English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ თეა ლაზარაშვილი ირინე მამალაძე
საერთაშორისო ინიციატივები „ლურჯ ეკონომიკაში“

DOI: 10.36172/EKONOMISTI.2024.XX.03.LAZARASHVILI.MAMALADZE

ანოტაცია

 „ლურჯი ეკონომიკა“ მიმართულია იმ დარგების მდგრადი განვითარებისკენ, რომლებიც მსოფლიო ოკეანეების და ზღვების  რესურსების გამოყენებასთანაა დაკავშირებული და გულისხმობს მსოფლიოს მისწრაფებას მიღწეულ იქნას ბალანსი შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, დედამიწის მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას შორის.

საარსებო გარემოს არარაციონალური გამოყენება ყოველთვის იწვევს სხვა „მომსახურებისა“ თუ  ძვირფასი რესურსების განადგურებას.  სანაპირო და საზღვაო რესურსების მდგარდი გამოყენების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ეკოსისტემებს, ეკონომიკურ აქტივობებს, კლიმატის ცვლილების პროცესებს შორის ურთიერთკავშირის დადგენა და გაანალიზება. სწორედ ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების  მუშაობის პროცესში და განვითარების ეროვნული სტრატეგიის ფორმირებისას, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს  „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების საკითხი, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია ამ სფეროში საერთაშორისო ინიციატივების გარეშე.

საკვანძო სიტყვები:  „ლურჯი ეკონომიკა“, საერთაშორისო ინიციატივები, მდგრადი განვითარება.

შესავალი

ოკეანეები დიდ შესაძლებლობებს სთავაზობენ ადამიანებს რესურების ასათვისებლად, რადგან ოკეანის განახლებადი ენერგეტიკა, რომელსაც მიეკუთვნება ტალღების, მოქცევის, ოფშორული ქარის ენერგია და სხვ. უზარამაზარი პოტენციალის მატარებელია.

საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემები საკმაოდ ფართო სპექტრით გამოირჩევა  სასარგებლო თვისებების გამო, რომლებსაც შეიძლება მივაკუთვნოთ:

- რესურსები აკვაკულტურისთვის;

- შესაძლებლობები ტურიზმისა და დასვენებისათვის;

- ძვირფასი საზღვაო ორგანიზმების საარსებო გარემო;

- სანაპირო ხაზების  სტაბილიზაცია და ბუნებრივი მოვლენებისაგან დაცვა; 

- რესურსები ადგილობრივი წარმოებისათვის და გლობალური მიწოდების ჯაჭვისათვის და ა.შ.

თანამედროვე გამოწვევებმა დღის წესრიგში დააყენა მისი მართვისადმი საერთაშორისო მიდგომების ფორმირების აუცილებლობა, რის შედეგადაც „ლურჯი ეკონომიკის“  სფეროში იქმნება საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი ფორმები, ფორმირდება ოკეანის რესურსების ასათვისებლად საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა, ყალიბდება ახალი მექანიზმები „ლურჯი ეკონომიკის“ პროექტების ფინანსირების, სოციალური და ეკოლოგიური მდგრადობის გაზრდაში; „ლურჯი ეკონომიკის“ დარგების პროგრესის შესაფასებლად ხდება ახალი ინდიკატორების შემუშავება და ა.შ.

მუდმივად იზრდება იმ პროექტებისა და საერთაშორისო ინიციატივების რიცხვი, რომლებიც „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების პრაქტიკულ რეალიზაციასთანაა დაკავშირებული. მათგან აღსანიშნავია ბიოვაჭრობის პრინციპები და კრიტერიუმები, დამატებითი რეკომენდაციები მთავრობებისთვის და კომპანებისთვის ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე დაფუძნებული საქონლისა და მომსახურების შეგროვების, წარმოების და კომერციალიზაციის მდგრადი საქმიანობის ორგანიზაციისათვის. 2020 წლისათვის პრინციპები განახლდა, გაფართოვდა მათი გამოყენების სფერო საზღვაო საქონლისა და მომსახურების კუთხით. გაეროს ინფორმაციით ეს პრინციპები 70-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მავნე თევჭერის სუბსიდირების შეწყვეტის შესახებ [1].

