ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
ნაზირა კაკულია ∘
ფისკალური პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკის ფორმირებასთან დაკავშირებული გამოწვევების შეფასების ინდექსები DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.02 ანოტაცია. სტატიაში კვლევის ფარგლებში შესწავლილია ფისკალური პოლიტიკით გარემოს დაცვაზე გაწეული დანახარჯების როლი “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების პროცესში. ასევე გაანალიზებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარემოსა მდგრადობის ზოგიერთი საკითხი. შესწავლილია ისეთი ინდექსები, როგორიცაა: გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის (GGGI) მიერ შემუშავებული მწვანე ზრდის ინდექსი, ასევე გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი (GGEI), რომელიც ზომავს ქვეყნის ეკონომიკის „სიმწვანის“ არსებულ მდგომარეობას და მისი ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის „სიმწვანეზე“ ორიენტაციის ხარისხს, მესამე ინდექსი, რომელიც გამოიყენება გლობალურ დონეზე არსებული სიტუაციის ანალიზისა და შეფასებისთვის EP (Environmental Performance index) ინდექსი. ეს ინდექსი რიცხობრივად აფასებს სახელმწიფოში არსებულ გარემოს მდგომარეობას, რომელიც შესაბამისი პოლიტიკითაა მიღწეული. მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც განხილული ინდექსების კვლევის ფარგლებში იკვეთება, არის „მწვანე ეკონომიკის” ფორმირების მხრივ, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის განსხვავება, რის უმთავრეს მიზეზს განვითარებულ ქვეყნებში გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართ არსებული მაღალი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესაბამისად ფორმირებული ინსტიტუციური მოწყობა წარმოადგენს (OECD, 2013). შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების გარემოსადმი მდგრადობა განვითარებადი ქვეყნებისთვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ვინაიდან განვითარებად ქვეყნებში ამ მიმართულებით შესაბამისი ინსტიტუციური ბაზა სრულფასოვნად ჩამოყალიბებული არაა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი სირთულეები შეინიშნება საქართველოში, რაც გამოხატულია GGE და EP ინდექსების მიხედვით საქართველოს პოზიციაში მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ასევე OECD-ს მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში რესურსებისა და გარემოს გამოყენებით ადგილი აქვს გაცილებით ნაკლები დოვლათის შექმნას, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. საკვანძო სიტყვები: „მწვანე ეკონომიკა“, მდგრადი განვითარება, მწვანე ეკონომიკის გაზომვის ინდექსები, ეკონომიკური განვითარება. შესავალი აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცალკეული ქვეყნების დონეზე პერიოდულად ხდება „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების პროცესში მიღწეული პროგრესის გაზომვა სამთავრობო დონეზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საქართველოსთვისაც. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით გარემოს დაცვაზე გაწეული დანახარჯების როლი “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების პროცესში. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანახარჯები საშუალოვადიან პერიოდში გარემოს მდგომარეობის ხარისხს და „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების პროცესს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და აჩქარებს. ინსტრუმენტი, რაც აფასებს ქვეყნების სტატუსს მწვანე ეკონომიკის მიზნების მიღწევის საქმეში, არის გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის (GGGI) მიერ შემუშავებული მწვანე ზრდის ინდექსი, გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი (GGEI), რაც ასევე გამოიყენება მწვანე ეკონომიკის