English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ იური ანანიაშვილი ლია თოთლაძე მამუკა ხუსკივაძე
მდგრადი ურბანიზაციის ზეგავლენა სოციალურ და ეკოლოგიურ ინდიკატორებზე: ემპირიული კვლევა საქართველოს მაგალითზე

DOI:10.52340/ekonomisti.2025.04.02

ანოტაცია. თანამედროვე სამყარო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ამ რეალობაში, ცხადია, ყველა ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს მდგრადი განვითარების შესაბამისი ტემპები. ურბანიზაცია, როგორც მრავალმხრივიფენომენი, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდგრადი განვითარების მიზნებში.  არსებითად  მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებაში მისი როლის შეფასება.

 ნაშრომში განხილულია ურბანიზაციის, როგორც სოციალური ტრანსფორმაციის არსი და მისი კავშირი  ქვეყნის განვითარების ინდიკატორებთან. გაანალიზებულია ურბანიზაციის დადებითი და უარყოფითი ეფექტები. ემპირიულ ასპექტში კი  ყურადღება გამახვილებულია ქალაქად მოსახლეობის კონცენტრაციის რაოდენობრივ ასპექტებზე  და აგებულია ზიფის მრუდი საქართველოს ქალაქებისათვის. ემპირიული მონაცემების საფუძველზე გაანალიზებულია    საქართველოს  სოციალურ და ეკოლოგიურ  ინდიკატორზე ურბანიზაციის გავლენის თავისებურება რეგიონულ ჭრილში. პანელური მონაცემებითა და  MANOVA და LMER (წრფივი შერეული ეფექტების რეგრესია) მოდელებით შევაფასეთ,  თუ როგორ ზემოქმედებს ურბანიზაცია ადამიანის განვითარებაზე, შემოსავლების განაწილებაზე, სოციალური ინდიკატორებსა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე. MANOVA-ს შედეგები მიუთითებს, რომ ურბანიზაცია დადებითად არის დაკავშირებული HDI-თან და მშპ-სთან ერთ სულ მოსახლეზე და უარყოფითად არის დაკავშირებული ჯინის კოეფიციენტთან. LMER სპეციფიკაცია, რომელიც უკეთ ითვალისწინებს დროით და რეგიონულ ჰეტეროგენულობას, ადასტურებს რეგიონული ვარიაციის მნიშვნელოვნებას .

მიღებული დასკვნები ხაზს უსვამს ურბანიზაციის მრავალმხრივ ბუნებას, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მამოძრავებელი ძალისა და გარემოზე ზემოქმედების წყაროს. კვლევა გვიჩვენებს აგრეთვე დაბალანსებული ურბანული პოლიტიკის საჭიროებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, შეამცირებს ეკოლოგიურ რისკებს და განსაზღვრავს სამომავლო კვლევის გზებს უფრო ხანგრძლივი და დეტალური მონაცემთა ნაკრებების გამოყენებით.

საკვანძო სიტყვები:  ურბანიზაცია; ეკონომეტრიკული მოდელირება; ზიფის კანონი; HDI, GNI; 

შესავალი

თანამედროვე ეპოქაში ურბანიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ ტრანსფორმაციას  და უშუალო კავშირშია ქვეყანაში  მიმდინარე  სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პროცესებთან (Liddle, B. 2017). აღსანიშნავია, რომ ეს კავშირი და შესაბამისად დამოკიდებულება არ არის ცალმხრივი. მიზეზ-შედეგობრივი კავშირები შესაძლოა სხვადასხვა მიმართულების აღმოჩნდეს. ერთი  მხრივ, ქვეყნის განვითარება განაპირობებს ურბანულ პროცესებს, მეორე მხრივ კი  ურბანიზაცია  გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაზე, სამართლიანობაზე,  ეკოლოგიაზე და ზოგადად ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან მახასიათებლებზე. მის მნიშვნელოვნებაზე მეტყველებს ისიც, რომ ურბანიზაცია, როგორც ფენომენი, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდგრადი განვითარების ნათლად და ცხადად განსაზღვრულ მიზნებში (SGI). 

2018 წელს, თავის პუბლიკაციაში „მსოფლიო ურბანიზაციის პერსპექტივების გადახედვა“ (United Nations, 2018),  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ნათლად განაცხადა, რომ მდგრადი ურბანიზაცია წარმატებული განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ურბანიზაცია გულისხმობს ადამიანთა პოპულაციის ისეთ კონცენტრაციას ცალკეულ ადგილებში, როდესაც ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში.  ეს კონცენტრაცია იწვევს მიწის ტრანსფორმაციას საცხოვრებელი, კომერციული, სამრეწველო და სატრანსპორტო მიზნებისთვის. ურბანიზაციის შედეგად მიღებული დადებითი ეფექტების  გარდა,  სწრაფმა  ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ გამოკვეთა ისეთი სოციალური პრობლემები, როგორიცაა უთანასწორობა და დისბალანსი, რაც  სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ამან საფრთხე შეუქმნა მდგრად განვითარებას, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. სწორედ ამიტომ ეს საკითხი დიდ ყურადღებას იმსახურებს.

ურბანიზაცია მრავალმხრივი მოვლენაა და შეუძლებელია მისი ცალსახად შეფასება.  განვითარებადი ქვეყნების საქალაქო არეალში მოსახლეობის დიდი რაოდენობა და მათი ზრდა არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცალსახად დადებითი მოვლენა. მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდა ზრდის სიკვდილიანობისა და დაავადებების განვითარების რისკებს. ეკოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად იცვლება სიმჭიდროვის ზრდასთან ერთად. ეკოლოგიურ სურათს ამძიმებს არა მხოლოდ ჰაერის ხარისხის გაუარესება გამონაბოლქვისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით;  სწრაფი განაშენიანება გავლენას ახდენს და იმატებს წყალდიდობების, შტორმების, მეწყერების და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა. ქალაქებში დაბალი  შობადობის მაჩვენებელი, რაც ქვეყნის დემოგრაფიულ სურათზე აისახება, გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, სოციალური უთანაბრობის ზრდა და ა. შ. ურბანიზაციის პროცესის თანამდევი ნეგატიური ეფექტებია.

დღეს მსოფლიოში არსებული ტენდენციის მიხედვით, მოსახლეობის ზრდა უმთავრესად ქალაქის მოსახლეობის ზრდას ნიშნავს.  ბევრისთვის ქალაქები ახალი შესაძლებლობებია, მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების. ქალაქებში ასევე უფრო ფართო წვდომაა განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე. და ეს ყველაფერი განაპირობებს  ქალაქის რაიონებში შობადობის მნიშვნელოვნად შემცირებას, რაც მოსახლეობის საერთო ზრდის ტრაექტორიას ცვლის. 

ლიტერატურის მიმოხილვა

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ურბანიზაცია შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული (სოციალური ინდიკატორები მოიცავს  სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას, განათლების დონეს, ინფრასტრუქტურას, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სხვა).  ურბანული ქვეყნები, შემოსავლების უფრო მაღალი დონით, ძლიერი ინსტიტუტებითა და სტაბილური ეკონომიკით გამოირჩევიან. სტაბილურობა განაპირობებს  იმას, რომ მათ შეუძლიათ გაუძლონ მსოფლიო ეკონომიკურ რყევებსაც.  საკმაოდაა კვლევები, რომლებშიც ემპირიულად დასტურდება დამოკიდებულება  ქალაქის მოსახლეობის წილის ზრდასა და   ერთ სულზე  გაანგარიშებულ შემოსავლის ზრდას შორის და ეს კორელაცია დადებითია.

ზემოთაღნიშნულს უკავშირდება ურბანული განვითარების და ურბანული მდგრადობის შესახებ ლიტერატურის შესამჩნევი ზრდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაეროს მიერ მდგრადი განვითარების მიზნებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ურბანიზაციის თემამ.  

