ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
მალხაზ ჩიქობავა ∘
სასესხო პროცენტი - ეკონომიკური კრიზისების პერმანენტული მიზეზი DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.05 ანოტაცია: რაც დრო გადის, ადამიანები სულ უფრო აცნობიერებენ იმას, რომ ეკონომიკური კრიზისის უპირველესი მიზეზი სასესხო პროცენტის არსებობაა. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ მისი ძირი ადამიანთა გულებშია, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ ვერცხლისმოყვარეობის ცდუნებას. ვერცხლისმოყვარეობას მრავალი გამოვლინება გააჩნია, მაგრამ, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი და ქრისტიანული ეპოქის წმინდა მამები ამბობდნენ, მევახშეობა - ვერცხლისმოყვარეობის ყველაზე ამაზრზენი ფორმაა. ის სასესხო პროცენტი ვირუსის მსგავსია, რომელიც ადამიანის ხორცისა და სულის, ადამიანთა შორის ურთიერთობის კოროზიას ახდენს, წარმოშობს სიცრუეს, ძალადობას, მკვლელობას და ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ მრავალ უმძიმეს დანაშაულს. ის ასევე ანადგურებს ადამიანის ბუნებას და ადამიანის მიერ შექმნილ გარემოს, ანუ, მის სახლს, ამ სიტყვის ფართო გაგებით. ამ უკანასკნელს ეწოდება ეკონომიკა, რაც ბერძნულად „სახლთმშენებლობას“, „შინამეურნეობის გაძღოლის“ ხელოვნებას ნიშნავს. მაცხოვარი ჩვენ მოგვმართავს მთაზე ქადაგებისას, რომელიც მან დაასრულა იგავით „კეთილგონიერ“ და „უგუნურ“ სახლის მშენებლებზე. ჩვენი „სახლი“, რომლის ქვეშ გვესმის ეკონომიკა, ინგრევა და მსოფლიოს სტიქიების ზეწოლის ქვეშ ხვდება. იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობდით ჩვენი სახლი „ქვიშაზე“ აგვეშენებინა ღმერთის მიმართ ურწმუნოებით, სულიერი ცხოვრების მარადიული კანონების ფეხქვეშ გათელვით. მაგრამ, მაცხოვარი ჩვენ, რატომღაც, უიღბლო სახლის მშენებლებს გვიწოდებს და არა „დამნაშავეებს, „ცოდვილებს“, არამედ ზუსტად უგუნურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთაზე გადაქებისას ის მოუწოდებს ჩვენს გონებას. მისი მოწოდებაა, გავაცნობიეროთ ჩვენს წინაშე მდგარი უამრავი განსაცდელი, ჩვენი სახლის ნგრევის როგორც მატერიალური, ისე სულიერი მიზეზები. თუ ვერ გავიგებთ, იქნება „დაცემა დიდი“. ჩვენი უგუნურება, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ ვერ გავიგეთ მიზეზები, რის გამოც მევახშეობის აკრძალვის დარღვევა ჩვენი სახლის ნგრევას იწვევს. ამ თვალსაზრისით, სასესხო პროცენტს არა მარტო დანაშაული, არამედ შეიძლება უგუნურებაც ეწოდოს. სამეურნეო ცხოვრების საკითხების მთელ კომპლექსში საკვანძო ადგილს იკავებს ფულის საკითხი, რადგანაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ „ფულადი ცივილიზაციის“ პირობებში. ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ღვთისმეტყველნი და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერების წარმომადგენლები ზოგჯერ გვერდს უვლიან ფულის „ტექნიკურ ასპექტებს“ და ფულად მიმოქცევას. მაგრამ, როგორც ამბობენ, „ეშმაკი წვრილმანებში იმალება“, ხოლო მისი მიწიერი მსახურები გულდასმით უფრთხილდებიან მის საიდუმლოებებს, რომელიც უკავშირდება ფულადი მიმოქცევის „წვრილმანებს“. ეშმაკს (ბატონს ამა სოფლისა) ყველაზე მეტად ეშინია სინათლის, ვინაიდან სინათლე ართმევს მას ძალაუფლებას ადამიანებზე. შევეცდებით ნათელი მოვფინოთ ზოგიერთ ასეთ „წვრილმანებს“. ეს ჩვენი სახლის (ეკონომიკის) ამჟამინდელი უგუნური ნგრევის შეწყვეტისა და ადამიანის კეთილგონიერ „სახლთმშენებლად“ გადაქცევის აუცილებელი პირობაა. იმის გასაგებად, თუ რა არის ფული, საჭიროა არა მხოლოდ გონება, არამედ ასევე გამბედაობა. აუცილებელია რეალური ცხოვრების პატიოსანი და გაბედული აღქმა, რომელიც არსებითად განსხვავდება იმ „ვარდისფერი“ სურათებისგან, რომლებისგან, სამწუხაროდ, შედგენილია ჩვენი სახელმძღვანელოები ეკონომიკასა და ფულზე. მართალია, ზოგს ეშინია „შავი“ სურათების, რომელშიც აღწერილია ხალხის ფულის სამყარო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ „ეხსნებათ გონება“: მათ წინ იშლება ამაზრზენი სურათი იმ ცინიზმისა, რომელიც ფულის სამყაროში სუფევს და უფსკრული, რომლისკენაც მიექანება ხალხის სამყარო. მათ ეუფლებათ შიში ამ „შავი“ სურათების დანახვისას და ისინი ჩქარობენ ილუზიების კომფორტულ სამყაროში დაბრუნებას. მაგრამ ყველა ცხოვრების თავის გზას ირჩევს. ჩვენ ვწერთ მათთვის, რომლებიც მიჰყვებიან პრინციპს: მწარე სიმართლე ყოველთვის უკეთესია ტკბილ ტყუილზე. სიცრუე ხომ ადამიანს განაიარაღებს, ართმევს მას უნარს წინ აღუდგეს ბოროტებას. გავიხსენოთ სიტყვები იოანეს სახარებიდან, რომლითაც მიმართა მაცხოვარმა ფარისევლებსა და მწიგნობრებს: „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა (იოანე 8, 44). იოანე ღვთისმეტყველის სიტყვების არსი ძალზე ნათელია: სიცრუე ყოველთვის მთავრდება ადამიანის მკვლელობით. სიცრუემ, რომელიც გამეფებულია ფულის სამყაროში და ფულის სამყაროს გარშემო, უკვე არაერთხელ მიგვიყვანა სისხლიმღვრელ ომებამდე; ისტორიის თვით ფორმალურად „მშვიდობიან“ პერიოდებშიც კი ის ყველასთვის უხილავად ანადგურებდა და ანადგურებს მილიონობით ადამიანს. სიმართლე კი ყოველთვის იძლევა გადარჩენის იმედს. ტყუილად არ თქმულა: „გაფთხილებული ხარ - ე.ი. შეიარაღებული ხარ“. სხვათა შორის, მათეს სახარებაში მაცხოვარი მთაზე ქადაგებისას ამბობს: „ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან“ (მათე 5, 6). რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში საუბარი ეხება სულიერი შიმშილის დაკმაყოფილებას. მაგრამ, ჭეშმარიტების გააზრება ასევე საშუალებას იძლევა დაიძლიოს სხეულის შიმშილიც, რაც მრავალი ადამიანისათვის გარდაუვალია ისეთ საზოგადოებაში, რომელიც აგებულია სასესხო პროცენტზე. და ბოლოს. კრიზისი - ქრონიკული ავადმყოფობის მხოლოდ და მხოლოდ გამწვავებაა, რომლითაც იტანჯება საზოგადოება იმ დროიდან მოყოლებული, როცა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ დაიწყო „ფულად ცივილიზაციად“ ტრანსფორმირება. ტრანსფორმაცია კი ხდებოდა არა „ბუნებრივი ევოლუციით“, არამედ „ფულადი რევოლუციის“ შედეგად. ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების დაძლევა შეუძლებელია სასესხო პროცენტის კაბალის დაძლევისა და არსებული მონეტარული სისტემის ფუნდამენტური ცვლილების გარეშე. საკვანძო ტერმინები: ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკი, ბანკნოტა, ფული, საკრედიტო ფული, ფინანსური პირამიდა, პროცენტი, მევახშეობა, ინფლაცია, ჰიპერინფლაცია, სავალო ეკონომიკა, თავისუფალი ფული, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტა. შესავალი მოწიფული კაპიტალიზმის ფულადი სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ ყველა ფული საკრედიტო გახდა. საკრედიტო ფული - ახალი დროის მევახშეების უდიდესი გამოგონებაა. ის ბანკირებს საშუალებას აძლევს ფული აკეთონ „ჰაერიდან“ და ერთდროულად მთელი საზოგადოება შერეკონ სავალო მარყუჟში და მართონ ისინი! ასეთი არ დასიზმრებიათ არც შუასაუკუნეების ალქიმიკოსებს, არც ყველაზე დახვეწილ დესპოტებსაც კი. რა თქმა უნდა, მათ ამ საქმიანობას შეიძლება მართებულად ვუწოდოთ არა „ალქიმია“, არამედ ყალბი ფულის შექმნა, მაგრამ არა კუსტარულად, არამედ მასობრივად. თუ მარტოხელა ხელოსნები რისკავენ ამით აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა მთელი ცხოვრება, ბანკირები სავსებით შეიძლება გახდნენ დეპუტატები, მინისტრები ან რომელიმე „პატივსაცემი“ ადამიანები. მაშასადამე, ამგვარი ყალბი ფულის შექმნის განსაკუთრებული გაქანება და მისი ორგანიზატორი მევახშეების იმუნიტეტი დასჯის მიმართ იწვევს იმას, რომ მევახშეების ხელში მთელი ეროვნული სიმდიდრის სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი იყრის თავს. აი რას წერდა ბანკების მიერ საკრედიტო ფულის ემისიასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე 1930-იან წლებში ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი კ. დუგლასი: „თაღლითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი (ბანკები) პრეტენზიას აცხადებენ იმაზე, რომ ფული, რომლებსაც ისინი ქმნიან - ეს მათი ფულია და მოცემული თაღლითობა ხარისხობრივად არ განსხვავდება ყალბი ფულის შექმნისგან, ის განსხვავდება მხოლოდ განსაკუთრებული გაქანებით... შემიძლია ავხსნა მოცემული მომენტი ბოლომდე! საკვანძო საკითხია საკუთრების უფლება ფულზე. ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია შექმნას, პრაქტიკულად სურვილისამებრ, საზოგადოების მიერ წარმოებული საქონლის ღირებულების ეკვივალენტური თანხები, არის ამ საქონლის ფაქტობრივი მფლობელი. აქედან გამომდინარე, საბანკო სისტემის მხრიდან უფლების პრეტენზია იმაზე, რომ ის წარმოადგენს მის მიერ წარმოებული ფულის მფლობელს, ნიშნავს იმას, რომ ის პრეტენზიას აცხადებს ქვეყნის სიმდიდრის ფლობაზე“ (Douglas, 1998). დაახლოებით იგივე აზრი იმავე დროს გამოთქვა 1928-1941 წლებში ინგლისის ბანკის დირექტორმა ლორდ ჯ. სტემპმა: „თანამედროვე საბანკო სისტემა ფულს აწარმოებს არაფრისგან. მოცემული პროცესი, ალბათ, წარმოადგენს ყველაზე საკვირველ ფოკუსს, რომელიც კი ოდესმე გამოგონილა. საბანკო საქმე ჩაფიქრებული იქნა უკანონოდ და დაიბადა ცოდვაში. ბანკირები ფლობენ მიწებს; წაართვით მათ ის, მაგრამ თუ დაუტოვებთ მათ კრედიტების გაცემის უფლებას, ისინი კალმის მოსმით შექმნიან საკმარისი რაოდენობის ფულს იმისათვის, რათა შეიძინინო ის კვლავ... თუ თქვენ გსურთ იყოთ ბანკირების მონები და ამასთან, აანაზღაუროთ თქვენი საკუთარი მონობა, მაშინ ნება მიეცით ბანკირებს შექმნან ფული“ (Stamp J. Lord, 1998). ************************************************ ფული, უპირველეს ყოვლისა, გამოიშვება ცენტრალური ბანკების მიერ (რომლებსაც ხშირად საემისიო ბანკებს უწოდებენ) ბანკნოტების სახით. ემიტენტისათვის (ბანკისათვის) ბანკნოტა წარმოადგენს ვალდებულებას, ხოლო მისი მფლობელისათვის - მოთხოვნას ბანკის მიმართ დაფაროს თავისი ვალდებულება. ყველაზე ზოგადი სახით, ბანკნოტა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ბანკირის თამასუქი (ვექსელი). თავდაპირველად ცენტრალური ბანკების მხრიდან ვალდებულების შესრულება მდგომარეობდა იმაში, რომ ბანკი ბანკნოტას ცვლიდა ოქროზე, რომელიც მას მარაგებში ჰქონდა. დღეს ბანკნოტები მსოფლიოში არსად არ იცვლება ოქროზე, ისინი გადაიქცნენ ოქროზე არაკონვერტირებად ქაღალდის ფულად. ამის მიუხედავად, ბანკნოტები განეკუთვნება საკრედიტო ფულს, ვინაიდან ის გამოიშვება სხვა სუბიექტების სავალო ვალდებულებით (სახაზინო ობლიგაციებით, კომერციული თამასუქებით, ვალუტით) უზრუნველყოფით, ანუ, მათი ემისია თანდაყოლილია ეკონომიკაში სხვადასხვა ტიპის ვალის პერმანენტული ზრდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცენტრალურ ბანკებს გააჩნიათ ვალდებულება ბანკნოტების მფლობელების მიმართ (ფულადი ვალდებულება), ხოლო ცენტრალურ ბანკებს, თავის მხრივ, გააჩნიათ მოთხოვნები იმ სუბიექტების წინაშე, რომლებმაც გამოუშვეს სავალო ვალდებულებები (ფინანსური ვალდებულებები) ფასიანი ქაღალდების სახით. წინდაწინ ვთქვათ, რომ ფულადი და ფინანსური ვალდებულებების დიალექტიკა ისეთია, რომ დროთა განმავლობაში ცენტრალური ბანკების ფულადი ვალდებულება სულ უფრო გაქარწყლდა. დღეს ცენტრალური ბანკი უკვე არაფერ განსაზღვრულს ბანკნოტების მფლობელებს არ ჰპირდება, ბანკნოტების ცენტრალური ბანკის აქტივებზე გაცვლის არავითარი სპეციალური პროცედურები არ არის გათვალისწინებული, ბანკნოტების მფლობელს შეუძლია ისინი გაცვალონ ამა თუ იმ აქტივზე მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე. ცენტრალური ბანკი - მნიშვნელოვანი რგოლია თანამედროვე საზოგადოების ფინანსურ სისტემაში, რომელსაც პირამიდის ფორმა გააჩნია და შედგება ვალდებულებების რამდენიმე სართულისგან. აღვნიშნოთ, რომ ფინანსური პირამიდა თავდაყირა ფორმისაა. თითოეული დონე წარმოადგენს ფინანსური აქტივების (ფინანსური ინსტრუმენტების) გარკვეულ ტიპს, ამასთან, მოცემული დონის ვალდებულებების თანხა აჭარბებს უფრო დაბალი დონის ვალდებულებების თანხას. ეს კი ნიშნავს, რომ ემიტენტების მიერ ვალდებულებების გამოშვება აჭარბებს ვალდებულებების ჯამს, რომლებიც უზრუნველყოფს მოცემულ ემისიას. მაშასადამე, ადგილი აქვს ვალდებულებების ნაწილობრივ უზრუნველყოფას, რაც ქმნის პირამიდის არამდგრადობას, მისი ჩამოშლის რისკს. ამგვარად, ცენტრალურ ბანკს აგრეთვე თავისი „წვლილი“ შეაქვს ფინანსური პირამიდების აგებასა და ფინანსური კრიზისების პროვოცირებაში. გარდა ამისა, ფული გამოიშვება კომერციული ბანკების მიერ, რომლებიც გასცემენ კრედიტებს და ეს კრედიტები განითავსება ბანკი-კრედიტორის და/ან სხვა ბანკების სადეპოზიტო ანგარიშებზე. ამიტომ, მოცემულ ფულს ასევე უწოდებენ დეპოზიტურს. რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ანგარიშებზე ჩანაწერებს, ხოლო ასეთი ფულით ოპერაციები (გარიგების მონაწილეების ვალდებულებებისა და მოთხოვნების სიდიდეთა ცვლილებები) გამოიხატება აგრეთვე ანგარიშებზე ჩანაწერების ფორმით, მაშინ მათ ასევე გააჩნიათ უნაღდო ფულის სახელწოდებაც (განსხვავებით ბანკნოტებისა და გადაცვლადი მონეტებისგან, რომლებიც განეკუთვნებიან ნაღდი ფულის ნიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონიერ საგადახდო საშუალებებად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ ბანკნოტები, რეალურ ცხოვრებაში ფულადი მასის ძირითადი ნაწილი მაინც სადეპოზიტო ფულზე მოდის. მოცემულ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია ფულის არა ფორმა, არამედ ის, რომ კომერციული ბანკების მიერ ფულის შექმნა იწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების ვალის პერმანენტულ ზრდას. ამგვარად, საკრედიტო ფულის სამყაროში ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. „სავალო ეკონომიკასთან“. აი რას წერს ამის შესახებ ინგლისელი ეკონომისტი მ. რაუბოტამი: „არანაირად არ იწვევს გაკვირვებას ის ფაქტი, რომ ერები იმყოფებიან ქრონიკული