English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ მერაბ ხოხობაია ვალერი არღუთაშვილი
ტურისტული დანიშნულების ადგილის სტრატეგიული ტრანსფორმაცია: თეორიები და კონცეფციები

DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.05

ანოტაცია. ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარებაში ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობა ხელს უყობს მის სწრაფ ტრანსფორმაციას. ბუნებრივია, რომ ცვლილებების ეფექტიანად შესრულებისთვის გარკვეული კონცეპტუალური მიდგომებია საჭირო. მმართველობითი თვალსაზრისით თანამედროვე პირობებში ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოწვევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტერესთა ჯგუფების ჩართულობაა. პრაქტიკა ცხადყოფს რომ ცენტრალიზებული მიდგომები წარმოშობს წინააღმდეგობებს და ართულებს ცვლილებების დანერგვის პროცესს. ტურიზმის და ტურისტული დანიშნულების ადგილის თვისებრივი მახასიათებლები კომპლექსურია. შესაბამისად, აუცილებელია გარკვეული მექანიზმების შემუშავება რომელიც ხელს შეუწყობს ინტერესთა ჯგუფების პროდუქტიულ  მონაწილეობას პროცესებში, რომელსაც არ ექნება მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა. სტატიაში განხილულია ტურისტული დანიშნულების ადგილის ტრანსფორმაციის მექანიზმები, გაანალიზებულია თეორიული და კონცეპტუალური მიდგომები.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ტრანსფორმაცია, ტურიზმი, კონცეფცია, ინტერესთა ჯგუფები 

შესავალი

ტურისტული დანიშნულების ადგილის ტრანსფორმაციის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში უახლესი ნაშრომები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ გარემოზე და რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე, ტრანსფორმაციის პროცესში ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობაზე  (Wang, J., Sun, Q., Zou, L., Liu, Y. 2026). ასევე, შეფასებულია ეკონომიკური ტრანსფორმაციის მნიშვნელობის საკითხი ადგილობრივი რეზიდენტების კეთილდღეობის კონტექსტში. სადაც მთავარი ფოკუსი ტურიზმსა და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ბალანსის დაცვაზეა (Nieuwkoop, E., Dias, Á. 2026). გარდა ამისა, გაანალიზებულია ტურისტული დანიშნულების ადგილების ციფრული ტრანსფორმაციის ასპექტები და მისი გავლენა საზოგადოების კეთილდღეობაზე. კვლევები ფოკუსირებულია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე, რომელსაც შეუძლია ახალი შესაძლებლობები შექმნას ტურისტული დანიშნულების ადგილებისათვის (Qi, J., Ding, X. 2026).

უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს მდგრადი განვითარების  მე-17 მიზანი მოიცავს კომპონენტს რომელიც ფოკუსირებულია საჯარო, კერძო სექტორის, ადგილობრივების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ხაზგასმულია, რომ ინტერესთა ჯგუფებმა საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე უნდა იმუშაონ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას, არამედ ფართო პრიზმაში მომიჯნავე სექტორებთან თანამშრომლობით ასტიმულირებს სხვა ეკონომიკურ აქტივობებს  (UNWTO, 2026).

არსებობს გამოწვევები კონკრეტული მექანიზმების შემუშავების კუთხით, რამაც უნდა უზრუნველყოს ინტერესთა ჯგუფების რეალური მონაწილეობა პროცესებში. ამ კონტექსტში უნდა გავითვალისწინოთ სოციალური, კულტურული ასპექტები, რაც დამახასიათებელია სოციუმისთვის. ასევე, თითოეულ ტურისტულ დანიშნულების ადგილის გააჩნია გარკვეული გენეტიკური კოდი რომელიც მოიცავს ორივე ასპექტს. შესაბამისად, მკვლევრებისათვის გარკვეულ დილემას წარმოადგენს თუ როგორ უნდა შემუშავდეს ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის მექანიზმები. ცხადია, რომ არსებული თეორიული და კონცეპტუალური ჩარჩოები წარმოადგენს ერთგვარ ნავიგაციას ახალი ხედვების, იდეების შემუშავების თვალსაზრისით. სწორედ ცვლილებაზე ორიენტირებულმა მექანიზმებმა უნდა უზრუნველყოს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური განვითარება.

