველის ხორცეულის რაციონიდან ღორის ხორცზე მოდის მთლიანი წლიური ფაქტობრივი მოხმარების 30% (ოპტიმალურად უნდა ჩაითვალოს 19%, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში დაახლოებით 12.35 კგ-ია). საქონლის ხორცი კი, მთლიანი წლიური ხორცეულის ფაქტობრივი მოხმარების 20%-ია (ოპტიმალური მოხმარება უნდა შეადგენდეს  16.25 კილოგრამს). რაც შეეხება თხის, ცხვრისა და ბოცვრის ხორცის მოხმარების წლიური მიზნობრივი ოდენობა კვების ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით უნდა იყოს დაახლოებით 4 კილოგრამი (3.9 კგ).

საქართველოში ხორცის წარმოების წლიური ოპტიმალური მოცულობების გასაანგარიშებლად მარტივ ხერხს მივმართეთ. საქართველოს არსებული მოსახლეობის რაოდენობა გადავამრავლეთ კვების ფიზიოლოგიურ ნორმებზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობდა დაახლოებით 3,695 ათასი ადამიანი. შესაბამისად, იმისთვის, რომ საქართველომ სრულად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილება ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტით, უნდა აწარმოოს: ფრინველის ხორცი დაახლოებით 120 ათასი ტონა, ღორის ხორცი 45.6 ათასი ტონა, საქონლის ხორცი 60.0 ათასი ტონა, ცხვრის, თხისა და ბოცვრის ხორცი ერთობლივად 14.4 ათასი ტონა. ანუ ერთობლივად - 240 ათასი ტონა ხორცი.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 74.6 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს. თუ ეკონომიკური ხელმისაწვდომობის მიხედვით შევაფასებთ, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მხოლოდ 49.9% იყო, ხოლო კვების ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით კი, 31%. ყველაზე დიდი რაოდენობით ქვეყანაში ფრინველის ხორცი იწარმოება, რაზეც მთლიანი წარმოების 32.8% მოდის, შემდეგ მას 31.9%-იანი წილით საქონლის ხორცის, 27.7%-იანი წილით ღორის ხორცისა და 7%-ით ცხვრის და თხის ხორცის წარმოება მოსდევს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2022 წელს ქვეყანამ ჯამში 162.1 მლნ დოლარის ღირებულების 101.1 მლნ კგ ხორცი იყიდა, ექსპორტზე კი, მხოლოდ 45.6 მლნ დოლარის ღირებულების 26.2 მლნ კგ გაიტანა.(4) როგორც ვხედავთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხორცის რეალური მოხმარება მკვეთრად ჩამორჩება კვების ფიზიოლოგიურ ნორმებს და ჩვენი ქვეყანა ამ პროდუქტის ნეტოიმპორტიორია და შედეგად სავალუტო დანაკარგებიც, რაც სოფლის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, მეტად მნიშვნელოვანია. ეკონომიკური განვითარების ფონზე, საქართველოს საშუალო მოსახლის რაციონის ხარისხი სულ უფრო გაუმჯობესდება მასში ხორცისა და ხორცპროდუქტების ზრდის ხარჯზე. ანუ სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამონაწილეობით თუ არ შემუშავდება სისტემური ღონისძიებები ხორცის წარმოების ზრდისთვის, სავალუტო დანაკარგები მოიმატებს და ადგილობრივი საწარმოო პოტენციალიც აუთვისებელი დარჩება.

ქვემოთ სწორედ იმ ზოგადი მიმართულებების შესახებ ვიმსჯელებთ თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ხორცისა და მისი პროდუქტების წარმოების ზრდა და რა პოტენციალი აქვს ამისთვის ქვეყანას.

საქართველოში შინაური ფრინველის მოვლისა და გამრავლების მდიდარი ტრადიცია არსებობს და ეს განსაკუთრებით ქათმის შესახებ ითქმის. ისტორიულად ჩვენში ყველაზე გავრცელებული შინაური ფრინველი იყო ქათამი, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ჩვენში ქათმის ბევრი ადგილობრივი ჯიში არსებობს, მაგალითად: შავი ქათამი, ნაცარა ქათამი, ჩალისფერი ქათამი, მეგრულა ქათამი, ყელტიტველა ქათამი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტიულობით შესაძლოა ჩამოუვარდებოდნენ თანამედროვე საზღვარგარეთულ ჯიშებს, ხორცისა და კვერცხის გემოვნური თვისებების გამო, დღესაც დიდადაა ისინი მოსახლეობაში გავრცელებული. ვინაიდან წინამდებარე სტატია ხორცის წარმოების პრობლემებს ეძღვნება, ამიტომ ჩვენი ყურადღების კონცენტრირებას სწორედ ამ მიმართულებით მოვახდენთ და მოცემულ სტატიაში არ შევეხებით მეკვერცხული მიმართულების მეფრინველეობას.

