English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვლადიმერ ბასარია
განათლების სისტემისა და ახალგაზრდების დასაქმების პრობლემების ურთიერთკავშირის საკითხისათვის

ანოტაცია. სტატიაში საუბარია ახალგაზრდების დასაქმებასა და განათლების  დონეს შორის კავშირ-დამოკიდებულებაზე; შრომის ბაზრის სტრუქტურული წინააღმდეგობების კავშირზე ახალგაზრდების განათლებულობასთან; განათლების მნიშვნელობასა და როლზე ნაციონალური ეკონომიკის განვითარებისა და უმუშევრობის შემცირების საქმეში; უმუშევრობის ნეგატიურ გამოვლინებებზე და სახელმწიფოს გადამწყვეტ როლზე ახალგაზრდების დასაქმებაში; საქართველოში  განათლების ხარისხისა და ცოდნა-სპეციალიზაციის ამაღლების თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის თაობაზე; საქართველოში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების პრიორიტეტულობის პრინციპის რეალიზაციის აუცილებლობასა და განათლების დონის ასამაღლებლად თვისებრივად ახალი მიდგომების შემუშავების საჭიროებაზე.

სტატიაში გაკეთებულია დასკვნები ახალგაზრდებში განათლების ამაღლების მნიშვნელობაზე უმუშევრობის შესამცირებლად და მთლიანობაში ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად;

რეკომენდებულია აღნიშნულ საკითხებზე სამეცნიერო წრის, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღების გამახვილება.

საკვანძო სიტყვები: განათლება და დასაქმება; განათლების პრობლემები; განათლების ზრდა; დიპლომომანია; ახალგაზრდების დასაქმება; უმუშევრობა ახალგაზრდებში.

ახალგაზრდობა თავისი ორიგინალური აზროვნების, ნებისმიერი საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომის, ცოდნის განსაკუთრებით სწრაფად შეთვისებისა და ეფექტიანად გამოყენების ბუნებრივი უნარის წყალობით სულ უფრო მეტად ყალიბდება თანამედროვე სამყაროს, განსაკუთრებით კი მისი მეურნეობრივი შემადგენლის, ძირითად მამოძრავებელ ძალად. აღნიშნული გარკვეულწილად უკავშირდება სწრაფად განვითარებადი ციფრული ეკონომიკის მზარდ მოთხოვნას საინფორმაციო ტექნოლოგიებისა თუ ელექტრონული მეწარმეობის სფეროში არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე კრეატიული და კომუნიკაბელური მუშაკების შრომაზე, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს ობიექტურად სწორედ ახალგაზრდები შეადგენენ.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოში გარკვეულ სტრატეგიულ უპირატესობას ის (ძირითადად განვითარებული) ქვეყნები ეუფლებიან, რომლებიც ახალგაზრდების ადამიანური კაპიტალის სრულყოფასა და რეალიზებას ეფექტიანად ახდენენ.

სამწუხაროდ ბევრგან (მ.შ. ჩვენთანაც) ახალგაზრდობა ჯერ კიდევ მიეკუთვნება იმ მოწყვლად კატეგორიას, რომელიც სამსახურის ძიებისას მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება, და ეს, პირველ რიგში, დასაქმების ნაკლებეფექტიან სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირდება, რის გამოც იზღუდება ახალგაზრდების შრომითი პოტენციალის რეალიზაცია, ფერხდება ეროვნული ეკონომიკის ზრდის პროცესი და ქვეითდება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური, ტექნოლოგიური თუ კულტურული კონკურენტუნარიანობის დონე მთლიანობაში. სახელმწიფოებისათვის განსაკუთრებით სახიფათო ახალგაზრდების დაუსაქმებლობის მაღალი მაჩვენებელია: უმუშევრობა, უარყოფითად ზემოქმედებს რა ახლად შექმნილი ოჯახების ყოფაზე, საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე; ხანგრძლივი დაუსაქმებლობის შედეგად ახალგაზრდები სოციალურ კმაყოფაზე ცხოვრების წესს ეჩვევიან ხშირად, რაც მათი შრომის მოტივაციის დაქვეითებას განაპირობებს; ამასთან, მოგეხსენებათ, უმუშევრობა გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მხოლოდ შემოსავლის არქონა - ესაა უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა ადამიანისთვის (განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის); მასშტაბური უმუშევრობა ესაა უბედურება საზოგადოებისათვის, ესაა სოციალური დიფერენცირება და უკმაყოფილება, რომელიც ყოველთვის და უცილობლივ გადაიზრდება სოციალურ რყევებში, თუ ამ პრობლემას  სათანადო ყურადღება დროულად არ მიექცა.

