English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მურმან კვარაცხელია
ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხისათვის

 10.36172/EKONOMISTI.2024.XX.04.KVARATSKHELIA

ანოტაცია 

გლობალიზაციის ეპოქა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოს მიერ სწორი და გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას. ამისთვის უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური უსაფრთხოების სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებას. ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია მაკროეკონომიკური სიტუაციების დარეგულირებასთან მისი მთავარი მაჩვენებლების კონტროლის პირობებში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოების ეკონომიკური უსაფრთხოება ჩამოყალიბდა როგორც ეკონომიკური ურთიერთობის სისტემა, რომელიც მოითხოვს მუდმივად ბალანსის შენარჩუნებას ქვეყანაში არსებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის, როგორც დარგობრივ, ასევე მთელი მეურნეობის მასშტაბით.

დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში ეროვნული ეკონომიკის წარმოების გიგანტები გარკვეული დილემის წინაშე დგანან. მათი სურვილია მსოფლიო ეკონომიკა არ გაეხვიოს მორიგ არაპროგნოზირებად კრიზისში და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაც შეინარჩუნონ. თუმცა, ამის მიღწევა არც ისე ადვილია, რადგან ჟამიდან ჟამს ეკონომიკური კრიზისები მოულოდნელ რყევებს იწვევენ არა მარტო ეკონომიკის უამრავ სფეროებში, არამედ მთლიანად ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეკონომიკური პროგრესისათვის  თანამდევი ხდება კარგად გაუმჯობესებული ძველის ახალი ნაირსახეობები. გლობალური ეკონომიკა მუდმივად გამოსავლის ძებნაშია და ადვილად არ ეპუება ახალ-ახალ გამოწვევებს. ზოგჯერ ასეთი სიახლეები პროგრესის მიმანიშნებლად გვევლინება და სრულიად განსხვავებული მეთოდები ჩნდება მის დასამარცხებლად.

ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს სხვადასხვა სახის კრიზისების ფეთქებადი ხასიათი. ეს შეიძლება იყოს პანდემიური პროცესების გააქტიურება, რომელსაც ადგილი ჰქონდა უახლოეს წარსულში თავისი ეკონომიკის რეგრესიული შედეგებით, ინფლაციის უმართავ რეგისტრში გადასვლით. ასეთი პროცესი  საქართველოს ეკონომიკისთვის იმპულსური გახდა ბოლო წლებში, რაც ეკონომიკის ზრდაზე  უარყოფითად აისახა. თუმცა სახელმწიფო რეგულირების სისტემის ამოქმედების შემდეგ  ნახტომისებრივი პროცესი უსაფრთხოების კუთხით გგარკვეულწილად სტაბილურიც გახდა. ასევე, მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა, ეკონომიკასა და ბიზნესზე  ნეგატიურად აისახა.

 საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება, ვაჭრობა, ბიზნესი, სისტემური კონფლიქტები, ეკონომიკური წესწყობილება. 

* * * 

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების სტაბილურობა ბევრადაა დამოკიდებული მასში მიმდინარე პროცესების დინამიკაზე. სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა კი უშუალო კავშირშია მის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან თავისი მრავალმხრივი განშტოებებით. თანამედროვე ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება ურთიერთგანმაპირობებელი ფაქტორი ხდება სახელმწიფოების სტაბილური განვითარებისთვის. ხანგრძლივმა კონფლიქტებმა კაცობრიობის წინაშე მესამე მსოფლიო ომის კონტურები რეალურად წარმოაჩინა, რომელმაც დააჩქარა მძლავრი ეროვნული ეკონომიკური სისტემების ჩამოყალიბება. ერთპოლუსიანი მსოფლიოს მითი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და თითქოს მანამდე ჩამორჩენილი და სუსტი ქვეყნები ახალ ამპლუაში წარმოჩინდნენ. პლანეტის ნომერ პირველ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, წამოეწია აზიის გიგანტი, ჩინეთი, რომლის პროდუქცია უკვე იპყრობს ევროპასაც და ამერიკასაც. საკმარისია აღინიშნოს, რომ ევროპის მოთხოვნის 60-70 პროცენტს ჩინური საქონელი აკმაყოფილებს. ასევე მძლავრი თვისობრივი ნაბიჯებით მოემართება თავისი მაღალი განვითარებით ინდოეთი, ბრაზილია და არაბეთის ქვეყნებიც. მათი ეკონომიკური ალიანსები ბევრ თავსატეხს უჩენს ჰეგემონიის ამბიციებით შეპყრობილ სახელმწიფოებს და აიძულებს მათ გადახედონ თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის დოქტრინებს.