მეხორცული მიმართულების ქათმების ჯიშებს ერთი ტერმინით, ბროილერით აერთიანებენ. მათგან ჩვენში უკვე კარგადაა ცნობილი ისეთი ჯიშები, როგორიცაა პლიმუტ როკი, კორნიში, ბრამა და ა.შ. იმისთვის, რომ საქართველომ ადგილობრივი წარმოების ფრინველის ხორცით დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება საჭიროა სამამულე მეფრინველეობის დარგი ეფექტიანობის იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს, რაც თანამედროვე მსოფლიოშია სადღეისოდ მიღწეული.

უმთავრესი მაჩვენებელი მეფრინველეობის დარგის ეფექტიანობისა ერთ კგ წონამატზე დახარჯული საკვებია. ქათმის, ინდაურის, იხვის რაციონი ძირითად მარცვლეულით ივსება. ფრინველებში გამონაკლისი ბატია, რომელსაც მწვანე და წვნიანი საკვებიც სჭირდება დიდი ოდენობით. საბროილერე ქათმის ერთი კგ წონამატის მისაღებად იხარჯება 1.6-1.7 კგ საკვები ერთეული ძირითადად მარცვლის სახით, ინდაურის 1 კილოგრამი წონამატის მისაღებად 2.9-3.3 კგ საკვები ერთეული, ხოლო იხვის 1 კილოგრამი წონამატის მისაღებად - 2.7-2.9 კგ საკვები ერთეული.(5) როგორც აღვნიშნეთ ბატის რაციონში მწვანე და უხეში საკვებიც დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, ნაკლებია მარცვლეულის წილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „წონამატში“ ამ შემთხვევაში იგულისხმება ფრინველის ცოცხალი წონა და კარგადაა ცნობილი, რომ დაკვლის შედეგად მიიღება ცოცხალი წონის 75% სუფთა პროდუქტი, ანუ ის, რის შეძენასაც ახდენს მომხმარებელი, ამიტომ, როდესაც კვების ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი ხორცის წარმოებისთვის საჭირო მარცვლეულის რაოდენობაზე ვიმსჯელებთ, ზემოაღნიშნული მონაცემიც უნდა იქნას გაანგარიშებებში გათვალისწინებული.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, 1 კგ. სასურსათე ქათმის ხორცის წარმოებისთვის საჭიროა 2.0-2.1 კგ მარცვლეული. ვინაიდან ბატის, იხვისა და ინდაურის ხორცის წარმოება ქათმის ხორცის წარმოების უმცირეს ნაწილს შეადგენს, ეკონომიკური გათვლებისთვის არ იქნება მნიშვნელოვანი გადაცდომა თუ ამ ფრინველებისთვის საჭირო მარცვლეულის რაციონს ერთობლივად დავიანგარიშებთ და შესაბამისად 1 კგ სასურსათე ბატის, იხვისა თუ ინდაურის ხორცის წარმოებისთვის საჭირო მაჩვენებელს მაქსიმუმ 4 კგ საკვები ერთეულის შესაბამისი მარცვლით შევაფასებთ.

საქართველოში ფრინველის ხორცის მთლიან წარმოებაში ლომის წილი მოდის ქათმის ხორცზე. სამწუხაროდ, ამ მხრივ დეტალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა, რთული წარმოსადგენია ფრინველის ხორცის მთლიან წარმოებაში ქათმის ხორცზე 90%-ზე ნაკლები მოდიოდეს. ჩვენი აზრით, ასეთი პროპორცია სავსებით დასაშვებია პერსპექტიული გაანგარიშებისთვის, ანუ იმ ნიშნულისთვის, როდესაც საქართველოში ხორცისა და მისი პროდუქტების წარმოება კვების ფიზიოლოგიური ნორმებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს მიუახლოვდება. გამომდინარე აქედან, პერსპექტივაში საქართველოში უნდა იწარმოოს 108 ათასი ტონა ქათმისა და 12 ათასი ტონა დანარჩენი სახეობის ფრინველის ხორცი. ქათმის ხორცის წარმოებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 225 ათასი, ხოლო დანარჩენი სახეობის ფრინველის ხორცის წარმოებისთვის  - მაქსიმუმ 50 ათასი ტონა მარცვლეული.