ურბანიზაციის სოციალურ ინდიკატორებზე გავლენის შესწავლა უკავშირდება კუზნეცის სახელს. ემპირიული დაკვირვებებიდან და კვლევებიდან გამომდინარე კუზნეცმა ჩამოაყალიბა  ჰიპოთეზა,  რომ ურბანიზაციის ადრეულ ეტაპებზე შემოსავლების უთანასწორობა იზრდება, მაგრამ განვითარების შემდგომ ეტაპებზე მცირდება (Kuznets, S., 1955). შემდგომში ამ დამოკიდებულებას ურბანიზაციის კუზნეცის მრუდი  (Urban Environmental Kuznets Curve  - UEKC)  ეწოდა, ხოლო ურბანიზაცია-უთანასწორობის არაწრფივი კავშირი (იგულისხმება მრუდის ინვერსიული U  ფორმა)  კი არაერთი ემპირიული კვლევით დადასტურდა.

სტიგლიცის (Stiglitz, J. ,2009) მიხედვით სოციალური დაცვის სისტემების როლი ეკონომიკური შოკების შერბილებაში ვლინდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანულ კონტექსტში. მაღალი ურბანიზაციის დონე ზრდის შრომითი ხელშეკრულებების ფორმალიზაციას, რაც აფართოებს საპენსიო და სოციალური დაზღვევის სისტემების წვდომას. კრუგმანის (Krugman, P., 1991)  კვლევაში  ვხვდებით ახალი ეკონომიკური გეოგრაფიის მოდელს, რომელიც ხსნის აგლომერაციის ფორმირებას და მის როლს რეგიონულ უთანასწორობაში. გლეისერის  (Glaeser, E. L, 2011)  კვლევამ გამოავლინა ურბანიზაციის პოზიტიური, ფართო გავლენა განვითარებასა და ადამიანურ კაპიტალზე.   სწრაფი ურბანული ზრდა უსწრებს მუნიციპალური მომსახურების, საცხოვრებლისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარებას. ჰენდერსონმა (Henderson, V. J. (2002)  შემოგვთავაზა ურბანული სიმჭიდროვით გამოწვეული გარე ეფექტების  (მათ შორის დაბინძურების) მოდელირება.

ტ. აკიტამ (Akita, T. , 2024) შეისწავლა ურბანიზაციას და დანახარჯებს შორის უთანასწორობას  დამოკიდებულება ინდონეზიაში 1996-2018 წლების შინამეურნეობების მონაცემების გამოყენებით. კვლევამ აჩვენა,  რომ თუ ქალაქ-სოფლის შემოსავლების თანაფარდობა შედარებით მცირეა, ხოლო ქალაქ-სოფლის შემოსავლების უთანასწორობის სხვაობა შედარებით დიდია, მაშინ შემოსავლების საერთო უთანასწორობა, სავარაუდოდ, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაიზრდება ურბანიზაციის პროგრესთან ერთად.

ვიეტნამელ მეცნიერთა ერთობლივ ნაშრომში  (Ha, N.M., Le, N.D., & Trung-Kien, P. 2019)  მოყვანილი კვლევის შედეგები გვიჩვენებს რომ ურბანიზაცია შემოსავლების უთანასწორობის შემცირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გრძელვადიან პერსპექტივაში მოკლევადიან პერსპექტივაში კი აღნიშნული გავლენა უმნიშვნელოა. აქვე დადასტურებულია ურბანიზაციასა და შემოსავლების უთანასწორობას შორის ინვერსიული U-ს ფორმის დამოკიდებულების ჰიპოთეზა.

ს. სარკარმა, პ. ფიბსმა, პ. სიმპსონმა და ს. ვასკინმა (Sarkar, S., Phibbs, P., Simpson, R., & Wasnik, S. 2015) ავსტრალიის მაგალითზე შეისწავლეს დამოკიდებულება ურბანიზაციასა და  ერთ სულზე შემოსავლებს შორის. მათი კვლევის შედეგები მიუთითებს უთანასწორობის მასშტაბებზე: რაც უფრო დიდია ქალაქის მოსახლეობა, მით უფრო დიდია უთანასწორობა.

ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ შემოსავლების მზარდმა უთანასწორობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას და  გამოიწვიოს სოციალური არასტაბილურობა (Alesina & Perotti, 1996; Lu & Chen, 2006; Cheong & Wu, 2014; და სხვები, 2019).  ჩინეთის მაგალითიც ადასტურებს, რომ  განვითარების მაღალი ტემპისა და ახალი ტიპის ურბანიზაციის შედეგად გაიზარდა უთანასწორობა ქალაქსა და სოფელს შორის.  ჩინეთის საოცარ ეკონომიკურ ზრდას თან ახლდა სოფლისა და ქალაქების მაცხოვრებლებს შორის შემოსავლის უთანასწორობის პრობლემები და გარემოს დეგრადაცია (Li He, Xiaoling Zhang 2022).

სამწუხაროდ,  საქართველოში,  ურბანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების  სამეცნიერო კვლევა საკმარისი ინტენსივობით არ  მიმდინარეობს.  ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ მსოფლიო ბანკის (World Bank, 2020) კვლევა საქართველოს ურბანიზაციის გამოწვევებისა და პოლიტიკის რეკომენდაციების შესახებ, მათ შორის სოციალური მომსახურების ჩათვლით.  ასევე აღსანიშნავია კვლევა, რომელშიც განხილულია რეგიონულ ჭრილში შემოსავლების განაწილებაზე ურბანიზაციის გავლენა   საქართველოში (Totladze L., Khuskivadze M. 2024).

აღნიშნულიდან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში ურბანიზაციის, როგორც მრავალგანზომილებიანი მოვლენის შესწავლა.  

ურბანიზაციის საზომები  და შესაძლო  ეფექტები

როგორ იზომება ურბანიზაცია? ეკონომიკურ ლიტერატურაში ურბანიზაციის რამდენიმე საზომი არსებობს:

1. ურბანიზაციის დონე ქალაქის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი. ეს ფართოდ გამოყენებული საზომია და  გვიჩვენებს ქვეყნის მოსახლეობის იმ წილს,  რომელიც ცხოვრობს ქალაქის კლასიფიცირებულ რაიონებში (Bloom et al. 2010):  

                                                                                                                         (1)

სადაც, Urbanაღნიშნავს ურბანიზაციის დონეს, PUt და PRt კი გამოხატავს  შესაბამისად ურბანულ და არაურბანულ მოსახლეობის რიცხოვნობას. 

2. ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის რიცხოვნებათა თანაფარდობა:

                                                                                                                                   (2)

ეს მაჩვენებელი  ზომავს ურბანიზაციის ხარისხს: უფრო მაღალი თანაფარდობა მიუთითებს ურბანიზაციის უფრო მაღალ ხარისხზე.

3. ქალაქების ზომა - მაჩვენებელი, რომელიც ფოკუსირებულია ქვეყნის შიგნით ქალაქების აბსოლუტურ ზომაზე და გულისხმობს  გარკვეულ მოსახლეობაზე მეტის მქონე  ქალაქების რაოდენობის განხილვას ან ქალაქების საშუალო ზომის გამოთვლას.

4. ურბანიზაციის ტემპი -  ზომავს ურბანიზაციის დროში ცვლილების ხარისხს და განისაზღვრება წლიური პროცენტული  ცვლილებით ან ქალაქის მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდის ტემპით.

