English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ემირ ეთერია
საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები 2014-2023 წლებში: ასოცირებიდან კანდიდატობამდე

10.36172/EKONOMISTI.2024.XX.01.Emir.Eteria

ანოტაცია: 2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და შესაბამისად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან კანდიდატის სტატუსის მიღებამდე პერიოდში (2014-2023 წლები) საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკის ანალიზზე. როგორც ევროკავშირთან ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების ანალიზიდან ვლინდება, ზემოაღნიშნულ პერიოდში, მიუხედავად ევროკავშირში ექსპორტის ზრდის კუთხით მცირე დადებითი ტენდენციებისა, საქართველოს მთლიან ექსპორტში და საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ხვედრითი წილი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, 2014-2023 წლებში, მნიშვნელოვნად არ გაზრდილა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დონე როგორც ვაჭრობის, ისე კაპიტალის მოძრაობის თვალსაზრისით.

საკვანძო სიტყვები: საქართველო; ევროკავშირი; ასოცირების შეთანხმება; ვაჭრობის ინტეგრაცია; კაპიტალის ინტეგრაცია.

შესავალი

ევროკავშირი, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე წარმატებული და განვითარებული ინტეგრაციული ჯგუფია. ბოლო პერიოდში, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ცნობილია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა [European Council, 2023: 5]. შესაბამისად, დასრულდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც 2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით დაიწყო და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა.  ნათელია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის (DCFTA) ჩათვლით წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, აქტუალურია საკითხი ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდე პერიოდში (2014-2023 წლები) ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის დონის ტრანსფორმაციის დონის განსაზღვრის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე პუბლიკაციის მიზანს 2014-2023 წლებში, ასოცირების შეთანხმების, DCFTA-ს ჩათვლით, განხორციელების კვალობაზე ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის მიღწეული დონის შეფასება წარმოადგენს. ზოგადად, ეკონომიკური ინტეგრაციის დონის ანალიზისა და შეფასების მიზნით სხვადასხვა ინდიკატორს იყენებენ, მათ შორისაა ვაჭრობის სფეროში ინტეგრაცია, კაპიტალის მოძრაობის ინტეგრაცია, მონეტარული და ფინანსური ბაზრების ინტეგრაცია, სამუშაო ძალის გადაადგილება და სოციალური ინტეგრაცია, ინსტიტუციური ინტეგრაცია და ა.შ. [De Lombaerde (ed.), 2006; Asian Development Bank, 2021; United Nations. Economic Commission for Africa; African Union Commission; African Development Bank, 2019]. თუმცა, ეკონომიკური ინტეგრაციის დონის შეფასების ყველაზე ხშირად გამოყენებულ ინდიკატორებს ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის ინტეგრაცია წარმოადგენს. შესაბამისად, 2014-2023 წლებში საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დონის შეფასების მიზნით სტატიაში გამოყენებულიაა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორი ზემოაღნიშნული ინდიკატორი - ვაჭრობის  ინტეგრაცია და კაპიტალის მოძრაობის სფეროში ინტეგრაცია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ვაჭრობითა და კაპიტალის მოძრაობით. შესაბამისად, მხოლოდ ზემოაღნიშნული ორი ინდიკატორი (ვაჭრობისა და კაპიტალის ინტეგრაცია) არ წარმოადგენს ეკონომიკური ინტეგრაციის შეფასების სრულფასოვან მაჩვენებლებს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის სფეროში ინტეგრაცია ეკონომიკური ინტეგრაციის მთავარ საყრდენს და ინტეგრაციის სხვა სახეების (ინსტიტიციური, სექტორული, ბაზრების, დარგობრივი პოლიტიკების ინტეგრაცია და ა.შ) განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

სტატიის პირველ ნაწილში მოკლედაა მიმოხილული ეკონომიკური ინტეგრაციის არსის, ფორმებისა და ძირითადი შედეგების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების ურთიერთიერთმიმართების თაობაზე არსებული ძირითადი მიდგომები და კონცეფციები. ნაშრომის შემდეგ ნაწილში, ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის სფეროში ინტეგრაციის შეფასების მიზნით გაანალიზებულია 2014-2023 წლებში საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძრაობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემები. ნაშრომის ბოლო ნაწილში ასახულია დისკუსია და დასკვნა 2014-2023 წლებში ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის მიღწეული დონის თაობაზე.

ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი ფორმები და შედეგები: ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა

რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის დაწყების, მისი განვითარების ფორმების, ეტაპებისა და ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკაზე ინტეგრაციის გავლენის საკითხს მრავალი პუბლიკაცია ეძღვნება. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხი აქტუალური  მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გახდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საკითხის აქტუალურობა განპირობებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპაში დაწყებული ინტეგრაციული პროცესებით. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის თეორიის საწყის წერტილად მიჩნეულია ვინერის და ბალასას ფუნდამენტური ნაშრომები. აღნიშნული მეცნიერების მიხედვით, ეკონომიკურ ინტეგრაციას პოზიტიური გავლენა აქვს ინტეგრაციულ პროცესებში ჩართული ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. ვინერის ნაშრომში „საბაჟო კავშირის საკითხი“ [ვინერი, 1950] რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის სხვადასხვა ასპექტთან ერთად ყურადღება გამახვილებულია ვაჭრობის დაწყებისა და ვაჭრობის გადანაცვლების ეფექტებზე. ნათელია, რომ რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის დადებითი გავლენა უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ვაჭრობის დაწყების შესაძლებლობით, რაც ქვეყნებს შედარებითი უპირატესობის საფუძველზე სპეციალიზაციის შესაძლებლობას აძლევს, რაც თავის მხრივ, შეზღუდული რესურსების ეფექტიანი გამოყენების წინაპირობაა. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვინერი თავის ნაშრომში ყურადღებას ამახვილებს რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ეტაპზე, საბაჟო კავშირზე და ეკონომიკური ინტეგრაციის სხვა ფორმებით განპირობებული პოზიტიური თუ ნეგატიური ასპექტები მეტწილად უგულვებელყოფილია.

რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი ფორმების, მისი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი შედეგების ანალიზის თვალსაზრისით გამოსაყოფია ბ. ბალასას ფუნდამენტური ნაშრომი „ეკონომიკური ინტეგრაციის თეორია“ (1961). ბალასა, განასხვავებს ეკონომიკურ თანამშრომლობას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, ასევე, გამოყოფს და ახასიათებს რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების 5 ეტაპს, თავისუფალი ვაჭრობის ზონით დაწყებული სრული ეკონომიკური ინტეგრაციით დამთავრებული. ბალასას მიხედვით ეკონომიკური ინტეგრაცია შინაარსობრივი თვალსაზრისით შეიძლება მოიცავდეს ინტეგრაციის შემდეგ ფორმებს: ვაჭრობის სფეროში ინტეგრაცია, წარმოების ფაქტორების ინტეგრაცია, სექტორული/დარგობრივი პოლიტიკების ინტეგრაცია და სრული ეკონომიკური ინტეგრაცია. გარდა აღნიშნულისა, ბალასა გამოყოფს ეკონომიკური ინტეგრაციის სტატიკურ და დინამიკურ ეფექტებს, რომელიც შეიძლება ასევე განხილულ იქნას როგორც რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები.

რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის მოკლევადიან ეფექტებს შორის უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ფასებზე და კონკურენციის დონეზე გავლენა. მოკლევადიანი ეფექტები უპირველეს ყოვლისა ვლინდება ვაჭრობის სფეროში, კერძოდ, ვაჭრობის დაწყებასა და ვაჭრობის გადანაცვლებაში [Viner, 1950]. გრძელვადიან პერიოდში, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია მონაწილე ეკონომიკების მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განაპირობებს, ხელს უწყობს რა ბაზრებისა და წარმოების გაფართოებას, შესაბამისად, მასშტაბის ეკონომიის ეფექტის წარმოქმნას და მის გაძლიერებას (როგორც შიდა, ისე საგარეო მასშტაბის ეკონომია), შედარებითი უპირატესობის საფუძველზე ქვეყნების მეტად სპეციალიზაციას, უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველობის ზრდას, რესურსების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას და ა.შ. ნათელია, რომ რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის გრძელვადიანი ეფექტები ასევე მოიცავს სექტორული პოლიტიკების თანმიმდევრულ დაახლოებას, რაც ზრდის ინტეგრაციულ პროცესებში ჩართული ეკონომიკების თავსებადობას და ხელს უწყობს ინტეგრაციული პროცესების შემდგომ გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის აღნიშნული ფორმები თანმიმდევრულობითა და ურთიერთგანპირობებულობით ხასიათდება. როგორც წესი, ინტეგრაციული პროცესები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით იწყება, რაც ვაჭრობის სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობას გულისხმობს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის საწყის ეტაპზე საბაჟო კავშირის, როგორც ეკონომიკური ინტეგრაციის პირველი ფორმის, ფორმირების შესაძლებლობას. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ საბაჟო კავშირის, ისევე როგორც თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ვაჭრობის სფეროში ინტეგრაციისკენაა მიმართული და იმთავითვე არ ითვალისწინებს, თუმცა, არ გამორიცხავს, წარმოების ფაქტორებისა და/ან სექტორული პოლიტიკების ინტეგრაციას.

რეგიონული ინტეგრაციული პროცესების თეორიული ასპექტების მიმოხილვისას, მნიშვნელოვანია ინტეგრაციის ერთ-ერთი ფორმის - ინსტიტუციური ინტეგრაციის ხაზგასმა. ინსტიტუციური ინტეგრაციის ცალკეული ასპექტების გამოყოფა ეკუთვნის ცნობილ ეკონომისტს ი. ტინბერგენს. ტინბერგენი ნაშრომში „საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაცია“ (1954) განასხვავებს პოზიტიურ და ნეგატიურ ინტეგრაციას. ნეგატიური ინტეგრაცია შეიძლება წარმოდგენილ იქნას როგორც მხოლოდ ვაჭრობის სფეროში ინტეგრაცია, მაშინ როცა პოზიტიური ინტეგრაცია გულისხმობს არსებული ინსტუტუტების მოდიფიკაციის აუცილებლობას და/ან ახალი ინსტიტუტების შექმას, რომლებიც ხელს შეუწყობენ არსებული ინტეგრაციის დონის შემდგომ გაღრმავება/გაფართოებას. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე რეგიონული ინტეგრაციული პროცესები იმთავითვე მოიცავს ეკონომიკური ინტეგრაციის გარკვეულ ინსტიტუციურ ასპექტებს და თანამედროვე პერიოდში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები მეტწილად პოზიტიური ინტეგრაციის ფორმას ატარებს [El-Agraa, 2011].

რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ქვეყნის ჩართვის შედეგად მიღებული ეფექტები დამოკიდებულია მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეზე. ცხადია, რომ მაღალგანვითარებული (მაღალი შემოსავლის მქონე) ეკონომიკის ჩართვა ასევე მაღალგანვითარებული ეკონომიკების მონაწილებით არსებულ ინტეგრაციულ ჯგუფში განაპირობებს განსხვავებულ ეფექტებს, ვიდრე სუსტად განვითარებული (დაბალი შემოსავლების მქონე) ან შედარებით ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის (საშუალო შემოსავლების) მიერთება მაღალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნების ინტეგრაციულ ჯგუფთან [Kerr and Gaisford, 2007]. ნათელია, რომ შედარებით დაბალგანვითარებული ქვეყნის მიერთება მაღალგანვითარებული ქვეყნების ინტეგრაციულ ჯგუფთან ხელს უწყობს დაბალგანვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპების მიღწევას. დაბალგანვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ინვესტიციების ზრდა წარმოადგენს, ვაჭრობის ზრდასა და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად. ბოლდვინისა და შეგეზას [Baldwin and Seghezza, 1998] კვლევის მიხედვით, ოთხი ქვეყნის მაგალითზე (ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია და საბერძნეთი) რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციისა და ინვესტიციებით განპირობებული ეკონომიკური ზრდის თაობაზე, რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციას პოზიტიური გავლენა აქვს  ნაკლებად განვითარებული ქვეყნის ინვესტიციებზე. თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, ეკონომიკური ინტეგრაციით განპირობებული ინვესტიციები ვერ გადაფარავს არაეფექტიანი მაკრეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს.

