ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
გურამი იოსებაშვილი ∘
ყურძნის სუბსიდირების ეკონომიკური ეფექტები კახეთის რეგიონში ანოტაცია. ყურძნის სუბსიდირების პოლიტიკა საქართველოში, განსაკუთრებით კი კახეთის რეგიონში, წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აგრარულ ინტერვენციას, რომელიც მიზნად ისახავს ვაზისა და ღვინის სექტორის სტაბილიზაციას. ეს პროგრამა მიმართულია როგორც დიდ, ისე მცირე მევენახეებზე, რათა შემცირდეს ფასების მერყეობის უარყოფითი გავლენა და უზრუნველყოფილი იყოს მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაცია. ეკონომიკური თვალსაზრისით, სუბსიდირებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაში. მიუხედავად დადებითი შედეგებისა, სუბსიდირებას აქვს რისკებიც, რადგან ის ქმნის დამოკიდებულებას სახელმწიფოზე, რაც აფერხებს დარგის განვითარებას. ამიტომ ეკონომიკური ეფექტების სრულფასოვანი შეფასება მოითხოვს როგორც მოკლევადიანი სარგებლის, ისე გრძელვადიანი მდგრადობის ანალიზს. საბოლოოდ, ყურძნის სუბსიდირების პროგრამა წარმოადგენს მექანიზმს, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონში მცხოვრები ადამიანებისა. თუმცა, მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია დამატებით პოლიტიკურ ნაბიჯებზე: ხარისხის კონტროლზე, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობაზე და ბაზრის დივერსიფიკაციაზე. სწორი ბალანსის შემთხვევაში, სუბსიდირება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დარგის მდგრადი ეკონომიკური პროგრესი. კახეთის რეგიონში სწორი კვლევა და შეფასება სუბსიდირების შესახებ კიდევ უფრო კომპლექსურია, ვინაიდან მევენახეობა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული და ისტორიული ფენომენია, რომელიც ქვეყნის იმიჯის ნაწილია. აქედან გამომდინარე, სუბსიდირების პოლიტიკის სწორი დაგეგმვა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ მოკლევადიან ფინანსურ დახმარებას, არამედ სტრატეგიულ ხედვას, რომელიც მოიცავს ვენახების რეაბილიტაციას, წყლის რესურსების ოპტიმიზაციას, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობის გაზრდას, ღვინის ბაზარზე დივერსიფიკაციას და ექსპორტის სტრატეგიების განვითარებას. სწორად დაგეგმილი სუბსიდია კახეთის რეგიონში შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი ფერმერთა სოციალური დაცვის, ბაზრის სტაბილიზაციისა და სექტორის განვითარებისათვის, ხოლო არასწორად გამოყენების შემთხვევაში, იგი შეიძლება გახდეს დაბალი პროდუქტიულობის, ინოვაციების შეჩერებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ზედმეტი ტვირთის წყარო. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის აუცილებელია სუბსიდირების მოდელის გადახედვა და ცამოყალიბება ისე, რომ მან წაახალისოს პროდუქტის ხარისხი, ტექნოლოგიური განვითარება და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა. საკვანძო სიტყვები: სუბსიდირება; რეალიზაცია, დივერსიფიკაცია, ექსპორტი, წარმოება. კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი გამოირჩევა კლიმატისა და ნიადაგის მრავალფეროვნებით, რის გამოც თითქმის ყველა კულტურის მოყვანაა შესაძლებელი. რეგიონი გამოირჩევა ვენახების რაოდენობითა და ღვინის დაყენების კულტურით. ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება ათეულობით საუკუნის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება, ამიტომ ეს რეგიონი ტურისტებისთვის მიმზიდველია, განსაკუთრებით კი რთვლის პერიოდში. კახეთში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მევენახეობის დარგში არის დასაქმებული ან თვითდასაქმებული, ამიტომ ამ კულტურას სოციალური დატვირთვაც აქვს. გარდა ამისა ბოლო წლებში ღვინის ექსპორტიც გაიზარდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მოსავლის ზრდით და რუსეთის ბაზრის გახსნით იყო გამოწვეული. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ვაზის მოვლასა და ღვინის დაყენებას როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის აქვს სოციალური, კულტურული, ისტორიული და ეკონომიკური დატვირთა. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე სახელმწიფომ დაიწყო მევენახეების ხელშეწყობა და სუბსიდირების პროგრამის განხორციელება 2008 წელს, როდესაც რუსეთის ბაზარი დაიკეტა და ყურძნის ჭარბი რაოდენობა რეალიზების გარეშე დარჩა. საერთაშორისო გამოცდილება სუბსიდირებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აგროსუბსიდიების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პოლიტიკის გრძელვადიან მდგრადობაზე და სწორ ხედვებზე, ამიტომ სუბსიდირების პროგრამის ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონში, რადგან იგი განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას. ბოლო წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის თანხები გამოიყო ყურძნის სუბსიდირებაზე, რაც მიზნად ისახავდა ფერმერების შემოსავლების ზრდას, წარმოების ზრდას, ფასების სტაბილურობას და სხვა. თუმცა, სუბსიდირების ეკონომიკური შედეგები ამ წლების განმავლობაში მრავალმხრივი შედეგებით გამოირჩევა და მოითხოვს კომპლექსურ ანალიზს, რათა განვსაზღვროთ მისი დადებითი თუ უარყოფითი შედეგები. ერთის მხრივ, ფინანსური მხარდაჭერა იცავს ფერმერებს ფინანსური ზარალისაგან, ზრდის სოციალურ სტაბილურობას და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმების შენარჩუნებას, მეორეს მხრივ, ხშირად იკვეთება ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ბაზრის ფასების ხელოვნური შენარჩუნება, კონკურენციის შეზღუდვა, პროდუქციაზე ხარისხის შემცირება და სახელმწიფო ბიუჯეტზე დატვირთვა. ჩემს მიერ წარმოდგენილი სტატია მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში ყურძნის სუბსიდირების ეკონომიკური ეფექტების შეფასებას, რაც მოიცავს ფერმერების შემოსავლების, ექსპორტის, ადგილობრივი წარმოების, ბაზრის თავისუფალი განვითარების და სხვა ეკონომიკური საკითხების ანალიზს. კვლევის საწყის ეტაპზე განვსაზღვრე ის კითხვები, რომელზე გაცემული პასუხებიც დაგვეხმარება ანალიზისა და შემდგომ დასკვნების გამოტანაში. ამის შემდეგ განვსაზღვრე აუდიტორია, ვისაც უნდა გაეცა პასუხი დასმული კითხვებისთვის. გამოკითხვაში მონაწილეობისთვის განისაზღვრა 84 ფერმერი, რომლებიც წარმოადგენენ კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონს. გამოკითხვა ჩატარდა როგორც Google Forms–ში, ასევე შეხვედრით, რა დროსაც ფერმერებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და ასევე დააფიქსირეს საკუთარი შეხედულება სუბსდირებასთან დაკავშირებით. მათი პასუხი მრავალწლიან ფერმერულ გამოცდილებას ეყრდნობა, რაც კვლევის სანდოობას და სწორი შეფასების გაკეთებას უწყობს ხელს. გამოკითხვა შედგებოდა 26 შეკითხვისაგან საიდანაც 22 არის ისეთი შეკითხვა, სადაც რესპოდენტმა რამოდენიმე პასუხიდან ერთ-ერთი უნდა დაფიქსიროს, ხოლო 4 შეკითხვა, რომელზეც საკუთარი მოსაზრება უნდა დააფიქსიროს. გამოკითხვის შედეგების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და მათი ანალიზიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ საქართველოში ყურძნის წარმოება და ექსპორტი გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ყურძნის ფასი წლებია უცვლელია და რიგ შემთხვევაში შემცირდა კიდეც. სუბსიდირების ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტს ტვირთად აწევს და წლიდან-წლამდე მზარდ სახეს იღებს. ღვინის ექსპორტი ძლიერ არის დამოკიდებულები რუსეთის ბაზარზე. წარმოების ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება, რაც იმპორტირებული პროდუქციის, სასუქების, შხამქიმიკატების, საწვავისა და მუშახელის გაძვირებითაა გამოწვეული, ეს ყოველივე კიდევ უფრო ამცირებს ფერმერების რეალურ მოგებას. ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ინოვაციებისკენ სტიმული სუსტია, ხოლო ბაზარი თავისუფლად ვერ ვითარდება. ბოლო წლებში ყურძნის წარმოება რაოდენობრივად იზრდება, მაგრამ ღირებულებით სუსტი რჩება და პრემიუმ სეგმენტი არასაკმარისად ვითარდება. ფერმერებს არ აქვთ მოტივაცია ვენახის ფართობის ზრდის, რაც აისახება ვაზის ნერგების წარმოების დონეზეც(ბოლო წლებში ძალიან შემცირდა მოთხოვნა ვაზის ნერგებზე). მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაშენებული ვენახები მინიმალურ მოგებას იძლევა, ეს საკმარისია რათა ფერმერებმა დაასაქმონ სხვები ან თვითდასაქმებულები იყვნენ. სუბსიდიის პოლიტიკა ფერმერებს უქმნის განცდას, რომ ყოველ წელს მიუხედავად მევენახეობის დარგის მცირე მოგებისა, სტაბილურად დაბალ შემოსავალს მაინც მიიღებს, ამიტომ ისინი აგრძელებს ყურძნის წარმოებას. სუბსიდირებამ ხელი შეუწყო დასაქმებას, ამიტომ რეგიონს ნაკლებად ტოვებს მოსახლეობა. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად და მევენახეობის დარგის მდგრადი განვითარებისთვის ფერმერებთან ერთად შევიმუშავე შემდეგი რეკომენდაციები :
დასკვნა მევენახეობის დარგის განვითარება როგორც კახეთის რეგიონის, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. აუცილებელია დარგის განვითარებისთვის გრძელვადიანი, სწორი გეგმის შემუშავება და პროცესების განხორციელება, რაც მოიცავს ბაზრების დივერსიფიცირებას და ადგილობრივი ბაზრის კონტროლს, რათა თავიდან ავიცილოთ ბიუჯეტის დატვირთვა, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება და გავზარდოთ სტაბილური ეკონომიკური სარგებელი. გამოყენებული ლიტერატურა: 1.https://bm.ge/news/rusuli-embargos-qronologia-saqartveloshi/35815 - ვებგვერდი; 2.www.geostat.ge - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი; 3.https://wine.gov.ge - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი. |