ზემოთ ჩამოთვლილი საზომების გარდა, ასევე განიხილება ახალი ჰარმონიზებული დეფინიცია  ურბანიზაციის ხარისხი.  ურბანიზაციის დონის მაჩვენებლისაგან განსხვავებით, რომელიც ქვეყნის მთელ მოსახლეობას ორ შემადგენლად  -  ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებად  -  ყოფს, ურბანიზაციის ხარისხი განიხილავს სამი ტიპის დასახლებას: ქალაქებს, დაბებს და სოფელს. თუმცა DEGURBA-ს მეთოდოლოგიაში ურბანიზაციის დონე“ და „ურბანიზაციის ხარისხი“ ხშირად სინონიმებადაც გამოიყენება. გაეროს სტატისტიკური კომისიის 51-ე სესიამ დეფინიცია  „ურბანიზაციის ხარისხი“ დაამტკიცა რათა გამოყოს ქალაქები, დაბები და სოფლები საერთაშორისო სტატისტიკური შედარებისთვის.  პროექტი, „გლობალური ადამიანის დასახლების ფენა“ (GHSL), აერთიანებს მაღალი გარჩევადობის სატელიტურ სურათებს ეროვნული აღწერის მონაცემებთან.   თანამედროვე განმარტების მიხედვით, განასხვავებენ:

ქალაქებს: მინიმუმ 50,000 მოსახლე პლუს მოსახლეობის სიმჭიდროვე მინიმუმ 1500 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე  ან განაშენიანების სიმჭიდროვე 50%-ზე მეტი;

დაბებს: მინიმუმ 5,000 მოსახლე პლუს მოსახლეობის სიმჭიდროვე მინიმუმ 300 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე;

სოფლები: 5,000-ზე ნაკლები მოსახლე.

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე ეტაპზე ურბანიზაცია ფასდება როგორც მრავალმხრივი მოვლენა, რომელსაც აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ეფექტები, რომლებიც პირობითად შეიძლება დავაჯგუფოთ ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ნიშნების მიხედვით.

 დადებით ეკონომიკური  ეფექტებიდან შეიძლება გამოვყოთ, მაგალითად,  შემდეგი:

- ეკონომიკური ზრდა და განვითარება. ურბანიზაციას შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და პოტენციურად გამოიწვიოს შემოსავლების ზრდა მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილისთვის.  აღსანიშნავია, რომ არაერთი ემპირიული კვლევა ასევე ადასტურებს ურბანიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულების არსებობას. ეს დამოკიდებულება, როგორც წესი,   არაწრფივია, ვინაიდან,  ურბანიზაციას აქვს ინსტიტუციური გარემოთი და შესაბამის ინფრასტრუქტურით განსაზღვრული პოტენციალი, მოახდინოს ეკონომიკური ზრდის აქსელერაცია.

- ინოვაცია და პროდუქტიულობა. ადამიანებისა და რესურსების კონცენტრაცია ურბანულ რაიონებში ხელს უწყობს ინოვაციას, მეწარმეობას და პროდუქტიულობის ზრდას. ურბანულმა ცხოვრებამ შეიძლება გამოიწვიოს რესურსების, განსაკუთრებით ენერგიისა და წყალის, უფრო ეფექტიანად გამოყენება.

უარყოფითი ეკონომიკური ეფექტების ჯგუფს  შეიძლება მივაკუთვნოთ:

- უმუშევრობის ზრდა.  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებს სამუშაო ადგილების შექმნისა და შეთავაზების მეტი შესაძლებლობა აქვთ, სწრაფმა ურბანიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობა და არასაკმარისი დასაქმება უნარებსა და ხელმისაწვდომ სამუშაო ადგილებს შორის შეუსაბამობის გამო. თავის მხრივ, როგორც წესი, კვალიფიციურ მუშახელზე მაღალი მოთხოვნა იწვევს კვალიფიციური მუშახელის ხელფასების ზრდას და პოტენციურად ზრდის უფსკრულს კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ მუშახელს შორის.

- რესურსების შეზღუდვა. ურბანულ ტერიტორიებს მოსახლეობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდებათ წყლის, ენერგიის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სახით. სწრაფმა ურბანიზაციამ შეიძლება გაზარდოს დაწოლა ამ რესურსებზე, რაც  მათ დეფიციტსა და ხარჯების ზრდას გამოიწვევს.

დადებითი სოციალური ეფექტების ჯგუფიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: 

- ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ურბანული რაიონები, როგორც წესი, უკეთეს წვდომას გვთავაზობენ აუცილებელ მომსახურებაზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს ადამიანისეული კაპიტალი და პოტენციურად გამოიწვიოს შემოსავლების ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

- კულტურული და სოციალური შესაძლებლობები. ქალაქები ხშირად გვთავაზობენ კულტურული და სოციალური გამოცდილების უფრო ფართო სპექტრს, მათ შორის მუზეუმებს, თეატრებს და მრავალფეროვან თემებს.

ურბანიზაციის უარყოფითი შედეგებიდან კი აღსანიშნავია შემდეგი.

- ჯანმრთელობის პრობლემები.  გადატვირთულობამ და არასწორმა სანიტარიამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების სწრაფ გავრცელებას;  ასევე ქალაქში ცხოვრების სტრესმა და სწრაფი ტემპის ცხოვრების წესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

- დანაშაული და ძალადობა. მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ხელს უწყობს დანაშაულის დონის ზრდას და სოციალურ არეულობას.

- გაზრდილი უთანასწორობა.  ურბანულ ტერიტორიებზე ხშირად აღინიშნება შემოსავლების უფრო დიდი უთანასწორობა სოფლის ტერიტორიებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზი  არის ის, რომ მდიდარ პირებსა და ბიზნესებს უფრო მეტად   ურბანული ტერიტორიები იზიდავს, რაც იწვევს სიმდიდრის კონცენტრაციას და პოტენციურად ამწვავებს შემოსავლების უთანასწორობას. ურბანიზაციასა და უთანასწორობას შორის დამოკიდებულების გამოვლენა და განხილვა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ,    კუზნეცის სახელს უკავშირდება. 

ეკოლოგიურ მდგომარეობაზეურბანიზაციის დადებითი და უარყოფითი გავლენა საკმარისად მრავალფეროვანია და მჭიდროდ  უკავშირდება სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს.  შეიძლება გამოვყოთ შემდეგი  ეფექტები.

ურბანიზაციით გამოწვეული სოფლის მოსახლეობის შემცირება ამსუბუქებს სოფლის მეურნეობის რესურსებსა და სოფლის ეკოლოგიაზე ზეწოლას, რაც   დადებით გარემოსდაცვით ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს.  ამავდროულად, როდესაც ქალაქის ეკონომიკური განვითარების დონე უმჯობესდება და ოპტიმიზირებულია ურბანული ეკონომიკური სტრუქტურა, დამოკიდებულება მოსახლეობას, რესურსებსა და გარემოს შორის კოორდინირებული ხდება და ეკოლოგიური უსაფრთხოების დონე იზრდება. (თოთლაძე ლ., ხუსკივაძე მ. 2023). ქალაქის მოსახლეობის მატება და სოციალური ინვესტიციების ზრდა ქალაქებში, განაპირობებს ქალაქად მაცხოვრებელთა  განათლების დონის ამაღლებას, რასაც ასევე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს ურბანულ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. 

რაც შეეხება ურბანიზაციის უარყოფით გავლენას ეკოლოგიაზე, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ურბანული ტერიტორიები, სადაც მაღალსართულიანი შენობა-ნაგებობების დიდი სიმრავლეა, ხშირად განიცდიან ჰაერისა და წყლის მაღალი დონის დაბინძურებას საგზაო მოძრაობის საცობების, სამრეწველო გამონაბოლქვის და ნარჩენების არასაკმარისი მართვის გამო.  ქალაქებში, როგორც წესი, უფრო მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიებზე შენობების, ტროტუარების და ადამიანის საქმიანობის კონცენტრაციის გამო. ეს ყველაფერი სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე (თოთლაძე ლ., ხუსკივაძე მ. 2023).

