English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით როინიშვილი
ადამიანის ირაციონალური გადაწყვეტილებების ალგორითმი ეკონომიკასა და ბიზნესში: ემოციური კეთილდღეობის ექსპერიმენტული ანალიზი

ანოტაცია. ეს სტატია არის იმ ნაშრომების სერიის ნაწილი, სადაც გამოთქმული და შემოწმებულია ჰიპოთეზა ადამიანების ირაციონალურობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა, როგორც მეცნიერება (მაგალითისათვის სარგებლიანობის თეორია), უმეტესწილად ადამიანებს განიხილავს, როგორც რაციონალურ არსებებს, ეს კვლევა გამოთქვამს ჰიპოთეზას, რომ ზემოთ აღნიშნული დაშვება არ ასახავს ინდივიდების რეალურ ქცევას და შესაბამისად მიიჩნევს, რომ ადამიანები სინამდვილეში არ არიან რაციონალურები. ნაშრომი გასცემს პასუხს აღნიშნული იდეის მცირე ნაწილს, კერძოდ იმას, თუ როგორ იწარმოება ადამიანების მიერ დივლათის დაუფლებისაგან მიღებული კმაყოფილება, სიხარული, ბედნიერება და ა.შ. ყველა ამ ემოციას ჩვენ ტერმინ „ემოციურ კეთილდღეობა“-ში გავაერთიანებთ.

კვლევა პირველად მონაცემებს იყენებს, რომელთა მოსაპოვებლად ექსპერიმენტული მიდგომაა გამოყენებული. ჩატარდა ორი ექსპერიმენტი რის შედეგადაც მოხდა ადამიანების ქცევაზე დაკვირვება და მონაცემების მიღება.

პირველ ექსპერიმენტში ორი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, ის სამ ჯგუფში ჩატარდა და საერთო ჯამში  138-ი სტუდენტი ჩაერთო.

მეორე ექსპერიმენტს პირველისაგან განსხვავებით, ქალაქ თბილისის მაშტაბით შემთხვევითი შერჩევა ემატება და მიზანი ერთის მხრივ პირველის შედეგების გადამოწმებაა, მაგრამ, ასევე დამატებითი ამოცანაც აქვს. მისი მიზანია განასხვაოს „პირველადი“, მნიშვნელოვანი დოვლათის ფლობისაგან წარმოებული ემოციური კეთილდღეობა, ანუ იმის, რისი ფლობაც ადამიანებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, და „ფუფუნების“ ტიპის კმაყოფილება.

სტატიაში წარმოდგენილია აღნიშნული ექსპერიმენტების შედეგების ანალიზი და დასკვნა ადამიანების ირაციონალური ქცევის შესახებ. ასევე ინდივიდების ირაციონალურობის ალგორითმის გამოვლენით შემოთავაზებულია რჩევები და რეკომენდაციები ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:ირაციონალური გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებების მიღების უცნაურობები, ემოციური კეთილდღეობა, ღიმილის პროგნოზირება. 

JEL კლასიფიკაცია: D, D03, D91, I31 

შესავალი

ჩემმა მეგობარმა უნივერსიტეტი რამდენიმე წლის წინ დაამთავრა და ერთ-ერთ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე მიკროეკონომიკის ლექციების წაკითხვა შესთავაზეს, რისთვისაც  გასაუბრების გავლა იყო საჭირო. გასაუბრების დაწყებამდე მას  მოსაცდელში, იგივე მიზნით მოსული, ყოფილი ჯგუფელი შეხვდა. ორივე ახალი სამსახურის შოვნის პერსპექტივით გახარებულები იყვნენ. თუმცა, სახლში მეგობარი ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდა.

გაირკვა, რომ გასაუბრებაზე შესულებს მეგობრული გარემო დახვდათ და ორივეს მიკროეკონომიკის ერთი და იგივე მოცულობის სალექციო კურსის წაკითხვა შესთავაზეს. შეხვედრის ბოლოს ანაზღაურების სასურველ რაოდენობაზე ჰკითხეს, რაზეც ჩემმა მეგობარმა, იმ დროის ახალგაზრდისთვის „საოცნებო“ თანხა დაასახელა - 1800 ლარი. ალბათ, მკითხველი იფიქრებს, რომ საპასუხოდ უარი მიიღო, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, გასაუბრების შედეგით უკიდურესად უკმაყოფილო იყო. მაგრამ, არა, მან აღნიშნულ ანაზღაურებაზე დასთანხმდნენ. შემდეგ, იგივე კითხვა ყოფილ ჯგუფელსაც დაუსვეს, რაზეც მან 2500 ლარი უპასუხა და ასევე თანხმობა განუცხადეს. ქცევით ეკონომიკაში ჩაუხედავ მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, თუ როგორ   შეიძლება ადამიანი იყოს  წარმატებასაგან უკმაყოფილო? უფრო მეტიც, ამ ამბის გაგების შემდეგ არამარტო ის, არამედ ჩვენ, მსმენელებიც, გულგატეხილები, უკმაყოფილოები და სასოწარკვეთილები  დავრჩით. მან ამ სამსახურს თავი მალევე დაანება.

რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემმა მეგობარმა, მისდა სამწუხაროდ, „ოცნების  სამსახური“ და ანაზღაურება იშოვა. ის კითხვა, რაც თქვენ ახლა გაგიჩნდათ, იმ დღიდან მოყოლებული მეც მაფიქრებს: რატომ გამოიწვია ობიექტურად ოპტიმალურმა შედეგმა (მიღწეული მიზანი და სასურველი ანაზღაურება), ინდივიდში სუბიექტური კეთილდღეობის კრიზისი და უკმაყოფილების განცდა?

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, უმეტესწილად ადამიანებს განიხილავს, როგორც რაციონალურ არსებებს, ეს კვლევა გამოთქვამს ჰიპოთეზას, რომ ზემოთ აღნიშნული დაშვება არ ასახავს ინდივიდების რეალურ ბუნებას და შესაბამისად მიიჩნევს, რომ ადამიანები არ არიან რაციონალურები. აღნიშნული ნაშრომი გასცემს პასუხს ამ იდეის მცირე ნაწილს, კერძოდ იმას, თუ როგორ იწარმოება ადამიანების მიერ დოვლათის დაუფლებისაგან მიღებული კმაყოფილება, სიხარული, ბედნიერება და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მეგობარს დაბადების დღეზე ვაჩუქებთ ყურსასმენს, იქნება თუ არა მისი კმაყოფილება განპირობებული უშუალოდ ყურსასმენის ფლობით, თუ არსებობს რაიმე სხვა ალგორითმი, რაც ადამიანების ემოციურ კეთილდღეობას განაპირობებს. დღის ბოლოს შეიძლება არც კი ქონდეს მნიშვნელობა მეგობარს  ყურსასმენს ვაჩუქებთ თუ უბრალოდ ეზოდან ამოტანილ ქვას. 

კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია იმ ფაქტორების გამოვლენა, რისგანაც ადამიანები განიცდიან ემოციურ კეთილდღეობას. კერძოდ, იმის დადგენა, აბსოლუტური თუ შედარებითია ინდივიდების მიერ განცდილი ემოციური კეთილდღეობა.

მეთოდოლოგია

კვლევა პირველადი მონაცემების ანალიზს ეფუძნება. მათ შესაგროვებლად ექსპერიმენტული მიდგომაა გამოყენებული. ჩატარებულია ორი ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც დავაკვირდით და შევისწავლეთ ადამიანების ქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. აღნიშნული ექსპერიმენტები მიზნად ადამიანის ქცევის ბუნების დადგენას ისახავს, ის არ ატარებს სტატისტიკურ ხასიათს. რადგან ნაშრომში ადამიანის ზოგადი ბუნების კვლევა არ განიხილება, როგორც სტატიკტიკური ექსპერიმენტი, პირველ ექსპერიმენტში მათში მონაწილე ინდივიდები არ არიან შერჩეული შემთხვევითობის პრინციპით. 

ექსპერიმენტი I

პირველ ექსპერიმენტში მონაწილეობა საქართველოს ორი უნივერსიტეტის სამი სხვადასხვა ჯგუფის   138 სტუდენტმა მიიღო. ექსპერიმენტი შემდეგი სახისაა: სასწავლო კურსის დაწყებისას, სილაბუსის გაცნობის დროს, სტუდენტები იგებენ, რომ  ამ საგანში მათ შეუძლიათ  დადგენილი 100 ქულის გარდა კიდევ დამატებითი 5 ბონუს ქულის აღება.

კურსის დამთავრებისას,  ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ბოლო ლექციაზე ყოველ ჯგუფში შემთხვევითი პრინციპით  ოცი სტუდენტის შერჩევა მოხდა. ამ ჯგუფს პირობითად A-ჯგუფი დავარქვით. ამის შემდეგ A ჯგუფის სტუდენტები იგებენ, რომ მათ „საჩუქრად“ 2 ბონუს ქულა ერგოთ  ( რა თქმა უნდა, ეს ბონუს შეფასებები საბოლოო ნიშანზე რეალურად არ აისახება, თუმცა, სტუდენტებმა ამის შესახებ არ იციან) და ვთხოვთ, თავიანთი სიხარული, კმაყოფილება თუ სხვა ემოციები, რომლებიც საერთო ტერმინ ემოციურ კეთილდღეობაში გავაერთიანეთ, ამ უკანასკნელისთვის მოწოდებულ 0 დან 10 ბალიან შკალაზე შეეფასებინათ: 0 უკიდურესი უკმაყოფდილება იქნება, 10 კი უკიდურესი კმაყოფილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო უახლოვდება შეფასებები 10-ს, მით უფრო გახარებული და კმაყოფილები არიან სტუდენტები. როდესაც A-ჯგუფის წევრებმა თავიანთ ემოციური კეთილდღეობა ჩვენს მიერ შეთავაზებულ შკალაზე აღნიშნეს, ჯგუფის წევრებს შევატყობინეთ, რომ ყველა დანარჩენ სტუდენტს მაქსიმალური, ანუ ხუთი ბონუს ქულა დაეწერათ. ამის შემდეგ A-ჯგუფის სტუდენტებს ვთხოვთ,  განმეორებით შეეფასებინათ თავანთი ემოციური კეთილდღეობა იგივე შკალაზე. ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის დადგენა, შეიცვლება თუ არა A-ჯგუფის წევრების 2 ბონუს ქულისაგან მიღებული ემოციური კეთილდღეობა მას შემდეგ, როდესაც ისინი გაიგებდნენ, რომ სხვა დანარჩენ ყველა სტუდენტს 5 ბონუს ქულა დაეწერა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვაინტერესებდა,  გამოწვეულია თუ არა ადამიანების ემოციური კეთილდღეობა  იმ დოვლათით, რასაც ისინი რეალურად ფლობენ, თუ ინდივიდები კმაყოფილებას არა უშუალოდ დოვლათის ფლობით, არამედ ამ უკანასკნელის სხვების დოვლათთან შედარების პრინციპით იღებენ. ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ რიცხობრივი მონაცემების ანალიზის სტატისტიკურ ნაწილში უბრალოდ შევადარებთ, დაემთხვევა თუ არა ერთმანეთს ექსპერიმენტის პირველი და მეორე ეტაპის  ორი მომენტი ( საშუალო და ვარიაცია)  ან თუ იქნებიან ისინი ერთმანეთისაგან საკმარისად განსხვავებუ ლი.

