English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლელა მენაბდიშვილი ნანა მენაბდიშვილი ნინო გომელაური
სოციალ-დემოგრაფიული ქცევის ტრანსფორმაცია ქართულ ოჯახში

10.36172/EKONOMISTI.2024.XX.01.Lela.Menabdishvili/Nana.Menabdishvili/Nino.Gomelauri

რეზიუმე

ნებისმიერი ქვეყნისთვის დემოგრაფიული საკითხები ყოველთვის გადამწყვეტი იყო და იქნება. საქართველოს მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსახლეობა თანდათან მცირდება და ქართველი ერი  მომაკვდავ ერთა სიაშია. ამ ფონზე უდაოდ აქტუალურია იმ მიზეზების შესწავლა და კვლევა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ოჯახში მიმდინარე სოციალურ-დემოგრაფიული ქცევის ტრანსფორმაციის შედეგები. საუბარია ახალი საუკუნის პერიოდზე  (2001-2022 წწ.). ნაშრომის მიზანია აჩვენოს ქართულ ოჯახში მიმდინარე სოციალურ-დემოგრაფიული ქცევის ტრანსფორმაციამ როგორ შეცვალა ქვეყნის   დემოგრაფიული სურათი და გამოკვეთოს თანამედროვე ეტაპზე არსებული დემოგრაფიული ვითარების მწვავე ხასიათი. ნაშრომის ამოცანაა გაანალიზოს: შობადობასთან დაკავშირებული საკითხები, ოჯახის რეპროდუქციული ქცევა განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებში; აჩვენოს გადავადებული ქორწინება, როგორ გავლენას ახდენს  შობადობის შემცირებაზე, რამაც ერი საბოლოოდ  „ბუნებრივ კლებასთან“ მიიყვანა. ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს ერის დეპოპულაციის საქმეში ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული ქცევის თავისებურებების განხილვა.

ნაშრომში გამოყენებულია საქსტატის მონაცემები და დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები. სოციოლოგიური კვლევები ჩატარდა 2013 წ. − ფერტილური ასაკის მოსახლეობაში; 2016 წ. − ფერტილური ასაკის მართლმადიდებელ მორწმუნეებში; 2022 წ. − სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ფერტილური ასაკის მოსახლეობაში.

გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევით 2025 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 3 917 000-მდე, ხოლო 2050 წლისათვის 2 985 000-მდე შემცირდება. საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 3 688 600, რაც იმაზე ნაკლებია რასაც გაერო 2025 წლისათვის პროგნოზირებდა. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა (3 713 800) მაშინაც ჩამორჩებოდა გაეროს მიერ 2025 წლისთვის გაკეთებულ პროგნოზს. ქვეყანაში მოსახლეობის კლება თუ ამ ტემპით გაგარძელდება 2050 წლისთვის საქართველოში მოსახლეობა იმაზე ბევრად ნაკლები იქნება ვიდრე პროგნოზით იყო გამოთვლილი და ქვეყნის დემოგრაფიული კატასტროფაც გარდაუვალი იქნება. როგორც ქართველ მეცნიერ-დემოგრაფთა, ისე მთლიანად ქართული საზოგადოებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა რამდენიმე საუკუნის შემდეგ. კიდევ იქნებიან თუ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში, ქვეყნის მკვიდრი ერი, ქართველები? თუ საქართველო იქნება, ქართველების გარეშე, უცხო ტომებით დასახლებული?

ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა. გლობალიზაციის შედეგად ახალი სოციალური და დემოგრაფიული ღირებულებებიდან გამომდინარე საზოგადოება ახალ ქცევათა მიმართ ტოლერანტული გახადა. ქართულ ოჯახში მოხდა სოციალ-დემოგრაფიული ქცევის არსებითი ტრანსფორმაცია. შემცირდა ოფიციალური ქორწინებები, გაიზარდა ქორწინებაში არასდროს მყოფთა რიცხვი, გაიზარდა ქორწინების საშუალო ასაკი, შემცირდა ქორწინებების ხანგრძლივობა და გაიზარდა განქორწინებათა რაოდენობა, რის შედეგადაც დაჩქარდა რეპროდუქციული ქცევის ტრანსფორმაცია. ოფიციალური ქოწინების გარეშე წყვილთა თანაცხოვრებამ  ხელი შეუწყო ოჯახის ალტერნატიული ფორმების წარმოქმნას და ქორწინების გარეშე შობადობის ზრდას. ყოველივე ამან კი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რეპროდუქციული პერიოდის შემცირებასა და შობადობაზე.

