English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ შოთა ვეშაპიძე
უსაფრთხოების ზოგიერთი ეკონომიკური ასპექტი ეკონომიკურ მოძღვრებათა კონტექსტში

 

10.36172/EKONOMISTI.2024.XX.04.VESHAPIDZE

ანოტაცია. ამ ნაშრომის ინტერესის სფეროა ზოგიერთი დღევანდელი პრობლემის იდენტიფიცირება, რომელიც სახელმწიფოების წარმოშობასთან და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობასთან ერთდროულად წარმოიშვა. მათ შორის ყველაზე აქტუალური რჩება პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უსაფრთხოების კონტექსტში ეკონომიკური აზროვნების ევოლუციის შესწავლა აჩენს კითხვებს დღევანდელ რეალობასა და წარსულს შორის კავშირზე და გზას უხსნის პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ალტერნატიული გზების გამორკვევას.

კვლევის აქტუალობიდან გამომდინარე ამ ნაშრომის კვლევის მიზანია: პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის ძირითადი ისტორიული ტიპების იდენტიფიცირება. ამ მიზნიდან გამომდინარე, კვლევის ამოცანებია: პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის ძირითადი ისტორიული ტიპების გამოყოფა და მათი საერთო არსებითი ნიშნების დადგენა; ამ ნიშნების თავისებურებების გამოვლენა დროის, ადგილისა და გარემოებების სხვადასხვა სპეციფიკურ ისტორიულ პირობებში. ნაშრომის კვლევის საგანია: პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ევოლუცია. კვლევის ობიექტია ძირითადი ეკონომიკური იდეები, შეხედულებები, კონცეფციები. კვლევაში გამოყენებულია შედარებითი ანალიზის, სინთეზის, ინდუქციის, დედუქციის, ისტორიული მეთოდები.

ნაშრომში გამოკვლეულია პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიდგომები ძირითადი ეკონომიკური იდეების, შეხედულებების, კონცეფციების მიხედვით, უძველესი დროიდან დღემდე. გამოვლენილია დღევანდელ რეალობასა და წარსულს შორის კავშირები, გამორკვეულია ძირითადი კონცეფციები, რომელიც აქტუალურია თანამედროვე პირობებში და გზას უხსნის პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ალტერნატიული გზების გამორკვევას.

საკვანძო სიტყვები: უსაფრთხოება, ადამიანის მოთხოვნილებები, ეკონომიკური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა, დღევანდელ რეალობასა და წარსულს შორის კავშირი.

შესავალი

ყველა დროს თავისი ტკივილი და გამოწვევები აქვს. ამიტომ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეკონომიკური ასპექტების გააზრება, პირველი აზრის და იდეების გაჩენიდან დღემდე, მნიშვნელოვანი ფენომენია. პრობლემის უწყვეტად, მთლიანობაში გააზრება, დღევანდელ რეალობასა და წარსულს შორის კავშირის უკეთ გაგების, მისი ევოლუციონირების, კეთილდღეობის ამაღლებისთვის გამოყენების საშუალებას იძლევა.

უსაფრთხოება ადამიანთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა. ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანის ეკონომიკური მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მათ ჰქონდეთ საკმარისი ფული არა მარტო საკვებისთვის, არამედ მოქალაქეები არ იყვნენ ვალაუვალნი და გაკოტრების ზღვარზე, ჰქონდეთ ფინანსური წიგნიერების სათანადო, საშუალო საერთაშორისო დონე.

ადამიანის (პირადი) უსაფრთხოების განხილვისას გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანური განვითარების ანგარიშში 1996 წელს, ექსპერტებმა გამოყვეს ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები, მათ შორის :

1. ადამიანის უსაფრთხოება არის უნივერსალური კონცეფცია, რომელიც ვრცელდება ყველა ადამიანზე ყველა ქვეყანაში, იქნება ეს მდიდარი თუ ღარიბი. არსებობს მრავალი საფრთხე, რომელიც ყველასთვის ერთნაირია - უმუშევრობა, სიღარიბე, დამნაშავეობა, გარემოს დაბინძურება; 2) ადამიანთა უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის ბაზარი და სოციალური შესაძლებლობები, ცხოვრობენ თუ არა ისინი კონფლიქტის პირობებში თუ მშვიდობის პირობებში. [ 18 ].

ძირითადი ტექსტი

კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი განვითარება დაკავშირებულია პიროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა სფეროს პარალელურად გაფართოებასთან, რომლის პრობლემების მთელი სპექტრი არსებითად, ცხოვრების ყველა ასპექტში მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე დაიყვანება.

ეროვნული უსაფრთხოების ეკონიმიკური უზრუნველყოფა „სამ ვეშაპს“ ეყრდნობა და ფართო გაგებით პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათი ინტერესების დაცვას გულისხმობს. ამ სამდონიან იერარქიაში ყოველი კომპონენტი თანაბრად წონადია. [ 19 ].

