English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ნინო სუმბაძე
სოციალური პარტნიორობის ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში

journal N3 2025

აბსტრაქტი 

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ფონზე სოციალური პარტნიორობის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სოციალური დიალოგი, კოლექტიური მოლაპარაკებები არის ინოვაციების, პროდუქტიულობისა და კონკურენციის ხელშეწყობის ძირითადი ფაქტორები და წარმატებული ეკონომიკური რეფორმების მამოძრავებელი ძალა. სოციალურმა პარტნიორებმა დასავლეთ ევროპაში, მათმა ინსტიტუტებმა ხელი შეუწყო წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებს. ქმედითი, მხარეთა რეალური ჩართულობით უზრუნველყოფილი სოციალური დიალოგი ევროპის სოციალური კეთილდღეობისა და სამართლიანობის სახელმწიფო მოდელების ფუნდამენტს წარმოადგენს რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას. 

საკვანძო სიტყვები: სოციალური პარტნიორობა, სოციალური დიალოგი, ინტერესთა ჯგუფები, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. 

შესავალი

სოციალური პარტნიორობის განვითარება და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა არის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების საერთო მიზანი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული პოლიტიკის მრავალფეროვნებას და სოციალური პარტნიორების ავტონომიის პატივისცემას.

2023 წლის მდგრადი ზრდის ყოველწლიურ კვლევაში ევროკომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს  სოციალური პარტნიორების დროული ჩართულობის მნიშვნელობას ეკონომიკური პოლიტიკის და დასაქმების პოლიტიკის კოორდინაციასა და განხორციელებაში როგორც ევროკავშირის (ბრიუსელის), ასევე ეროვნულ (წევრი სახელმწიფოების) დონეზე (European commission, 2023).

აუცილებელია სოციალური პარტნიორების ჩართვა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენენ დასაქმებასა და შრომის ბაზრებზე ევროპული სემესტრის სხვადასხვა ეტაპზე. სოციალური პარტნიორების კონსულტაციები უნდა იყოს დროული და აზრიანი, რაც შესაძლებელს გახდის  საჭირო ანალიზის გაკეთებას და შესაბამისი წინადადებების გათვალისწინებას რომლებიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღების პროცესში (BusinessEupope, 2013).

 „სოციალური პარტნიორები“ არის ტერმინი, რომელიც ზოგადად გამოიყენება ევროპაში დამსაქმებელთა ორგანიზაციების, პროფკავშირების და ზოგიერთ კონტექსტში საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ეწევიან სოციალურ დიალოგს.

„ევროპის სოციალური პარტნიორები“ ეწოდებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან ევროკავშირის დონეზე ევროპულ სოციალურ დიალოგში, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაში (TFEU) 154-ე და 155-ე მუხლებით. სოციალური პარტნიორები მთავარ როლს ასრულებენ შრომითი ურთიერთობების მართვაში და წარმოადგენენ ძირითად აქტორებს სამრეწველო ურთიერთობებში  (Eurofound, 2019).

სოციალური პარტნიორები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში , რაც გამოიხატება დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს .

ქვეყნებში, სადაც სოციალური დიალოგი კარგად არის ჩამოყალიბებული და ინდუსტრიული ურთიერთობების ინსტიტუტები ძლიერია, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა მეტად მდგრადია კრიზისულ სიტუაციებში.  ასევე, ძლიერი სოციალური დიალოგის მქონე ქვეყნები  ყველაზე კონკურენტუნარიანები არიან ევროპაში (www.etuc.org).

იმის გათვალისწინებით თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური დიალოგი და რა დადებითი სარგებელი მოაქვს მას ქვეყნის ეკონომიკაზე, დღეს გამოწვევა არის მისი როლის გაძლიერება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში (European Commission, 2016). 

სოციალური პარტნიორობა ევროკავშირში 

არსებობს სოციალური პარტნიორების მიერ განხორციელებული ევროპული დონის მოქმედების სამი განსხვავებული ფორმა: სამმხრივი კონცენტრაცია, კონსულტაცია და სოციალური დიალოგი (Bir,J.2019).

სამმხრივი შეთანხმების მთავარი არენაა სამმხრივი სოციალური სამიტი (როდესაც სოციალურ პარტნიორებს აქვთ შესაძლებლობა უშუალოდ შეხვდნენ ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს), მაკროეკონომიკური დიალოგი და ევროპული დასაქმების სტრატეგია (European Counsil 2024).

სამმხრივი სოციალური სამიტი წარმოადგენს დიალოგის ფორუმს ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის პრეზიდენტის დონეზე და ევროპელ სოციალურ პარტნიორებს შორის უმაღლეს მენეჯმენტის დონეზე.