მსოფლიო ბანკის პუბლიკაციაში [World Bank, 2000] ეკონომიკური ინტეგრაციის, კერძოდ, სავაჭრო ბლოკების თაობაზე, ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია რეგიონული ინტეგრაციული პროცესებით განპირობებული შედეგების 4 შესაძლო სცენარზე. ერთ-ერთი სცენარია შედარებით ნაკლებად განვითარებული ანუ საშუალო შემოსავლის მქონე განვითარებადი ან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის მიერთება განვითარებული ქვეყნების (მაღალი შემოსავლების მქონე) მსხვილ ინტეგრაციულ ჯგუფთან [World Bank, 2000: 66-67]. ასეთ შემთხვევაში, პუბლიკაციის თანახმად, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის მიერ მიღებული სარგებელი როგორც პოლიტიკური (უსაფრთხოება, რეფორმები, თანამშრომლობის გაღრმავება და ა.შ.), ისე ეკონომიკური (მასშტაბის ეკონომია, კონკურენციის ზრდა, ტექნოლოგიების ტრანსფერი, ვაჭრობა და წარმოების აგლომერაცია) თვალსაზრისით მნიშვნელოვნად აჭარბებს რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის დანაკარგებს.

ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის სფეროში ინტეგრაცია 2014-2023 წლებში[1]

ნებისმიერი ქვეყნა, მათ შორის საქართველო, რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ერთვება ვაჭრობის, კერძოდ, ექსპორტის ხელშეწყობის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ზოგადად, ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეყობის მიზნით. აღნიშნული წარმოადგენს რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის ეკონომიკურ დეტერმინანტებს. ცხადია, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებული პროცესი. რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური ფაქტორები და ა.შ. თუმცა, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ რეგიონული ინტეგრაციის ეკონომიკური დეტერმინატების ანალიზზე.

ზოგადად, ვაჭრობის სფეროში ინტეგრაციის დონის გასაზომად სხვადასხვა მაჩვენებელს იყენებენ, მათ შორისაა ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ექსპორტის და იმპორტის წილი მთლიან ექსპორტსა და იმპორტში, მთლიანი ვაჭრობის ზრდა, ცალკეულ ქვეყანასათან ვაჭრობის წილი, წილი შიდარეგიონულ ვაჭრობაში და ა.შ. [Asian Development Bank, 2021]. ევროკავშირთან საქართველოს ვაჭრობის სფეროში ინტეგრაციის დონის შეფასების მიზნით გამოყენებულია ექსპორტ-იმპორტის დინამიკის, ასევე საქართველოს მთლიან ექსპორტსა და საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილის თაობაზე მაჩვენებლები. ზოგადად, 2014-2023 წლებში საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2014 წელს, ევროკავშირში ექსპორტის მოცულობა 624.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ სტატიის მიზანს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი წარმოადგენს, ანალიზის საწყისი წერტილი სწორედ 2014 წელია. ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს ევროკავშირთან DCFTA-ს ერთ-ერთ მთავარ მიზანს. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე განხორციელებულ კვლევებში ხაზგასმული იყო აღნიშნული შეთანხმების, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით, გაფორმების დადებითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე [UNDP, 2007; Case/Global Insight, 2008].  კერძოდ, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, DCFTA-ს შედეგად „..საქართველოს ექსპორტი მოკლევადიან პერიოდში 9%-ით, გრძელვადიან პერიოდში 12%-ით გაიზრდება. იმპორტი შესაბამისად გაიზრდება 4,4% და 7,5%-ით..“ [Ecorys/CASE, 2012: 37]. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ევროკავშირში ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 862.6 მლნ. აშშ დოლარი. შესაბამისად, ექსპორტის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 2022 წელს 38.1%-ით გაიზარდა. 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 2022 წელთან შედარებით შემცირდა 18.3%-ით და შეადგინა 704.3 მლნ. აშშ დოლარი, რაც 2014 წელთან მიმართებაში მხოლოდ 12.8%-იან ზრდაზე მიუთითებს. 2014 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტმა 2.3 მლრდ. დოალრი შეადგინა, ხოლო 2023 წელს 3.7 მლრდ. დოლარი, რაც იმპორტის 60%-იანი ზრდაზე მიუთითებს. შესაბამისად, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერს შემდეგ, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი გაცილებით მეტად გაიზარდა, ვიდრე ზემოაღნიშნული კვლევით იყო პროგნოზირებული (დიაგრამა 1).

