![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
მიხეილ თოქმაზიშვილი ∘
შოთა ლომინაშვილი ∘
საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების გეოპოლიტიკა 10.36172/EKONOMISTI.2024.XX.04.TOKMAZISHVILI.LOMINASHVILI ანოტაცია სტატიაში განხილულია საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკური, ეკონომიკური და რეგიონული პრობლემები და საფრთხეები. აქცენტი გაკეთებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გეოპოლიტიკური განვითარების სპექტრზე და არასტაბილურ ვექტორებზე; დახასიათებულია რეგიონულ ეკონომიკურ მოთამაშების როლი და მათი ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე, ეკონომიკის განვითარების შესაძლებელი მიმართულებები და აღნიშნულია, რომ საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ჰქონია შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ისეთი მაღალი წონა ეკონომიკის განვითარებაში, როგორც ამჟამად. საქართველოს ეკონომიკაში მოსალოდნელი ცვლილებები ქვეყნების, რეგიონული გაერთიანებების აშკარა დაპირისპირების ფონზე წარიმართება და საქართველოს ეკონომიკის ევროპულ მომავალს ექმნება საფრთხე როგორც დასავლეთთან გაცხადებული „ცივი ომის“ გამო, ასევე სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის ვექტორის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ აქცენტირებით. ეს და სხვა საფრთხეები საქართველოს გეოეკონომიკური სარგებელზე ახდენენ ნეგატიურ გავლენას. საკვანძო სიტყვები: საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი, შესავალი საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება სერიოზული გეოპოლიტიკური რისკებით ხასიათდება, რაც გამოწვეულია უპირველეს ყოვლისა, რეგიონული არასტაბილურობით, კავკასიის სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის განსხვავებული მიმართულებებით, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ერთიანი და ძლიერი რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის შექმნას. სომხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ირანის და განსაკუთრებით რუსეთის გავლენის ზრდას რეგიონში, ხოლო აზერბაიჯანი უპირატესობას თურქეთის გრძელვადიან ინტერესებს ანიჭებდა. გარე ქვეყნების ინტერვენციამ და რეგიონში უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველყოფის შეუძლებლობამ გამოიწვია „3+3+2“ სისტემის შექმნის იდეა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი + რუსეთი, ირანი, თურქეთი + აშშ, ევროკავშირი). თუმცა, რეგიონულ და ექსტრარეგიონულ ძალებს შორის მუდმივი დაპირისპირების პირობებში, ძლიერი რეგიონული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება წარუმატებელია. გაძლიერდა საფრთხეები რეგიონის დიდი სახელმწიფოების მხრიდან, კერძოდ, რუსეთიდან, რომელიც იმპერიალისტური მიზნებით ცდილობს საბჭოთა კავშირის დროს არსებული პოლიტიკური დომინანტობის აღდგენას.[1] მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 2008 წლის აგვისტოში, განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, კონფლიქტებმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და ქართულ-რუსული ინტერესების დაპირისპირების ღია და მკაცრი გამოვლენის ფორმა მიიღო.[2] ეს მდგომარეობა შერბილდა 2012 წლის შემდგომ პერიოდში და საქართველოში მსხვილი გეოპოლიტიკური პროექტები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მეტ დამოუკიდებლობასა და სტაბილიზაციას მატებდა, და სავარაუდოდ არ იყო რუსეთის ინტერესებში (ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნამუხვანის ჰესი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი), შეჩერდა ან გადაიდო გარკვეული პერიოდით. საქართველოს ხელისუფლება არ შეურთდა რუსეთის, (რომელმაც უკრაინას ომი გამოუცხადა და შეიჭრა მის ტერიტორიაზე) წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს (გარდა ფინანსური სანქციებისა, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო სატრანსფერო ქსელების მეშვეობით), და დარჩა ნეიტრალურ პოზიციაზე.