ვფიქრობ, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაა ის უმნიშვნელოვანესი და მტკივნეული საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს, შესაბამისად, შრომის ბაზარზე შექმნილი თანამედროვე ტენდენციებისა და ახალგაზრდობის უმუშევრობის მიზეზების განსაზღვრა - გაანალიზება - დაძლევა  უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის შრომითი რესურსების ეფექტიანი მართვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.

შრომის ბაზრის მდგომარეობაზე მომავალში გადამწყვეტი გავლენა იმ ახალგაზრდებს ექნებათ, რომლებიც განათლებასა და სპეციალობას დღეს ეუფლებიან; განათლების დონესა და ახალგაზრდების დასაქმებას შორის კავშირი კი ცნობილია - მიუხედავად იმისა, რომ განათლება სამსახურის პოვნის  გარანტიას ყოველთვის არ იძლევა, მიჩნეულია, რომ რაც უფრო მაღალია ქვეყანაში განათლების დონე, მით უფრო დიდია ახალგაზრდებისათვის შრომის ბაზარზე ჩართვის ალბათობა (ქვემოთ მოშველიებული სტატისტიკური მონაცემები ამ მტკიცების მართებულობას კიდევ უფრო ამყარებს: დაანგარიშებულია, რომ  სრული საშუალო განათლების მიღება 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის საშუალოდ 7,4%-მდე შემცირებას უწყობს ხელს; 25-დან 29 წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს).

ცოდნა - განათლებას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამეურეო - კომერციული საქმიანობის მაღალშედეგიანად ორგანიზებისათვის, ამას განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნების მაგალითი ადასტურებს. დღეს ძალიან ბევრ სახელმწიფოში მოქმედებს საყოველთაო უფასო საშუალო განათლების სისტემა (ზოგან ასევე, უმაღლესი განათლებისა) და ეს პირდაპირ კავშირშია არა მარტო ხელისუფალთა (სახელმწიფოს) სოციალურ - ჰუმანურ პოლიტიკასთან - აღზარდონ განათლებული და კულტურული თაობა, არამედ ამას სერიოზული პრაგმატული მნიშვნელობა აქვს მომავალში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც; საზოგადოების ცოდნა-განათლებულობის დონეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეცნიერული აღმოჩენების გაკეთებაში, პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენება - დანერგვის აქტივიზაციაში; მაღალი დონის ცოდნა - განათლება განსაკუთრებით საჭიროა ეკონომიკაში კაპიტალდაბანდების მიმართულებების საკითხის გადაწყვეტისას. საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავება სასარგებლოა არა მარტო ეკონომიკური საქმიანობის შედეგების ამაღლებისათვის - განათლებულ საზოგადოებაში უფრო დაცულია მართლწესრიგი, შედარებით ნაკლებია კანონდარღვევები, ადამიანის უსაფრთხოების, მისი უფლებების ხელყოფის შემთხვევები, უფრო კომფორტულად ცხოვრობს პიროვნება და გარანტირებულია მისი პირადი კანონიერი ინტერესების ხელუხლებლობა, მაშასადამე, მთლიანობაში უფრო მაღალია პიროვნების თავისუფლების დონე, რაც დღესდღეობით ამოსავალ პარამეტრად არის მიჩნეული (და სწორია უეჭველად) ქვეყნის საზოგადოებრივ - პოლიტიკური წესრიგის, დემოკრატიულობის შეფასებისათვის.