ფუნდამენტური თვალსაზრისით სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თუ რა მიდგომებით მოვახდენთ ტრანსფორმაციას. სისტემური მიდგომით ტრანსფორმაცია უნდა განვიხილოთ როგორც განუწყვეტელი პროცესი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ცვალებად გარემოზე. ტურისტული დანიშნულების ადგილის სისტემა მზადყოფნაში უნდა შეხვდეს გარე და შიდა გარემოში არსებულ გამოწვევებს. ცნობილია, რომ ორივე ფაქტორთან მიმართებით ტურიზმის ინდუსტრია მისი თვისებრივი პარამეტრებიდან გამომდინარე მაღალი სენსიტიურობით გამოირჩევა. გარე ფაქტორებში იგულისხმება, ტექნოლოგიური, სამთავრობო პოლიტიკის, მომხმარებლების ქცევის, საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებული საკითხები. შიდა ფაქტორები მოიცავს ტურისტული დანიშნულების ადგილის ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების, ადგილობრივი მმართველობის საკითხებს (Reggie Van Lee, John Jones, Paul Hyde, 2004).

სისტემაში ცვლილებების განხორციელება კომპლექსური პროცესია. ამ კუთხით ბიზნესის და ორგანიზაციების მიმართულებით არსებობს საინტერესო ფილოსოფიური მიდგომები, რომელიც ჩვენი აზრით შესაძლებელია ადაპტირდეს ტურისტულ დანიშნულების ადგილებთან. ზოგადად ცვლილებების განხორციელებისადმი მიდგომები პერიოდულად იცვლება. ცვლილების ტრადიციული გაგება გულისხმობს რაციონალურ მოდელს რომელშიც შესაძლებელია ცვლილებები დაიგეგმოს და პროგნოზირებული იყოს. თანამედროვე რეალობაში ტურისტული დანიშნულების ადგილები ცვალებადი სისტემებია, ამ შემთხვევაში წინასწარ განსაზღვრული კონტროლირებადი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა არის მეტწილად შეზღუდული (Fiora Graetz, Aaron C.T Smith, 2010).

ბიოლოგიური ფილოსოფია - შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტურისტული დანიშნულების ადგილის ევოლუციური  ბუნების შესასწავლად, მისი ადაპტაციური ხასიათის შესაფასებლად. ბიზნესის მიმართულებით მნიშვნელოვანი კვლევები აწარმოა ჰანანმა და ფრიმენმა (Hannan and Freeman). ბიოლოგიური ფილოსოფიით სექტორების, ორგანიზაციების ცვლილებებს განსაზღვრავს გარემო ფაქტორები. ბიოლოგიური იმპერატივები ეფექტიანობისთვის და გარემოსთან საუკეთესო შესაბამისობისთვის მათ აიძულებთ ჰქონდეთ იდეალური კონფიგურაცია, რათა გახდნენ დომინანტები. ანალოგიური ლოგიკა შესაძლებელია განვითარდეს ტურისტულ დანიშნულების ადგილებთან მიმართებით. იგი მისი ბუნებით დინამიკური სისტემაა და კონკურენციის პირობებში მუდმივად ისწრაფვის სრულყოფისაკენ. რასაც ხშირ შემთხვევაში ევოლუციური ხასიათი აქვს. სწორედ ბიოლოგიური ფილოსოფია ეფუძნება სასიცოცხლო ციკლის პრინციპებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბიოლოგიური პერსპექტივიდან სისტემაში ცვლილებების განხორციელება დინამიკური, ევოლუციური პროცესია და გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ცვლილების რევოლუციურ გზასთან. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ობიექტურად უნდა შეაფასონ ის გზა რომელიც უკეთესი იქნება ტურისტული დანიშნულების ადგილის მდგრადი განვითარებისათვის (Van de Ven, A. and Poole, M, 1995).

ინსტიტუციონალური ფილოსოფია - ეფუძნება მოსაზრებას, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური გარემოდან გამომდინარე. ამ შეთხვევაში ცვლილების წყარო არის მსაგვსება და მისწრაფება რომ შეიქნას ახალი პროდუქტები რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი ბაზარზე. ტურისტული დანიშნულების ადგილები კონკურენციაშია როგორც შიდა, ასევე გარე ობიექტებთან. შესაბამისად, სიახლისკენ სწრაფვა და მომხმარებლებისათვის ახალი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საკითხს. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული წნეხი რომელიც უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ, საკანონმდებლო თემებს. შესაბამისად, ტურისტული დანიშნულების ადგილები ცდილობენ შეარჩიონ ადაპტაციური სტრატეგიები, რომელიც უპასუხებს ინსტიტუციურ გარემოში არსებულ გამოწვევებს (Meyer H.-D. and Rowan, B, 2006).

