ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
ქეთევან ჭიაბრიშვილი ∘
რუსუდან დალაქიშვილი ∘
შალვა კვეზერელი ∘
ეკონომიკური უსაფრთხოება გლობალიზაციის პირობებში - ახალი გამოწვევები და თანამედროვე ხედვები DOI:10.52340/ekonomisti.2025.04.07 ანოტაცია. სახელმწიფოებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, მათი დამოკიდებულებების ზოგადი ხასიათის ამსახველია და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების, როგორც პოლიტიკური კონცეფციის გაცნობიერებას ემსახურება. გლობალიზაციის უწყვეტი პროცესი, რომელიც საერთაშორისო პოლიტ-ეკონომიკურგარემოს სხვადასხვა კონცეპტუალური შეხედულებებით აყალიბებს, ეკონომიკური უსაფრთხოებისა ხლებურად განმარტებას მოითხოვს. სტატიის მიზანია ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე გლობალიზაციის გავლენის იდენტიფიცირება - ანალიზი და მოცემულ კონტექსტში ახალი მიდგომების გამოვლენა. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური უსაფრთხოება; გლობალიზაცია; სახელმწიფო; საზოგადოება; ბაზრები შესავალი მსოფლიოს ქვეყნების პოლიტ-ეკონომიკური განვითარების ციკლები ბოლო ათწლეულში დინამიურად ცვალებადია, რამაც აქტუალური გახადა გლობალურ ეკონომიკურ ასპარეზზე, მათი მხრიდან ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტია და მისი უზრუნველყოფა. ამავდროულად, ახალ გარემოში ეკონომიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, აღნიშნული მოვლენები პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიების ხელშემწყობ ფაქტორად იქცა. ბუნებრივია, რომ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ინტერესის გაღრმავებამ, მისი ხელახალი განმარტებაც მოითხოვა. ეკონომიკური უსაფრთხოების ახალი განსაზღვრება საჭიროა მოიცავდეს გლობალიზაციის მიზეზშედეგობრივ კავშირებს და აყალიბებდეს მკაფიო კრიტერიუმებს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ (Kahler, 2005, გვ. 23). დღეს, სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური ურთიერთობები, მათი ურთიერთდამოკიდებულებების ზოგადი ხასიათის განმსაზღვრელია. თანამედ-როვე გარემოში, კონფლიქტები ხდება არა გარკვეული იდეოლოგიებისა და სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, არამედ, არსებული რესურსების კონტროლისა და ახალი რესურსების მოსაპოვებლად. აღნიშნული მოვლენები ეხება იმ ტერიტორიებს, რომელიც მდიდარია ბუნებრივი და საბაზრო-სატრანზიტო რესურსებით (რენერი, 2002, გვ. 10). ეკონომიკური უსაფრთხოება დღეს, სახელმწიფოს ხელშემწყობი ინსტრუმენტების შემადგენელი ნაწილი და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისა და გავლენის საშუალებაა. (Kahler, 2005, გვ. 23-24). საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარები, ხშირად ვერ აღწევენ თეორიულ შეთანხმებას ეკონომიკური ძალაუფლების მნიშვნელობისა და სარგებლობის განსაზღვრის შესახებ; მათ შორის, რიგი თეორეტიკოსები ეკონომიკური ძალაუფლების როლს სკეპტიკურად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ იგი ნაკლებად ეფექტიანია საერთაშორისო ურთიერთობების რეგულირებაში. ნეოლიბერალური კონცეფციის წარმომადგენლები კი, მათ მოსაზრებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნების გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ფასების ზრდის პირობებში სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ურთიერთობათა სტაბილურობის შენარჩუნებაში. ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდა ქმნის იძულებითი, თუმცა არაძალადობრივი პოლიტიკის გამოყენების ახალ შესაძლებლობებს. ამავე დროს, აღნიშნული პროცესები შესაძლოა სუსტ და ძლიერ ქვეყნებს შორის განსხვავებებმა გაამწვავოს. გლობალიზაციის პირობებში, გლობალური ეკონომიკისკენ სწრაფვა საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის ნაკადების მართვას განსაზღვრავს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს, ეკონომიკის ინტეგრაციას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ცალსახად გავლენას ახდენს მის სამხედრო შესაძლებლობებსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე (Posen and Tarullo, 2005). ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული პერსპექტივები ბოლდუინის (1997) მოსაზრებებიდან წარმოიშვა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების კონცეფცია არ არის ცალსახა და დამატებით განმარტებებს საჭიროებს. მისი განსაზღვრა ხშირად სადავო, პოლიტიკური გავლენის კონტექსტში ხდება, რასაც პოსტკაპიტალისტურ სისტემაში ხშირად ეჭვის თანხლებით განიხილავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზრის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად აგენტების ნდობა აუცილებელია. (ILO, 2004). ბუზანის (1998, გვ. 95) აზრით, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები აქტიურად განიხილება დებატებში, რომლებიც ანარქიულ პოლიტიკურ სტრუქტურასა და ბაზრის ეკონომიკის ურთიერთქმედებას ეხება. ამგვარი დისკუსიები მოიცავს, როგორც სახელმწიფოების, ისე საზოგადოების პოზიციებს ბაზრებთან მიმართებაში, აგრეთვე იმ განპირობებულობებს, როდესაც ცალკეული ეკონომიკური აქტორები ბაზრის პირობების განსაზღვრას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ (ჰაუსი, 2008, გვ. 108-111). მსოფლიო ეკონომიკის შესასწავლად, ეკონომიკური უსაფრთხოების ზრდის იდეოლოგიურ სისტემაში, ჰაუსი სამ ძირითად მიდგომას გამოყოფს. ლიბერალური თვალსაზრისი მხარს უჭერს გლობალიზაციის გაძლიერებას, მაშინ როცა მერკანტილისტური ხედვა ნაკლებ გლობალიზაციას ემხრობა. მარქსისტული მიდგომა კი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება მხოლოდ მსოფლიო მასშტაბების რადიკალური ცვლილებებით მიიღწევა. ჰაუსი (2008, გვ. 108-111) ეკონომიკური უსაფრთხოების თემა მუდმივად განხილვის საგანია და დღეს მასში ლიბერალური დღის წესრიგი დომინირებს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვაჭრობის, წარმოებისა და ფინანსების სფეროებზე (ბუზანი და სხვ., 1998, გვ. 96). დიკ ნანტო თავის ნაშრომში, ეკონომიკური უსაფრთხოების დისკუსიის სამ ძირითად როლს გამოყოფს: პირველი - ეკონომიკა, როგორც სამხედრო ძალის დაფინანსების წყარო; მეორე - ეკონომიკა, როგორც უსაფრთხოებისა და სიმდიდრის მიმწოდებელი, რაც სახელმწიფოს შიდა სტაბილურობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს და მესამე - ეკონომიკა, როგორც სახელმწიფოების ურთიერთქმედების საფუძველი, რაც კონკურენტულ და საზოგადო ინტერესებთანაა კავშირში. დღეს, ეკონომიკური უსაფრთხოების ცნება ფართოვდება და მოიცავს, როგორც მაკრო, ისე მიკროეკონომიკურ ასპექტებს. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, მთავარი აქცენტი კეთდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასა და ფინანსურ სტაბილურობაზე, ხოლო მიკროეკონომიკური პერსპექტივა ფოკუსირებულია მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გლობალიზაციის პროცესში, ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სახელმწიფოებს შორის ინტეგრაცია და ურთიერთდამოკიდებულება წარმოშობს ახალ გამოწვევებს, რომლებიც მოითხოვს ფრთხილ და გააზრებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებზე პასუხი და მათი კონცეპტუალიზაცია შეუძლებელია, თუ არ გავითვალისწინებთ სახელმწიფოებისა და საზოგადოებების ისტორიულ, პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტს და იმ სტრატეგიულ გარემოს, რომელშიც ისინი მოქმედებენ (Kolodziej, 1992, გვ. 422). ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ თავი ავარიდოთ ეკონომიკური უსაფრთხოების ცნების გადაჭარბებულად გაფართოვებას, რის შედეგადაც მოსალოდნელია უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების გართულება გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობაში. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ეკონომიკური უსაფრთხოების ძალზე ვიწრო განმარტებაც, რის შედეგადაც შესაძლოა შეიზღუდოს სახელმწიფოს მოქნილობა მისი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში. (ნესადურაი, 2005, გვ. 5). ტრადიციულად ეკონომიკამ, ეროვნული უსაფრთხოების ყურადღება თავდაცვის შესაძლებლობებზე გავლენით მიიპყრო, ვინაიდან ეკონომიკური რესურსები, ინოვაციური ომის ინდუსტრიის განვითარება და ეკონომიკური სანქციების, როგორც არასამხედრო ინსტრუმენტების გამოყენება, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტებს წარმოადგენს; შესაბამისად, სახელმწიფოს გრძელვადიანი წარმატება დამოკიდებულია მის შესაძლებლობებზე, შექმნას და შეინარჩუნოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა და ძლიერი