English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნანა ადეიშვილი
საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის პერსპექტივები

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.01.ADEISHVILI 

ანოტაცია. ინდუსტრიული პოლიტიკა მიეკუთვნება ეკონომიკური პოლიტიკის იმ სფეროს, რომლის მნიშვნელობა და განხორციელების გზები ფართო დებატებს იწვევენ. მისი წარმატება მოითხოვს ეფექტიან მმართველობას, რომელიც არ არის დამახასიათებელი განვითარებადი ქვეყნებისთვის. ნაშრომში მოყვანილი ლიტერატურა და კვლევა უჩვენებს რომ 90-იან წლებში მომხდარმა დეინდუსტრიალიზაციამ და ახალი მრეწველობის შესაქმნელად დაკარგულმა მომდევნო წლებმა, შესაძლოა, საქართველო უკვე მიაკუთვნა ქვეყნების იმ ჯგუფს, რომლებმაც დაკარგეს ამ გზაზე გავლის შესაძლებლობა და ამით მოექცნენ „სიღარიბის ჩაკეტილ წრეში“. საქართველოს საექსპორტო კალათის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები შეზღუდულად შეფასდა, ამიტომ საშუალოშემოსავლიანი ქვეყანების ჯგუფიდან მას ნაკლები შანსი აქვს, რომ 10-20 წელიწადში მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, ინდუსტრიული პოლიტიკა, ექსპორტის დივერსიფიკაცია, ნაადრევი დეინდუსტრიალიზაცია.

ესლი 

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში აქტიურად დაიწყო დისკუსია ინდუსტრიული პოლიტიკის აუცილებლობაზე, რომლის ძირითადი მიზანია ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია და რომელიც იწვევს მწარმოებლურობის და შესაბამისად ეკონომიკის ზრდას (ადეიშვილი, დ. 2016, სიხარულიძე, დ. 2018, GeoWelch Research, 2017).  ამ დისკუსიის წამოწყება განპირობებულია არა მარტო იმით, რომ რეფორმები ამ მიმართულებით წარუმატებელი გამოდგა, არამედ ასევე იმით, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მრავალმა, როგორც განვითარებადი, ასევე განვითარებული ქვეყნის მთავრობამ, მრეწველობის დარგების აღორძინების მიზნით დაიწყო აქტიური ჩარევის პოლიტიკის გატარება (Warwick, K. 2013). 

გარკვეულწილად, „ჩაურევლობის პოლიტიკა“, რაც ინდუსტრიული პოლიტიკის საწინაამღდეგო მიდგომაა, საქართველოში ჩამოყალიბდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გავლენით, რადგან ინდუსტრიული პოლიტიკა ასოცირდება პროტექციონისტულ პოლიტიკასთან, რომელმაც კრახი განიცადა არა მარტო განვითარებად ქვეყნებში, არამედ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სადაც სამუშაო ადგილების შემცირება 70-80-იან წლებში უშუალოდ იყო დაკავშირებული იმპორტის შემზღუდავ პოლიტიკასთან (ანა კრიუგერი, 1997). ინდუსტრიული პოლიტიკის კრიტიკის მთავარი საგანი, მკვლევარების აზრით,  ის გახლავთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები არ არის განვითარებული, კორუფცია და მთავრობაში რენტის მიღებაზე ორიენტაცია იწვევს არაეფექტიან გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ინვესტიციების/რესურსების  განაწილების დროს და სახელმწიფოსთვის საზიანო, მაგრამ ბიზნესთან დაახლოებულ მოხელეთა ვიწრო ჯგუფისთვის სარფიანი ხელშეკრულებების დადებას.  იმ შემთხვევაშიც კი, როცა მთავრობა ასეთი გარიგებების წინააღმდეგია, იშვიათად ხდება, რომ მას აღმოაჩნდეს კომპეტენცია, თუ სად მიმართოს ინვესტიციები. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს არა მხოლოდ კარგ უნივერსიტეტებში მიღებული განათლების კადრებით დაკომპლექტებულ სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას, რომლებსაც სახელმწიფო ინვესტიციების კოორდინაცია დაევალებათ, არამედ მრავალდარგობრივ ცოდნას და გლობალურ ბაზრებზე ყოფნის გამოცდილებას. ვფიქრობ, რომ ინდუსტრიული პოლიტიკის პროპონენტებისთვის ეს დაბრკოლება დღესაც დაუძლეველ არგუმენტად რჩება.