მსოფლიო ეკონომიკის აღმავლობისა და სტაბილურობის ფაზას პრაქტიკულად უპირისპირდება საერთაშორისო გეოპოლიტიკურ პროცესებსა და წამყვან ქვეყნებს შორის გამძაფრებული, ზოგან „წესების გარეშე“ ძლიერთა მხრიდან, ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ ეპოქაში კონკურენციასა და სავაჭრო ურთიერთობებში ხელის გადაგრეხის პოლიტიკა. ასეთი სიტუაციები კიდევ მეტად ამძაფრებს ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტას. ასეთ პირობებში მეტად მნიშვნელოვანია ქრონიკული გლობალური კრიზისების ისეთი ელემენტების მუდმივად არსებობა, როგორიცაა სისტემური კონფლიქტები და ომების პრევენცია. ასეთი დამანგრეველი საფრთხის წინაშე პერმანენტულად დგანან განვითარებადი და „მესამე სამყაროს“ ქვეყნები. ეს დიდი ალბათობით, ომის ინსპირატორთა დაფარულ მიზნებს ემსახურება თავიანთ სასარგებლოდ გადმოქაჩონ რესურსების დიდი ნაწილი, რომელიც ხანგრძლივად უზრუნველყოფს მათი ეკონომიკების განვითარებას მისთვის თანამდევი დადებითი პროცესებით. თითქოსდა მოწყალების გაღების ემპირიული პროვოცირება შეიძლება გახდეს „მარადიული სატანჯველისკენ“ მიმავალი გზა. ამ შემთხვევაში „მცირე ეკონომიკის“ მქონე ქვეყნები დიდი საფრთხის წინაშე დგანან მისი მრავალი განშტოებებით. ეს ყოველივე მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ომი თანდათანობით უფრო მძაფრ ხასიათს იღებს, უკვე აშკარად გამოკვეთილი საომარი პოლიტიკის სახით.

ამისი თვალსაჩინო მაგალითია, დღევანდელი რუსეთის ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია სუვერენულ უკრაინაში. ომის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ ყველა გაჟღერებული მიზეზი,  რამაც გამოიწვია სისხლიანი ომის პროვოცირება, ეს არის ომის ჭეშმარიტი მიზნის დაფარვა. სინამდვილეში, რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ევროპაში, ესაა უკრაინა, რომლის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში განთავსებულია, ექსპერტების გამოთვლით, 12-დან 14 ტრილიონი დოლარის რესურსები. სწორედ ასეთი კოლოსალური სიმდიდრის ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად, თვითონ მსოფლიო რესურსების 44%-ის (გაეროს მონაცემებით!) მფლობელი ქვეყანა. ასეთ პირობებში ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემა უკვე გლობალურ ხასიათს იღებს და მისი გადაწყვეტისთვის საჭიროა დიდი ძალისხმევის გატარება.

დღევანდელ პირობებში კაპიტალისტური სისტემა პროგრესული გზების ძიების პროცესშია. მისთვის ბალავრის ქვის როლში გამოდის დემოკრატიის შენება, რომელიც ყოვლისმომცველად  და ყოვლისშემძლედ გვევლინება მსოფლიო პრაქტიკაში.  თუმცა, ჩვენი აზრით, დიდი ხანია ის „მოჩვენებითი მშვიდობის“ მაჩვენებელია, ვიდრე რეალური და გლობალური გამოწვევების გადამჭრელი. რაც უფრო ღრმად შედის საზოგადოება განვითარების სიღრმეებში, მით უფრო ხშირია ეკონომიკის კრიზისი თავისი ზიგზაგისებური გზებით. ამ დროს თავისი გადამწვეტი სიტყვა უნდა თქვას ეკონომიკურმა თეორიამ და შესთავაზოს კაცობრიობას გამოსავლის გზები. თუმცა ასეთი ინოვაციები, ბუნებრივია, ექსპერიმენტის სფეროს ჯერ-ჯერობით ვერ სცილდება. ამ შემთხვევაში იკვეთება ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა ეკონომიკური ნაციონალიზმის ფორმით. ეს პროცესი პატარა ეკონომიკის ქვეყნებისათვის ეროვნული ეკონომიკური სუვერენიტეტის მაჩვენებელია, რომელმაც შეიძლება გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას განვითარებულ და ჰეგემონ ქვეყნებს. ეს კი მსოფლიო ეკონომიკაში დისჰარმონიზაციის საფუძველიც შეიძლება გახდეს თავისი სხვადასხვა წინააღმდეგობებითა და თავისი არასასურველი შედეგებით.

