English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ილია ჯანიაშვილი
შუა დერეფანი და საქართველოს პოტენციალის მართვა

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია „შუა დერეფნის“ (ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) მზარდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა, რომელიც ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის (BRI) ნაწილია. უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების მიმართ, რომლებიც რუსეთის გვერდის ავლით აკავშირებს აზიასა და ევროპას. ამ კონტექსტში, საქართველო, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, შავი და კასპიის ზღვებს შორის, „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად გვევლინება.

სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს როლი, პოტენციალი და გამოწვევები აღნიშნულ პროექტში. განხილულია ისეთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს პოტენციალს განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ ენერგიის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა. ნაშრომი ასევე აფასებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის განხორციელებასთან, მათ შორის, საჭირო ინვესტიციების მოცულობასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

საკვანძო სიტყვები: შუა დერეფანი, სარტყელი და გზის ინიციატივა (BRI), საქართველო, გეოპოლიტიკა, ლოგისტიკა, განახლებადი ენერგია, ეკონომიკური განვითარება. 

შესავალი

ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა გლობალური ეკონომიკის ახლებურად ჩამოყალიბებაზე. ჯერ COVID-19 ვირუსის მსოფლიო გამოწვევამ შეაფერხა აწყობილი მიწოდების ჯაჭვები, შემდგომ 2022 წელს დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და 2023 წელს დაემატა ისრაელ-პალესტინის ომი. დასავლეთის მიერ რუსეთის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დაწესებულმა  სანქციებმა შეცვალა ეკონომიკური მოწყობის ზოგადი რეალობა და დაიწყო არსებული წესრიგის ალტერნატიული, ქმედითი თანამშრომლობის ჩამოყალიბება(პაპავა ვ. 2024).

 მეზობელ ქვეყნებში უდიდესი გამოწვევების მიუხედავად საქართველო ინარჩუნებს სამშვიდობო მდგომარეობას, რაც დიდ წილად მოქმედი მთავრობის მიერ გეგმაზომიერი საგარეო პოლიტიკის წარმოების შედეგია. აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი ხდება მსოფლიოს უდიდესი და უმდიდრესი ქვეყნებისთვის რომ ის ჩართონ ახალი გეოპოლიტიკური ეკონომიკების წარმოებაში. საქართველო მოიაზრება ეკონომიკური „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ სრულფასოვან წევრად, რომელიც აკავშირებს აზიისა და ევროპის ქვეყნების საქონელბრუნვას. ამასთან, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დამატებით იძლევა ქვეყნის გეოპოლიტიკურ სანდოობას.

„შუა დერეფანი“ არის კონცეფცია, რომელიც ასოცირდება ჩინეთის სარტყელი და გზის ინიციატივასთან (BRI). ის ასევე ცნობილია როგორც ერთი სარტყელი, ერთი გზა (OBOR) განვითარების იდეა. BRI არის მასშტაბური ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების პროექტი, რომელიც დაიწყო ჩინეთის მთავრობის მიერ 2013 წელს (The Belt&Road Initiative, 2016). მისი მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ კავშირს და თანამშრომლობას ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის აზიაში, ევროპაში, აფრიკაში და მის ფარგლებს გარეთ(OECD, 2018).

შუა დერეფანი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე დერეფნიდან, რომელიც მოიცავს სარტყელი და გზის ინიციატივას და ის კონკრეტულად ეხება სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების ქსელს, რომელიც აკავშირებს ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გავლით. ამ დერეფანს ზოგჯერ „ახალ აბრეშუმის გზასაც“ უწოდებენ. 

შუა დერეფნის არსი

შუა დერეფანი, როგორც წესი, გულისხმობს გზების, რკინიგზის, პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს საქონლისა და ხალხის გადაადგილებას ჩინეთსა და ევროპას შორის (Kenderdine and Bucsky, 2021). მას აქვს პოტენციალი შეამციროს ტრანსპორტირების დრო და ვაჭრობის ხარჯები, რითაც გაიზრდება და განვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა დერეფნის გასწვრივ.

შუა დერეფანში ჩართულ ქვეყნებში მოიაზრება ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. დერეფანი გადის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში და მის განვითარებას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური ზეგავლენა (Bussières, 2023). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ქამარი და გზის“ ინიციატივამ მიიღო დადებითი შეფასება ეკონომიკური ზრდის სტიმულირების პოტენციალის გამო, ხოლო უარყოფითი - ვალის ზრდის, გარემოზე ზემოქმედების და გეოპოლიტიკურ გავლენასთან დაკავშირებული პრობლემების გამო (Donnellon-may, 2023).