შენიშვნა: ამ ექსპერიმენტის ჩატარებისას არსებობს გაზომვის სისტემატიური შეცდომის (Measurement Error)-ისა და შედეგად გადაადგილებული მონაცემების შეგროვების საფრთხე, რაც დაუშვებელია. ამიტომ ყველა ის ფაქტორი, რამაც შეიძლება  სტუდენტებს გადაადგილებული შეფასებებისაკენ უბიძგოს, უნდა იყოს გამორიცხული ექსპერიმენტის დაწყებამდე. ერთ-ერთი განსაკუთრებულად ყურადღება გასამახვილებელი დეტალი არის მონაცემების ანონიმურობა. კერძოდ, აუცილებელია შეფასებების არა მარტო სრული ანონიმურობის უზრუნველყოფა, არამედ ამაში სტუდენტების დარწმუნება, რაშიც დიდი წილი ნდობის ფაქტორზე მოდის.

ამ პირობების უგულვებელყოფის შემთხვევაში შეგროვებული მონაცემები იქნება გადაადგილებული, რადგან ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, როდესაც A-ჯგუფის წევრები შეიტყობენ, რომ სხვებს მეტი ქულები ერგოთ, მათი პირველადი შეფასებების შეცვლა ამ ფაქტით უკმაყოფილების გამოხატვას ნიშნავს. თუ მათ ექნებათ მცირე ეჭვიც კი, რომ მათი უკმაყოფილების შესახებ შესაძლოა დანარჩენებმა შეიტყონ, მაშინ ისინი რისკავენ ჯგუფის სხვა წევრების  წინაშე საკუთარი თავის ბოროტ, შურიან ან უბრალოდ ცუდ ადამიანებად წარმოჩენას, რაც, თავის მხრივ, უბიძგებს სტუდენტებს საკუთარი უკმაყოფილების დამალვისაკენ. სწორედ ეს უკანასკნელი ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე შეგროვილი მონაცემების გადაადგილებას გამოიწვევს. ამიტომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას A-ჯგუფის წევრებისაგან მიღებული მონაცემები იყო სრულიად ანონიმური,   ექსპერიმენტატორისთვისაც კი. 