მოვალეების მდგომარეობაში, მთავრობებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები, საზოგადოებრივი სამსახურები სრულად ვერ ფინანსდებიან, ხოლო ადამიანები დამძიმებულნი არიან ვალდებულებებით იპოთეკური და ოვერდრაფტის კრედიტებით (შენიშვნა: კრედიტი ოვერდრაფტი - ესაა კრედიტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია თავდაპირველ ლიმიტზე გადაჭარბება, რომელიც შეთანხმებითაა განსაზღვრული). ამ ფულადი უკმარისობისა და გადახდისუუნარობის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ფინანსური სისტემა, რომელიც გამოიყენება ეროვნული ეკონომიკების მიერ ყველა ქვეყანაში, ფაქტობრივად დაფუძნებულია ვალზე. უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, თანამედროვე ფული - ეს ვალია. რაც უფრო მეტია ფულადი მასა, მით უფრო მეტია სხვადასხვა ვალის მოცულობა, იქნება ეს მთავრობის, კერძო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების. თანამედროვე ეპოქაში ფულის შექმნა და მიწოდება თითქმის სრულადაა გადაცემული ბანკებსა და სხვა საკრედიტო ინსტიტუტებზე. ადამიანთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ თუ ისინი ბანკიდან სესხულობენ ფულს, ისინი ამით სხვა ადამიანებისგან სესხულობენ ფულს. ფული, რომელიც ბანკების მიერ ვალადაა გაცემული, არ წარმოადგენს ადრე არსებული ფულის სესხს, არამედ ფული, რომელიც ბანკის მიერ ვალადაა გაცემული - დამატებით შექმნილი ფულია. ფულის ნაკადები, გენერირებული ადამიანების, მეწარმეებისა და მთავრობების მიერ, რომლებიც მუდმივად აღებულია ვალად ბანკებიდან და სხვა საკრედიტო ინსტიტუტებიდან, მთელი ეკონომიკის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ამგვარად, ფულის მიწოდება დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებიც იღებენ ვალს და დავალიანების დონე ეკონომიკის შიგნით სხვა არაფერია, თუ არა ფულის მოცულობის მაჩვენებელი, რომელიც შეიქმნა“ (Rowbotham, 1998). „სავალო ეკონომიკაში“ პრაქტიკულად ყველა ფული ეკუთვნის მათ, რომლებიც მათ ქმნიან - ანუ მევახშეებს. თუ ფულის რაღაც რაოდენობა იმყოფება ადამიანთა ხელში, რომლებიც არ განეკუთვნებიან „მევახშეების“ კასტას, მაშინ ამის შესახებ შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ როგორც გამოყენებაზე და არა ფლობაზე. თანამედროვე მონეტარული სისტემის ფარგლებში, ადრე თუ გვიან ყველა ფული უნდა დაუბრუნდეს მის ნამდვილ მეპატრონეს - მევახშეებს. ეკონომისტები ფულით სარგებლობენ ისევე, როგორც კომერსანტები კილოგრამებითა და არქიტექტორები მეტრებით. მაგრამ იშვიათად ანალიზდება მისი ფუნქციონირების პრინციპი ანუ იშვიათად ცდილობენ ახსნან და ნათელყონ, რომ მეტრისა და კოლოგრამისგან განსხვავებით ფული არ წარმოადგენს მუდმივ საზომ ერთეულს, რადგანაც თავის ღირებულებას თითქმის ყოველდღიურად იცვლის ინფლაციის გამო (Kennedy, 1995). ისტორიაში ცნობილია ძალიან მაღალი ინფლაციის (ჰიპერინფლაციის) ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები:
2025 წლის შედეგების მიხედვით, ინფლაციის ყველაზე მაღალი ტემპები დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში (%): ვენესუელა - 269,9; სამხრეთ სუდანი - 97,5; ზიმბაბვე - 89; სუდანი - 87,2; ირანი - 42,4; არგენტინა - 41,3; ბურუნდი - 37,3; თურქეთი - 34,9; მიანმარი - 31; მალავი - 28,2. ჩვეულებრივ, ჰიპერინფლაცია ეწოდება ინფლაციას 50-პროცენტიანი ან უფრო მაღალი წლიური მაჩვენებლით. ამგვარად, გასულ წელს ჰიპერინფლაციას, ანუ ფულის ინტენსიურ „წვას“, ადგილი ჰქონდა ოთხ ქვეყანაში (ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, ზიმბაბვე, სუდანი). სხვა ქვეყნებში ფული „იწვოდა“, თუმცა არა ასე სწრაფად“ (StatBureau.org). არსებობს გამოთქმის „ფული იწვის“ გაგების კიდევ ერთი ვარიანტი. საუბარია ფულზე, რომელსაც გამოყენების შეზღუდული ვადა აქვს. თუ ვერ მოასწარით ფულის გამოყენება დადგენილი ვადის ამოწურვამდე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ის დაკარგეთ. ხატოვნად რომ ვთქვათ, თქვენი ფული „დაიწვა“. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენებოდა შეზღუდული მოქმედების ვადის მქონე ფული - როგორც ქაღალდის ფული, ისე მონეტები (Катасонов, 2026). როგორც ცნობილია, ყველაზე ადრე ქაღალდის ფული ჩინეთში გაჩნდა. პირველი ჩინური ბანკნოტ-თამასუქები XI საუკუნეში იქნა შემოღებული და მათი მოქმედების ვადა 3 წლით შემოიფარგლებოდა. თითოეულ ქაღალდის ნიშანზე აღინიშნებოდა გამოშვების თარიღი, რათა მომხმარებლებს სცოდნოდათ, როდის დგებოდა აღნიშნული ნიშნის მოქმედების ვადის დასასრული. თუმცა, ისტორიკოსების აზრით, ხშირად ქაღალდის ფულის ნიშნით ანგარიშსწორება მაინც გრძელდებოდა, მაგრამ მათ ნომინალიდან ფასდაკლებით (დისკონტით) იღებდნენ. მხოლოდ დაახლოებით 1280 წელს ჩინეთში, იუანის დინასტიის მმართველობის პერიოდში, დაიწყეს სრულფასოვანი, უვადო ქაღალდის ფულის გამოშვება. კუპიურებს ჰქონდა მოქმედების შეუზღუდავი ვადა და ძვირფას ლითონებზე თავისუფლად იცვლებოდა (Катасонов, 2026). რაც შეეხება შუა საუკუნეების ევროპას, იქ ქაღალდის ფული არ არსებობდა. ფეოდალები მონეტებს სხვადასხვა ლითონისგან ჭრიდნენ. ადგილი ჰქონდა მონეტების ძვირფასი ლითონების შემცველობის შემცირებას, რასაც შეიძლება ვუწოდოთ „წვა“. XIII საუკუნეში გერმანიის ქალაქებმა და ცალკეულმა თავადებმა დაიწყეს სამონეტო კავშირებში გაერთიანება, რომლებიც ცდილობდნენ მონეტების ხარისხის რეგულირებას. ამ კავშირების წარმომადგენლები წონიდნენ მონეტებს და მიმოქცევიდან იღებდნენ ისეთებს, რომლებიც ნორმაზე ნაკლები იყო. ევროპაში XII საუკუნიდან XV საუკუნემდე ასევე იჭრებოდა და მიმოიქცეოდა ე.წ. ბრაქტეატები - ბრტყელი, თხელი მონეტები ოქროსგან, მაგრამ უფრო ხშირად ვერცხლისგან, ცალმხრივი მოჭრით. ბრაქტეატების თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველწლიურად ის უფასურდებოდა ნომინალის მეოთხედით, ამოიღებოდა მიმოქცევიდან და მისი ჩანაცვლება ხდებოდა ახალი მონეტებით. ეს ღონისძიება წარმოადგენდა გადასახადის მსგავსს ქალაქის ან ფეოდალის სასარგებლოდ. თუმცა, ბრაქტეატების ღირებულების მეოთხე ნაწილი ითვლებოდა მონეტების მოჭრის მოსაკრებლად. საბოლოო ჯამში, ბრაქტეატები განდევნილ იქნა „მუდმივი“ ანუ „სრულფასოვანი“ პფენიგებით, რომლებიც არ უფასურდებოდა. დასახელება „ბრაქტეატი“ შუა საუკუნეების მონეტა-„ერთწლიანებმა“ მოგვიანებით ნუმიზმატიკაში მიიღეს, ხოლო იმ დროში მათ ეწოდებოდათ „დენარიუსი“, „ნუმი“ ან „პფენიგი“ (Катасонов, 2026). ფულის გერმანელი მკვლევარი მარგრიტ კენედი (1939-2013) თავის ნაშრომში - „ფული პროცენტისა და ინფლაციის გარეშე. როგორ შევქმნათ გაცვლის საშუალება, რომელიც ყველას ემსახურება“ (1987) - ბრაქტეატების შესახებ წერს: „XII საუკუნიდან XV საუკუნემდე ევროპაში მიმოქცევაში იყო ფული, რომელსაც ბრაქტეატებს უწოდებდნენ. მათ უშვებდნენ ქალაქები, საეპისკოპოსოები და ცალკეული ფეოდალები. ამასთანავე, ისინი ემსახურებოდნენ არა მხოლოდ საქონლისა და მომსახურების