[3] ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი არგუმენტი იყოს ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შ. პაპუაშვილის სიტყვებით, „საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ ჩვენს ქვეყანას - 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა“.[4] პარალელურად საქართველო ცდილობს დასავლეთთან ალიანსს თავისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები პერიოდულად იძაბებოდა, როგორც კი საქართველო ჩრდილოეთ ალიანსთან თანამშრომლობის შესახებ აკეთებდა დეკლარაციას და თანდათან აღრმავებდა ევროკავშირთან ინტეგრაციას.[5] დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობათა მთავრობების მოსაზრებით, საქართველოს ეს პოლიტიკა არ აღმოჩნდა თანმიმდევრული, განსაკუთრებით 2022 წლიდან ხელისუფლების დასავლეთის დადანაშაულებით ე.წ. „გლობალური ომის წარმოებით“,[6] რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან მიერთებისთვის მხარდაჭერაზე უარის თქმითა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის დამტკიცებით, რომელმაც საზოგადოების ნაწილის, ევროკავშირის და აშშ-ს ხელისუფლების აღქმით, გადაიყვანა საქართველო ევროპული გზიდან და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და მტრულ ძალად მიიჩნევს დასავლური ქვეყნებიდან დაფინანსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას, რითაც საფრთხეს შეექმნა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.[7] ყოველივე ეს საქართველოს დასავლეთთან „ცივი ომის“ პირობებში აყენებს, ამასთან, „ცივი ომის“ საპასუხო რეაქციები დასავლეთის მხრიდან და აშშ-ისსახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესებით იმ სახელმწიფო პირებზე, ვინც მათი აზრით, „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში,“ მყისიერად აისახა ფინანსურ სტაბილურობაზე და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე. [8] თუმცა ლარის კურსი მალევე დასტაბილურდა. ტრადიციულ ეკონომიკური პარტნიორებთან ერთად საქართველოში თავისი ინტერესები ჩინეთმაც გამოავლინა, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პირველ სამეულში დაიმკვიდრა ადგილი და საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ გამოცხადდა, იმ იმედით, რომ იგი დიდ შესაძლებლობებს გააჩენს ეკონომიკის განვითარებისათვის და განახორციელებს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების პრეფერენციულ დაკრედიტებას. რისკები შესაძლოა შექმნას იმ გარემოებამ, რასაც „სესხის ხაფანგის დიპლომატიას“ უწოდებენ, როდესაც კრედიტორი პოლიტიკურ ბერკეტად აქცევს მისადმი სხვა სახელმწიფოების ვალს, და ამ ახალ ბერკეტს იყენებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად.[9] დასავლურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის დეკლარირებული პოლიტიკის ფონზე, საქართველოს სტრატეგიის აქცენტირება ჩინეთთან, არ არის ევროკავშირისა და აშშ-ს ინტერესებთან თანხვედრაში, პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ჰქონია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ისეთი მაღალი წონა ეკონომიკის განვითარებაში, როგორც ამჟამად. შესაბამისად საკითხი დადგა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, რომელიც ურთიერთდაპირისპირებული ქვეყნებისა და რეგიონული გაერთიანებების ცივი ომისა და აშკარა დაპირისპირების ფონზე წარიმართება. ეკონომიკური უსაფრთხოების სხვადასხვა ვექტორები 21-ე საუკუნის დასაწყისში, ევროკავშირის ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში გადაიზარდა „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“, რომელიც შეიქმნა სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, ამ ტერიტორიებზე რუსეთის გავლენის დასაპირისპირებლად. მას მოყვა სომხეთთან და საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შექმნას. 2014 წლის ივნისში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომლის ნაწილია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა (AA/DCFTA), ხოლო 2013 წლის სექტემბერში, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც პრეზიდენტი პუტინი ცდილობდა სომხეთისთვის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის შეთავაზებას, სომხეთმა ევროკავშირთან (EU) ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ნაცვლად ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) გაწევრიანება არჩია.