ექსპერიმენტი II

მეორე ექსპერიმენტი ქალაქ თბილისის მასშტაბით ჩატარდა და რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავირჩიეთ.  ძირითადი მიზანი პირველი ექსპერიმენტის შედეგების გადამოწმება იყო, მაგრამ ამასთან უნდა განვასხვავოთ „პირველადი“ დოვლათის ფლობისაგან განცდილი ემოციური კმაყოფილება (ანუ იმის, რისი ფლობაც ადამიანებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია) და „ფუფუნების“ ტიპის კეთილდღეობა. ამჯერად ინდივიდებისათვის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიც ბონუს ქულებია, ჩაანაცვლებს ისეთი უმნიშვნელო პროდუქტი, როგორიცაა უბრალოდ კანფეტი. ექსპერიმენტის ფარგლებში, 2014 წლის 5 დეკემბრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №16-35 დადგენილებით უბნების საზღვრების აღწერის მიხედვით (matsne.gov.ge) განსაზღვრულ თბილისის 33 უბანს რიცხვითი მნიშვნელობები მიენიჭა. შემდეგ ფურცლები, რომლებზეც ეს რიცხვები იქნა დატანილი, ყუთში ჩაიყარა და ამ უკანასკნელის ხანგრძლივი ტრიალის შემდეგ  შემთხვევითობის პრინციპით 5 უბანი შეირჩა, ფურცლის ყოველი ამოღებისას ყუთი თავიდან ტრიალებდა. ექსპერიმენტში მონაწილე მოქალაქეების შერჩევა კი ვებ-გვერდ www.random.org – ის მიერ 1 დან 100 მდე რიცხვების გენერირებით  მოხდა. ლოკაციაზე მისვლის შემდეგ რესპონდენტი ვებ-გვერდის მიერ მოცემული მნიშვნელობის შესაბამისი მარტო მოსეირნე მოქალაქე ხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ www.random.org - ის მიერ გენერირებული მნიშვნელობა იყო 7, ველოდებოდით სანამ გვერდს 6 ისეთი ადამიანი აგვივლიდა, რომელიც თანამგზავრის გარეშე სეირნობდა და  7-ე ასეთი ინდივიდი ხდებოდა ექსპერიმენტის მონაწილე. მნიშვნელოვანია, რომ ერთ ან რამდენიმე თანამგზავრის გარემოცვაში მყოფი მოქალაქეებისაგან მონაცემების შეგროვება არ ხდებოდა „შენიშვნა 1“-ში აღწერილი მიზეზის გამო, რადგან თანამგზავრის თანდასწრებით ადამიანებმა ცუდი შთაბეჭდილების მოხდენისაგან თავის არიდების მიზნით შეიძლება თავი შეიკაონ  იმ უკმაყოფილების გამოხატვისაგან, რაც მათ განიცადეს, როდესაც სხვას მეტი კანფეტი ეგრო. ამ ექსპერიმენტშიც მონაცემების ანონიმურობას და ნდობის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.  მისი უშუალო ალგორითმი კი შემდეგია: გოგონა ქუჩაში ზემოთ აღწერილი შემთხვევითი პრინციპით გამვლელს აჩერებს და მას ორ კანფეტს ჩუქნის, ამის შემდეგ თხოვს თავისი კმაყოფილება ზემოთ აღწერილ 0-დან 10-მდე შკალით შეაფასოს. ამის შემდეგ სხვა გამვლელს აჩერებს და მას ათ ცალ კანფეტს ჩუქნის, ემშვიდობება და თავდაპირველ  რესპონდენტს თხოვს, კიდევ ერთხელ შეაფასოს ორი კანფეტისაგან მიღებული კმაყოფილება იგივე შკალაზე. ექსპერიმენტის მიზანი იმის დადგენაა, შეიცვლება თუ არა ინდივიდების კმაყოფილება მას შემდეგ, რაც ისინი გახდებიან იმის მოწმენი, რომ სხვებს მათზე მეტი კანფეტი ერგოთ. ამ შემთხვევაშიც უკიდურესად აქტუალურია გაზომვის შეცდომის   ქვეშ არ მივიღოთ გადადგილებული მონაცემები, რაც ზემოთ უკვე არის აღწერილი (იხილეთ  „შენიშვნა 1“). ამ მონაცემების ანალიზი პირველი ექსპერიმენტის იდენტური პრინციპით ხდება. 

კვლევის შედეგები 

ექსპერიმენტი I

საგნის სილაბუსის შედგენისას მასში ერთი საინტერესო დეტალი ჩავამატეთ. შეფასებები სტანდარტულად იყო გადანაწილებული,  ქულების 100%-ის აღება სტუდენტებს ქვიზებსა და გამოცდებით შეეძლოთ, თუმცა, ასევე, სილაბუსი შეიცავდა დამატებით 5 ბონუს ქულას. სილაბუსის მიხედვით სტუდენტებს ქულების 100%-ის გარდა, შეფასების დამატებითი 5 ერთეულის აღება შეეძლოთ. ქულების აღნიშნული 5 ერთეულის მიღება აქტიურობათა და ლექციებზე ჩართულობით იყო შესაძლებელი, ერთი სიტყვით, ამ შეფასებების მიღების კრიტერიუმები სტუდენტებისათვის ცოტა ბუნდოვანი იყო. ექსპერიმენტი დაიწყო. ახლა მხოლოდ სემესტრის ბოლომდე მოცდა იყო საჭირო.

კურსმა ასე თუ ისე წარმატებით ჩაიარა, ზოგმა შეფასებების უმეტესობის აღება შეძლო, ზოგმა ნაკლებად, მაგრამ ყველა ცდილობდა რაც შეიძლება კარგად ესწავლა. სემესტრის ბოლო ლექციის დროც მოვიდა.

ექსპერიმენტის იდეა იყო შემდეგი. როგორ მოიქცევიან სტუდენტები, როდესაც ისინი „საჩუქრად“ ქულებს მიიღებენ? სავარაუდოდ, გაუხარდებათ. ერთი შეხედვით, მას შემდეგ, რაც მათ საკუთარი შეფასებები დაეწერებათ, ამ ადამიანების ემოცია არ უნდა შეიცვალოს იმის მიუხედავად, რას მიიღებენ სხვები. ისევე, როგორც მაგალითად, თუ ბავშვს ვაჩუქებთ ვაშლს, მისი სიხარული არ უნდა შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რას ვაჩუქებთ მის მეგობარს.