შუა დერეფანი, რომელიც არის ჩინეთის სარტყელი და გზის ინიციატივის (BRI) ნაწილი, შექმნილია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების გადაადგილებას ჩინეთსა და ევროპას შორის, ასევე მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის. დერეფანი შეიძლება გამოყენებულ იქნას საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრის ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის: წარმოებული საქონელი (ელექტრონიკა, მანქანა-დანადგარები), ნედლეული, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ენერგეტიკული რესურსები და სხვადასხვა სერვისი.

უდიდესი ყურადღება ეთმობა განახლებადი ენერგიის კომპონენტს - განახლებადმა ენერგიამ და მისმა აღჭურვილობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინეთის სარტყელი და გზის ინიციატივის სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის შუა დერეფანში. განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარება და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის გადაცემა ინიციატივის მნიშვნელოვანი კომპონენტია (ASEAN Research Institute, 2018). ჩინეთი აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებასა და მშენებლობაში, რაც ხელს უწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ეკოლოგიურ მდგრადობას და ტექნოლოგიების ტრანსფერს. 

საქართველოს როლი (BRI) შუა დერეფანში

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის სარტყელი და გზის ინიციატივაში (BRI), განსაკუთრებით, შუა დერეფანის განვითარებაში. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა გადამწყვეტია შუა დერეფნისთვის. მას აქვს ხიდის ფუნქცია შავი და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის და უზრუნველყოფს სატრანზიტო პუნქტის                როლს საქონლისა და ენერგეტიკული რესურსებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან აზიასა და ევროპას შორის (Georgia Positions Itself on China’s New Silk Road, 2018).

საქართველომ განახორციელა მრავალი ინვესტიცია და გააუმჯობესა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, რკინიგზა და პორტები. შუა დერეფნის პროექტებში მონაწილეობით საქართველო მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიდან აღსანიშნავია:

  • ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზა: ეს რკინიგზა უზრუნველყოფს გადამწყვეტ სარკინიგზო კავშირს ევროპასა და აზიას შორის, რუსეთის გვერდის ავლით. საქართველო ამ პროექტში გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან რკინიგზა მის ტერიტორიაზე გადის.
  • ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტი: რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინა ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტი. პორტი გაუმკლავდება ტვირთების დიდ მოცულობას და ხელს შეუწყობს ვაჭრობას შუა დერეფნის გასწვრივ (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2014).
  • წყალქვეშა ელექტრო კაბელი: უდიდესი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც გულისხმობს წყალქვეშა საკაბელო პროექტის დაწყებას, დააკავშირებს ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ელექტროსისტემებს. ამ მიმართულებით საქართველო იძენს არა მხოლოდ გამტარი, არამედ მწარმოებელი ქვეყნის ფუნქციას, რაც ძლიერ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით.

იმისათვის, რომ საქართველომ შუა დერეფნის პროექტში მონაწილეობით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საჭიროა შემდეგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება: სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავება, ვაჭრობისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელშეწყობა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია, მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, ფინანსური სისტემების გაძლიერება, გარემოს დაცვა და სოციალური პასუხისმგებლობა. 

საქართველოს პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოებაში

მსოფლიოს წინაშე არსებული გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების პრობლემებმა დააჩქარა წიაღისეული საწვავის გამოყენებით მიღებული ენერგიის ჩანაცვლება განახლებადი ენერგიით. განახლებადი ენერგიის წყაროებს აქვს სათბურის გაზების გაცილებით დაბალი გამოყოფის მაჩვენებელი, ვიდრე წიაღისეული საწვავის წყაროებს.

საქართველოც უდიდეს ყურადღებას უთმობს ამ მიმართულებით განვითარებას, რასაც მოწმობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული „განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა“ (2019), სადაც დეტალურადაა აღწერილი ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები და „საქართველოს კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ (2019).

2020 წლის მონაცემების მიხედვით მოხმარებული ენერგორესურსებიდან 71.7% მოდის წიაღისეული საწვავის, ხოლო 28.3% - განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე. იმპორტირებული ენერგორესურსების საერთო ღირებულება 2021 წლის მონაცემების მიხედვით 1.3 მილიარდ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. როგორც რიცხვები გვიჩვენებს, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად, იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩასანაცვლებლად და მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასასვლელად.