ზემოთ განხილულის  საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურბანიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მახასიათებლებს  შორის დამოკიდებულება რთულია და კონტექსტიდან გამომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ურბანიზაციამ პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს შემოსავლების უთანასწორობის ზრდა, მას ასევე შეუძლია შემოსავლების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მობილობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.  კონკრეტული  შედეგი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ურბანიზაციის ტემპზე, სამთავრობო პოლიტიკასა და ურბანული ეკონომიკის სპეციფიკურ მახასიათებლებზე. მნიშვნელოვანია რომ ურბანიზაციის  ზოგიერთი უარყოფითი ეფექტი  გარდაუვალი არ არის. ურბანული პროცესების სწორად შეფასებით, მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებით, სწორი დაგეგმვისა და მდგრადი განვითარების პრაქტიკით, ქალაქებს შეუძლიათ შეამსუბუქონ  გამოწვევები და შექმნან  საცხოვრებლად უფრო ხელსაყრელი და სამართლიანი გარემო.

 ურბანიზაცია  და   მსოფლიო:  ემპირიული ანალიზი

რამდენად ურბანულია მსოფლიო დღეს?  უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობაში - დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და ახლო აღმოსავლეთში - მოსახლეობის 80%-ზე მეტი ცხოვრობს ურბანულ რაიონებში. ეს მაჩვენებელი ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობაში - აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში - მერყეობს 50%-დან 80%-მდე, ხოლო ევროკავშირის მასშტაბით კი ურბანულ რაიონებში ცხოვრობს დაახლოებით 75%. ბევრ დაბალი და დაბალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში უმრავლესობა კვლავ სოფლად ცხოვრობს. ევროკომისიის შეფასებით, 10-დან 8 ადამიანი ამჟამად ცხოვრობს ქალაქებად და დაბებად დაყოფილ ურბანულ რაიონებში. თუმცა მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით ეს თანაფარდობები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ქალაქებზე დაფუძნებულ პატარა ერებს, როგორიცაა ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, იაპონია, პუერტო რიკო და ისრაელი, აქვთ ურბანული აგლომერაციის მაღალი მაჩვენებლები - ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში. ამერიკის უმეტეს ნაწილში მოსახლეობის 40-დან 50%-მდე ცხოვრობს დიდ ურბანულ აგლომერაციებში. ევროპის, აზიისა და აფრიკის სხვა ქვეყნების უმეტესობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10-დან 40%-მდე დიაპაზონშია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამა 1-ზე წარმოდგენილია საქართველოსა და შემოსავლების  სიდიდის მიხედვით დაჯგუფებული ქვეყნების ურბანულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის წილის დინამიკა.  გრაფიკული გამოსახულებიდან კარგად ჩანს, რომ რაც უფრო მაღალია ქვეყნის განვითარების დონე, მით  მაღალია ურბანიზაციის მაჩვენებელი. 

დიაგრამა #1

ურბანულ არეალებში დასახლებული მოსახლეობის  წილი 1960-2024 წლები

 

წყარო : https://ourworldindata.org/  

შემოსავლებთან ურბანიზაციის კავშირის კიდევ ერთ საინტერესო თვალსაჩინო ინფორმაციას შეიცავს დიაგრამა 2. იგი გვიჩვენებს მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით როგორი შესაბამისობა არსებობს ერთ სულზე გაანგარიშებულ მსპ-ის მნიშვნელობასა და ურბანიზაციის დონეს შორის.  ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ ამ ორ მაჩვენებელს შორის  დადებითი კორელაცია იკვეთება, რაც ეკონომიკურ ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრების ემპირიულ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ.

დიაგრამა #2

ურბანულ არეალებში დასახლებული მოსახლეობის  წილი და მსპ  მოსახლეობის ერთ სულზე 2022წ.

 

 

წყარო: https://ourworldindata.org/ 

ურბანიზაცია და  ქალაქების ზომა

დღეისათვის გლობალურ პრობლემათა შორის  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს  ქალაქების ზრდის რეგულირება წარმოადგენს. ურბანიზაციის არეალებში მოსახლეობის რიცხოვნობის უპრეცედენტო ზრდის მართვა განვითარებულ ქვეყნებშიც კი პრობლემატური გახდა და წარმოიშვა  ამ პროცესის გონივრულ ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობა. რამდენიმე ქვეყანაში - როგორიცაა მონღოლეთი, პარაგვაი, ურუგვაი, ლიბერია და ასევე  საქართველო -   ურბანული მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს უდიდეს ქალაქში. ეს წილი, როგორც წესი, უფრო დაბალია აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში: 30-დან 50%-მდე. ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მაჩვენებლები ძალიან ცვალებადია, 40%-ზე მეტიდან 10%-ზე ნაკლებამდე მერყეობს. ბევრ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში, უდიდესი ქალაქი, ხშირად დედაქალაქი, გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა ქალაქები (მას „ურბანულ-პრიმატული“ სქემა ეწოდება) და ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. ეს ფენომენი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ლათინურ ამერიკაში, ასევე გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში (www.Worldbank.org). დიაგრამა 3-ზე   წარმოდგენილია საქართველოსა და შემოსავლების  სიდიდის მიხედვით დაჯგუფებული ქვეყნების ურბანულ-პრიმატ  ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის წილის დინამიკა.

დიაგრამა #3.

უდიდეს ქალაქში მაცხოვრებელთა წილი 1960-2024 წ.წ.

  

წყარო : https://ourworldindata.org/

 

რთულია განისაზღვროს რამდენი უნდა იყოს ქალაქის მოსახლეობა, ანუ როგორი უნდა იყოს ქალაქებში მოსახლეობის კონცენტრაციის დასაშვები ზღვარი.  რა თქმა უნდა, ასევე რთულია განისაზღვროს ოპტიმალური პროპორცია ქალაქსა და სოფელს შორის, ქალაქად მოსახლეობის კონცენტრაციისა და აგლომერაციების ხარისხი.

ქალაქების ზომის შესახებ უაღრესად საინტერესოა ზიფის  (George Kingsley Zipf)  ემპირიული კანონი, რომელიც ინგლისელმა ლინგვისტმა ზიფმა  ემპირიული დაკვირვების საფუძველზე  გამოავლინა  ლინგვისტიკაში არსებული კანონზომიერების შესწავლისას. შემდგომში ზიფის კანონი საკმაოდ წარმატებით იქნა გამოყენებული  სოციალურ მეცნიერებებში, მათ შორის,  ეკონომიკაში.  

დღეისათვის ითვლება რომ Zipf-ის კანონი საკმაოდ უნივერსალურია და  ურბანული სისტემების შესწავლისას მკვლევარები იყენებენ მას, როგორც სახელმძღვანელოს. უნდა აღინიშნოს, რომ   უფრო ადრე ფ. აუერბახმა წამოაყენა ჰიპოთეზა  „ქვეყნის ან რეგიონის დონეზე ქალაქის ზომის  მის რანგთან ემპირიული დამოკიდებულების შესახებ“. სწორედ ამ ჰიპოთეზის საფუძველზე იქნა შემოთავაზებული ზიფის ცნობილი  კანონი:  თუ მოვახდენთ ქალაქების რანჟირებას მოსახლეობის რიცხოვნობის კლების მიხედვით, ორი ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობის თანაფარდობა მათი რანგების თანაფარდობის უკუპროპორციული იქნება. აღნიშნულის ფორმალიზაცია კი შემდეგი სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ: 

                                            

სადაც, P(r)  აარის  r რანგის ქალაქის მოსახლეობა; C - უდიდესი ქალაქის ზომა, r -  ქალაქის რანგი.

