English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ გიორგი კეპულაძე თამილა არნანია-კეპულაძე
იაპონური კეინსიანელობა და მისი ევოლუციის თავისებურებანი

journal N3 2025

DOI: 10.52340/ekonomisti.2025.03.03

აბსტრაქტი

1930-იან წლებში ჯონ მეინარდ კეინსის მიერ შემუშავებული ეკონომიკური თეორია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომიკური პოლიტიკისა და პრაქტიკის პარადიგმად იქცა.

იაპონიაში კეინსური თეორია აღიქმებოდა არა მხოლოდ როგორც თეორიული კონცეფციების ერთობლიობა, არამედ როგორც მოდერნიზაციისა და ეკონომიკური აღდგენის პრაქტიკული პროგრამა. იაპონიაში ღრმად შეისისხლხორცეს კეინსის იდეები, რამაც განაპირობა ამ იდეების უნიკალური ადაპტაცია ადგილობრივ რეალობისადმი, რაც შემდგომში იაპონური კეინსიანელობის სახელწოდება მიიღო.

იაპონური კეინსიანელობა ჩამოყალიბდა კეინსის ორიგინალური იდეებისა და იაპონური ეკონომიკური, სოციალური, ინსტიტუციური და პოლიტიკური გარემოს თავისებურებების სინთეზის სახით, რამაც გამორჩეულ ეკონომიკური პოლიტიკა და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გამოიწვია. ამ პროცესებმა ასევე მეცნიერთა ღრმა ინტერესი გამოიწვია, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. 

მოცემულ ნაშრომში შესწავლილია იაპონური კეინსიანელობის თავისებურებანი და მისი ევოლუცია მე-20 და 21-ე საუკუნეებში.

შესავალი: იაპონიისთანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების ზოგადი დახასიატება

იაპონიისთვის მე-20 საუკუნე იყო  ღრმა ტრანსფორმაციის პერიოდი, რომელიც შეეხო როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გააზრებასა და გადაფასებას მეცნიერ-ეკონომისტების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის შეხედულებები დიდწილად იყვნენ განპირობებული 1868-1889 წლებში იაპონიაში განხორციელებული ე.წ. „მეიძის რესტავრაციით“, რომელიც წარმოადგენდა პოლიტიკური, სამხედრო და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ერთობლიობას. ამ რესტავრაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა იაპონიის სახელმწიფოებრივი წყობა, კანონმდებლობა, განათლების სისტემა და ა.შ. მან საფუძველო ჩაუყავა იაპონიის, როგორც ახალ საწყისებზე მდგარ ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ბოლო დაუდო იაპონიის თვითიზოლაციას და კარი გაუღო მსოფლიოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ, კულტურულ მიღწევების შეღწევას ქვეყანაში  [13].

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იაპონიამ რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა დაწყებული საუკუნის დასაწყისის ინდუსტრიალიზაციიდან ომისშემდგომი პერიოდის ეკონომიკურ სასწაულებამდე, 1990-ანი წლების სტრუქტურული კრიზისა და დეპრესიამდე, რომელსაც მოჰყვა მაღალტექნოლოგიური დინამიურად განვითარებადი ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბება.

ამ პროცესებს თან ახლდა ეკონომიკური მეცნიერების ინტენსიური განვითარება. იაპონურმა ეკონომიკურმა აზროვნებამ შთანთქა როგორც დასავლური ეკონომიკური თეორიები, ასევე ტრადიციული აღმოსავლური მიდგომები და ამის საფუძველზე ჩამოაყალიბა უნიკალური თეორიული სივრცე, რომელმაც გავლენა მოახდინა როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, ასევე საერთაშორისო მეცნიერებაზე.   

მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად ჩამოყალიბდა სხვადასხვა თეორიული ახსნა, თუ რატომ და როგორ შეძლო იაპონიამ შთამბეჭდავი ეკონომიკური წარმატების მიღწევა. მე-20 საუკუნის იაპონურმა ეკონომიკურმა აზროვნებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც შიდა ეკონომიკური პოლიტიკის, ისე საერთაშორისო ეკონომიკური მეცნიერების ჩამოყალიბებაზე.