ეკონომიკური აზროვნების ევოლუციის შესწავლა ამდიდრებს ჩვენს ცოდნას სახელმწიფოს, საზოგადოების, ცალკე აღებული პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ. სხვადასხვა კონცეფციისა და თეორიის კვლევის პროცესში ჩნდება კითხვები დღევანდელ რეალობასა და წარსულს შორის კავშირზე, თუ რატომ ინარჩუნებს აქტუალურობას წარსულის ზოგიერთი იდეა. ბევრი დღევანდელი პრობლემა პირველი სახელმწიფოების წარმოშობასთან და ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მონაწილეობასთან ერთდროულად წარმოიშვა. მათ შორის ყველაზე აქტუალური რჩება სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის იდეალური მოდელის შექმნის პრობლემა.

სახელმწიფოებრიობის გაჩენასთან ერთად გაჩნდა პირველი ფილოსოფიური და ეკონომიკური შეხედულებები, სახელმწიფოს, საზოგადოების და მისი წევრების, ინტერესების დაცვის იდეა, რომელიც მეცნიერულ სახეს ღებულობს იმდროინდელი მეცნიერთა ნაშრომებში.

ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნავდნენ ეგვიპტის უძველეს სახელმწიფოში, ბაბილონის სამეფოში („ჰამურაბის კანონები“), ძველ ინდოეთსა („მანუს კანონები“) და ჩინეთში, საბერძნეთსა და რომის იმპერიაში („12 ტაბულის კანონები“), ადრე და გვიან საუკუნეებში.

ძველ ეგვიპტეში იყო ერთგვარი გეგმური, უფრო სწორად ორგანიზებული საირიგაციო სისტემის გარშემო აგებული ეკონომიკა. აქ ჩაეყარა საფუძველი ეკონომიკურ ურთიერთობებს და ძალისხმევის გაძლიერებას მათ დასარეგულირებლად. ამ დროს გაჩნდა პირველი იდეები სახელმწიფოს ეკონომიკური დაცვის მიზნით. მისი მთავარი მიზანია თითქმის ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორო სისტემის და ჩასახული მონათმფლობელობის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სხვადასხვა ქვეყანაში ეს ტენდენცია სხვადასხვანაირად გამოვლინდა.

ასურეთისა და ბაბილონის თეოკრატიებს ჰქონდათ უზარმაზარი სამხედრო და ბიუროკრატიული ორგანიზაციები და განვითარებული სამართლებრივი სისტემები. მათ შორის, მაგალითად, ჰამურაბის კოდექსი (დაახლ. ძვ. წ. 2000 წ.). ამ კანონების ნაკრები კერძო საკუთრების ინტერესების დაცვისკენ იყო მიმართული. ვინც ხელყოფს სხვის საკუთრებას, მონობაში დაბრუნებით ან სიკვდილით ისჯებოდა. მონა მეპატრონის საკუთრებად, ნივთად ითვლებოდა; მისი პიროვნება, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში არავითარ როლს არ თამაშობდა. მონის დაუცველობამ ის დაუცველი გახადა კანონის თვალსაზრისით: მას არანაირი თავისუფლება არ ჰქონდა. ჰამურაბის კოდექსი შეიცავდა დებულებებს მონათმფლობელობის სისტემის მოწესრიგებისთვის და საკრედიტო ურთიერთობების სისტემატიზაციისთვის. მაგალითად, ვალის გადახდის გადავადებისთვის არც სამეფო ჯარისკაცებს და არც ბაბილონის სხვა მოქალაქეებს მეტად აღარ შეიძლებოდა ჩამორთმეოდათ მათი მიწის ნაკვეთები. ფულადი სესხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი თავდაპირველი თანხის 20%-ს, ნატურით - 33%-ს. დადგენილი კანონების დარღვევისთვის დაწესებული იყო ეკონომიკური, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სიკვდილით დასჯაც კი. [1 ]. მიუხედავად იმისა, რომ ჰამურაბი ემსახურებოდა კერძო საკუთრების ინტერესებს, მისი დებულებები ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა გაერთიანებულიყო საზოგადოების ყველა წარმომადგენლის ინტერესები, სახელმწიფო და სამართლებრივი წყობილების შენარჩუნების მიზნით.

ძველ ჩინეთში ფილოსოფიური სწავლებები წარმოდგენილია კონფუცის იდეებით, რომლებიც შეიცავს ზოგიერთი ეკონომიკური ელემენტს, მათ შორის უსაფრთხოების და სახელმწიფოს სტაბილურობის სფეროში. კონფუცის აზრით, სოციალური წესრიგის საფუძველი არის ღვთაებრივ საწყისი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანისა და საზოგადოებრივი წესრიგის ბედს. საზოგადოების დაყოფას "კეთილშობილებად" და "უბრალოებად"კონფუცი ბუნებრივად თვლიდა. მისი სწავლებები ყურადღებას ამახვილებს მონათმფლობელური წყობილების დაცვაზე, სახელმწიფოს ავტორიტეტის განმტკიცებაზე, ამ მიზნით ტრადიციული ფორმებისა და წეს-ჩვეულებების გამოყენებაზე. გარკვეულ ინტერესს შეიცავს კონფუცის იდეები მმართველების „სწორ ქმედებებზე“, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს აყვავებაზე, თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, შექმნილი დოვლათის თანაბარი განაწილების გზით. [ 1, 21 ].