ჩვენ ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიის ათვისების მხრივ. „განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2019) მიხედვით:

  • ჰიდროენერგია: პოტენციური ჯამური სიმძლავრე შეფასებულია 15,000 მვტ-ით, ხოლო წლიური გამომუშავების ჯამური პოტენციალი - 50 ტვტ.სთ-ით. ამ პოტენციალიდან ამჟამად გამოიყენება სიმძლავრის დაახლოებით 22% და წარმოების 17% (2018 წ. საპროგნოზო მაჩვენებელი);
  • ქარის ენერგია: საშუალო წლიური გამომუშავების პოტენციალი განსაზღვრულია 4 ტვტ.სთ-ით და 1,500 მგვტ დადგმული სიმძლავრით.
  • გეოთერმული ენერგია: საქართველოს გეოთერმული წყლების ყოველწლიური პოტენციალი შეადგენს 250 მილიონ მ3 -ს.

დღეისთვის საქართველოში 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნური წყლის საბადოა, სადაც გეოთერმული წყლის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 30-დან 110ºC შორის, დღეღამური ჯამური დებეტი შეფასებულია 160,000 მ3-ით.

  • მზის ენერგია: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის რადიაციის მაჩვენებელი შედარებით მაღალია. ქვეყნის რიგი რეგიონები წლიურად 250-280 მზიანი დღით ხასიათდება, რაც წელიწადში დაახლოებით 6,000-6,780 მზიურ საათს შეადგენს. მზის წლიური გამოსხივება რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე მერყეობს 1,250-1,800 კვტ.სთ/მ2 შორის. 

შუა დერეფანი და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში საქართველო აღმოაჩინა მთავარი ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტის ცენტრში, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან, რუსეთის გვერდის ავლით. შუა დერეფნის პროექტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას სწორედ ახლა იძენს (Walter, 2022). უფრო მოსახერხებელი ჩრდილოეთის სახმელეთო მარშრუტიდან რუსეთის გავლით, წარმოებული ცხელი ომის გამო, საერთაშორისო ტვირთების მასებმა სამხრეთისაკენ გადაინაცვლა. საქართველოს საზღვრებთან სატვირთო მანქანების რიგში დგომა დაიწყო, ეს საკითხი მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრების დღის წესრიგში დადგა და თანდათან იქცა საქართველოს შესახებ დასავლური დისკურსის განუყოფელ ნაწილად.

საქართველო აღმოჩნდა ისეთ ისტორიულ მდგომარეობაში, როცა შეუძლია თავისი მოთხოვნების დაყენება გლობალური საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

სწრაფად განვითარებადი სავაჭრო დინამიკითა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მზარდ ეპოქაში, შუა დერეფნის, როგორც სიცოცხლისუნარიანი ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტის განვითარება არის გეოპოლიტიკური თამაშის შემცვლელი. ჩინეთსა და ევროპას შორის არსებული ხიდი, რომელიც გადის სტრატეგიულ ქვეყნებზე, როგორიცაა ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, შუა დერეფანი მსოფლიოს სთავაზობს ახალ სავაჭრო და ეკონომიკურ ლანდშაფტს (Bussières, 2023). რუსეთის პოზიციის დაქვეითებამ, განსაკუთრებით სავაჭრო პარტნიორებთან და გეოპოლიტიკურ კავშირებთან, აუცილებლობის განცდა შესძინა ალტერნატიულ, უფრო სტაბილურ სავაჭრო გზების ძიებას. ამ ცვლილებამ დააჩქარა გლობალური სავაჭრო ქსელების გადაკალიბრების აუცილებლობა, რაც შუა დერეფანს აქცევს არა მხოლოდ არჩევანს, არამედ იმ ქვეყნების დასაყრდენს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციას და გეოპოლიტიკური რისკის შემცირებას.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ინარჩუნებენ ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის ომში, მათ კარგად იციან რუსეთის მიერ დომინირებული ჩრდილოეთ დერეფნის დივერსიფიკაციის უპირატესობები. ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, რომლებსაც გეოპოლიტიკური რისკების შემცირების სურვილი აქვთ, გამოიყენეს შუა დერეფანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და შიდა რეგიონული ვაჭრობის გაზრდის პოტენციალის გამო. შედეგად, ამ განვითარებადი სავაჭრო არტერიის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვა მკვეთრად გაიზარდა 3,2 მილიონ ტონამდე 2022 წელს.

ყაზახეთმა, შუა დერეფნის მთავარმა მოთამაშემ, მნიშვნელოვნად გაზარდა ტვირთების მოცულობა ამ მარშრუტზე, ის გაორმაგდა 1,5 მილიონ ტონამდე გასულ წელთან შედარებით.