იაპონიის თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების განვითარება ხორციელდება ორი მიმართულებით: აკადემიური და ადმინისტრაციული.

აკადემიური მიმართულებისთვის დამახასიათებელია აბსტრაქციის მეთოდზე დაფუძნებული, ძირითადად ფუნდამენტური ხასიათის მქონე კვლევების განხორციელება, რომლებიც მიმართულია ახალი სამეცნიერო ცოდნის ჩამოყალიბებაზე. აკადემიური მიმართულებით კვლევების განხორციელება ვარაუდობდა და დღემდე ვარაუდობს არსებული პრობლემების სისტემატურ შესწავლას იმ ფაქტორების გამოსავლენად, რომლებსაც შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა და არსებული სიტუაციის გაუმჯობესება.

ადმინისტრაციული მიმართულება უშუალოდ დაკავშირებულია ეკონომიკის სახელმწიფო-მონოპოლისტური რეგულირების თეორიასა და პრაქტიკასთან. ადმინისტრაციული მიმართულებით კვლევებს ახორციელებენ მაკროეკონომიკური რეგულირების ისეთი სახელმწიფო უწყებები, როგორიცაა იაპონიის ფინანსთა სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო, ეკონომიკური დაგეგმარების სამინისტრო, ცენტრალური ბანკი და სხვ.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იაპონიაში ეკონომიკური შეხედულებები ვითარდებოდა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის, შემდგომი რეცესიისა და გლობალურ ცვლილებებისადმი ადაპტირების პირობებში.  ამ პერიოდის იაპონური ეკონომიკური კონცეფციები მიმართულნი იყვნენ გავლილი პერიოდის გაანალიზებასა და იაპონიის ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაზე.

ის მიღწევები, რომლითაც ხასიათდებოდა იაპონიის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განიხილებოდა იაპონიის მეცნიერ-ეკონომისტების მიერ, როგორც დასავლური სამეურნეო და დასავლური სამეცნიერო-ტექნიკური გამოცდილების იაპონიის რეალობისადმი მისადაგების პოლიტის შედეგი.

თანამედროვე იაპონურ ეკონომიკურ მეცნიერებაში შეიძლება გამოიყოს ოთხი ძირითადი მიმართულება: ნეოკეინსიანელობა, ნეოლიბერალიზმი, მონეტარიზმი, კონსერვატიზმი.

მოცემულ სტატიაში ყურადღებას შევაჩერებთ იაპონური კეინსიანელობის თავისებურებებზე.

იაპონური კეინსიანელობა მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში.

იაპონურ კეინსიანელობას საწყისი დაედო ევროპაში კეისელობის ჩამოყალიბება-განვითარების პერიოდში, ანუ  მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის იაპონიის ფინანსთა მინისტრი ტაკაჰაში კორეკიო (Takahashi Korekiyo, 高橋 是清, 1854 – 1936) 1930-იან წლებში ახორციელებდა პოლიტიკას, რომელიც ასახავდა კეინსის სტრატეგიებს, რამაც მას  "იაპონიის კეინსის" სახელი მოუტანა [12]. მიუხედავად ამისა, იაპონიის ეკონომიკურ მეცნიერებაში კეისელობის მომხრეები უმცირესობაში იქვნენ და იაპონურ ინტელექტუალებისთვის უფრო  მიმზიდველი მარქსიზმი იყო [16].

