ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
ქეთი მუთიძე ∘
თენგიზ ვერულავა ∘
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის გარე უზრუნველყოფა: საერთაშორისო გამოცდილება DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.11 ანოტაცია. სტატია მიმოიხილავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმებს ევროპული გამოცდილების საფუძველზე და აანალიზებს მათ მნიშვნელობას სკოლის განვითარებისთვის. ყურადღება გამახვილებულია ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებზე, შიდა და გარე შეფასების ურთიერთმიმართებაზე, ინსპექტირების მოდელების მრავალფეროვნებაზე და იმ თეორიულ მიდგომებზე, რომლებიც გარე შეფასებას განიხილავს არა მხოლოდ კონტროლის, არამედ განვითარების ინსტრუმენტად. სტატია ასევე ეხება საქართველოს ავტორიზაციის სისტემის ტრანსფორმაციას და მის დაახლოებას ევროპულ საგანმანათლებლო პრაქტიკებთან. ანალიზი ცხადყოფს, რომ ეფექტიანი გარე შეფასება ქმნის ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც ხელს უწყობს სკოლების თვითრეფლექსიას, პროფესიულ განვითარებას და მოსწავლეთა შედეგებზე ორიენტირებულ გაუმჯობესებას. საკვანძო სიტყვები: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; ხარისხის უზრუნველყოფა; გარე შეფასება; ინსპექტირება; ავტორიზაცია; შიდა თვითშეფასება; სკოლის განვითარება; ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკა; მოსწავლეთა შედეგები; საგანმანათლებლო მმართველობა. შესავალი თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებში ხარისხის უზრუნველყოფა ერთ-ერთ ცენტრალურ პოლიტიკურ და აკადემიურ საკითხად ჩამოყალიბდა. გლობალიზაციის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და სოციალური უთანასწორობის ზრდის პირობებში სკოლების მიმართ მოთხოვნები მნიშვნელოვნად გაიზარდა. განათლება აღარ განიხილება მხოლოდ ცოდნის გადაცემის პროცესად; იგი აღიქმება როგორც საზოგადოებრივი განვითარების, სოციალური მობილობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების საფუძველი. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ხარისხის უზრუნველყოფის ისეთი მექანიზმების არსებობა, რომლებიც არა მხოლოდ აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას, არამედ ხელს უწყობს მათ განვითარებასა და მდგრად გაუმჯობესებას. ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ხარისხის უზრუნველყოფის მრავალმხრივი მიდგომები, რომელთა ფარგლებში გარე შეფასება და ინსპექტირება განიხილება როგორც სკოლის განვითარების მხარდამჭერი ინსტრუმენტები. თანამედროვე პოლიტიკა თანდათან გადადის მკაცრი კონტროლის ლოგიკიდან პარტნიორულ მოდელზე, სადაც შიდა თვითშეფასება, პროფესიული სასწავლო საზოგადოებების გაძლიერება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ცენტრალურ როლს ასრულებს. სწორედ ამ მიდგომების სინთეზი ქმნის საფუძველს სკოლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და მოსწავლეთა საგანმანათლებლო შედეგების გაუმჯობესებისთვის. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების პროცესში ხარისხის გარე შეფასება, განსაკუთრებით ავტორიზაციის მექანიზმის სახით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ავტორიზაციის სტანდარტების განახლება ასახავს მცდელობას, ეროვნული სისტემა დააახლოოს ევროპულ საგანმანათლებლო პრაქტიკებთან და გადააქციოს შეფასება არა მხოლოდ რეგულაციურ მოთხოვნად, არამედ სკოლის განვითარების კატალიზატორად. აღნიშნული პროცესის გააზრება საჭიროებს საერთაშორისო გამოცდილების ანალიზს, რაც საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს წარმატებული მოდელები, ძირითადი პრინციპები და ის გამოწვევები, რომლებიც თან ახლავს გარე შეფასების სისტემების დანერგვასა და განხორციელებას. წინამდებარე სტატიის მიზანია, გააანალიზოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის გარე უზრუნველყოფის ევროპული გამოცდილება, წარმოაჩინოს ინსპექტირებისა და ავტორიზაციის სხვადასხვა მოდელი და შეაფასოს მათი როლი სკოლის განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიდა და გარე შეფასების ურთიერთკავშირს, შეფასების განვითარების