მეორეს მხრივ, ინდუსტრიული პოლიტიკის აუცილებლობის თეორიული დასაბუთება გამომდინარეობს „ბაზრის ჩავარდნიდან“, კერძოდ, როგორიცაა კოორდინაციის ჩავარდნა და ექსტერნალიები. ასევე ისმის კითხვა: თუკი სახელმწიფოში განათლების პოლიტიკის, ჯანდაცვის პოლიტიკის და მეცნიერების პოლიტიკის არსებობის აუცილებლობაზე არ დაობენ და თუ ქვეყანას სუსტი ინდუსტრია აქვს, რატომ ვდაობთ ინდუსტრიული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე? თუმცა, ინდუსტირული პოლიტიკის მომხრეები მსჯელობენ,რომ წარმატებული სტიმულირება უნდა უკავშირდებოდეს ქვეყნის ან დარგების სპეციფიკას, და ვინაიდან ქვეყნებს განსხვავებული ბაზრის ჩავარდნის წინაპირობა გააჩნია, ინდუსტრიულ პოლიტიკასაც განსხვავებული შედეგები ექნება [Robinson. J.,

2009]. 

ღარიბი ქვეყნის ეფექტური მმართველობის პრობლემა 

ინდუსტრიული პოლიტიკის ტერმინის დაბრუნება მეტად ფრთხილად ხდება.  მას უფრო ხშირად ახალ ინდუსტრიულ პოლიტიკას უწოდებენ ან კონკურენტუნარიანობის, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციების, ექსპორტზე ორიენტაციის პოლიტიკას და სხვა. მათი საბოლოო მიზანი ერთი და იგივეა: პროდუქტიულობის ამაღლება და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნა კერძო სექტორში მიზანმიმართული ჩარევით. მთავარი გადაუჭრელი პრობლემა, რომელზეც დღესაც არ არსებობს თანხმობა, იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა. აქ კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. პრობლემა იმაშია, რომ ინდუსტრიული პოლიტიკის ემპირიული შესწავლა არ გვაძლევს ნათელ სურათს და იმ მითითებებს, თუ რა ინსტრუმენტებით უნდა მოხდეს მთავრობის ზემოქმედება ეკონომიკაზე [როდრიკ, დ, 2013]. ასევე ისმის კითხვა რარიბ ქვეყნებში ეფექტური მმართველობის მიღწევის გზებთან დაკავშირებით.

ინდუსტირული პოლიტიკა 70-80-იან წლებში არ ემყარებოდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ჩინეთის, სინგაპურის და ტაივანის უპრეცედენტო ეკონომიკურმა მიღწევებმა, რომელთა შედეგადაც მოხერხდა 300 მილიონზე მეტი მოსახლეობის სიღატაკიდან გამოყვანა, იმგვარი რეფორმის მიმდევრები გააჩინა, რომელიც პოლიტიკურ უფლებებზე ეკონომიკური უფლებების დომინანტს გულისხმობს.