2022 წელს საქართველოში დაახლოებით 21 ათასი ტონა ღორის ხორცი აწარმოეს. კვების ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით კი, ამ პროდუქტზე მოთხოვნილება 45.6 ათას ტონას უტოლდება. საშუალოდ 1 კგ ღორის ცოცხალი წონამატის მისაღებად საჭიროა 4 კგ საკვები ერთეული, აქედან დიდი წილი დაახლოებით ¾ მოდის კონცენტირებულ საკვებზე, რაც თავის მხრივ ძირითადად მარცვლეული და პარკოსანი კულტურებისგან მზადდება. საქართველოში ღორის რაციონში შემავალი კარტოფილის თუ სხვა ძირხვენების წარმოება არ არის პრობლემა. ძირითადი გადასაწყვეტი საკითხი მეღორეობის სათანადო რაოდენობის მარცვლეულით უზრუნველყოფაა.

საუკეთესო შემთხვევაში, ღორის ცოცხალი წონიდან ხორცისა და სუბპროდუქტების გამოსავლიანობა შეადგენს 80%-ს, შესაბამისად 45.6 ათასი ტონა სასურსათე ღორის ხორცის საწარმოებლად საჭიროა 57.0 ათასი ტონა ღორის ცოცხალი წონით წარმოება. რასაც 228 ათასი ტონა საკვები ერთეული სჭირდება, საიდანაც დაახლოებით 168 ათასი ტონა მოდის კონცენტრირებულ საკვებზე, რაშიც ძირითადი ინგრედიენტი მარცვლეულია.

საქართველოში 2022 წელს 24 ათასი ტონა საქონლის ხორცი აწარმოეს, თუ ეს რაოდენობა გაორმაგდება, თითქმის დაკმაყოფილებული იქნება კვების ფიზიოლოგიური ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნა. ჩვენი აზრით, საქართველო მსხვილფეხა რქოსანი მეცხოველეობის და მეცხვარეობის განვითარების უდიდეს რეზერვს ფლობს  ბუნებრივი სათიბ-საძოვრების სახით. ქვემოთ რაოდენობრივად შევაფასებთ, თუ რა პოტენციალი არსებობს ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ.

2003 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ჯამურად 3023,5 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა იყო დაფიქსირებული. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა კახეთშია, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. კატეგორიების მიხედვით, კი, მთლიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან საძოვარს ეკავა 59.4% ანუ თითქმის 1,800 ათასი ჰა; სახნავს - 26.4% (დაახლოებით 792 ათასი ჰა-ა); მრავალწლიან ნარგავებს - 8.8% (284 ათასი ჰა); სათიბს - 4.7% (დაახლეობით 141 ათასი ჰა) და საცხოვრებელ, სამეურნეო შენობებსა და ეზოებს (საკარმიდამო) 0.7% ამავე მონაცემების მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით კი საქართველოში სულ 2748,3 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწაა.(6)

ზემოთ მოტანილი მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში საძოვრული მეცხოველეობის განვითრებისთვის საუკეთესო ბაზა არსებობს 1,941 ათასი ჰა საძოვრებისა და სათიბების სახით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, რაც განსაკუთრებით საძოვრების პროდუქტიულობას ამცირებს. მაგალითად, მაღალმთიან სათიბ-საძოვრებზე  სარეველა მცენარე ძოგვას 100 ათას ჰა-ზე მეტი ფართობი უჭირავს, შხამას - 19 ათასი ჰა, ხოლო მარმუჭას და ფესვმაგარას - 322 ათასი ჰა, სხვა უხეშღეროიან მცენარეებს (ნარს, ღოლოს და მათ მაგვარს უკავია 37 ათასი ჰექტარი და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის 25 წლის წინანდელი მონაცემები და ამჟამად მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.(7) ასეთი სავალალო მდგომარეობაა სარეველების ჭარბი გავრცელების მხრივ, თუმცა მხოლოდ ეს არ ამცირებს საქართველოს სათიბ-საძოვრების პროდუქტიულობას.