დღევანდელი გადასახედიდან ეკონომიკური პოლიტიკა ბევრ წინააღმდეგობას აწყდება სუვერენული ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. აქაც, გლობალური ინტეგრაციის მოთხოვნები შეიძლება დამთრგუნველი აღმოჩნდეს პატარა ქვეყნებისთვის. ამიტომ ეკონომიკურ პოლიტიკას გლობალური გაანალიზების სისტემის ჩამოყალიბება სჭირდება მისი მაშტაბურად მართვისთვის, რომ არ აღმოჩნდეს ვიწრო ჩარჩოებში ჩაკეტილი. ამიტომ ასეთი სინდრომის არსებობა ზოგადად მოითხოვს ყველა სუვერენული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ღრმა შეფასებას  და  გამოსავლის  ძიებას  რომ  არ  აღმოჩნდნენ  მძევალის  როლში.

საზოგადოების განვითარების დინამიკა მოითხოვს მასშტაბურ ცვლილებებს პრინციპით: „ქვეყნად უცვლელი მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი ცვალებადია“! ამისთვის საჭიროა მეცნიერული გამბედაობის გამოჩენა ახალი ეკონომიკური თეორიების შემქმნელთათვის, რომლებისგანაც სახელმწიფოები ელოდებიან ქმედით იდეებს, რაც  თამამ და შეუზღუდავ ეკონომიკურ აზროვნებაზე იქნება დამყარებული. ამ ინოვაციური იდეების რეალიზაციას კი სჭირდება სახელმწიფოების გაბედული ლიდერები რეფორმისტული მენტალიტეტით (კეინზის და რუზველტის მაგალითი), რომლებსაც შეუძლიათ ეკონომიკური პროცესების ეფექტიანი მართვა.

დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური და სოციალური წესრიგი შესამჩნევ რყევებს განიცდის. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ასე კატეგორიულად ახალი წესრიგის დამყარების დილემა. მართალია, ამის შემოქმედნი ცდილობენ ყურადღების უფრო სხვა სიბრტყეზე გადატანას, მაგრამ ფაქტები სულ სხვას ღაღადებენ. ასეთი გაწელილი წესრიგის აღდგენის პროცესი ჰარმონიული წონასწორობის დამყარებას ხელს უშლის, რაც შეიძლება ხელისშემწყობ ფაქტორად მოგვევლინოს ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაწყებად. სწორედ ამის გვერდის ავლის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკა რეალობასთან უნდა იყოს ახლოს, რომ მოხდეს გარკვეული პრევენცია ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

როგორც ზემოთ ნათქვამიდან ჩანს, ეკონომიკური პოლიტიკა უშუალო თვისობრივ კავშირშია ეკონომიკის უსაფრთხოებასთან. ამ შემთხვევაში მეტად დამაფიქრებელია ასეთი კატეგორიების ურთიერთშეთანაწყობა, როგორებიცაა ეკონომიკური უსაფრთხოება და ეკონომიკურად უსაფრთხო ქვეყანა. ასეთი კატეგორიები მეტად აქტუალურია, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ჩემი აზრით, ცალკეული ქვეყნების ეკონომიკურ მასშტაბურობასა და მათ მახასიათებლებს. ამ კუთხით თუ ქვეყანა მიუხედავად მისი სიდიდისა, ფლობს საჭირო და აუცილებელ რესურსებს, ის ანგარიშგასაწევი ხდება და შეფასების კრიტერიუმებიც მაღალია.