„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სტრატეგიის სასასთბურე გაზების გამოფრქვევის შემცირების კუთხით“ ფარგლებში 2018 წლიდან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრები შეთანხმდნენ სასათბურე გაზების გამოფრქვევა შეემცირებინათ მინიმუმ 50%-ით 2050 წლისთვის 2008 წელთან შედარებით. ნაოსნობის საერთაშორისო პალატამ და საზღვაო სამრეწველო დარგების სხვა ასოციაციებმა აღნიშნული ინიციატივის მხარდასაჭერად, შეთავაზეს შეექმნათ სასათბურე გაზების გამოფრქვევის შემცირების მხარდაჭერის კვლევისა და განვითარების ფონდი. ფონდის მუშაობის დაფინანსება შესაძლებელია მოხდეს ნაოსნობაში წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე გადასახადის შემოღების ხარჯზე.

საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივები „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების კუთხით

მნიშვნელოვანია დაწვრილებით მიმოვიხილოთ საერთაშორისო ორგანიზაცი­ების – ოცეულის ჯგუფის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, არქტიკული საბჭოს, აზიის განვითარების  ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინიციატივები „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების კუთხით.

ოცეულის ჯგუფი – საზღვაო გარემოს მდგრადი მართვის საკითხები წარმოიშვა გერმანიის წარმომადგენლობის დღის წესრიგში (2017), იაპონიაში (2019), საუდის არაბეთში (2020), იტალიაში (2021). ოცეულის ჯგუფის დღის წესრიგის ჩარჩოებში უპირატესად განიხილება ზღვის პლასტიკურ დაბინძურებასთან და უკანონო არაშეთანხმებულ და დაურეგულირებად თევზაობასთან ბრძოლის საკითხები.

მაღალი დონის დიალოგი მდგრადი „ლურჯი ეკონომიკის“ შესახებ – 2018 წელს კანადის ინიციატივით შეიქმნა, მაღალი დონის მთავრობათაშორისი დიალოგი მდგრადი „ლურჯი ეკონომიკის“ კუთხით, რომლის შემადგენლობაში შევიდა 14 ქვეყანა. 2020 წლის დეკემბერში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს ვალდებულება მიაღწიონ საზღავო სფეროს 100%-იან მდგრად მართვას, რათა 2030 წლისთვის ყველა ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა მოექცეს მდგრადი მართვის ქვეშ [2].

„ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების ტრანსფორმაციის გეგმის შესაბამისად, 14 წევრმა ქვეყანამ მიზნად დაისახა 2025 წლისთვის შეიმუშაონ მათ იურისდიქციაში მყოფი ოკეანის რესურსების მდგრადი მართვის გეგმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - გაეროს ფარგლებში ფუნქციონირებს მაღალი დონის კონფერენციები ოკეანის შესახებ და მე-14 მიზნის (ოკეანეების, ზღვების და ზღვის რესურსების შენარჩუნება და რაციონალური გამოყენება მდგრადი განვითარების ინტერესებში) მიღწევის ხელშეწყობისთვის, ხდება ნაბაყოფლობითი ვალდებულებების რეესტრის წარმოება ზღვებისა და ოკაენეების  მდგრადობისთვის  (სულ 164/8 ვალდე­ბულებაა). ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარეობს საზღვაო გარემოს მდგომარეობის გლობალური შეფასება სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების ჩათვლით. გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ დაადგინა 2021-2030 წლებში ჩაატაროს მეცნიერების საერთაშორისო ათწლეული ოკეანის შესახებ მდგრადი განვითარების ინტერესებში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია – ამ ორგანიზაციის ფარგლებში 2019 წლიდან ხორციელდება ჰორიზონტალური ინიციატივა „sustainable ocean for all“- მდგრადი ოკეანე ყველასთვის, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავებაზე საზღვაო გარემოს მდგრადი გამოყენებისთვის, პლასტიკური დაბინძურების პრობლემის  გადასაწყვეტად უკანონო, შეუთანხმებელი და დაურეგულირებადი რეწვისთვის და სანაპირო ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაზრდისთვის.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აწარმოებს მონაცემთა ბაზას მდგრადი „ლურჯი ეკონომიკის“ სფეროში, შეიმუშავებს ოკეანის ეკონომიკის ინდიკატორებს და ახდენს ინფორმაციის აგრეგირებას საზღვაო გარემოს მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ [2].