[10] ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ აზერბაიჯანმა უარი თქვა როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ასევე ავრაზიაში გაწევრიანებაზე. თუმცა, დე ფაქტო ის ინტეგრირებულია (ამა თუ იმ ხარისხით) ევრაზიის ბაზარზე. ამრიგად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სხვადასხვა პოლიტიკის ვექტორები დიდწილად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იყო რუსეთისა და ევროპის გავლენა ამ ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებზე. რეგიონში ინტერესების ფრაგმენტაცია მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების პროცესს, უარყოფითად აისახება სტაბილურობასა და პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. რუსეთს აქვს მკაფიოდ გამოხატული პრეტენზია იყოს დომინანტური სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში და სურს აღადგინოს და შეინარჩუნოს თავისი უპირატესობა რეგიონში. მისთვის პოსტსაბჭოთა სივრცე არის „განსაკუთრებული ინტერესის ზონა“, რომელზეც მისი მოთხოვნა არის ლეგიტიმური.[11] რუსეთი ანვითარებს „ლიბერალური იმპერიის“ იდეას,[12] რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციას შეუძლია და უნდა აღადგინოს თავისი გავლენა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში არა მხოლოდ ეკონომიკური ექსპანსიით, არამედ სამხედრო ექსპანსიითაც. დასავლეთის ინტერესებისგან განსხვავებით, ამ დოქტრინის დასტურია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ამჟამინდელი რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. რუსეთის პოლიტიკური დოქტრინა რეალურ საფრთხეს უქმნის ყოფილი სსრკ-ს სახელმწიფოების დამოუკიდებელ არსებობას და ზემოქმედებს ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე. კავკასიაში უსაფრთხოება კიდევ უფრო მყიფე გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააძლიერა თურქეთისა და ირანის პოზიცია, რომლებიც ახლა მოსკოვისთვის ვაჭრობისა და იარაღის მნიშვნელოვანი წყაროა.[13] ამჟამად, საქართველოში არის რუსეთის მიერ გაზრდილი მილიტარიზაციის ზონები (აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი/ ცხინვალის რეგიონში). ამ რეგიონების სუსტი ეკონომიკური განვითარების გამო, რუსეთის მხრიდან ფინანსური ნაკადები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ფინანსები გამოიყენება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, პენსიებისა და თავდაცვისთვის. როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში. რუსული თავდაცვის ხარჯები აღემატება ამ რეგიონების მთელ ბიუჯეტს და მშპ-საც კი, რაც წინასწარ განსაზღვრავს ამ რეგიონის სამხედრო ხასიათს. კერძოდ, თუ რუსეთში სამხედრო ხარჯები ფედერალური ბიუჯეტის თითქმის 15 პროცენტია,[14] აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეს 1,5-2-ჯერ მეტია ადგილობრივ ბიუჯეტზე.[15] რუსეთის კერძო და სახელმწიფო ფინანსები რუსეთის ბაზებთან ერთად მყარდება და ცენტრალურ ადგილს იკავებს ამ რეგიონების ეკონომიკაში და ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას ამ კონფლიქტების მოგვარების მცირე პერსპექტივა აქვს.[16] საქართველოს მთავრობის ამბიციური გეგმების განხორციელებას ნატოსა და ევროპაში გაწევრიანების შესახებ ბარიერები აქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანას არ გააჩნია ძლიერი ეკონომიკური ბაზა, რომელიც არ დაამძიმებს ევროკავშირს მისი ეკონომიკური პრობლემებით, ან იმიტომ, რომ მას არ აქვს კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია და ინსტიტუციური სტრუქტურა, არამედ იმიტომ, რომ შიშია რუსეთთან ურთიერთობაში, რომელიც მზად არის კიდევ ერთხელ დაიკავოს ქვეყნის ტერიტორიები თავისი სამხედრო ინტერვენციებით და განახორციელოს მორიგი შეჭრა მეზობელ ქვეყანაში.