 ეროვნული უსაფრთხოების მიღწევა ნებისმიერი ქვეყნისთვის მოითხოვს სწორ და საკუთარ ინტერესებზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას. ამასთან ერთად საჭიროა ჯანსაღი, სამართლიანი და მდგრადი ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფაც, თუ გვინდა მდგრადი ეროვნული უსაფრთხოების მიღწევა. ამასთან, გასათვალისწინებელია გლობალური პროცესების გაკვეთილებიც, რომლის გამოცდილებაზე უნდა დავაშენოთ საკუთარი უსაფრთხოება, ეს კი კორელაციაშია ქვეყანაში არსებული სიღარიბის დონესთან, განვითარების უთანაბრობასთან და უცხო საფრთხეების აღმოცენებასთან. ყოველივე ეს დაკავშირებულია გლობალურ ეკონომიკაში მომხდარ რყევებთან, კატაკლიზმურ პროცესებთან, რომლისთვის ყოველთვის არ არიან მზად სახელმწიფოები და ყველაზე ერთ-ერთ მთავარ ფაქტორთან, როდესაც სხვა სახელმწიფოების მხრიდან მძიმე წნეხის ქვეშ ექცევა სუვერენული სახელმწიფო.

 ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს შემადგენელ ნაწილს შეადგენს ეკონომიკური უსაფრთხოება. ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის ქმნის მტკიცე საძირკველს, რაც სტაბილური განვითარების გარანტიცაა გლობალურ სამყაროში.

როგორც ვხედავთ, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეს არ არის ჩაკეტილი პროცესი. მისი სრულყოფილად მიღწევისათვის, განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება ინვესტიციების რაოდენობრივ მხარესთან ერთად, მისი თვისობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო ინტერესებთან შესაბამისობას. ამასთან, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტელექტუალური უსაფრთხოების ინვესტირება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს საკუთარი ინტელექტუალური კაპიტალი უნდა ჰყავდეს საკმარისი იმისთვის, რომ თავად შეძლოს ინოვაციური პროცესების მართვა. არ უნდა იყოს ხელშეწყობილი კონკურენტუნარიანი კაპიტალის გადინება ქვეყნიდან, რაც ეროვნული უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორიცაა.

ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევა ესაა ეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადობის გარანტიც. ეს თავისთავად უზრუნველყოფს მაღალი ფინანსური შედეგების მიღწევას. ამ შემთხვევაში ჩნდება შესაძლებლობა საგარეო ნეგატიური ფაქტორების გლობალური ზეგავლენისაგან განთავისუფლებაზე დასახული მიზნების მისაღწევად. ამ დროს უსაფრთხოების ზოგადი მცნება თავის ასახვას პოულობს ისეთ კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა დასაქმება, გადახდისუნარიანობის ლიკვიდურობა, მოწინავე ტექნოლოგიების ინვესტირება, საგარეო და შინაგანი მუქარებისაგან დაცვა. მიუხედავად იმისა, ეკონომიკური უსაფრთხოების სხვადასხვა დონე არსებობს, მიზანი ერთია, რომელიც მიმართულია ცალკეული მუქარების რისკების მინიმიზირებისკენ, რომელიც ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება.

ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული პრაქტიკების შესწავლისას მისი სხვადასხვა დონეების განხილვა ინტერესმოკლებული არ არის. თუ გავითვალისწინებთ ყველაზე დაბალ საფეხურს, ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის გარკვეული ფენების სიღარიბის დონესთან, ამ შემთხვევაში ეს დამოკიდებული ხდება სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობაზე, რომელსაც სახელმწიფო ატარებს სიღარიბის დასაძლევად.

შემდეგი უსაფრთხოების დონე დარგობრივია, რომელიც დაკავშირებულია ინდუსტრიული დარგების ისეთ დონეზე განვითარებასთან, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ოპტიმიზაციას და ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან ჰარმონიზაციას. რეგიონული უსაფრთხოების დონე ქვეყნის ტერიტორიული დისპროპორციის  დაძლევასთანაა დაკავშირებული, რაც ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

უსაფრთხოებების შემდეგი დონე  არის ეროვნული ანუ სახელმწიფოებრივი და ბოლოს, სახელმწიფოთაშორისი და ეროვნებათაშორისი, რომელსაც შეიძლება მსოფლიო დონე ვუწოდოთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დონეები ურთიერთკავშირშია და ურთიერთ განმაპირობებელ ფაქტორსაც წარმოადგენს. ეს გამოწვეულია მსოფლიო ინტეგრაციის მაღალი მაჩვენებლით, რადგანაც ცალკეული უსაფრთხოების დონეები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა რეგიონსა და მსოფლიო ბაზარზე.