მას შემდეგ, რაც მარქსიზმი აკადემიიდან განდევნეს, იაპონიის ეკონომიკურ თეორიაში ჩამოყალიბდა ორი კონტრასტული მიმდინარეობა:

-  პირველი მიმდინარეობა - „წმინდა ეკონომიკა“ (junsui keizaigaku), რომელიც წარმოადგენდა დასავლურ ეკონომიკურ მეცნიერებას და ეფუძნებოდა დასავლეთის ისეთ ეკონომიკურ კონცეფციას, როგორიცაა ლეონ ვალრასისა და ალფრედ მარშალის ზოგადი ეკონომიკური წომასწორობის თეორია.  1930-ანი წლების ბოლოდან ეს  მიმართულება განიცდიდა სულ უფრო დიდ ზეწოლას  მეორე მიმდინარეობის მხრიდან.

-  მეორე მიმდინარეობა - „პოლიტიკური ეკონომია“ (seiji keizaigaku), რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მიზანია იაპონიის თავისებურებებსა და მახასიათებლებზე დაფუძნებულ ახალ ეკონომიკისა და ეკონომიკური ცოდნის სისტემის აშენება წარმოადგენს.

1930-ანი წლების მეორე ნახევარში იაპონელი მეცნიერ-ეკონომისტები სწრაფად აიტაცეს და რეაგირება მოახდინეს ჯ.მ.კეინსის „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორიის“ გამოჩენას.

თუმცა, იაპონელი ეკონომისტებისთვის საკმაოდ რთული არმოჩნდა ზოგადი თეორიის ძირითადი იდეის მიღება. ნისაბურო კიტო (Nisaburo Kito) თვლიდა, რომ ზოგადი თეორიის ბირთვს წარმოადგენდა ფულადი ანალიზი, რომელიც დაფუძნებულია ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიაზე [7]. იჩირო ნაკაიამა (Ichiro Nakayama) განიხილავდა კეინსის ზოგად თეორიას ზოგადი წონასწორობის თეორიის თვალსაზრისით.  ზოგადი წონასწორობის თეორიის პოპულარიზაცია იჩირო ნაკაიამამ დაიწყო ჯერ კიდევ 1933 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „Pure Economics”, ხოლოკეინსის ზოგადი თეორიის გამოქვეყნების შემდეგ, მან წონასწორობის ანალიზი კეინსის თეორიას მიუსადაგა და მივიდა დასკვნამდე, რომ კეინსის ზოგადი თეორია არის "ზედმეტად ფულადი". ამის შემდეგ,  კეინსის წიგნის გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ ანუ 1939 წელს, მან იაპონურ ენაზე გამოაქვეყნა „კომენტარები კეინსის ზოგად თეორიაზე“.  ამ პერიოდში ი.ნაკაიამამ გამოაცხადა, რომ მისი, როგორც მეცნიერის, მთავარ მიზანს წარმოადგენს სტაბილურობისა და პროგრესის მიღწევისთვის გზების გამოვლენა. ი.ნაკაიამა  გულახდილად აცხადებდა, რომ  ეს მისი, როგორც მეცნიერის მიზანი, იყო ჯ.მ.კეინსის ზოგადი თეორიის უშუალო გამოძახილი და ამით, ფაქტიურად, აღიარა, თუ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა მასზე ჯ.მ.კეინსის თეორიამ.

ამასთან, არ უნდა ვიფიქროთ, რომ იაპონიაში 1930-ანი წლები იყო ჯ.მ.კეინსის ზოგადი თეორიის უბრალო შთანთქმისა და ათვისების პერიოდი. ასე, კიოტოს საიმპერატორო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა იასუმა ტაკატამ (Yasuma Takata) და კეი შიბატამ (Kei Shibata) კეინსის გაკრიტიკება სცადეს. თიმცა, 1941 წლის დეკემბერში ჯ.მ.კეინსის ზოგადი თეორია იაპონიაში უკვე იაპონურ ენაზე გამოვიდა და ხელმისაწდომი გახდა მკითხველტა ფართო აუდიტორიისათვის. წიგნი ჯერ 7000 ერთეულის რაოდებობით გამოქვეყნდა, რომლებმაც ძალიან მალე იპოვეს თავისი მკითხველი, რასაც დამატებითი 2000 ეკზემპლარის გამოქვეყნება  მოჰყვა [16]. 