რესურსული ფილოსოფია - ყველა ტურისტული დანიშნულების ადგილი არ ფლობს იმ რესურს (მატერიალური, არამატერიალური) რომელიც საჭიროა კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად. მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც მწირი რესურების პირობებში კონკრეტული ადგილები გახდა წარმატებული. რაც მიღწეულ იქნა არსებული რესურსების ეფექტიანი კომბინირებით. სწორედ რესურსების სწორად ალოკაცია შესაძლებელია გახდეს წარმატების  მიღწევის საშუალება. რესურსული ფილოსოფიით ცვლილებების ინიცირება სწორედ საჭირო რესურსების იდენტიფიკაციით იწყება. შესაბამისად, მიზანშეწონილია გაკეთდეს ტურისტული დანიშნულების ადგილის დეტალური შეფასება და შემუშავდეს რესურსების გამოყენების სცენარები. აღნიშნული ფილოსოფიის შესაბამისად განსახორციელებელი ცვლილება შესაძლებელია იყოს როგორც სწრაფი, ასევე ნელი. მასშტაბის კოტექსტში როგორც მცირე, ასევე დიდი (Fiora Graetz, Aaron C.T Smith, 2010).

სისტემური ფილოსოფია - სისტემური ფიქრიდან/აზროვნებიდან იღებს სათავეს და ის კუნის (Kuhn) მიერ იქნა ინიცირებული. თავიდან სისტემური მიდგომა ორგანიზაციას განიხილავდა როგორც რთულ მანქანას, შემდეგში როგორც ღია სისტემას, დამოკიდებულს გარემოზე და ბოლოს დღეისათვის ორგანიზაცია განიხილება როგორც თვითმართვადი ერთეული. აღნიშნული მიდგომა, რელევანტურია ტურისტული დანიშნულების ადგილებისათვის. კერძოდ, იგი ღია სისტემაა, რომელიც კომპლექსურია და დინამიკური ბუნება გააჩნია. სისტემური თეორიის მიხედვით ნებისმიერ ცვლილებას აქვს მრავალი მულტიპლიკაციური ეფექტი და იმისათვის, რომ იყოს წარმატებული ის წინასწარ უნდა იქნას განხილული სისტემაში ჩართულ რგოლებთან. ამ ნაწილში უნდა აღინიშნოს, ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის აუცილებლობა, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ცვლილებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველი სისტემა შესაძლებელია დახასიათდეს ორი ძირითადი ძალით: დიფერენციაცია და ინტეგრაცია. ტურისტული დანიშნულების ადგილი სწორედ ამ ძალებით არის დომინირებული. აღნიშნული ფილოსოფიის მიხედვით ცვლილებები შესაძლებელია იყოს სწრაფი და დიდი მასშტაბის, ცვლილებები მომდინარეობს შიგნიდან, არის შიგნიდან კონტროლირებადი და გარკვეული (Bridges W, 1992).

ზემოთ განხილული ფილოსოფიური მიდგომები მნიშვნელოვანი ინსპირაციის წყარო შესაძლებელია გახდეს პოლიტიკის დაგეგმვის, ტურისტულ დანიშნულების ადგილებზე ცვლილებების განხორციელების თვალსაზრისით. კონცეპტუალური მოდელები ამდიდრებს ცოდნას, აჩვენებს წინააღმდეგობებს რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის. სწრაფად ცვალებად გარემოში აუცილებელია პროცესების განსხვავებულად გადააზრება. ტურისტული დანიშნულების ადგილების მოქნილობა შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს არასტაბილურ გარემოში, იმისათვის, რომ იპოვოს ახალი გზები და ინოვაციური ხედვები მდგრადი განვითარების თვალსაზრისით. 

ტრანსფორმაციის თეორიები და კონცეფციები

ტურისტული დანიშნულების ადგილის ტრანსფორმაციის პროცესში ფართოდ გამოყენებული მიგომა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ გამოიყენება სტეიკჰოლდერის თეორია (Stakeholder theory). აღნიშნულ თეორიას საფუძველი ჩაუყარა ედვარდ ფრიმენმა 1984 წელს. მისი აზრით ორგანიზაციები კომპლექსური ქსელური კავშირებით არის უზრუნველყოფილი, შესაბამისად გრძელვადიან დინამიკაში აუცილებელია რომ მათ მართონ ქსელში ჩართულ სუბიექტებთან ურთიერთობები (R. Edward Freeman 1984).