ნიშანდობლივია ერთი გარემოებაც, რომელიც გლობალურ პროცესებთან არის დაკავშირებული. ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე კონკრეტული სუბიექტების პირობებში, პირდაპირ მოქმედებს მსოფლიო ბაზარზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ეს შეიძლება მრავალი იყოს, მაგრამ უნდა გამოვყოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა წარმოების დაცემა, რომელსაც მოჰყვება რეცესიული პროცესების განვითარება, რაც უმუშევრობის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. ასევე არსებითი მნიშვნელობის მატარებელია ეროვნული ვალუტის რყევები, რაც ეროვნული სახელმწიფოების აქილევსის ქუსლად შეიძლება განვიხილოთ. ყოველივე ამათ შეიძლება მოჰყვეს საინვესტიციო აქტიურობების შემცირება, რაც ეროვნული ეკონომიკების ზრდაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოვლენები სახელმწიფოს ყველა სფეროზე ახდენს გავლენას, რაც სწორედ ეკონომიკურ უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს.

დასკვნა 

დღევანდელ პირობებში კაპიტალისტური სისტემა განვითარების აალი გზების ძიების პროცესშია. მისთვის ბალავრის ქვაა ინოვაციური დემოკრატიის შენება, რომელიც ყოვლისმომცველად  და ყოვლისშემძლედ გვევლინება მსოფლიო პრაქტიკაში.  თუმცა ის „მოჩვენებითი მშვიდობის“ ხელშემწყობი ფაქტორი უფროა,  ვიდრე რეალური და გლობალური გამოწვევების გადამჭრელი.

სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკა ბევრ წინააღმდეგობას აწყდება სუვერენული ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ამ შემთხვევაში გლობალური ინტეგრაციის მოთხოვნები შეიძლება დამთრგუნველი აღმოჩნდეს პატარა ქვეყნებისთვის. ამიტომ ეკონომიკურ პოლიტიკას გლობალური გაანალიზების სისტემის ჩამოყალიბება სჭირდება მისი მაშტაბურად მართვისთვის, რომ არ აღმოჩნდეს ვიწრო ჩარჩოებში ჩაკეტილი.

მსოფლიოში ეკონომიკური და სოციალური წესრიგი შესამჩნევ რყევებს განიცდის. ამიტომ, დღის წესრიგში დგას ახალი წესრიგის დამყარების დილემა. სახეზეა გაწელილი წესრიგის აღდგენის პროცესი, რაც ჰარმონიული წონასწორობის დამყარებას ხელს უშლის.  ასეთ დროს ეკონომიკური პოლიტიკა რეალობასთან უნდა იყოს ახლოს, რომ მოხდეს გარკვეული პრევენცია ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

ეკონომიკური პოლიტიკა თვისობრივ კავშირშია ეკონომიკის უსაფრთხოებასთან. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცალკეული ქვეყნების ეკონომიკურ მასშტაბურობასა და მათ მახასიათებლებს. თუ ქვეყანა ფლობს სათანადო და აუცილებელ რესურსებს, ის ანგარიშგასაწევი ხდება სხვებისთვის და მისი შეფასების კრიტერიუმებიც მაღალია.

ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევა  ეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადობის გარანტიცაა. უსაფრთხოების რეალიზება ხდება დასაქმების, გადახდისუნარიანობის ლიკვიდურობის, მოწინავე ტექნოლოგიების ინვესტირების, საგარეო და შინაგანი მუქარებისაგან დაცვის სფეროებში. მისი მიზანი ერთია, ცალკეული მუქარების რისკების მინიმიზირება.

გამოყენებული ლიტერატურა 

1.  https://accentnews.ge/ka/article/111939-tanamedrove-ekonomikuri-usaprtxoebis-zogiert-tavis; 

2.  https://accentnews.ge/ka/article/112621-tanamedrove-ekonomikuri-usaprtxoebis-zogiert-tavis; 

3.  https://geoeconomics.ge/?p=2989; 

4.  https://rt-solar.ru/services/jsoc/blog/3964/;

5. https://www.dai.com/our-work/projects/georgia-usaid-economic-security-program-georgia-esp;

6. https://pmcg-i.com/project/georgia-economic-security-program-gesp/; 

7. https://www.icrc.org/en/document/introduction-economic-security; 

8. https://eur-lex.europa.eu/EN/legal-content/glossary/economic-policy.html; 

9.https://www.healthknowledge.org.uk/public- health-textbook/organisation-management/5b- understanding-ofs/ asses sing- impact-external-influences.