[17] შესაძლებელია ამით იყოს განპირობებული საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მიესალმება. თუმცა, ამჟამად საქართველოს უსაფრთხოების გარანტიას ვერც ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს, რომელიც რეგიონში ურთიერთდაპირისპირებულ დომინანტურ ძალად არის წარმოდგენილი. არც ერთი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის საბოლოო ჯამში ქვეყნის უსაფრთხოების სრული, აბსოლუტური გარანტი. ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობაზე და სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფანის განვითარებაზე. იზრდება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ინტერესი საქართველოს, როგორც სატრანზიტო ტერიტორიის მიმართ და სატრანსპორტო დერეფნის გაფართოება ღებულობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წონას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას. ნავთობისა და გაზის პრობლემა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი დიდწილად განსაზღვრავს მრავალი სახელმწიფოს ურთიერთობების ხასიათს კავკასიის მიმართ. აზერბაიჯანს აქვს გაზისა და ნავთობის სტრატეგიული მარაგი და საქართველოს მთავარი შედარებითი უპირატესობა არის მისი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, რაც განსაზღვრავს ამ ქვეყნების საერთაშორისო გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ფუნქციას. დასავლეთის სახელმწიფოების ინტერესები, მიიღონ წვდომა ნავთობისა და გაზის,რუსეთის გავლენისგან თავისუფალ, ალტერნატიულ წყაროებზე, არის პრიორიტეტული დოქტრინა ევროკავშირის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების მისაღწევად. ეს პოლიტიკა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება. რუსული სატრანსპორტო არტერია შეიზღუდა როგორც ომის, ისე დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო. არსებობს შუა დერეფნის განვითარების სერიოზული პოტენციალი და აზერბაიჯანი და საქართველო თავად შეიძლება გახდნენ ელექტროენერგიის მწარმოებლები და ექსპორტიორები ევროკავშირში, რასაც ხელს უწყობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელის გაყვანის პროექტი, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს საქართველოსთან, შემდეგ რუმინეთთან და უნგრეთთან. ეს პროექტი ევროკავშირის პატრონაჟით უნდა განხორციელდეს.[18] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაპონური და ჩინური კომპანიები დაინტერესდნენ სამხრეთ კავკასიის გავლით ტვირთების გადაზიდვით, რომელიც გადის საქართველოსა და აზერბაიჯანზე.[19] ეს უზრუნველყოფს ტრანზიტის უსაფრთხოების გარკვეულ ზღვარს, ხოლო ჩინელი ინვესტორების მონაწილეობა ანაკლიაში მრავალფუნქციური ღრმაწყლოვანი პორტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში იძლევა გარკვეულ შესაძლებლობებს ძალთა ბალანსისთვის.[20] თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამით ჩინეთი ღებულობსკონტროლის უფლებასგლობალურივაჭრობისთვისძალიანმნიშვნელოვანმარშრუტზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ინვესტიციები ჩინეთის ეროვნულ ვალუტაში განხორციელდება, კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს საქართველოს მიმდნარე ანგარიშის ბალანსს, ფინანსურ სტაბულურობასა და ფასებზე შესაძლებელია ყუარყიფითი გავლენა მოახდონოს, რამდენადაც საქართველოს სავაჭრო ბალანსი ჩინეთთან უკიდურესად უარყოფითია და მლრდ დოლარს აღემატება (2023), რაც მთლიანი სავაჭრო ბალანისი 12 პროცენტია. აქვე ისიც უნდა აღინიშონს რომ ჩინეთის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ არის დიდი და „ჩინეთის ინდექსის“ მიხერვით საქაართველო 29 ადგილზეა (შედარებისათვის გერმანია არის მე-19 ადგილზე, ხოლო დიდი ბრიტანეთი კი - 27 ადგილზე). [21] ეკონომიკური უსაფრთხოების ახალი რისკები უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საფრთხის ქვეშ დადგა რუსეთში მეწარმეების ურთიერთობა დასავლეთის და სხვა ქვეყნების მეწარმეებთან, იგი ნაწილობრივ რუსული ბიზნესის მეზობელ ქვეყნებში გადატანით გადაიჭრა და რუს მეწარმეებს საშუალება მიეცა შეენარჩუნებინათ საერთაშორისო ინტერნეტ კომუნიკაციები, განეხორციელებინათ საერთაშორისო ფულადი გზავნილები და მიეღოთ საბანკო მომსახურება. რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების ვექტორი ნაწილობრივ შეიცვალა რუსეთიდან მოქალაქეებისა და ბიზნეს კაპიტალის ფართო მიგრაციის გამო. ამ მხრივ განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა სომხეთი და საქართველო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რამდენიმე ათასი რუსული კომპანია დარეგისტრირდა. რუსეთიდან სომხეთსა და საქართველოში ფულადი ნაკადები გაიზარდა, რადგან რუსეთიდან დასავლეთში ტრანზაქციები სანქცირებულია და რუსული ბანკები მოწყვეტილი იყო საერთაშორისო საგადასახადო სისტემას. გარიგების მონაწილე ქვეყნები იყვნენ კავკასიის ქვეყნები, ასევე ევროპისა და აზიის ზოგიერთი სხვა ქვეყანა.