English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ოთარ ჯაფარიძე
სამთო ტურიზმის ბიზნესი საქართველოში

რეზიუმე

ტურიზმის ბიზნესის ზოგადი განვითარების აქტუალობიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია გაანალიზოს მთის ტურიზმის განვითარების ტენდეციები, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო მაგალითები და საქართველოში მიმდინარე პროცესები სამთო ტურიზმთან მიმართებით. განხილულია ტურიზმის როლი სამთო რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და უკუმიგრაციის საქმეში. თუმცა ამავე დროს ნაჩვენებია ის საფრთხეები რომლებსაც ის შეიცას ადგილობრივ კულტურასთან, სოციალურ იდენტობასთან, ტრადიციულ ეკონომიკასთან და ეკოლოგიასთან მიმართებაში.  გამოკვეთილია სამთო ტურიზმის ცალკეული მიმართულებების  საჭიროებები და პრობლემები, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ჩნდება და აფერხებენ ტურიზმის მდგრად განვითარებას.

ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთიანი რეგიონების ბიზნეს-პოტენციალის დადგენა, მისი განვითარების ტენდენციების და პერსპექტივების იდენტიფიცირება. მიზნის მისაღწევად განსაზღვრული კვლევის დიზაინი მოიცავდა როგორც მეორად მონაცემთა ანალიზს, ასევე თვისებრივ (ექსპრეტული) და რაოდენობრივ კვლევებს. ექსპერტული კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირდა როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური მხარეების მოსაზრებები მთის ტურიზმის პრობლემებისა და განვითარების შესაძლო პერსპექტივების მიმართებით (30 რესპონდენტი: ტურიზმის დეპარტამენტის, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის ექსპერტების, ადგილობრივი მთის გიდების და სასტუმროების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მოგზაურები) ხოლო რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გაანლიზდა საერთაშორისო და ადგილობრივი მოგზაურების (700 რესპონდენტი: 200 საერთაშორისო, 500 ადგილობრივი) მოსაზრებები და სამოგზაურო გამოცდილებები.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ტურისტული გამოცდილებების დროს დაგროვილი, მთაში მოგზაურობის მამოტივირებელი და შემზღუდველი ფაქტორები, ტურისტული პროფილები და მათი მოლოდინები საქართველოს მთის ტურიზმთან მიმართებით, მეტი და ნაკლები პოტენციალის მქონდე ტურისტული ატრაქციები და განვითარების შესაძლებლობები. ასევე განისაზღვრა ის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში სამთო ტურიზმის მდგრად განვითარებაზე. ჩატარებული კვლევით მიღებული შედეგების გათვალისწინებით კი შემუშავდა რეკომენდაციათა ჩამონათვალი, რომელიც უნდა გატარდეს მთის ტურიზმის მხარდაჭერისთვის და რომელიც გამომდინარეობს ქვეყნის ტურისტული საჭიროებებიდან და უშუალოდ ტურისტების ქცევის პრეფერენციებიდან.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევამ  დაგვანახა მთის ტურიზმის რეალური მდგომარეობა როგორც ექსპერტების, ასევე მასში მონაწილე მთავარი აქტორების - მოგზაურების აღქმით. გვაჩვენა საქართველოს მთის ტურისტული პოტენციალის პერსპექტიულობაც და ის საჭირო აქტივობებიც, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის მდგრად განვითარებას.