პოტენციალსა და იმ თეორიულ ხედვებს, რომლებიც გარე შეფასებას განიხილავს როგორც ინსტიტუციური ცვლილებების ხელშემწყობ მექანიზმს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის გარე მექანიზმები ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფა განიხილება არა როგორც ერთჯერადი კონტროლის აქტი, არამედ როგორც უწყვეტი, მრავალსაფეხურიანი პროცესი, რომელიც მიმართულია სკოლის განვითარებისკენ. ევროპის კომისიის მიერ შემუშავებული ჩარჩო აყალიბებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია იმისთვის, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა რეალურად ემსახურებოდეს საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებას. (European Comission, 2020). ერთ - ერთ ცენტრალურ პრინციპს წარმოადგენს კოჰერენტულობა, რაც გულისხმობს შიდა და გარე შეფასების მექანიზმებს შორის ბალანსისა და თანმიმდევრულობის უზრუნველყოფას. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნდა ქმნიდეს ერთიან ლოგიკას, რომელიც პასუხობს სახელმწიფოს მიზნებსა და სკოლის დონეზე არსებულ საჭიროებებს. ასეთ პირობებში შეფასება აღიქმება სკოლის ყოველდღიური საქმიანობის ორგანული ნაწილი. ევროპული მიდგომა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიონალური სასწავლო საზოგადოებების განვითარებას. ხარისხის გაუმჯობესება ვერ მიიღწევა მხოლოდ გარე კონტროლის მეშვეობით. აუცილებელია ისეთი პროფესიული გარემოს ჩამოყალიბება, სადაც მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები თანამშრომლობენ, იზიარებენ გამოცდილებას და ერთობლივად ეძებენ განვითარების გზებს. სწორედ ამ კონტექსტში იძენს მნიშვნელობას ნდობისა და პასუხისმგებლობის პრინციპი. შიდა და გარე შეფასების პროცესში ჩართულ სუბიექტებს შორის ურთიერთნდობა ქმნის ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველს. ამ დროს შეფასება ეფუძნება პარტნიორულ ურთიერთობას და არა მხოლოდ კონტროლს. ევროპული ჩარჩო ასევე ხაზს უსვამს ინოვაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას. სკოლის მმართველობით რგოლსა და მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სცადონ ახალი მიდგომები და განავითარონ საკუთარი პროფესიული პრაქტიკა. შეფასების სისტემა უნდა იქცეს გამამხნევებელ მექანიზმად, რომელიც ხელს უწყობს ახალი იდეების დანერგვასა და საგანმანათლებლო ეფექტების გააზრებას. ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთო გაგებისა და დიალოგის ფორმირებას. ეფექტიანი შეფასება მოითხოვს, რომ შიდა და გარე აქტორებს შორის არსებობდეს საერთო ენა და გაზიარებული მიზნები. დიალოგზე დაფუძნებული მიდგომა საშუალებას აძლევს სკოლებს შეფასება აღიქვან როგორც განვითარების რესურსი და არა როგორც საფრთხე. ევროპულ პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქსელებსა და პარტნიორობებს. სკოლებსა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობა ზრდის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობას და აძლიერებს სოციალურ კაპიტალს. ამასთანავე, ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მონაცემებთან მუშაობის უნარზე. შეფასების სისტემა ეფექტიანია მაშინ, როდესაც სკოლის წარმომადგენლებს აქვთ უნარი, შეაგროვონ, გაანალიზონ და ინტერპრეტაცია გაუკეთონ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას. ევროპული ჩარჩო ხაზს უსვამს მრავალფეროვანი მონაცემების გამოყენების აუცილებლობას. სკოლის განვითარების სრულყოფილი სურათის მისაღებად საჭიროა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მონაცემების კომბინაცია. მსგავსი მრავალწყაროიანი ინფორმაცია უზრუნველყოფს დაბალანსებულ ხედვას და ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას როგორც სკოლის, ასევე სისტემის დონეზე. (European Comission, 2020). ევროპულ ქვეყნებში სკოლის გარე შეფასება სხვადასხვა ინსტიტუციური მოდელით ხორციელდება. კვლევები გამოყოფს სამ ძირითად მიდგომას: ციკლური მოდელი - რომლის მიხედვითაც ყველა სკოლა ფასდება რეგულარულად, ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრული დროითი ინტერვალებით. აღნიშნული ინტერვალები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მეორე