2024 წლის 20 მარტს სამმხრივ სოციალურ სამიტზე  ბრიუსელში შეხვდნენ ევროკავშირის ლიდერები და სოციალური პარტნიორები.სოციალური სამიტის მთავარი თემა იყო „ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერი ევროპა თავისი როლის შესასრულებლად მსოფლიოში“.

ევროპული სოციალური დიალოგი გულისხმობს სოციალური პარტნიორების ორმხრივ მუშაობას, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს კომისიის მიერ ორგანიზებული ოფიციალური კონსულტაციებიდან TFEU 153-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. ორმხრივი სოციალური დიალოგი ტარდება სექტორთაშორის დონეზე ევროპის პროფკავშირების კონფედერაციასა და დამსაქმებლებს შორის. განხილულმა საკითხებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ როგორც მთლიან ინდუსტრიაზე, ასევე ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე (European Counsil, 2016).

154-ე მუხლის მიხედვით კონსულტაციები შემოიფარგლება სოციალური პარტნიორების წარმომადგენლობითი ორგანიზაციებით. ევროკავშირის სოციალური პარტნიორების ამ კონსულტაციებს შეიძლება მოჰყვეს მოლაპარაკებები და შეთანხმებები, რაც შეიძლება გახდეს ევროკავშირის კანონმდებლობა (Bir,J.2019).

ევროპელმა სოციალურმა პარტნიორებმა 2016 წლის იანვარში ერთობლივი „ძლიერი სოციალური დიალოგის ახალი დასაწყისის შესახებ დეკლარაცია “ -ს მიღებით შეძლეს კიდევ ერთი  შედეგის მიღწევა. ის სოციალურ პარტნიორებს აძლევს რიგ რეკომენდაციებს სოციალური დიალოგის ოთხ სფეროში გასაუმჯობესებლად : შესაძლებლობების განვითარება, ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავება, ევროპული ეკონომიკური მართვის პროცესი/ევროპული სემესტრი და უკეთესი რეგულირების დღის წესრიგი (European Commission, 2023).

სოციალურ პარტნიორებს ესმით მშრომელების და ბიზნესის საჭიროებები და იცავენ მათ ინტერესებს. მათი ჩართვა ევროკავშირის დონეზე ხელს უწყობს ევროკავშირის  ინიციატივებს მათი წინადადებების გათვალისწინებით. შედეგად, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და ევროპული სოციალური სტანდარტების განსაზღვრაში. სოციალურ პარტნიორებს შორის დიალოგი არა მხოლოდ გავლენას ახდენს შრომის ბაზრისა და სამუშაოს ორგანიზებაზე, ის ასევე ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და სამუშაო ადგილების სამართლიანობის უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე, ევროკომისიის ფუნქციაა სოციალური დიალოგის მხარდაჭერა და ხელშეწყობა. 

სოციალური პარტნიორობა საქართველოში 

სოციალური პარტნიორობის არსებობას საქართველოში არც ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამ მხრივ საქართველოს გამოცდილება არასისტემურობით და ეკლექტურობით ხასიათდება (ბელთაძე,ბ 2020).

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის, როგორც ინსტიტუციის ლეგიტიმაციის ამაღლებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახლდათ საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებული ცვლილება, საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 7 ოქტომბერს დაამტკიცა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულება, რომლითაც დადგენილი იქნა კომისიის ძირითადი საქმიანობა და მუშაობის პრინციპები ( matsne.gov.ge).

განისაზღვრა, რომ კომისიის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სოციალური პარტნიორობის, ასევე, ყველა დონეზე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა,

2014 წლის 12 მარტს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა კომისიის წევრები. აღნიშნული დადგენილების თანახმად, კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი .

სამმხრივ კომისიაში საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომი­სიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ:  

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,    

            შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

           მინისტრი;

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ 

           ტუ­რის მინისტრი;

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და

            სპორტის მინისტრი

გარდა ამისა, კომისიაში შედის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) - ის და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA)- ს წარმომადგენლები.

სამმხრივი კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 

  • მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;
  • სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა;
  • ნდობა და კეთილსინდისიერება;
  • კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;
  • ინფორმირებულობა;
  • ვალდებულებათა შესრულება;
  • ტრიპარტიზმი;
  • კონსენსუსი. 

შესაძლებელია სოციალური პარტნიორობა, განვითარდეს ეროვნულ, სექტორულ, ტერიტორიულ, საწარმოო და სხვა ორგანიზაციულ დონეებზე.