რაც შეეხება სტეიკჰოლდერის (Stakeholder theory) თეორიის ტურისტული დანიშნულების ადგილის კონტექსტში გამოყენებას, აქ მთავარი საკითხი ინტერესთა ჯგუფების მობილიზება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფაა. მდგრადი განვითარების ფუნდამენტური პრინციპი სწორედ ინტერესთა ჯგუფების პროცესებში ეფექტიან ჩართულობას მოიცავს. ზოგადად ინტერესთა ჯგუფების იდენტიფიკაცია და მათი კატეგორიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას პროცესების სისტემური მართვის კუთხით (Medeiros de Araujo & Bramwell 1999). ტურისტული დანიშნულების ადგილებისათვის შესაძლებელია განვავითაროთ სხვადასხვა სცენარები, მაგალითად, სწრაფი ზრდა, დაბალანსებული განვითარება, საფეხურებრივი ტრანსფორმაცია და ა.შ. ყველა სცენარში აუცილებელია ინტერესთა ჯგუფების  მონაწილეობა (Robson & Robson, 1996)  ბუნებრივია,  ჩნდება კითხვა რამდენად არის ინტერესთა ჯგუფების სრულად მონაწილეობა შესაძლებელი? ეს დამოკიდებულია ტურისტული დანიშნულების ადგილის მასშტაბზე და როგორც არსებული პრაქტიკა ცხადყოფს იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. ვინაიდან ტურიზმის ინდუსტრიაში მრავალი სუბიექტი მონაწილეობს და მათი ჩართულობის სრულად უზრუნველყოფა შეზღუდულია.

როგორც ზემოთ აღინიშნა მდგრადი განვითარების ფუნდამენტური ასპექტი ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების კოლაბორაციაა. სწორედ სტეიკჰოლდერის თეორიის სისტემური არსი მდგომარეობს იმაში რომ პოლიტიკის მგეგმავებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა  მოახდინონ ინტერესთა ჯგუფების ჩართულობა მდგრადი განვითარების პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით (James A. Maiden, 2008). პრაქტიკული თვალსაზრისით რომ მოვახდინოთ ინტერესთა ჯგუფების აზრის გათვალისწინება, აუცილებელია მისი ვიზუალიზაცია. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მიდგომა ე.წ სტეიკჰოლდერების რუქის მომზადებაა, სადაც ნათლად ჩანს მათი ინტერესები, გავლენის, ძალაუფლების კომპონენტები. ფაქტობრივად, ეს მიდგომა წარმოადგენს არატრადიციულს და იგი ეფუძნება გადაწყვეტილების მიღებაში თანამონაწილეობის პრინციპებს (Sautter & Leisen, 1999). მაგალითად, ტრანსფორმაცია არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ასპექტებს. იგი შესაძლებელია გულისხმობდეს კულტურული მემკვიდრეობის, ფესტივალების, ადგილობრივი ტრადიციების განვითარებას. სწორედ ამ საკითხების წინ წამოწევით ტურისტულმა დანიშნულების ადგილებმა შესაძლებელია წამოაჩინოს მისი უნიკალურობა და გახდეს კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო ბაზარზე (Bramwell & Lane, 2011). სწორედ ინტერესთა ჯგუფების აქტიური  მონაწილება უზრუნველყოფს ამ პროცესების მდგრადობას. რომელიც ერთგვარი გარანტიაა, რომ ტრანსფორმაციის შედეგად სარგებელი მიიღოს როგორც ადგილობრივებმა, ასევე, ტურისტებმაც.

