![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
სულხან ტაბაღუა ∘
ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების შეფასება გარდამავალი ეკონომიკების მაგალითზე (გაფართოებული მოდელი) ანოტაცია. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის საზომად დიდი ხანია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოიყენება. ეკონომიკურ ზრდაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელიც განისაზღვრება, როგორც კომპლექსური პროცესი მრავალი დეტერმინანტით. აღნიშნული გარემოება დასტურდება გარდამავალი ეკონომიკების მაგალითზეც, სადაც ეკონომიკური ზრდის ციკლურობა ეკონომიკის ტრანსფორმაციის ფონზე, ისტორიულად ყველაზე მწვავედ მიმდინარეობდა. ამ ქვეყნების უმრავლესობა დღესაც საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის შესაბამისი რეფორმების განხორციელებით არის დაკავებული. წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში შემოთავაზებულია გარდამავალი ეკონომიკების (25 ქვეყნის) მაგალითზე ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი დეტერმინანტების (ინფლაცია; სტრუქტურული რეფორმები; მთავრობის ხარჯები; ინვესტიციები; ფასების ლიბერალიზაცია; სავაჭრო და გაცვლითი რეჟიმი; ბაზარზე შესვლის მაჩვენებელი (კონკურენციის პოლიტიკა) და პრივატიზაცია) შეფასება გაფართოებული მოდელის ფარგლებში. კვლევა ეყრდნობა შესაბამის ლიტერატურას და მოიცავს 1996-2014 წლების მონაცემებს. კვლევის შედეგების მიხედვით ამ ქვეყნებში: ეკონომიკური ზრდის შეფასებული დეტერმნინატების უმრავლესობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია; ინფლაციისა და მთავრობის ხარჯების გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) უარყოფითია; სტრუქტურული რეფორმების, ფასების ლიბერალიზაციის გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) უარყოფითია 1999-2007 წლებში, დადებითია 2007-2014 წლებში; გაცვლითი რეჟიმი ცალკეულ შემთხვევებში მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP), როგორც დადებით ისე უარყოფით გავლენას ახდენს, ანალოგიური მდგომარეობაა პრივატიზაციის შემთხვევაში; ინვესტიციები გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) მნიშვნელოვანია, შეფასებული კოეფიციენტი 0.20-0.24 შუალედშია. 2007-2014 წლებისათვის ეკონომიკის ზრდის დეტერმინანტების უმრავლესობის შეფასებები გაუმჯობესებულია 1999-2007 წლებთან შედარებით. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, დეტერმინანტები, გარდამავალი ეკონომიკა, პანელური მოდელი, რეფორმები. შესავალი[1] სხვა თანაბარ პირობებში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოცემულ საკითხზე კვლევის ჩატარება ნაკლებად აქტუალურია, ვინაიდან გარდამავალი პერიოდი ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნებისათვის დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო [IMF, 2000,გვ.89] და ამ საკითხის გარშემო არაერთი ნაშრომია გამოქვეყნებული [Svejnar,2002; Blanchard, 1997; Kornai, 1999; Brada, King, Kutan, 2000; Campos, Coricelli, 2002; Gerard, 2000 და სხვა] თუმცა, ამავე დროს, რთულია ამ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდი დასრულებულად მივიჩნიოთ. უფრო მეტიც, ეკონომიკის ტრანსფორმაცია და საბაზრო სისტემის ჩამოყალიბება, ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობა ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ სამიზნედ რჩება. გასული პერიოდი ცხადყოფს, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის: მიუხედევად საერთო საწყისისა ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, საყურადღებოა მათი ვარიაცია დროითი ლაგის გათვალისწინებით; დისკუსიის საგანია „გარდამავალი ეკონომიკის“ ჯგუფში შემავალი ქვეყნების რაოდენობა და ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორები; მნიშვნელოვანია რეფორმების საწყისი პერიოდის მნიშვნელოვნების ანალიზი და ა.