მაგრამ, 1941 წელს წყნარ ოკეანეზე ომის დაწყების გამო, იაპონიის ეკონომიკური აკადემია დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა და კეინსის მიმართ ინტერესი შემცირდა.

იაპონური კეინსიანელობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებას მოჰყვა იაპონიის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ცნობილია „იაპონური ეკონომიკური სასწაული“ს სახელწოდებით. ეს ფენომენი განპირობებული იყო არა მხოლოდ იაპონიაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებით, არამედ იაპონური ეკონომიკური აზროვნების უნიკალური ევოლუციით, რომელიც აერთიანებდა დასავლურ თეორიებს ტრადიციულ იაპონურ ღირებულებებთან და პრაქტიკასთან.

ამ პერიოდში იაპონელი ეკონომისტები აქტიურად შეისწავლიდნენ და იაპონურ რეალობას არგებდნენ დასავლურ ეკონომიკურ თეორიებს, განსაკუთრებით კეინსიანობას.  ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის მსვლელობით იაპონიის ეკონომიკის აღდგენის აუცილებლობამ მოითხოვა სწრაფი ეკონომიკური რეკონსტრუქციების ჩატარება, კეინსიანელური მიმართულებით იაპონიის ეკონომიკური აზროვნებისა და პოლიტიკის განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდა.

1946 წელს დაიწყო აქტიური აკადემიური დებატები კეინსის ეკონომიკური იდეების ირგვლივ [6]. კეინსის მოდელი განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა დანგრეულ მდგომარეობაში მყოფ იაპონიის ეკონომიკისათვის და შესაძლებლობას იძლეოდა ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს აქტიური ცარევისათვის, კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებისა და რესურსების გადანაწილების მართვას. ყოველივე ეს საუკეთესოდ შეესაბამებოდა იმ პერიოდის ეკონომიკური აღდგენის მიზნებს.

ასეთ ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებში ადრეულ ომისშემდგომ პერიოდში სრული დასაქმება და ეკონომიკური ზრდა შედარებით ადვილად მისაღწევი იყო იაპონიაში. ეს უპირველეს ყოვლისა ეხებოდა ინვესტიციებს სტრატეგიულ ცვლილებას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნული შემოსავლებისთვის. ასეთ ვითარებაში იაპონიის ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის ინვესტიციები აუცილებელი იყო და ამიტომ ინვესტიციებისთვის საჭირო თანხით უზრუნველყოფის საკითხი ძალზე აქტუალური აღმოჩნდა. ამ პირობებში, იჩირო ნაკაიამას (Ichiro Nakayama) მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში „Pure Economics” შემოთავაზებული რჩევები იძლეოდა ეკონომიკის შეუფერხებლად ფუნქციონირების შესაძლეებლობებს. მაგრამ შემდგომში, ფასების მატებასთან ერთად, იაპონიის ეკონომიკურ პოლიტიკაში გაურკვევლობა გაიზარდა.

იჩირო ნაკაიამამ ვერ შეძლო თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განვითარება. ფასების სტაბილურობასთან დაკავშირებით მან არათანმიმდევრული იყო და ზოგჯერ მიმართავდა  ფულის რაოდენობრივ თეორიას და მოითხოვდა ვალუტის მიწოდებაზე კონტროლის დაწესებას, ხოლო ზოგჯერ სახელფასო ბიძგის თეორიაზე დაყრდნობით ამტკიცებდა  სახელფასო პოლიტიკის დაწესების აუცილებლობას [3:235].

ამ პერიოდიდან იაპონური მეცნიერ-ეკონომისების დიდი ნაწილი კეინსის ეკონომიკური შეხედულებების მომხრე გახდა და მსჯელობა დაიწყეს იაპონიის რეალობაში კეინსური იდეების გატარების შესაძლებლობებზე. ამასთან, იაპონური ეკონომისტები ითვალისწინებდნენ კეინსის დოქტრინის გამოყენების მსოფლიო გამოცდილებას, რომელსაც განიხილავდნენ მას იაპონიის რეალობის ჭრილში.