(3) წრფივი სახით შეგვიძლია ასე ჩავწეროთ:

                                    .                                                         (4)


ზიფის კანონის ინტერპრეტირება შემდეგი სახითაა შესაძლებელი: თუ ქალაქების განაწილება შეესაბამება ზიფის კანონს, მაშინ  α=1-თვის  სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლეობა უნდა შეადგენდეს ყველაზე დიდი ქალაქის მოსახლეობის ნახევარს, სიდიდით მესამე ქალაქი - უდიდესი ქალაქის მოსახლეობის ⅓ და ა. შ. ქალაქების ზომების განაწილება ახლოსაა ხარისხოვან ფუნქციასთან, რომლის ხარისხიც −1-ია. α-ს სხვადასხვა მნიშვნელობები გულისხმობს სხვადასხვა ურბანულ სისტემას:

  • α < 1 → ერთი ან  რამდენიმე ძალიან დიდი, დომინანტური ქალაქი პრიმატი (მაგ., პარიზი, სეული).  ტიპიურია განვითარებადი ან ცენტრალიზებული ქვეყნებისთვის;
  • α > 1 → ქალაქების ზომების უფრო თანაბარი განაწილება, არ არსებობს ერთი დომინანტური ქალაქი;  გავრცელებულია ფედერალურ ან დეცენტრალიზებულ სახელმწიფოებში (მაგ., გერმანია);
  • α = 1 → კლასიკური ზიფის  განაწილება, დაბალანსებული, მაგრამ იერარქიული სისტემა. ტიპიურია დიდი, განვითარებული ეკონომიკისთვის (აშშ).

ზიფის კანონის ვიზუალიზაცია შესაძლებელია გრაფიკის აგებით, თუ OX ღერძზე აღვნიშნავთ  ქალაქების რანგს (ნატურალურ ლოგარითმს), ხოლო OY ღერძზე კი ქალაქების მოსახლეობას (ნატურალურ ლოგარითმს). თუ ქალაქები შეესაბამება ზიფის კანონს,  წერტილები წრფესთან ახლოსაა,  რომლის დახრილობა ≈ −1.

დიაგრამა 4-ზე  მოცემულია კრისტელის, ბატისა და პიეტრონელოს (Cristelli, M., Batty, M. & Pietronero, L. 2012)  მიერ განხორციელებული მსოფლიოს 61 ქალაქის ემპირიული კვლევის გრაფიკული დადასტურება.

დიაგრამა #4

მსოფლიოს 61 ქალაქის ზომის განაწილება ზიფის კანონის შესაბამისად

 

წყარო: Cristelli, M., Batty, M. & Pietronero, L. (2012)

ზიფის კანონთან საქართველოსთვის ქალაქების ზომის შესაბამისობის შესწავლისათვის მოვახდინეთ 32 ქალაქის რანჟირება. შედეგად, დავადგინეთ, რომ  საქართველოს ქალაქების რანგსა და  ზომას შორის დამოკიდებულებას  დიაგრამა  #5-ზე წარმოდგენილი სახე აქვს. დიაგრამაზე მოყვანილი წირის  ანალიზი გვიჩვენებს,   რომ საქართველოს შემთხვევა ნაწილობრივ შესაბამისობაშია ზემოთ აღწერილ ზიფის კანონთან. გამონაკლისად შეგვიძლია ჩავთვალოთ თბილისი, რომლის მოსახლეობაც რამდენჯერმე აღემატება სხვა ქალაქების მოსახლეობის რიცხოვნობას. შედარებისთვის  აღვნიშნავთ, რომ ამჟამად  თბილისში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, ბათუმის, მოსახლეობა შვიდჯერ ნაკლებია დედაქალაქის მოსახლეობაზე.   მარტივი გაანგარიშებით დგინდება, რომ საქართველოში ქალაქების ზომა და რანგი  ზიფის მრუდის შესაბამის დამოკიდებულებაში რომ იყოს, თბილისის მოსახლეობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით  500 000 – 600 000  ადამიანს.  

დიაგრამა #5. 

 წყარო: გრაფიკი აგებულია ავტორების მიერ www.geostat.ge მონაცემების მიხედვით  და მოიცავს საქართველოს 32 ქალაქს.

 

ურბანიზაცია და საქართველო : მოდელირება და რაოდენობრივი კვლევის შედეგები

საქსტატის ბოლო წლების მაჩვენებლების თანახმად, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნების შემცირების ტენდენციას აქვს ადგილი.   ამის მიუხედავად,  ქვეყანაში ურბანიზაციის დონე ზრდის დადებითი ტემპით გამოირჩევა.  დიაგრამა  6-ზე ნაჩვენებია როგორ იცვლებოდა  დაახლოებით ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ურბანიზაციის დონე საქართველოში. ბუნებრივია, ამ ცვლილებას თან ახლდა შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტები, რომელთა გამოვლენა და თავისებურებების შეწავლა ჩვენი კვლევის  ერთ-ერთი ამოცანაა.  უფრო კონკრეტულად, ეკონომიკურ ლიტერატურაში გავრცელებული თეორიული მოსაზრებებისა და განხორციელებული ემპირიული კვლევების გათვალისწინებით, შევეცადეთ, შეგვესწავლა  საქართველოს  სოციალურ და ეკოლოგიურ ზოგიერთ ინდიკატორზე ურბანიზაციის გავლენის თავისებურება რეგიონულ ჭრილში. ამ მიზნით განვიხილეთ თბილისი და 10 რეგიონი. თითოეულ მათგანში  ურბანიზაციის არსებული დონის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას იძლევა  დიაგრამა 7 , რომლის თანახმადაც ურბანიზაციის შედარებით მაღალი დონეა ქალაქ თბილისში და აჭარაში, ასევე იმერეთში.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ თუ როგორ ზემოქმედებდა ურბანიზაცია ცალკეულ სოციალურ და ეკოლოგიურ ინდიკატორებზე, მის გასარკვევად მივმართეთ რაოდენობრივი ანალიზის მეთოდებს, კერძოდ კი ეკონომეტრიკული მოდელებს.   ამ უკანასკნელთა ასაგებად და შესაფასებლად  გამოყენებული ცვლადების შესახებ საჭირო  ინფორმაციის ზოგადი ჩამონათვალი  მოცემულია ცხრილ 1-ში. როგორც ვხედავთ, წარმოდგენილი  ინფორმაცია ძირითადად 2006-2023 წლებს ეხება  და,  11 რეგიონის სოციალურ და ეკოლოგიური  ცვლადთან ერთად, მოიცავს რამდენიმე ისეთ ცვლადს (HDI-ადამიანური განვითარების ინდექსი, ჯინის ინდექსი, ურბანიზაციის დონე), რომლიც ქვეყნის დონეზეა გაანგარიშებული. 

დიაგრამა #6. 

წყარო: ურბანიზაციის დონე გაანგარიშებულია  ავტორთა მიერ (1) ფორმულის გამოყენებით  საქართველოს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  www.geostat.geმონაცემებზე დაყრდნობით. 

დიაგრამა  #7

 

წყარო: ურბანიზაციის დონე გაანგარიშებულია  ავტორთა მიერ (1) ფორმულის გამოყენებით  საქართველოს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

სოციალურ და ეკოლოგიურ ინდიკატორებზე ურბანიზაციის ზეგავლენის შეფასებისათვის გამოვიყენეთ მრავლობითი დისპერსიული ანალიზი - MANOVA (Multivariate Analysis of Variance). იგი წარმოადგენს სტანდარტული  დისპერსიული ანალიზის გაფართოებას და  საშუალებას იძლევა ერთდროულად შემოწმდეს ერთი დამოუკიდებელი ცვლადის გავლენა მრავალ დამოკიდებულ ცვლადზე. მოდელირების შედეგები საშუალებას მოგვცემს  პასუხი გავცეთ კითხვას: არსებობს თუ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება საქართველოს რეგიონებს შორის (როგორც ჯგუფებს შორის) სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით (ხელფასი, პენსია, სოციალური დახმარება, განათლება, ურბანიზაცია)? ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც  დამოკიდებული ცვლადები ერთმანეთთან მჭიდრო კორელაციაშია (რასაც რეალურადაც აქვს ადგილი ჩვენს შემთხვევაში ).