დიაგრამა 1. ევროკავშირთან საქართველოს ექსპორტ-იმპორტი (მლნ. აშშ დოლარი),

 2014-2023 წლები

 

წყარო: დიაგრამა აგებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ევროკავშირთან ვაჭრობის, კერძოდ ექსპორტის აბსოლუტური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდისა, 2015-2023 წლებში ექსპორტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი საკმაოდ დაბალია და შეადგენს მხოლოდ 2.3%-ს. თუმცა, 2020-2021 წლებში COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე. შესაბამისად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2020-2021 წლების მაჩვენებლებს და შევაფასებთ პანდემიამდე არსებულ ვითარებას, 2015-2019 წლებში ევროკავშირში ექსპორტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 6.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 3.3%-ია. 2023 წელს სახეზეა 2019 წელთან შედარებით ექსპორტის შემცირება, რაც 15.6%-ს შეადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს ევროკავშირში ექსპორტის მცირე, მაგრამ მაინც დადებით დინამიკაზე. პოზიტიურია ასევე იმპორტის კუთხით ევროკავშირთან ვაჭრობის დინამიკა. 2015-2023 წლებში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 6.7%-ს შეადგენს, ხოლო 2015-2019 წლების მონაცემებით იმპორტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი მხოლოდ 0.8%-ია. 2019 წელთან შედარებით 2023 წელს ევროკავშირიდან იმპორტი 57.6%-ით გაიზარდა (დიაგრამა 2).

დიაგრამა 2. ევროკავშირთან საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ზრდა (%),

2015-2023 წლები

 

წყარო: დიაგრამა აგებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე

ზოგადად, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის დადებითი დინამიკის მიუხედავად, შეინიშნება საქართველოს მთლიან ვაჭრობაში ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების ხვერდითი წილის კლების ტენდენცია. კერძოდ, ვაჭრობის ინტეგრაციის ორი სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი - ევროკავშირში ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში და ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2015 წლიდან განუხრელად მცირდება. 2015 წელს ევროკავშირში ექსპორტი საქართველოს მთლიანი ექსპორტის 29.2%-ს შედგენდა, მაშინ როცა 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებლი მხოლოდ 11.6%-ს შეადგენს. იგივე სახის დაღმავალი ტენდენცია ვლინდება საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ხვედრითი წილის კუთხით. 2015 წელს ევროკავშირთან ვაჭრობა შედგენდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 32%-ს, 2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 20.9%-ს შეადგენს (დიაგრამა 3). 

დიაგრამა 3. ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტსა და საგარეო სავაჭრო ბრუნვაში (%),

2014-2023 წლები

 

წყარო: დიაგრამა აგებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე

რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორია კაპიტალის მოძრაობის სფეროში ინტეგრაცია, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება ქვეყნებს შორის ინვესტიციების მოძრაობაა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ფაქტორი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ნათელია, რომ ასოცირების შეთანხმების სავალდებულო ხასიათი ქვეყნის საინვესტიციო მიზიდველობის ზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია [Kawecka-Wyrzykowska, 2015: 88]. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან წარმოადგენს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის არსებული დონის ზრდისა და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. თუმცა, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თაობაზე სტატისტიკური მონაცემები ავლენს, საქართველო ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების განხორციელებისთვის სასურველ ქვეყანას. 2014 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 727.1 მლნ. აშშ. დოლარი. 2015-2016 წლებში ადგილი ჰქონდა ევროკავშირის ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას. ევროკავშირის ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2017 და 2022 წლებში, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 566.7 მლნ. აშშ. დოლარი და 963.3 მლნ. აშშ დოლარი შესაბამისად (დიაგრამა 4).