მოდელი - ეფუძნება ფოკუსირებულ, რისკებზე ორიენტირებულ მოდელს. ამ შემთხვევაში შეფასებას გადიან მხოლოდ შერჩეული სკოლები, რომლებიც იდენტიფიცირდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. შერჩევისას გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკოლის მასშტაბი, ადგილმდებარეობა, წინა შეფასები შედეგები, და სხვა. შეფასებები ხორციელდება ყოველწლიური ან მრავალწლიანი პროგრამების ფარგლებში და შესამოწმებელი სკოლების სია განისაზღვრება წინასწარ. მესამე მოდელი - წარმოადგენს ამ ორი მიდგომის კომბინაციას და აერთიანებს როგორც ციკლურ, ისე რისკებზე დაფუძნებულ შეფასებას. მსგავსი მიდგომა დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა - ნიდერლანდები, შვედეთი და ინგლისი. (European Comission/EACEA/Eurydice, 2015). წარმოდგენილი პრინციპებისა და მოდელების ანალიზი ცხადყოფს, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში გარე შეფასება აღარ განიხილება მხოლოდ როგორც კონტროლის ინსტრუმენტი. იგი სულ უფრო მეტად ყალიბდება როგორც განვითარების მექანიზმი, რომელიც ეფუძნება ნდობას, დიალოგს, პროფესიული საზოგადოების გაძლიერებასა და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამ გამოცდილების ფონზე ხდება შესაძლებელი საქართველოს ავტორიზაციის პროცესის გააზრება არა მხოლოდ რეგულაციურ, არამედ განვითარებაზე ორიენტირებულ ინსტრუმენტად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირება ევროპული ქვეყნების მაგალითზე ევროპულ ქვეყნებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გარე შეფასების სისტემის ჩამოყალიბება 1990-იანი წლებიდან იწყება და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმი უმეტეს შემთხვევაში „ინსპექტირების“ სახელწოდებით არის ცნობილი და ამჟამად 26 ევროპულ ქვეყანაში ხორციელდება. სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი ფასდება წინასწარ განსაზღვრული, სისტემატიზებული და ერთიანი ჩარჩოს საფუძველზე, რომელსაც სტანდარტები წარმოადგენს და რომლის მიხედვითაც მუშაობენ გარე შემფასებლები - ინსპექტორთა ჯგუფები.(European Comission/EACEA/Eurydice, 2015). ისნპექტირების პროცესში, როგორც წესი, მოწმდება სკოლის საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტი: სწავლებისა და სწავლის ხარისხი, მოსწავლეთა შედეგები, სკოლის მენეჯმენტი, ადმინისტრაციული პრაქტიკა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. მიუხედავად საერთო ჩარჩოს არსებობისა, შეფასების ფოკუსი ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ესტონეთში და სლოვენიაში ინსპექცია ძირითადად კონცენტრირებულია რეგულაციებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაზე და შედარებით ნაკლებად ეხება პედაგოგიურ პროცესებს. საფრანგეთში კი არ არსებობს ერთიანი, სტანდარტიზებული პროტოკოლი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავდა სკოლის შეფასების შინაარსსა და პროცედურებს. (European Comission/EACEA/Eurydice, 2015). იტალიაში სკოლების შეფასების ეროვნული სისტემა (National System for Evaluation of Schools) როგორც გარე შეფასების მექანიზმი 2014-2015 წლებში დაინერგა და მას შემდეგ ყოველწლიურად იტალიის სკოლების დაახლოებით 10% გადის შემოწმებას. ამ სისტემის ცენტრალური იდეა არის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა სკოლის შეფასებისა და განვოთარების პროცესში. ინსპექციის დაწყებამდე სკოლები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ თვითშეფასების ანგარიში, რომლის ფორმაც მიეწოდებათ სკოლების შეფასების ეროვნული სააგენტოსგან (INVALSI). აღნიშნულ ანგარიშში სკოლა აღწერს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, განსაზღვრავს გასაუმჯობესებელ მიმართულებებს, აყალიბებს განვითარების სტრატეგიებს და ასახავს პროგრესის დინამიკას.