ეკონომიკური სისტემა. მოსალოდნელი სიმდიდრისა და ძალაუფლების დონის შენარჩუნებისთვის ეკონომიკური უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია რესურსებზე, ფინანსებზე და ბაზრებზე წვდომასთან. (ბუზანი 1991a, გვ. 19) წერეთელი (2008, გვ. 16) ამატებს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება გულისხმობს რესურსებზე წვდომის გრძელვადიან გარანტიას, რომელიც მოიცავს ადამიანურ კაპიტალს, ფულად კაპიტალს, ენერგიას, წყალს, ტექნოლოგიებსა და განათლებას. ეს ფაქტორები კრიტიკულია, როგორც ინდივიდების, ისე ერებისათვის, რადგან თავისუფალ საზოგადოებებს მხოლოდ თავისუფალი ადამიანები ქმნიან. ამ თვალსაზრისით, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოს შიდა სტაბილურობა, რაც შეუძლებელია ეკონომიკური ზრდისა და პიროვნული თავისუფლებების გარეშე. ოპერაციული ეკონომიკა დაფუძნებულია ფისკალურ, სამთავრობო, მონეტარულ და სამრეწველო პოლიტიკაზე. ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეცნიერების სფეროში მიღწეული პროგრესი, ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო ვაჭრობა და კაპიტალის საშინაო და საერთაშორისო ნაკადები. შესაბამისად, ეკონომიკური უსაფრთხოება არის იმ აუცილებელი საშუალებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რაც თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას განაპირობებს. თუმცა, ეკონომიკური უსაფრთხოება, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად ბუნდოვან კონცეფციად მიაჩნიათ, რაც განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევი ხდება რეცესიის, მაღალი უმუშევრობის ან გაკოტრების დროს, როცა ეკონომიკურ მოლოდინებსა და რეალობას შორის განსხვავება იზრდება. გრძელვადიანი უსაფრთხოება დიდწილად დინამიურ და მზარდ ეკონომიკაზეა დამოკიდებული. (ნანტო, 2011, გვ. 1-16). გლობალიზაციის პროცესმა და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებამ ბოლო წლებში მსოფლიო ეკონომიკა უფრო მოწყვლადი გახადა. ეკონომიკური ინტეგრაცია უფრო ღრმა, მაგრამ არასტაბილური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალიზაცია ხშირ შემთხვევაში კომერციულ უპირატესობას ქმნის, ხშირად საგრძნობ ცვლილებებს იწვევს ეკონომიკის ზოგიერთ სექტორსა და საზოგადოებაში, რაც მათ გლობალური ეფექტების მიმართ მეტად დაუცველს ხდის. საქონლისა და კაპიტალის ნაკადების ზრდამ და სისწრაფემ, ეკონომიკა გარკვეულწილად არასტაბილური გახადა და დამატებითი გამოწვევები წარმოშვა. აღსანიშნავია, რომ ცვალებადი და მაღალი მოცულობის კაპიტალის ნაკადების მიმოქცევის შედეგად, განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით ზიანდებიან, რადგან ფინანსური ბაზრების ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ზრდის მათი ეკონომიკური მოწყვლადობის დონეს და ზღუდავს პოლიტიკური გადაწყვეტილებების ავტონომიურობას. ამგვარი შეზღუდული რესურსებით, ქვეყნებს უჭირთ აღნიშნულ პროცესებთან გამკლავება. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა ეკონომიკური კრიზისებისკენაა მიდრეკილი, რაც ხშირად ღრმა რეცესიების მიზეზი ხდება. ეკონომიკური ჩავარდნები ერთი ქვეყნიდან ან რეგიონიდან მეორეზე სწრაფად ვრცელდება, ხოლო ეკონომიკური ლიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული სისტემური შოკები კიდევ უფრო აძლიერებს მათ დაუცველობას, რადგან ტრადიციული დაზღვევის მექანიზმები გლობალური კრიზისების გავლენებს ვერ უმკლავდებიან. გლობალიზაციის პირობებში კრიზისების გავრცელების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად: რუსეთის 1998 წლის სავალე კრიზისს, რომელსაც წინ უძღოდა პირველი ომი ჩეჩნეთში მილიარდობით დოლარის დანახარჯით, იმით დასრულდა, რომ მთავრობამ ცენტრალურ ბანკთან ერთად რუბლი გააუფასურა, დეფოლტი გამოაცხადა და შიდა და საგარეო ვალის გასტუმრებაზე მორატორიუმი დააწესა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიასა და არგენტინას აღნიშნულ პერიოდში რუსეთთან ეკონომიკური კავშირები თითქმის არ ჰქონდა, კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში მაინც სერიოზულად დაზარალდნენ. (ILO, 2004, გვ. 21-39). ამერიკელი მეცნიერები დენ ციურიაკი და პატრიცია გოფი ნაშრომში „ეკონომიკური უსაფრთხოება და ცვლილებები გლობალურ ეკონომიკაში“ განიხილავენ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაციის კონტექსტში. განსაკუთრებულად იხილავენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, მაგ. ჩინეთსა და აშშ-ს შორის და ასევე ციფრული ტრანსფორმაციის, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ ახალ საფრთხეებს. ავტორები თვლიან, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი, მაგ. მათი მოსაზრებით, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებმა, შესაძლებელია საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო და სამხედრო ტექნოლოგიების საზღვრების გაბუნდოვნებას; ასევე გლობალიზაციის პიკის შემდგომ, გაჩნდეს ახალი ტიპის დაუცველობის პრობლემა, გაჩნდეს მიწოდების დეფიციტი და ექსპორტის შეზღუდვის პრობლემები და ა.შ (Ciuriak d. Goff P. 2021). 2023 წელს, დიდი შვიდიანის „ჰიროშიმის სამიტზე“ ეკონომიკური უსაფრთხოება აღიარდა, როგორც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საკითხი. იაპონელი მკვლევარები, იუზუმე და სეკიამა ეკონომიკურ უსაფრთხოებას განსაზღვრავენ, როგორც ერების გადარჩენის, სუვერენული დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვის შესაძლებლობას. (Yuzue N, Sekuiyama T. 2025) 2022 წლის მაისში იაპონიამ მიიღო ეკონომიკური უსაფრთხოების ხელშეწყობის კანონი, რომელიც სხვა მუხლებთან ერთად, ითვალისწინებს კრიტიკული საქონლის მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებას, ძირითადი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და მოწინავე კრიტიკული ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას. უკრაინელი და აღმოსავლეთევროპელი მეცნიერების სუხორუკოვი, იეჰოროვა-ჰუდკოვა და სხვები, ნაშრომში „სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოება გლობალური ცვლილებების პირობებში“ ("Economic security of states in the conditions of global changes") განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო ორგანიზაციების და ალიანსების როლს გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათი მოსაზრებით, ასეთი სტრატეგიული ინსტიტუტები არა მხოლოდ არეგულირებენ, არამედ ქმნიან გლობალური ეკონომიკის არქიტექტურას. (Sukhorukov A., Yehorova-Hudkova, 2024) მათი თქმით, თანამედროვე ცივილიზაცია ვითარდება მუდმივი ტრანსფორმაციებისა და სოციოეკონომიკური პირობებიც გართულების პერიოდში, რაც მოითხოვს არა მხოლოდ ადაპტაციას ცვალებად პირობებთან, არამედ ამ ცვლილებების მართვის უნარს, განსაკუთრებით იმ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს უკრაინისთვის აქტუალურია. ნესადურაი (2005, გვ. 4) აღნიშნავს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც არ ითვალისწინებს ეკონომიკური გლობალიზაციის რეალობას, არ შეესაბამება თანამედროვე პირობებს. ეკონომიკური უსაფრთხოება დღეს უფრო მეტად დამოკიდებულია კაპიტალის ნაკადებზე, კაპიტალის ბაზრებსა და იმ პროდუქტებზე, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე მოძრაობს. ამ არხებით კი შესაძლებელია ვალუტების გაუფასურება, ინფლაციის ზრდა, მარაგების დეფიციტი, ფინანსური ინსტიტუტების დესტაბილიზაცია და სხვა. ე. ნესადურაი (2005, გვ. 4) კალერი (2005, გვ. 24-25) გლობალიზაციის მხარდამჭერ სამ მთავარ არგუმენტს გამოყოფს: გამოყოფს სამ მთავარ არგუმენტს, რომლებიც მხარს უჭერენ გლობალიზაციას: (კალერი 2005, გვ. 24-25) 1. გლობალიზაცია აძლიერებს ეროვნულ ეკონომიკებს, რამდენადაც ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები ქვეყნებს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად განავითარონ და მართონ რესურსები. 2. გლობალიზაცია ზრდის კონკურენტუნარიანობას, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს. 3. გლობალიზაცია ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას, რადგან განვითარებად ქვეყნებს წვდომა აქვთ გლობალურ კაპიტალზე, ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე, რაც ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. გლობალურ სამყაროში, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოთა პრიორიტეტია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სისტემაში მოთამაშეთა რიცხვი იზრდება, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება კი ღრმავდება. გარდა სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური კონკურენციისა, სახელმწიფოებმა და საზოგადოებებმა გლობალიზაციის პირობებში სამი ძირითადი ეკონომიკური ღირებულება უნდა უზრუნველყონ: 1. შემოსავალი და მოხმარება, რაც მიზნად ისახავს ადამიანის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას; 2. ბაზრის მთლიანობა და 3. სამართლიანი განაწილება. ეს სამი ღირებულება ეკონომიკური უსაფრთხოების ალტერნატიულ კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც გლობალური კაპიტალიზმის რეალობას ასახავს. ეკონომიკური უსაფრთხოების ალტერნატიულ მოდელში, მიკროეკონომიკური კომპონენტი ყურადღებას ამახვილებს ინდივიდებზე და მათ შემოსავალზე, რაც მათ ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს. მაკროეკონომიკური კომპონენტი, თავის მხრივ, ეხება ეკონომიკურ სტაბილურობას და ზრდას, რისი უზრუნველყოფაც შესაძლებელია ბაზრის სიმტკიცის, საკუთრების უფლებათა და სამართლიანი კონტრაქტების სისტემის უზრუნველყოფით. ეს ფაქტორები აუცილებელია იმისთვის, რომ ინდივიდებს თანაბრად ჰქონდეთ წვდომა ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაზე. გარდა ამისა, სამართლიანი განაწილების სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კაპიტალიზმის პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამგვარი ეკონომიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება სცილდება სახელმწიფოთაშორის პოლიტიკურ მეტოქეობას და მოიცავს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მიუხედავად ამისა, ტრადიციული რეალისტური მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება სახელმწიფოთა ძალაუფლებაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კვლავ მნიშვნელოვანია (ნესადურაი, 2005, გვ. 13-14). დასკვნები გლობალიზაციის შედეგად, საერთაშორისო ასპარეზზე ეკონომიკური უსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკის საკითხი. ეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკურ - სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებულ სტაბილურობასა თუ არასტაბილურობაში. ამის შედეგად, ეკონომიკური განზომილება სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რაც „რეაქტიული“ მიდგომიდან „პრევენციულ მიდგომაზე გადადის“ (კუზნეცოვი და სხვ., 2010, გვ. 26). „გეოეკონომიკა“ თანდათან ცვლის გეოპოლიტიკას და საერთაშორისო აქტორების მთავარი საზრუნავი ხდება. ეკონომიკური ძალა აღიარებულია, როგორც კრიტიკული კომპონენტი, რომელიც საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოთა ადგილს განსაზღვრავს (ნესადურაი, 2005, გვ. 4). გლობალიზაციის გააქტიურებამ, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდამ, ტექნოლოგიურმა განვითარებამ და IT რევოლუციამ ხელი შეუწყო ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციის გაფართოებას. ეს ცნება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ რესურსებზე, ბაზრებსა და სამხედრო შესაძლებლობებზე წვდომით. დღევანდელი გლობალური ეკონომიკის ინტეგრაცია, კაპიტალისა და საქონლის ნაკადები, აგრეთვე სოციალური და ეკონომიკური ასპექტები, ეკონომიკური უსაფრთხოების უფრო კომპლექსურ განზომილებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციამ გარკვეულწილად შეასუსტა სახელმწიფო ინსტიტუტების გავლენა, ისინი მაინც ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტორებად რჩებიან. გლობალიზაციის პროცესმა ხელი შეუწყო ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციის უფრო ფართო და რთულ ინტერპრეტაციას, რაც ამავდროულად ახალ სტრატეგიებს ითხოვს. ამისათვის, საჭიროა, სახელმწიფოებმა ითანამშრომლონ რეგიონულ და გლობალურ აქტორებთან, რათა გადაჭრან ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები და ახალ საერთაშორისო გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ბოლოთქმად, ეკონომიკური უსაფრთხოება გახდა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი და დინამიური კონცეფცია, რომელიც ახალი საერთაშორისო გარემოს შესაბამის მუდმივ ცვლილებებს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების იდეა კვლავ სავსეა „წინააღმდეგობებით და პარადოქსებით“ (ბუზანი, 1991ბ: 445), გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში კი, მისი მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება. გამოყენებული ლიტერატურა
|