დიაგრამა 4. საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  (მლნ. აშშ. დოლარი),

2014-2022 წლები

 

წყარო: დიაგრამა აგებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე 

ზოგადად, 2015-2022 წლებში, მიუხედავად ცალკეულ წლებში ინვესტიციების მოცულობის შემცირებისა, ევროკავშირის ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2015-2022 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური ზრდის ტემპი 17.7%-ს შეადგენს, რაც განპირობებულია 2017 და 2022 წლებში ევროკავშირის ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდით. 2015-2022 წლებში, საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებული ინვესტიციების წილი ყველაზე დაბალია 2016 წელს და მხოლოდ 19.8%-ს შეადგენს (დიაგრამა 5). 

დიაგრამა 5. საქართველოში  ევროკავშირის ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა (%) და წილი (%) მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში,

 2015-2022 წლები

 

წყარო: დიაგრამა აგებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის სფეროში ინტეგრაციის დონის განსაზღვრის მიზნით გაანალიზებული ოთხი მაჩვენებლიდან ორი (ექსპორტისა და იმპორტის ზრდის ტემპი) მზარდი ტენდენციით ხასიათდება, მაშინ როცა ორი (ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში და საგარეო სავაჭრო ბრუნვაში) კლების ტენდენციას ავლენს. საქართველოს ევროკავშირთან კაპიტალის მოძრაობის  სფეროში ინტეგრაცია მცირედი დადებითი ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, როგორც ვაჭრობისა და ინვესტიციების მოძრაობის თაობაზე მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, 2014-2023 წლებში ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის დონე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

დისკუსია

წინამდებარე სტატიის მიზანს არ წარმოადგენს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების ცალკეული დაღმავალი ტენდენციის განმაპირობებელი მიზეზების კვლევა, რაც მომავალი კვლევის საგანია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წილის შემცირება საქართველოს ექსპორტსა და საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, ზოგადად, ქვეყნის ვაჭრობისა და ექსპორტის ზრდის ფონზე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თავისუფალი ვაჭრობის, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ნაკლებადაა იმთავითვე ექსპორტის განუხრელი ზრდის წინაპირობა, განსაკუთრებით, თუ პარტნიორებს შორის ვაჭრობაში შეთანხმების გაფორმებამდე მნიშვნელოვანი ბარიერები არ არსებობდა. ცნობილია, რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველო ევროკავშირთან ვაჭრობაში შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით, პრეფერენციების განზოგადებული სისტემით (GSP+) სარგებლობდა. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმების გაფორმებამდე საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად იყო ლიბერალიზებული (Emerson and Kovziridze (eds), 2018).

მიუხედავად იმისა, რომ 2014-2023 წლებში, საქართველო-ევროკავშირის  ეკონომიკური ურთიერთობების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის სფეროში ინტეგრაციის მხოლოდ მცირე დადებით ტენდენციას ავლენს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ასევე DCFTA-ს განხორციელების თაობაზე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში საქართველოს მიერ ეკონომიკის სფეროში გატარებული რეფორმები და საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა დადებითადაა შეფასებული. თუმცა, ამავე ანგარიშებში, ასევე აღნიშნულია იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის დონის ზრდისთვის გონივრული მაკროეკონომიკურ პოლიტიკის გატარებასთან ერთად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში შესაბამისი რეფორმების თანმიმდევრული და დროული განხორციელება [European Commission, 2017a;  2017b; 2017c; 2018a; 2018b; 2019a; 2019b; 2020a; 2020b; 2020c; 2021a; 2021b; 2022a; 2022b]. ცნობილია, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი განხორციელება მრავალი მიმართულებით რეფორმების თანმიმდევრულ გატარებას გულისხმობს, ტრანსპორტიდან და სოფლის მეურნეობიდან დაწყებული კლიმატის ცვლილებების სფეროში თანამშრომლობით დამთავრებული. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის დონის ზრდის თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების თანმიდევრული განხორციელება აუცილებელი, თუმცა, არასაკმარისი პირობაა,  განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში.