რა ვითარებაა განათლების მიღების თვალსაზრისით საქართველოში? მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ბოლო 3-4 ათეული წლის განმავლობაში მდგომარეობა ამ მხრივ მკვეთრად გაუარესდა: ცოდნა - განათლების დონე კატასტროფულად დაეცა, მაღალკვალიფიკაციური კადრების დეფიციტი შეინიშნება საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულებით და ასეთი ვითარება სასწრაფოდ გამოსასწორებელია.

უპირველესად აუცილებელია, რომ ხელისუფლებაში დამკვიდრდეს სახელმწიფო ხარჯებში განათლების და მეცნიერების დაფინანსების პრიორიტეტულობის პრინციპი და ეს რეალიზებული უნდა იქნეს იმის მიუხედავად, თუ როგორი შესაძლებლობები ექნება მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტს ამა თუ იმ პერიოდში და როგორი სიმწვავის სხვა პრობლემები იდგება ქვეყნის წინაშე. რეალურად კი ასეთი განწყობა - მიდგომა ბიუჯეტის ხარჯების დაგეგმვაში ჩვენთან, სამწუხაროდ, დიდად არ იგრძნობა[1]: 2024 წელს დაგეგმილი განათლების საბიუჯეტო ხარჯების შეფარდებამ მთლიან შინა პროდუქტთან 3,7% შეადგინა და ეს ჯერ კიდევ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ევროკავშირის სახელმწიფოებში (იქ მინიმალურია 4,1% - სლოვაკეთი, მაქსიმალური 6,9%-მალტა), ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შდეგად შექმნილ დამოუკიდებელ ქვეყნებში (აქ ყველაზე მაღალია მოლდოვაში - 8,6%). განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ქართული სახელმწიფოს (საქართველოს მთავრობის) მიერ აღებული ვალდებულება - გაეზარდა 2024 წელს განათლების დარგის დაფინანსება მშპ-ის 6%-მდე -  გადავადებული იქნა 2028 წლამდე.

ამასთან, ქვეყანაში განათლების დონის ასამაღლებლად და, შესაბამისად, უმუშევრობის შესამცირებლად, არანაკლებ მნიშვნელოვანია (ვიტყოდი, გადამწყვეტიც კი) ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ე.წ. „დიპლომომანიის“ (სასწავლო დაწესებულებაში ცოდნის მიღების სურვილის ნაცვლად განათლების დამადასტურებელი დიპლომის მიღების ნდომის) საყოველთაო სენის აღმოფხვრა.

გარდა ამისა, აუცილებელია იმ საზოგადოებრივი სტერეოტიპის მოშლაც, რომლის მიხედვით აბიტურიენტები (უფრო კი მათი მშობლები), ირჩევენ რა მომავალ სპეციალობას (შვილებისთვის), შრომის ბაზრის კონიუნქტურას და ახალგაზრდის ობიექტურ უნარ-შესაძლებლობებს კი არ ეყრდნობიან, არამედ ხშირად უმაღლესი დაწესებულების პრესტიჟულობით ხელმძღვანელობენ მხოლოდ. აღნიშნულთან დაკავშირებული არარაციონალური გადაწყვეტილებები  ცალკეულ საოჯახო მეურნეობებს კი არ აწვება მძიმე ტვირთად მხოლოდ, არამედ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან საზოგადოებრივ დანახარჯებს იწვევს.

თუ ზემოხსენებული პრობლემები დროულად არ გადაწყდება და ახალგაზრდობის, მთლიანად საზოგადოების სურვილი რეალური ცოდნის, პროფესიის მაღალ დონეზე დაუფლების მიღების განწყობისაკენ არ შემობრუნდება, ვფიქრობ, მხოლოდ განათლებისა და მეცნიერებისათვის დაფინანსების გაზრდა საკმარისი არ იქნება.