ტრაქტატი „გუან–ძი“ (ძვ. წ. IV-III სს. უცნობი ავტორების შრომა) შეიცავს იდეებს გლეხებზე ზრუნვის შესახებ, მათი სავალდებულო შრომითი ვალდებულებების შეზღუდვის შესახებ, სპეკულანტებისა და მევახშეებისაგან დაცვის შესახებ. გლეხების ეკონომიკური მდგომარეობის გასაძლიერებლად ტრაქტატში არის დებულებები გადასახადების სისტემის შეცვლის, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების, რომლის განხორციელებაც სახელმწიფოს ევალება. ტრაქტატის ავტორები სახელმწიფოს აკისრებენ აქტიურ როლს საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში. [ 1 ]. ფაქტობრივად, ტრაქტატში „გუან–ძი“ პირველად იქნა ჩამოყალიბებული პიროვნებისა და საზოგადოების სოციალური სოციალური სტაბილურობის საფუძვლები. ცალკეული რეკომენდაციები პურის ფასების რეგულირების, მარცვლეულის სახელმწიფო რეზერვების შექმნის, მიწათმოქმედთათვის შეღავათიანი სესხების შემოღების, პირდაპირი გადასახადების გარკვეულ პროდუქტებზე არაპირდაპირით შეცვლის შესახებ, დღესაც მოთხოვნადია და გამოიყენება ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ. [ 1, 4-5 ].

ძველი ინდური ეკონომიკური აზრის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლებს შორის უნდა გამოვყოთ მეფე ჩანდრაგუპტი I-ის მრჩევლის, ბრაჰმან კაუტილიას (ძვ. წ. IV საუკუნის ბოლო - III საუკუნის დასაწყისი) ტრაქტატი „არტჰაშასტრა“. ისევე როგორც ძველი ეგვიპტური „ჰერაკლიოპოლისის მეფის დარიგება თავის ვაჟს“, ეს ტრაქტატი წარმოადგენს მითითებებსა და რჩევებს მმართველისთვის, სახელმწიფოს სწორად მართვის შესახებ.

ჩვენი კვლევის მიზნებისთვის საინტერესოა, რომ არტჰაშასტრაში დიდი ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს ეკონომიკური როლის ინტერპრეტაციას. ტრაქტატმა სამეფო ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა მრავალი ეკონომიკური საქმის განხორციელებისთვის, მათ შორის გარეუბნების კოლონიზაცია, სარწყავი სისტემების შენარჩუნება, ჭების აშენება, ახალი სოფლების შექმნა, სართავ–საქსოვი წარმოების ორგანიზება მუშათა კონკრეტული კონტინგენტის მონაწილეობით (ქვრივები, ობლები, ღატაკები) გარდა ამისა, ტრაქტატში დეტალურად იყო აღწერილი გადასახადების მართვისა და შემოსავლის წყაროების განსაზღვრის მეთოდები, ასევე სამეფო ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების პროცედურა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტრაქტატმა შესთავაზა სახელმწიფოს სტაბილურობის შენარჩუნების გზები, პირველ რიგში ეკონომიკური. ასეთი დებულებები ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიის საფუძველია, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა მისი განუყოფელი ნაწილია. [ 20 ].

იდეალიზებული მმართველებისა და საზოგადეებრივი წესრიგების შესახებ მოსაზრებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ქსენოფონტეს მიერ, გაძლიერებულია მისი თანამემამულე, ფილოსოფოს პლატონის (ძვ. წ. 427 - 347 წწ.) შრომებში „სახელმწიფო“ და „კანონები“. მისი აზრები უდავო ინტერესს იწვევს ჩვენს დროშიც კი. პლატონის იდეალური მდგომარეობა არის ის, რომელშიც ნავარაუდებია მოსახლეობის მცირე და, თუ შეძლებისდაგვარად მუდმივი რაოდენობა. მკაცრად იყო რეგულირებული ყველა ეკონომიკური და არაეკონომიკური საქმიანობა. მეომრები, მიწათმოქმედები, ხელოსნები ორგანიზებულნი არიან მუდმივ კასტებად, თანაბრად ეპყრობიან მამაკაცებსა და ქალებს. სახელმწიფოს მართვა ევალებოდა მცველთა ან მმართველთა კასტას, რომლებსაც ერთად უნდა ეცხოვრათ და არ ჰქონოდათ პირადი საკუთრება. პლატონის მიხედვით იდეალური სახელმწიფოს საფუძველია სამართლიანობის იდეა. ის სამართლიანად მიიჩნევდა ისეთ საზოგადოებას, რომელშიც ყველა მოქალაქე აკეთებს იმას, რაც მას საუკეთესოდ შეუძლია. ამ პოსტულატის ასახსნელად პლატონი იყენებს სამ ძირითად ადამიანურ სათნოებას: სიბრძნეს, გამბედაობას და მოთმინებას. სამართლიან საზოგადოებაში ოთხი კლასი უნდა იყოს: მმართველები, მეომრები, თავისუფალი გლეხები და ხელოსნები, მონები. პლატონი მონებად თვლიდა საზოგადოების იმ წევრებს, რომლებსაც არ გააჩნდათ არც ერთი ზემოაღნიშნული სათნოება. იდეალურ სახელმწიფოს უნდა მართავდნენ ფილოსოფოსები, რომლებიც მეომრებთან ერთად მოწოდებული არიან, შეასრულონ მთავარი როლი საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფაში [ 21 ]. პლატონმა გაიგივა სამხედრო და ეკონომიკური შემადგენლები სახელმწიფოს მართვაში და პრიორიტეტი მიანიჭა სიტუაციების ძალისმიერ გადაწყვეტას. ამ მიდგომის განვითარებამ ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიების ევოლუცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეანელა.

სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტისას ძალისმიერი მიდგომის დომინირება დამახასიათებელია ძველი რომისთვის. ამ ფონზე აღსანიშნავია ვარონის ტრაქტატი „სოფლის მეურნეობის შესახებ“, რომელშიც ავტორი იკვლევს აგრარული წარმოების შემოსავლიანობის გაზრდის გზებს. ტრაქტატის ისეთი დებულებები, როგორიცაა მატერიალური დაინტერესების გამოყენება, წარმოების ინტენსივობის ამაღლება, მიუთითებს მისი ავტორის მისწრაფებაზე, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, ე.ი. ეს არის ის, რასაც ეკონომიკური უსაფრთხოების თეორია მოუწოდებს.

ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიის განვითარების მეორე ეტაპი რომის იმპერიის დაცემის პერიოდში დაიწყო და შუა საუკუნეების და რენესანსის პერიოდების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ეტაპისთვის დამახასიათებელია მეცნიერების მიერ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების იგნორირება, ხოლო ძირითადი ყურადღება თეოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეთმობოდა. გამონაკლისი არის აღმოსავლეთის ზოგიერთი მეცნიერის ნაშრომები. საინტერესოა მე-14 საუკუნის მოაზროვნის იბნ ჰალდუნის „სოციალური ფიზიკის“ კონცეფცია. ამ მეცნიერის იდეა ყველა დარგის წარმატებული განვითარების შესახებ, როგორც ერის სიმდიდრის გამრავლების წარმატებული საწინდრის შესახებ, ერთდროულად შეიცავს სოციალურ-ეკონომიკურ უსაფრთხოების ელემენტებს და იდეალური სახელმწიფოს შესახებ პლატონისა და არისტოტელეს იდეების გაგრძელებას წარმოადგენს. იბნ ჰალდუნი ქონებრივ დიფერენციაციას იდეალურ სახელმწიფოს აშენების მთავარ დაბრკოლებად თვლიდა. [ 1, 21 ]. მსგავსი იდეები ჰქონდა კიდევ ერთ აღმოსავლელ მეცნიერს - აბუ ნასრ ალ-ფარაბის (ალ-ფარაბი აბუ ნასრ მუჰამად იბნ თარხან–არაბი ფილოსოფოსი, დაახლოებით 450-515 წწ). თავის ტრაქტატში "სრულყოფილი ქალაქის მაცხოვრებლების შეხედულებების შესახებ." ამ ნაშრომში ავტორი ცდილობდა ეპოვა პასუხი სახელმწიფოს წარმოშობისა და სოციალური უთანასწორობის მიზეზების შესახებ.

მაშინ როცა შუა საუკუნეებისა და ადრეული აღორძინების ეპოქის საწყისი პერიოდის ეკონომისტები ყურადღებას არ აქცევდნენ სახელმწიფოს ეკონომიკურ დაცვას, მაშინდელი პოლიტიკოსები გამოთქვავდნენ ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიასთან დაკავშირებულ იდეებს. Მაგალითად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე, დროული წინააღმდეგობის პრინციპი ეკონომიკურ საფრთხეებზე, ქვეყანაში „ძლიერი უცხოქვეყნელების“ შესვლის პრევენციის აუცილებლობაზე, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივი კონფლიქტების გამოწვევა. [ 9 ].

ეს პრინციპი დღესაც აქტუალური რჩება, რადგან ეკონომიკური საფრთხე, რომელიც დროულად არ აღმოიფხვრება, მასშტაბურად იზრდება და ახალ საფრთხეებს ქმნის, რომელთა ნეიტრალიზაცია რთული და ხშირად შეუძლებელი ხდება. აღმოსავლეთის მეცნიერთა შემდეგი საინტერესო ტრაქტატია "სიასეთ-ნამე". იგი შეიცავს იდეებს და პრაქტიკულ რჩევებს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. აქ ორმოცდაათი თავიდან ხუთი ეძღვნება ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ იმას, რომ „ხელმწიფემ უნდა იზრუნონ სუსტებზე და არ დაუშვან, ჩინოვნიკმა ჩაიდინოს უკანონო ქმედებები.“ [ 13 ]. რაც შეეხება სახელმწიფოს სესხების გაცემას, მის შესახებ ასევე გაცხადებულია, რომ „რომელ ადამიანსაც უჭირს... მას სესხი უნდა მისცენ.“ [ 13 ].