თუმცა, ეს ფაქტი რეალიზმით უნდა იყოს შერბილებული. მიუხედავად ტვირთების მოცულობის ზრდისა, შუა დერეფანი მაინც შეადგენს ჩრდილოეთ მარშრუტით გადაადგილებული ტვირთის 10%-ზე ნაკლებს. არათანმიმდევრული რეგულაციები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ხარისხი და წინააღმდეგობრივი ეროვნული ინტერესები, უნდა დროულად მოგვარდეს, რათა შუა დერეფანმა სრულად აამოქმედოს თავისი პოტენციალი.

შუა დერეფანის ოპერაციული ეფექტიანობის სარგებელი მრავალფეროვანია. მაგალითად, სტანდარტიზებულმა რეგულაციებმა და ტარიფებმა შეიძლება მნიშვნელოვნად დააჩქაროს ტვირთების ტრანზიტი დერეფანში. გარდა ამისა, შუა დერეფნის უფრო მოკლე გეოგრაფიული მანძილი - მინიმუმ 2000 კილომეტრით მის ჩრდილოელ კოლეგასთან შედარებით, უზრუნველყოფს გადაზიდვის დროის ხელშესახებ შემცირებას. ამან შესაძლოა პოტენციურად შეამციროს ტრანზიტის დრო ჩინეთსა და ევროპას შორის 12 დღემდე, ჩრდილოეთ კორიდორის გავლით მიმდინარე 19-დღიან მოგზაურობასთან შედარებით (Dornier Group 2022).

 

წყარო:  Dornier Group 2022

 გარდა ზემოთაღნიშნულისა, ზღვით ტრანსპორტირების 35-45 დღის ვადაც მნიშვნელოვნად მცირდება ამ მარშრუტით.

 

წყარო:  Dornier Group 2022 

რაც მთავარია, შუა დერეფანი გვაძლევს რისკების შერბილების მნიშვნელოვან სარგებელს. გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკური სანქციების ესკალაციის დროს, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, შუა დერეფანი ბიზნესს აძლევს ალტერნატიულ გზას, რომელიც გვერდს უვლის ნებისმიერ პოტენციურ გაურკვევლობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც უნდა დაიცვან მზარდი სანქციების მკაცრი რეგულაციები, რადგან ეს ამცირებს რთულ სამართლებრივ დავებში მოხვედრას უნებლიე დარღვევების გამო. აქედან გამომდინარე, შუა დერეფანი არა მხოლოდ უფრო მოკლე და სწრაფი მარშრუტია, არამედ უფრო უსაფრთხოც, რაც მას უფრო მიმზიდველ არჩევნად აქცევს კომპანიებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ შუა დერეფანი უდავოდ განაპირობებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, მისი სრული პოტენციალის რეალიზაციის გზა სავსეა გამოწვევებით. ორი ურთიერთდაკავშირებული ელემენტი - ინვესტიცია და უსაფრთხოება - მოითხოვს დაუყოვნებლივ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს.

ფინანსური თვალსაზრისით, საჭირო ინვესტიციების სიდიდე შთამბეჭდავია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით, მნიშვნელოვანი კაპიტალის ინექცია, 19-21 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში აუცილებელია შუა დერეფნის ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული სისუსტეების დასაძლევად.

უსაფრთხოება თავის მხრივ ამატებს უდიდეს სირთულეებს. შუა დერეფანი კვეთს რეგიონს, რომელიც ისტორიულად სავსეა დაძაბულობითა და ტერიტორიული დავებით. რეგიონული სტაბილურობა არ არის მხოლოდ უმაღლესი მიზანი - ის ოპერატიული აუცილებლობაა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ თუ რამდენად დიდი ინტერესი აქვს შუა დერეფნის მიმართ გლობალურ ძალებს, როგორიცაა შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ის სიღრმისეულად შეესაბამება მათ გრძელვადიან ეროვნულ და რეგიონულ სტრატეგიებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის გავლენის შემცირებას ევრაზიულ სავაჭრო გზებზე და ენერგომომარაგების ჯაჭვების დივერსიფიკაციას (პაპავა, 2024).

აღსანიშნავია, რომ დერეფნის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ ფაქტორებზე; ის მოითხოვს ფრთხილად დაბალანსებულ გეოპოლიტიკურ გარემოს. მონაწილე ქვეყნებმა გააზრებულად უნდა მართონ თავიანთი ურთიერთობები მნიშვნელოვან გლობალურ მოთამაშეებთან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რათა უზრუნველყონ, რომ ამ ახალი მარშრუტის განვითარება ჰარმონიზდეს და არა ძირი გამოუთხაროს არსებულ პარტნიორობასა და ალიანსებს. ვაჭრობა არ ხდება ვაკუუმში, არამედ რთულ გლობალურ გარემოში, რომელიც სავსეა გეოპოლიტიკური სირთულეებით. 