კურსის ბოლო ლექციაზე, როდესაც სწავლების თეორიული კურსი დასრულდა, გამოცხადდა, რომ ბონუს ქულების დრო მოვიდა. შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით 20 სტუდენტი შეირჩა. სულ ჯგუფში დაახლოებით 50-მდე სტუდენტი იყო. არჩეული სტუდენტების გვარები ხმამაღლა იქნა ამოკითხული და განუცხადეს, რომ თითოეულ მათგანს 2 ბონუს ქულა დაეწერებოდა. სტუდენტები ამ სიახლემ ძალიან გაახარა, ფაქტიურად მათ 2 ქულა საჩუქრად მიიღეს (ჯერ არ იცოდნენ, რომ ეს ქულები საბოლოო შეფასებაში არ შედიოდა). ჯგუფში სიცილი და მხიარულება დაიწყო, ოცივე სტუდენტს სახეზე ღიმილი გამოესახა. შემდეგ ვთხოვე თავისი სიხარული ანუ ემოციური კეთილდღეობა 0-დან 10 ბალიან შკალაზე შეეფასებიდათ, სადაც 0 ძალიან გულდაწყვეტილს, 10 კი ძალიან გახარებულს ნიშნავდა. წინასწარ დარიგებულ ფურცლებზე მათ შესაბამისი შეფასებები დაიტანეს. ყველასგან ფურცლები ავკრიფე. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ  ამ ჯგუფში შეფასებები 7-დან 10-მდე იცვლებოდა. მინიმალური შეფასება იყო 7, ანუ ეს სტუდენტები თვლიდნენ, რომ მათ 7 ერთეულის ტოლი სიხარული განიცადეს. მაქსიმალური შეფასება იყო 10. ექსპერიმენტის ამ ეტაპზე მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგები შემდეგია: საშუალო - 8.5, ვარიაცია - 1.105263158, სტანდარტული გადახრა - 1.051314966. ოცმა სტუდენტმა ჩვენს გამოგონილ სიხარულის შკალაზე სიხარულის 10 შესაძლო ერთეულიდან  საშუალოდ 8.5 ერთეული სიხარული განიცადა, რაც, სტუდენტების კმაყოფილების მაღალ დონეს ნიშნავს. ექსპერიმენტის ამ ეტაპზე არც ერთი შეფასება არ ჩავარდნილა გულდაწყვეტის (ანუ 0-სა და 5-ს შორის) ფარგლებში. საერთო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორმა ბონუს ქულამ სტუდენტები საკმაოდ გაახარა. მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც დანარჩენი სტუდენტები უფრო მაღალ ქულას მიიღებენ? რა მნიშვნელობა აქვს სხვის კეთილდღეობას, ორი ქულის მიღებით განცდილი სიხარული უცვლელი დარჩება და  სხვის ქულებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ოცი სტუდენტის შეფასებაში არაფერი შეიცვლება, მათ კუთვნილ ქულებს არავინ ართმევს.   შესაბამისად A ჯგუფის ემოციური კეთილდღეობა წესით იგივე უნდა დარჩეს და სტუდენტები თავიანთი ორი ბონუს ქულით ისეთივე გახარებულები უნდა იყვნენ,  როგორც მანამდე.

ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, აუდიტორიაში გამოცხადდა,  რომ ყველა დანარჩენ სტუდენტს 5 ბონუს ქულა ეწერებოდა. ამ განცდახებას ახალგაზრდები სიხარულით შეხვდნენ, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო A-ჯგუფის წევრების ქცევაზე დაკვირვებაა. ამ ინფორმაციის გაგებისთანავე, მათი კმაყოფილება მკვეთრად შეიცვალა უკმაყოფილებით, ზოგს სახეზე გაკვირვება და გაღიზიანება დაეტყო, ჩანდა, რომ A-ჯგუფის ოცივე სტუდენტი ამ სიახლით დიდად გახარებულები არ უნდა ყოფილიყო. მოკლედ ლექცია გაგრძელდა, საათის ბოლომდე ჯგუფი ორად იყო გაყოფილი, პირველი ნაწილი კარგ ხასიათზე იყო,  A-ჯგუფის წევრები კი გულდაწყვეტილი. ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს დავემშვიდობეთ, A  ჯგუფის წევრებს ვთხოვეთ 2 წუთით აუდიტორიაში დარჩენილიყვნენ და იგივე პრინციპით თავისი ემოციური კეთილდღეობა 0-დან 10 ბალიან შკალაზე თავიდან შეეფასებინათ. განმეორებითი შეფასების შემდეგ სტუდენტებს გამოეცხადათ, რომ ეს არ იყო რეალური ქულები და საბოლოო შეფასებაშიც არ აისახებოდა. ექსპერიმენტის მეორე ეტაპის შედეგები შემდეგია: საშუალო - 3.3, ვარიაცია - 0.957895, სტანდარტული გადახრა - 0.978721. შეჯამებული  მონაცემები წარმოდგენილია ცხრილში 1.

ცხრილი  1. ექსპერიმენტი I - ის შედეგები

 