იმ პერიოდის ისლამური აღმოსავლეთის თეოლოგიისა და იდეების გავლენის მიუხედავად, ამ ნაშრომში ავტორებმა მოახერხეს სოციალური სახელმწიფოს იდეების განვითარება, რომლის საფუძველიც უნდა იყოს სოციალური კეთილდღეობა და სამართლიანობა. ეს უკანასკნელი არის სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის საფუძველი.

შუა საუკუნეების ეკონომიკური დოქტრინები ძირითადად ემყარებოდა სიმდიდრის ქრისტიანულ ინტერპრეტაციას, ამიტომ ეკონომიკა არა ეკონომიკური ცხოვრების რეალური ფაქტების განზოგადების შედეგებზე, არამედ ინდივიდების ადრეული ქრისტიანული სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად ქცევის წესებაზე დაიყვანებოდა.

უსაფრთხოების ეკონომიკური უზრუნველყობის თეორიული საფუძვლები კომპლექსურად დაამუშავეს მერკანტილისტებმა. მათ პირველ ეკონომიკურ სკოლას ჩაუყარეს საფუძველი. მერკანტილისტები სახელმწიფოს იხილავდნენ როგორც ორგანიზაციას, რომელსაც შესწევს უნარი, უზრუნველყოს ადამიანის ბუნებითი უფლებები, რომლის შემადგენლობაში შედის საკუთრება და უსაფრთხოება.

ფილოსოფოსი ჯონ ლოკი და მე–18 საუკუნის ამერიკელთა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ადამიანები თანასწორნი არიან სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების მხრივ. ეს ბუნებითი უფლებები მათ იმიტომ აქვთ, რომ ადამიანები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნებით სახელმწიფოში არავის ექნებოდა იმის უფლება, რომ ვაგლახად შეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს, საკუთრებას და თავისუფლებას, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ეს ღირებულებები საფუძვლად დაედო აშშ კონსტიტუციას. [ 6 ]
მერკანტილიზმმა, როგორც ერთ-ერთმა ეკონომიკურმა დოქტრინამ, რომელიც წარმოიშვა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარების დროს, საფუძველი ჩაუყარა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის თანამედროვე წარმოდგენებს. ამ სკოლის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ქვეყნის სიმდიდრე ოქროსა და ვერცხლის ფულში იყო და მისი წყარო საგარეო ვაჭრობა იყო. მერკანტილისტების მიერ შემუშავებული საგარეო ვაჭრობის კონცეფცია შეიცავდა შემდეგ იდეებს:

- თავისუფალ კონვერტირებად ვალუტაში ფულადი ნაკადების გაზრდის მიზნით საგარეო სავაჭრო ურთიერთობების მოწესრიგების აუცილებლობა;
- საკუთარი სამრეწველო წარმოების განვითარებაში გამოყენებული იაფი ნედლეულის იმპორტის გაზრდა და ქვეყანაში წარმოებული სამრეწველო საქონლის იმპორტზე საბაჟო გადასახადების შემოღება;
- აქტიური სავაჭრო ბალანსის შექმნა და შენარჩუნება იმპორტის 30%-ის და ექსპორტის 70%-ის თანაფარდობით ან, ზოგიერთ შემთხვევაში, 50-დან 50%-მდე პროპორციის დადგენა. [ 20 ].

ეს დებულებები საფუძვლად დაედო საგარეო ვაჭრობის თანამედროვე თეორიას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ პირობას.

კამერალიზმი, მერკანტილიზმის გერმანული ვერსია იყო, რომელიც პატარა გერმანულ სახელმწიფოებში საგანმანათლებლო აბსოლუტიზმის პერიოდში, XVII საუკუნეში და განსაკუთრებით XVIII საუკუნეში არსებობდა. ტერმინი ,,კამერალიზმი" მომდინარეობს სიტყვიდან camere, რაც ნიშნავს ოთახს რომელშიც სათავადაზნაურო ხაზინა ინახებოდა. კამერალიზმში, ძირითადად დაკავებული იყო სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის ხელოვნებით და მისი ხაზინის შევსებით, რათა ყოველგვარი მოსალოდნელი რისკებისგან დაზღვეული ყოფილიყვნენ.

კამერალიზმის შესახებ ვრცელი ლიტერატურა ეძღვება კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის, სახელმწიფო მმართველობის და ბუღალტერიის, გადასახადების და ფისკალური პოლიტიკის საკითხებს. იმისათვის, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ კარგად იფუნქციონიროს კამერალისტ-მერკანტილისტების აზრით, მოხელეებმა უნდა მიიღონ განათლება კამერალური მეცნიერების და სამართლის სფეროში.

ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) შემდეგ, კამერალისტები მნიშვნელოვან პრიორიტეტად განადგურებული და დაცარიელებული ქალაქების და სოფლების აღდგენას, სოფლის მეურნეობის წახალისებას და მოსახლეობის ზრდას მიიჩნევდნენ. გრძელვადიან მიზნებად ისინი მიიჩნევდნენ ეროვნული ეკონომიკის განვითარებას სამრეწველო წარმოების შექმნის წახალისებით და სახელმწიფო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით. სახელმწიფო, თვლიდნენ კამერალისტები, მნიშვნელოვან მონაწილედ გამოდის საქმიანობის ყველა ამ სახეობებში ან დამოუკიდებლად, ან კერძო საწარმოებთან თანამშრომლობით. [ 10 ].

ეკონომიკური მეცნიერების შემდგომი განვითარება დაკავშირებულია გამორჩეული კლასიკოსების, ადამ სმითის (1723 - 1780) და დეივიდ რიკარდოს (1772 - 1823) სახელებთან. კლასიკოსების მისწრაფება დაიცვან მხოლოდ ეკონომიკური თეორიის დებულებები, სუბიექტური, ფსიქოლოგიური და სხვა არაეკონომიკური იდეების გარეშე, ეწინააღმდეგება ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიას, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის მჭიდრო ურთიერთქმედებას სხვადასხვა არაეკონომიკურ ფაქტორებთან: პოლიტიკასთან (მათ შორის, უფრო ხშირად, პირველ რიგში, გეოპოლიტიკასთან), ეკოლოგიასთან, კანონმდებლობასთან, კულტურასთან და ა.შ. .

ა. სმითის იდეებმა, რომლებიც ავსებდნენ და განავითარებდნენ მთლიან ეკონომიკურ მეცნიერებას, არ შეუწყო ხელი ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიის შემუშავებას. ცოტა ხნით კვლავ დავიწყებას მიეცა და სახელმწიფოს ეკონომიკური დაცვის უზრუნველყოფის პრობლემები გასული საუკუნის შუა წლებში პოლიტიკოსებში ინტერესი კვლავ გამოიწვია. ამ პერიოდში ყველაზე ხშირად განიხილებოდა საზოგადოების სოციალური სფეროსა და შემოსავლების სამართლიანი განაწილების საკითხები. კლასიკოსების შეხედულებებიდან ყველაზე ახლოს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებთან, არის შრომის ანაზღაურების საკითხები. [ 4, 8 ].

ეკონომიკური უსაფრთხოების იდეები კიდევ უფრო განვითარდა მარჟინალისტების შეხედულებებში. მარჟინალისტური მიმართულება დაკავშირებულია შემდები სამი ნაწარმოების გამოცემასთან: "პოლიტიკური ეკონომიკის თეორიები" (უ. ჯევონსი,1871), " პოლიტიკური ეკონომიკის საწყისები“ (კ.მენგერი, 1871), „პოლიტიკური ეკონომიკის ელემენტები“ (ლ.ვალრასი 1874). ამ ნაწარმოებების ავტორებმა, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეს სუბიექტურ–ფსიქოლოგიურ მიდგომას ეკონომიკური პროცესების, მეწარმე სუბიექტების, მისი ფსიქოლოგიისა და მოტივების კვლევაში. მათ სამეცნიერო მიმოქცევაში შეიტანეს ეკონომიკის მდგრადობისა და წონასწორობის კონცეფცია, რომელიც არის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი კონცეფცია.

მეოცე საუკუნის ეკონომიკური სკოლების უმეტესობის თეორიები, მიმართულია არა იმდენად საერთოსახელმწიფოებრივი, რამდენადაც სოციალური პრობლემების გადაჭრისკენ, ისეთების, როგორიცაა უმუშევრობა, შემოსავლის გაზრდა, ფასების შემცირება, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, აგრეთვე კრიზისებთან გამკლავება.

1936 წელს ჯ.მ. კეინზის ნაშრომის "დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი ზოგადი თეორია," გამოჩენამ, საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ მეცნიერებაში ახალი მიმართულების – კეინზიანიზმის დასაწყისს. „ბაზრის უხილავი ხელის“ იდეას, როგორც საბაზრო ეკონომიკის ავტომატური რეგულირების ინსტრუმენტს, ბოლო მოეღო.

კეინზის შემოქმედება შეიცავს უამრავ ახალ იდეას. ასე, კრიზისების და უმუშევრობის მიზეზების გამოკვლევისას მეცნიერი აკეთებს დასკვნას მათი საბაზრო ხასიათის შესახებ, მიუთითებს რა კაპიტალისტური ეკონომიკის უუნარობას გაუმკლავდეს მათ მხოლოდ შინაგანი ძალებით. კრიზისებთან და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება კეინზის მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკის მარეგულირებლის დახმარებით, ერთობლივი მოთხოვნის, ფულის მიწოდების სიდიდის შეცვლით. მან გამოიკვლია და შექმნა მაკროეკონომიკური მოდელი, რომელიც აჩვენებს შესაბამისობას ისეთ ელემენტებს შორის, როგორიცაა ინვესტიციები, დასაქმება, მოხმარება და შემოსავალი. წარმოდგენილ მოდელში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სახელმწიფოს. ამრიგად, კეინსმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად გამოთქვამდა აზრს „მთავრობის ჩარევის აუცილებლობაზე ეკონომიკაში ყოველგვარი დათქმების (შენიშვნების) გარეშე. არ ზღუდავდა რა ამას მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროთი.