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ყოველწლიური სტანდარტიზებული გამოცდების შედეგებს, რომლებიც ორგანიზებულია ეროვნული ცენტრის მიერ (European Comission, 2020). ინსპექტორები სკოლის მონახულებამდე დეტალურად სწავლობენ თვითშეფასების დოკუმენტს და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მიგნებებს, რაც უზრუნველყოფს შეფასების პროცესის თანმიმდევრულობასა და სიღრმეს. გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის გასაძლიერებლად, სკოლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად განათავსონ თვითშეფასების ანგარიშები განათლების სამინისტროს ელექტრონულ პლატფორმაზე. აღნიშნული პრაქტიკა მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ თითოეული სკოლის საქმიანობას და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. (European Comission, 2020). პოლონეთში ინსპექტირება ხორციელდება რეგიონული ინსპექტორების მიერ და მისი მიზანია როგორც განათლების ხარისხის, ისე კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. სკოლა ფასდება დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში, ცხრა სტანდარტის მიხედვით, რომლებიც მოიცავს კურიკულუმის განხორციელებას, მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა აქტივობებისა და სოციალური უნარების განვითარებას. ინსპექტორები სწავლობენ დოკუმენტაციას, ესაუბრებიან მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლების წარმომადგენლებს, ასევე, აკვირდებიან საგაკვეთილო პროცესს. 2009 წლის რეგულაციით, ყველა სკოლა ვალდებულია განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობის შიდა სუპერვიზია და შეფასება მასწავლებელთა ტრენინგ ცენტრების მხარდაჭერით, რაც ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმად განიხილება. ამ მიდგომის მიზანია, სკოლებმა საკუთარ საჭიროებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული განვითარება შეძლონ და არ გახდნენ დამოკუდებული მხოლოდ გარე კონტროლზე. (European Comission, 2020). აღნიშნული პრაქტიკა ნათლად ასახავს იმ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმები უნდა თანაარსებობდეს და ერთმანეთთან დაბალანსებულად ფუნქციონირებდეს, რათა რეალურად შეუწყოს ხელი სკოლების განვითარებასა და მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაკმაყოფილებას. მსგავსი ხედვა იკვეთება ხორვატიის მაგალითზეც, სადაც თვითშეფასების პრაქტიკა სკოლებში დაახლოებით 15 წლის წინ დიანერგა და თავდაპირველად მხოლოდ შიდა მექანიზმად განიხილებოდა. მოგვიანებით გამოიკვეთა, რომ მხოლოდ შიდა შეფასება საკმარისი არ იყო და საჭირო გახდა გარე მექანიზმების დანერგვაც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შიდა და გარე შეფასების სტაბილური თანაარსებობის მნიშვნელობას საგანმანათლებლო ხარისხის განვითარების კონტექსტში. (European Comission, 2020). განსხვავებულ მიდგომას ვხვდებით ნიდერლანდებში, სადაც არ არსებობს ცენტრალიზებული სტანდარტების სისტემა, რომელიც ერთნაირად აფასებს ყველა სკოლას. ინსპექტორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ იმ დაწესებულებებს, რომლებიც მიიჩნევა „რისკის ქვეშ მყოფ სკოლებად“, თუმცა პარალელურად სტუმრობენ წარმატებულ სკოლებსაც, რათა შეისწავლონ ეფექტიანი პრაქტიკები. ამ მოდელში ინსპექტორების მთავარი მიზანია სკოლების მხარდაჭერა თვითშეფასების განხორციელებაში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. (European Comission, 2020). საინტერესოა შეფასების ჩარჩოების მრავალფეროვნება. მაგალითად, შოტლანდიაში სკოლების ინსპექტირება და შეფასება ხორციელდება 15 ინდიკატორის მიხედვით, რომელიც სამ ძირითად კონტექსტში ერთიანდება:
მართვა და მენეჯმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, თვითშეფასება და თვითგაუმჯობესება, ცვლილებების მართვა, გუნდის განვითარება და რესურსების ეფექტიანი გადნაწილება თანასწორობის უზრუნველსაყოფად. სწავლების უზრუნველყოფა უკავშირდება ბავშვთა უსაფრთხოებას, კურიკულუმს, სწავლასა და შეფასებას, ინდივიდუალურ მხარდაჭერას, ოჯახთან თანამშრომლობას. მიღწევები და წარმატებები კი მოიცავს კეთილდღეობას, თანასწორობისა და ინკლუზიის უზრუნველყოფას, მიღწევების ზრდას, დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებასა და კრეატიულობის განვითარებას (OECD, 2019). საქართველოს ავტორიზაციის სტანდარტისგან განსხვავებით, რომელიც ჯამში 112 ინდიკატორს მოიცავდა, შოტლანდიის, OECD-ისა და ევროკავშირის მრავალი