ფაქტობრივად, სტეიკჰოლდერის (Stakeholder theory) თეორია ტურიზმის მიმართულების კვლევებისათვის ჩამოყალიბდა როგორც ერთგვარი მეთოდოლოგიური ჩარჩო რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა საკითხების კვლევაში. მას აქვს ობიექტური მიზეზებიც, რადგან თეორია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ინტერესების იდენტიფიკაცია, ასევე, შევაფასოთ ძალაუფლების და გავლენის კომპონენტები. გარდა ამისა, შესაძლებელია პოტენციური ინტერესთა კონფლიქტების შეფასება, რაც ღირებულია განვითარების მოდელების შემუშავებისათვის (Waligo, Victoria M., John Clarke, and Rebecca Hawkins, 2013).  იგი წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს რომელსაც აქტიურად იყენებს ტურისტული დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციები, ეროვნული და რეგიონული ტურიზმის პოლიტიკის მართვის ორგანიზაციები და ა.შ.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ფუნდამენტური  მიდგომა რომელიც შესაძლებელია ტურისტული დანიშნულების ადგილისათვის გამოყენებულ იქნას კოლაბორაციის თეორიაა (Collaboration Theory). კოლაბორაციას გრეი (Gray) განმარტავს როგორც ერთობლივ გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძირითად დაინტერესებულ ჯგუფებს შორის. მისი საჭიროება დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღების კომპლექსურობაზე. ტურისტული დანიშნულების ადგილები როგორც სისტემები კომპლექსურია და აღნიშნული თეორიის გამოყენება ამ შემთხვევაშიც რელევანტურია. უშუალოდ კოლაბორაცია ხორციელდება მაშინ, როდესაც დაინტერესებული ჯგუფები შედიან ინტერაქციაში, იზიარებენ გარკვეულ წესებს, ღირებულებებს და ნორმებს (Wood & Gray, 1996). უნდა აღინიშნოს, რომ კოლაბორაცია სხვა ჩართულობის ფორმებისაგან განსხვავდება, ვინაიდან იგი მოითხოვს პროცესების ფორმალიზაციას და პირისპირ შეხვედრას. კოლაბოცარია არის დინამიკური პროცესი და მას აქვს გარკვეული მახასიათებლები: 1. დაინტერესებული მხარეები ავტონომიურები არიან, მაგრამ ურთიერთდამოკიდებულნი. 2. გადაწყვეტილებები განსხვავებების კონსტრუქციული მიდგომით ხორციელდება. 3. გაძლიერებულია ერთობლივი პასუხისმგებლობა, საკუთრების პრინციპი გადაწყვეტილებებში 4. ჯგუფები კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებენ მომავალი მიმართულებების განსაზღვრაზე. 5. კოლაბორაცია მობილური პროცესია.

კოლაბორაციის თეორიის შესაბამისად პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული ჯგუფი იღებს სარგებელს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ჯგუფები შესაძლებელია ფლობდეს განსხვავებულ რესურსებს. ტურისტული დანიშნულების ადგილების კონტექსტში ეს საკითხი მნიშვნელოვანია. პრინციპული თვალსაზრისით კოლაბორაციის თეორია გარკვეულწილად თანხვედრაშია სტეიკჰოლდერის თეორიასთან. უპირატესობებთან ერთად კოლაბორაციის თეორიას გააჩნია  გარკვეული შეზღუდულობებიც. ინტერესთა ჯგუფების პირისპირ დიალოგი და გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლებელია დროში გაიწელოს. გარდა ამისა, არსებობს ძალაუფლებასთან დაკავშირებული საკითხი, ცალკეულ დაინტესებულ ჯგუფებს შეუძლიათ მათი ინტერესების შესაბამისად პროცესებზე გავლენის მოხდენა. სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს ინსტიტუციების პროცესებში მონაწილეობის საკითხი, რადგან მათ აქვთ ძალაუფლება და რესურსები (Hall & Jenkins 1995).

ტურიზმის ინდუსტრიაში  განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა ერთობლივი დაგეგმვის, პოლიტიკის შემუშავების კონცეფციებმა. თანამშრომლობის ასეთი ფორმატი სრულად იზიარებს როგორც სტეიქჰოლდერის,  ასევე კოლაბორაციის თეორიის ფუნდამენტურ ასპექტებს. ეს კონცეფციები გამოიყენება როგორც ცალკეული პროექტების იმპლემენტაციაში, ასევე, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავებაში. კოლაბორაციის თეორია შემდეგ ფუნდამენტურ ასპექტებს მოიცავს: 1. ურთიერთდამოკიდებულება. 2. გაზიარებული ღირებულებები და მიზნები. 3. ნდობა და კომუნიკაცია. 4. ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი. 5. ერთობლივი სარგებელი. ამ პრინციპებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავაორგანიზოთ ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების სტრატეგიები და გრძელვადიანი განვითარების ხედვები. რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ტურისტულ დანიშნულების ადგილს, ასევე ამ სისტემაში ჩართულ სუბიექტებს  და ადგილობრივ რეზიდენტებს.