ღარიბ ქვეყნებში, ლიბერალური დემოკრატიის და ეკონომიკის ლიბერალიზაციის ერთდროულად ინდუსტრიული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებასთან ლიტერატურაში დღესაც იწვევს კამათს. ისეთი გავლენიანი დეველოპმენტალისტი, როგორიც არის დამბისა მოიო, მიიჩნევს, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის ლიბერალური დემოკრატია კი არ არის განვითარების წინაპირობა, არამედ განვითარებული ეკონომიკა არის დემოკრატიის წინაპირობა. მას ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ჩინეთში ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების  თანამიმდევრობა, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა ეფუძნება და მიჰყვება საშუალო კლასის ეტაპობრივ შექმნას და არა პირიქით. ასევე, თავის ცნობილ ნაშრომში „მკვდარი დახმარება“ („Dead Aid“), აფრიკაში  ტრილიონი აშშ დოლარის ეკონომიკური დახმარების ჩავარდნის მიზეზად იგი ასახელებს ამ მთავრობებისთვის დემოკრატიის თავს მოხვევის უშედეგო მცდელობას, და აფრიკის ქვეყნებში აშშ-ს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარების შედეგებს ჩინეთის დახმარების პროგრამების წარმატებას უპირისპირებს. „სრულყოფილ სამყაროში, ის, რაც ყველაზე ღარიბ ქვეყნებს სჭირდებათ, არა მრავალპარტიული დემოკრატიაა, არამედ, სინამდვილეში, კეთილგანწყობილი დიქტატორია, ისეთი, რომელსაც უნარი აქვს მიიღოს გადაწყვეტილებები და განახორციელოს ეკონომიკის წინწამწევი რეფორმები” [პMoyo, D. 2009].

მეორე მხრივ, საწინაამღდეგო ისტორიული მაგალითები მოჰყავთ ცნობილ ეკონომისტებს დარონ აჩემოგლუს და ჯეიმს რობინსონს თავიანთ ცნობილ წიგნში „რატომ  არიან ქვეყნები წარუმატებელნი“ („Why nations fail“). ისინი, მაგალითად, ერთმანეთს ადარებენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას, ან ფრანკოსდროინდელ ესპანეთს და კარლოსის გამეფების შემდგომ ესპანეთს. მათ მიერ ჩამოყალიბებული ძირითადი თეზისი ასეთია: დემოკრატია და პოლიტიკური პლურალიზმი ქმნის თავისუფლების და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ჩაკეტილ წრეს, და პირიქით, ავტოკრატიული და ვიწრო წრეზე მომუშავე ქვეყნის მმართველობა (ექსტრაქციული ინსტიტუტები) ქმნის სიღარიბის ჩაკეტილ წრეს (აჩემოგლუ, რობინსონი, 2013). ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ სუსტი მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია ძირითადი უფლებების (უსაფრთხოების, საკუთრების უფლების, კანონების) დაცვა, ქმნის ქაოსს და აფერხებს განვითარებას. აზრთა მრავალფეროვნებაში იკვეთება საერთო აზრი: ინდუსტრიული პოლიტიკის წარმატების წინაპირობაა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს კანონების ეფექტიანი აღსრულების უნარი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების, საკუთრების დაცვის და კონტრაქტების შესრულების სფეროში და არ ახასიათებს „ექსტრაქციული ქცევა“. 