გაცვლას, არამედ წარმოადგენდნენ გადასახადების აკრეფის საშუალებასაც. თხელი ოქროს ან ვერცხლის ფული „უფასურდებოდა“ წელიწადში ერთხელ, ანუ ამოიღებოდა მიმოქცევიდან და იცვლებოდა ხელახლა მოჭრილი მონეტებით. ამ დროს ხდებოდა მათი დევალვაცია 25%-ით, ეს ნაწილი კი იკავებოდა „მოჭრის მოსაკრებლის“ ან „მოჭრის გადასახადის“ სახით“ (Kennedy, 1995). ასეთი სისტემა ხელს უწყობდა მოხმარების გაზრდასა და დანაზოგების შემცირებას, რაც, მ. კენედის აზრით, ემსახურებოდა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, ეკონომიკის განვითარებას, პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირებების შემცირებას. პრინციპში, მის თვალსაზრისს მხარს უჭერს გერმანელი მკვლევარი ჰანს რ. ლ. კორსენიც (1905-1997) თავის წიგნში „მყიფე ფული“ (1933): „ვინაიდან ფულადი სიმდიდრის დაგროვება შეუძლებელი იყო, მათ ნაცვლად შეიქმნა რეალური სიმდიდრე“ (Cohrssen, 1933). შუა საუკუნეების „ბრაქტეატების“ გარკვეული ფორმით აღდგენის მომხრედ გამოდიოდა ასევე სილვიო გეზელი (1862–1930) - გერმანელი მეწარმე, ფინანსური თეორეტიკოსი და სოციალური რეფორმატორი, „თავისუფალი ეკონომიკის“ თეორიის ავტორი. გეზელმა შემოგვთავაზა უარყოფითი პროცენტის მქონე ფულის გამოყენება, რათა აემაღლებინა ფულის მიმოქცევის სიჩქარე და ექცია იგი გაცვლის და არა დაგროვების საშუალებად. იგი მათ „თავისუფალ ფულს“ უწოდებდა. გეზელი ფაქტობრივად მოუწოდებდა იმისკენ, რომ ფული კი არ განთავსებულიყო საბანკო დეპოზიტებზე, არამედ დარჩენილიყო მიმოქცევაში. გეზელმა ასეთი ფულით ექსპერიმენტი ავსტრიის პატარა ქალაქ ვიორგლში ჩაატარა. ფულის თითოეულ მომხმარებელს, რომელსაც მიმოქცევის პერიოდის (ერთი თვის) ბოლოს ხელთ რჩებოდა ბანკნოტი, შეეძლო ხელახლა ჩაეშვა იგი მიმოქცევაში ნომინალის ღირებულების 1 პროცენტის გადახდის შემთხვევაში. გეზელი მიიჩნევდა, რომ ფულისადმი ასეთი მიდგომა თავიდან აგვაცილებდა დეპრესიებს მომავალში და გაზრდიდა საზოგადოებრივ კეთილდღეობას. სილვიო გეზელის მთავარი ნაშრომი - „ბუნებრივი ეკონომიკური წესრიგი“ (The Natural Economic Order), გამოიცა 1916 წელს. სხვათა შორის, გენიალური ინგლისელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინზი (1883-1946) მხარს უჭერდა სილვიო გეზელის იდეებს და ხაზს უსვამდა გეზელის ფულის თეორიის გავლენას საკუთარ კონცეფციაზე ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936). ინგლისელი ეკონომისტი შთაგონებული იყო გეზელის იდეით „თავისუფალი ფულის“ შესახებ, რომელსაც, მისი აზრით, შეეძლო სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. ამასთან დაკავშირებით კეინზი ამბობდა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი უფრო მეტს ისწავლის გეზელისგან, ვიდრე მარქსისგან“ (Keynes, 1967). ამავდროულად, დღემდე „თავისუფალი ფული“ პრაქტიკაში არსად დანერგილა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ფული აგრძელებს მსყიდველობითი უნარის შემცირებას ინფლაციის შედეგად, რომლის ალაგმვასაც განსაკუთრებულად არავინ აპირებს. ყოველივე ამის შემდეგ, ინფლაცია წარმოადგენს დაბეგვრის არაოფიციალურ და რიგითი მოქალაქისთვის არცთუ ისე გასაგებ ფორმას. დაბეგვრისა, რომლის ბენეფიციარიც არის არა სახელმწიფო, არამედ „ფულის ბატონები“, რომლებსაც ეკუთვნით „ფულის საბეჭდი მანქანა“. მიუხედავად ამისა, შეზღუდული გამოყენების ვადის მქონე ფული ან უარყოფითი პროცენტის მქონე ფული დღემდე ახსოვთ. ფულის გაუფასურება მიესადაგება არა სასაქონლო, არამედ ფიატურ ფულს. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ფიატური ფულის სამყაროში, სასაქონლო ფული დე-იურე უკვე აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც 1976 წელს იამაიკის სავალუტო-საფინანსო კონფერენციის გადაწყვეტილებების შესაბამისად ფულის სამყარო საბოლოოდ მოწყდა ოქროს. ფიატური ფული ერთდროულად წარმოადგენს ერთი მხარის მოთხოვნებს და მეორე მხარის ვალდებულებებს. ყველაზე ხშირად ფულის გაუფასურება ხდება იმის შედეგად, რომ ადგილი აქვს ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულებებზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმას ამა თუ იმ ფორსმაჟორული გარემოებების გამო, თუმცა, უარი შეიძლება იყოს გაცნობიერებულიც. ხშირად ფულის გაუფასურება არ არის გაცნობიერებული იმ პირთა მიერ, ვინც მას ფლობს და იყენებს. საუბარია ინფლაციაზე და ფულის გაუფასურების სწორედ ეს ფორმაა დღეს, ძირითადად, საყოველთაო პრობლემა. ფულის შესაძლო გაუფასურების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევაა ბანკების გაკოტრება, რომლებიც, როგორც ცნობილია, დღეისათვის ფულის ძირითად ემიტენტებს წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, ფულის ემისიას ახდენენ ცენტრალური ბანკები და კომერციული ბანკები. ცენტრალური ბანკები უშვებენ ნაღდი ფულის 100%-ს და უნაღდო ფულის ნაწილს. კომერციული ბანკები - ექსკლუზიურად უნაღდო, ანუ დეპოზიტურ ფულს. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში კომერციული ბანკების მიერ ემიტირებულ ფულზე მოდის მთელი ფულადი მასის 70-დან 90 პროცენტამდე (ეკონომიკურ ლიტერატურაში ნაღდი და უნაღდო ფულის ჯამურ სიდიდეს ეწოდება „ფულადი აგრეგატი M2“). ზოგიერთ ქვეყანაში მეტობით ან ნაკლებობით შეიძლება იყოს გარკვეული გადახრები ამ „დიაპაზონიდან“. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ კომერციული ბანკები ქმნიან ფულადი მასის ძირითად ნაწილს. ამავდროულად, კომერციული ბანკები შეიძლება გაკოტრდეს. ბანკების გაკოტრებისას კი მათ ანგარიშებზე (მიმდინარე, საანგარიშსწორებო და სადეპოზიტოზე) არსებული ფული ნადგურდება. ამის ილუსტრირება შესაძლებელია იმ ეკონომიკური კრიზისის მაგალითზე, რომელიც აშშ-ში, ნიუ-იორკის ბირჟაზე დაიწყო 1929 წლის 24 ოქტომბერს, „შავ ხუთშაბათს“. ამერიკული ეკონომიკის საბანკო სექტორამდე კრიზისმა მხოლოდ 1930 წლის შემოდგომაზე მიაღწია. 1929 წელს შეერთებულ შტატებში ირიცხებოდა 25 568 ბანკი. ბანკების სააქციო კაპიტალი შეადგენდა 9,8 მილიარდ დოლარს, ხოლო მათი ვალი (ანუ, უნაღდო ფული სადეპოზიტო და სხვა ანგარიშებზე) - 58,9 მილიარდ დოლარს. 1930 წელს დაიწყო მეანაბრეთა მოზღვავება ამერიკულ ბანკებზე. ბანკის კლიენტები ძალზედ შეშფოთებულნი იყვნენ თავიანთი ანაბრების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იმ მომენტისთვის დეპოზიტებზე ფულის დაზღვევის არანაირი მექანიზმი არ არსებობდა. ნაწილობრივი დაზღვევა მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის უკვე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა 20 წლით ადრე იყო დაარსებული და რომელსაც თითქოსდა უნდა დაეზღვია კომერციული ბანკები გაკოტრებისგან, პრაქტიკაში მან საკრედიტო ორგანიზაციების გადარჩენაში საკუთარი უუნარობა გამოავლინა. ამასთან, 1930 წელს, პანიკის წინა დღეებში, ფედერალური სარეზერვო სისტემის „ქოლგის“ ქვეშ იმყოფებოდა დაახლოებით 8 000 კომერციული ბანკი, ხოლო მის ფარგლებს გარეთ - თითქმის 16 000. 1933 წელს ბანკების რაოდენობა შეადგენდა 14 404-ს, რომელიც დაახლოებით 11000-ით შემცირდა. ამგვარად, 1929-დან 1933 წლამდე პერიოდში საქმიანობა შეაჩერა ყველა ბანკის დაახლოებით 40%-მა. ბენ ბერნანკე, რომელიც 2006-2014 წლებში იყო აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე, თავის წიგნში „ნარკვევები დიდ დეპრესიაზე“ („Essays on the Great Depression“) წერს: „...საბანკო სისტემისთვის დახმარების აღმოჩენა სწორედ ფედერალური სარეზერვო სისტემის საწყისი დანიშნულების ცენტრალური ელემენტი იყო. ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საკუთარი მისიის შესრულებაზე უარის თქმა დიდწილად იმ ეკონომიკური შეხედულებების შედეგი იყო, რომლებსაც მისი ხელმძღვანელობა იზიარებდა. ფედერალური სარეზერვო სისტემის მრავალი ჩინოვნიკი მზად იყო ხელი მოეწერა ფინანსთა მინისტრის, ენდრიუ მელონის სამარცხვინოდ ცნობილ „ლიკვიდატორულ“ თეზისზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ „სუსტი“ ბანკების გაცხრილვა იყო მკაცრი, მაგრამ აუცილებელი პირობა საბანკო სისტემის აღსადგენად. უფრო მეტიც, პრობლემური ბანკების უმრავლესობა შედარებით მცირე იყო და ისინი არ წარმოადგენდნენ ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრებს, რაც მათ ბედს ნაკლებად საინტერესოს ხდიდა ცენტრალური ბანკის მმართველებისთვის. საბოლოოდ, ფედერალური სარეზერვო სისტემის ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს არ ჩარეულიყვნენ საბანკო კრიზისში, რითაც კიდევ ერთხელ შეუწყვეს ხელი ფულადი მასის მკვეთრ შემცირებას“. ამგვარად, ბენ ბერნანკე აფიქსირებს, რომ საბანკო კრიზისმა ხელი შეუწყო „ფულადი მასის მკვეთრ შემცირებას“. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ვებგვერდზე რთული არ არის იმ ციფრების მოძიება, რომლებიც ამას ადასტურებს. თუ 1929 წელს M2-ის მოცულობა შეადგენდა 46,6 მილიარდ დოლარს, 1930 წელს იგი 45,73 მილიარდი დოლარი იყო; 1931 წელს - 42,69 მილიარდი დოლარი. თუმცა, უკვე 1932 წელს M2-ის მოცულობა 36,05-მდე (15,5%-ით) დაეცა, ხოლო 1933 წელს M2-მა მიაღწია 32,22 მილიარდ დოლარს, რაც წლიურ ჭრილში 10,6%-ით შემცირდა. 1929–1933 წლების პერიოდში ფულადი მასის მოცულობა შემცირდა 30%-ით (!). კომერციული ბანკების ანგარიშებზე კლიენტების კუთვნილი თითქმის 14 მილიარდი დოლარი „დაიწვა“. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში ამერიკულ ეკონომიკაში ფული იმაზე მეტადაც კი „დაიწვა“, ვიდრე შემცირდა სასაქონლო მასა. სწორედ ამან გამოიწვია ისეთი მოვლენა, როგორიცაა დეფლაცია. თუ 1929 წლის ფასების დონეს მივიღებთ 100-ად, 1933 წელს იგი 75,4-მდე შემცირდა. დეფლაცია, როგორც ცნობილია, ეკონომიკისთვის არანაკლებ უსიამოვნო მოვლენაა, ვიდრე ინფლაცია, თუმცა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა (https://www.federalreserve.gov/econres/economic-research-data.htm). რა თქმა უნდა, გასული საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მომხდარი მსგავსი მასშტაბური საბანკო კრიზისები დღემდე არ ყოფილა. თუმცა დროდადრო საბანკო გაკოტრებების სერიები ჩვენს დროშიც შეინიშნება. ასე მაგალითად, 2023 წელს აშშ-ში გაკოტრდა ისეთი საკმაოდ მსხვილი ბანკები, როგორებიცაა Silicon Valley Bank (SVB), Signature Bank, First Republic Bank, Silvergate Bank. ჯამურად, ამ ოთხ აღნიშნულ ბანკში „დაიწვა“ მრავალი ასეული მილიარდი დოლარის მოცულობის უნაღდო ფული. რა თქმა უნდა, აშშ-ში იმ მომენტისთვის მოქმედებდა ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევის სისტემა (შექმნილი ჯერ კიდევ 30-იან წლებში, მაშინდელი საბანკო კრიზისის შემდეგ). თუმცა, იგი სრულად არ ფარავდა ბანკის კლიენტების მიერ განცდილ დანაკარგებს. ასე მაგალითად, ბანკ SVB-ში დეპოზიტების 90%-ზე მეტი აჭარბებდა 250 ათასი დოლარის ლიმიტს - თანხას, რომელიც იფარება დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) დაზღვევით. SVB-ის ანაბრების მხოლოდ 4,8 მილიარდი დოლარი იყო სრულად დაზღვეული (დეპოზიტების საერთო მოცულობის 3%). საკუთარი ფული გადაარჩინეს მხოლოდ იმ კლიენტებმა, რომლებმაც ცუდი წინათგრძნობის გამო დაიწყეს ფულის გატანა ანგარიშებიდან. ამერიკულ მედიაში ამას კლიენტების მხრიდან ბანკზე „რბილი მიწოლა“ უწოდეს, რაც სამ დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც ბანკი SVB დაიხურა. სხვა ბანკებშიც, დაახლოებით, ანალოგიური სურათია. „დამწვარი“ ფულისთვის სრული კომპენსაცია ბანკის კლიენტებიდან თითქმის არავის მიუღია. ახლა დავუბრუნდეთ ეკონომისტების იდეას იმის შესახებ, რომ ბანკების ანგარიშებზე არსებული ფული არ უნდა „იწვეს“, ის უნდა „მუშაობდეს“, სრულფასოვნად ასრულებდეს გაცვლის საშუალებისა და საგადამხდელო საშუალების ფუნქციებს. ბანკის ანგარიშებზე მათ შეუძლიათ მხოლოდ ოდნავ „მოითქვან სული“, მაგრამ არაუმეტეს ამისა. ამისთვის კი ფულს უნდა ჰქონდეს გამოყენების შეზღუდული ვადა, ან, როგორც ვარიანტი, ფული უნდა იყოს „დნობადი“, ანუ, მათ უნდა ერიცხებოდეთ უარყოფითი პროცენტები. ასეთი ფული უკვე არსებობდა შუა საუკუნეებში და მას ბრაქტეატები ეწოდებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს იყო ოქროს ან ვერცხლის მონეტები ერთწლიანი გამოყენების ვადით, და ისინი იბეგრებოდა 25%-იანი გადასახადით წლის ამოწურვის შემდეგ. XX საუკუნეში ასეთი „დროებითი“ ან „დნობადი“ ფულის იდეას აჟღერებდნენ და ასაბუთებდნენ გერმანელი მეწარმე სილვიო გეზელი და ინგლისელი ეკონომისტი ჯონ კეინზი. გეზელთან მათ მიიღეს „სახალხო ფულის“ დასახელება. ამ ფულის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მუდმივად ცირკულირებს ეკონომიკაში, როგორც სისხლი ჯანსაღ ორგანიზმში. არ განიცდის სტაგნაციას, რაც სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას მოახდენდა. ვინაიდან მისი სწრაფი ცირკულაცია უზრუნველყოფილია ანგარიშზე უარყოფითი პროცენტების ხარჯზე, იგი ხდება გადაულახავი ბარიერი მევახშეობისთვის. მას შემდეგ, რაც გეზელმა ჩამოაყალიბა „სახალხო ფულის“ საკუთარი კონცეფცია და ავსტრიაში ერთი ქალაქის მასშტაბით მისი გამოყენების აპრობაციაც კი მოახდინა, თითქმის ერთმა საუკუნემ განვლო. სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში გეზელის იდეა დიდი მასშტაბით არსად ყოფილა ცხოვრებაში განხორციელებული. ისტორიული გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ სხვადასხვა დროის რელიგიური ლიდერები, როგორიცაა მაგალითად მოსე, არისტოტელე, მუჰამედი, ლუთერი, ცვინგლი და განდი, ცდილობდნენ აღმოეფხვრათ სოციალური უსამართლობა, რომელიც გამოწვეული იყო პროცენტების მუდმივი გადახდევინებით და ამასთან დაკავშირებით იძლეოდნენ რჩევებს, რითაც აკრძალეს პროცენტების აღება. მათ ესმოდათ პრობლემის არსი. მაგალითად, მოსეს წიგნში წერია: „თუ ფულს სესხად აძლევ შენს ძმას, ღარიბს, არასოდეს მოეპყრა მას, როგორც მევახშე. შენ არ გაქვს უფლება ის დაბეგრო პროცენტებით“. არისტოტელე თავის „პოლიტიკაში“ წერს: „მევახშეს ვერ იტანენ სრულიად სამართლიანად, რადგან მისთვის თვით ფული გამხდარა შემოსავლის წყარო და არ გამოიყენება იმისათვის, რისთვისაც იქნა გამოგონებული. ვინაიდან ის შეიქმნა საქონელთა გაცვლისათვის, ხოლო პროცენტები ფულისგან ქმნის მეტ ფულს, აქედანაა მისი სახელწოდებაც (დაბადებულნი, აღმოცენებულნი). დაბადებულნი ჰგვანან მშობლებს. მაგრამ პროცენტები – ეს არის ფული ფულისგან, ამიტომ ის ბუნების ყველაზე საწინააღმდეგო მოვლენაა საქმიანობის ყველა სახიდან“ (Kennedy, 1995). თუ სიტყვასიტყვით ვთარგმნით ბერძნული ორიგინალის ტექსტს, მაშინ ლუკას სახარებაში ვკითხულობთ: „... გასცემდეთ სესხად ისე, რომ ელოდოთ არაფერს“, ხოლო ნიკეის კრებამ, რომელიც ქრისტეს დაბადებიდან 325 წელს შედგა, ყველა სასულიერო პირს აუკრძალა პროცენტის გადახდევინება. დამნაშავის დასჯა შეადგენდა ღირსების დაუყოვნებლივ აყრას. 1139 წელს მეორე ლათერანულმა კრებამ დაადგინა: „ვინც იღებს პროცენტებს, უნდა განიკვეთოს ეკლესიიდან, ხოლო მისი უკან დაბრუნება შესაძლებელია უმკაცრესი მონანიების შემდეგ და უდიდესი სიფრთხილით. პროცენტების ამღებნი, რომლებიც სიკვდილის წინ თუ არ დაადგებიან ჭეშმარიტების გზას, არ უნდა დაიკრძალონ ქრისტიანული წესით“. მარტინ ლუთერმა (1483-1546) მრავალჯერ საშინლად ამხილა მევახშეები: „და ამიტომ მევახშე და კრიჟანგი – სინამდვილეში ადამიანი არ არის; ის სცოდავს არა ადამიანურად. მას ყველაზე საშინელ ტირანზე, მკვლელზე და მძარცველზე უარესად უნდა მოვეპყრათ, თითქმის ისეთივე ბილწია, როგორ თვით ეშმაკი. გვევლინება არა როგორც მტერი, არამედ როგორც მეგობარი და თანამოქალაქე თემის მფარველობისა და დაცვის ქვეშ, მაგრამ საზიზღარია ნებისმიერ მტერზე და მკვლელ-წამქეზებელზე. ამიტომ, თუ ქუჩის მძარცველებს, მკვლელებსა და დამნაშავეებს ბორბალზე აწამებენ და თავს კვეთენ, მაშინ რაოდენ საჭიროა ჯერ დაბორბვლა და წამება ყველა მევახშისა, დევნა, წყევლა და თავის მოკვეთა ყველა კრიჟანგისა“ (Kennedy, 1995). რეფორმატორი ულრიხ ცვინგლი (1484-1531) კიდევ უფრო შორს წავიდა სეკულარიზაციის გზით. ერთი მხრივ, მან პროცენტები გამოაცხადა უღმერთოდ და ანტიქრისტიანულად, მეორე მხრივ, აღიარა სახელმწიფოს უფლება საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრაში. მიუხევად იმისა, რომ ყველა მათგანმა იცოდა პრობლემის საფუძველი, მათ არ მოუციათ პრაქტიკულად მისაღები გადაწყვეტილება ფულადი მიმოქცევის უზრუნველსაყოფად; ამგვარად, სისტემის ფუძემდებლური ნაკლი ხელშეუხებელი დარჩა. აკრძალვებმა, რომელიც დაედო პროცენტებს რომის პაპების მიერ ევროპული შუასაუკუნეების დროს და რომლის თანახმადაც პროცენტების ამღები ქრისტიანები იკვეთებოდნენ ეკლესიიდან, პრობლემათა მთელი სიმძიმე დააკისრა ებრაელებს. მათ უფლება ეძლეოდათ აეღოთ პროცენტები სხვა აღმსარებლობის ხალხისგან. ეს უკანასკნელნი იმ დროიდან მოყოლებული სულ უფრო და უფრო მსოფლიოს წამყვან ბანკირებად გადაიქცნენ. თვით ძველი აღთქმიდან ებრაულმა თემმა იცოდა იმის შესახებ, რომ პროცენტები არღვევენ ხანგრძლივი ზემოქმედების დროს ნებისმიერ სოციალურ ორგანიზმს. ამიტომ, ძველ დროს აღიარებული იყო „წმინდა წელი“, ყველა პროცენტისა და ვალის პატიება 7 წელიწადში ერთხელ. ამგვარად, არსებობდა იმ ზიანის შეზღუდვის შესაძლებლობა, რომელიც გამოწვეული იყო პროცენტებით, თუმცა ხანგრძლივი გადაწყვეტა მაინც ვერ იქნა მოძებნილი. იმ დროს, როცა ლათინურ ამერიკაში კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობა ორიენტირებულია დასავლეთის კაპიტალისტურ მოდელზე, უბრალო მღვდლები ადგილებზე განწყობილნი არიან უფრო პროკომუნისტურად. უპროცენტო ფულადი სისტემა ამ პრობლემის გადაწყვეტის ისტორიული შანსი იქნება, რომელიც არც კაპიტალისტურია და არც კომუნისტური, ის ორივეზე აღმატებულია. უპროცენტო ფულადი სისტემა უზრუნველყოფს სამართლიანობას უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ე.წ. დახმარების პროგრამა. ის საშუალებას მოგვცემს განხორციელდეს სტაბილური მეურნეობრიობა და მთელს მსოფლიოში მშვიდობის მხარდასაჭერად ეკლესიის ძალისხმევას რეალობად აქცევს. დღეს ეკლესია სულ უფრო ხშირად მოუწოდებს შემოწირულობისაკენ, რათა შეარბილოს გადანაწილების პროცესის შედეგები ფულადი სისტემის ფარგლებში, რომელიც წარმოიშობა როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მაგრამ ეს ავადმყოფობის არა მიზეზების, არამედ შედეგების დაძლევის ცდაა, რომელიც არ ეხება ფულადი მიმოქცევის სისტემის ნაკლს. სიმართლე რომ ვთქვათ, შემოწირულობათა მთელი თანხა, რომელიც გროვდება განვითარებულ ქვეყნებში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დახმარების გაწევის მიზნით, ერთი პროცენტიღაა იმ პროცენტებისას, რომლებსაც განვითარებადი ქვეყნები განვითარებულებს უხდიან. რა არის საჭირო მოცემულ მომენტში – ეს არის ინფორმაციის გავრცელება და დისკუსიის გამართვა არსებული ფულადი სისტემის ეფექტიანობაზე და ფულადი რეფორმის გზით პრობლემის გადაწყვეტაზე. ისლამურ ქვეყნებში არსებობს აკრძალვა პროცენტებზე. იქ კრედიტისათვის არ იხდიან, მაგრამ ამის მაგივრად ბანკი, რომელიც გასცემს ფულს, ღებულობს ჯერ საქმეში, ხოლო მოგვიანებით კი – მიღებულ მოგებაში წილობრივი მონაწილეობის უფლებას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს უკეთესია, ზოგიერთ შემთხვევაში – უარესი, ვიდრე პროცენტების აღება. საქმე ისაა, რომ პრაქტიკაში არაფერს ცვლის სხვების ხარჯზე შემოსავლის მიღება პროცენტებით მოხდება თუ ზემონახსენები წესით. სამყაროს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული სულიერი ცოდნა სულ უფრო მეტი ადამიანის ცნობიერებაში მიმდინარე ღრმა ცვლილებებზე მიუთითებს. მათი ნაშრომები შიგა გარდაქმნის თაობაზე საფუძველს ქმნის საგარეო ცვლილებებისათვის, სადაც ფულადი სისტემის მშვიდობიანი ტრანსფორმაცია პრობლემების უმთავრესი ასპექტია. ამიტომ, ძალიან მაღალია ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელიც ჰუმანური მიზნების ერთგულია და ფულადი რეფორმის განხორციელების პრაქტიკულ შესაძლებლობებს ადრინდელთან შედარებით უფრო ზუსტად აცნობიერებს. სილვიო გეზელის წიგნში „ბუნებრივი ეკონომიკური წესრიგი“ სამი მეოთხედი დათმობილი აქვს ოქროს სტანდარტის საკითხს. წიგნი გამოიცა 1904 წელს. თავისი დროის ყველა ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტისგან განსხვავებით, გეზელი ცდილობდა თეორიულად და მრავალი პრაქტიკული მაგალითით დაემტკიცებინა, რომ ოქროს სტანდარტი არა მარტო უსარგებლოა, არამედ საზიანოც კი უპროცენტო ფულის ბაზაზე შექმნილი ფულადი სისტემისათვის. ამჟამად ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ოქროს სტანდარტი არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას და მსოფლიოს არც ერთი ფულადი სისტემა არ ეფუძნება ოქროს სტანდარტს. 1930 წელს ჯონ მეინარდ კეინზმა, რომელიც კარგად იცნობდა გეზელის შრომებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოქროს სტანდარტის გაუქმების საქმეში. მაგრამ მას დაავიწყდა წამოეყენებინა რეფორმის სხვა აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, სახელდობრ, პროცენტების შეცვლა მიმოქცევისათვის გადასახდელით. დიტერ ზურმა თავის წიგნში - „კაპიტალიზმის დროს ფულის ხარჯებისა და ეფექტიანობის სტრუქტურა“ აჩვენა, რომ კეინზი არ დაფიქრებულა გეზელის იდეებზე ბოლომდე. მან აგრეთვე ახსნა, კეინზის ეს შეცდომა თუ რატომ იწვევდა წარსულში და იწვევს აწმყოშიც უდიდეს პრობლემებს ჩვენს ცხოვრებაში (Suhr Dieter, 1988). ქვემოთ მოყვანილი ისტორიული მაგალითები საშუალებას მოგვცემს გამოვამჟღავნოთ ფულადი მიმოქცევის პრობლემების სიღრმისეულად გაგების სირთულე. XII-დან XV საუკუნემდე ევროპაში იყო ფული, რომელსაც უწოდებდნენ ბრაკტეატებს (brakteat). ის გამოიშვებოდა ქალაქების, ეპისკოპოსების და ცალკეული ფეოდალების მიერ. ამ დროს, ის ემსახურებოდა არა მარტო საქონლისა და მომსახურების გაცვლას, არამედ წარმოადგენდა გადასახადების გადახდევინების საშუალებას. წვრილი ოქროსა და ვერცხლის ფული „უფასურდებოდა“ წელიწადში ერთხელ, ე.ი. ამოიღებოდა მიმოქცევიდან და იცვლებოდა ახლად მოჭრილით. ამ დროს, მათი დევალვაცია ხდებოდა 25%-ით, ამ ნაწილის დაკავება ხდებოდა „მოჭრისთვის მოსაკრებლის“ ან „მოჭრაზე გადასახადის“ სახით. ბუნებრივია, არავინ იყო დაინტერესებული ამგვარი ფულის ფლობით. ამის მაგივრად, ის ბანდდებოდა ავეჯში, ვარგისიან სახლში, ხელოვნების ნაწარმში და ყველაფერში, რასაც გააჩნდა სტაბილური ან დროთა განმავლობაში ზრდადი ღირებულებაც კი. ამ ეპოქაში წარმოიშვა რელიგიური, საერო ხელოვნებისა და არქიტექტურის მრავალი მშვენიერი ნაწარმოები. ეს პერიოდი ჩვენს მიერ მოიხსენიება, როგორც ევროპული კულტურის აღმაფრენის პერიოდი. ჰანს რ. ლ. კორსენი თავის წიგნში „მყიფე ფული“ წერს: „რამდენადაც ფულადი სიმდიდრის დაგროვება შეუძლებელი იყო, მის მაგივრად შეიქმნა რეალური სიმდიდრე“ (Cohrssen Hans R.L., 1933). ხელოსნები მუშაობდნენ კვირაში ხუთი დღე, შემოღებული იქნა „მთვრალი ორშაბათი“ (სამუშაოდ არგასვლა უქმეების შემდგომ), ცხოვრების დონე იყო მაღალი. გარდა ამისა, გავლენის სხვადასხვა პოლიტიკურ სფეროებს შორის ომებს ადგილი არ ჰქონდა. ამიტომ, ისტორიის წიგნებში ეს ეპოქა გაშუქებულია ძალიან სუსტად. ისტორია ხომ თითქმის ყოველთვის იყო და არის მხოლოდ ომებისა და რევოლუციების თხრობა. რამდენადაც ასეთი ფული ერთდროულად გამოიყენებოდა გადასახადების გადასახდელად, რომლის შედეგად რეგულარულად კარგავდა თავისი ღირებულების ნაწილს, ის დიდი პოპულარულობით არ სარგებლობდა. ამიტომ, XV საუკუნის ბოლოს შემოღებულ იქნა ე.წ. „მუდმივი პფენინგი“, ე.ი. ფული, რომელიც არ უფასურდებოდა. კვლავ დაიწყო პროცენტების აღება, რომლის შედეგად ხალხის სულ უფრო მცირე რაოდენობის ხელში თავს იყრიდა სულ უფრო დიდი სიმდიდრე, რასაც თან ახლდა თავისი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ფუგერები და ველზერები სულ უფრო მდიდრდებოდნენ, დანარჩენები კი სულ უფრო ღრმად ეფლობოდნენ ვალის ჭაობში, იმპერატორიდან დაწყებული და უბრალო გლეხით დამთავრებული. ისტორიის ეს მაგალითი გვასწავლის, რომ გადასახადების ამოღევა უნდა მოხდეს არა მიმოქცევისათვის გადასახდელთან ერთად, არამედ ცალკე. ვაიმარის რესპუბლიკაში (1924-1933), განსაკუთრებით 1923 წლის ჰიპერინფლაციის შემდეგ, 1924 წელს შემოღებული იქნა რეიხსმარკა, რაც ნიშნავდა ოქროს სტანდარტისკენ დაბრუნებას. 1929 წლის „შავი პარასკევისა“ და დაწყებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რეიხსბანკი იძულებული გახდა დაებრუნებინა თავისი ოქროს რეზერვის ნაწილი, რომელიც აშშ-ში კრედიტად იქნა აღებული. რამდენადაც ამის შემდეგ მიმოქცევაში არსებული ფულადი მასა ვერ იქნებოდა აუცილებელი სიდიდის ოქროთი უზრუნველყოფილი, რეიხსბანკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა შახტმა დაიწყო მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობის თანდათანობით შემცირება. აქედან გამომდინარე, ფულის დეფიციტმა გამოიწვია საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რასაც მოჰყვა მეწარმეების მხრიდან კაპიტალდაბანდებების შემცირება, ფირმების გაკოტრება და უმუშევრობის ზრდა. ამის შედეგად რადიკალიზმს კარგი მასაზრდოებელი გარემო შეექმნა, რამაც ხელისუფლებაში ჰიტლერი მოიყვანა. ამგვარად, ფულადი პოლიტიკა ნაცისტების გამარჯვების ერთერთი მთავარი წინაპირობა გახდა. სილვიო გეზელმა განჭვრიტა მოვლენათა ასეთი განვითარება. ჯერ კიდევ 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებიდან სულ მალე, როცა ყველა მშვიდობაზე საუბრობდა და მშვიდობის დასაცავად მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები შეიქმნა, გეზელმა ბერლინური გაზეთის „Zeitung am Mettag“-ის გამომცემელს მისწერა შემდეგი შინაარსის წერილი: „მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იძლევა წმინდა ფიცს, რომ ყოველთვის დაგმობენ ომს, მიუხედავად მრავალთა მოწოდებისა: „არა ომს!“, უკეთესი მომავლის ყველა იმედის საწინააღმდეგოდ მე უნდა ვთქვა: თუ ახლანდელი ფულადი სისტემა შეინარჩუნებს საპროცენტო მეურნეობას, მაშინ დღესვე გადავწყვეტ დავამტკიცო, რომ არ გაივლის 25 წელიც და ჩვენ დავდგებით კიდევ უფრო დამანგრეველი ახალი ომის პირისპირ. მე ძალიან მკაფიოდ ვხედავ მოვლენათა განვითარებას. ტექნიკის დღევანდელი დონე ეკონომიკას საშუალებას მისცემს სწრაფად მიაღწიოს უმაღლეს მწარმოებლურობას. მიუხედავად ომში მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, მოხდება კაპიტალის სწრაფი კონცენტრაცია, რომლებიც მიწოდების სიჭარბის შედეგად შეამცირებს პროცენტებს. მაშინ ფული ამოიღება მიმოქცევიდან. ეს გამოიწვევს სამრეწველო წარმოების შემცირებას, გზებზე გამოიყრებიან უმუშევართა არმიები... უკმაყოფილო მასაში გაიღვიძებს ველური, რევოლუციური განწყობილება, კვლავ აღმოცენდებიან ზენაციონალიზმის შხამიანი ყლორტები. ვერცერთი ქვეყანა უკვე ვეღარ გაუგებს მეორეს, რომლის ფინალი იქნება მხოლოდ ომი“ (Zeitung am Mettag, 1918). დასკვნა ფულადი სისტემის ტრანსფორმაციის ყველაზე დიდ წინააღმდეგობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ძალიან მცირეს თუ ესმის პრობლემის შესახებ და კიდევ უფრო მცირემ თუ იცის, რომ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გზები. რეფორმის მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯიდან უნდა მივიღოთ ყველაზე დაწვრილებითი ინფორმაცია პროცენტებისა და რთული პროცენტების ფუნქციონირების შესახებ და ვისწავლოთ გადაწყვეტილების განხილვა მთელი თავისი შედეგებითურთ (Kennedy, 1995). უკანასკნელ წლებში მსოფლიოში დაიწყო მძლავრი კამპანია ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC - Central bank digital currency) შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. CBDC-ის პროექტების შესახებ განაცხადა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტმა ცენტრალურმა ბანკმა. ზოგიერთი ცენტრალური ბანკი მხოლოდ სწავლობს CBDC-ის გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის უცხოური გამოცდილების შესწავლის გზით. ზოგიერთი უკვე დაკავებულია საკუთარი ციფრული ვალუტის კონსტრუირებით. ზოგიერთი კი უკვე ტესტავს ციფრულ ვალუტებს პილოტური პროექტების ფარგლებში. CBDC-ის ნაწილში ყველაზე წინ ჩინეთია. იგი უკვე ათ წელზე მეტია მუშაობს ციფრული იუანის პროექტზე. უკვე 2021 წლიდან გადავიდა პილოტური პროექტის ფაზაზე. ციფრული იუანის კონცეფციაში ჩინეთის მონეტარულ ხელისუფლებას (ჩინეთის სახალხო ბანკი და სხვა უწყებები) დროდადრო შეაქვს ხოლმე გარკვეული კორექტივები. ასე მაგალითად, თავდაპირველად პეკინი აცხადებდა, რომ ციფრული იუანი გამოყენებული იქნებოდა ექსკლუზიურად ქვეყნის შიგნით. ახლა უკვე მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ ციფრული იუანი უნდა გახდეს ვალუტა ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის. მან შესაძლოა კონკურენციაც კი გაუწიოს აშშ დოლარს, როგორც მსოფლიო ვალუტას. თავდაპირველად ჩინეთის მონეტარული ხელისუფლება აცხადებდა, რომ ციფრული იუანი იქნებოდა ფულის სამი სახეობიდან მხოლოდ ერთი - ნაღდ და ჩვეულებრივ უნაღდო ფულთან ერთად. თითქოსდა, მოქალაქეები თავად აირჩევდნენ, თუ რომელი ფულით ესარგებლათ. ახლა სულ უფრო ხშირად შეიძლება მოვისმინოთ ჩინეთის სახელმწიფო და პარტიული ხელმძღვანელებისგან, რომ ნაღდი ფული - „წარსულის გადმონაშთია“ და რომ დროთა განმავლობაში იგი სრულად ჩანაცვლდება ციფრული იუანით. სულ უფრო თამამად აცხადებს ჩინეთის ხელმძღვანელობა, რომ ციფრული იუანი იქნება პროგრამირებადი ვალუტა. რას ნიშნავს ეს? – ჩინელის „ელექტრონულ საფულეში“ არსებული ციფრული ვალუტის პარამეტრები პირდაპირ განისაზღვრება მისი სოციალური რეიტინგით. სოციალური რეიტინგი კი დამოკიდებულია მის ქცევაზე (სახლში, სამსახურში, მაღაზიებში, ტრანსპორტში, ქუჩაში და სხვაგან), ხოლო ქცევის კონტროლი განხორციელდება სხვადასხვა, უპირველეს ყოვლისა, ელექტრონული საშუალებების (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, სათვალთვალო კამერები) დახმარებით; შესაბამისი ინფორმაცია დაგროვდება სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში; მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი განისაზღვრება სოციალური რეიტინგი, ხოლო შემდგომ - ციფრული იუანის დასაშვები გამოყენების პარამეტრებიც. ივარაუდება, რომ ციფრული იუანის პროგრამირება მოხდება სამ ძირითად ჭრილში. უპირველეს ყოვლისა, ესაა საქონლისა და მომსახურების ნაკრები, რომელთა შეძენაც მოცემულ ჩინელს შეუძლია ციფრული იუანის დახმარებით. მეორე მხრივ, ტერიტორია (რეგიონი), რომლის საზღვრებშიც მოცემული ჩინელის ელექტრონული საფულიდან ციფრული იუანი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადასახდელო საშუალებად. მესამე მხრივ, დრო, რომლის განმავლობაშიც მოცემულ ჩინელს შეუძლია ისარგებლოს თავისი საფულიდან ციფრული იუანით. ახლა მე მსურს ყურადღება გავამახვილო ციფრული ვალუტის უკანასკნელ პარამეტრზე - დროითზე. ჩინელებმა დარწმუნებით განაცხადეს, რომ ძალზედ მაღალი სოციალური რეიტინგის მქონე მოქალაქისთვისაც კი ციფრულ იუანს ექნება გამოყენების ლიმიტირებული ვადა. უფრო მეტიც, ციფრულ ვალუტაზე არანაირი პროცენტი არ დაირიცხება. ჩინელი ეკონომისტები ამას იმით ხსნიან, რომ ციფრული იუანი შეასრულებს მხოლოდ გაცვლის საშუალებისა და საგადასახდელო საშუალების ფუნქციებს. ხოლო დაგროვების საშუალების ფუნქცია უქმდება. თითქოსდა, ფული უნდა მუშაობდეს, ეხმარებოდეს ქვეყნის შემდგომ განვითარებას. სხვა ქვეყნები, რომლებიც მუშაობენ საკუთარი ციფრული ვალუტების შექმნაზე, დაინტერესდნენ ამ ჩინური იდეით. იქაც ფიქრობენ იმაზე, რომ ციფრულ ვალუტას ან ჰქონდეს გამოყენების შეზღუდული ვადა, ან მასზე დაირიცხოს უარყოფითი პროცენტები. თუმცა ძნელად თუ შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ვალუტას შეიძლება ვუწოდოთ „სახალხო ფული“ სილვიო გეზელის ტერმინით. გერმანელი მეწარმე ვარაუდობდა, რომ მისი „დროებითი“ ან „დნობადი“ ფულის ემისიას მოახდენდა სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ხალხის ინტერესებს. მაგრამ ის CBDC-ები, რომელთა გაშვებაც იგეგმება უახლოეს მომავალში, ემიტირებული იქნება ცენტრალური ბანკების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ არა შესაბამისი ქვეყნების ხალხების, არამედ ფინანსური ინტერნაციონალის ინტერესებს. წყაროები: Cohrssen Hans R.L., (1933). “Fragile Money” in The New Outliik, Seht. 1933, გვ. 40 Douglas С. H. Dictatorship by Taxation. Vancouver, Institute of Economic Democracy. 1936; ციტირებულია: Michael Rowbotham. The Grip of Death. A Study of Modern Money, Debt Slavery and Destructive Economics. Charlbury. Carpenter Publishers, 1998, გვ. 30. Gesell S., (1918). The NATURAL ECONOMIC ORDER (translated by Philip Pye M.A.), https://www.naturalmoney.org/NaturalEconomicOrder.pdf https://userpage.fu-berlin.de/~roehrigw/georgia/woergl/ https://www.statbureau.org/ru/countries-ranked-by-inflation-rate/2026 IMF Seminar: CBDCs for Financial Inclusion: Risks and Rewards. October 14, 2022. https://meetings.imf.org/en/2022/Annual/Schedule/2022/10/14/imf-seminar-cbdcs-for-financial-inclusion-risks-and-rewards Kennedy M., (1995) Interest and Inflation Free Money. Published by Seva International. Copyright 1995 by Margrit Kennedy. https://userpage.fu-berlin.de/~roehrigw/kennedy/english/ Keynes J. M., (1967). The General Theory of Employment, Interest and Money, London, 1936, (reprinted 1967), გვ. 355 Rowbotham M., (1998). The Grip of Death. A Study of Modern Money, Debt Slavery and Destructive Economics. Charibury. Carpenter Publishers, 1998, გვ. 4. Stamp J. Lord, (1998). Public Address in Central Hall, Westminster. 1937; ციტირებულია: Michael Rowbotham. The Grip of Death. A Study of Modern Money, Debt Slavery and Destructive Economics. Charlbury. Carpenter Publishers, 1998, გვ.35. Suhr Dieter, (1988). Capitalism at its Best, unpublished manuscript), 1988, გვ. 122 Zeitung am Mettag, Berlin, 1918 Катасонов В., (2011). О проценте ссудном, подсудном, безрассудном. Хрестоматия современных проблем «денежной цивилизации». Кн. 1. М.: НИИ школьных технологий, 2011. გვ. 108. Катасонов В., (2023). CBDC – шаг к созданию цифрового концлагеря? https://www.fondsk.ru/news/2023/01/16/cbdc-shag-k-sozdaniu-cifrovogo-konclagerya.html Катасонов В., (2026) Деньги могут «гореть». Часть 1. https://reosh.ru/valentin-katasonov-dengi-mogut-goret.html Катасонов В., (2026) Деньги могут «гореть». Часть 2. https://reosh.ru/valentin-katasonov-dengi-mogut-goret-chast-2.html Русстрат, (2023). Институт Международных Политических и Экономических Стратегий. CBDC или зачем США понадобился «цифровой доллар». https://russtrat.ru/news/10-yanvarya-2023-1213-11589 |