იაპონიის ეკონომიკის რეგულირება მოიცავდა ურთიერთდაკავშირებულ ინსტიტიტუტების სისტემას, როგორიცაა ეკონომიკური დაგეგმვა, ბიუჯეტი, გადასახადები, ფასები, საბანკო პროცენტი, ვალუტის გაცვლითი კურსი და სხვ. უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ეკონომიკურ დაგეგმვას. ამასთან, კეთდებოდა როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი პროგნოზები როგორც მთლიანად ეკონომიკის მასშტაბით, ასევე ტერიტორიული ეკონომიკური ერთეულების თვალსაზრისით.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდისიაპონურ კეინსიანელობის განვითარებაში შეიძლება გამოიყოს ოთხი ფაზა: ადაპტაციის ფაზა, მწიფე კეინსიანელობის ფაზა, კრიზისის ფაზა და აღორძინების ფაზა.

ადაპტაციის ფაზა კეინსიანელობამ იაპონიაში 1945–1960-იანი წლებში განვლო. ეს იყო დრო, როდესაც იაპონელი ეკონომისტები და პოლიტიკოსები შთაგონებულნი იყვნენ კეინსის იდეებით ომით განადგურებული იაპონური ეკონომიკის აღდგენის პროგრამების შემუშავებისას. კეინსის პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი გახდა სახელმწიფო ინვესტიციები და სამრეწველო დაგეგმარება, რომელიც ხორციელდებოდა საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს (MITI) მეშვეობით [4].

1950-60-იან წლებში იაპონიაში ფართოდ იყო გავრცელებული მოთხოვნის სტიმულირებისა და ეკონომიკაში მთავრობის ჩარევის კეინსური იდეები. თუმცა, იაპონელმა მეცნიერებმა უბრალოდ არ მიიღეს ეს შეხედულებები მათ საწყის ფორმაში, არამედ მოარგეს ისინი ქვეყნის სპეციფიკურ პირობებს იაპონიის სოციალურ-კულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით.

მწიფე კეინსიანელობის ფაზა (1970-ანი წლები). 1970-იანი წლები იაპონური ეკონომიკური აზროვნების განვითარების საკვანძო ეტაპი იყო, რომელიც ხასიათდებოდა კეინსის ეკონომიკური მიდგომის იაპონიის ეკონომიკის სპეციფიკასთან ადაპტაციით. ამ პერიოდში იაპონელმა ეკონომისტებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს კეინსის იდეების ეროვნულ თავისებურებებთან ინტეგრირება, რამაც გამოიწვია ეკონომიკური მართვის უნიკალური მოდელის ჩამოყალიბება. შიგეტო ცურუ (Shigeto Tsuru) და მისი მოწაფეები იოშიკაზუ მიაძაკი (Yoshikazu Miyazaki) და მიცუჰარუ იტო (Mitsuharu Ito), ხაზს უსვამდნენ იაპონიის ეკონომიკის სტრუქტურულ პრობლემებს, მათ შორის ინდუსტრიული სტრუქტურის დისბალანსს და სოციალურ უთანასწორობას [16].

1970-იან წლებში იაპონიის მთავრობა აქტიურად იყენებდა მაკროეკონომიკურ მოდელებზე დაფუძნებულ რაოდენობრივ ეკონომიკურ დაგეგმვას. როგორც ჩიკაში მორიგუჩი (Chikashi Moriguchi) აღნიშნავდა 1980 წელს, „იაპონიის ეკონომიკური დაგეგმვა ინდიკატიური დაგეგმვის ტიპური მაგალითია, რომელსაც ყალიბდება საკმაოდ დეტალური რაოდენობრივი სტრუქტურირების საფუძველზე“ [8]. ამ პერიოდის იაპონური კეინსიანელობისთვის იყო დამახასიათებელი მოსახლეობის მაღალი დანაზოგის მაჩვენებლის შენარჩუნება სახელმწიფოს აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკის გატარების პირობებში, რითაც ხდებოდა მომხმარებელთა დაბალი მოთხოვნის კომპენსირება.