აზია-წყნარი ოკეანეების ეკონომიკური თანამშრომლობა  – 2014 წელს კორეის სახალხო რესპუბლიკაში შედგა აზია-წყნარი ოკეანეების თანამშრომლობის სამინსტრო შეხვედრა ოკეანეების საკითხებზე, რომლის ჩარჩოებში შეთანხმდა 47 ქმედება ოთხ პრიორიტეტულ სფეროში: სანაპირო და ზღვის ეკოსისტემების შენარჩუნება და სტიქიური უბედურებების მიმართ მდგრადობა; ოკეანის როლი სასურსათო უსაფრთხოებისა და ვაჭრობისათვის; საზღვაო მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები; „ლურჯი ეკონომიკის“ განვითრება [2].

2015 წელს ამ პროგრამის ფარგლებში მიღებულ იქნა „ლურჯი ეკონომიკის“ მოქმედების გეგმა, რომელიც მოიცავდა 25 ღონისძიებას, მიმართულს თევზის მარაგის შემცირების საშიშროებისაკენ, მართვის მდგრადი პრაქტიკების წინ წამოწევისაკენ და „ლურჯი ეკონომიკის“ ბაზრებისა და ვაჭრობის განვითარებისაკენ.

2019 წელს შემუშავებული იქნა  2 საგზაო რუქა: უკანონო, შეუთანხმებელი და დაურეგულირებადი რეწვის საწინააღმდეგო და ზღვის დაბინძურებასთან ბრძოლის, რომელსაც აზია-წყნარი ოკეანეების ეკონომიკური თანამშრომლების ოკეანეებისა და მეთევზეობის სამუშაო ჯგუფი კურირებს.

არქტიკული საბჭო – არქტიკული საბჭოს ჩარჩოებში (შედის კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, რუსეთი, შვეცია და აშშ) 1998 წლიდან მოქმედებს მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფი, რომელიც ცდილობს მდგრადი განვითარების წამყვანი ძალა გახდეს არქტიკაში. ისლანდიის ხელმძღვანელობით 2019 წელს მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფმა აამოქმედა პროექტი „ლურჯი ბიოეკონომიკა არქტიკის რეგიონში“, რომელიც მიზნად ისახავს ზღვის რესურსების გამოყენების რისკებს და შესაძლებლობების ანალიზს, აგრეთვე რეკომენდაციების შემუშავებას არქტიკის განახლებადი რესურსების უფრო მეტად ეფექტური გამოყენებისათვის. პროექტის რეალიზება ხდება ისლანდიაში, ნორვეგიაში, ჩრდილოეთ კანადაში და ალიასკაზე (აშშ).

არქტიკის საბჭოს  მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა არქტიკაში საზღვაო გადაზიდვების ტრენდის შესწავლა და მონიტორინგი, მ.შ. ჩრდილოეთის ზღვის გზით, საქმიანობა მიმდინარეობს არქტიკული ზღვის გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის მიერ.

აზიის განვითარების ბანკი – აზიის განვითარების ბანკის 2030 სტარეტეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტს „ჯანსაღი ოკენეები“ წარმოადგენს. 2019 წელს აზიის განვითარების ბანკმა დაიწყო სამოქმედო გეგმა „ჯანსაღი ოკეანეებისა“ და მდგრადი „ლურჯი ეკონომიკის“ კუთხით, რომლის რელიზაცია ფასდება 5 მლრდ აშშ დოლარით. იმედოვნებენ, რომ მოცემული გეგმის ფარგლებში გაიზრდება დაფინანსება და ტექნიკური დახმარება პროექტებისათვის 2019-2024 წლების პერიოდში, პარტნიორების მხრიდან თანადაფინანსების გათვალისწინებით. მოცემული გეგმის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი იწყებს ოკეანეების ფინანსირების ინიციატივას – კერძო სექტორების ხელშეწყობისათვის   ინვესტირება მოახდინონ „ლურჯი ეკონომიკის“ დარგების მდგრად პროექტებში. ინიციატივის ფარგლებში  აზიის განვითარების ბანკისა და სხვა დონორებისაგან პროექტების ტექნიკური და ფინანსური რისკების შესამცირებლად გაიცემა გრანტები ტექნიკურ დახმარებასა და ფინანსირებაზე. აზიის განვითარების ბანკი გეგმავს გამოიყენოს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა „ლურჯი ობლიგაციები“ და საკრედიტო რისკის გრანტები.