მდგომარეობის და პოტენციალის შესაფასებლად და გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსი - EP. უნდა აღინიშნოს, რომ სასურველია ამ ინდექსების გამოყენების პრაქტიკა დაინერგოს საქართველოშიც, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ლიტერატურის მიმოხილვა 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმა, რომელიც მიღებული იყო გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოების მიერ 2015 წელს და წარმოადგენს საერთო სამოქმედო გეგმას ხალხისა და ზოგადად ეკოსისტემისთვის, აწმყოსა თუ მომავალში, როგორც ვიცით, გულისხმობს 17 მდგრადი განვითარების მიზანს (SDGs), რომლებიც განასახიერებენ გადაუდებელ მოწოდებას ყველა ქვეყნისთვის გლობალური პარტნიორობის ფარგლებში. ისინი აღიარებენ, რომ სიღარიბისა და სხვა პრობლემატური საკითხების გადაჭრა თუ აღმოფხვრა უნდა წარიმართოს ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესების, უთანასწორობის შემცირების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების სტრატეგიებთან ერთად - ამასთან, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლით და ჩვენი ეკოსისტემის შენარჩუნებით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მწვანე ეკონომიკის დანერგვის საკითხებს. მისი რაოდენობრივი გაზომვის შესაძლებლობებზე შეიძლება გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ ქვემოჩამოთვლილი ინდიკატორების გამოყენებით. მწვანე ეკონომიკა და გარემოსდაცვითი კუზნეცის მრუდი (EKC. S. Kuznets, 1973). როგორც ვიცით, გამოიყენება ეკონომიკურ ზრდასა და გარემოს მდგრადობას შორის კავშირის ასახსნელად. მწვანე ეკონომიკა თავის თავში გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის ეკოლოგიურ სიჯანსაღესთან შესაბამისობას, მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და რესურსების სამართლიან გამოყენებას. EKC ჰიპოთეზა აყენებს შებრუნებულ U- ფორმის დამოკიდებულებას ეკონომიკურ ზრდასა და გარემოს დეგრადაციას შორის. ეს ნაშრომი იკვლევს ამ კონცეფციების თეორიულ საფუძვლებს, ემპირიულ მტკიცებულებებს და პოლიტიკის შედეგებს, ხაზს უსვამს მათ შესაბამისობას თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებაში. ეკონომიკური ზრდა ისტორიულად დაკავშირებულია გარემოს მზარდ დეგრადაციასთან და შესაბამისად ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებასთან. თუმცა, მწვანე ეკონომიკის პარადიგმა ეჭვქვეშ აყენებს ამ ცნებას და გვთავაზობს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა შეიძლება თანაარსებობდეს ეკოლოგიურ ბალანსთან. გარემოსდაცვითი კუზნეცის მრუდი (EKC) კიდევ უფრო ართულებს ამ ურთიერთობას, რაც ვარაუდობს, რომ გარემოს დეგრადაცია თავდაპირველად იზრდება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაგრამ მცირდება გარკვეული შემოსავლის ზღვრის მიღწევის შემდეგ (ეს კვლევა იკვლევს კავშირს მწვანე ეკონომიკასა და EKC-ს შორის, შედეგად კი შეისწავლის მათ გავლენას მდგრადი განვითარების მიღწევისთვის. მრუდის მიხედვით ეკონომიკური განვითარების დაბალ საფეხურებზე მყოფ ქვეყნებში შემოსავლების უთანასწორობა ჯერ იზრდება, ხოლო შემდეგ ეკონომიკის ზრდასთან ერთად კლების ტენდენცია ახასიათებს მისი ძირითადი ფაზები მოიცავს შემდეგ ეტაპებს: წინა ინდუსტრიული ეტაპი: დაბალი შემოსავალი და დაბალი გარემოს დეგრადაცია. ინდუსტრიალიზაციის ფაზა: სწრაფი ეკონომიკური ზრდა იწვევს გარემოსდაცვითი ზიანის ზრდას ინდუსტრიული საქმიანობის გამო. პოსტ-ინდუსტრიული ეტაპი: შემოსავლის მაღალი დონე იძლევა ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას უფრო მდგრად ტექნოლოგიებში და უფრო ძლიერ გარემოსდაცვით რეგულაციაში, რაც ამცირებს გარემოზე ზიანის მოცულობას. მიუხედავად იმისა, რომ EKC იძლევა იმედისმომცემ პერსპექტივას ეკონომიკურ ზრდასა და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას შორის ურთიერთდამოკიდებულებაში, ყველა