მიღწეული წარმატებების მიუხედავად, 1970-იან წლების ბოლოდან იწყება კეინსისანური მიდგომების კრიტიკა. რიუტარო კომიამ ( Ryutaro Komiya) და იოშიო სუზუკიმ (Yoshio Suzuki) გააანალიზეს იაპონიაში მაღალი ინფლაციის მიზეზები და მივუდნენ დასკვნამდე, რომ ეს იყო  ზედმეტად ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის შედეგი. ამან გამოიწვია კეინსიანიზმის გადახედვა და მონეტარიზმის ელემენტების ეკონომიკურ პოლიტიკაში ინტეგრირება.

კეინსიანელობის კრიზისის ფაზა (1980–1990-იანი წლები). 1980-1990-იანი წლები იყო გლობალური ეკონომიკური თეორიის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციების პერიოდი, რაც დიდწილად იყო განპირობებული 1970-იანი წლების კრიზისების, არსებული ფისკალური პოლიტიკის არაეფექტურობისა და სტაგფლაციის კეინსური პარადიგმის ახსნის უუნარობით. შემდეგად, კეინსიანელობა კრიტიკის ცენტრში მოექცა და ადგილი ნეოკლასიკურ მეინსტრიმს დაუთმო. იაპონია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკა, ამ პროცესებისგან განზე არ დარჩა. თუმცა, ამ პერიოდში იაპონიაში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებამ უნიკალური ფორმები მიიღო, რაც განპირობებული იყო როგორც ეროვნული ინსტიტუციური სპეციფიკით, ასევე ომისშემდგომი განვითარების გამოცდილებით. ამასთან, იაპონიაში მზარდი სტრუქტურული პრობლემების ფომზე გაძლიერდა კრიტიკა სახელმწიფო ჩარევის ეფექტურობასა მიმართ. თუმცა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, სადაც მონეტარიზმმა და ახალმა კლასიკურმა მაკროეკონომიკამ წამყვანი პოზიციები დაიკავა, იაპონიაში ეკონომიკური აზრმა უფრო რთული გზა აირჩია. ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა იაპონელმა ეკონომისტმა მასაჰიკო აოკიმ (Masahiko Aoki) აღნიშნა, „იაპონიაში არასდროს დომინირენდა ამერიკული სკოლის სულისკვეთებითაღჭურვილი ერთიანი პარადიგმა; პირიქით, არსებობდა პლურალიზმი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა სხვადასხვა თეორიების ელემენტების ადგილობრივ რეალობისადმი ადაპტირებისათვის“ [1:12].

1990-იანი წლების დასაწყისის ფინანსურმა კრიზისმა და შემდგომმა დეფლაციურმა სპირალმა სერიოზული ეჭვები გააჩინა როგორც კეინსისეული, ასევე ნეოკლასიკური თეორიების ეფექტურობის მიმართ. ამ პერიოდში იაპონიის მთავრობამ მიმართა მასშტაბურ ფისკალურ სტიმულს, თუმცა მისი ეფექტურობა შეზღუდული იყო ინსტიტუციური და დემოგრაფიული ფაქტორებით. ასეთ ვითარებაში წარმოიშვა მოსაზრება, რომ „ეკონომიკური თეორია უძლური აღმოჩნდა იაპონიის სტაგნაციის წინაშე და საჭირო გახადა არა უბრალოდ ახალი მოდელების  ჩამოყალიბება, არამედ ეკონომიკური ანალიზისთვის არსებული წინაპირობების გადააზრება“ [14:219].

