English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ზურაბ გარაყანიძე
„ნახევრად-სანქციების“ როლი ცენტრალური ევროპის გაზმომარაგების მონოპოლიზაციაში

10.36172/EKONOMISTI.2024.XX.01.Zurab.Garakanidze

ანოტაცია. ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური საფრთხეებიდან ერთ-ერთი უმწვავესია ენერგეტიკული სანქციები. სწორედ ამიტომ აირჩია დასავლეთმა ომის პირობებში რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად ამ ქვეყნიდან გაზის იმპორტის შეწყვეტა. თუმცა, სანქციებს ყველა წევრი ქვეყანა არ შეუერთდა და რუსულმა „გაზპრომმა“ ამ ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარა. შესაბამისად, მოსკოვმა გაზის მონოპოლიურად მაღალ ფასად რეალიზაციის შედეგად  სანქციებიდან მიღებული ზარალი მინიმუმამდე შეიმცირა, თანაც ამ ქვეყნებზე მისი პოლიტიკური ზეწოლა გაზარდა.

სტატიაში განხილულია რფ-ს და ევროკავშირის ენერგეტიკული დაპირისპირების ფაქტები და წინადადებები, რომლითაც საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, შეუძლია უპასუხოს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გამოწვევებს. მაგალითად, 2022 წლის 27 აპრილიდან „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება კომპანია „ბულგარგაზისთვის“ (Bulgargaz), იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე. საპასუხოდ,  2022 წლის ივნისში საქართველოზე გამავალი „სამხრეთის გაზის დერეფანში“ მყოფი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ დაიწყო აზერბაიჯანული გაზის ბულგარეთისთვის საცდელი მიწოდება. ევროკავშირის იმავე „დერეფანში“ მყოფი „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ (TAP) ბულგარეთ-საბერძნეთის ინტერკონექტორის* - IGB-ის გავლით, სატესტო რეჟიმში ბულგარეთისთვის აირის მიწოდება 2022 წლის ივნისის ბოლომდე განხორციელდა, ხოლო 2022 წლის 2 ივლისიდან 2023 წლის ბოლომდე უკვე 1 მლრდ კუბ. მეტრი აზერბაიჯანული აირის სახელშეკრულებო მოცულობის მიწოდება განხორციელდა, რაც 2024 წლის ბოლოსთვის 3 მლრდ კუბ. მეტრამდე გაიზრდება.

„ევროკავშირის სამხრეთის გაზის დერეფნით“ აზერბაიჯანიდან გაზს, „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ (TAP) საშუალებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - იტალია და საბერძნეთი, მოგვიანებით კი ბულგარეთი, 2020 წლის 31 დეკემბრიდან იღებენ. ინტერკონექტორი IGB-ის ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, იგეგმება მისი საპროექტო სიმძლავრის გაზრდა, რაც მართალია ევროპის გაზის მოხმარების შედარებით მცირე ნაწილია, მაგრამ გაზის ბაზარზე კონკურენციას რეალურად შეუწყობს ხელს.

ამასთან, ბულგარეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის მიზეზი

-----------------------------

* დამაკავშირებელი - ზ.გ.

თვითონ რუსეთის ხელისუფლებაა, რომელმაც მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, მოითხოვა „არამეგობრული ქვეყნებისგან“ გაზის საფასურის გადახდა ახალი სქემით, უცხოური ვალუტის რუბლებში გადაცვლით. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბულგარეთმა, ეს სქემა არ მოიწონა და „გაზპრომმა“ მას აირის მიწოდება შეუწყვიტა, რამაც დააჩქარა რუსეთის გვერდის ამქცევი, ევროპული „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინტერკონექტორის - IGB-ის სრული სიმძლავრით ამოქმედება და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის „გაზპრომზე“ დამოკიდებულების შემცირება.

კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ იმავდროულად გაიზარდა ცენტრალური ევროპის ქვეყნების - უნგრეთის, სლოვაკეთის, ვსტრიის, ჩეხეთის რუსულ სახელმწიფო მონოპოლია „გაზპრომზე“ დამოკიდებულება, რაც ამ ქვეყნების მთავრობების, რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ნაკლებად კრიტიკულ პოზიციაში აისახა. 

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური უსაფრთხოება, სანქციები, სამხრეთის გაზის დერეფანი, გაზპრომი, ევროკავშირი, გაზის მილსადენი, რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. 

შესავალი 

რუსეთის დამანგრეველი აგრესიის პირობებში, ქ. უჟგოროდთან არის ადგილი, რომელიც ომის მესამე წელს კვლავ უსაფრთხოდ გამოიყურება. ესაა რუსული გაზის ტრანზიტული მილსადენი „ბრატსტვო“ („ძმობა“). ის „უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის“ (სქემა 1) ფარგლებში ევროკავშირის მყიდველებისთვის 2024 წელს, 2021 წელთან შედარებით მართალია მცირე მასშტაბით, მაგრამ მოქმედი დასავლური სანქციების პირობებში მაინც ახორციელებს ციმბირიდან გაზის უკრაინის გავლით ევროკავშირში ტრანსპორტირებას (Pipelines., 2021). აშკარაა, რომ სახეზეა არა სანქციები, არამედ „ნახევრად-სანქციები“ ვინაიდან „ძმობა“ მუშაობს, სხვა მილსადენები უმოქმედოდაა. სანქციების საკითხი ეკონომიკურ უსაფრთხოებაში შედარებით ახალი და ნაკლებად შესწავლილი თემაა. ამ სტატიაში ჩვენ ვამტკიცებთ ჰიპოთეზას, რომ დასავლეთის მხრიდან სანახევროდ გატარებული სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სახელმწიფო მონოპოლიების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და რფ-ს საბიუჯეტო შემოსავლებს დიდ ზიანს არ აყენებს და მათგან თავის დაღწევა მოსკოვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თანაც, რადგან დასავლეთი სანქციების საკითხს დრო და დრო უბრუნდება, საჭიროდ მიგვაჭნია ეკონომიკური სანქციების ეფექტის კვლევის დაწყება.

უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემა                                                                   

სქემა 1

უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ანტირუსული „ნახევრად-სანქციები“

მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს ნებისმიერი სახმელეთო კრიტიკული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით გაზის და ნავთობის მილსადენები, უკიდურესად დაუცველია (Z. Garakanidze, N. Garakanidze., 2013) უკრაინაში მაინც ყველაზე უსაფრთხო ადგილად „სუდჟა-ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ ზემოხსენებული „ძმური“ მილსადენი მიაჩნიათ (ის საბჭოთა დროიდან ცნობილია, როგორც მილსადენი „ძმობა“ - Братство). მით უმეტეს, რომ უკრაინის ყველა დანარჩენი სატრანზიტო მილსადენი სანქციების გამო უკვე წელიწადზე მეტია უფუნქციოდაა.

ამ ფაქტმა ზოგიერთ დასავლელ ექსპერტს სამწუხაროდ ათქმევინა, რომ ’’... სანქციები, რომლებიც შექმნილია რუსეთის უკრაინიდან გამოდევნის მიზნით, სინამდვილეში გამიზნულია იმისთვის, რომ უბიძგოს რუსეთს დემოკრატიისკენ. ახალ, პროგრესულ რუსეთსა და ინდუსტრიულ სამყაროს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა მკვეთრად გარდაქმნის საერთაშორისო ვითარებას. ეს შეიძლება იყოს დემოკრატიული განვითარების უაღრესად თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც აფერხებს ჩინეთის ავტოკრატიის პოპულარიზაციას და კიბერშეჭრის მინიმიზაციას ემსახურება. ის ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მოთხოვნებს სამხედრო ძალებისთვის გლობალურად, მათ შორის ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი შემცირების შესაძლებლობის ჩათვლით. დიპლომატიური თვალსაზრისით, რუსეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დაპირისპირების შემცირებას ავღანეთში, ვენესუელაში, ბელორუსში, უკრაინასა და სირიაში.“ (E. Corcoran., 2024)

ამ ექსპერტებს, სავარაუდოდ, არ სმენიათ (?!) რუსეთის შეჭრის შესახებ საქართველოში 2008 წელს, ასევე მის მიერ სირიაში და ერაყში ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ დროს, 2011 წლიდან განხორციელებული რეიდების შესახებ ამ ქვეყნების დემოკრატიული, პროდასავლური ძალების წინააღმდეგ, 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონების და ყირიმის „თვითგამოცხადებული რესპუბლიკების“ შესახებ და ა.შ. ამ აგრესიულმა ქმედებებმა არ „...უბიძგა რუსეთს დემოკრატიისკენ“, როგორც ზემოაღნიშნულ ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია. პირიქით, დასავლეთის მხრივ სუსტ ანტირუსულ რეაქციას მოჰყვა აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, აღმოსავლეთ უკრაინის და ყირიმის ანექსია, სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ყოფილი საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზის რესტავრაცია ქ. ტარტუსში, ახალი სამხედრო-საჰაერო ბაზის შექმნა სირიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ქ. ხმეიმიმში, ვერტმფრენების სამხედრო-საჰაერო ბაზის დაფუძნება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქ. ელ-კამიშლიში და ა.შ. (M. Барановская., 2019). 

კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა სანქციების პირობებში

აღსანიშნავია, რომ 4,500 კილომეტრის სიგრძის „სუდჟა-ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“გაზის მილსადენი ხელუხლებელი რჩება, რადგან ორივე მეომარი მხარის სერიოზული სავალუტე შემოსავლების წყაროა. ბიზნესი არის ბიზნესი და რუსეთიც და უკრაინაც ყველა ღონეს ხმარობენ, რათა უნებურად არ დაზიანდეს მილი, რომელიც გადაკეტილი „იამალ-ევროპის“, „ტრანსბალკანური“ და „სოიუზის“ გაზის მილსადენებისგან განსხვავებით, აგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში და უცხოური ვალუტის შემოტანას მოსკოვშიც და კიევშიც (Матвей Катков., 2022).

„როიტერის“ მონაცემებით, უკვე 2023 წელს, ევროპაში რუსული მილსადენის გაზის ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 56%-ით შემცირდა. ომამდე რუსული გაზი ევროპის გაზზე მოთხოვნის 35%-დან 40%-მდე ფარავდა, მაგრამ განსხვავდებოდა ცალკეული ქვეყნების დამოკიდებულების ხარისხი „გაზპრომზე“. კერძოდ, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია და ესპანეთი, თითქმის არ იღებდნენ რუსულ გაზს. სხვები, როგორებიცაა გერმანია, იტალია და ნიდერლანდები, ყიდულობდნენ ამ გაზის მნიშვნელოვან რაოდენობას. ამ სამმა ქვეყანამ 2020 წელს იყიდა შესაბამისად 56,3 მილიარდი, 19,7 მილიარდი და 11,2 მილიარდი კუბური მეტრი (მლრდ კუბ.მ) რუსული გაზი.