[22] საქართველოში უცხოური კომპანიების ზრდამ და კაპიტალის შემოდინებამ ხელი შეუწყო 2022-2023 წლებში მშპ-ს 10 პროცენტზე მეტ ზრდას საქართველოში. ამჟამად რუსეთი კავკასიის ქვეყნების პირველი სავაჭრო პარტნიორია. ეს ტენდენცია გაძლიერდა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ. გაიზარდა რუსეთთან საგარეო ვაჭრობა.[23] ამავდროულად გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით ხორბალსა და ფქვილზე.[24] მათი წილი საქართველოს ხორბლისა და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში არის 95% (2022); ეს დამოკიდებულება ქმნის დეფიციტის რისკს ამ პროდუქტების მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში. სტრატეგიული პროდუქტების დეფიციტი ჩვეულებრივ იწვევს სხვა საქონელზე ფასების ზრდას. (ეს უკვე მოხდა 2022 წლის ზაფხულში). სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ ზეწოლას ქმნის ინფლაციაზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021-2020 წლებში ინფლაცია საქართველოში 10-11 პროცენტი იყო.2023 წელს იგი მკვეთრად შემცირდა. ნავთობი, გაზი და მარცვლეული, რუსეთის მთავარი ექსპორტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მოსკოვს გარკვეულ გავლენას ანიჭებს რეგიონში. თუმცა, მიუხედავ იმისა, რომ ძლიერდება რუსეთის ეკონომიკური მონაწილეობა რეგიონში, იზრდება კონკურენციაც მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციით ან იმპორტის ჩანაცვლებით.[25] რუსეთთან მზარდმა ეკონომიკურმა კავშირებმა შესაძლოა ეკონომიკური დესტაბილიზაციის წინაშე დააყენოს ქვეყანა იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყება რუსული კაპიტალის რეპატრიაცია და შეიცვლება სავაჭრო ურთიერთობების ვექტორი.[26] Morgan-Stanley-ის ინვესტიციების ხელმძღვანელის თქმით, კონფლიქტის დროს ნებისმიერმა მოკლევადიანმა გარიგებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები. ასეთ შემთხვევაში, ფინანსურმა ბაზრებმა შეიძლება განიცადოს ძლიერი რყევები, გაიზარდოს სესხების ხარჯები და შეანელოს გლობალური ზრდა.[27] Bloomberg-ის ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ ზრდა შენელდება, რადგან შინამეურნეობები იძულებულნი არიან დახარჯონ თავიანთი შემოსავლის მზარდი წილი საკვებსა და საწვავზე და უფრო ნაკლები სხვა საქონელსა და მომსახურებაზე.[28] დასკვნა სამხრეთ კავკასიაში ყველა ქვეყანას სურს ჰქონდეს მეტი ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოება, მაგრამ ამას ცდილობენ მიაღწიოს საკუთარი გზით: აზერბაიჯანი ფრთხილი და ნეიტრალურია დასავლეთთან ურთიერთობაში, მისი ძლიერი სამხედრო და ეკონომიკური კავშირები თურქეთთან და გაზისა და ნავთობის რესურსების არსებობა მის უსაფრთხოებას უფრო მტკიცეს ხდის. სომხეთი ისწრაფვოდა რუსეთთან კავშირებისკენ, რათა ყარაბაღის ტერიტორია საკუთარ ორბიტაში შეენარჩუნებინა, მაგრამ 2020-21 და 2022 წლებში აზერბაიჯანთან ომების და ამ ტერიტორიების დათმობის შემდეგ სომხეთი ცდილობს გადახედოს უსაფრთხოების დღის წესრიგს და განთავისუფლდეს რუსეთზე დამოკიდებულებისაგან. საქართველო ტრადიციულად ეძებს კავშირებს დასავლეთის ქვეყნებთან. რეგიონული უსაფრთხოების ეს კაკოფონია ასახავს ქვეყნების განსხვავებულ პოლიტიკურ მისწრაფებებს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ტრანსკავკასიური აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფანი აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან რგოლად აქცევს. ამავდროულად, კავკასიის დერეფნის მიმართ ინტერესი და ქვეყნების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება აზერბაიჯანულ გაზსა და ნავთობპროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის შესაბამისად. პარალელურად წინა წლებთან შედარებით იზრდება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რაც აისახა რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში რუსეთიდან მიგრაციისა და ფულადი კაპიტალის შემოდინებაში. თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა და იგი შეუქცევადი არ არის. შესაბამისად მოსალოდნელია ქვეყნიდან „კაპიტალის გაქცევა“, რაც გამოიწვევს საქართველოს მაღალი ეკონომიკურის ზრდის დაცემას. ამ ცვალებად სიტუაციაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რომლის შემდგომმა განვითარებამ უნდა უზრუნველყოს სტაბილურობა და ეკონომიკის შემდგომი განვითარება. ევროკავშირთან ინტეგრაციამ კი შესაძლებელია გახადოს ქვეყანა მისაზიდი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის საზოგადოებისათვის, რაც მნიშვნელოვანი პირობა იქნება ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისა და ეკონომიკური განვითარების რთულ გზაზე. ლიტერატურა
[1] Политолог рассказал о концептуальном восстановлении Путиным Советского Союза, Lenta.RU, 8 декабря 2021, https://lenta.ru/news/2021/12/08/vosstanovlenie_sssr/; Путин назвал распад СССР трагедией и «распадом исторической России» так как Государство утратило 40% территории. 30 лет без СССР , РБКб 12 дек 2021, https://www.rbc.ru/politics/12/12/2021/61b5e7b79a7947689a33f5fe [2] S. Neil MacFarlane, Georgia: National Security Concept versus National Security , Russia and Eurasia Programme Paper REP PP 2012/01,ChatamHouse, Published in association with Center for Social Sciences, Tbilisi, August 2012, p.7. www.chathamhouse.org / www.css.gehttp://css.ge/wp-content/uploads/2019/07/neil_security_eng.pdf [3] საქართველოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2023 წელს. https://georgiacb.com/saqartvelos-sanqciebi-rusetis-winaaghmdeg [4] შალვა პაპუაშვილი - „საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ ჩვენს ქვეყანას - 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა“, ინტერპრესნიუსი, პოლიტიკა, 09.02.2023, https://shorturl.at/dKhVL [5] სანქტ-პეტერბურგი. 2008 წლის 2-3 აპრილს ბუქარესტში ნატოს სამიტზე საქართველომ და უკრაინამ ვერ მიიღეს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), მაგრამ ამავე დროს მიიღეს მტკიცე ვალდებულება, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გაწევრიანდნენ ნატოში. 2008 წლის აგვისტოში დაიწყო საქართველო-რუსეთის ომი, რის შედეგადაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი - აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები გააძლიერა. [6] ხელისუფლების მოსაზრებით, გლობალური ომის პარტია არის ძალა, რომელიც მსოფლიოს მართავს, და საქართველოს "ომში ჩათრევის განზრახვა" აქვს. “ამძალებსაქვთსაკვანძოგავლენაროგორცევროკავშირზე, ისეამერიკისშეერთებულშტატებზეც, რაცარისძალიანსამწუხარომოვლენა“. (გლობალური ომის პარტია, ვენეციის კომისიის დასკვნა, განათლების სისტემა და ტრადიციები. ირაკლი კობახიძის ინტერვიუ. 23.05.2024, https://shorturl.at/1mR4Y). დასავლეთის მრავალმა დიპლომატიურმა უწყებამ მრავალჯერ უარყო ეს ბრალდება, თუმცა იგი საქართველოს ხელისუფლებისათვის შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომელიც მათი ძალაუფლების განმტკიცების მიზანს ემსახურება. [7] სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“, ავტ. ლ. პერტაია, აპრილი 15, 2024, https://shorturl.at/8fjqH [8] საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივნისის დასაწყისში, ე.წ. „უცხოეთის გავლენის აგენტების კანონის“ მიღებისა და თანამდებობის პირების სანქცირებისთანავე, ლარი დოლართან მიმართებაში 14 პუნქტით გაუფასურდა. [9] საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში, ავტ.