კეინსიანელობის აღორძინების ფაზა (21-ე საუკუნე). XXI საუკუნეში იაპონიის ეკონომიკამ უნიკალური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელიც ხასიათდებოდა ისეთი მოვლენებიუთ, როგორიცაა ქრონიკული დეფლაცია, მოსახლეობის დაბერება, სტაგნაცია, სუსტი შიდა მოთხოვნა და სხვ. ამ ფონზე, აკადემიურ და პოლიტიკურ დებატებში კვლავ გაიზარდა ყურადღება იაპონურ კონტექსტთან ადაპტირებულ კეინსიანურ პარადიგმისადმი.

XXI საუკუნის დასაწყისისთვის იაპონიაში კეინსიანური აზროვნების უმნიშვნელოვანესი მიმართულება ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით სტაგნაციის მოდელების შემუშავება გახდა.

თანამედროვე იაპონური კეინსელები ყურადღებას ამახვილებენ არა იმდენად ერთობლივი მოთხოვნის მოკლევადიან მართვაზე, რამდენადაც ეკონომიკური სფეროს ინსტიტუციურ რეკონსტრუქციაზე. როგორც კენჯი უედა (Kenji Ueda) აღნიშნავს, „იაპონიის პრობლემა სტიმულის ნაკლებობა კი არა, არამედ კერძო სექტორის ქრონიკული დაუცველობა და სტრუქტურული დამახინჯებებია“ [15:89].

ამ პერიოდში დემოგრაფიული ასპექტები სულ უფრო მეტად ინტეგრირდება კეინსიანურ ანალიზში. იაპონიის ბანკის მმართველის მოადგილე კაზუმასა ივატა (Kazumasa Iwata) ამტკიცებს, რომ „იაპონიაში სტაგნაცია ციკლური ფენომენი კი არა, გრძელვადიანი ფენომენია, რომელიც დემოგრაფიულ შემცირებასთან და შიდა მოთხოვნის პოტენციალის შემცირებასთან არის დაკავშირებული“ [5:134]. ამ მხრივ, კეინსის პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ სტიმულირებაზე, არამედ ადამიანურ კაპიტალში, ტექნოლოგიებსა და მიგრაციის რეფორმებში გრძელვადიან ინვესტიციებზე.

თანამედროვე კეინსიანელობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა ე.წ. „აბენომიკა“[1], ანუ ეკონომიკური პროგრამა, რომელიც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ (Shinzo Abe) 2012 წლის დეკემბერში გაახმოვანა. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავდა იაპონიის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას, რისთვისაც შემუშავებულინ იყო სამი ძირითადი მიმართულება, ე.წ. სამი „ისარი“: 1). აგრესიული მონეტარული პოლიტიკისა და პრაქტიკის შემსუბუქება, 2). ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული მოქნილი ფისკალური პოლიტიკის ჩამოყალიბება, 3). სახელმწიფო სექტორის სტრუქტურული რეფორმირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინვესტიციების მოზიდვა და მოხმარების ზრდა.

ამ პოლიტიკას გააჩნდა როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური შედეგები.

ასე, 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა იაპონური აქციები, მშპ-ის წლიური ზრდა შეადგენდა 1,9%, ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით იაპონია გახდა ლიდერი შვიდ ინდუსტრიულ ქვეყანას შორის და სხვ. გარდა ამისა, გაძლიერდა ქვეყნიდან კაპიტალის გადინება, გაიზარდა ენერგორესურსების იმპორტის ხარჯები, გაიაფდა იაპონიის ეროვნული ვალუტა, რამაც გააიაფა იაპონიის ექსპორტი, გაიზადრა სახელმწიფო ვალი და ა.შ.

დღეს თანამედროვე იაპონელი ეკონომისტები, კერძოდ, კაზუო ნაკანიში (Kazuo Nakanishi) და იოშიტაკა ფუკუდა (Yoshitaka Fukuda), ყურადღებას ამახვილებენ კეინსის თეორიის ადაპტირებაზე XXI საუკუნის ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა მოსახლეობის დაბერება, უთანასწორობა და ეკონომიკის გაციფრულება.