დასკვნები და წინადადებები

შუა დერეფანი წარმოადგენს არა მხოლოდ ტვირთის ტრანზიტის ალტერნატივას, არამედ ის გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას შეცვალოს ევრაზიის რეგიონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი. ამ ხედვის მიღწევა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივ ძალისხმევას - იქნება ეს ეროვნული მთავრობები, კერძო ინვესტორები თუ რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციები. მომავალი რთული გამოწვევების ერთობლივი გადაჭრით, შუა დერეფანი ფლობს პოტენციალს, გახდეს რეგიონული სტაბილურობის კატალიზატორი და გლობალური ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშემწყობი.

შუა დერეფანში საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიულ ქვეყნად და მიეცა შესაძლებლობა უდიდესი და სწრაფი განვითარებისა. დაბალანსებული და გააზრებული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა საშუალებას აძლევს ქვეყანას განახორციელოს მეგა ლოგისტიკური პროექტები, რომელიც მას საშუალებას აძლევს იყოს არა მხოლოდ უბრალოდ ტრანზიტი ქვეყანა, არამედ მწარმოებელიც, განსაკუთრებით მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით.

საერთო ჯამში, საქართველოს მონაწილეობა შუა დერეფანში არის მისი ფართო სტრატეგიის ნაწილი, რათა გააძლიეროს თავისი პოზიციები, როგორც რეგიონალური ეკონომიკური და სატრანსპორტო კერა, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობასა და კავშირს ევროპასა და აზიას შორის (Georgia Positions Itself on China’s New Silk Road, 2018). ასევე უდიდესი მნიშვნელობა შესძინოს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის არსებობას, რასაც ყველა გლობალური ძალა შეუწყობს ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი იქნება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. (2014) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრეზენტაცია. https://www.economy.ge/ uploads/news/giorgi_kvirikashvili/2014/anakliis_portis_prezentacia__10.07.2014.pdf
  2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა. (2019) https://www.economy.ge/uploads/files/2017/ energy/samoqmedo_gegma/ganakhlebadi_energiis_ erovnuli_samoqmedo_ gegma_2020.pdf
  3. საქართველოს კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ. (2019) https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4737753?publication=1 
  4. პაპავა ვ. (2024). მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის შესაძლო ცვლილებები გლობალიზაციის ტრანსფორმაციის პირობებშიდა „შუა დერეფანი“. VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“.
  5. ASEAN Research Institute (2018). LSE Ideas. China’s Belt and Road Initiative (BRI) and Southeast Asia. https://www.lse.ac.uk/ideas/Assets/Documents/reports/LSE-IDEAS-China-SEA-BRI.pdf
  6. Baker Tilly. (2019). Understanding China’s Belt and Road Initiative and its Implications for Malaysia. https://www.bakertilly.my/public/ files/d46322a8a433370a0e6c125cdaffcd006e944c476db40cf7a8215a7cfbaefc22.pdf
  7. Genevieve Donnellon-may. Lowy Institute. (2023). Beijing’s interest in the Middle Corridor. https://www.lowyinstitute.org/the-interpreter/beijing-s-interest-middle-corridor
  8. Georgia Positions Itself on China’s New Silk Road (2018). German Institute for International and Security Affairs. https://www.swp-berlin.org/publications/products/comments/2018C13_smk.pdf
  9. Pierre-Olivier Bussières. Geopolitical monitor. (2023). The Middle Corridor: A Geopolitical Game-Changer in Eurasian Trade.
  10. https://www.geopoliticalmonitor.com/the-middle-corridor-a-geopolitical-game-changer-in-eurasian-trade/ 
  11. The Belt&Roade Initiative. Institute for Security & Development Policy (2016). www.isdp.eu https://isdp.eu/content/ uploads/2016/10/2016-The-Belt-and-Road-Initiative.pdf
  12. The Organisation for Economic Co-operation and Development (OECD) (2018). China’s Belt and Road Initiative in the Global Trade, Investment and Finance Landscape.https://www.oecd.org/finance/ Chinas-Belt-and-Road-Initiative-in-the-global-trade-investment-and-finance-landscape.pdf
  13. Tristan Kenderdine and Péter Bucsky. Asian Development Bank Institute. (2021). Middle Corridor – Policy development and trade potential of the trans-caspian international transport route.https://www.adb.org/sites/default/files/publication/705226/adbi-wp1268.pdf
  14. Woldemar Walter. German Economic Team(GET). (2022). Challenges and opportunities of the Middle Corridor. https://www.german- economic-team.com/en/newsletter/challenges-and-opportunities-of-the-middle-corridor/