ცხადია, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის პოზიტიური ეფექტები გაცილებით ნაკლებია თავისუფალი ვაჭრობის ზონის, მათ შორის DCFTA-ს საფეხურზე, თუ მას თან არ სდევს წარმოების ფაქტორების, ინსტიტუციური და სექტორული, დარგობრივი პოლიტიკების ინტეგრაცია. საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის დონის შემდგომი ამაღლების წინაპირობას ვაჭრობის სფეროში ინტეგრაციის განუხრელ ზრდასთან ერთად ეკონომიკური ინტეგრაციის ზემოაღნიშნული ფორმების სწრაფი განვითარება წარმოადგენს, რაც საქართველოს ეკონომიკის ევროკავშირის ეკონომიკასთან თავსებადობისა და საბოლოო ჯამში, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის დონის ზრდას უზრუნველყოფს.

დასკვნა

2014-2023 წლებში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის კომპონენტის (DCFTA) ჩათვლით, განხორციელების კვალობაზე საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ახალი დინამიზმი შეიძინა. აღნიშნულ პერიოდში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ანალიზი განხორციელდა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის დონის განმსაზღვრელი ორი ინდიკატორის - ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის სფეროში ინტეგრაციის ანალიზისა და შეფასების კონტექსტში.