ქართველოს ნაადრევი დეინდუსტრიალიზაცია 

ცნობილია, რომ 90-იან წლებში საქართველოში გადაიდგა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მნიშვნელოვანი და რადიკალური ნაბიჯები. მასობროვი პრივატიზაციის, ფასების გათავისუფლების და ვაჭრობის გახსნილობის პოლიტიკამ, რომელსაც კონკურენტული უპირატესობის თეორიის მიხედვით უნდა გამოეწვია არაკონკურენტული საწარმოების დახურვა და კონკურენტული საწარმოების აღორძინება და საექსპორტო ბაზრებზე გასვლა, სინამდვილეში, შეასრულა დანაპირების მხოლოდ პირველი ნაწილი. მრავალი მიზეზების გამო ქართული საწარმოები აღმოჩნდნენ არაკონკურენტულ პოზიციებზე იმპორტულ საქონელთან შედარებით. სათანადო ინსტიტუციური ჩარჩო არ იყო ჩამოყალიებული, რადგან მათ შექმნას წლები სჭირდება, ხოლო საწარმოების დანგრევისთვის ერთი წელიც საკმარისია. სამრეწველო საწარმოების დახურვის შემდეგ გამოთავისუფლებული რესურსები გადანაწილდა ძირითადად მომსახურების სფეროში. შედეგად მივიღეთ ფარმთომასშტაბიანი დეინდუსტრიალიზაცია.  ათ წელიწადში მომსახურების ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 33 პროცენტიდან 53 პროცენტამდე გაიზარდა და მრეწველობის ხვედრითი წილი კი - 32 პროცენტიდან - 19 პროცენტამდე შემცირდა და ამის შემდეგ ეს თანაფარდობა უცვლელი დარჩა (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უკანასკნელ წლებში მრეწველობის წილი 22 პროცენტამდე გაიზარდა) (იხ. დიაგრამა 1). ეს აიხსნება იმით, რომ მრეწველობაში შრომის მწარმოებლურობის წილი მთლიან მწარმოებლურობაში არ შეცვლილა, ოდნავ კლებადიც კი იყო: 2006-2017 წლებში შემცირდა 12.6 პროცენტიდან 11.5 პროცენტამდე [სიხარულიძე.დ, 2018].

დიაგრამა 1. მრეწველობის დამატებითი ღირებულების ხვედრითი წილის შემცირება და მომსახურების ხვედრითი წილის ზრდა მშპ-ში 1990-2018 წლებში.

მიუხედავად იმისა, რომ მრეწველობის წილის 20 % პროცენტი ევროპის განვითარებული ქვეყნებისათვის სამიზნე მაჩვენებელია [EU commission, 2014], საქართველოში ეს მაჩვენებელი სოფლის მეურნეობაში ძალზე დაბალი შემოსავლებით და მოსახლეობის დიდი ნაწილის არაფორმალური მომსახურეობის სექტორში გადასვლით არის განპირობებული. შედეგად, მომსახურეობის სექტორი უფრო სწრაფად გადავიდა დომინანტურ  წილზე ეკონომიკაში, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდებოდა მათი განვითარების უფრო მაღალ ეტაპზეც კი. ლიტერატურაში ამ პროცესს ნაადრევი დეინდუსტრიალიზაცია ეწოდება.  მომდევნო

2000-იან წლებშიც, მიუხედავად მიღწეული სტაბილიზაციისა და შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღებისა, სტრუქტურული ტრანსფორმაცია ძირითად გამოწვევად რჩება: ეკონომიკა ვერ დაადგა ინდუსტრიალიზაციის გზას, რომელიც აუცილებლად იყო გასავლელი, როგორც ეს ბევრმა ასეთივე ან უარესი სასტარტო პოზიციის ქვეყანამ მოახერხა. შედეგად ჩამოყალიბდა ეკონომიკის სტრუქტურა, რომელიც არ წარმოადგენს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან კონვერგენციის საშუალებას. ნაადრევმა დეინდუსტრიალიზაციამ, მშპ-ს მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ვაჭრობის ლიბერალიზაციამ არ გამოიღო დადებითი შედეგი, მიუხედავად ვაჭრობის გახსნილობის  ინდექსის მაღალი დონისა. ვაჭრობის გახსნილობის ინდექსი არის იმპორტის და ექსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. რაც უფრო მაღალია ინდექსი, მით უფრო დიდ გავლენას უნდა ახდენდეს ვაჭრობა ეკონომიკაზე. ასეთი დამოკიდებულება ფიქსირდებოდა მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებულ ქვეყნებში, ხოლო საქართველოში ინდექსის მკვეთრი ზრდა დაკავშირებული იყო არა ვაჭრობის მოცულობის მკვეთრ ზრდასთან, არამედ ეკონომიკის სტრუქტურული დეფორმაციის გამო მშპ-ს დონის მკვეთრ ვარდნასთან  (იხ. დიაგრამა 2). 