დასკვნა

თანამედროვე იაპონური კეინსიანელობა არ არის რთული თეორიული და პრაქტიკული კონსტრუქტი, რომელმაც განვლო განვითარების რთული გზა და იმყოფება პერმანენტული  ტრანსფორმაციის პროცესში. თანამედროვე იაპონური კეინსიანელობა აერთიანებს ტრადიციულ კეინსიანურ იდეებს და იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის სპეციფიკურ მახასიათებლებს. ეს არის მოქნილი და   მუდმივად განვითარებადი   პარადიგმა, რომელიც აერთიანებს ერთობლივი მოთხოვნის თეორიის ტრადიციულ პოსტულატებს ინსტიტუციური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური ფაქტორების ანალიზთან. სწორედ კეინსიანელობა განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი პერსპექტივა მაკროეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკისთვის იაპონიის წინაშე არსებული უნიკალური გამოწვევების დაძლევისათვის.

გამოყენებული ლიტერატურის სია

  1. Aoki, M. (1988). Information, Incentives, and Bargaining in the Japanese Economy. Cambridge University Press.
  2. Hoshi, T., Kashyap, A. (2004). Japan’s Financial Crisis and Economic Stagnation. Journal of Economic Perspectives, 18(1), 3-26.
  3. Japanese Economics and Economists since 1945, Edited by Aiko Ikeo, London and New York, Simultaneously published in the USA and Canada by Routledge, 2003.
  4. Johnson, C. (1982). MITI and the Japanese Miracle: The Growth of Industrial Policy, 1925–1975. Stanford University Press.
  5. Iwata, K. (2017). Demographic Challenges and Macroeconomic Policy in Japan. Tokyo: Nihon Keizai Shimbun.
  6. Kawai, H. (1991). Keynesian Economics and its Introduction to Japan. Tokyo: Nippon Keizai Shinbunsha.
  7. Kito, N. (1942). Kahei to Rishi no Dotai (Dynamics of Money and Interest). Tokyo: Iwanami Shoten.
  8. Moriguchi, C. (1980). Japan\\'s Recent Experiences of Quantitative Economic Planning, Revue économique, 31 (5), pp. 853-856.
  9. Nakanishi, K., Fukuda, Y. (2017). Revisiting Keynes in Japan: Fiscal Policy under Abenomics. Asia Pacific Economic Review, 23(2), 145–162.
  10. Nakayama, I. (1933), Junsui Keizaigaku (Pure Economics). Tokyo: Iwanami Shoten.
  11. Nakayama, I. (1983), Commentary on Keynes’ General Theory,
  12. Smethurst, R. J. (2007). Takahashi Korekiyo, Japan\\'s Keynes. Harvard University Asia Center, https://doi.org/10.2307/j.ctt1tm7fs4
  13. Subagyo, M. (2015), The Meiji Reformation: Transformation of Japan’s Political, Economic, and Educational Landscape. https://www.researchgate.net/publication/371262213_Meiji_Reformation_-_Full_Paper  
  14. Tsuruo, K. (1998). Crisis and Reform in the Japanese Model. Tokyo University Press.
  15. Ueda, K. (2012). Japan’s Deflation and the Bank of Japan’s Response. Bank of Japan Working Paper Series, No. 12-E-10.
  16. Wakatabe,M. (2019). Keynesianism in Japan, The Elgar Companion to John Maynard Keynes. Edward Elgar Publishing Ltd., pp. 618–625. https://doi.org/10.4337/9781788118569.00108.

https://jshet.net/docs/conference/79th/wakatabe.pdf



[1] სიტყვა-ნეოლოგიზმი, რომელიც გამოიყენება იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს მთავრობის მიერ 2012 წლის 26 დეკემბრიდან გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის აღნიშვნისთვის.