სამმხრივი კომისიის ფუნქციებია: 

  • ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე, წევრებს შორის შეთანხმებისა და კონსენსუსის წახალისება;
  • მთავრობასთან კონსულტაციების გამართვა შრომის, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საერთო ინტერესის მქონე საკითხების, მათ შორის, იმ რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, მინიმალურ ხელფასსა და ნებისმიერ სხვა საკითხს, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინონ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესებზე;
  • შრომით და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ სამმხრივი კომისიის წევრთათვის მნიშვნელობის მქონე ნებისმიერ სხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.“.

ზემოაღნიშნული მიმართულებებით მუშაობის გაძლიერება ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას, სოციალურ ინტეგრაციას და  ეკონომიკის ინკლუზიურ და  მდგრად განვითარებას (matsne.gov.ge). 

საერთაშორისო ვალდებულებები 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება (რომელსაც   2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი და ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს), სხვა რიგ საკითხებთან ერთად ითვალისწინებს:  

  • სოციალური პარტნიორების  მონაწილეობის გაძლიერებას და სოციალური დიალოგის ხელშეწყობას, მათ შორის, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
  • სოციალური პარტნიორების ჩართულობას ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებისა და რეფორმირების პროცესში ( matsne.gov.ge).
  • სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მეშვეობით სოციალური დიალოგის გაუმჯობესების გაგრძელება (mfa.gov.ge).

2019 წლის მაისში ძალაში შევიდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 144-ე პრიორიტეტული კონვენცია სამმხრივი კონსულტაციების შესახებ, რომელიც საქართველოს უწესებს ვალდებულებას, გამოიყენოს სოციალური დიალოგი, როგორც ინსტრუმენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური და სხვა კონვენციების იმპლემენტაციის მიზნით (www.csogeorgia.org).

ILO შრომის სტანდარტებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ეფუძნება ტრიპარტიზმის პრინციპს, რაც გულისხმობს მთავრობებს, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას. სტანდარტების დამტკიცების პროცესში სამმხრივი მიდგომის გამოყენება და ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინება უზრუნველყოფს, რომ ეს სტანდარტები ფართოდ იყოს მხარდაჭერილი (www.ilo.org).

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრები უნდა ტარდებოდეს ყოველ კვარტალში, თუმცა პრაქტიკაში ისინი იშვიათად იმართება და ძირითადად მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკის საკითხების განხილვისას. შეხვედრები ძირითადად იმართება სამუშაო ჯგუფებში, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. უფრო მეტიც, სამუშაო ჯგუფის სხდომებზე განხილული საკითხების უმეტესობა კომისიის დონეზეც კი არ არის მიტანილი (Kardava et al.,2019).

განხორციელებული ცვლილებები ქმნიდა მოლოდინებს რომ საქართველოში დაიწყებოდა სოციალური პარტნიორობის და შესაბამისად სოციალური დიალოგის ხელშეწყობისა და გაძლიერების რეალური პოლიტიკა, ამ მოლოდინებს ამყარებდა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, სადაც მნიშვნელოვანი როლი ეთმობა სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელსაც ბიძგი უნდა მიეცა სოციალური დიალოგის განვითარებისთვის არა მხოლოდ ეროვნულ, სექტორულ, რეგიონულ და საწარმოო დონეზე, არამედ, გაეფართოებინა სოციალური დიალოგის მოქმედების არეალი, რათა ის ჩამოყალიბებულიყო ერთ-ერთ ძლიერ საკონსულტაციო ინსტიტუციად შრომითი ურთიერთობების სფეროში, სოციალური პოლიტიკის შემუშავებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

 სამწუხაროდ, რეალობამ სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა და თუ არ ჩავთვლით სამმხრივი კომისიის რამდენიმე პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ამ ინსტიტუციამ ვერ შეძლო ძლიერი მექანიზმის შექმნა და გადამწყვეტი როლის მორგება, ქვეყანაში შრომის სისტემის რეფორმირებისა და დასაქმებულთა დაცვის მაღალი გარანტიების უზრუნველსაყოფად (ბელთაძე,ბ 2020).

საქართველოში შრომითი ურთიერთობები ძირითადად ინდივიდუალური და არა კოლექტიური ხელშეკრულებებით იმართება. კოლექტიური მოლაპარაკებების საკითხი, სავარაუდოდ, ყველაზე რთულია, რადგან მისი სამართლებრივი საფუძველი ძალიან სუსტია და სამმხრივი ორგანოები არ ფუნქციონირებს. 

დასკვნა

სოციალური პარტნიორების მიერ განხორციელებული სოციალური დიალოგი გადამწყვეტია ევროპაში კონკურენტუნარიანობისა და სამართლიანობის ხელშეწყობისთვის. სოციალური პარტნიორობის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ქვეყნებს აქვთ უფრო ძლიერი და სტაბილური ეკონომიკა .

საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის,  სოციალური პარტნიორობის  პოლიტიკის განვითარება უზრუნველყოფს  ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ  განვითარების, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარების, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის და გლობალურ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას.

შესაბამისად, არსებული ეროვნული პრაქტიკის საფუძველზე , უფრო ეფექტური სოციალური დიალოგისა და უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მისაღწევად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სოციალური პარტნიორების დროული და მნიშვნელოვანი ჩართულობა დასაქმების, ეკონომიკური და სოციალური  რეფორმებისა და პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, მათ შორის სოციალური პარტნიორების გაზრდილი შესაძლებლობების მხარდაჭერით.

მითუმეტეს, საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, აღებული აქვს ვალდებულება, რომ განახორციელოს სოციალური პარტნიორობის და სოციალური დიალოგის  განვითარებისთვის და მათი ეფექტიანობის გაზრდისთვის ხელშემწყობი  რეალური პოლიტიკა.

გამოყენებული ლიტერატურა 

1..Bir,J.(2019)The European social dialogue ,The future of Europe. https://www.etuc.org/sites/default/files/Chapter%204_11.pdf 

2..Consulting European social partners: Understanding how it works . Publications Office of  the European Union, 2011,Luxembourg.        

3..Declaration By The European Social Partners(2013) TRIPARTITE SOCIAL SUMMIT

    https://www.businesseurope.eu/sites/buseur/files/media/imported/2013-01319-E.pdf

    https://www.diva-portal.org/smash/get/diva2:1198176/FULLTEXT01.pdf

4.Eurofound (2019), The involvement of social partners in national policymaking, Publications Office of the European Union,

     Luxembourghttps://www.eurofound.europa.eu/en/topic/social-partners

5..European commission ,2023 https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=CELEX%3A52023DC0040

6.European Commission, 2016. A new start for Social Dialogue. Publications Office of the European Union, Luxembourg.

       https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/2d1df4a6-66ae-11e7-b2f2-01aa75ed71a1

7.European Commission (2024) COM(2024) .Council Recommendation on the economic, social, employment, structural and budgetary policies of Germany

 https://commission.europa.eu/document/ download/76974591-a57c-4eaa-8d5d-20a011009c9b_en?filename=com _2024_605_1_en.pdf

8. European council,2024. Tripartite Social Summit, 20 March 2024.

      https://www.consilium.europa.eu/en/meetings/european-council/2024/03/20/

9. Iankova, E., Turner,L. (2004)Building the New Europe: Western and eastern roads to social partnership,Journal of Industrial relations 

      35(1).  https://www.researchgate.net/publication/228288451

10.Institut der deutschen Wirtschaft Köln e. V. German Economic Institute (2018). Promoting Social Partnership in employee training

     Sweden country report. https://www.etuc.org/sites/default/files/publication/file/2018-06/SE_Country%20Report%20Sweden_final_0.pdf

11. Kardava ,E.Yarmolyuk-Kröck,K. Palihovici, L(Eds).(2019) Too Little, Too Slow. Friedrich-Ebert-Stiftung | Regional Office Dialogue

      Eastern Europe

12.Molina, O. and M. Rhodes (2002) “Corporatism: The Past, Present, and Future of a Concept”, Annual   

     Review of Political Science 5, pp.305-33.  

13. OECD (1962) Policies for Price Stability. A Report to the Economic Policy Committee by its Working Party on Costs

 

14. Ost ,D.(2000) “Illusory Corporatism in Eastern Europe: Neoliberal Tripartism and Postcommunist Class  

      Identities”, Politics and Society 28(4):pp.503-530

 

15.Negotiating a fair future: reinforcing the role of Social Dialogue (resolution). Adopted at the Executive Committee Meeting

      of 9-10 December 2020.

   https://www.etuc.org/sites/default/files/document/file/2021-02/EN-  Negotiating%20a%20fair%20future%20 reinforcing%20 the%20role%20of%20Social%20Dialogue.pdf

16. http://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_norm/---normes/documents/publication/wcms_226313.pdf 

17. https://www.etuc.org/en/document/negotiating-fair-future-reinforcing-role-social-dialogue-resolution

18. ბელთაძე,ბ (2020).სოციალური დიალოგი საქართველოში. ფრიდრიხ ებერტის ფონდი 

 19.https:// matsne.gov.ge/en/document/download/1155567/3/en/pdf 

 20. https://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_INSTRUMENT_ID:312289 

 21. http://mfa.gov.ge/Association-Agreement.aspx 

22. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2037256?publication=0 

23..  https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/601/3ff/4fd/6013ff4fd7546579963279.pdf 

24. https://komentari.ge/article/sotsialuri-dialogi-saerthashoriso-standartebi/