 

დიაგრამა 2. ვაჭრობის გახსნილობის ინდექსი 

დიაგრამა 2-ში  საქართველო შედარებულია ისეთ ქვეყნებთან, სადაც წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკა განხორციელდა.  საქართველო 90-იან წლებში ჩამოყალიბდა, როგორც იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა.  უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მშპ-ს საშუალო წლიური ზრდა მხოლოდ 5,34 პროცენტს შეადგენდა, რაც სულაც არ არის საკმარისი  ეკონომიკური კონვერგენციის მისაღწევად. იმავე პერიოდში ნახტომისებური ზრდა მოხდა აღმოსავლეთ აზიის მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც 70-80-იან წლებში ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელება დაიწყო (იხ. დიაგრამა 3, imf.org). მიუხედავად იმისა, რომ ფილიპენებსა და ვიეტნამში მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში, ამ ქვეყნებმა განავითარეს დამამუშავებელი მრეწველობა, თავდაპირველად სოფლის მეურნების ჩანაცვლებით არატრადიციული შრომატევადი საწარმოო სექტორით, რასაც შემდგომში მოჰყვა უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების მრეწველობის სექტორებში შესვლა. მოსახლეობის რაოდენობა აქ არ თამაშობდა ბოლო როლს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთი მცირე მოსახლეობის ქვეყნებისთვის როგორიც საქართველოა, მრეწველობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის 2020-იანი წლების მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში,  80-90-იან  წლებთან შედარებით, იგივე გზის გავლის შესაძლებლობა ბევრად შემცირდა [Rodrik, D. 2015]. 

დიაგრამა 3. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა

 

უშავებელი მრეწველობის მნიშვნელობა კონვერგენციის მისაღწევად ოებლურობაში. 

80-90-იანი წლების ინდუსტრიული პოლიტიკის წარმატების ანალიზმა გამოავლინა ინვესტიციების აუცილებლობა საექსპორტო დამამუშავებელ მრეწველობაში, რომელიც პროდუქტიულობაში კონვერგენციის საშუალებას იძლევა. დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში დივერსიფიკაციას, ანუ ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციას მეტად მნიშვნელოვანი თვისება ახასიათებს:  ღარიბ ქვეყნებში სამუშაო ძალის მიერ განვითარებული ქვეყნებიდან გადაღებული ახალი ტექნოლოგიური პროცესების ათვისება (know-how) შედარებით ადვილად ხდება. ამიტომ დამამუშავებელი მრეწველობა ის ერთადერთი დარგია, რომელსაც შეუძლია ქვეყნების უპირობო და გრძელვადიანი ეკონომიკური კონვერგენცია. ქვეყნები, რომლებიც დაბალი შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ, როგორც წესი, ათწლეულების განმავლობაში სწრაფი ზრდის ტემპს ინარჩუნებენ, ამასთან, ხსენებული კონვერგენცია ქვეყნის პოლიტიკური კურსისგან, ინსტიტუციონალური განვითარებისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისგან დამოუკიდებლად ხდება. განვითარებული სახელმწიფო ინსიტუტები და კარგი მართვა, რა თქმა უნდა, აჩქარებს კონვერგენციას, მაგრამ სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ცუდად იმართებიან, დამამუშავებელ მრეწველობაში შრომის ნაყოფიერების კონვერგენციას აღწევენ [Rodrik, D. 2013].

საექსპორტო კალათის დივერსიფიკაციის გზა. იმპორტის ჩანაცვლება სოლიდური ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას იძლევა, თუ მას შიდა ბაზრის მოცულობა უწყობს ხელს (UNIDO, 2018). საქართველოს მსგავსი მცირე ბაზრის ქვეყნებში ექსპორტის დივერსიფიკაცით და არა იმპორტის ჩანაცვლებით არის შესაძლებელი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მიღწევა. ეს აზრი  მსოფლიო ეკონომიკურ ლიტერატურაში ბოლო 40 წელია დომინირებს. უკანასკნელი წლების კვლევებიც ადასტურებს, რომ ექსპორტის დივერსიფიკაცია წინ უძღვოდა ეკონომიკის ზრდას [Samon, 2010].

თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2018 წლის ანგარიში შეიცავს დასკვნას, რომ საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის შეზღუდული შესაძლებლობები აქვს (IMF, 2018). საქართველოსთვის პესიმისტური პროგნოზი გაკეთდა ჰარვარდის უნივერსიტეტში ახალი პროგრამული მეთოდის გამოყენებით (machine- learning base method): მოხდა 55 წლის ექსპორტის მონაცემების დამუშავების ბაზაზე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მოდელირება, რომელმაც აჩვენა, რომ მომავალი 10-20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ დივერსიფიცირებული საექსპორტო კალათის მქონე საშუალოშემოსავლიანი ჯგუფის ქვეყნებს ექნებათ (Brummitt, Lievano, Hausmann, Bonds, 2018) . საშუალოშემოსავლიანი ქვეყანების ჯგუფიდან საქართველოს ყველაზე ნაკლები შანსი აქვს, რომ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს „თანაჯგუფელი“ ქვეყნებიდან ბევრის მოსახლეობა მრავალმილიონიანია. მაგალითად ავიღოთ ვიეტნამი, რომელსაც ერთ სულ მოსახლეზე უფრო დაბალი მშპ აქვს. იმის საჩვენებლად, თუ რამდენადაა „დეფორმირებული“ საქართველოს ეკონომიკის ის მხარე, რომელიც მისი ზრდის წყაროს წარმოადგენს, შევადაროთ ვიეტნამის (2006-2009 წლების საშუალო მშპ ერთ სულ მოსახლეზე –1,005 აშშ დოლარი) და საქართველოს (2015 წლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე – 3,764 აშშ დოლარი) საექსპორტო კალათები. თუ საქართველოში დამამუშავებელი მრეწველობის სექტორების რაოდენობა, ISIC -ის კლასიფიკაციის მიხედვით, ექვსს არ აღემატებოდა, ვიეტნამში მათი რაოდენობა 25-ზე მეტი იყო[1].1

მრავალი კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოში საექსპორტო პროდუქცია გამოირჩევა დაბალი დამატებითი ღირებულებით, დაახვეწილობის/სრულყოფილების დაბალი დონით.  დიდია იმ პროდუქციის წილი, რომელიც არასტაბილურად არის წარმოდგენილი საექსპორტო ბაზარზე და მომდევნო წლის კალათიდან ამოღებულია. ექსპორტის დივერსიფიკაციის და ექსპორტის კალათის დახვეწი­ლო­ბის/სრულ­ყო­ფი­ლების ინდექსების შედარებაც მოწმობს, რომ საქართველო მსგავსი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება (IMF, 2018).

საქართველოსთვის, ექსპორტის დივერსიფიკაცია ტრადიციული პროდუქციის (ღვინის, წყლების და მომპოვებელი მრეწველობის) ექსპორტიდან არატრადიციული სექტორების პროდუქციის ექსპორტზე გადასვლას ნიშნავს. პროდუქციის სივრცის ანალიზი გვიჩვენებს არსებული პროდუქციიდან  დივერსიფიკაციის მისაღწევად გასავლელ დისტანციას და სირთულეს (WB, 2013). მაგრამ საკითხი ისმის ასე: თუ განვითარებადი ქვეყნების მიერ დამამუშავებელ მრეწველობაში ახალი ტექნოლოგიური პროცესების ცოდნის და უნარების გამართვა სირთულეს არ წარმოადგენს,  მაშინ არსებული სექტორების კონკურენტუნარიანობის და პროდუქციის სივრცის ანალიზი დიდად არ გვაძლევს წარმოდგენას არატრადიციულ სექტორებზე გადასვლის შესაძლებლობებზე და არც ინდუსტრიული პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავებისთვის არ გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას. ვფიქრობთ,  ასეთ ანალიზს უფრო აქვს აზრი დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნებში, სადაც ტრადიციულ დარგებში ახალი კომპეტენციების განვითარება და არსებული ბაზრის გაფართოება უფრო ადვილია, ვიდრე არატრადიციულ დარგებზე გადასვლა.