ცხრილი  #1[1]

ინდიკატორი

წლები

 ობიექტი

ცვლადის შინაარსი

მეშ 1 სულზე  GNIpc

2006-2023

რეგიონების მიხედვით

 სოციალური

ჰაერის დაბინძურება

2015-2023

რეგიონების მიხედვით

ეკოლოგიური

პენსიები

2006-2024

რეგიონების მიხედვით

სოციალური

ხელფასები

2006-2023

რეგიონების მიხედვით

სოციალური

სოციალური დახმარებები

2006-2023

რეგიონების მიხედვით

სოციალური

HDI

2006 - 2023

ქვეყნის მიხედვით

სოციალური

ჯინის ინდექსი

2006 - 2024

ქვეყნისმიხედვით

სოციალური

ურბანიზაციის დონე

2006 -2025

ქვეყნისმიხედვით

 

ურბანიზაციის დონე

2000 - 2024

რეგიონების მიხედვით

 

საქართველოს 2006-2023 წლების სტატისტიკურ მონაცემების საფუძველზე აგებული  მატრიცის (დიაგრამა #8) დიაგონალის ქვედა სამკუთხედში მოცემულია წყვილ-წყვილად აგებული გაბნევის დიაგრამები, ხოლო ზედა სამკუთხედში  კორელაციის კოეფიციენტები. ამ უკანასკნელთა მნიშვნელობები გვიჩვენებს, რომ  ურბანიზაციის დონე, რომელიც, ამ შემთხვევაში ამხსნელ ცვლადად განიხილება, დადებით კორელაციაშია HDI-თან და ერთ სულზე გაანგარიშებულ მეშ-თან. რაც შეეხება ჯინის კოეფიციენტს, ვხედავთ, რომ მასთან კორელაცია უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ  საქართველოში ურბანიზაციის დონის ზრდა ამცირებს  შემოსავლების უთანასწორობას.

დიაგრამა #8.

MANOVA ანალიზის სწორად განხორციელებისთვის საჭიროა, რომ დამოუკიდებელი ცვლადი იყოს კატეგორიული (თვისებრივი). ამ მიზნით ურბანიზაციის დონე, რომელიც რაოდენობრივი ცვლადია, უნდა ვაქციოთ კატეგორიულად,  მაგალითად, შემდეგი წესის მიხედვით: თუ ურბანიზაციის დონე აღემატება საშუალო მნიშვნელობას, მაშინ ურბანიზაციის დონეს მიენიჭოს კატეგორია „მაღალი“ (High), სხვა შემთხვევაში მიენიჭოს კატეგორია „დაბალი“ (Low).

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც MANOVA ანალიზის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული არის ის, რომ  შეფასებისას გამოყენებული დამოკიდებული ცვლადების მონაცემები იყოს ნორმალურად განაწილებული. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი არის ნორმალურობის შემოწმება. ვინაიდან საქმე გვაქვს შედარებით მცირე მოცულობის შერჩევასთან, ნორმალურობის შემოწმებისთვის  შეიძლება გამოვიყენოთ  შაპირო-უილკის ტესტი. ტესტის შემოწმების შედეგების მიხედვით (იხ. ცხრილი 2), 1%-იანი მნიშვნელოვნების დონისთვის ვერ უარვყოფთ ნულოვან ჰიპოთეზას განაწილების ნორმალურობის შესახებ (თითოეულ შემთხვევაში p-value მეტია 0.01-ზე).  მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენს მიერ განსახილველი მონაცემები (დამოკიდებული ცვლადები) ნორმალურად არის განაწილებული.

ცხრილი #2

შაპირო-უილკის ტესტის შედეგები

Variable

Urban level

Statistic

p-value

n

HDI

Low

0.923

0.3827

10

HDI

High

0.9712

0.9075

8

GNIpc

Low

0.9303

0.4509

10

GNIpc

High

0.9679

0.8808

8

Gini

Low

0.8116

0.0201

10

Gini

High

0.9085

0.3433

8

მას შემდეგ რაც დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები აკმაყოფილებს MANOVA მოდელის დაშვებებს, ჩამოვაყალიბეთ ნულოვანი ჰიპოთეზა - სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ვექტორი რეგიონების მიხედვით ჰომოგენურია - და მოვახდინეთ მოდელის რეალიზაცია. მიღებული შედეგის მართებულების შესამოწმებლად გამოვიყენეთ Wilks\\\\\\\\\\' Lambda ტესტი, რომელსაც ხშირად მიმართავენ მცირე მოცულობის შერჩევის პირობებში.  შეფასების შედეგმა გვიჩვენა, რომ   Wilks  = 0.3122  (იხ. ცხრილი 3).  ტესტის  ამ მნიშვნელობის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰიპოთეზა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ვექტორის  რეგიონული ჰომოგენურობის შესახებ სტატისტიკურად  უარყოფილია.   საქმე ისაა, რომ ეს მაჩვენებელი ზოგადად  0-დან 1-მდე იცვლება და რაც ახლოსაა იგი 0-თან, მით უფრო დიდია ჯგუფებს შორის განსხვავება. სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ვექტორის ჰეტეროგენულობაზე მიუთითებს  ასევე  ცხრილი 3-ში მოცემული  Wilks\\\\\\\\\\' Lambda ტესტის F სტატისტიკა და მისი შესაბამისი Pr(>F), რომელიც  აღემატება კრიტიკულ წერტილს 1%-იანი მნიშვნელოვნების დონისთვის.

ცხრილი #3

MANOVA ანალიზის შედეგები

Variable

Df

Wilks

F

num Df

den Df

Pr(>F)

Urban_Level

1

0.3122

10.28

3

14

0.0008

აღსანიშნავია, რომ MANOVA ანალიზმა არამარტო დაადასტურა ხელფასის, პენსიების და სოციალური დახმარებების ვექტორის სტატისტიკურად  მნიშვნელოვანი  ჰეტეროგენურობა  საქართველოს 11 რეგიონის  მიხედვით; მან ასევე აჩვენა, რომ  ურბანიზაციის დონე სამივე აღნიშნულ ცვლადზე დიდ გავლენას ახდენს. კორელაციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ურბანიზაციის მაღალი დონე ასოცირდება უფრო მაღალ HDI-თან, უფრო მაღალ GNIpc-თან და უფრო დაბალ ჯინის კოეფიციენტთან.

სოციალურ და ეკოლოგიურ მაჩვენებლებზე ურბანიზაციის გავლენის რეგიონული და დროში  განსხვავებების  შესაფასებლად გამოვიყენეთ კიდევ ერთი ინსტრუმენტი - წრფივი შერეული ეფექტების რეგრესია (LMER – Linear Mixed Effects Regression), რომელიც წარმოადგენს წრფივი რეგრესიის მოდელის გაფართოებას შემთხვევისათვის, როცა შეგროვებული მონაცემები ჯგუფებად (ჩვენს შემთხვევაში - რეგიონებად) შეიძლება დაიყოს. ეს მოდელი  შედგება ორი ნაწილისაგან: ფიქსირებული ეფექტებისაგან და შემთხვევითი ეფექტებისაგან. ჩვენი კონკრეტული სიტუაციისათვის LMER მოდელის ზოგად ჩანაწერს შემდეგი სახე აქვს:                                                                                          

სადაც Yμ არის i რეგიონისა და t პერიოდის შედეგობრივი  ცვლადი (მაგ. სოციალური ინდიკატორი); Urbanizacionit - i რეგიონისა და t პერიოდის ურბანიზაციის დონის მაჩვენებელი; β1 -კოეფიციენტი განსაზღვრავს სხვა თანაბარ პირობებში რამდენად ცვლის სოციალურ ინდიკატორს ურბანიზაციის დონის ერთეულოვანი  ცვლილება; α1 - i რეგიონის ცვლადი, რომელიც აკონტროლებს რეგიონის უცვლელ მახასიათებლებს (გეოგრაფია, კულტურა, ძველი ინდუსტრიული მემკვიდრეობა), მაგრამ დამოკიდებული არ არის დროზე; Year - დროითი ტრენდის აღმნიშვნელია; n და T შესაბამისად რეგიონებისა და დროის პერიოდების  რაოდენობას გამოსახავს; εμ - რეგრესიის შეცდომის  შემთხვევითი წევრია.