ლ. პერტაია აგვისტო 01, 2023, https://shorturl.at/7LMqf [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) არის რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია, რომელიც მოიცავს ოთხ ქვეყანას: სომხეთის რესპუბლიკას, ბელორუსის რესპუბლიკას, ყაზახეთის რესპუბლიკას, ყირგიზეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას. 2010 წელს ბელორუსმა, ყაზახეთმა და რუსეთმა შექმნეს ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელსაც ორი წლის შემდეგ მოჰყვა ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება. 2011 წელს სამი სახელმწიფო შეთანხმდა EAEU-ს შექმნაზე, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან. EAEU მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააფართოოს ევრაზიის საბაჟო კავშირის ჩარჩო და საერთო ეკონომიკური სივრცე საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომის ერთიანი ბაზრის შექმნით. [11] Bobo Lo, Vladimir Putin and the Evolution of Russian Foreign Policy, Chatham House Papers, Oxford: Blackwell/Royal Institute of Inernational Affairs, 2007; Mette Skak, “Russia’s New ‘Monroe Doctrine’,” in Roger Kanet, ed., Russian Foreign Policy in the 21st Century Basingstoke: Palgrave Macmillan, 2011. [12] ვ. პაპავა, თ. თაფლაძე, „ლიბერალური იმპერიის“ რუსული მოდელი და პოსტრევოლუციური საქართველოს გამოცდილება. # 1, 2009, ეკონომისტი, გვ. 23-27. https://www.papava.info/publications/Papava_Tapladze_No1_2009.pdf [13] Troianovski A, Renewed Armenia-Azerbaijan Conflict Underlines Russia’s Waning Influence. The New York Times, Jan. 17, 2023. https://www.nytimes.com/2023/01/17/world/europe/armenia-azerbaijan-russia-nagorno.html [14] Военный раздел поднимется на второе место в бюджете России по расходам, Экономика , 03 окт 2021, РБК: https://www.rbc.ru/economics/03/10/2021/61571a279a79478e0bc0b011 [15] გამოთვლაში გამოყენებულია სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემები და მონაცემები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ.. [16] Neil Melvin, Giulia Prelz Oltramonti, Managing Conflict and Integration in the South Caucasus: a Challenge for the European Union, SIPRI–CASCADEPolicyBrief , November 2015. https://www.sipri.org/publications/2015/sipri-fact-sheets/managing-conflict-and-integration-south-caucasus-challenge-european-union [17] В отколовшися территориях Грузий периодочески ставится вопрос о их присоединений к России. (“Цхинвал начал обсуждать с Москвой вхождение Южной Осетии в РФ — Бибилов”, ИА REGNUM. 03.31.2022., https://regnum.ru/news/polit/3550730.html; “Общественные организации Абхазии выступили против присоединения к России”, Политика , РБК, 19.03, 2022, [18] Грузия, Азербайджан, Венгрия и Румыния подписали Cоглашение о Черноморском электрокабеле, 17, Декабря, 2022. https://civil.ge/ru/archives/519149 [19] Unpacking Chinese finance in the South Caucasus, The region is newly strategic as Russia’s war shifts attention to the so-called Middle Corridor, Eurasianet, Dec 14, 2022, https://eurasianet.org/unpacking-chinese-finance-in-the-south-caucasus [20] ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია (CCC და China harbour investor). [21] China Index 2022, https://china-index.io/country [22] ამ მოვლენის საპასუხოდ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათმა „ჯოჯოხეთურმა“ სანქციებმა არ გაამართლა. [ისინი] არ მუშაობენ... სამრეწველო და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა შეიცვალა შიდა საქონლით, დაკარგული კი - აზიური ბრენდებით. ამავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც კი პროგნოზირებს რუსეთის ეკონომიკურ ზრდას წელს“. ამავდროულად, პარალელური იმპორტიც მუშაობს და რუსი მომხმარებელი იმავე დასავლურ ბრენდებს იღებს“. (Medvedev lambasts 'failed' Western sanctions, TASS, Russian News Agency, 31, January, 2023, https://tass.com/politics/1569393). [23] კორინავირუსის გლობალური ეპიდემიის შემდგომ პერიოდში ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლების შედარებისას