განვითარებულმა ქვეყნებმა განსხვავებული გზა გაიარეს: აგრარული წარმოებიდან ინდუსტრიულზე გადასვლა თანდათან მოხდა, რაც  შრომის ნაყოფიერების ზრდის გამომწვევი მიზეზი იყო. შემდეგ ინდუსტრიალიზაციამ პიკს მიაღწია და მრეწველობის მომსახურების სექტორებით ჩანაცვლება დაიწყო. ამ ჩანაცვლების დროს, განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ის, რომ ხდება დახვეწილი/სრულყოფილი კომპლექსური პროდუქციის ხვედრითი წილის ზრდა საექსპორტო კალათში. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო სპეციალიზებული ხდება მისი საექსპორტო კალათა.

შეფასების ორი კრიტერიუმის სისტემა (მატრიცა) - ეკონომიკის კომპლექსურობის ინდექსი (ECI), რომელიც ქვეყნის მწარმოებლურობის შესაძლებლობებს ასახავს, და პროდუქციის კომპლექსურობის ინდექსი (PCI) აკავშირებს დინამიკაში მშპ-ს/ერთ სულ მოსახლეზე საქსპორტო კალათის დივერსიფიცირებულობასთან. რაც უფრო მაღალია PCI, მით უფრო მაღალია ქვეყნის ECI (Hidalgo, C. Hausmann, R., 2009). ამასთანავე, რაც უფრო დივერსიფიცირებულია საექსპორტო კალათა, მით უფრო ნაკლებია ამ კალათში ისეთი პროდუქციის სახეობანი, რომელთა წარმოება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ფართოდ არის მსოფლიოში გავრცელებული (იხ. დიაგრამა 4).

დიაგრამა 4. ქვეყნების რეიტინგი ეკონომიკის კომპლექსურობის ინდექსის მიხედვით

 

დიაგრამა აქაც გვიჩვენებს საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ ჩამორჩენას. იმ ქვეყნებს, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო დაბალია, გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვთ, მაგალითად:  იორდანიას, ფილიპინებს, ყირგიზეთს, მოლდოვას, სენეგალს, კამბოჯას. რას ნიშნავს ეს რეიტინგი?

ეკონომიკური კომპლექსურობის ინდექსის მნიშვნელობა, რომელიც რ. ჰაუსმანმა და ს. იდალგომ გამოიკვლიეს, აჩვენებს ძლიერ კორელაციას ECI - ს და მშპ-ს შორის, და უფრო მეტიც, აჩვენებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპის პოტენციას და იძლევა პროგნოზის გაკეთების საუკეთესო (ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით) შესაძლებლობას. დიაგრამის 4 მიხედვით, საქართველოს შემოსავლის დონის მქონე ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი აქვს ინდოეთს და ყველაზე ნაკლები საქართველოს, ვინაიდან ის ყველაზე მარჯვნივ მდებარეობს 10 000 აშშ დოლარის ჰორიზონტალზე. 