ფიქსირებულ ეფექტს (5)-ში შეესაბამება განტოლების (βUrbanizationμ ) ნაწილი,  რომელიც განსაზღვრავს ურბანიზაციის დონის საშუალო წვლილს კონკრეტული შედეგობრივი ცვლადის ჩამოყალიბებაში მთელი საქართველოს მასშტაბით. შემთხვევითი ეფექტის როლში კი განვიხილავთ შედეგობრივი ცვლადის αi  და YeartY ნაწილების ჯამს , რომლებიც რეგიონებთან  და   დროსთან დაკავშირებული ნიუანსებით არის განსაზღვრული.  

ჩვენს კვლევაში (5) მოდელის ოთხი ვარიანტი შევაფასეთ. სამ მათგანში ასახსნელ (დამოკიდებულ)  ცვლადებად განვიხილეთ ისეთი სოციალური ინდიკატორები, როგორიცაა ხელფასი, პენსიები და  სოციალური დახმარებები, მეოთხეში კი ასახსნელ ანუ დამოკიდებულ ცვლადად წამოდგენილია ეკოლოგიური ინდიკატორი - ჰაერის დაბინძურების დონე.  ამასთან, პირველ სამ ვარიანტში გამოყენებული მონაცემები შეესაბამება საქართველოს 11 რეგიონსა და 2006-2023 წლების პერიოდს, მეოთხეში კი  - 11 რეგიონსა და 2015-2023 წლების პერიოდს. აღნიშნული მოდელების შეფასების შედეგები წარმოდგენილია ცხრილ 4-ში, სადაც  მოდელის თითოეული  ვარიანტისთვის ერთმანეთისგან გამიჯნულია ფიქსირებული და შემთხვევითი ეფექტების მნიშვნელობები.

ცხრილი 4-ის თანახმად, ხელფასის მოდელის განტოლების შემთხვევით ეფექტებში   დროითი პერიოდი ხსნის ხელფასის ვარიაციის უფრო დიდ წილს, ვიდრე რეგიონული ფაქტორი. რაც შეეხება ფიქსირებულ ეფექტს,  შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ  განტოლების მუდმივი წევრი,  761.32 ლარი, არის  ურბანიზაცის ნულოვანი დონის  შესაბამისი საშუალო ხელფასი (გასაშუალოებული დროისა და რეგიონის მიხედვით), ხოლო კოეფიციენტი  267.3036 გამოსახავს ხელფასის იმ ნაზრდს, რომლის მიღებაც ხდება, სხვა თანაბარ პირობებში, ურბანიზაციის დონის ყოველი დამატებითი ერთეულიდან. ცხრილის მიხედვით, ეს კოეფიციენტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია არ არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ურბანიზაციის დონე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ხელფასზე დროისა და რეგიონების ჭრილში.

ცხრილი #4

წრფივი შერეული ეფექტების რეგრესიების  შედეგები 

ასახსნელი ცვლადი

შემთხვევითი ეფექტები

ფიქსირებული ეფეტები

 

Group

Var

Std.Dev

Variable

Estimate

Std. Error

t value

 

ხელფასი

time

 

91687.492

302.7994

Intercept

761.3226

126.8267

6.0029

 

region

 

36000.659

189.7384

 

urban

267.3036

178.1782

1.5

 

Residual

5423.293

73.643

 

პენსიები

time

 

0.0028

0.0531

Intercept

10.7117

0.2579

41.5311

 

region

 

0.6918

0.8318

 

urban

0.242

0.1373

1.7622

 

Residual

0.002

 

0.0448

 

სოციალური დახმარება

time

 

0.0004

0.0188

Intercept

9.1197

0.2633

34.6366

 

region

 

0.7349

0.8573

 

urban

0.4854

0.1172

4.1419

 

Residual

0.0017

 

0.0407

 

ჰაერის დაბინძურების ხარისხი

time

 

5.3572

2.3146

Intercept

2.422

1.1219

2.1589

 

region

 

0.0167

0.1291

 

urban

0.7095

2.0871

0.34

 

Residual

0.3702

 

0.6084

 


პენსიებისა და სოციალური დახმარებების განტოლებებში, წინა განტოლებისაგან განსხვავებით, შემთხვევით ეფექტებთან დაკავშირებით რამდენადმე განსხვავებული მდგომარეობა შეინიშნება. ორივე მათგანში რეგიონული არადაკვირვებადი  ფაქტორი შედეგობრივი ცვლადის ვარიაციის უფრო დიდ წილს ხსნის,  ვიდრე დროითი არადაკვირვებადი ფაქტორი. თუმცა, ფიქსირებულ ეფექტებში, ხელფასის განტოლების მსგავსად,  ურბანიზაციის გავლენა როგორც  საპენსიო ფონდზე ასევე სოციალური დახმარებების ფონდზე  დადებითია.   უფრო კონკრეტულად, ცხრილი 4-დან გამომდინარეობს, რომ ურბანიზაციის დონის მცირე ერთეულით ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში,  განაპირობებს საპენსიო ფონდის დაახლოებით 24%-იან, ხოლო სოციალური დახმარების ფონდის  დაახლოებით 48,5%-იან ზრდას[2].  წმნიდა ეკონომიკური თვალსაზრისით ლოგიკურია, რომ ურბანიზაციის დონის ზრდამ, რასაც პარალელურად თან ახლავს ურბანულ ერთეულებში მოსახლეობის რიცხოვნების ზრდა, უნდა გამოიწვიოს როგორც საპენსიო ფონდის ასევე  დახმარებების ფონდის ზრდა. თუმცა წინა განტოლების მსგავსად, საპენსიო ფონდის განტოლებაში ურბანიზაცია სტატისტიკურად არამნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება 1%-იანი და 5%-იანი მნიშვნელოვნების დონისთვის. სამაგიეროდ, სოციალური დახმარებების ფონდის განტოლებისათვის ურბანიზაციის დონე, შეძლება ითქვას,  როგორც სტატისტიკურად ასევე ეკონომიკურად  ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რაც ლოგიკურია.               