შ. მოცემული არასრული ჩამონათვალი ხაზს უსვამს წინამდებარე კვლევის აქტუალობას, რომელიც მიზნად ისახავს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების შეფასებას გაფართოებული მოდელის საფუძველზე. კვლევის ფარგლებში შეფასებულია 25 ქვეყანა, 1996-2014 წლების მონაცემებზე დაყრდნობით[2]. 1. ლიტერატურის მიმოხილვა ეკონომიკური ზრდის თეორიების ევოლუცია დაკავშირებულია მოდელის ფარგლებში შესაფასებელი დეტერმინანტების გაფართოებასთან [Piętak, 2014; Kawalec, 2020; Shachmurove, Zilberfarb, 2020; Joffe, 2017 და სხვა]. კერძოდ, 1950-60-იან წლებში ჩამოყალიბებული საბაზისო მოდელები ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორად განიხილავს: შრომას, კაპიტალსა და ტექნოლოგიურ პროგრესს [Solow, 1956; Swan, 1956, Mankiw, Romer, Weil, 1992]; 1980იანი წლებში ამ ჩამონათვალს დაემატა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა [Romer, 1990; Barro, Sella-i-Martin, 1995; Olson, Sarna, Swamy, 2000]; განვითარების შემდეგი ეტაპი უკავშირდება კერძო საკუთრების, კანონის ძალის, ინსტიტუციებისა და კორუფციის განხილვას ფაქტორებს შორის [North, 1989; Acemoglu, Johnson, Robinson, 2005]. ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტებად, ასევე, წარმოდგენილია: ინვესტიციები, ადამიანისეული კაპიტალი, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, კერძო საკუთრების დაცვის ინდიკატორები, საგადასახადო ტვირთი, ტრანსფერენტულობა, პოლიტიკური სტაბილურობა, სტრუქტურული რეფორმები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ვაჭრობის ღიაობა [Havrylyshyn, Wolf, 1999; Campos, Coricelli, 2002; Workie, 2005; Mervar, 2003; Havrylyshyn, Izvorski, Rooden, 1998; Horowitz, 2004 და სხვა]. ნათელია, რომ ეკონომიკური ზრდა არის კომპლექსური პროცესი, რომელსაც აქვს მრავალი დეტერმინანტი [ბედიანაშვილი, 2022]. ამასთან, ეკონომიკური თეორია არ გვაძლევს შეთანხმებულ პოზიციას მოდელის “სწორი” სპეციფიკაციების შესახებ [Havrylyshyn, Izvorski, Rooden, 1998,გვ.13]. ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების ანალიზი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. რომელი ფაქტორები ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე? ამ კითხვაზე პასუხის მოძიებისას ჩატარებულ კვლევებში განსხვავებული ფაქტორებია შეფასებული, თუმცა შესაძლებელია მათი დაჯგუფება საერთო ნიშნით:
კვლევის ავტორები, ერთი მხრივ, ხაზს უსვამენ ქვეყნებს შორის განსხვავებულ გარემო პირობებს, მეორე მხრივ, ავლენენ საერთო ფაქტორებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. ასეთი (დამოუკიდებელი) ფაქტორებია: სტრუქტურული რეფორმები, საწყისი მდგომარეობა, ინფლაცია (მიმდინარე და ლაგით), საბიუჯეტო ხარჯები/დეფიციტი (მიმდინარე და ლაგით), ომი (ფიქტიური ცვლადი), რუბლის ზონა, გაცვლითი კურის (ფიქტიური ცვლადი), საბჭოთა კავშირის დაშლა (ფიქტიური ცვლადი) და სხვა ფაქტორები. ამასთან, ფართოდ არის დასაბუთებული და ახსნილი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლებზეც მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეთანხმებულია თუმცა, დღემდე სადავოდ რჩება ამ ფაქტორების ფარდობითი მნიშვნელობის საკითხი [Mervar, 2003]. ეკონომიკური ზრდის თეორიებში კონსენსუსი მიღწეულია ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, რომლებიც ხასიათდებიან, მემკვიდრეობით მიღებული არაეფექტიანი სისტემით, ინვესტიციების როლი მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს ეკონომიკის სტიმულირებისათვის. აღნიშნული თავისებურების გათვალისწინებით ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შეფასებისას ინვესტიციებს უფრო ნაკლები როლი ენიჭება, ვიდრე სტრუქტურულ რეფორმებსა და კერძო საკუთრების დაცვაზე ორიენტირებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას [Havrylyshyn, Izvorski, Rooden, 1998, გვ.24]. 