English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნინო ჟორჟიკაშვილი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

10.36172/EKONOMISTI.2024.XX.01.Nino.Zhorzhikashvili

ანოტაცია. უცხოური ინვესტიციები ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდის მიღწევის ერთ-ერთი გზაა. უცხოური ინვესტიცია ზრდის ქვეყანაში არსებული კაპიტალის მარაგს, რაც უფრო მაღალ მწარმოებლურობასა და დასაქმების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. უცხოური ინვესტივიები განვითარებად ქვეყნებს ასევე საშუალებას აძლევს გაეცნონ და გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში იწარმოება და გამოიყენება. გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან, ის იწვევს ინვესტიციების ზრდას ინფრასტურქტურაში, ტექნოლოგიებსა და სხვა მნიშვნელოვან სექტორებში, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარ სტიმულატორს წარმოადგენს. გარდა ამისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესის წარმოშობის, ისე არსებულის გაფართოების პროცესს, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობას ადგილობრივი სამუშაო ძალისთვის, მცირდება უმუშევრობის დონე და იზრდება ოჯახების შემოსავალი. 

საკვანძო სიტყვები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები,  საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდა, ტექნოლოგიები.

შესავალი 

როდესაც ვსაუბრობთ პირდაპირი უცოხური ინვესტიციების გავლენაზე მთლიანად ეკონომიკის ჭრილში, მნიშვნელოვანია ისიც, თუ ქვეყანაში არსებული რომელი სექტორებია ყველაზე მიმზიდველი ინვესტორებისათვის და შესაბამისად რომელი სექტორები ვითარდება უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობით. უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორთათსვის საქართველოს ეკონომიკაში მიმზიდველია ტრანსპოტრისა და კავშირგაბმულობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის სექტორები, შესაბამისად განხორციელებული ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი სწორედ ამ სექტირებზე სექტორზე მოდის. მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია განხორციელებული ასევე ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებშიც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ბევრი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში ჩაიდო, განხორციელებული ინვესტიციების ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით სამშენებლო სექტორი ხასიათდება. 

გრაფ.1. უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2023* წლის I კვარტალში 

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2023 წლის I კვარტალი, გვ.8, 09.06.2023

როდესაც საუბარია უცხოური ინვესტიციების გავლენაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, აქ გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები: პირველ რიგში თუ რამდენადაა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა, როგორია საბაზრო მექანიზმების განვითარების ხარისხი, რამდენადაა მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა და სხვა. იმისდა მიხედვით, თუ ეკონომიკის რომელ სექტორში ხდება ინვესტირება და ინვესტიციების რა ფორმები და მეთოდები გამოიყენება ეკონომიკაზე სხვადასხვანაირად აისახება. ინვესტიციების გავლენა შეიძლება გამოვლინდეს: ეკონომიკის ზრდის ტემპში, ინვესტიციური აქტიურობის გამოცოცხლებაში, ტექნოლოგიური პროგრესის ზრდაში, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შრომითი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში და სხვა [1:1-2].

უნდა აღინიშნოს, რომ საქართვდელოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თვალსაჩინოდ იზრდება. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

გრაფ.2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2021-2023 წლებში 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2023 წლის I კვარტალი, გვ.1, 09.06.2023

გრაფ.3 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში (მლნ. ლარი)

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2023 წლის I კვარტალი, გვ.2, 09.06.2023

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ფასიან ქაღალდებში, უძრავ ქონებასა და წარმოებაში, რომელსაც ახორციელებს არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. FDI სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს:

-სააქციო ან საწესდებო კაპიტალი;

-რეინვესტიცია;

-სავალო ვალდებულებები.

გრაფ.4 პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით 2021-2023 წლებში

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2023 წლის I კვარტალი, გვ.4, 09.06.2023

           სამივე კომპონენტი თავის მხრივ შედგება: (1) ახალი კომპანიის დაფუძნებისგან; (2) მოქმედ კომპანიაში წილის შეძენისგან ან გასხვისებისგან; (3) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისგან; (4) საწარმოს საქმიანობის შედეგად მიღებულ მოგება-ზარალისგან; (5) დივიდენდის გაცემისგან; (6) სესხის აღებისგან, გაცემისგან ან გადახდისგან და (7) საქონლის და მომსახურების მიწოდებისგან.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მრავალი დადებითი ფაქტორი გააჩნია. მათ შორისაა დასაქმების ზრდა. ნებისმიერი ახალი ინვესტიცია ნიშნავს დამატებითი რესურსის შესვლას ქვეყანაში. რესურსს კი მართვა, დამუშავება, აღწერა ან სხვა ტიპის ადამიანური რესურსის გამოყენება ესაჭიროება, შესაბამისად, მეტი ინვესტიცია ნიშნავს მეტ დასაქმებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი უცხოური ვალუტის შემოდინებაა. ერთი მხრივ, საგადამხდელო ბალანსში დადებითი როლი უჭირავს, ხოლო მეორე მხრივ, მეტი უცხოური ფული ნიშნავს მეტ შემოსავალს და გამყარებულ ეროვნულ ვალუტას. ნებისმიერი ახალი ინვესტიცია ზრდის კონკურენციას. ეს კი გამოიხატება დაბალ ფასებში, პროდუქტის ან სერვისის გაზრდილ ხარისხში, ტექნოლოგიურ წინსვლასა და სექტორულ გაჯანსაღებაში. თითოეული დადებითი ეფექტი თავს იყრის ერთ - ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმში - ეკონომიკურ ზრდაში.