როგორც შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა ცხადყო, ვაჭრობის სფეროში ინტეგრაციის დონის განსაზღვრის მიზნით შეფასებული მაჩვენებლებიდან ორი (ექსპორტისა და იმპორტის აბსოლუტური და საშუალო წლიური ზრდა) მიუთითებს დადებით დინამიკაზე, ხოლო სხვა ორი მაჩვენებლი (ევროკავშირთან ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში და ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში) უარყოფით დინამიკაზე. შესაბამისად, 2014-2023 წლებში, საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის სფეროში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი დადებითი ტრანსფორმაცია არ მომხდარა. ევროკავშირთან კაპიტალის მოძრაობის თაობაზე მონაცემების ანალიზი ავლენს დადებით ტენდენციას, როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აბსოლუტური მოცულობის, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური ზრდის ტემპის თვალსაზრისით. ცხადია, რომ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის დონის მხოლოდ ზემოაღნიშნული ორი ინდიკატორით შეფასება ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესზე არასრულ წარმოდგენას იძლევა. თუმცა, ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის სფეროში ინტეგრაციის მაღალი დონის გარეშე სრულფასოვანი ინტეგრაციის მიღწევა შეუძლებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდე პერიოდში (2014-2023 წლები) საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია შეუქცევადი მზარდი ტენდენციით არ ხასიათდება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, (2022). საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2021, სტატისტიკური პუბლიკაცია
  2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, (2023). საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2022, სტატისტიკური პუბლიკაცია
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, (2024). საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში (2023 წელი, წინასწარი).
  4. Asian Development Bank. (2021). Asia-Pacific Regional Cooperation and Integration Index: Enhanced Framework, Analysis and Applications. Manila
  5. Association Agreement between the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the one part, and Georgia, of the other part, (2014), Official Journal of the European Union, Volume 57 (L 261), English edition.
  6. Balassa, B. (1961). The Theory of Economic Integration. Homewood, Illinois: Richard D. Irwin
  7. Baldwin, R. E. and Seghezza, E. (1998). Regional Integration and Growth in Developing Nations. Journal of Economic Integration, Vol. 13, No. 3, (September): 367-399.
  8. Case/Global Insight. (2008). Economic Feasibility, General Economic Impact and Implications of a Free Trade Agreement between the European Union and Georgia.
  9. De Lombaerde, Philippe, ed. Assessment and Measurement of Regional Integration. London: Routledge, 2006
  10. Emerson, M. and Kovziridze, T. (eds) (2018), Deepening EU-Georgian Relations - What, why and how? Brussels and London: CEPS and London: Rowman & Littlefield International.
  11. European Commission. (2017a). Report on Implementation of Free Trade Agreements. 1 January 2016 - 31 December 2016, COM (2017) 654 final.
  12. European Commission. (2017b). Commission Staff Working Document, Country reports and info sheets on implementation of EU Free Trade Agreements. 1 January 2016 - 31 December 2016. SWD (2017) 364 final.
  13. European Commission. (2017c). Association Implementation Report on Georgia, Joint staff working paper, SWD (2017) 371 final, Brussels, 9.11.2017
  14. European Commission. (2018a). on Implementation of Free Trade Agreements. 1 January 2017 - 31 December 2017, COM (2018) 728 final.
  15. European Commission. (2018b). Commission Staff Working Document, Country reports and info sheets on implementation of EU Free Trade Agreements. 1 January 2017 - 31 December 2017. SWD (2018) 454 final.
  16. European Commission. (2019a). Report on Implementation of Free Trade Agreements, 1 January 2018 - 31 December 2018, COM (2019) 455 final.
  17. European Commission. (2019b). Association Implementation Report on Georgia, Joint staff working paper, SWD (2019) 16 final, Brussels, 30.1.2019
  18. European Commission. (2020a). Report on the Implementation of EU Trade Agreements, 1 January 2019 - 31 December 2019, COM (2020) 705 final
  19. European Commission. (2020b). Commission Staff Working Document, Country reports and info sheets on implementation of EU Free Trade Agreements. 1 January 2019 - 31 December 2019. SWD (2020) 263 final
  20. European Commission. (2020c). Association Implementation Report on Georgia, Joint staff working paper, SWD (2020) 30 final, Brussels, 6.2.2020
  21. European Commission. (2021a). Commission Staff Working Document, Individual information sheets on implementation of EU Trade Agreements. SWD (2021) 297 final
  22. European Commission. (2021b). Association Implementation Report on Georgia, Joint staff working paper, SWD (2021) 18 final, Brussels, 5.2.2021
  23. European Commission (2022a). Association Implementation Report on Georgia, Joint staff working paper, SWD (2022) 215 final, Brussels, 10.8.2022
  24. European Commission. (2022b). Commission Staff Working Document, Individual information sheets on implementation of EU Trade Agreements. SWD (2022) 730 final
  25. European Council. (2023). European Council Conclusions, 14 and 15 December 2023, Brussels
  26. El-Agraa, A.M. (2011), The European Union: Economics and Policies, ninth edition
  27. Ecorys/CASE. (2012), Trade Sustainability Impact Assessment in support of negotiations of a DCFTA between the EU and Georgia and the Republic of Moldova. Final report. Rotterdam
  28. Kawecka-Wyrzykowska, E. (2015), The EU-Georgia Association Agreement: An Instrument to Support the Development of Georgia or Lip Service? /Układ Stowarzyszeniowy Ue – Gruzja: Instrument Wsparcia Rozwoju Gruzji Czy Deklaracja Bez Pokrycia? Comparative Economic Research, 18(2), pp. 77-97.
  29. Kerr, W., and Gaisford, J. D. (2007), Handbook on International Trade Policy, Edward Elgar Publishing.
  30. Tinbergen, J. (1954). International Economic Integration, Elsevier.
  31. United Nations. Economic Commission for Africa; African Union Commission; African Development Bank (2019). Africa regional integration index (ARII). Addis Ababa.
  32. United Nations. Economic Commission for Africa; African Union Commission; African Development Bank (2019). Africa regional integration index (ARII). Methodological note
  33. UNDP. (2007). Assessment of the Impact of Potential Free Trade Agreement between the EU and Georgia.
  34. Viner, J. (1950). The Customs Union Issue. New York: Carnegie Endowment for International Peace
  35. World Bank. (2000). Trade Blocs, World Bank Policy Research Report, Oxford: Oxford University Press.


[1] 2013-2020 წლების ვაჭრობის სტატისტიკურ მონაცემებში იგულისხმება ევროკავშირის 28 ქვეყანა, ხოლო 2021 წლიდან მონაცემებში ევროკავშირის 27 ქვეყანა.