ახალგაზრდების დასაქმების საკითხს მნიშვნელოვნად ართულებს სამუშაოს მაძიებელთა სოციალურ-პროფესიულ ორიენტაციებსა და სამუშაო ძალაზე ფირმების (ორგანიზაციების) მოთხოვნებს შორის არსებული წინააღმდეგობებიც: სპეციალისტების მომზადების რაოდენობრივი და პროფილური მხარის საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაუბალანსებლობის პრობლემის სიმწვავე კურსდამთვრებულთა კომპეტენციასა და დამკვეთის მოთხოვნებს შორის არსებულ ღრმა შეუსაბამობას უკავშირდება მნიშვნელოვანწილად; ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ არც თუ იშვიათად თავად კურსდამთვრებულები აცხადებენ უარს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ პირობებსა თუ ხელფასზე; ხანგრძლივი დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას ამძიმებს ბოლო პერიოდში დამკვიდრებული ტენდენცია, რომლის მიხედვით ახალგარზდები სულ უფრო ხშირად ამჯობინებენ დროებითი (მოკლევადიანი) ვაკანსიის დაკავებას, რადგან ფიქრობენ, რომ სამსახურის ხშირი ცვლა მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას უზრუნველყოფს და პერსპექტივაში დასაქმების საუკეთესო ვარიანტის მოძებნაში დაეხმარება.

შრომის ბაზრის ზემოთ განხილული სტრუქტურული წინააღმდეგობები, რომლებიც ახალგაზრდების შრომის გამოყენების ეფექტიანობის მაჩვენებელს საგრძნობლად ამცირებს,  პირდაპირ და უშუალო კავშირშია განათლების არადამაკმაყოფილებელ ხარისხთან, რომლის გაუმჯობესება, მართალია, უაღრესად რთული საქმეა, თუმცა არა შეუძლებელი: ქვეყანაში განათლების დონის ამაღლების ამოცანის გადაწყვეტა (აღნიშნული პრობლემის შერბილება-შემსუბუქება) შესაძლებელია, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების მრავალწახნაგოვანი პროცესის სრულყოფით (აქ განსაკუთრებული აქცენტი, ვფიქრობ, პედპერსონალისა და სპეციალისტების ყველა მიმართულებით პერმანენტული გადამზადების საკითხის დახვეწაზე უნდა გაკეთდეს, რაც ახლებური მიდგომების შემუშავებასა და ცხოვრებაში იმპლემენტაციას საჭიროებს) და, მეორე მხრივ (იმავდროულად), ცოდნის შეთვისების ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების  გატარებით (განსაკუთრებით საზოგადოებაში ცოდნით გაუმყარებელ დიპლომებზე აჟიტირებული მოთხოვნის შემცირების უზრუნველმყოფი საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმოებით - მაგალითისათვის, ქვეყნის საჯარო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალისტების დიპლომირებისთვის სავალდებულო ერთიანი სახელმწიფო გამოსაშვები გამოცდების შემოღებით, მსგავსად უმაღლესში ჩასარიცხი ერთიანი ეროვნული გამოცდებისა - ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში რეალური განათლების მიღება-შეთვისებაზე მოთხოვნის ზრდას, აამაღლებს ცოდნის მიღების მოტივაციას და პერსპექტივაში განათლების ხარისხის თვისებრივად გაუმჯობესებას განაპირობებს).

დასავლური ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდების დასაქმების სფეროში ბევრი რამ სწორედ გონივრულ სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შესამცირებლად XXI საუკუნის დასაწყისში აშშ-ში გატარდა სამუშაო ძალისა და სპეციალისტების მომზადება-გადამზადების ფართომასშტაბიანი საერთო-სახელმწიფოებრივი რეფორმა, დაინერგა ე.წ. „დამატებითი განათლების“ ახლებური სისტემა; ამავე პერიოდში გერმანიაში ფირმებისა და საწარმოების მუშაკთათვის შეიქმნა უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების  ქსელი, სადაც სწავლის პროცესში ფართოდ გამოიყენება მსმენელის სტიმულირების განსხვავებული მეთოდები.