2021 წელს აზის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შეიქმნა სუფთა და მდგრადი ოკეანეების პარტნიორობა აზიურ-წყნარი ოკეანის რეგიონში აღნიშნული პროექტების მხარდასაჭერად.

მსოფლიო ბანკი  – მსოფლიო ბანკის აქტიური პორტფელი „ლურჯი ეკონომიკის“ კუთხით დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტები ეხება მეთევზეობის მსხვილი რეგიონული პროგრამების განხორციელებას აფრიკასა და წყნარ ოკეანეში, აგრეთვე საზღვაო გარემოს დაბინძურების წყაროებთან ბრძოლას და სანაპირო რაიონების განვითარების მხარდაჭერას მთელს მსოფლიოში.

„ლურჯი ეკონომიკის“ საერთო პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში მსოფლიო ბანკმა 2018 წელს მრავალდონიანი სასტარტო ფონდი Problue შექმნა. ეს ფონდი დაფინანსებას ღებულობს ნორვეგიიდან, შვედეთიდან, ისლანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან, დანიიდან და აშშ-დან. დონორებმა ფონდზე 150 მლდ აშშ დოლარი გამოყვეს 2005 წლიდან მსოფლიო ბანკი ახდენს მდგრადი მეთევზეობიოს გლობალური პროგრამის ProFish რეალიზაციას. ამ პროგრამის ფარგლებში ხდება საერთაშორისო დახმარების გაწევა ისეთ ინიციატივებზე, როგორიცაა მდგრადი თევზჭერის სფეროში და წყლის რესურსების გამოყენებაზე.

ევროპის საინვესტიციო ბანკი – ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროკომისიის ინიციატივა მიმართულია იმ სტარტაპებისა და მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისაკენ, რომლებიც აქტიურად ფუნქციონირებენ  „ლურჯი ეკონომიკის“ დარგებში. 2020 წელს blueInvest Day-ის კონფერენციის ფარგლებში ბრიუსელში შეიქმნა blueInvest-ის ფონდი 75 მლნ ევროს ოდენობით.

2019 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა აამუშავა მდგრადი ოკეანეების სტრატეგია (Blue sos), მდგრადი ოკეანეების პროექტების დაფინანსების გაზრდის ვალდებულებებით 2,5 მლრდ ევრომდე 5 წლის განმავლობაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ახდენს ინვესტიციების რეალიზებას „მწვანე“ საზღვაო გადაზიდვებში. 10 წლის განმავლობაში ევროპის საინვესტიციო ბანკმა გაიღო 2 მლრდ ევროს ინვესტირება და მხარი დაუჭირა 6 მლრდ ევროს ინვესტიციებს. შექმნა „მწვანე“ საზღვაო გადაზიდვების 2 ინსტრუმენტი: „მწვანე“ საზღვაო გადაზიდვბის გარანტირების პროგრამა და „მწვანე“ საზღვაო გადაზიდვებისათვის სესხის მიცემის პროგრამა ატმოსფეროში ნაოსნობისაგან მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით.

ევროპის საინვესტიციო ბანკი მონაწილეობს ევროპაში ქარის ოფშორული ენერგიის პროეტების 40%-ის ფინანსირებაში (დაახლოებით 11 მლრდ ევრო). აგრეთვე ბანკი აფინანსებს ფინური სტარტაპის Wave Roller -ის ტექნოლოგიის ფინანსირებას, ტალღის ენერგიის სფეროში, სადაც იგეგმება 10 მლნ ევროს ინვესტირება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – წარმოადგენს რა მდგრადი ლურჯი ეკონომიკის ფორმირების პრინციპების მონაწილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აგრძელებს თავის მისიას ხელი შეუწყოს ზღვის ბუნებრივი კაპიატალის მდგრად ლურჯ მომავალს და სამუშაოს მიმართავს წყლის და ზღვის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისაკენ.

დღეისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირდაპირი ინვესტიციები „ლურჯი ეკონომიკის“ სექტორებში 7,37, მლრდ. ევროს შეადგენს (პროექტის მთლიანი ღირებულება 20,9 მლრდ ევროა). ძირითადად ეს ეხება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებს (დაახლოებით 870 მლნ. ევრო); მყარი ნარჩენების მართვას (დაახლ. 770 მლნ ევრო); და სანაპირო ინვესტიციებს უძრავ ქონებასა და ტურიზმში (დახ. 330 მლნ ევრო).