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

საშუალო

8.5

3.3

ვარიაცია

1.105263158

0.957895

სტ. გადახრა

1.051314966

0.978721

ამდენად, ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე, ანუ სანამ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ოცი სტუდენტი გაიგებდა, რომ დანარჩენებს მეტი ქულა ერგოთ, ისინი კუთვნილმა ორმა ბონუს ქულამ საკმაოდ გაახარა, რაზეც ემოციური კეთილდღეობის ვირტუალურ შკალაზე საშუალო 8.5 შეფასება მეტყველებს.  ცხრილიდან, ასევე ჩანს, რომ ვარიაცია 1.105263158-ია. მაგრამ, როდესაც სტუდენტებმა შეიტყვეს, რომ სხვებს უფრო მაღალი ქულა ერგოთ, მიუხედავად იმისა, რომ A ჯგუფის სტუდენტებისათვის რეალურად არაფერი შეცვლილა, მათი კმაყოფილება მკვეთრად გაუარესდა. მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ სხვებმა უფრო მაღალი შეფასებები მიიღეს A-ჯგუფის ემოციური კეთილდღეობა საგრძნობლად შემცირდა, მათი სიხარული მკვეთრად გაღიზიანებით და გულისწყვეტით შეიცვალა. ამას მეორე ეტაპის მონაცემები მოწმობს, როდესაც დანარჩენი ჯგუფის შეფასების ხუთი ერთეული ერგოთ, სულ რაღაც ნახევარი წუთის შუალედში A ჯგუფის სტუდენტებმა თავიანთი ქულები დანარჩენი სტუდენტების ქულებს შეადარეს და მათი კმაყოფილება მკვეთრად დაეცა და საშუალოდ 3.3 შეადგინა, რაც ჩვენს საზომზე ნიშნავს გულის წყვეტას, ვარიაცია აქაც საკმაოდ მცირეა -  0.957895.  ეს ექსპერიმენტი სამ სხვა და სხვა ჯგუფში ჩატარდა და მასში დაახლოებით 140 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ყველა შემთხვევაში თითქმის ერთსა და იგივე შედეგს ვიღებდით. თუ  წინასწარ შერჩეული სტუდენტები იგებდნენ, რომ დანარჩენებს ხუთი ბონუს ქულა დაეწერათ და მათ კი მხოლოდ 2, ისინი მაშინვე გამოხატავდნენ გულის წყვეტას და ხშირად საქმე სიტყვიერ შელაპარაკებამდეც მიდიოდა.

ერთ ჯგუფში კი ექსპერიმენტი საპირისპიროდ ჩატარდა. რა მოხდება თუ სხვა დანარჩენი სტუდენტები უფრო დაბალ ქულას მიიღებენ? შედეგი მოლოდინებს დაემთხვა, როდესაც A ჯგუფს 2 ბონუს, ქულა ხოლო დანარჩენებს კი 1 ქულა დაეწერათ, A ჯგუფის სტუდენტებს სხვა დანარჩენ ჯგუფებთან შედარებით მეტად გაუხარდათ და ჩვენს სიხარულის შკალაზე საშუალო პირველ ეტაპზე თუ 8.5-ს უდრიდა,  მეორეზე იგი 9.3 -მდე გაიზარდა. მაშასადამე, როდესაც სტუდენტებმა გაიგეს, რომ სხვებს უფრო დაბალი შეფასებები ერგოთ, ამ ფაქტმა ისინი კიდევ უფრო გაახარა.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებისათვის ბედნიერება, სიხარული და ზოგადად ემოციური კეთილდღეობა აბსოლუტური კი არა, უბრალოდ შედარებითი სიდიდეებია. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ რა გვაქვს, მთავარია სხვებს რა აქვთ. გაუხარდება თქვენს მეგობარ გოგონას თუ 8 მარტს სამაჯურს აჩუქებთ, რომელიც 20 დოლარი ღირს? გააჩნია მისი დაქალი თავისი მეგობარი ბიჭისაგან რას მიიღებს. თუ დაქალმა საჩუქრად 900 დოლარის ღირებულების ახალი ტელეფონი მიიღო, მაშინ თქვენი პარტნიორი თავის სამაჯურს ტელეფონს შეადარებს და სავარაუდოდ სიხარული მკვეთრად შეუცირდება, მიუხედავად იმისა, ამას გაგრძნობინებთ თუ არა.

ახლა უკვე შეგვიძლია ავხსნათ რატომ წამოვიდა ჩემი მეგობარი ანა სამსახურიდან, როდესაც გაიგო, რომ მის თანამშრომელს, რომელიც დაახლოებით იგივე პოზიციაზე მუშაობდა, მასზე მაღალი ხელფასი ქონდა. ანა ამ ინციდენტამდე თავისი ხელფასით კმაყოფილი იყო და ენთუზიაზმით მუშაობდა, მას დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად თავისი ანაზღაურება მოსწონდა და არანაირი კონფლიქტი კომპანიის შიგნით არ არსებობდა. მაგრამ ერთ დღესაც კომპანიის მენეჯერმა საკმაოდ არაკომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღო - მან გამოაცხადა, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს ხელფასს გაუზრდიდა და არ გაითვალისწინა, რომ ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევდა კომპანიის სხვა მშრომელებში, დანარჩენებმა თავიანთი ანაზღაურება მაშინვე ამ თანამშრომლის გაზრდილ ანაზღაურებას შეადარეს და საკუთარი ხელფასები ეცოტავათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ხელფასი უშუალოდ არ შეცვლილა, ისინი აღარ იყვნენ კმაყოფილი საკუთარი ანაზღაურებით და გადაწყვიტეს კომპანიის მენეჯერთან ამ საკითხზე შეხვედრა. ოთხი დასაქმებული დირექტორთან შევიდა, თავისი უკმაყოფილება გამოხატა და, რა თქმა უნდა, ყველა მათგანმა ხელფასის მომატება ითხოვა. დირექტორი და მენეჯერი უკმაყოფილების მიზეზს ვერ მიხვდნენ და რა შეიცვალა, ვერ გაიგეს. სულ რაღაც ერთი საათის წინ ოთხივე თავიანთი ანაზღაურებით კმაყოფილი იყო და მათთვის  ხელფასი არავის  შეუმცირებია, რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ, რომ იმავე წამს, როგორც კი ერთ-ერთ თანამშრომელს ხელფასი გაუზარდეს, დანარჩენებმა თავიანთი ანაზღაურება ამ თანამშრომლის გაზრდილ ხელფასს შეადარეს და  ჩვენს მიერ ზემოთ ახსნილი ფენომენი ამოქმედდა. კომპანიის მენეჯერი შედეგად გაღიზიანდა,  ხელმძღვანელობამ ოთხივე უარით გაისტუმრა და მოუწოდა, სამუშაოს დაბრუნებოდნენ. ორ დღეში ოთხივე თანამშრომელმა ეს კომპანია თავიანთი სურვილით დატოვა.