ზემოთ განხილულ საკითხებთან კომბინაციაში საინტერესოა ქსელის თეორია (Network theory).  რომლის ფოკუსშიაცაკლეული ინდივიდები, სააგენტოები, ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც გარკვეული ქსელის პრინციპით არის დაჯგუფებული. ტურიზმის ინდუსტრიაში ცაკეული ქსელები პრაქტიკაში არსებობს რომელთაც შესაძლებელია ქონდეთ არაფორმალური, ნახევრად ფორმალური, ან ფორმალური თანამშრომლობის ფორმატი. გარდა ამისა, ქსელში მონაწილე თითოეულ სუბიექტს კავშირების კონტექსტში შეიძლება ქონდეს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი კოლაბორაცია(Galaskiewicz & Wasserman 1994).  ქსელს გარკვეულწილად გააჩნია კლასტერის თვისებები, შესაბამისად აუცილებელია ქსელში მონაწილე სუბიექტების სისტემური ანალიზი. ძლიერი კავშირი ქსელში მონაწილე სუბიექტებისათვის ნიშნავს, რომ მათ გააჩნიათ მკაფიოდ გამოხატული თანამშრომლობა, რაც აისახება კონკრეტულ აქტივობებში. სუსტი კავშირი აჩვენებს რომ არსებობს კომუნიკაცია, თუმცა ხელშესახები შედეგები თანამშრომლობას ამ ეტაპზე არ გააჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ ქსელებს ახასიათებს დინამიკურობა და მისი კომპოზიცია დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს. ეს ცვლილებები გავლენას მოახდენს ინტერესებზე, გავლენებზე, შედეგებზე.

ქსელები ტურისტული დანიშნულების ადგილის პრიზმაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, კოლაბორაციის, ცოდნის გადაცემის, ინოვაციების დანერგვის, ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების კუთხით. ქსელების მიდგომა შესაძლებელია იყოს ტურისტული დანიშნულების ადგილისათვის ერთგვარი ალტერნატიული ინსტრუმენტი. როდესაც განვიხილავთ მდგრადი განვითარების პრინციპებს და მიდგომებს, მისი პრაქტიკაში რეალიზაცია დამოკიდებულია არსებული ქსელების კოოპერაციაზე. ტურიზმის ინდუსტრიის რელიეფი არაერთგვაროვანია. იგი მოიცავს მრავალფეროვან სპექტრს ცალკეული ორგანიზაციებისა რომლებიც თემატურად ოპერირებენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა, ტურისტული სააგენტო, სასტუმრო, სატრანსპორტო კომპანიები, შუამავლები და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს საჯარო ორგანიზაციების ქსელები რომლებიც მუშაობენ ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. ცხადია, რომ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით კერძო და საჯარო სექტორის ქსელების სინქრონიზაციაა საჭირო. ეს ინტერესი მკაფიოდ არის გამოხატული და მასში იგულისხმება გრძელვადიან დინამიკაში საზოგადოების კეთილდღეობა. რომელიც უნდა იქნას მიღწეული ტურისტულ დანიშნულების ადგილზე არსებული ქსელების ეფექტიანი, კოორდინირებული მუშაობით. ქსელებში ჩართულობა სუბიექტებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ ახალი ცოდნის ტრანსფერი, სრულყონ სერვისები, სწრაფად უპასუხონ შიდა და გარე გარემოში არსებულ გამოწვევებს.

ტურისტული დანიშნულების ადგილის ტრანსფორმაციის კონცეფცია შემოთავაზებულია ბატლერის(Butler) მიერ. იგი ეფუძნება სასიცოცხლო ციკლის მოდელს (TALC), ციკლის თითოეულ ეტაპზე ტურისტულ დანიშნულების ადგილს ჭირდება სტრატეგიების შემუშავება, რომელიც უპასუხებს მომხმარებლების მოთხოვნებს. მაგალითად, ვარდნის ფაზაში შესაძლებელია შემუშავდეს ახალი ტურისტული პროდუქტები, რომელიც შექმნის დამატებით შესაძლებლობას გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით  (Butler, 1980). ამ მიმართულებით განვითარდა ტრანსფორმაციის მიდგომები რომლებიც ითვალისწინებს ბაზრის დინამიკას და მოთხოვნის კომპონენტებს. თანამედროვე ტურისტები ეძებენ ავთენტურ პერსონალიზებულ სერვისებს, რომელიც განსხვავდება მასობრივი ტურიზმის მიდგომისაგან. შესაბამისად, ტურისტულმა დანიშნულების ადგილებმა უნდა იპოვონ ერთგვარი ნიშა ამ კუთხით, რომელიც შესაძლებელია იყოს, სათავგადასავლო ტურიზმის, კულინარიული, კულტურული მემკვიდრეობის, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებები (Gretzel et al., 2015).  სამეცნიერო ლიტერატურაში ტრანსფორმაცია ასევე უკავშირდება რებრენდიგნს. თითოეულ ადგილს გააჩნია იდენტობა, შესაბამისად მნიშვნელოვანია თუ რა გზით მოხდება მისი მიწოდება პოტენციური მომხმარებლებისათვის. ახალ ბარზებზე შეღწევა მოითხოვს რებრენდინგის სტრატეგიების არსებობას. რომელიც მოიცავს კულტურულ ღონისძიებებს, მარკეტინგულ აქტივობებს. მთლიანობაში ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი რომელიც ახალ შესაძლებლობას ქმნის საზოგადოებისათვის. ბუნებრივია აქ ბალანსის დაცვაა საჭირო ტურიზმის ნეგატიურ და პოზიტიურ გავლენებთან დაკავშირებით.

თანამედროვე პრაქტიკაში ტრანსფორმაციის ეფექტიან ინსტრუმენტად აღიარებულია ტექნოლოგიური ინოვაციები და ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. ეს საკითხი მოიცავს მნიშვნელოვან პროექტებს როგორიცაა აეროპორტები, ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობა, განთავსების და კვების ობიექტები და ა.შ. რომელიც ქმნის ფუნდამენტურ ბაზისს საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით. ფიზიკური ინფრასტრუქტურის გარდა ტექნოლოგიების მონაწილეობა სხვა კონტექსტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქ იგულისხმება ციფრული პლატფორმები, მობილური აპლიკაციები, ციფრული ინფრასტრუქტურა რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მოგზაურების კმაყოფილებაზე. ციფრული ტექნოლოგიები ერთი მხრივ, საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ პროდუქტები მომხმარებლებს, ხოლო მეორე მხრივ, გვაქვს შესაძლებლობა თვალყური მივადევნოთ კმაყოფილების კომპონენტს. რაც თანამედროვე ციფრული საზოგადოების პირობებში  დიდი უპირატესობაა (Gretzel et al., 2015).

ტურისტული დანიშნულების ადგილები ინტენისურად იყენებენ კრიზისით განპირობებულ ტრანსფორმაციებს. ეს უკავშირდება პანდემიებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ შოკებს. ზოგადად კრიზისი შესაძლებელია აღმოჩნდეს სტრუქტურული გადაწყობის ინსპირაციის წყაროდ. რაც უკავშირდება ტურისტული დანიშნულების ადგილის ბუნებრივ ქცევას შეცვალოს მიდგომები და სტრატეგიები. მაგალითად, კოვიდ პანდემიის დროს აქტიურად გამოიყენებოდა უკონტაქტო ციფრული პლატფორმები, რომელიც დღესაც აქტუალურია და წარმატებულად ხდება მისი იმპლემენტაცია (Ritchie & Jiang, 2019). მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფორმაცია არის განრგძობითი ინტესიური პროცესი რომელიც მოიცავს რამოდენიმე მიმართულებას. როგორიცაა, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ტექნოლოგიური და გარემოსთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, საჭიროა მუშაობა მმართველობის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ციფრული ტრანსფორმაციის, ეკონომიკური განვითარების საკითხებზე.

დასკვნა

ტურისტული დანიშნულების ადგილის ტრანსფორმაცია კომპლექსური და დინამიკური პროცესია. კონცეპტუალური თვალსაზრისით აუცილებელია თეორიების, ფილოსოფიური მიდგომების სწორად შერჩევა. ამ პროცესში უნდა გავითვასლიწინოთ ტურისტული დანიშნულების ადგილის როგორც სისტემის მახასიათებლები, არსებული რესურსები, სტრატეგიები, რომელიც დაგვეხმარება ეფექტიან ტრანსფორმაციაში. მდგრადი განვითარება მოიცავს ასპექტებს რომლის მიღწევა ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის გარეშე ნაკლებად პერსპექტიულია.  ტრანსფორმაცია თანამედროვე კვლევებში მოითხოვს ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ტექნოლოგიური და მმართველობითი ფაქტორების სიღრმისეულ ანალიზს. ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურიზმის გარემოზე ზემოქმედების, რესურსების ეფექტიანი გამოყენების და ადგილობრივი რეზიდენტების კეთილდღეობის უზრუნველყოფის საკითხებზე. მთლიანობაში ტრანსფორმაციის წარმატება დამოკიდებულია დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობაზე, რასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც სტეიკჰოლდერის, ისე კოლაბორაციის და ქსელის თეორიები. ინტერესთა ჯგუფების ჩართულობა განიხილება როგორც მდგრადი განვითარების ფუნდამენტური კომპონენტი. მათი იდენტიფიკაცია, ინტერესების და გავლენის შეფასება, თანამშრომლობის ფორმალიზებული და არაფორმალური მექანიზმების ჩამოყალიბება წარმოადგენს ერთგვარ საყრდენს პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. სწორედ კოლაბორაციის, პარტნიორობისა და ქსელური ურთიერთობების სწორად მართვა ქმნის ნიადაგს, გრძელვადიანი სტრატეგიებისა და განვითარების მოდელების ეფექტიანი დანერგვისთვის.