პირობითია იმ ფაქტორების გამოყოფა თუ რა წილი ჰქონდას კრიზისის მედგომ აღმავლობას, რუსეთ-უკრაინის ომსა და დასავლეთის სანქციებს სავაჭო ურთიერთობების განვითარებაზე. ცალკეული კვოევებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის მთლიანი მოცულობა თითქმის არ შეცვლილა; რუსეთში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა ომამდე და ომის შემდეგ პრაქტიკულად იდენტურია; ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, განსაკუთრებით გაიზარდა ნავთობპროდუქტების იმპორტი; გაიზარდა რეექსპორტის მოცულობa, რაც ლოგისტიკური კავშირების გადალაგების ფარგლებში უნდა განვიხილოთ; (მ. კაკულია, ნ. კაპანაძე, რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ვაჭრობის დინამიკა და სტრუქტურა უკრაინაში რუსეთის სრულსასშტაბუიან შწრამდე და შემდგომ, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, თბ. 2023, https://gfsis.org.ge/files/library/pdf/Geo-3527.pdf) [24] რუსეთიც და უკრაინაც მსოფლიოს წამყვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტიორები არიან. 2020 წლის მონაცემებით, რუსეთი და უკრაინა ერთად შეადგენდნენ ხორბლის გლობალური ექსპორტის 26%-ს, ხოლო უკრაინას მთლიანი ექსპორტის 8%. ორივე ქვეყანას შეადგენს ქერის მსოფლიო ექსპორტის 24%. მზესუმზირის თესლის, ზამბახისა და ბამბის ზეთის გლობალური ექსპორტის 57% სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის. მსოფლიოში სიმინდის ექსპორტის 13% მხოლოდ უკრაინას უკავია. (By Siobhan McDonough and Youyou Zhou, What the Russian invasion of Ukraine could mean for global hunger, Feb 27, 2022, https://www.vox.com/future-perfect/2022/2/27/22950805/russia-ukraine-food-prices-hunger-invasion-war ) ომმა ასევე საფრთხე შეუქმნა ამ რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებას და შექმნა მთელ მსოფლიოში ფასების მკვეთრი ზრდის პრეცედენტი. [25] Александров И, Россия-Закавказье: обзор торговли, РФ усиливает экономическое присутствие в Армении, но сталкивается со всё большей конкуренцией в Азербайджане и Грузии. Nov 21, 2021. Eurazianet, https://shorturl.at/kapSe [26] სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოს ვექტორი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაში ძალიან ცვალებადია: 2005-2012 წლებში რუსეთის მიერ დაწესებულმა ემბარგომ ქართულ ექსპორტზე რუსეთში და ქართული ღვინის იმპორტის შეზღუდვების განხილვამ რუსეთის დუმაში, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებებმა (მასობრივი „ანტისაოკუპაციო პროტესტი“) ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და აღიარებულია, როგორც სერიოზული და რეალური გამოწვევა პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის. დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების გამო საქართველომ დაკარგა ღვინის, მინერალური წყლისა და ხილის და სუბტროპიკული კულტურის წილი. 2005 წელს რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგომდე, მთელი ღვინის ექსპორტის 77,5%, მინერალური წყლის 72%, საქართველოში წარმოებული ხილისა და სუბტროპიკული კულტურების 21% რუსეთში იყიდებოდა. 2012 წლიდან, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები თანდათან აღდგა, თუმცა მისი ბაზარი მოიაზრება როგორც არამდგრდი და რისკიანი ქართველი მეწარმეებისათვის [27] Hamza Fareed Malik, A Morgan Stanley investing chief says the Russia-Ukraine conflict is 'a big deal' for markets and anyone trying to trade it on a short-term basis will likely struggle, February 27, 2022, https://finance.yahoo.com/news/morgan-stanley-investing-chief-says-090000177.html [28] Ben Holland, Scott Johnson, Jamie Rush, Anna Wong and Tom Orlik, How War in Ukraine Threatens the World’s Economic Recovery. (Bloomberg Economics examines how the conflict could impact growth, inflation and monetary policy), Bloomberg, February 25, 2022 , https://www.bloomberg.com/news/features/2022-02-25/war-in-ukraine-how-the-ukraine-russia-conflict-could-impact-the-global-economy |