2. მოდელის შერჩევა ეკონომიკურ მეცნიერებაში არ არის შეთანხმებული პოზიცია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მოდელზე, ასევე, არაერთმნიშვნელოვანია გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის კატეგორიაში შემავალი ქვეყნების ჩამონათვალი[3]. ეკონომიკის ისტორიაში გარდამავალი ეკონომიკის ყველაზე ცნობილ მაგალითად გვევლინება ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკის ცენტრალიზებული დაგეგმვიდან, უმოკლეს დროში გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ჯგუფში აღმოჩდნენ. გარდამავალ ეკონომიკებად განიხილება ის ქვეყნები, რომლებიც ახორციელებენ მაკროეკონომიკურ რეფორმებს, რათა შეცვალონ ეკონომიკის მართვის გზები. ტრადიციულად, ეს გულისხმობს, სტრუქტურულ რეფორმებს სახელმწიფოს მიერ მართული ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად [Round, 2009]. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმების გატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიზეზად იქცა არაეფექტიანი ეკონომიკის არსებობა, სადაც ეკონომიკური ზრდის 90% მიღწეული იყო რესურსების (მიწა, სამუშაო ძალა, კაპიტალი) გადიდების ხარჯზე. ეკონომიკური მოდელის ტრანსფორმაცია და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში განსხვავებული გზებით მიმდინარეობდა [Havrylyshyn,2007,გვ.6] თუმცა, ყველა ქვეყანაში ტრანსფორმაციის საწყისი პერიოდი ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრი შემცირებით დაიწყო (ცხრილი 1). ამ ქვეყნებში ეკონომიკის შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 1992 წელს (-44.9%), ზრდის 1990 წელს (35.4%), ხოლო 2000 წელს ყველა ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა. ამ წლისათვის გამოყენებული ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი დადებითია. ცალკეული ავტორი ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შემცირების მიზეზად “ტრანსფორმაციის” რეცესიას ასახელებს და მიუთითებს შემდეგი ცვლილებების არსებობაზე: გამყიდველის ბაზრიდან მყიდველის ბაზარზე გადასვლა (ფასების ლიბერალიზაცია), ბიუჯეტის მდგრადი სისტემა (პრივატიზაცია, სახელმწიფო დახმარებებისა და ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება), რომელიც საბაზრო ეკონომიკისკენ ორიენტირებული ქცევით ხელს უწყობს ყველა ეკონომიკური აგენტის სარგებლის მაქსიმიზაციას [Kornai, 1994]; რესურსების გადაადგილება ძველიდან ახალ აქტივობებზე და რესტრუქტურიზაციისას არსებული ფირმების გადარჩენა [Blanchard, 1997]; ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია რეფორმების საწყისი მდგომარეობა [De Melo, Denizer, Gelb ,1997; Fischer, Sahay, Carols, 1998]. ცხრილი 1. ეკონომიკური ზრდა გარდამავალ ეკონომიკებში (1989-2000)
წყარო: www.worldbank.org. შენიშვნა: ქვეყნები შერჩეულია EBRD-ის „გარდამავალი ინდიკატორების 1989-2014“ საფუძველზე. გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში განხორციელებული რეფორმები მოიცავს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. შესაბამისად, რეფორმებსა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის კავშირის შეფასებისათვის უპირატესია პანელური მოდელის გამოყენება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში ერთსა და იმავე ჯვარედინი ერთეულები შევაფასოთ. როგორც ცნობილია, პანელური მონაცემების სიმრავლე შესდგება მონაცემთა სიმრავლეში შემავალი