კვნა და საკითხის დაყენება 

საქართველომ 90-იან წლებში  ნაადრევი დეინდუსტრიალიზაცია განიცადა. მომდევნო 20 წელიც დაიკარგა, რადგან გლობალიზაციის მეორე ტალღაზე ვერ მოახერხა დამამუშავებელი მრეწველობის ისეთი განვითარება, რაც ხელს შეუწყობდა დივერსიფიცირებული საექსპორტო კალათის შექმნას. ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოსთვის სტრუქტურული ტრანსფორმაციის მოხდენის პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურად გამოიყურება. შესაძლოა,  საქართველო  მიეკუთვნება ქვეყნების იმ ჯგუფს, რომლებმაც უკვე დაკარგეს ამ გზაზე გავლის შესაძლებლობა და მოხვდნენ „სიღარიბის ჩაკეტილ წრეში“.  როგორი შანსია აქვს საქართველოს მოახდინოს ექსპორტის დივერსიფიკაცია, რათა მიაღწიოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპებს? პასუხის გაცემა მოითხოვს კვლევის გაგრძელებას საქართველოს გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრირების შესაძლებლობების მიმართულებით. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. გოდარი, ს., ხუნდაძე, ტ., ტრუგერი, ა. საყოველთაო კეთილდღეობისთვის. საზოგადოების კვლევის ცენტრი, (2018), Friedrich-Ebert-Stiftung.
  2. ადეიშვილი, დ. (2018) ეკონომიკური განვითარება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, ინდუსტრიული პოლიტიკა. http://european.ge/ekonomikuri- ganvitareba-struqturuli-transpormacia-industriuli-politika/
  3. ადეიშვილი, დ. (2016) საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევები. საზოგადოების კვლევის ცენტრი, Friedrich-Ebert-Stiftung.
  4. სიხარულიძე, დ. (2018) სამრეწველო და საწარმოო პოლიტიკა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
  5. Acemoglu D, Robinson, J. (2013) Why Nations Fail. The Origins of Power, Prosperity and Poverty.
  6. Brummitt, C., Gomez-Lievano, A., Hausmann, R., Bonds, M. (2018) "Machine-learned patterns suggest that diversification drives economic development," Papers 1812.03534, arXiv.org.
  7. Databank.worldbank.org/reports
  8. Hidalgo, C., Hausmann R., (2009). "The Building Blocks of Economic Complexity". PNAS.
  9. IMF, (2018). Georgia’s Path to Economic Diversification. IMF Country Report, No 18/199
  10. Krueger, A.O., (1997). Trade Policy and Economic Development: How we learn. American Economic Review.
  11. Moyo, D. (2009).  Dead Aid: Why Aid Is Not Working and How There Is a Better Way for Africa.
  12. Papava V., Beridze T., Industrial policy and Trade Regime in Georgia. Eurasian Studies. Vol. 3. No. 4 1996/1997;
  13. Reis, J. Reyes, J. Varela, G. (2013) Georgia: Trade Competitiveness Diagnostic. Competitive Industries Technical Assistance Project. World Bank.
  14. Robinson, J (2009). Industrial Policy and Development: A Political Economy
  15. Perspective. World Bank BCDE conference in Seoul.
  16. Rodrik, D (2015). Premature deindustrialization. Published online: 27 November 2015© Springer Science+Business Media New York 2015
  17. Rodrik, D. (2013) Unconditional Convergence in Manufacturing. Quarterly Journal of Economics. 2013;128 (1) :165-204.
  18. Samon, S. (2010) A Primer On Export Diversification: Key Concepts, Theoretical
  19. Underpinnings and Empirical Evidence. Growth and Crisis World Bank Institute.
  20. UNIDO, (2016) Industrial Ddevelopment Report. Rule of Technology and Innovation in Sustainable Inclusive and Industrial Development.
  21. World Economic Outlook. Imf.org
  22. Warwick, K. (2013) Beyond Industrial Policy: Emerging Issues and New Trends. OECD Science, Technology and Industry Policy Papers No.2 Paris: OECD Publishing. http://dx.doi.org/10.1787/5k4869clw0xp-en


[1] http://wits.worldbank.org/CountryProfile/en/Country/WLD/Year/2015/Summary. (გათვალისწინებულია მხოლოდ ის დარგები, რომლებიც ექსპორტის 80 პროცენტს შეადგენს).