არსებითია არა მარტო იმის გათვალისწინება, თუ რამდენად დიდია რუსული გაზის წილი ევროპულ ბაზარზე, არამედ ისიც, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ევროპელებისთვის ალტერნატივები. მაგალითად, ომამდე გერმანია რუსული გაზით მოთხოვნის თითქმის ნახევარს იკმაყოფილებდა, ბულგარეთი - 100%-ს, იტალია კი - მოთხოვნის 46%-ს. „როიტერის“ მონაცემებით, 2023 წელს რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ (GAZP.MM) მიერ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 55,6%-ით შემცირდა და 28,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაეცა. ამ სტატისტიკით, რომელიც ეფუძნება ევროპული გაზის სატრანსპორტო ჯგუფის Entsog-ისა და „გაზპრომის“ ყოველდღიურ მონაცემებს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ აჩვენა, რომ რუსული გაზის საშუალო დღიური ექსპორტი ევროპაში შემცირდა 77,6 მილიონ კუბურ მეტრამდე (მლნ. კუბ.მ) 2023 წელს, 2022 წლის 174,8 მლნ. კუბ.მ-დან. „გაზპრომის“ მონაცემებით და „როიტერის“ გათვლებით, 2022 წელს რუსეთმა სხვადასხვა მარშრუტით ევროპას სულ დაახლოებით 63,8 მილიარდი კუბური მეტრი მილსადენის გაზი მიაწოდა (Reuters., 2023). “გაზპრომს” არ გამოუქვეყნებია საკუთარი სტატისტიკა 2023 წლის დასაწყისიდან. ასევე, კომპანიის წარმომადგენელმა არ უპასუხა „როიტერს“ კომენტარის მოთხოვნაზე.

უკრაინამაც, 2015 წლის ნოემბერში - თითქმის ერთ წელში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია განახორციელა, საერთოდ შეწყვიტა რუსული გაზის ყიდვა. ამაში მას „დაეხმარა“ ევროპაში ყველაზე ტევადი და კარგად ორგანიზებული მიწისქვეშა გაზსაცავების ქსელი (იხ. სქემა 2).

აღნიშნული სქემიდან აშკარაა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფორმირებისა და განვითარების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს მიმდინარე ენერგეტიკული პრობლემებით გამოწვეული საფრთხეების იდენტიფიკაციასა და შეფასებას - სწორედ ამის მაგალითია მიწისქვეშა გაზსაცავები (UGS) უკრაინაში. აშკარაა, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ენერგო რესურსების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე აუცილებელია მათი საკმარისობის უზრუნველყოფაც. მაგალითად, უკრაინაში, მიწისქვეშა გაზსაცავების მთლიანი აქტიური მოცულობა 30 მლრდ კუბ. მეტრზე მეტია. ამჟამად უკრაინაში არის 13 მიწისქვეშა გაზსაცავი (მათ შორის ერთი დროებით ოკუპირებულ ყირიმში), რომელთაგან ორი შეიქმნა წყალშემკრები მიწისქვეშა ფენების ბაზაზე, დანარჩენი კი გაზის ამოწურული საბადოების ადგილას (Где Украина и мир., 2023).

სსრკ-ს პირობებში უკრაინის ს/ს „გაზის ტრანსპორტირების სისტემის“ (GTS) გამტარუნარიანობა რუსეთთან საზღვარზე იყო 288 მლრდ მ3/წელიწადში. მაშინ უკრაინის დასავლეთ საზღვარზე 178,5 მლრდ მ3/წელიწადში მოცულობის გაზსაცავებიც აშენდა, რათა საბჭოთა გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისას იქ საკმარისი რეზერვი ყოფილიყო. დღეს გაზის ტრანზიტის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა და უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავები სრულად არ არის დატვირთული. უკრაინული „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელობამ 2023 წლის 28 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საკუთარი საჭიროებისთვის 2023-2024 წლების გათბობის სეზონის დასაწყისისთვის, უკრაინამ დაგეგმილი 14,7 მლრდ მ3-დან 14 მლრდ მ3 გაზი უკვე ამოტუმბა (Европейские трейдеры., 2023)

უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავები (მლნ. კუბ.მ)

სქემა 2

 

მანამდე, 2023 წლის 7 აპრილს, ს/ს „უკრტრანსგაზმა“ (Ukrtransgaz) მიიღო სერტიფიცირება ევროკავშირის წესების შესაბამისად, რამაც ამ ქვეყანას საშუალება მისცა  გამოეყენებინა თავისი გაზსაცავების მოცულობის დაახლოებით 50% ევროპის ქვეყნების გაზის რეზერვების შესანახად. ს/ს „უკრტრანსგაზმა“ ჯერ კიდევ 2017 წელს 10 მიწისქვეშა გაზსაცავზე აამოქმედა „საბაჟო საწყობის“ რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც გაზით მოვაჭრეებს ეძლევათ შესაძლებლობა 1095 დღით, ე.ი. 3 წლით, საბაჟო ტარიფებისა და სხვა გადასახადების გადახდის გარეშე, უკრაინაში შეინახონ გაზი დასავლეთისკენ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისას (Georgi Gotev.,2024). ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისათვის, თუნდაც ერთი მიწისქვეშა გაზსაცავის არსებობა! 

გაუძლებს „ძმობა“ ომით გამოცდას?

2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა რუსული გაზის ყიდვა. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც არა აქვს ზღვაზე გასასვლელი და LNG ტანკერებით თხევადი გაზის მიღების საშუალება, განაგრძო „ძმობის“ მილსადენით ციმბირიდან გაზის მიღება და „გაზპრომმაც“ გააგრძელა უკრაინისთვის ტრანზიტის ტარიფის გადახდა.