საქართველოს სათიბ-საძოვრების პროდუქტიულობის გასადიდებლად უნდა გატარდეს ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: მათი ზედაპირული გაუმჯობესების ღონისძიებები, ქვებისგან, ხეების, ბუჩქნარებისგან, მკვდარი საფარისგან გაწმენდა, კოლბოხების მოსპობა, წყლის რეჟიმის მოწესრიგება, დაშრობა, მორწყვა, სათიბ-საძოვრების განოყიერება ორგანული და მინერალური სასუქების შეტანის გზით, მათი მოკირიანება, სარეველა და მავნე ბალახების მოსპობა და რა თქმა უნდა ბალახების შეთესვა და დაფარცხვა.(7) აღნიშნული ღონისძიებების გატარების შედეგად შესაძლებელია საქართველოს სათიბ-საძოვრების ნაყოფიერების მკვეთრი ამაღლება. ბუნებრივი სათიბების საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე შეადგენს 1,2-1,4 ტონა თივას, პროდუქტიულობა - 540-680 საკვებ ერთეულს, ზაფხულის საძოვრების პროდუქტიულობა- 490-550 საკვებ ერთეულს (ზამთრის საძოვრების - 230-260 საკ. ერთ.) შეადგენს. ბუნებრივი სათიბებიდან და საძოვრებიდან, გაუმჯობესებისა და სწორი გამოყენების სათანადო ღონისძიებების ფონზე, შესაძლებელია მივიღოთ ერთი ჰექტარი ბუნებრივი სათიბიდან 3,5-4,5 ტონა თივა, ხოლო საძოვრიდან - 2,5-3,5 ათასი საკვები ერთეული. აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესებისა და გამოყენების რაციონალური სისტემის პირობებში წარმოებული ბუნებრივი ბალახნარი მოსავლის მატებასთან ერთად ხასიათდება მაღალი ყუათიანობით, სრულფასოვნებით და რაც მთავარია, დაბალი თვითღირებულებით(7).

ასეთი გაუმჯობესების შემთხვევაში, რაც ზემოთაა აღწერილი, საქართველოს სათიბ-საძოვრებზე შესაძლებელი იქნება დაახლოებით 5.5 მლრდ საკვები ერთეულის შესაბამისი მწვანე ბალახისა და თივის წარმოება. ცნობილია, რომ 1 კგ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოცხალი წონის მატებისთვის საჭიროა დაახლოებით 5 საკვები ერთეული, ხოლო რადგან ნაკლავიდან ხორცისა და სუბპროდუქტების გამოსავლიანობა დაახლოებით 50%-ია, აღნიშნული მაჩვენებლებზე დაყრდნობით ჩატარებული გაანგარიშების შედეგად მივიღებთ, რომ თუ საქართველოს სათიბებსა და საძოვრებს მხოლოდ მეხორცული მიმართულების პირუტყვის გამოსაკვებად გამოვიყენებთ, მაგრამ ამავე დროს მაქსიმალურად ავამაღლებთ მათ პოტენციალს საქართველოში შესაძლებელია წარმოებულ იქნას დაახლოებით 550 ათასი ტონა სასურსათო საქონლის ხორცი. ეს, კი, დაახლოებით 9.2-ჯერ აღემატება კვების ფიზიოლოგიური ნორმით გათვალისწინებულ მაჩვენებელს.

განვიხილოთ ხორცის წარმოების მეორე სცენარი, როდესაც ამოსავალ წერტილად არა საკვებ ბაზას, არამედ ქვეყნის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო ხორცის რაოდენობას ავიღებთ. როგორც ზემოთ მივუთითეთ, კვების ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე საქართველოს წელიწადში ესაჭიროება 60 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, ამავე დროს ვინაიდან ცხვრის ძირითადი საკვები ბაზაც საძოვარია, ჩვენი აზრით დასაშვები იქნება თუ ცხვრის ხორცის წარმოებასაც საქართველოს სათიბ საძოვრების პოტენციალს დავუკავშირებთ. ეს მით უმეტეს გამართლებულია თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ცხვრის ცოცხალი მასის 1 კგ  წონამატის მისაღებად მაქსიმუმ 5 საკვები ერთეულია საჭირო და ცოცხალი მასიდან ნაკლავის გამოსავლიანობის მაჩვენებელი ასევე დაახლოებით 50%-ია. გამომდინარე ზემოთქმულიდან,  60 ათასი ტონა საქონლისა და 14.4 ათასი ტონა ცხვრის სასურსათო ხორცის საწარმოებლად საჭირო იქნება 744 მლნ საკვები ერთეული, ანუ საქართველოს სათიბ საძოვრების ჩვენს მიერ დაანგარიშებული პოტენციალის მხოლოდ 13.6% დანარჩენი 4.756 მლრდ საკვები ერთეული კი, სავსებით საკმარისი იქნება დაახლოებით 4.4 მლრდ ლიტრი რძის საწარმოებლად.