ამ შემთხვევაშიც  იკვეთება, რომ მნიშვნელოვანი არ არის, ადამიანებს რა აქვთ. უფრო მნიშვნელოვანია, სხვებს რა აქვთ. ისინი თავის საკუთრებას სხვებისას ადარებენ და ამ შედარების შედეგად უყალიბდებათ: სიხარული, გულის წყვეტა, ბედნიერება და სხვა ემოციები. 

ექსპერიმენტი II

მეორე ექსპერიმენტის ჩატარება ქუჩაში, გამვლელებზე მოხდა. ამ ყველაფრის მიზანი იყო პირველი ექსპერიმენტის შედეგების გადამოწმება, ხომ არ შეიძლება ზემოთ აღწერილი ცვლილება ემოციურ კეთილდღეობაში განპირობებული ყოფილიყო იმით, რომ სტუდენტებისათვის შეფასებები საერთო GPA-ს მხრივ მნიშვნელოვანია. შესაძლებელია ასეთი შესამჩნევი ცვლილება ადამიანების კმაყოფილებაში გამოწვეულია ისეთი სასურველი ცვლადების მიღების სურვილით, როგორიცაა ქულები, ხელფასი, წარმატება, კარიერული წინსვლა და ა.შ. საინტერესოა, შეიცვლება თუ არა ადამიანების ემოციები ისეთი უმნიშვნელო დეტალით მანიპულირებისას, როგორიცაა უბრალო კანფეტი.

მეორე ექსპერიმენტის იდეა თითქმის პირველის იდენტურია, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ კანფეტი საკმაოდ უმნიშვნელო დოვლათია, ქუჩაში ადამიანების დიდი ნაწილი არც კი ანიჭებს პრინციპულად დიდ მნიშვნელობას, ბევრი ტკბილეული ექნება ჯიბეში თუ ცოტა, ბონუს ქულებისაგან განსხვავებით. ექსპერიმენტი შემდეგი სახისაა: გუნდის წევრი გოგონა შემთხვევით გამვლელს აჩერებს და საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ ორ ცალ კანფეტს ჩუქნის. შემდეგ თხოვს ამ მოქალაქეს შეაფასოს თავისი კმაყოფილება ან სიხარული (რომელიც ემოციური კეთილდღეობის ტერმინში გავაერთიანეთ). ჩვენს მიერ ზემოთ  შემოღებულ 0-დან 10-მდე სიხარულის შკალაზე. ამის შემდეგ გოგონა მეორე შემთხვევით გამვლელს  10 ცალ კანფეტს ჩუქნის, მადლობას უხდის და გახარებულს ემშვიდობება. ამ სცენის მერე ისევ პირველ მოქალაქეს უბრუნდება და თხოვს თავისი ემოციური კეთილდღეობის კიდევ ერთხელ შეფასებას. რა თქმა უნდა, რესპონდენტის შეფასებები სრულიად ანონიმურია. ამის შესახებ რესპონდენტიც ინფორმირებულია. საინტერესოა, შეიცვალა თუ არა ადამიანის ემოციური კეთილდღეობა, როდესაც მის თვალწინ სხვას უფრო მეტი კანფეტი შეხვდა?

რამდენიმე დღის მანძილზე ექსპერიმენტში ჩაერთო 58 მოქალაქე. ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე, როდესაც ადამიანებს ორ კანფეტს ჩუქნიდნენ, მათ თავიანთი ემოციური კეთილდღეობა სიხარულის შკალაზე (კანფეტების კვალობაზე) საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასეს. მინიმუმალური შფასება იყო 5, ემოციურად ნეიტრალური, ყველაზე მაღალი -  9. საბოლოოდ ექსპერიმენტის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 2. 

ცხრილი 2. ექსპერიმენტი II - ის შედეგები 

ცხრილი 2. ექსპერიმენტი 2

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

საშუალო

7.35

3.9

ვარიაცია

1.713158

0.989474

სტანდარტული გადახრა

1.308877

0.994723

პირველი ეტაპის შედეგები შემდეგია: საშუალო 7.35, ვარიაცია 1.713158, სტანდარტული გადახრა კი 1.308877. ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, როდესაც სხვა გამვლელებისათვის ათ-ათი კანფეტის დარიგების შემსწრე, თავდაპირველ რესპონტენტებს  ეთხოვათ  ემოციები თავიდან შეეფასებიდათ.   შედეგად შემდეგი მონცემები დაფიქსირდა: საშუალო 3.9, ვარიაცია 0.989474, სტანდარტული გადახრა კი 0.994723. როგორც ვხედავთ, როდესაც ადამიანებმა დაინახეს, რომ მათ მხოლოდ ორი, სხვებს კი ათი კანფეტი ერგოთ, მათი კუთვნილი ორი კანფეტისაგან მიღებული კმაყოფილება/სიხარული მკვეთრად შეუმცირდათ და შეფასებებიც სიხარულის შკალაზე 7.35-დან 3.9-მდე შმცირდა.  სტანდარტული გადახრა ამ შემთხვევაშიც მცირეა.