თითოეული ჯვარედინი წევრის დროითი მწკრივებისაგან (ასეთი მოდელი უფრო მოქნილია და ქვეყნების მიხედვით განსხავებული ქცევების მოდელირების შესაძლებლობას იძლევა). პანელური მოდელის შეფასებისათვის შემდეგი ორი ძირითადი პროცედურა გამოიყენება: ფიქსირებული ეფექტი - აღნიშნული მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია, როდესაც საქმე გვაქვს შესაფასებელი ქვეყნების დიდ რაოდენობასთან, რომელთა მონაცემები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით [Greene, 2002]; შემთხვევითი ეფექტი - ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ პანელური მონაცემების მოდელში შემავალი დროში მუდმივი დაუკვირვებადი ფაქტორები არაკორელირებულია მოდელის ამხსნელ ცვლადებთან დროის თითოეულ პერიოდში. რეგრესიულ ანალიზს არ შეუძლია “ახსნას” ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას საუკეთესოდ შეუძლია მოახდინოს მისი ბუნების შეფასება [Harberger, 1998]. ეკონომიკური ზრდის პანელური მოდელი [Mankiw , Romer, Weil , 1992; Islam, 1995; Barro, 1997; Barro, Sala, 2004] შემდეგი სახისაა: სადაც, დამოკიდებული ცვლადია - (i) ქვეყნის მთლიან სამამულო პროდუქტის (GDP) ზრდა მოცემულ (t) პერიოდში;-ძირითადი ამხსნელი ცვლადები, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ დამოკიდებულ ცვლადზე; - ქვეყნის არადაკვირვებადი ფაქტორები, რომლებიც დროში არ იცვლებიან (თითქმის არ იცვლება); – სპეციფიკური დროის ფაქტორი (ფიქტიური ცვლადი); - შეცდომების (ინოვაციების) ცვლადი. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების შეფასებისათვის წინამდებარე კვლევა ეყრდნობა ჰავრილიშან, იზვორსკისა და როდენის ნაშრომს[4], რომელიც თავის მხრივ მოიცავს (1) მოდელის მახასიათებლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით შესაფასებელი საბაზისო მოდელია: სადაც, Y-მთლიან სამამულო პროდუქტის (GDP) რეალური ზრდა (%-ში); LNP-ინფლაციის მაჩვენებელი; RI - სტრუქტურული რეფორმების ინდექსი[5]; g - მთავრობის ხარჯები (პროცენტული წილი მთლიან სამამულო პროდუქტში (GDP)). შეიძლება ითქვას, რომ (2) მოდელის ვერიფიცირებული ვარიანტების მიხედვით სტრუქტურულ რეფორმებს დადებითი გავლენა აქვს მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP), ხოლო ინფლაციას უარყოფითი [Ari., Pula., Sun, 2022, 2021; Egert, 2017]. რაც შეეხება მთავრობის ხარჯების გავლენას მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP), ცალკეული კვლევით დასტურდება მთავრობის ხარჯებსა და მთლიან სამამულო პროდუქტს (GDP) შორის პოზიტიური კავშირი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ჩატარებული რეფორმებიც ცხადყოფს, რომ კეინზიანურ პოლიტიკას დადებითი ეფექტი აქვს სწორი საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში, ხოლო მთავრობის ხარჯების ეფექტიანობა მცირდება მის მიერ “სოციალური” პროექტების დაფინანსების ზრდისას [Havrylyshyn, Izvorski, Rooden, 1998, გვ.13-15]. ამასთან, ფისკალური პოლიტიკამ, კერძოდ საშუალო საგადასახადო განაკვეთის ზრდამ ერთობლივ მოთხოვნაზე შეიძლება იმოქმედოს როგორც დადებითად ასევე უარყოფითად. აღნიშნული ზემოქმედების ხასიათს განსაზღვრავს შინამეურნეობის მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილებასა და მთავრობის შესყიდვისადმი ზღვრულ მიდრეკილებას შორის არსებული თანაფარდობა. ქვეყნებისა და დროის პერიოდის მიხედვით ეს თანაფარდობა, როგორც წესი, განსხვავებულია [ანანიაშვილი, ბარდაველიძე, 2018]. (2) მოდელი მოიცავს ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების აუცილებელ მაგრამ არასაკმარის რაოდენობას. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების განხორციელებული რეფორმები და მაკროეკონომიკური გამოწვევები მიგვითითებს ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის მქონე სხვა ფაქტორების დეტალური შეფასების მნიშვნელოვნებაზე [ტაბაღუა, 2019, გვ.60-89]. ასეთ ფაქტორებს შორისაა: ინვესტიციები; ფასების ლიბერალიზაცია; სავაჭრო და გაცვლითი რეჟიმი; ბაზარზე შესვლის მაჩვენებელი (კონკურენციის პოლიტიკა) და პრივატიზაცია. მოცემული გარემოებები გვიბიძგებს, (2) მოდელის გაფართოებისკენ[6], რომელსაც შემდეგი სახე აქვს: სადაც, LIP - ფასების ლიბერალიზაციის ინდექსი; LEN - ბაზარზე შესვლის მაჩვენებელი (კონკურენციის პოლიტიკა); LEX - სავაჭრო და გაცვლითი რეჟიმი; LSP - პრივატიზაციის ინდექსი (დიდი და მცირე მასშტაბის პრივატიზაციის ინდიკატორების საშუალო სიდიდე); IN - ინვესტიციები (%-ლი წილი მთლიან სამამულო პროდუქტში (GDP)). თეორიულ დონეზე შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამ ფაქტორების შესაფასებელი კოეფიციენტები (e0, e1, e2;f0 f1,f2,; ,c0 c1,c2; ,g0,g1,g2; d0,d1,d2) დადებითია, თუმცა გარდამავალი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გამო, ფაქტორების დროითი ლაგით ანალიზისას, შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი უარყოფითიც აღმოჩნდეს. კვლევის ფარგლებში გამოყენებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), მსოფლიო ბანკისა (WB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შესაბამისი მონაცემები. 3. მოდელის შეფასება და მიღებული შედეგები 3.1. შეფასება (3) მოდელი გავაანალიზეთ გარდამავალი ეკონომიკის ჯგუფში შემავალი 25 ქვეყნის მაგალითზე (ცხრილი 1), 1996-2014 წლების მონაცემების გამოყენებით (ტაბაღუა, 2019, გვ.60-89). სადაც, დამოკიდებული ცვლადია: Y , ხოლო დამოუკიდებელი ცვლადებია: LNP; RI; g; LIP; LEN; LEX; LSP; IN. მოდელის ფარგლებში განხილული ფაქტორების განსხავებულ პერიოდში შეფასებისათვის საანალიზო პერიოდი, დავყავით ორ ნაწილად: 1999-2007 და 2007-2014 წლები. აღსანიშნავია, რომ ანალიზის გაფართოების მიზნით არ შემოვიფარგლეთ (3) მოდელის ერთი სპეციფიკაციით და განვიხილეთ მისი რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფაქტორთა მოცვის ხარისხით. გარდა ამისა, სხვადასხვა ვარიანტისთვის გამოვიყენეთ ფიქსირებული და შემთხვევითი ეფექტის მეთოდები. მოდელების სტატისტიკური მნიშვნელოვნების შეფასებისთვის გამოყენებულია: დეტერმინაციის ჩვეულებრივი და კორექტირებული და კოეფიციენტები, დარბინ-უოტსონის სტატისტიკა (DW); F-სტატისტიკა და ჰაუსმანის (Hausman) ტესტი (ფიქსირებული და შემთხვევითი ეფექტების არჩევისას). 3.2. შედეგები მოკლედ დავახასიათოთ (3) მოდელის სხვადასხვა ვარიანტების შეფასებები და მიღებული შედეგები: შემთხვევითი ეფექტების მოდელი. სულ გაანალიზებულია 9 მოდელი (ცხრილი 2)[7], რომელთა შორის კარგი სტატისტიკური შეფასებებით ხასიათდება (A6) მოდელი, სადაც ამხსნელ ფაქტორებად განხილულია ინფლაცია (LNP), მთავრობის ხარჯები (g), ფასების ლიბერალიზაციის ინდექსი (LIP), კონკურენციის პოლიტიკა (LEN), ვაჭრობა და უცხოური გაცვლითი სისტემა (LEX), პრივატიზაციის ინდექსი (LSP), ინვესტიციები (IN). ამ ფაქტორებიდან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: მთავრობის ხარჯები (g), კონკურენციის პოლიტიკა (LEN) და ინვესტიცია (IN). ამასთან, მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP)[8] მთავრობის ხარჯების გავლენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია პირველ პერიოდში, ხოლო მომდევნო პერიოდში ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება; კონკურენციის პოლიტიკა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) მხოლოდ ერთი ლაგის დაგვიანებით ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას; რაც შეეხება ინვესტიციებს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტორი ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით სტაბილური ზემოქმედებით გამოირჩევა და სამივე ლაგისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ როგორც (A6) მოდელში, ასევე, სხვა მოდელებშიც ზოგიერთი ფაქტორის შეფასებული კოეფიციენტის ნიშანი არ არის თანხვედრაში ზოგად თეორიულ საფუძვლებთან[9]. მე-2 ცხრილში წარმოდგენილი სხვა მოდელებისა და ცვლადების ზოგადი შეფასება შემდეგ თავისებურებებზე მიგვითითებს:
საწყისი მდგომარეობა. ცალკეულ კვლევებში გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების წარმატების თუ წარუმატებლობის განმაპირობებელ ფაქტორად ქვეყნის საწყისი მდგომარეობაც განიხილება [Fischer, Sahay, 2004]. საწყისი მდგომარეობის პირველი სტრუქტურული ანალიზი დე მელოს, დენიზერის და ტენევის[10] მიერ განხორციელდა, შემდეგი 11 კრიტერიუმის გამოყენებით: 1. ქვეყნის მდებარეობა[11]; 2. გასული პერიოდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი; 3. განსხვავება ქვეყნებს შორის 1989 წლამდე ან მის მერე მიღებული დამოუკიდებლობით; 4. ბუნებრივი რესურსების რაოდენობა; 5. ინდუსტრიალიზაციის დონე; 6. ურბანიზაცია; 7. მთლიანი სამამულო პროდუქტი (GDP) ერთ სულზე 1989 წლის მაჩვენებლით; 8. ინფლაცია; 9. სავაჭრო დამოკიდებულება კომუნისტურ ქვეყნებს შორის; 10. ჩრდილოვანი ბაზარი და გაცვლითი კურსი; 11. კომუნისტურ სისტემაში გატარებული წლების რაოდენობა. როგორც მოყვანილი ჩამონათვალი გვიჩვენებს, საწყისი მდგომარეობის შეფასებისათვის ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ინდიკატორები გამოიყენება, რომლებიც ცალკეულ კვლევებში განსხვავებული კომბინაციითა და შინაარსით გვხვდება [Godoy, Stiglitz, 1992, გვ.6-9]. ზემოაღნიშნულისა გათვალისწინებით გადამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საწყისი მდგომარეობის შეფასებისათვის გამოვიყენეთ ფაქტორები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაციის პერიოდში მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ინდიკატორად შეიძლება მივიჩნიოთ: ფასების ლიბერალიზაციის ინდექსი (LIP); კონკურენციის პოლიტიკა (LEN); ვაჭრობა და გაცვლითი სისტემა (LEX); პრივატიზაციის ინდექსი (დიდი და მცირე მასშტაბის პრივატიზაციის ინდიკატორების საშუალო სიდიდე) (LSP); ინვესტიციები (IN). ამ ფაქტორების განსხვავებული კომბინაციით შევაფასეთ 11 მოდელი ფიქსირებული ეფექტის გამოყენებით, რაც ამ საკითხთან მიმართებაში ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია [De Melo, Denizer, Tenev, 1997; Heybey, Murrell 1998; Berg, Sahay, Zettelmeyer, 1999]. ყველაზე მაღალი საწყისი მდგომარეობის მაჩვენებლით ხასიათდება: აზერბაიჯანი, უნგრეთი, ყაზახეთი, ხოლო მინიმალურით ბულგარეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი. ქვეყნების უმრავლესობაში აღნიშნული საწყისი მდგომარეობა აღარ წარმოადგენს მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) გავლენის მქონე დეტერმინანტს (ცხრილი 3). ამასთან, ნათელია, რომ აღნიშნული ფაქტორის გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) საკმაოდ მაღალია რეფორმების საწყის პერიოდში. ცხრილი2. მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) შერჩეული დეტერმინანტების შეფასება (შემთხვევითი ეფექტი, 1998-2014 წლები)