ჩვენი გაანგარიშებიდან აშკარად ჩანს, რომ საქართველოს სათიბ-საძოვრების პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია იმაზე გაცილებით მეტი მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება, რაც კვების ფიზიოლოგიური ნორმებითაა გათვალისწინებული. მაგალითად, დაახლოებით 1.9 მლრდ ენერგეტიკული საკვები ერთეული საკმარისია იმდენი საქონლისა და ცხვრის ხორცის საწარმოებლად რაც საკმარისია საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის გასამმაგებული რაოდენობისთვის, ანუ 11 მილიონი მოსახლეობისათვის. დანარჩენი 3.6 მლრდ ენერგეტიკული საკვები ერთეული შეიძლება საფუძვლად დაედოს რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. თანამედროვე კვების ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით ერთ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს წელიწადში ესაჭიროება რძისა და რძის პროდუქტები საღ რძეზე გადაანგარიშებული 360-365 ლიტრის ოდენობით. გამომდინარე აქედან, დაახლოებით 4.0 მლრდ საკვები ერთეული სავსებით საკმარისია რძისა და მისი პროდუქტების იმ მოცულობით საწარმოებლად რაც საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის გასამმაგებულ რაოდენობას ეყოფა.

საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 3007.6 ათას ჰა-ს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949.4 ათასი ჰა)- 43.2%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) უკავია 2822.4 ათასი ჰა, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი). მსოფლიოსთვის ეს მაჩვენებელი 27%-ია.(7) როდესაც ქვეყანა ასეთ რესურსს ფლობს, დანაშაულია, თუ ის არ იქნება გამოყენებული ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს ტყეებს ნიადაგის დამცავი და სხვა ეკოლოგიური ფუნქციები აკისრია და სამეურნეო მიზნით ტყის გამოყენებაში ყველაზე ნაკლებად იგულისხმება მერქნის დამზადება, თუმცა ის სხვა სახის დოვლათის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება საქართველოს ტყეების გამოყენების თვალსაზრისით სატყეო მეცხოველეობის განვითარებაა. ეს განსაკუთრებით ეხება მეღორეობასა და მეთხეობას. რადგან საქართველოს ტყეებში უხვად მოიპოვება საკვები ამ ორი შინაური ცხოველისთვის. ასე მაგალითად, საქართველოს ტყეების საერთო ფართობის 42.6% მოდის წიფელზე, აღსანიშნავია, რომ ამ მცენარის ნაყოფი წიწიბო, მაღალი კვებითი ღირებულებით ხასიათდება და არა მარტო ცხოველის საკვებად გამოიყენება, არამედ სასურსათე დანიშნულებაც აქვს. საქართველოს ტყეების 10.3% მუხას უკავია. მგონი ზედმეტია იმის მტკიცება თუ რა დანიშნულება აქვს რკოს ღორის რაციონში. რცხილას და თხმელას ერთობლივად საქართველოს ტყეების 17.5%, წიწვოვან ტყეს კი 16.4%-ი უჭირავს. ერთ-ერთი ძვირფასი ხის წაბლის კორომებს კი, 3.8% უკავია.(8) საქართველოს ტყეებში მრავლადაა კენკრა შვინდი, მაჟალო, პანტა და სხვა ისეთი მცენარეები, რაც ღორისა და თხის საკვებად გამოდგება. გამომდინარე აქედან, ტყე სულ უფრო მზარდ როლს შეასრულებს მეცხოველეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც მაღალხარისხოვანი ხორცისა და მისი პროდუქტების დამატებითი წყარო იქნება.