რაც შეეხება ტექნოლოგიების გადაცემას, ბანკი მხარს უჭერს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას უფრო მეტად სუფთა სანაპიროებისა და წყლის სისტემებისათვის ხმელთაშუაზღვის რეგიონში ეკოლოგიური ტექნოლოგიების გადაცემას თავისი პროგრამის ჩარჩოში. ეს პროგრამა ხორციელდება გაეროს გარემო ბუნების დაცვის პროგრამასთან ერთად და ფინანსირდება გლობალურ ეკოლოგიურ ფონდთან ერთობლივად. ის აერთიანებს ინვესტიციებს, რომლებიც მიმართულია ტექნიკური დახმარებისაკენ, პოლიტიკური დიალოგისა და შესაძლებლობების გაფართოვების ღონისძიებებისაკენ.

თანამშრომლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან გრძელდება მდგრადი საზღვაო ტრანსპორტის ფინანსირების ინიციატივის ფარგლებში. ეს ინიციატივა უზრუნველყოფს რეგულარულ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის საზღვაო ნაოსნობის სფეროში ფინანსური პრობლემების გადაწყვეტისას, რომლებიც დაკავშირებულია გადაზიდვის სექტორის შედარებით მდგრად და მყარ მომავალზე გადასვლასთან [Sumaila, U.R.,..2020].

ამას გარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს გააჩნია დიდი გამოცდილება ჩამდინარე წყლების გასუფთავების ეფექტიანი საშუალებების ინვესტირებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წყლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის და „ლურჯი ეკონომიკის“ დაცვისთვის. ბოლო წლებში ბანკმა გამოყო 70 მლნ ევრო ინვესტიციებზე ჩამდინარე წყლების გაწმნდის თანამედროვე სისტემებში. ძირითადად ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტებთან პარტნიორობით ბულგარეთის, ხორვატიის და რუმინეთის 7 ქალაქში.

„ლურჯი ეკონომიკის“ სფეროში ინიციატივები აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის.

საკვები ნარჩენებით მარალი დაბინძურების გამო, ასევე პლასტმასით და ზღვის ნარჩენებით დანაგვიანების შედეგად მნიშვნელოვნად იკლებს შავი ზღვის გარემოს ხარისხი.

გარემოს დაბინძურების გამოწვევების საპასუხოდ მსოფლიო ბანკი და მისი პარტნიორები აქტიურად ჩაებნენ რეგიონული მიდგომების დაგეგმვაში და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის დაფინანასებით ჩამოაყალიბეს შავი ზღვის გალურჯების რეგიონული პროექტი.

შავი ზღვის გალურჯების პროექტი საერთო საზღვაო დღის წესრიგის და მისი 7 ხელმომწერი ქვეყნის – ბულგარეთი, მოლდოვა, რუმინეთი, საქართველო, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა და თურქეთი – მხარდასაჭერ ინიციატივას წარმოადგენს. პროექტი მიზნად ისახავს რიგი ქმედებების წამოწყებას ეროვნულ დონეზეც, რაც მოლოდაში, საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში უნდა განხორციელდეს. აღნიშნულ პროექტს კოორდინაციას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამდივნო უწევს. პროექტი შესაბამისობაში უნდა იყოს მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ პრინციპებთან და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მოთხოვნებთან.

2019 წელს ბუქარესტში, შავი ზღვის „სერთო საზღვაო დღის წესრიგის“ მხარადასაჭერად, გაიმართა ბულგარეთის საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და უკრაინის მინისტრების და ვიცე-მინისტრების შეხვედრა. „საერთო საზღვაო დღის წესრიგი შავი ზღვისთვის“ ევროკომისიის მიერ  ინიცირებული პროცესის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის სინერგიას. „საერთო საზღვაო დღის წესრიგის“ მხარდასაჭერად, 2019 წლის მაისში საფუძველი ჩაეყარა აგრეთვე შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგს, კვლევებისა და ინოვაციების მხარდასაჭერად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ახალი ადგილობრივი, ეროვნული და ტრანსსასაზღვრო პოლიტიკური ღონისძიებები [Taylor S. et al. 2017].