კეინსის აზრით, „სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს კაპიტალური დაბანდებების, კერძოდ, სუბსიდიების, ზღვრული ეფექტურობის, სახელმწიფო შესყიდვების და ა.შ ზღვრული ეფექტიანომის ასამაღლებლად,. ამავდროულად, ცენტრალურმა ბანკმა უნდა შეამციროს ნასესხები სახსრების საპროცენტო განაკვეთი კაპიტალი და დაიცვას ზომიერი ინფლაცია. ინფლაცია გამიზნულია ფასების ზომიერი ზრდის უზრუნველსაყოფად, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების გაზრდას. ასეთი პოლიტიკის შედეგი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების ზრდა.“ [ 8, 20 ]. ეს დებულება, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სოციალური მიმართულება, მაინც გულისხმობს უფრო ეფექტური მექანიზმის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.
თუმცა კეინზის სკოლის სხვა წარმომადგენლებმა ყურადღება მიაქციეს უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკაში ციკლურობის პრობლემების შესწავლას და ეკონომიკის შიდა და გარე საფრთხეებისგან დამცავი მექანიზმის შექმნის პრობლემა, მათ არ აინტერესებდათ. ეს აიხსნება იმით, რომ ისინი მთავარ საფრთხეს ეკონომიკის ციკლურ რეცესიებში ხედავდნენ.

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში კაპიტალისა და წარმოების კონცენტრაციის გაზრდამ და საბანკო კაპიტალის ცენტრალიზაციამ, გამოიწვია მწვავე სოციალური წინააღმდეგობები. „საშუალო ფენის“ ინტერესები დაირღვა და გაჩნდა ახალი იდეების აუცილებლობა, საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური მოწყობის პრობლემების გადასაჭრელად. ამ დროს ეკონომიკურ მეცნიერებაში გაჩნდა ახალი მიმართულება - ინსტიტუციონალიზმი. ამ სკოლის წარმომადგენლები სწავლობდნენ ადამიანის ქცევას და ადამიანურ ინსტიტუტებს. ინსტიტუციონალიზმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლებისადმი, ბიზნესზე საზოგადოებრივი კონტროლის დამყარების იდეაზე და ეკონომიკური დაგეგმვის საჭიროების დასაბუთებისადმი, როგორც მისი ეფექტიანობის გაზრდის ინსტრუმენტისადმი. ამ ნაწილში ამ სკოლის იდეები სასარგებლოდ და აქტუალურად ითვლება ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიაში.

მე-20 საუკუნის 60-80-იან წლებში ნეოკლასიკური სკოლის მომხრეები მივიდნენ დასკვნამდე სახელმწიფოს მარეგულირებელ როლის შესახებ, მატერიალური დოვლათის განაწილების სტაბილური და სამართლიანი უზრუნველყოფის მიზნით.

XXI საუკუნეში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შედეგად, რომელსაც 2007–2008 წლების იპოთეკური და 2020 წლის კოვიდ–პანდემიით გამოწვეული კრიზისები მოჰყვა, ეროვნული ინტერესების დაცვა ახალი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. რუსეთ–უკრაინის ომმა აღნიშნული საფრთხეები კიდევ უფრო გაამწვავა და ახალი საშიშროების, საფრთხეების, რისკების და გამოწვევების გენერირება განაპირობა. [ 7, 12, 15-17 ].

დღევანდელ პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ცნების საბაზო მიდგომები და მასთან ბრძოლის მეთოდები, უკვე კარგად ადაპტირებულ ფრიდრიხ ლისტის კამერალისტურ, [ 11 ] ჯონ მეინარდ კეინზის კეინზიანურ, [ 2 ]. ერნანდო დე სოტოს ადმინისტრაციული ბარიერებისგან დაცვის ინსტიტუციონალურ [ 22 ] და სხვა კონცეფციებთან ერთად, სხვა მიდგომებითაც არის განსაზღვრული.

მიმდინარე გლობალური პროცესების დაჩქარებამ დაბალანაზღაურებადი მუშახელის, გარემოს დაბინძურების, ნახშირორჟანგის გამოფრქვევის ზრდის პრობლემები გაამწვავა. [ 3 ]. ეკონომიკური პოლიტიკის სამყაროში გაჩნდა ახალი პარადიგმა ეკონომიკის სწავლებასა და თავად ეკონომიკაში. მისი მიდგომის მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ დაუყოვნებლივ განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებები. ეკონომიკის სტანდარტული ორიენტირები იცვლება უფრო რეალისტური და სასარგებლო ალტერნატიული ორიენტირებით. [ 14 ].