მიმართულებით ხსენებული ეტაპები არ მოქმედებს. EKC-ის ფორმა უფრო აშკარაა განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო განვითარებადი ქვეყნები ხშირად რჩებიან მრუდის მზარდ ნაწილში და შესაბამისად გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა გაცილებით შენელებულია (World Bank, 2022). მოკლედ რომ შევეხოთ კუზნეცის მრუდისა და მწვანე ეკონომიკის გამოწვევებს შეგვიძლია ყოველივე შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: არათანმიმდევრული და არასრული მონაცემები აფერხებს EKC-ის ემპირიულ ვალიდაციას და შესაბამისად ართულებს მის გამოყენებას, შემოსავალსა და გარემოს ხარისხს შორის ურთიერთობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს გარე ფაქტორებმა, როგორიცაა ტექნოლოგიური წინსვლა და პოლიტიკის ინტერვენციები, რის გათვალისწინებაც შეიძლება ვერ ხერხდება კუზნეცის მრუდში (Arrow, 1995), გარკვეული გარემოსდაცვითი ზიანი შეიძლება არ მოჰყვეს EKC ტრაექტორიას მათი მუდმივი ხასიათის გამო. ეკონომიკური ზრდის სარგებელი ყოველთვის არ არის განაწილებული თანასწორად, რაც პოტენციურად ნიადაგს უქმნის სოციალურ და გარემოსდაცვით უთანასწორობას, აუცილებელი ეკონომიკური საჭიროებების დაბალანსება გრძელვადიან გარემოსდაცვით მიზნებთან მიმართებით კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ლიტერატურის ფართო სპექტრის გათვალისწინებით, EKC არის მეთოდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ეკონომიკის გარემოსდაცვითი მუშაობის გასაანალიზებლად. ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სწრაფი ზრდისა და განვითარების გამო, ისევე როგორც გარემოს დეგრადაციის პრობლემების მზარდი სირთულის გამო, EKC-ის გამოყენება დაიწყო არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ინდიკატორების გასაანალიზებლად და არა მხოლოდ მარტივი მოდელების საშუალებით. თუმცა, არსებობს კონსენსუსის ნაკლებობა, ისევე როგორც ის, თუ რამდენად მგრძნობიარეა EKC ქულა ყველა ელემენტის მიმართ, რომლებიც შედის ანალიზის პროცესში. ინდიკატორების, ქვეყნის ან ქვეყნების, დროის პერიოდის, მეთოდოლოგიისა და დამატებითი ცვლადების არჩევა უნიკალურ შედეგს იძლევა და როდესაც EKC დადასტურებულია, ქულების მრუდი სხვას არ ჰგავს. ამის გათვალისწინებით, ფუნქციური სტრუქტურის ერთი კომპონენტის შეცვლა იწვევს შედეგების ცვლილებას, EKC-ის დადასტურებას ან არა მისი ფორმის შეცვლას. მწვანე ზრდის ინდექსი - GGGI ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს ქვეყნების სტატუსს მწვანე ეკონომიკის მიზნების მიღწევის საქმეში, არის გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის (GGGI) მიერ შემუშავებული მწვანე ზრდის ინდექსი. ის განიხილება როგორც პოლიტიკის შეფასების ინსტრუმენტი და დღითიდღე იძენს აქტუალურობას რიგი მიზეზის გამო - მწვანე ზრდის ინდექსი წარმოადგენს მწვანე ზრდის ეკონომიკური განვითარების მოდელის ჩარჩოს, რომელიც მიზნად ისახავს თანაბარ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გარემოს დაცვას; აერთიანებს მდგრადი განვითარების ზრდის (SDG) ინდიკატორებსა და მიზნებს, რაც ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის ამაღლებას (მაგ. რესურსების ეფექტიანი და მდგრადი გამოყენება, ბუნებრივი კაპიტალის დაცვა, მწვანე ეკონომიკური შესაძლებლობები და სოციალური ინკლუზია); მწვანე ზრდის ინდექსის მრავალგანზომილებიანობა საშუალებას იძლევა, შეფასდეს ასევე, COVID-19-ის პანდემიის და მისი შემდგომი პერიოდის აღდგენის გეგმებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის უზრუნველყოფის პოლიტიკის გადაწყვეტილებები და ქმედებები. რაც მთავარია, ინდექსი მიზნად ისახავს, პოლიტიკის შემქმნელებს მიაწოდოს მონაცემები მწვანე ზრდის ეფექტიანობის შესაფასებლად, რაც მათ სამომავლო გეგმებსა და გადაწყვეტილებებს დაედება საფუძვლად. გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის (GGGI, 2024) მიხედვით, 2024 წელს, მწვანე ზრდის ინდექსის ქულით შეფასებულია 119 ქვეყანა. აქედან, აფრიკის 25, ამერიკის 20, აზიის 35, ევროპის 36 და ოკეანიის 3. ქვეყნების თითქმის ნახევრის ქულები საშუალო დიაპაზონშია და მერყეობს 40-დან 60 ქულამდე. 41-მა ქვეყანამ და მათ შორის, საქართველომ (62,76 ქულით) მიაღწია მაღალ ქულას (60-დან 80-მდე), მათგან უმეტესობა ევროპაშია. დაბალი ქულით, 20-დან 40-მდე, შეფასებულია 6 ქვეყანა, ძირითადად აფრიკიდან და აზიიდან. არ არსებობს ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ძალიან დაბალი ქულები, 20-ზე ქვემოთ. შვედეთს, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, აქვს მწვანე ზრდის ყველაზე მაღალი ინდექსი 78.87 ქულით, რაც ჯერ კიდევ შორს არის მდგრადობის მიზნის ძალიან მაღალი, 100 ქულის, მიღწევამდე. აღსანიშნავია, რომ მწვანე ზრდის 2024 წლის ინდექსის მიხედვით, 119 ქვეყანას შორის, საქართველო 39-ე ადგილს იკავებს. რეგიონის გათვალისწინებით, მწვანე ზრდის ინდექსის ქულის მიხედვით, პირველ ადგილზეა შვედეთი - ევროპაში, იაპონია - აზიაში, მექსიკა - ამერიკაში, ახალი ზელანდია - ოკეანიაში და ტანზანია - აფრიკაში. (https://gggi-simtool-demo.herokuapp.com/) საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ზემოაღნიშნულ ქვეყანათა ჯგუფიდან რეგიონული ნიშნით გამოვყოფთ ტრანსფორმაციულ და პოსტ ტრანსფორმაციულ ქვეყანათა ჯგუფებს (ბალტიის ქვეყნები (Baltic), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (SEE) , ცენტრალური ევროპის ქვეყნები (CE), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (EC)) და მათთან შედარებით განვიხილავთ საქართველოს პოზიციას მწვანე ზრდის ინდექსის მიხედვით (იხ. დიაგრამა 1). მწვანე ზრდის ინდექსი ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით, 2024 წელი დიაგრამა 1
წყარო: GGGI – Green Growth Index 2024: Measuring performance in achieving SDG targets
დიაგრამიდან ნათლად ჩანს, რომ აღმოსავლეთევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (62.76 ქულა). ამასთან, უსწრებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ორ ქვეყანასაც (სერბეთი (61.14 ქულა), მონტენეგრო (49.15 ქულა)). ბალტიის ქვეყნები თანაბრად მაღალი ქულებით არიან შეფასებული. ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან კი მწვანე ზრდის ყველაზე მაღალი ინდექსი აქვს ჩეხეთს (74.17 ქულა). მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია მწვანე ზრდის ძალიან მაღალი დონისთვის, გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, მწვანე ზრდის ინდექსი ზოგადად გაიზარდა მსოფლიოში 2005 წლიდან 2024 წლამდე. ქვევით მოცემულ დიაგრამაზე (იხ. დიაგრამა 2) ასახულია, როგორ იცვლებოდა საქართველოსა და ტრანსფორმაციულ და პოსტტრანსფორმაციულ ქვეყანათა ჯგუფების მწვანე ეკონომიკის ინდექსის მაჩვენებლები 2010-2024 წლებში. მწვანე ზრდის ინდექსი საქართველოსა და ტრანსფორმაციულ და პოსტტრანსფორმაციულ ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით, 2010-2024 წწ. დიაგრამა 2 წყარო: GGGI – Green Growth Index 2024: Measuring performance in achieving SDG targets, ავტორის გაანგარიშებები ზრდის მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მწვანე ზრდის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან 2017 წლამდე, იგივე მაჩვენებელი საქართველოსთვის ჩამორჩებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 2017 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, თითქმის თანაბრად მიჰყვება და უმნიშვნელოდ აღემატება კიდეც. რაც შეეხება ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მწვანე ზრდის საშუალო მაჩვენებლებს 2010-2024 წლებში, ცალსახად აღემატება როგორც საქართველოს მწვანე ზრდის ინდექსის, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების მწვანე ზრდის ინდექსის