ბოცვრის ხორცი სხვა ცხოველების ხორცისგან განსხვავებით დიეტურ უვნებელ, ანტიალერგიულ და სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა. ადამიანის ორგანიზმი საქონლის ხორცის მხოლოდ 60%-ს ითვისებს, ბოცვრის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 90%-მდე იზრდება.(4) მებოცვრეობის განვითარებას სხვა ბევრი დადებითი მომენტებიც ახასიათებს, ამიტომ ბოცვრის ხორცის წარმოება მკვეთრად უნდა გაიზარდოს საქართველოში, რაც გამოიწვევს მისი ხვედრითი წილის გაზარდასაც  მოხმარებულ მთელ ხორცეულში. 

დასკვნა 

წინამდებარე გამოკვლევის შედეგად მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება გახდა შესაძლებელი. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი კვების ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით დააკმაყოფილოს საკუთარი მოსახლეობა ხორცითა და მისი გადამუშავების პროდუქციით. მსხვილფეხა მეცხოველეობისა და მეცხვარეობის განვითარება შესაძლებელია საქართველოს სათიბ-საძოვრებზე და როგორც ჩვენმა გაანგარიშებებმა აჩვენა, ამ მხრივ არსებული პოტენციალი სავსებით საკმარისია საქართველოს თანამედროვე მოსახლეობის გასამმაგებული რაოდენობის დასაკმაყოფილებლად არამარტო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის ხორცით, არამედ რძითა და რძის პროდუქტებითაც.

მეფრინველეობის მეხორცული მიმართულებისა და მეღორეობის გასავითარებლად საქართველოში არ იწარმოება საკმარისი რაოდენობით მარცვლეული, რაზედაც ამ მიმართულებით მოთხოვნილება დაახლოებით 485-500 ათასი ტონას შეადგენს. მიუხედავად აღნიშნულისა, უმჯობესია ხორცის წარმოება საქართველოშივე განხორციელდეს, თუნდაც ამისთვის მარცვლეულის იმპორტირება გახდეს საჭირო. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. Paata Koguashvili, Badri Ramishvili - Optimization of Meat Consumption in Georgia in the Context of Worldwide Trends, მოამბე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 2020 წ. ტ. 14 N3
  2. პაატა კოღუაშვილი, ბადრი რამიშვილი  - საქართველოში ხორცის მოხმარების ოპტიმალური მოცულობისა და სტრუქტურის შეფასება  ჟურნ. “ეკონომისტი” 2020  N 2
  3. P.Koguashvili, B. Ramishvili “The capacity of rural territories in Georgia” Annals of Agrarian Science 14 2016
  4. https://bm.ge/news/saqartveloshi-frinvelis-saqonlis-ghoris-khortsis- tsarmoeba-gaizarda-tumtsa-seqtori-kvlav-importdamokidebulia-galt?fbclid=IwY2xjawERksRleHRuA2FlbQIxMAABHbwmXEOlVyyO2L41vf ZvzjPxbayXyb12uU4uSz6dQwqzrv0ivlVZ6bVoNQ_aem_agjsjPYYKtNOlC0Kt_izfg
  5. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ფონდი კონსტანტა - მეცხოველეობა-მეფრინველეობის წარმოების ტექნოლოგია თბილისი 2018 წ.
  6. ივანე ჩხაიძე, რამაზ გერლიანი, ირაკლი მაკალათია, მათე გარდავა,  ნოდარ სირბილაძე, ოთარ ფანცულაია, ქეთევან კრიალაშვილი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები (კვლევა) - გამოცემა მომზადდა “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისათვის” ფინანსური მხარდაჭერით, თბილისი 2021 წელი
  7. იოსებ სარჯველაძე, ელდარ გუგავა - ბუნებრივი სათიბ-საძოვრების გაუმჯობესება (რეკომენდაციები), საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბილისი 2016
  8. საქართველოს ტყე
  9. დ. ბახტაძე, პ. კოღუაშვილი-ქართველთა კვების კულტურა. გამომცემლობა ,,ინოვაცია“ თბ. 2013 https://forestry.gov.ge/Ge/Page/GeorgianForests?fbclid=IwY2xjawES57ZleHRuA2FlbQIx MAABHUmbMA1 qAGWrlS8i9ZXlnZNQR7d CnhJbhnKHZUr5JrjVmkpuH8iaKitwvA_aem_0BDbLNmxDAOQ75GeX1VZGg