ფილოსოსოფიური მიდგომის ანალიზმა ცხადყო, რომ ტრანსფორმაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა სცენარით. რასაც ადასტურებს ბიოლოგიური, ინსტიტუციონალური, რესურსული და სისტემური ფილოსოფიები. ეს მიდგომები საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ ტურისტულ დანიშნულების ადგილებზე ცვლილებების ბუნება, მათი მასშტაბი და წარმოშობის წყარო. ეს მრავალფეროვანი ჩარჩოები აჩვენებს, რომ ტურისტული დანიშნულების ადგილი არის ღია, ადაპტაციური და მუდმივად გარდამავალი სისტემა, რომლის განვითარებაზე გავლენას ახდენს როგორც შიდა, ისე გარე გარემოს ფაქტორები. საბოლოოდ, ტურისტული დანიშნულების ადგილის ტრანსფორმაცია უნდა განიხილებოდეს როგორც კომპლექსური, ინტეგრირებული და უწყვეტი პროცესი, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს. წარმატებისთვის აუცილებელია მოქნილი მმართველობა, მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური პროგრესი, კულტურული უნიკალურობის შენარჩუნება და ძლიერი პარტნიორული ქსელები. სწორედ ამ ელემენტების ჰარმონიული კომბინაცია უზრუნველყოფს ტურისტული დანიშნულების ადგილის კონკურენტუნარიანობას, ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობას და გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Bramwell, B. & Lane, B. (1993) Sustainable tourism: an evolving global approach, Journal of
  2. Bramwell, B., & Lane, B. (2011). Critical research on the governance of tourism and sustainability. Journal of Sustainable Tourism, 19(4–5), 411–421.
  3. Bridges W. Managing Transitions: Making the Most of Change, Reading, MA: Addison-Wesley,1992.
  4. Butler, R. W. (1980). The concept of a tourist area cycle of evolution: Implications for management of resources. Canadian Geographer, 24(1), 5–12.
  5. Freeman, R.E. (1984) Strategic Management: A stakeholder approach. Boston: Pitman.
  6. Gretzel, U., Sigala, M., Xiang, Z., & Koo, C. (2015). Smart tourism: Foundations and developments. Electronic Markets, 25(3), 179–188.
  7. Hall, C. M. (2011). A typology of governance and its implications for tourism policy analysis. Journal of Sustainable Tourism, 19(4–5), 437–457.
  8. Hall, C.M. & Jenkins, J. (1995) Tourism and Public Policy, London: Sage
  9. Fiora Graetz, Aaron C.T Smith, Managing Organizational Change: A Philosophies of Change Approach, Change Management- Journal, June 2010.
  10. Medeiros de Araujo, L. & Bramwell, B. (2002) Partnership and Regional Tourism in Brazil.
  11. Meyer H.-D. and Rowan, B. The New Institutionalism in Education, Albury: SUNY Press. 2006.
  12. Nieuwkoop, E., Dias, Á.(2026), From industrial heartland to urban tourism destination: Balancing growth and community well-being in Amsterdam Noord, Elsevier Ltd                             
  13. Qi, J., Ding, X. (2026). Digital Tourism Empowers the Dynamic Transformation of Destination Spatial Forms: A Case Study of Mountain Villages in Eastern China. Sustainability Switzerland
  14. Reggie Van Lee, John Jones, Paul Hyde, Ten Guiding Principles of Change Management, Booz Allen Hamilton, 2004.
  15. Sautter, E. T. & Leisen, B. (1999) Managing Stakeholders: A Tourism Planning Model, Annals
  16. Sustainable Development Goals, UNWTO 2026.
  17. Van de Ven, A. and Poole, M. Explaining development and change in organizations, The Academy of Management Review,1995.
  18. Waligo, Victoria M., John Clarke, and Rebecca Hawkins. “Implementing sustainable tourism: A multi-stakeholder involvement management framework.” Tourism Management 36 (2013): 342–353.
  19. Wang, J, Sun, Q, Zou, L.Liu, Y. (2026). Environmental justice analysis of the spatial evolution in island rural tourism destinations: A case study from Pingtan Island, China, Habitat International