ქვეყნის პრაქტიკაში შეფასების ჩარჩოები შედარებით მცირე რაოდენობის, მაგრამ შინაარსობრივად დატვირთულ ინდიკატორებზეა ორიენტირებული. ევროპული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ დეტერმინანტს მოსწავლეთა შედეგები წარმოადგენს: სისტემის მთავარი საზრუნავია მიღწევების გაუმჯობესება, მონიტორინგი და ანალიზი (OECD, 2019). ძველი ავტორიზაციის სტანდარტების პირობებში მოსწავლეთა შედეგებზე ორიენტაცია პრაქტიკულად არ იკვეთებოდა არც ერთ კომპონენტში, კრიტერიუმსა თუ ინდიკატორში. არ ფასდებოდა საგნობრივი კურიკულუმები და მათი შემუშავების მეთოდოლოგია, რაც მიანიშნებდა, რომ ხარისხის უზრუნველყოფაში ცენტრალური ადგილი არ ეკავა მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას, შედეგებსა და მათი გაუმჯობესების გზებს. განახლებული ავტორიზაციის სტანდარტები ცვლის ამ ლოგიკას: მეორე სტანდარტი სრულად მოიცავს კურიკულუმს და სკოლებს ავალდებულებს გაწერონ მისი შემუშავების მეთოდოლოგია. გარდა ამისა, დაგეგმვისა და განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სკოლები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, სადაც ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად განისაზღვრება მოსწავლეთა შედეგების კონტროლი და გაუმჯობესება. განახლებული სტანდარტები ასევე ავალდებულებს სკოლებს, შეიმუშაონ მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებული იქნება სასკოლო საზოგადოების მიერ. ეს ქმნის როგორც ხელმისაწვდომობის, ისე მიკუთვნების და თანამონაწილეობის განცდას, რაც ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ავტორიზაციის სახეცვლილი სტანდარტების მოთხოვნები მნიშვნელოვნად მიუახლოვდა ევროპულ მიდგომებს, რაც ქმნის საფუძველს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისა და სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებისთვის. გარე შეფასება და სკოლის განვითარება საერთაშორისო კვლევების თანახმად, სკოლის გარე შეფასების მექანიზმები, მათ შორის ინსპექტირება და ავტორიზაცია, თითქმის ყველა სახელმწიფოში დგას ერთი და იმავე დილემის წინაშე: უნდა ემსახურებოდეს თუ არა კონტროლსა და შესაბამისობის დადგენას, თუ უნდა იქცეს სკოლის მხარდამჭერ ინსტრუმენტად. Ehren & Visscher(2006) აღნიშნავენ, რომ გარე შეფასება პირდაპირ გავლენას არ ახდენს სკოლის მიერ მიღწეულ შედეგებზე, მისი ეფექტი მეტად ვლინდება თვითშეფასების, დაგეგმვისა და შიდა პროცესების ანალიზის გზით. OECD-ის ანგარიშებში ასახულია, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები ეფექტიანია იმ შემთხვევაში, როდესაც არ ფუნქციონირებს იზოლირებულად და გავლენას ახდენს სკოლების ფუნქციონირებაზე (OECD, 2013). შეფასება, რომელიც მხოლოდ შესაბამისობის დადგენაზეა ორიენტირებული, წარმოშობს ფორმალიზებულ ქცევას, ხოლო შეფასება სკოლებს უქმნის მოტივაციას შიდა გაუმჯობესებისთვის. წარმოდგენილ მიდგომას ეხმიანება Perryman (2009) რომელიც აღნიშნავს, რომ ინსპექტირება მნიშვნელოვნად ცვლის სკოლის კულტურას. გარე შეფასებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მუშაობენ მასწავლებლები და რა პრაქტიკას ნერგავენ სკოლებში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებებისთვის პროცესის გავლა სტრესულია და რიგ შემთხვევებში უკმაყოფილებასთან არის დაკავშირებული, თავად ინსპექტირება/ავტორიზაცია სკოლებს უქმნის სივრცეს, არ იყვნენ მოდუნებულნი და ჰქონდეთ მუდმივი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების განცდა. აქვე, Fullan (2007) ხაზს უსვამს, რომ საგანმანათლებლო ცვლილებები და წარმატება ვერ იქნება მიღწეული მხოლოდ დადგენილი მოთხოვნებით, რეალური ცვლილებები საჭიროებს გარემოს, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას, სწავლას, განვითარებას. მისი თქმით, გარე რეგულაცია შესაძლოა იქცეს განვითარების გზად მხოლოდ მაშინ, როდესაც დაკავშირებულია შიდა შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ამ მოსაზრების მსგავსად Hopkins (2001) აღნიშნავს, რომ სკოლების გაუმჯობესება არ არის მოკლევადიანი, პირიქით მას ესაჭიროება საკმაოდ დიდი დრო და ამასთანავე, არის რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს როგორც შიდა მმართველების მოტივაციას, ასევე, გარე სტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერას. ზემოაღნიშნული ავტორების ხედვების ანალიზის შედეგად შესაძლოა ითქვას, რომ გარე შეფასება არ მოქმედებს სკოლაზე პირდაპირი გავლენით, არამედ იგი ქმნის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც დაწესებულებები იწყებენ საქმიანობის გააზრებას, სტრუქტურირებას და განვითარების გზების განსაზღვრას. სწორედ ამ ეტაპების მიხედვითაა შესაძლებელი მოხდეს ხარისხობრივი ცვლილება. წარმოდგენილი თეორიული კონტექსტის ფონზე, საქართველოში არსებული სისტემა შესაძლოა განიმარტოს როგორც ერთის მხრივ პროცედურა, რომელიც სკოლებს ავალდებულებს დოკუმენტაციის სწორად წარმოებას, მეორეს მხრივ კი განვითარების ინსტრუმენტი. წარმოდგენილი მოსაზრებები აძლიერებს ჰიპოთეზას, რომ ავტორიზაციის ხარისხზე გავლენა არ არის ფორმალური, მისი მნიშვნელოვა ვლინდება იმ პირობებში, როდესაც ქმნის ინსტიტუციურ გარემოს. სწორედ ამ მიმართულებით ავტორიზაცია არის სკოლის განვითარების კატალიზატორი, რაც შეესაბამება როგორც კარგი მმართველობის, ასევე ადმინისტრაციული პროგრესივიზმის თეორიულ იდეებს. საქართველოს კონტექსტში განახლებული ავტორიზაციის სტანდარტები მნიშვნელოვნად მიუახლოვდა ევროპულ მიდგომებს. ახალი ჩარჩო უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს კურიკულუმის ხარისხს, სტრატეგიულ დაგეგმვას, მონიტორინგსა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ მმართველობას. ეს ცვლილებები ქმნის საფუძველს სკოლის ავტორიზაციის აღქმისთვის არა მხოლოდ როგორც რეგულაციური მოთხოვნის, არამედ როგორც განვითარების ინსტრუმენტის. დასკვნა ევროპული გამოცდილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის გარე შეფასება თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკაში სულ უფრო მეტად იძენს განვითარების მექანიზმის ფუნქციას. ეფექტიანი სისტემა ეფუძნება ნდობას, დიალოგს, პროფესიული საზოგადოების გაძლიერებასა და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. შიდა და გარე შეფასების დაბალანსებული თანაარსებობა ქმნის იმ ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც სკოლებს აძლევს შესაძლებლობას, გააანალიზონ საკუთარი საქმიანობა და მიზანმიმართულად იმუშაონ გაუმჯობესებაზე. საქართველოს ავტორიზაციის სისტემის განახლება ამ მიმართულებით წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებისკენ და ქმნის საფუძველს ხარისხიანი, მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების განვითარებისათვის. გამოყენებული ლიტერატურა Ehren, M. C. M., and A. J. Visscher. “Towards a Theory on the Impact of School Inspections.” British Journal of Educational Studies 54, no. 1 (2006): 51–72. European Association for Quality Assurance in Higher Education (ENQA). Standards and Guidelines for Quality Assurance in the European Higher Education Area. Brussels, 2015. European Commission. Supporting Quality in School Education: Policies and Approaches to School Evaluation in Europe. Luxembourg: Publications Office of the European Union, 2020. European Commission/EACEA/Eurydice. Assuring Quality in Education: Policies and Approaches to School Evaluation in Europe. Luxembourg: Publications Office of the European Union, 2015. Finnigan, K. S. “Leadership and Reform in Low-Performing Schools.” Educational Administration Quarterly 43, no. 5 (2007): 586–626. Fullan, M. The New Meaning of Educational Change. 4th ed. New York: Teachers College Press, 2007. Hopkins, D. School Improvement for Real. London: RoutledgeFalmer, 2001. OECD. Synergies for Better Learning: An International Perspective on Evaluation and Assessment. Paris: OECD Publishing, 2013. OECD. Education Policy Outlook 2019: Working Together to Help Students Achieve Their Potential. Paris: OECD Publishing, 2019. Perryman, J. “Inspection and the Fabrication of Professional and Performativity Identities.” Journal of Education Policy 24, no. 5 (2009): 611–631. |