საშუალო მაჩვენებლებს. მწვანე ეკონომიკის ინდექსი - GGEI ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგომარეობის და პოტენციალის შესაფასებლად ასევე გამოიყენება გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი (GGEI), რომელიც ზომავს ქვეყნის ეკონომიკის „სიმწვანის“ არსებულ მდგომარეობას და მის ხელშემწყობ ეკონომიკური პოლიტიკის „სიმწვანეზე“ ორიენტაციის ხარისხს. GGEI ინდექსის გაანგარიშებისას გამოიყენება შემდეგი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები: ლიდერობა და კლიმატის ცვლილება, სექტორთა ეფექტიანობა, ბაზრები და ინვესტიციები, გარემო. ინდექსის გამოთვლა 2010 წლიდან დაიწყო. ინდექსი უკანასკნელად შეფასებული იქნა 2022 წლისთვის. ამ მონაცემების მიხედვით, 160 ქვეყნიდან საქართველო 44-ე ადგილზეა. ინდექსი 0,5183-ს შეადგენს, რაც საშუალო მაჩვენებელია. კონკრეტულად ევროპის ქვეყნებთან მიმართებით, 39 ქვეყანას შორის საქართველო 23-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მისი მაჩვენებელი საუკეთესოა. გარემოსდაცვითი ეფექტიანობის ინდექსი - EP გლობალურ დონეზე არსებული სიტუაციის ანალიზისა და შეფასებისთვის ფართოდ გამოიყენება გარემოსდაცვითი ეფექტიანობის ინდექსი - EP (Environmental Performance index). ეს ინდექსი იწარმოება იელის უნივერსიტეტის მიერ და რიცხობრივად აფასებს სახელმწიფოში არსებულ გარემოს მდგომარეობას, რომელიც შესაბამისი პოლიტიკითაა მიღწეული. ის პირველად 2002 წელს გამოქვეყნდა საპილოტედ და 2005 წლიდან ჩაანაცვლა გარემოს მდგრადობის ინდექსი. აღნიშნული ინდექსით ბოლოს 2024 წლისთვის იქნა შეფასებული 180 ქვეყანა. აქედან, გარემოს მდგომარეობის თვალსაზრისით, მოწინავეა ცენტრალური და დასავლეთი ევროპა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ და კანადა, ხოლო, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 102-ე ადგილს იკავებს. მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც ზემოთ განხილული ინდექსების კვლევის ფარგლებში იკვეთება, არის „მწვანე ეკონომიკის” ფორმირების მხრივ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის განსხვავება, რომლის უმთავრეს მიზეზს განვითარებულ ქვეყნებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართ არსებული მაღალი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესაბამისად ფორმირებული ინსტიტუციური მოწყობა წარმოადგენს (OECD, 2013). შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების გარემოსადმი მდგრადობა განვითარებადი ქვეყნებისთვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ვინაიდან განვითარებად ქვეყნებში ამ მიმართულებით შესაბამისი ინსტიტუციური ბაზა სრულფასოვნად ჩამოყალიბებული არაა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი სირთულეები შეინიშნება საქართველოში, რაც გამოხატულია GGE და EP ინდექსების მიხედვით საქართველოს პოზიციაში მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ასევე OECD-ს მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში რესურსებისა და გარემოს გამოყენებით ადგილი აქვს გაცილებით ნაკლები დოვლათის შექმნას ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. მწვანე ეკონომიკის ფორმირებით, საქართველოს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შეუძლია მიიღოს მეტი ეკონომიკური სარგებელი ისტორიული ტენდენციების გაგრძელებით მიღებულ სარგებელთან შედარებით. მრავალ ქვეყანაში, სამთავრობო დონეზე ადგილი აქვს „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების პროცესში მიღწეული პროგრესის შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას (მაგალითად, როგორიცაა არსებული სიტუაციის ანალიზი OECD-ს მეთოდოლოგიით). საქართველოსთვის აღნიშნულ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს, მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მსგავსი ტიპის შეფასებებს. ლიტერატურა
|