მანამდე, 2019 წლის დეკემბერში, უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ და რუსულმა „გაზპრომმა“ ხელი მოაწერეს გაზის ტრანზიტის ხუთწლიან შეთანხმებას 2024 წლის ბოლომდე „გადატვირთე-ან-გადაიხადე“ (ship-or-pay) გადახდის პირობებით, რაც ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ ვალდებულია გადაიხადოს ტრანზიტის ტარიფი იმის მიუხედავად, გამოიყენებს თუ არა უკრაინის გაზის სატრანზიტო მილებს შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში. ამ შეთანხმებით, უკრაინა ვარაუდობს რუსული გაზის ტრანზიტიდან გარიგების ვადის ამოწურვამდე მიიღოს 7 მლრდ დოლარის სატრანზიტო შემოსავალი.

ზემოაღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის  შეჭრამდე, ორი ქვეყნის წლიური სატრანზიტო კონტრაქტი  „ძმობის“ მილსადენით 40 მლრდ კუბ. მეტრი გაზის ტრანზიტზე იყო გაფორმებული. დღეს ეს მაჩვენებლები გაცილებით დაბალია. 2023 წელს უკრაინიდან „ძმობის“ მილით 6 მლრდ კუბ. მეტრი გაზი გავიდა ავსტრიაში, 6,5 მლრდ კუბ. მეტრი - სლოვაკეთში და 1 მლრდ კუბ. მეტრი - უნგრეთში, სულ 13,5 მლრდ კუბ.მეტრი (Georgi Gotev., 2024). ადვილი შესამჩნევია, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის ის წევრებია, რომლებიც ყველაზე ნაკლებად, ან საერთოდ არ აკრიტიკებენ რუსეთის ხელისუფლების აგრესიულ პოლიტიკას უკრაინაში.

მართალია 2015 წლის ნოემბერში თავად უკრაინამ შეწყვიტა გაზის პირდაპირ შესყიდვა რუსეთიდან, მაგრამ სანაცვლოდ ის ამ გაზს არაპირდაპირი გზით ყიდულობს ევროკავშირის იმპორტიორებისგან, უკრაინაზე ტრანზიტით გავლილი გაზის, ე. წ. „რევერსული ნაკადების“ სახით. შეთანხმებას ვადა 2024 წლის ბოლოს იწურება და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ 2023 წლის აგვისტოში გამორიცხა კიევის მონაწილეობის პერსპექტივა რუსეთთან გაზის ტრანზიტის სამომავლო ღონისძიებების შესახებ მოლაპარაკებებში.

დიდი ალბათობით, კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბერს გაგრძელების გარეშე დასრულდება და „ძმობის“ მილიც, სხვების მსგავსად, დაიკეტება. ევროკომისიამ პირობა დადო, რომ 2027 წლისთვის შეაჩერებს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტს, გაზის ჩათვლით, არა უკრაინული მარშრუტებიდანაც (Frédéric Simon, Kira Taylor., 2022). მაგრამ 2027 წლამდე რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ისეთ ალტერნატიულ მარშრუტს, როგორიცაა ოფშორული “თურქული ნაკადი” (TurkStream), რომელიც შედის ევროკავშირის ტერიტორიაზე ბულგარეთში, სტრანდჟას (Strandzha) სასაზღვრო პუნქტთან, სადაც პოლიტიკური კორექტულობისთვის მას “ბალკანურ ნაკადს” (Balkan Stream) უწოდებენ. ამ მარშრუტზე, ანუ „რუსული გაზის თურქულ ჰაბზე“, თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები ჯერ კიდევ 2022 წლის 28 სექტემბერს შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, ბულგარეთმა შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგრამ იგი, თურქეთის მსგავსად, ასრულებს სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და ავსტრიაში რუსული გაზის ტრანზიტის სახელშეკრულებო ვალდებულებებს. კერძოდ, 2021 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, უნგრეთი იღებს 3,5 მლრდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს ბულგარეთისა და სერბეთის გავლით და აშკარად მეტის იმპორტი სურს (Georgi Gotev., 2024).

ავსტრიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთისგან იღებს საჭირო გაზის ნახევარს, ღიად განაცხადა, რომ სანამ რუსეთი ყიდის გაზს, ვენა მზად არის მისი იმპორტი განაგრძოს. თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს მიდგომა ევროკავშირის და ქვეყნის ოპოზიციური ძალების ზეწოლით, შეიძლება მალე შეიცვალოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამხრეთიდან ევროპაში რუსული გაზის იმპორტის ზედა ზღვარი არსებობს: ეს არის „თურქული ნაკადის“ ევროპაში გადამისამართებული მილსადენის ტექნიკური სიმძლავრე, რომელიც 15,75 მლრდ კუბ.მეტრია. ამჟამად „თურქული ნაკადით“ ევროპაში „გაზპრომის“ გაზის ექსპორტის მოცულობა 10 მლრდ კუბ.მეტრს აღწევს, რაც „ზღვაში წვეთია“ (Georgi Gotev., 2024). ამდენად, 2024 წლის შემდეგ ევროპაში ტრანზიტის გაგრძელება, სავარაუდოდ, მომგებიანი იქნება როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. ორივე მხარეს ესმის: გაზის მიწოდების შეწყვეტა არ იქნება კრიტიკული ფაქტორი მოწინააღმდეგე მხარისთვის და რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს მის დამარცხებას, მაგრამ საკმაოდ უსიამოვნო იქნება ასეთი ნაბიჯის ინიციატორისთვის.