დასკვნა

უძველესი დროიდან ჩვენს დღევანდელობამდე, პიროვნების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პერმანენტულად სენსიტიურ საკითხად მოიაზრებოდა. დღეს ეს პრობლემა მაქსიმალურ წონას იძენს. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ სფეროში ცენტრალური ადგილი ენიჭება პიროვნების ინტელექტუალურ პოტენციალს, ვინაიდან მხოლოდ მასზეა დამოკიდებული მომსახურების სექტორის გაუმჯობესება და ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოება, რომლებიც უზრუნველყოფენ შემოსავლიანობის უმაღლეს სტანდარტს. მაშასადამე, თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური წარმატება უშუალოდაა დამოკიდებული სახელმწიფოს შესაძლებლობებზე, პიროვნული, მათ შორის ინტელექტუალური განვითარების მაჩვენებლებიდან გამომდინარე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. იადგაროვი ი. ს. ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია, სახელმძღვანელო, აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის საერთო რედაქციით. თბილისი, 2014.
2. კეინსი ჯ. (1995). დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია / თარგმნა რამაზ ნამიჭეიშვილმა; [რედ.: ელგუჯა თავბერიძე]. ქუთაისი : ს/ს "სტამბა"
3. კრუგმანი პ., ობსტფელდი მ., მელიტცი მ. (2017). საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა. ქართული გამოცემის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე. თბილისი.
4. სილაგაძე ა. ეკონომიკური დოქტრინები, საგამომცემლო სახლი „ინოვაცია", თბილისი, 2010.
5. ხარიტონაშვილი ჯ. (2019). ეკონომიკური აზრის ისტორია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.
6. აშშ კონსტიტუცია : კომპრომისის ხელოვნება ანუ მართულთა მმართველობა / სამეცნიერო რედაქტორი: მინდია უგრეხელიძე ; მთარგმნელები: მინდია უგრეხელიძე ; ვიქტორ ყიფიანი. გამომცემლობა „ჯისიაი“. თბილისი, 1997.
7. Bedianashvili, G., & Kokhreidze, G. (2023). Public debt and foreign direct investment in small countries in the context of economic growth. Sociālo Zinātņu Vēstnesis, (1), 7-28.7.
8. Blaug, M. (1997). Economic theory in retrospect. Cambridge university press.
9. Goryainova L.V. History of economy tenets; practical-educational manual. – M: EALL centre, 2007. -248pp.
10. Kurz H. (2017). Economic Thought A Brief History. Translated by Jeremiah Riemer Columbia University Press. https://cup.columbia.edu/book/economic-thought/9780231172585
11. List F. (1909). The National System of Political Economy [1841]. The National System of Political Economy by Friedrich List, trans. Sampson S. Lloyd, with an Introduction by J. Shield Nicholson (London: Longmans, Green and Co.,1909). https://oll-resources.s3.us-east-2.amazonaws.com/oll3/store/titles/315/List_0168_EBk_v6.0.pdf
12. Papava, V. (2022). Cold War vs. Hot War in 2022. Eurasia Review, Febru¬ary 28. Availa-ble at: https://www.eurasiareview.com/28022022-cold-war-vs-hot-war-in-2022-oped
13. Siaset-name. The book on the governance of Nizam-al-mulk, vazir of the XI-th century. – Under the general editorship of the commission of the USSR Academy of Sciences. – editions of the USSR Academy of Sciences, 1949. -379pp.
14. Rodrik, D. (2021). Beware Economists Bearing Policy Paradigms. Project Syndicate.
15. Veshapidze, S., & Karchava, L. (2022). Contradictions of Globalization under the COVID-19 Pandemic. Bull. Georg. Natl. Acad. Sci, 16(4), 152-157.
16. Veshapidze, S., & Zoidze, G. (2022). On State Intervention in the Economy through the Budget in Georgia. World economy and international economic relations.-International Scientific Collection, 5.
17. Zoidze, G., Abuselidze, G., & Veshapidze, S. (2023). Economic Vulnerability of Small Powers. Journal of Geography, Politics and Society, 13(3), 1-12.
18. Доклад о развитии человека / ПРООН. 1996. 82 с. [Электронный ресурс]. – URL: www.hdr.undp.org/en/content/sustainable-human-development-concepts-and-priorities
19. Банк О. А. ЭКОНОМИЧЕСКАЯ БЕЗОПАСНОСТЬ ЛИЧНОСТИ В СИСТЕМЕ ЭКОНОМИЧЕСКОЙ БЕЗОПАСНОСТИ ГОСУДАРСТВА. RUSSIAN JOURNAL OF MANAGEMENT Том 8 № 2 , 2020
20. Блиничкина, Н. Ю. (2014). Вопросы формирования идеи экономической безопасности в экономической науке. Вестник Таджикского государственного университета права, бизнеса и политики. Серия гуманитарных наук, (4 (60)), 69-79.
21. Саталкина, Н. И. История экономического анализа : учебное пособие / Н. И. Саталкина, Б. И. Герасимов, Г. И. Терехова. - Тамбов : Изд-во Тамб. гос. техн. ун-та, 2009. - 100 с.
22. Эрнандо де Сото. (1995). Иной путь. Невидимая революция в третьем мире. М. : Перевод издательства "Catallaxy".