განსხვავებულ პერიოდთა შეფასება. ორლაგიანმა მოდელმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა განხილული დეტერმინანტების როლზე ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის. ამავე დროს შეფასებულ ლაგურ მოდელში ცვლადთა საკმარისად დიდი რაოდენობა სტატისტიკურად არამნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შეგვეფასებინა პანელური მოდელი ლაგური ცვლადების გათვალისწინების გარეშე. ასეთი მიდგომა ფორმალური ანალიზის თვალსაზრისით, გამართლებულია და უფრო დამაჯერებელ წარმოდგენას იძლევა ამა თუ იმ ფაქტორის როლისა და მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, იმის დასადგენად, შეიცვალა თუ არა წლების განმავლობაში დეტერმინანტების როლი განხილულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირების პროცესში, საანალიზო პერიოდებისთვის (1999-2007; 2007-2014 წლები) შევაფასეთ პანელური მოდელის ერთნაირი ვარიანტები (ცხრილი 4, ცხრილი 5). 4. დასკვნა წინამდებარე კვლევის ფარგლებში წარმოდგენილმა გაფართოებული მოდელმა მთლიანობაში გაამართლა. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მოცემული დეტერმინანტების უმრავლესობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. ამასთან გვინდა გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება: ინფლაციისა და მთავრობის ხარჯების გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) უარყოფითია; სტრუქტურული რეფორმების, ფასების ლიბერალიზაციის გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) უარყოფითია 1999-2007 წლებში, დადებითია 2007-2014 წლებში; გაცვლითი რეჟიმის გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) უარყოფითია (A3), ხოლო დადებითია (A6) მოდელში; ანალოგიური მდგომარეობაა პრივატიზაციის ინდექსის შემთხვევაში (A4 და A6 მოდელები); ინვესტიციების გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) მნიშვნელოვანია ორივე პერიოდში, შეფასებული კოეფიციენტი 0.20-0.24 შუალედშია. ინვესტიციების მაქსიმალური მნიშვნელობა დაფიქსირდა (A1) მოდელში პირველ პერიოდში, ხოლო (A4) მოდელში მეორე პერიოდში. რაც შეეხება ზოგად სურათს, 2007-2014 წლების მოდელები ეკონომიკის ზრდის დეტერმინანტების უმრავლესობის შეფასებები გაუმჯობესებულია 1999-2007 წლების მოდელებთან შედარებით. გამოყენებული ლიტერატურა
Zinnes, C., Eilat, Y., Sachs, J. (2001). Benchmarking Competitiveness in Transition Economies, Economics of Transition, Vol. 9, No. 2, pp. 315–53. [1]ავტორი მადლობას უხდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ იური ანანიაშვილს გამოთქმული სასარგებლო კომენტარებისა და მოსაზრებებისათვის. [2]აღნიშნული პერიოდით შემოვიფარგლეთ კვლევის მიზნებისთვის საჭირო მონაცემების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. იხილეთ, EBRD „გარდამავალი ინდიკატორები 1989-2014“, ვებგვერდი: https://www.ebrd.com/economic-research-and-data/transition-qualities-asses.html, ნანახია: 11/02/2023. [3]გაერო-17 ქვეყანა [UN, 2022], EBRD-35 ქვეყანაა (იხ. „გარდამავალი ინდიკატორები“), IMF - 31 ქვეყანა [IMF, 2000]. [4]Havrylyshyn, O., Izvorski, I., Rooden, R. (1998). Recovery and growth in transition economies, 1990-97: a stylized regression analysis. IMF/WP/98/141 [5] EBRD-ის მიერ შეფასებული ინდიკატორების საშუალო სიდიდე, გაანგარიშებულია ავტორის მიერ. . [6]აღნიშნული მიდგომა აპრობირებულია სხვადასხვა კვლევებშიც [Popov, 2006; Piatkowski, 2002; Bassanini., Scarpetta., Hemmings, 2001; Zinnes, Eilat., Sachs, 2001 და სხვა]. [7] ამ მეთოდით პანელური მოდელის გაანალიზება განპირობებულია “ჰაუსმანის ტესტით”. [8] იხილეთ, პაპავა, სილაგაძე (2019). [9]მაგალითად, (A6) მოდელის მიხედვით მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) მთავრობის ხარჯების და ინვესტიციების გრძელვადიანი გავლენა უარყოფითია. [10] De Melo, M., Denizer, C., Tenev, S.(1997). Circumstances and choice: the role of initial conditions and policies in transition economies. World Bank Policy Research Working Paper No. 1866. [11] იგულისხმება ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან დაშორება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||