საქართველოში ურბანიზაციის ეკოლოგიური ეფექტის  შეფასებისათვის  წრფივი შერეული ეფექტების რეგრესიაში ეკოლოგიურ ინდიკატორად განვიხილეთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი რეგიონებისა და დროის მიხედვით. ცხრილ 4-ში წარმოდგენილ ჰაერის დაბინძურების  განტოლების  შემთხვევითი ეფექტების  მიხედვით გამოდის,  რომ რეგიონი უფრო დიდ გავლენას ახდენს ეკოლოგიურ ფაქტორზე, ვიდრე დრო.  თავის მხრივ, განტოლების ფიქსირებული ეფექტების ნაწილში წამოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ურბანიზაციის ზრდა განაპირობებს ატმოსფერულ ჰაერში დაბინძურების ზრდას, მაგრამ  ეს ზრდა სტატისტიკურად არამნიშვნელოვანია.  შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი შედეგი მცირე შერჩევის მიზეზით არის გამოწვეული. როგორც უკვე  აღვნიშნეთ  ზემოთ, ამ მოდელის შეფასებისას ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 2015-2023 წლების მონაცემები, რაც, პანელური მოდელების შემთხვევაშიც კი, საკმარისი არ არის  საიმედო დასკვნების გასაკეთებლად. აქვე  ხაზგასასმელია, რომ ზოგჯერ ეკონომიკური მნიშვნელოვნება წინააღმდეგობაშია სტატისტიკურ მნიშვნელოვნებასთან და, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა უნდა  მივანიჭოთ ეკონომიკურ ლოგიკას. ჩვენი აზრით ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.  ლოგიკურია  ის ფაქტი, რომ ურბანიზაციის ზრდასთან ერთად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაც გაიზრდება. 

დასკვნა

ურბანიზაციას მდგრადი განვითარების მიზნებში განსაკუთრებული ადგილი უკავია. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ურბანიზაცია შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. ურბანული ქვეყნები გამოირჩევიან შემოსავლების უფრო მაღალი დონით, ძლიერი ინსტიტუტებითა და სტაბილური ეკონომიკით და შესწევთ უნარი, გაუძლონ მსოფლიო ეკონომიკურ რყევებს.

ამავდროულად, გლობალურ პრობლემათა შორის უმწვავეს პრობლემას ქალაქთა ზრდის რეგულირება წარმოადგენს. პრობლემის აქტუალურობა განპირობებულია ურბანიზაციის, როგორც ფენომენის, მრავალმხრივობით. მას დადებით ეფექტებთან ერთად თან ახლავს ნეგატიური გავლინებებიც, რაც უმთავრესად უკავშირდება ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებას  მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდა იწვევს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, დაავადებათა ზრდას და ა. შ.

MANOVA მოდელირების შედეგების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ რეგიონული ვარიაცია დომინანტურია, რაც ადასტურებს თბილისსა და დანარჩენ რეგიონებს შორის უზარმაზარ სტრუქტურული განსხვავებას. ნაწილობრივ ამასვე  ადასტურებს აგრეთვე LMER  მოდელირების შედეგები.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მეორე დონის ურბანული ცენტრების გაძლიერება: ეკონომიკური ზრდის პოტენციალის მქონე რეგიონულ დედაქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) მიზნობრივი ინვესტიციების განხორციელება „შემწოვი ძალის“ (აგლომერაციის ეფექტები, Agglomeration Economies) გასავითარებლად თბილისის გარეთ. ამგვარი სტრატეგია არსებითად შეამცირებს თბილისის ეკონომიკური პრიმატის როლს და ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების დაბალანსებას.

მოდელირების შედეგების მიხედვით, საქართველოში ურბანიზაციის დონესა და ჯინის კოეფიციენტს შორის უკუპროპორციული დამოკიდებულება არსებობს. სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ  საქართველოში ურბანიზაციის დონის ზრდა ამცირებს  შემოსავლების უთანასწორობას.

ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში ურბანიზაციის ზრდა დადებითად აისახება ადამიანური განვითარების ინდექსზე  (HDI-ზე), ხელფასზე, საპენსიო ფონდზე და სოციალური დახმარებების ფონდზე. ამ კონტექსტში, უნივერსიტეტებისა და ბიზნესის კლასტერული ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია. ეს ხელს შეუწყობს უმაღლესი სასწავლებლებისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობას  ურბანულ ცენტრებში და გააძლიერებს ინოვაციების გავრცელებას და ადამიანისეული კაპიტალის აკუმულირების ეფექტს.

გარემოსდაცვითი კუთხით, მუნიციპალური ელექტროტრანსპორტის სუბსიდირება და ქალაქის ცენტრების სატრანსპორტო დატვირთვისაგან განტვირთვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ცენტრალურ უბნებში ემისიების შემცირებისკენ. ასევე, ურბანული ტყეებისა და პარკების ქსელის განვითარება არსებითად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების ეფექტს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მაჩვენებლებს. 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

Akita, T. (2024). The impact of urbanization on expenditure inequality in Indonesia: Evidence from household-level data, 1996–2018. Journal of the Asia Pacific Economy.

Cristelli, M., Batty, M. & Pietronero, L. (2012). There is More than a Power Law in Zipf. Sci Rep 2, 812 . https://doi.org/10.1038/srep00812;

Henderson, V. J. (2002). Urban primacy, external costs, and quality of life. Resource and Energy Economics, 24(1-2), 195–215.

Glaeser, E. L. (2011). Triumph of the City: How Our Greatest Invention Makes Us Richer, Smarter, Greener, Healthier, and Happier. Penguin Press.

Krugman, P. (1991). Increasing returns and economic geography. Journal of Political Economy, 99(3), 483–499.

Kuznets, S. (1955). Economic growth and income inequality. The American Economic Review, 45(1), 1–28.

Li He, Xiaoling Zhang (2022). The distribution effect of urbanization: Theoretical deduction and evidence from China. Habitat International. 123.  doi.org/10.1016/j.habitatint.2022.102544;   

Xavier Gabaix (1999). Zipf\\\\\\\\\\'s Law for Cities: An Explanation.   The Quarterly Journal of Economics, Oxford University Press. Vol. 114, No. 3, pp. 739-767;

Liddle, B. (2017). The Urbanization, Development, Environment, and Inequality Nexus: Stylized Facts and Empirical Relationships. ADBI Working Paper 788. Tokyo. https://www.adb.org/publications/urbanizationdevelopment-environment-and-inequality-nexus;

Nguyen Minh Ha, Nguyen Dang Le, Pham Trung-Kien (2019). The Impact of Urbanization on Income Inequality: A Study in Vietnam. J. Risk Financial Management,  12, 146; doi:10.3390/jrfm12030146; 

 Simpson, R., & Wasnik, S. (2015). The scaling of income inequality in cities. arXiv Preprint arXiv:1509.00959.

Stiglitz, J. (2009). The global crisis, social protection, and jobs. International Labour Review, 148(1–2), 1–2.

Totladze L., Khuskivadze M. (2022). The Impact of Human Capital and Innovation Determinants on Economic Growth: Evidence from Georgia.  International Journal of Business & Management Studies. ISSN 2694-1430 (Print), 2694-1449 (Online) Volume 03; Issue no 09: September,  p. 28-33 https://doi.org/10.56734/ijbms.v3n9a4;  

Totladze L. (2020). Government Expenditure on Education and R&D as a Factor of Human Capital and its Impact on Economic Growth.  საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი. „ეკონომისტი“,  2020, #2. ISSN 1987-6890  https://doi.org/10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.02.TOTLADZE ;

Totladze L., Khuskivadze M. (2024). THE IMPACT OF URBANIZATION ON INCOME DISTRIBUTION: A STUDY OF GEORGIA.  International Journal of Innovative Technologies in Economy, p-ISSN 2412-8368, 3(47) 2024;  DOI:  10.31435/rsglobal_ijite/30092024/8207 https://rsglobal.pl/index.php/ijite/article/view/2815;

United Nations, Department of Economic and Social Affairs, Population Division. (2018). World Urbanization Prospects: The 2018 Revision (ST/ESA/SER.A/420). New York: United Nations;

World Bank. (2020). Reshaping Urbanization in Georgia: Sustainable and Inclusive Growth. The World Bank Group.



[1] მონაცემების მომზადებასა და გაანგარიშებებში მონაწილეობა მიიღეს დოქტორანტებმა გ. კოხრეიძემ და ი. გახარიამ.

[2] ასეთი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ პენსიებისა და სოციალური დახმარებების განტოლებებში დამოკიდებული ცვლადები ლოგარითმებშია გამოსახული.