წამყვან ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებულია საწარმოს ბაზაზე არსებული სწავლების სისტემის პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკა. ასეთი დაფინანსება ზოგან საწარმოების მიერ საგანმანათლებლო მიზნებზე გაწეული დანახარჯების 50%-საც კი ფარავს (ცხადია, იმ დათქმით, რომ სწავლება სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი  პროფესიისადმი სახელმწიფოს მიერ წაყენებულ უმკაცრეს მოთხოვნებთან).

გარდა ამისა, განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს განათლების, მეცნიერებისა და წარმოების კოოპერირების სხვადასხვაგვარი ფორმების სახელმწიფო სტიმულირება. განსაკუთრებით ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც სასწავლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და საწარმოების (ფირმების) კავშირ-ურთიერთობებს წარმოების კარდინალური ცვლილება მოჰყვება და კადრების თვისებრივად გადამზადების აუცილებლობა დგება.

ვფიქრობ, განათლების განვითარების გზაზე მყოფი ჩვენი სახელმწიფოსათვის  სასარგებლო იქნება მოწინავე ქვეყნების ზემოხსენებული (და ბევრი სხვა) გამოცდილების საფუძვლიანად გაცნობა, გონივრულად გააზრება და დანერგვა. ვიმედოვნებ, სტატიაში მოყვანილი ავტორის მოკრძალებული მოსაზრებები გაზიარებული იქნება სამეცნიერო წრეებში, გამოხმაურებას ჰპოვებს დარგის სპეციალისტებში და წაადგება ქვეყანაში განათლების განვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს.

დასკვნები და რეკომენდაციები  

  • ახალგაზრდობა თანამედროვე სამყაროს, განსაკუთრებით კი მისი ეკონომიკური შემადგენლის ძირითად მამოძრავებელ ძალად იქცა;
  • თანამედროვე მსოფლიოში სტრატეგიული უპირატესობა იმ სახელმწიფოების ხელში აკუმულირდება, რომლებიც ახალგაზრდების უნარ-ჩვევების სრულყოფა-რეალიზებას ეფექტიანად მოახდენენ;
  • საქართველოში ბოლო 3-4 ათეული წლის განმავლობაში ცოდნა - განათლების დონე კატასტროფულად დაეცა, პრაქტიკულად ყველგან შეინიშნება მაღალკვალიფიკაციური კადრების დეფიციტი;
  • ქვეყანაში განათლების დონის ასამაღლებლად სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ეფექტიანი ზომები, რომელთა შედეგად: ხელისუფლებაში უნდა დამკვიდრდეს სახელმწიფო ხარჯებში განათლების და მეცნიერების დაფინანსების პრიორიტეტულობის პრინციპი; უნდა აღმოიფხვრას ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ე.წ. „დიპლომომანიის“ (სასწავლო დაწესებულებაში ცოდნის მიღების სურვილის ნაცვლად განათლების დამადასტურებელი დიპლომის მიღების ნდომის) საყოველთაო სენი; უნდა დაიხვეწოს პედაგოგიური პერსონალისა და სპეციალისტების პერმანენტული გადამზადების საკითხი; გაზიარებული და დანერგილი უნდა იქნას წამყვანი ქვეყნების ბოლო პერიოდის გამოცდილება ახალგაზრდებში უმუშევრობის შემცირების საქმეში. 

ლიტერატურა: 

  • Chevalier, A., Harmon, C., Walker, I., & Zhu, Y. (2004). Does Education Raise Productivity, or Just Reflect it? Economic Journal, 114, pp. 499 - 517
  • Psacharopoulos, G., & Partinos, H. (2004). Returns to Investment in Education: a Further Update. Education Economics .
  • Economic Policy Research Center (EPRC). 2011. დასაქმება და უმუშევრობის ტენდენციები საქართველოში. თბილისი
  • Егоров С. Человеческий фактор и экономический рост в условиях постиндустриализма. Ж. “Вопросы экономики”. 2004, N5, (стр. 81-95).


[1] სიმართლე მოითხოვს  იმის აღნიშვნას, რომ გასული ათწლეულის მანძილზე განათლების ბიუჯეტის წილი მშპ-ში, მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა (დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით).