ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
გიგი ელიზბარაშვილი ∘
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორები და სექტორული ანალიზი DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.07 ანოტაცია: ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში, ერთ-ერთ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ პარამეტრს ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს. იგი არ არის იზოლირებული ფენომენი, პირიქით, მთლიანი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს სხვადასხვა დარგობრივი და სექტორული აქტივობების ერთობლივ, სინერგიულ შედეგს [Barro, 1998: 5–12].მაკროეკონომიკური პროგრესის დინამიკას განსაზღვრავს სხვადასხვა სფეროს წვლილი, თითოეული ამ სექტორის ეფექტიანობა და მათ შორის არსებული სტრუქტურული ბალანსი პირდაპირ აისახება ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) ფორმირებასა და გრძელვადიან სტაბილურობაზე. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის დიგიტალიზაცია, წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. შესავალი თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია წარმოადგენს. ეკონომიკური ზრდის პროცესში იცვლება სხვადასხვა სექტორის მნიშვნელობა, მათი წილი მთლიან სამამულო პროდუქტში და გავლენა ეკონომიკურ აქტივობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ ეკონომიკური საქმიანობების იდენტიფიცირება, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალებად ყალიბდებიან. აღნიშნული საკითხი აქტუალურია საქართველოს ეკონომიკის შემთხვევაშიც, სადაც ბოლო წლებში შეინიშნება როგორც ტრადიციული სექტორების სტრუქტურული ცვლილება, ისე ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საქმიანობების გაძლიერება. მოცემული კვლევა კიდევ უფრო საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ეკონომიკა ხასიათდება ღარიბი ქვეყნის სამომხმარებლო ტიპის ეკონომიკური მოდელით. ეკონომიკური რეფორმაციის წლებში ქვეყნის წარმატებულ და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელი ვერ განვითარდა, რაც დღემდე ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს [Papava, 2014: 92]. წინამდებარე კვლევის მიზანია ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წილისა და მათი ეკონომიკურ ზრდაში შეტანილი წვლილის ანალიზი. მთლიანი სამამულო პროდუქტის სექტორული ანალიზი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გამოყოფილი აქვს ეკონომიკური საქმიანობის 20 სახეობა ესენია: ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები; განათლება; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; დამამუშავებელი მრეწველობა; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; ინფორმაცია და კომუნიკაცია; მშენებლობა; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; სამთო მოპოვებითი მრეწველობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება; სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა; სხვა სახის მომსახურება; ტრანსპორტი და დასაწყობება; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები, არა დიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის; წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები; ხელოვნება, გართობა და დასვენება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები [საქსტატი, 2026ა]. სწორედ ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიერ შექმნილი ეკონომიკური დოვლათი წარმოადგენს მთლიან სამამულო პროდუქტს. ამ უკანასკნელის უფრო დეტალურად, შემადგენელი კომპონენტების წილობრივი სახით წარმოჩენისთვის მოყვანილია ცხრილი 1. ცხრილი 1 მთლიანი სამამულო პროდუქტი და მასში შემავალი ეკონომიკური სექტორების წილი ცხრილში მოცემულია თითოეული საქმიანობის სფეროს წილი GDP-ში წლების მიხედვით. ჩანს, რომ 2011 წლიდან მოყოლებული ძირითადად 5 სახეობის პროდუქტი/მომსახურება ქმნის მთლიანი სამამულო პროდუქტის ნახევარს/ნახევარზე მეტს, ესენია:
2015 წლამდე სტრუქტურული ცვლილება არ ფიქსირდება, 2015 წელს კი ხუთეულში მშენებლობა ანაცვლებს სახელმწიფო მმართველობის, თავდაცვისა და სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სფეროს, 2024 წელს ეს უკანასკნელი კვლავ ბრუნდება და ანაცვლებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას, ბოლოს კი 2025 წელს, ხუთეულში აღწევს ახალი სფერო - ინფორმაცია/კომუნიკაცია, რომლის პარამეტრებიც ცვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის სტრუქტურას. ამ მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ინდიკატორის შემადგენელი კომპონენტებისა და დროში ცვალებადობის დინამიკის თვალნათლად წარმოსადგენად მოყვანილია დიაგრამა 1. დიაგრამა 1 ეკონომიკური საქმიანობის სფეროების წვლილი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში 2011-2025 წწ.
დიაგრამების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში ცალკეული ეკონომიკური საქმიანობები საერთო ეკონომიკურ ზრდაში მდგრად ტენდენციას ვერ ინარჩუნებენ და მათი წვლილი ყოველწლიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში მკვეთრად ცვალებადია. აღნიშნული არასტაბილურობა მიუთითებს საქართველოს ეკონომიკის მაღალ მოწყვლადობას როგორც შიგა, ისე გარე შოკების მიმართ. ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ხშირად დამოკიდებულია ისეთ სენსიტიურ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, მშენებლობა და საერთაშორისო ვაჭრობა, ნებისმიერი გლობალური თუ რეგიონული რყევა (მაგალითად, გეოპოლიტიკური კონფლიქტები, სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური კრიზისები ან პანდემიური შოკები) მომენტალურად აისახება დარგობრივ პროდუქტიულობაზე. სექტორული წვლილის ეს დივერსიფიკაციის ნაკლებობა და არაპროგნოზირებადობა აფერხებს გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას და ხაზს უსვამს ისეთი უფრო მყარი, შოკებისადმი მედეგი სფეროების გაძლიერების აუცილებლობას, როგორიცაა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ამ უკანასკნელის შედეგად მიღებული პროდუქტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლებისა და მის მიერ წარმოებულ ინფორმაცია/კომუნიკაციის სექტორებს ბოლო ორი წლის განმავლობაში ძირითადი წვლილი მიუძღვით ეკონომიკურ ზრდაში. 2024 წელს ეკონომიკურ ზრდაში აღნიშნული კომპონენტების ჯამურმა წვლილმა 28.8% შეადგინა, ხოლო 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 48%-მდე გაიზარდა. მოცემულ პოზიტიურ დინამიკაზე არაერთი ეკონომიკური და სტრუქტურული ფაქტორი ახდენს გავლენას. ერთ-ერთ უმთავრეს დეტერმინანტს საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის მკვეთრი მატება წარმოადგენს. კერძოდ, 2024 წელს ადგილობრივი სტუდენტების რაოდენობა მხოლოდ 2.4%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც უცხოელი სტუდენტების მაჩვენებელი 20.9%-ით გაფართოვდა, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპმა შესაბამისად 0.2% და 19.7% შეადგინა (საქსტატი, 2026ბ). მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი მატება არ ფიქსირდება, საგანმანათლებლო მომსახურების ექსპორტის ზრდა საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ საქართველო ეტაპობრივად ყალიბდება რეგიონულ საგანმანათლებლო ჰაბად. აღნიშნულ ტენდენციას თან ერთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სექტორის გაძლიერებაც, რაც ამ ეტაპზე მეტწილად ქვეყანაში მიგრაციულ ნაკადებს უკავშირდება (G&T, 2024), თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ მაკროეკონომიკური კომპონენტების მდგრადი შენარჩუნება მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ეფექტიანობას. ეკონომიკური ზრდის სექტორული ანალიზი 2025 წლის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი მიუძღვის სამ სფეროს: განათლებას, ინფორმაცია/კომუნიკაციასა და ტრანსპორტი/დასაწყობებას, იმისათვის, რომ დავინახოთ წლების დინამიკაში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლებში თითოეული ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წვლილი, მოყვანილია გრაფიკი 1, სადაც იკვეთება აღნიშნული სამი ეკონომიკური საქმიანობის სფეროს დადებითი დინამიკა: გრაფიკი 1 ეკონომიკური საქმიანობის სფეროებიდან შეტანილი წვლილის დინამიკა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში 2011-2025 წწ.
გრაფიკებზე ჩანს, რომ ეკონომიკური საქმიანობის სფეროებიდან ბოლო 15 წლის განმავლობაში 10 მათგანის (ნახევარის) პროცენტული წვლილი ეკონომიკურ ზრდაში შემცირდა, რაც გამოსახულია წითელი გრაფიკებით, 3-ის უცვლელი დარჩა, რაც გამოსახულია ლურჯი გრაფიკებით, ხოლო 7-ის გაიზარდა, რაც აღნიშნულია მწვანე გრაფიკებით, ამ უკანასკნელიდან, კი ის ეკონომიკური საქმიანობის სფეროები, რომელთა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში ერთეულებამდე დამრგვალების შედეგად წვლილი მეტია/ტოლია 1%-ის, არის სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სამი სფერო: ინფორმაცია/კომუნიკაცია, განათლება და ტრანსპორტი/დასაწყობება. თითოეულის სიღრმისეულად განსახილველად იხ. ცხრილი 2. ცხრილი 2 2025 წლის ეკონომიკური ზრდის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების მიმოხილვა
ცხრილი 2-ზე არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ზემოაღნიშნული ტენდენციები მნიშვნელოვანწილად აიხსნება შესაბამისი სექტორების წილის ცვლილებით მთლიან სამამულო პროდუქტში. კერძოდ, განათლების სექტორის წილი GDP-ში გაიზარდა 2.1 პროცენტული პუნქტით, რასაც თან ახლდა მისი წვლილის ზრდა ეკონომიკურ ზრდაში 0.9 პროცენტული პუნქტით. ანალოგიურად, ინფორმაცია/კომუნიკაციის სექტორის წილი GDP-ში 4.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 2.3 პროცენტული პუნქტით გაფართოვდა. განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი: მიუხედავად იმისა, რომ მისი წილი GDP-ში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ეკონომიკურ ზრდაში მისი წვლილი 0.2 პროცენტული პუნქტით მაინც გაიზარდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ სექტორი მთლიან ეკონომიკაში შედარებით ნაკლებ ადგილს იკავებს, თუმცა მიმდინარე ეკონომიკურ აქტივობაში ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ფუნქციას. მონაცემები ცხადყოფს, რომ ეკონომიკაში მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები, სადაც სექტორის წილი GDP-ში და მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში ყოველთვის ერთნაირი მიმართულებით არ მოძრაობს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ინფორმაცია/კომუნიკაციის სექტორის დინამიკა. აღნიშნული სექტორის წილი ეკონომიკაში 3.7%-დან 8%-მდე გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ სექტორის ეკონომიკური მნიშვნელობა პრაქტიკულად გაორმაგდა. ამავე პერიოდში მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში -0.1%-დან 2.2%-მდე გაიზარდა, ე.ი. ინფორმაცია/კომუნიკაციის სექტორი ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორიდან ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად გადაიქცა. აღნიშნული ცვლილება მიუთითებს ეკონომიკის დიგიტალიზაციაზე, ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებასა და მისი პროდუქტიულობის ზრდაზე. დასკვნა ეკონომიკური განვითარების პროცესში სტრუქტურული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან იგი ეკონომიკური აქტივობის გადანაწილებას გულისხმობს სხვადასხვა სექტორს შორის. თანამედროვე ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია არა მხოლოდ წარმოების მოცულობის ზრდასთან, არამედ ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებასთანაც [Kuznets, 1966: 27]. ეკონომიკური ზრდის პროცესში სექტორული ცვლილებები და ინდუსტრიალიზაცია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს [Chenery, 1960: 625] აღნიშნული თეორიული მიდგომები განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ეკონომიკის შემთხვევაშიც. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში ბოლო 15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები არ მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეული სექტორების განვითარების ტენდენციები მკაფიოდ გამოიკვეთა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინფორმაცია/კომუნიკაციისა და განათლების სექტორების გაძლიერება, რაც გამოიხატა, ერთი მხრივ, მათი წილის ზრდაში მთლიანი სამამულო პროდუქტის სტრუქტურაში, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკურ ზრდაში შეტანილი წვლილის გაფართოებაში. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს, რომ ეკონომიკაში თანდათან იზრდება ცოდნაზე, ტექნოლოგიებსა და ადამიანურ კაპიტალზე დაფუძნებული სექტორების მნიშვნელობა. ინფორმაცია/კომუნიკაციის სექტორის სწრაფი განვითარება ეკონომიკის დიგიტალიზაციისა და ტექნოლოგიური საქმიანობების პროდუქტიულობის ზრდის მაჩვენებელია, ხოლო განათლების სექტორის გაძლიერება ადამიანური კაპიტალის მზარდ ეკონომიკურ როლზე მეტყველებს, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ახალ, ინოვაციურ შესაძლებლობებს, ტექნოლოგიურ პროგრესსა და კვალიფიციური სამუშაო ძალის ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკას განავითაროს წარმოება და შეამციროს მოხმარებაზე დამოკიდებულება [ელიზბარაშვილი, 2026: 107]. ამასთანავე, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის შემთხვევაში განსხვავებული ტენდენცია გამოიკვეთა: მიუხედავად იმისა, რომ მისი წილი GDP-ში შემცირდა, ეკონომიკურ ზრდაში სექტორის წვლილი გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ იგი კვლავ ინარჩუნებს ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ფუნქციას, თუმცა ეკონომიკის სტრუქტურაში მისი შედარებითი მნიშვნელობა მცირდება სხვა, უფრო სწრაფად მზარდი სექტორების ფონზე. საბოლოოდ, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში თანდათან ძლიერდება შედარებით მაღალი დამატებული ღირებულების მქონე, ცოდნასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სექტორების როლი. თანამედროვე ეკონომიკურ განვითარებაში კი ცოდნა, განათლება და ტექნოლოგიური პროგრესი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს [Stiglitz, 1998: 15-16]. გამოყენებული ლიტერატურა 1. ელიზბარაშვილი გ., 2026. საქართველო თანაზომიერი ეკონომიკური განვითარების პრიზმაში, თბილისი, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 232 გვ., <https://www.tsu.ge/ka/publishing-house/single/1811>. 2. საქსტატი, 2026ა. „მთლიანი შიდა პროდუქტი, მუდმივ ფასებში“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp>. 3. საქსტატი, 2026ბ. „სტუდენტთა რიცხოვნობა ასაკის სქესისა და მოქალაქეობის მიხედვით“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba>. 4. Barro R. J., 1998. Determinants of Economic Growth: A Cross-Country Empirical Study. Cambridge MA, "The MIT Press," September, 160 p., <https://mitpress.mit.edu/9780262522540/determinants-of-economic-growth/>. 5. Chenery H. B., 1960. "Patterns of Industrial Growth." American Economic Review, Vol. 50, No. 4, September, pp. 624–654, <https://www.semanticscholar.org/ paper/PATTERNS-OF-INDUSTRIAL-GROWTH-Chenery/ 363988a5896bd45738ae 0524851b01c274c05e24>. 6. G&T, 2024, "IT Sector In Georgia". Galt & Taggart, May, <https://galtandtaggart.com/en/reports/details/ 69c39ebfb8eea120bf648698>. 7. Kuznets S., 1966. Modern Economic Growth: Rate, Structure, and Spread. New Haven, CT, "Yale University Press," 529 p., <https://www.cambridge.org/core/journals/journal-of-economic-history/article/abs/modern-economic-growth-rate-structure-and-spread-by-simon-kuznets-new-haven-yale-university-press-1966-pp-xvii-529-1250-cloth-295-paperback/3D640FF7341184B3FB3FA81E16CBF9A9?>. 8.Papava V., 2014. "Georgia’s Economy: The Search for a Development Model." Problems of Economic Transition. Vol. 57, No. 3, July, pp. 83-94,<https://papava.info/publications/Papava_Georgia_Economy_The_Search_for_a_Development_Model.pdf?utm>. 9. Stiglitz J. E., 1998. "Knowledge for Development: Economic Science, Economic Policy, and Economic Advice. " Annual World Bank Conference on Development Economics, Washington, D.C., "World Bank," pp. 15-51, <https://www.semanticscholar.org/paper/Knowledge-for-Development-Economic-Science%2C-Policy%2C-Stiglitz/198da581c0e42ad1cdb6800bc87b560bac0d2c85>. |