პირველი და მეორე ექსპერიმენტის შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიც ბონუს ქულებია და ისეთ უმნიშვნელოზე, როგორიცაა უბრალოდ კანფეტი, ადამიანებს მსგავსი რეაქცია ქონდათ და ისინი თავს უარესად გრძნობენ, როდესაც სხვა უფრო მეტს, კარგს და ა.შ. ფლობს.

ისმის კითხვა: უნდა ავტვირთოთ თუ არა გაცნობის აპლიკაციის (Dating Applications) პროფილში ფოტოები, სადაც იმაზე უფრო უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე რეალურად? ამ სტატიის შედეგებიდან გამომდინარე,  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წარმატებული პაემნის ალბათობას შეამცირებს, რადგან პრინციპში ამით საკუთარი თავის უკეთეს ვირტუალურ ვერსიას ვქმნით. ეს იგივეა, რაც პარალელური სამყაროდან ჩვენი, მაგრამ უკეთესი ვერსია გადმოვიყვანოთ. შესაბამისად, ასეთი ფოტოებით ჩვენ საკუთარი თავის კონკურენტები ვხდებით. როგორც გავიგეთ,  შეხვედრისას ადამიანები თავის შთაბეჭდილებას არა იმისგან აყალიბებენ, რასაც ხედავენ, არამედ იმისგან, რაც პოტენციურად შეიძლებოდა დაენახათ. შეხვედრისას პარტნიორები ჩვენს რეალურ გარეგნობას, პროფილზე განთავსებულ ჩვენს ფოტოებს შეადარებენ და რადგან იქ ბევრად უკეთ გამოვიყურებით, შედარების ეფექტი ამ შემთხვევაშიც ამოქმედდება და პირადად შეხვედრისას უფრო ნაკლებ შთაბეჭდილებას მოვახდენთ, ვიდრე  პროფილზე განათების, პოზირების, ფოტოგრაფის, ფოტოშობის, ფილტრებისა და ა.შ. დახმარებით საკუთარი თავის ასეთ იდეალური ფოტოების განთავსების გარეშე შევძლებდით.

დასკვნები

მთავრობები, ბიზნესი და თუნდაც ეკონომისტები, ჩვეულებრივ დარწმუნებულები არიან ადამიანების რაციონალურობაში. ითვლება, რომ ინდივიდები ფიქრობენ რაციონალური ალგორითმის შესაბამისად, ირჩევენ თანმიმდევრულად სწორად და, შესაბამისად მათ სტივენ ჰოკინგის ინტელექტი, შაოლინის ბერებისათვის დამახასიათებელი დისციპლინა და ნებისყოფა უნდა ჰქონდეთ. მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს ასეთი ქცევა არ ახასიათებთ. მათ საბოლოო ჯამში თვითონაც არ იციან, რა უნდათ. ამიტომ, კომპანიის მენეჯერებმა,  მთავრობის წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა თუ სხვებმა, ინდივიდების ემოციური კეთილდღეობის პროგნოზირებისას მათი  ირაციონალური  ალგორითმით უნდა იხელმძღვანელონ. კერძოდ, ფირმებმა თუ თანამდებობის პირებმა უნდა იფიქრონ არა იმაზე, თუ უშუალოდ რას აძლევენ საზოგადოებას, არამედ იმაზე, თუ რასთან შეუძლიათ ამ უკანასკნელებს თავიანთი დოვლათის შედარება. მაგალითად, ერთი თანამშრომლის დანარჩენებზე მეტად შექებამ, წახალისებამ შეიძლება კომპანიაში მასიური უკმაყოფილება გამოიწვიოს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Akerlof, G. A., Yellen, J. L., & Katz, M. L. (1996). An analysis of out-of-wedlock childbearing in the United States. Quarterly Journal of Economics, 111, 277–317.

Ariely, D. (2009). Predictably Irrational. New York, NY: HarperCollins.

Ariely, D., & Wallsten, T. (1995). Seeking subjective dominance in multidimensional space: An explanation of the asymmetric dominance effect. Organizational Behavior and Human Decision Processes.

Asch, S. (1995). Opinions and social pressure. In E. Aronson (Ed.), Readings About the Social Animal (p. 13). New York: W. H. Freeman.

Christakis, N. A., Fowler, J. H. (2007). The spread of obesity in a large social network over 32 years. New England Journal of Medicine, 357, 370–379.

Clark, A. E., Diener, E., Georgellis, Y., & Lucas, R. E. (2003). Lags and leads in life satisfaction: A test of the baseline hypothesis (DELTA Working Paper 2003-14)

Cooper, A. C., Woo, C. Y., & Dunkelberg, W. C. (1988). Entrepreneurs\' perceived chances for success. Journal of Business Venturing, 3(2), 97–108.

Holland, R. W., Aarts, H., & Hendriks, M. (2005). Smells like clean spirit. Psychological Science, 16, 689–693.

Kirsch, I. (1998, June). Antidepressants proven to work only slightly better than placebo. Prevention and Treatment.

Sherif, M. (1937). An experimental approach to the study of attitudes. Sociometry, 1, 90–98.

Thaler, R. H., & Sunstein, C. R. (2009). Nudge. New York, NY: Penguin.