ამრიგად, მიმდინარე ომის ორნახევარი წლის კატაკლიზმების პირობებში, რუსული გაზი ახლა ევროპაში ორი გზით აღწევს. პირველი არის „თურქული ნაკადისა“ და „ბალკანეთის ნაკადის“ კომბინაცია. როგორც ზემოთ ავღვიშნეთ. შავი ზღვის გავლით თურქეთს, სერბეთსა და უნგრეთს ყოველწლიურად მიეწოდება დაახლოებით 13.5 მლრდ კუბ. მეტრი გაზი. ბულგარეთმა შეწყვიტა რუსული გაზის პირდაპირ ყიდვა, მაგრამ მის ტერიტორიაზე ტრანზიტი გრძელდება. მეორე მარშრუტი არის დერეფანი უკრაინის გავლით „ძმობის“ მილით სლოვაკეთამდე, რომლითაც გაზის დაახლოებით იგივე მოცულობები იგზავნება. ერთი შეხედვით გაურკვეველია, თუ რატომ გრძელდება სანქციების პირობებში ეს კომერციული ურთიერთობები დღემდე. კიევი ამას ასე ხსნის: ისინი სიამოვნებით შეაჩერებენ ტრანზიტს და ყველანაირად ცდილობენ დაარწმუნონ ევროპელი პარტნიორები, უარი თქვან რუსული გაზზე. მაგრამ, სანამ ცენტრალურ ევროპაში სჭირდებათ უკრაინული ტრანზიტი, უკრაინული მხარე შეასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რათა დარჩეს ევროპის საიმედო პარტნიორად. რუსული გაზის ძირითადი მყიდველები არიან სლოვაკეთი, უნგრეთი, ავსტრია და იტალია. ყველა ამ ქვეყანაში ახლა ხელისუფლებაში არიან მთავრობები, რომლებიც ხელმძღვანელობენ პრაგმატიზმით და არ არიან აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსის მიმდევრები. რუსული გაზის ფასი ახლა ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ფასებთან, ვიდრე გასულ ათწლეულში იყო, მაგრამ ის მაინც უფრო იაფია, ვიდრე თხევადი ბუნებრივი აირი (LNG), განსაკუთრებით ფასების რყევების პერიოდებში. ამიტომ, რიგი ქვეყნები არ ჩქარობენ მის მიტოვებას, თუმცა ყველა მათგანმა მოაწერა ხელი ევროკავშირის ე.წ. RePowerEU პროგრამას, რაც 2027 წლისთვის რუსულ გაზზე სრულ უარს გულისხმობს (Сергей Вакуленко., 2024).

ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ რუსული მილსადენის გაზის ყიდვას, ევროკავშირში უმცირესობაა, მაგრამ პან-ევროპული გადაწყვეტილებების მიღების სისტემა ისეთია, რომ თუნდაც ერთი მათგანის აქტიური ვეტო საკმარისია პროცესის შესაჩერებლად და პასიურმა უთანხმოებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეანელოს მოვლენები. უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ღონისძიებების უმეტესობა ისეთია, რაც  ერთსულოვნებას მოითხოვს. ამიტომ კიევი იძულებულია ფრთხილად იყოს ამ ქვეყნების პოზიციებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსული გაზის საკითხთან მიმართებაში.

იმავდროულად, ვითარება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს 2024 წლის ბოლოს, როცა სატრანზიტო ხელშეკრულების ვადა ამოიწურება. უკრაინამ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარი არ არის. თუმცა, ავსტრიულმა სახელმწიფო კომპანია OMV-მ გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს რუსული გაზის შესყიდვა, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოს მიწოდების მოცულობის მარაგი მილსადენებში და LNG მიმღებ ტერმინალებში, რაც დივერსიფიკაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორ გევესლერმა 2024 წლის 12 თებერვალს გამოაცხადა, რომ მისი მთავრობა შეეცდება შეწყვიტოს გაზის ეროვნული კომპანია OMV-ის გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულება „გაზპრომთან“, რათა ქვეყანა გაათავისუფლოს რუსეთის ენერგეტიკაზე თითქმის სრული დამოკიდებულებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე, უპირველეს ყოვლისა, კრემლის მიერ მიწოდების შეწყვეტის გამო 2022 წელს, ეს ასე არ არის ცენტრალური ევროპის რიგ ქვეყნებში. ავსტრიის შემთხვევაში, მისი იმპორტის წილი, რომელიც რუსეთიდან მოდის, რეალურად გაიზარდა მთელი იმპორტის 98%-მდე, 2022 წლის 24 თებერვლის 80%-ის წინააღმდეგ, როდესაც მოსკოვი შეიჭრა უკრაინაში. ლ. გევესლერმა, მწვანეთა პარტიის წევრმა, განაცხადა, რომ აპირებს შეწყვიტოს კონტრაქტი, რადგან მთავრობა ემზადება ეროვნული არჩევნებისთვის ამ შემოდგომაზე. ”ჩვენი გაზის იმპორტის დივერსიფიკაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს ვენაში 2024 წლის 12 თებერვალს, და ხაზი გაუსვა - ”ეს კულმინაციას ახდენს რუსული ბუნებრივი გაზის ახალი რეკორდული წილით დეკემბერში 98%-მდე.” (NewsBase., 14, 2024). რუსეთზე გაზრდილი დამოკიდებულების გამომწვევი ფაქტორი ავსტრიაში გაზის მოთხოვნის შემცირებაა. ავსტრიის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს მოხმარება შემცირდა 75 ტვტ/სთ-მდე, 2022 წლის 100 ტვტ/სთ-დან. ეს ძირითადად მაღალი ფასების შედეგია, რამაც გამოიწვია შინამეურნეობების მიერ გაზის გამოყენების შემცირება და სამრეწველო საწარმოების დახურვა. იმავდროულად, OMV ვალდებულია „გაზპრომთან“ გრძელვადიანი კონტრაქტით, რომელიც 2018 წელს განახლდა და ვადა ეწურება 2040 წელს, „აიღე ან გადაიხადე“ პრინციპით იყიდოს წელიწადში მინიმუმ 60 ტვტ/სთ გაზი. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასები ამჟამად უფრო იაფია, ვიდრე ადგილზე შესყიდვები მეზობელი გერმანიიდან, რომელმაც თავად შეცვალა რუსული გაზის მიწოდება ტანკერებით თხევად გაზის (LNG) იმპორტით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, OMV-ს და მცირე ენერგეტიკულ კომპანიებს ავსტრიაში აქვთ ყველა მიზეზი, იყიდონ მეტი რუსული გაზი დღევანდელ საბაზრო პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მიწოდების ალტერნატიული წყაროები.

გერმანიიდან იმპორტის გარდა, ავსტრიას ასევე აქვს წვდომა გაზის იტალიის პორტებიდან, LNG-ის სახით, ან მილებით ჩრდილოეთ აფრიკიდან. ავსტრიის მთავრობასაც სურს მიაღწიოს „გაზპრომის“ გაზის გაყიდვიდან რუსეთის შემოსავლების ნაკადის შემცირებას. ეს არის პოზიციის შესამჩნევი ცვლილება 2023 წლის ბოლოსთან შედარებით, როდესაც ავსტრიის მთავრობას ევროკომისიამ საყვედური გამოუცხადა - ბრიუსელის ელჩმა ავსტრიაში მარტინ სელმაირმა გაზზე ავსტრიის მუდმივ დამოკიდებულებას მოსკოვში „სისხლიანი ფულის“ გაგზავნას შეადარა. მინისტრმა ლ. გევესლერმა იგივე გააკეთა: „ჩვენი ენერგიის გადასახადებით, ჩვენ არაპირდაპირ ვართ უკრაინაში საშინელი ომის დამფინანსებელი“, - განუცხადა მან რეპორტიორებს (NewsBase., 14, 2024).

ავსტრიამ 2022 წელს რუსეთიდან 7 მლრდ ევროს (7,6 მლრდ დოლარის) ღირებულების  გაზი იყიდა, როცა ფასები ძალიან მაღალი იყო. ამის შემდეგ, ენერგეტიკული კრიზისის გამო ფასები დაეცა, თუმცა 2023 წელს ავსტრიის გაზის იმპორტის ფასი საკმაოდ მაღალი - 3 მილიარდი ევრო იყო.

ევროკავშირის მისწრაფებაა 2028 წლისთვის რუსული გაზის მთლიანად ლიკვიდაცია მისი ენერგეტიკული სისტემიდან, მაგრამ ავსტრია თავად ვერ მიაღწევს ამ მიზანს, სანამ ავსტრიული OMV-ს რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტი რჩება ძალაში. თუმცა, მინისტრ ლ. გევესლერს აქვს რუსეთის გაზზე დამოკიდებულების დაძლევის სამპუნქტიანი გეგმა.

უპირველეს ყოვლისა, მინისტრს სურს ადგილობრივი კომუნალური მომსახურების სისტემის წახალისება, რათა მათ იმუშაონ რუსულის გარეშე და დაიწყონ ალტერნატიული წყაროების წილის გაფართოება მათ ენერგო მოხმარებაში. იდეალურ შემთხვევაში ეს იქნება გაზის შეძენა ევროკავშირის ერთობლივი შესყიდვების პლატფორმაზე, რაც 2023 წელს დაიწყო და რომელიც ცნობილია, როგორც AggregateEU. ავსტრიაში ადგილობრივი ენერგეტიკული სადისტრიბუციო საწარმოები, რომელთა უმეტესობა ნაწილობრივ მუნიციპალიტეტების ან ქალაქების საკუთრებაშია, ძალიან იაფად იღებენ რუსულ გაზს. მართალია ალტერნატივებიც ხელმისაწვდომია, მაგრამ უფრო ძვირია. კერძოდ, გერმანიის გავლით გაზის გადასახადია 1,86 ევრო/მგვტ/სთ-ზე. იტალიამ ასევე 2024 წლის 1 აპრილიდან დააწესა გაზის ექსპორტისთვის 2,19 ევრო/მგვტ/სთ გადასახადი (Сергей Вакуленко., 2024).

მეორე, ის გრძელვადიან პერსპექტივაში ცდილობს შეწყვეტოს „გაზპრომთან“ კონტრაქტი. ლ. გევესლერმა აღნიშნა, რომ მისმა სამინისტრომ დაიქირავა ეკონომიკური ანალიტიკური ცენტრი Wifo, რათა მან მოამზადოს კვლევა 2024 წლის ზაფხულისთვის და აწონ-დაწონოს „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ეკონომიკური ზეგავლენა.

და მესამე, მას სურს დააფიქსიროს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების საკითხი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში.

გეგმა სავარაუდოდ, ბიზნესის მწვავე წინააღმდეგობას წააწყდება, რომლებიც ჩივიან, რომ მოუწევთ შეიძინონ რუსული გაზის უფრო ძვირი ალტერნატივა, რაც შეამცირებს მათი წარმოების რენტაბელობას. ყველაზე მძიმე დარტყმა იქნება ენერგო ინტენსიური ინდუსტრია, სადაც ბუნებრივი აირის ფასი დანახარჯების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტია. ასევე არსებობს ეჭვები „გაზპრომთან“ OMV-ს კონტრაქტის გაწყვეტის კანონიერებასთან დაკავშირებითაც, რაზეც მათ შორის უკვე დაწყებულია სასამართლო პროცესები.

ზემოაღნიშნულით ავსტრიის მთავრობა ამ ქვეყნის კონსერვატორებს თითქოს „აძლევს საშუალებას“ საკუთარი თავი წარმოაჩინონ ბიზნესის მომხრეებად, რადგან მათ შეუძლიათ ამტკიცონ, რომ მინისტრ ლ. გევესლერის გეგმა გამოიწვევს ენერგეტიკული ხარჯების ზრდას იმ დროს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ევროპაში რთულია. კონსერვატორებს ასევე შეუძლიათ თქვან, რომ წარმოდგენილი გეგმა გაზრდის საყოფაცხოვრებო-კომუნალურ გადასახადებს, რაც ამძაფრებს სოციალურ დაძაბულობას ევროპაში.

კანცლერმა კარლ ნეჰამერმა, მემარჯვენე ცენტრისტმა პოლიტიკოსმა 2023 წელს ხაზი გაუსვა, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შენარჩუნება გადასახადების გადამხდელთა ინტერესებში იყო. „ეს არის სახელმწიფო ქონების უზრუნველყოფის საკითხი და არსებული კონტრაქტები შენარჩუნდება რაც შეიძლება დიდხანს" (Сергей Вакуленко., 2024).

სავარაუდოდ ავსტრია, ისევე როგორც იტალია, ნაკლებად დაზარალდება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით, ვინაიდან მის ტერიტორიაზე რამდენიმე მილსადენი იკვეთება. ამიტომ, ამ ორ ქვეყანას ყოველთვის ექნება ალტერნატივები. მაგალითად, იტალია იღებს გაზს როგორც ცენტრალური ევროპიდან და ბალკანეთიდან, ასევე ჩრდილოეთ აფრიკიდან ორი მილით, აზერბაიჯანიდან „სამხრეთის გაზის დერეფნით“, და მის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე LNG ტერმინალის მეშვეობით. მეტიც, იტალიური ენერგოდისტრიბუციის კომპანია Snam (SRG.MI) 2027 წლისთვის აპირებს განახორციელოს 11,5 მლრდ ევროს (12,5 მლრდ აშშ დოლარი) ინვესტირება გაზის ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის, რაც 15%-ით მეტია, ვიდრე წინა ბიზნეს გეგმით იყო გათვალისწინებული. თავის ახალ სტრატეგიაში აღნიშნული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს ახალი მილსადენების მშენებლობასა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ინფრასტრუქტურის დასრულებაზე. ის ასევე განახორციელებს ინვესტიციას ე.წ. „ენერგეტიკულ გარდამავალ ბიზნესში“, მათ შორის ნახშირბადის უტილიზაციის ცენტრისა და წყალბადის ევროპული ქსელის განვითარებაში (Файл:Major Russian., 2021).

უნგრეთთან დაკავშირებით მდგომარეობა ცოტა უფრო რთულია, თუმცა მას შეუძლია რუსული გაზის მიღება „თურქული ნაკადის“ მეშვეობით. რაც შეეხება სლოვაკეთს, მას „ძმობის“ მილსადენის ალტერნატივა პრაქტიკულად არ აქვს. რუსული გაზის ჩასანაცვლებლად მას დასჭირდება ავსტრიის „ბაუმგარტენის“ ჰაბთან მილით დაკავშირება, ან ბალტიისპირეთის გერმანული LNG ტერმინალებიდან გაზის მიღება თუკი ოდესმე აფეთქებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ (Nord Streams) მილები აღდგება, ანუ სლოვაკეთიდან გაზის მიღების შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, ექნებათ თუ არა გაზი გერმანიას, ავსტრიას, უნგრეთსა და ჩეხეთს.

გარდა ამისა, ომამდე სლოვაკეთი რუსული გაზის ტრანზიტიდან წელიწადში 750 მლნ ევროს გამოიმუშავებდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0,75%-ია. 2023 წელს ტრანზიტიდან შემოსავალმა სულ 227 მლნ ევრო შეადგინა და თუ „ძმობის“ ტრანზიტი შეჩერდა, ეს თანხა დაიკარგება. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე აღიარა, რომ რუსული გაზის ტრანზიტი შეიძლება გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა უარი თქვა ხელშეკრულების 2024 წლის შემდეგ გაგრძელებაზე.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბულგარეთმა შეცდომა დაუშვა “ბალკანსტრიმის“ (BalkanStream) აშენებით, რითაც პუტინს გადასცა დასავლეთ ბალკანეთის გასაღები, როგორც 2020 წლიდან Euractiv Bulgaria-ის გამოძიება აჩვენებს. მაგრამ ახლა ბულგარეთს აქვს ძლიერი პოზიცია ავსტრიასთან, რომელიც ჯერ კიდევ ბლოკავს ქვეყნის „შენგენში“ გაწევრიანებას თავისი სახმელეთო საზღვრებით. ამრიგად, ვენას მოუწევს მოლაპარაკება სოფიათან, თუ მას სურს გაზარდოს მიწოდება მას შემდეგ, რაც უკრაინული მარშრუტით გაზის მიწოდება შეწყდება(Georgi Gotev., 2024). ამიტომ რუსეთი კიდევ უფრო დაინტერესებული იქნება ბულგარეთის დესტაბილიზაციაში 2024 წელს. 

დასკვნები

მართალია, 2023 წელს ევროპაში რუსული მილსადენებით გაზის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 56%-ით შემცირდა,  თუმცა ამის მიუხედავად, რუსული სახელმწიფო მონოპოლიის - „გაზპრომის“ შემოსავლები არ შემცირებულა, რამაც უზრუნველყო ცენტრალური ევროპის ქვეყნების მთავრობებზე, ჩვეულებრივ იარაღზე არანაკლებ ეფექტიანი - „ენერგეტიკული იარაღით“ ზეწოლა რუსეთ-უკრაინის ომზე მსჯელობისას.

ამრიგად, ჩვენი ჰიპოთეზით დასავლეთის მხრიდან სანახევროდ გატარებული სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სახელმწიფო მონოპოლიების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და რფ-ს საბიუჯეტო შემოსავლებს დიდ ზიანს არ აყენებს და მათგან თავის დაღწევა მოსკოვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უკვე 2024 წლის ბოლოს ევროპისკენ რუსული გაზის ბოლო მარშრუტის, მილსადენი „სუდჟა-ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ დაკეტვით დასავლეთის სანქციები მოსკოვს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს - გარკვეული პროგნოზირებადი პოლიტიკური შედეგებით. რუსეთი გაზრდის თხევადი გაზის (LNG) ხვედრით წილს თავის ენერგეტიკულ ბალანსში.

კერძოდ, ამ საუკუნის დასაწყისში ბუნებრივი აირის დაახლოებით 88-90% გაზსადენებით მიეწოდებოდა უშუალოდ კონკრეტული მიმწოდებლიდან კონკრეტულ მომხმარებელს, ძირითადად ევროპაში, დანარჩენი - ტანკერებით თხევადი (LNG) სახით (Z. Garakanidze, N. Garakanidze., 2013). უკვე 2023 წელს, LNG-ზე მოდიოდა გაზის გლობალური ბაზრის დაახლოებით 40%, დანარჩენი - გაზსადენებზე. უკვე 2025 წლიდან, ევროპაში რუსული მილსადენის გაზის იმპორტი საერთოდ შეწყდება, რაც კიდევ უფრო რელიეფურად წარმოაჩენს საქართველოს გეოეკონომიკურ მნიშვნელობას ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ (SGC). კერძოდ:

- ომის პირობებში  „ევროკავშირის სამხრეთის გაზის დერეფნის“ როლი, და შესაბამისად, საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისათვის კიდევ უფრო გაიზრდება;

- „დერეფანი“ კასპიისპირეთის ქვეყნებს ენერგო რესურსების მსოფლიო ბაზარზე გატანის ახალ, გაზრდილ შესაძლებლობებს მისცემს და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე;

- შესაბამისად უნდა დაჩქარდეს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თხევადი გაზის (LNG) დეგაზაციის ტერმინალებისა და მიწისქვეშა გაზსაცავების (UGS) დაპროექტება-მშენებლობა. 

ლიტერატურა

  • Файл:Major Russian Gas Pipelines to Europe 06 2021 ru.svg https://ru.wikipedia.org/wiki/ %D0%A4%D0%B0%D0 %B9%D0%BB:Major_Russian_Gas_Pipelines_to_Europe_06_2021_ru.svg. 
  • Zurab Garakanidze, Nata Garakanidze. INFLUENCE OF THE MIDDLE EAST TENSION ON THE EU’S SOUTHERN GAS CORRIDOR (co-author). THE Caucasus & Globalization. Journal of Social, Political and Economic Studies. Volume 7, Issue 1-2 2013; p.74-81. http://www.ca-c.org/c-g/2013/journal_eng/c-g-1-2/07.shtml
  • Post-Sanctions Russia – OpEd By Edward Corcoran. February 13, 2024. https://www.eurasiareview.com/13022024-post-sanctions-russia-oped/
  • Матвей Катков. Чем и когда ЕС хочет заменить газ из России. 8 Июня, 2022. https://www.vedomosti.ru/business/articles/2022/06/08/925631-chem-es-zamenit-gaz
  • Russian pipeline gas exports to Europe down 56% in 2023 - Reuters calculations. https://www.reuters.com/business/energy/russian-pipeline-gas-exports-europe-down-56-2023-reuters-calculations-2024-01-02/
  • ГДЕ УКРАИНА И МИР ХРАНЯТ СВОЙ ГАЗ? 13 сентября 2023. https://oil-gas.com.ua/stati/113-gde-ukraina-i-mir-khranyat-svoj-gaz.html
  • Европейские трейдеры закачали в украинские ПХГ более 1,8 млрд м3 газа https://neftegaz.ru/news/transport-and-storage/793917-inostrannye-treydery-popolnyayut-ukrainskiy-pkhg/
  • The Brief – Russian gas to Europe changes route. By Georgi Gotev | EURACTIV Feb 12, 2024 https://www.euractiv.com/section/global-europe/opinion/the-brief-russian-gas-to-europe-changes-route/
  • Сергей Вакуленко. Неубиваемый транзит. Как долго сохранятся поставки российского газа через Украину. 2024;https://carnegieendowment.org/politika/91649
  • NewsBase. Austria’s reliance on Russian gas is overwhelming. Week 06, N14.2024 www.news base.com