ქვემოთ წარმოდგენილია ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით. როგორც გრაფიკიდან ჩანს, პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს [3:5].

გრაფ.5 ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში 2023 წლის I კვარტალში

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2023 წლის I კვარტალი, გვ.5, 09.06.2023

       ნებისმიერი ქვეყანა, როგორი მოწყობისაც არ უნდა იყოს ის, ინვესტიციებს ვერ მიიზიდავს თუ საკუთრების უფლება დაცული არ არის. საკუთრების უფლების დაცულობა კი პირდაპირ კავშირშია ისეთ ფაქტორებთან, როგორებიცაა:

  • გეოპოლიტიკური მდგომარეობა - ინვესტიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა. რაც მეტია ფორს-მაჟორის ალბათობა (როგორიცაა ომი, სახელმწიფო გადატრიალება, კონფლიქტის ზონები და სხვა), მით ნაკლები სტიმული აქვს ინვესტორს საქმე წამოიწყოს ასეთ ქვეყანაში.
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა - საკუთრებასთან დაკავშირებული დავები იქნება ეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხშირია ნებისმიერ ქვეყანასა თუ საზოგადოებაში. ინვესტორი ირჩევს იმ ქვეყანას, სადაც სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არ მოხდება მისი საკუთრების უსამართლოდ ჩამორთმევა ან დაზიანება. ასევე, სასამართლო ეფექტიანად უნდა აგვარებდეს დავებს და გათვალისწინებული უნდა იყოს ე.წ. სასამართლოს გადატვირთულობის საკითხიც. ვინაიდან დრო ფულია, რაც მეტად დროში იწელება დავა, მით ხარჯიანია ორივე მხარისთვის.
  • კრიმინალის მაჩვენებლები - საბაზრო ეკონომიკის პირობებში, იმისათვის, რომ ბიზნესმა შექმნას სიმდიდრე, აუცილებელია სამართლიანი წესები, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული მისი ქონება და საქმიანობა რეკეტისგან, ყაჩაღობისგან, ძარცვისგან, ფინანსური მაქინაციებისგან და სხვა ტიპის კრიმინალური აქტივობებისგან.
  • კორუფციის დონე - ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, თუ რა ხარჯები და სარგებელი ექნება ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტიციის განსახორციელებლად და საქმიანობის დასაწყებად. რაც მეტად კორუმპირებულია ქვეყანა, მით მეტია ხარჯი ინვესტორისთვის.

დასკვნა 

    ამგვარად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. უცხოურ ინვესტიციებს შემოაქვს კაპიტალი გარე წყაროებიდან, რაც განსაკუთრებით ღირებულია შეზღუდული შიდა დანაზოგების მქონე ქვეყნებისთვის, ვინაიდან ეს კაპიტალი გამოიყენება მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტისა და ბიზნესის დასაფინანსებლად. ასევე უცხოელი ინვესტორები ხშირად ხსნიან ახალ ბაზრებს პროდუქტებისა და სერვისებისთვის. მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი გლობალური ქსელები ადგილობრივი წარმოების საქონლის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტისთვის და ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობისთვის. გარდა ამისა, უცხოურ ინვესტიციებს შეუძლია გააძლიეროს ქვეყნის სავალუტო რეზერვები, რაც გადამწყვეტია ვალუტის სტაბილიზაციისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. უცხოური ინვესტიციების წახალისება ასევე ხელს უწყობს კონკურენციას შიდა ბაზარზე, რაც იწვევს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას კონკურენტულ ფასებში. საბოლოოდ კი ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, ვინაიდამ უცხოური ინვესტიციების დახმარებით ხდება ჩვენი ქვეყნის დაკავშირება გლობალურ ეკონომიკასთან, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ეკონომიკურ მდგრადობასა და ადაპტაციას. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ლაზარაშვილი თ., პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და ქვეყნის მდგრადი განვითარება (2017), გვ.1-2

2. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise, სტატისტიკის სწორად წაკითხვის და გააზრების მნიშვნელობა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაგალითი (2023), გვ.1-2

3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში (2023), გვ.1-8