საქართველოში შობადობის დონის ნათელ სურათს იძლევა შობადობის ზოგადი კოეფიციენტი − დაბადებულთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1000 კაცზე.  შობადობის ეს მაჩვენებელი ახალ საუკუნეში ყველაზე მაღალი იყო 2014 წელს, როდესაც მან 16.3 შეადგინა. ქვეყანაში არსებული შობადობის ზოგადი კოეფიციენტი სტაბილურად ზრდით ან სტაბილურად კლებით არ ხასიათდება. ის ცვლადი სიდიდეა და 2001-2022 წწ მერყეობს 11.4- სა და 16.3-ს შორის. გასულ წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სოციოლოგიური გამოკვლევები ადასტურებენ, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ოჯახში შვილთა ოპტიმალური რაოდენობის შესახებ განსხვავებულია. ეს ცვლილება დამოკიდებულია ცხოვრების პირობებზე, მეუღლეთა ჯანმრთელობაზე, მათ ასაკზე, დაქორწინების დროზე და ა.შ. გასათვალისწინებელია მეუღლეთა მორწმუნეობის ხარისხი, მათი აღმსარებლობა. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მრავალშვილიანობისაკენ მიდრეკილი რეპროდუქციული ქცევა მხოლოდ მართლმადიდებელი მორწმუნეებისათვისაა (2016 წ.) დამახასიათებელი. მათთვის შვილთა ოპტიმალური რაოდენობა სამი და მეტი ბავშვია (3.32 ბავშვი). ამასთან,  შვილთა რიცხვი ოჯახში ითვლება უზენაესის ნების გამოვლინებად, რის გამოც ოჯახში შვილთა შობის დაგეგმვა არ ხდება. ყველაზე დაბალი რეპროდუქციული ქცევა აჩვენა 2013 წლის გამოკვლევამ. რესპოდენტების აზრით, შვილთა ოპტიმალური რაოდენობა 3,0 ბავშვია, თუმცა მათთან მოსალოდნელი რაოდენობა შეადგენს 2.4 შვილს, რაც ნაკლებია ყველა დანარჩენი კვლევის მონაცემებზე.  დაოჯახებული-დასაქმებული რესპოდენტებისთვის (2022 წ.) ოჯახში შვილთა ოპტიმალური რაოდენობა შეადგენს 2.88 ბავშვს. ყველა სხვა სოციალური ჯგუფისაგან განსხვავებით შვილთა მოსალოდნელი რაოდენობა მაღალია მართლმადიდებელ მორწმუნეების ოჯახში. ეს მაჩვენებელი უსწრებს შვილთა ოპტიმალური რაოდენობის მაჩვენებელს და შეადგენს 4.05 ბავშვს. რითაც  მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა გამოავლინეს მრავალშვილიანობისაკენ მიდრეკილი მკვეთრად გამოკვეთილი ტენდენცია. რასაც ვერ ვიტყვით დაოჯახებულ-დასაქმებულ რესპონდენტებზე, მათთან შვილთა მოსალოდნელი რაოდენობა 2.72 ბავშვია.  რესპოდენტთა გარკვეულ ნაწილს გაუჭირდა კიდევ მოსალოდნელი შვილთა რაოდენობის დასახელება.

გენდერულმა თანასწორობამ, კერძოდ, ქალის როგორც სამუშაო ძალის ზრდამ, ამ უკანასკნელს შეუზღუდა ოჯახში ყოფნის დრო. ქალები უფრო მეტად შედიან „საჯარო სივრცეში“ და უფრო ნაკლებად რჩებათ დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. მიუხედავად იმისა რომ საოჯახო საქმეების თანაბარი განაწილების ტენდენცია სულ უფრო მისაღები ხდება და მამაკაცები შედიან „პირად სივრცეში“, რომელთანაც ასოცირდება „ნამდვილი გენდერული რევოლუცია“, ეს პროცესები მაინც უარყოფით ასახვას ჰპოვებს ოჯახზე და შვილთა სასურველი რაოდენობის რეალიზებაზე.

თაობებს შორის შვილთა ფაქტიური რაოდენობის შედარება ნათელ სურათს იძლევა შობადობის შემცირებაზე. 2013 წლის გამოკვლევის მიხედვით რესპოდენტთა თაობას საშუალოდ 1.2 შვილი ჰყავს, მაშინ როცა მათ მშობლებში შვილთა ფაქტიური რაოდენობა შეადგენდა 2.4 შვილს. ანუ ერთ თაობაში მოხდა შვილთა რაოდენობის განახევრება. 2022 წლის კვლევამ გვაჩევენა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში შვილთა ფაქტიური რაოდენობის მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა, თუ ყურადღებას არ გავამახვილებთ იმაზე, რომ მოიმატა უშვილო ოჯახების რაოდენობამ.  რაც შეეხება რესპოდენტთა შვილთა ფაქტიურ რაოდენობას ის 1.4 ბავშვია, ხოლო მათი მშობლების შვილთა ფაქტიური რაოდენობა 2.2 ბავშვი.

მეორე დემოგრაფიულ გადასვლას უკავშირდება ქორწინებისა და მშობლობის გადავადება, როდესაც ის გამოწვეულია ქალთა უმაღლესი განათლების, კარიერული წინსვლის და ემანსიპაციის ძიებით. მაგრამ რიგ შემთხვევებში ქორწინებისა და მშობლობის გადადება ეს არის პასუხი ეკონომიკურ სტრესზე, ან პარტნიორის არ არსებობაზე. ქორწინების საშუალო ასაკის ზრდა განაპირობებს შვილის დაბადებისას დედის ასაკის ზრდას. საქსტატის მონაცემების მიხედვით დედის საშუალო ასაკი პირველის შვილის დაბადებისას ხელმისაწვდომია მხოლოდ 2005 წლიდან. როცა დედის საშუალი ასაკი იყო 24 წელი. 2009 წელს ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია (23.5 წელი) და მომდევნო წლიდან იწყებს ზრდას. გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა გასულ წელსაც. 2005-2022 წლების პირველი შვილის გაჩენისას დედის საშუალო ასაკის მედიანამ შეადგინა 2.9 წელი. მხოლოდ 2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა 17.5%  35+ ასაკის ქალებზე მოდის, რაც 7.2%-ით აღემატება 2014 წლის იმავე მაჩვენებელს [https://www.geostat.ge]. პირველი შვილის მაღალ ასაკში გაჩენის გამო ქალი ვეღარ ახერხებს სასურველი ბავშვების სრულ რეალიზებას, რაც გავლენას ახდენს ქვეყნის შობადობის მაჩვენებელზე და საბოლოოდ, დემოგრაფიულ ვითარებაზე. ქორწინების ასაკის ზრდის და გადავადებული შობადობის ფონზე ქვეყანაში შობადობა ხასიათდება პირველი და მეორე შვილის რაოდენობის შემცირებით, ხოლო მესამე და მომდევნო შვილის ზრდის ტენდენციით. ეს პროცესი 2014 წლიდან მკვეთრად გამოხატულ სახეს იღებს და დღემდე გრძელდება. 2014 წელთან შედარებით 2022 წელს პირველი შვილის დაბადება შემცირდა 37%-ით, მეორე შვილის 38%-ით. ქვეყანაში მესამე და მომდევნო შვილის ზრდა უკავშირდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას, რომელიც 2007 წელს გააჟღერა და გულისხმობდა ყველა ჯვარდაწერილი წყვილის მესამე და მომდევნო შვილის მონათვლას მის მიერ. ამ ინიციატივას უკვე 2008 წლიდან მოჰყვა გამოხმაურება და თუ შევადარებთ 2008 და 2022 წლის მონაცემებს დავინახავთ 69.7%-იან ზრდას მესამე და მომდევნო ბავშვის დაბადებაში.

ახალი საუკუნიდან საქართველოში თავს იჩენს მნიშვნელოვანი თავისებურებები ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობაში დედის ასაკის მიხედვით. ეს თავისებურება გამოიხატება  35 წლამდე ასაკის დედის რიცხოვნობის შემცირებასა და 35+ ასაკის ზრდაში. უფრო კონკრეტულები, რომ ვიყოთ, 35 წლამდე დედების შვილთა შობა 2022 წელს 2001 წელთან შედარებით 1,2-ჯერ შემცირდა, ხოლო 35+ ასაკის დედებში იმავე პერიოდში შობადობა გაიზარდა 1,6-ჯერ. ამავე პერიოდში მხოლოდ 40-44 წლის ქალებში შობადობა გაიზარდა 1.5-ჯერ. ქალების მასობრივმა ჩართვამ ოჯახის გარეთ საქმიანობაში გადავადებულ მშობლობამდე მიგვიყვანა [წულაძე, 2013]. ამან შეამცირა სასურველი ბავშვების რაოდენობა.

თანაცხოვრების ინსტიტუტისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, რომელიც ქორწინებას უსწრებს წინ. ქორწინების დეინსტიტუტიზაციის ამგვარ ტენდენციაზე გავლენას ახდენს განქორწინების მაღალი რისკი და  გართულებები, რაც ე.წ. „ნაცვალ“ ოჯახებს ახლავს თან. თანაცხოვრებას ქორწინებასთან შედარებით არ გააჩნია ის მტკიცე შეთანხმებული  ნორმები, ფორმალიზებული კავშირი და ახლო ურთიერთობები, რაც ადამიანში მოვალეობის გრძნობას აძლიერებს [Cherlin… 1994:359-381]. ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამცხოვრები წყვილები თავს მიაკუთვნებენ „დაქორწინებულებს“, თუმცა აღნიშნავენ, რომ ქორწინება არ აქვთ გაფორმებული. მათთვის ეს არის ოჯახი ყოველგვარი სამართლებრივი და რელიგიური გაფორმებების გარეშე, რომელიც ხუთი და მეტი წლის განმავლობაში გრძელდება და უმეტეს შემთხვევაში საერთო შვილებიც ჰყავთ. ეს არის ოჯახის ალტერნატიული ფორმა, რომელსაც აღიარება აქვს საზოგადოების მხრიდან.