„საერთო საზღვაო დღის წესრიგის“ განხორციელებას მხარს უჭერენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და შავი ზღვის კომისია. შავი ზღვის ეკონომიკური თანამაშრომლობის ორგანიზაციის მიზანია მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების მეშვეობით ხელი შეუწყოს წევრს ქვეყნებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობებს.

თანამშრომლობის ორგანიზაციას საფუძველი ჩაეყარა როგორც რეგიონული საკუთრების ინიციატივას, მას შემდეგ, როდესაც 1992 წლის 25 ივნისს, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ხელმოწერილი იქნა სამიტის დეკლარაცია და ბოსფორის დადგენილება. შავი ზღვის კომისია ჩამოყალიბდა ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის ფედერაციის და უკრაინის ერთობლივი შეთანხმებით 1992 წელს, ხოლო მოგვიანებით განხორციელდა სავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციის რატიფიკაცია, რომელიც „ბუქარესტის კონვენციის“ სახელითაა ცნობილი. აღნიშნული წარმოადგენს ძირითად ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს: დაბინძურების სახმელეთო წყაროების კონტროლს; ნარჩენების ზღვაში ჩაყრას და ავარიულ შემთხვევებზე ერთობლივ რეაგირებას.

„საერთო საზღვაო დღის წესრიგის“ მხარადასაჭერად, მსოფლიო ბანკი საფუძველს უყრის შავი ზღვის გალურჯების პროგრამას, რომლის მიზანს შავ ზღვაში ლურჯი ეკონომიკების ინვესტირების პროცესის დაჩქარება წარმოადგენს. შავი ზღვის გალურჯების პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც საინვესტიციო, ისე ანალიტიკური კომპონენტები და საწყის ეტაპზე აქცენტი კეთდება შავი ზღვის დაბინძურების შემცირებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და ბულგარეთის ასოციაციებმა შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. საქართველო ქარის ენერგიის განვითარებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპას, თუმცა პოტენციალი ამ მიმართულებით არსებობს, რომლის ათვისებაც ბაზრის ამოქმედებით და შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმების გამოყენებით შესაძლებელია.

დასკვნა

მსოფლიოს დღის წესრიგში საკმაოდ მწვავედ დგას საკითხი ოკეანის ეკოსისტემის სწრაფი დეგრადაციის პირობებში რესურსების არარაეგულირებადი მოპოვების, ზღვის ორგანიზმების საარსებო არეალის განადგურების, კლიმატის ცვლილების, წყლის დაბინძურებისა და მდგრადი მართვის პრაქტიკაზე გადასვლის შესახებ. აღნიშნულ პრობლემებს ეკოლოგიური ხასიათის გარდა დიდი ფინანსური დანაკარგები გააჩნიათ, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ოკეანეები და ზღვები უზრუნველყოფენ საკვებით დედამიწის მოსახლეობის 10-12%-ს. კლიმატის დცლილების მთავრობათაშორისი პანელის ჯგუფის შეფასებით, ოკეანეები ადამინის მიერ გამომუშავებული ნახშირორჟანგის 30%-ს შთანთქავენ. უზარმაზარი პოტენციალის მატარებელია ოკეანის განახლებადი ენერგია. სწორედ ამიტომ, გლობალური აქტუალური ტენდენციის ფონზე, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდის ახალი წყაროების ძიება, მდგრად განვითარებაზე გადასვლა, გლობალური და ეროვნული მიზნების მიღება ნახშირორჟანგის გამოფრქვევის შემცირებისათვის, „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარებისადმი ყურადღება მუდმივად იზრდება, ისევე, როგორც იმ პროექტებისა და საერთაშორისო ინიციატივების რიცხვი, რომლებიც მის პრაქტიკულ რეალიზაციასთან არის დაკავშირებული.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თ. ლაზარაშვილი, ნ. კაკულია. „ლურჯი ეკონომიკის“ პოტენციალი და შესაძლებლობები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”,  თბილისი, 2023, 3 ნოემბერი.
  2. Blue growth: unlocking the potential of the oceans (H2020-BG-2014-2015), Blue Growth: demonstrating an ocean of opportunities (H2020-BG-2016-2017), Blue Growth: sustainably harvest the potential of aquatic and marine resources, while protecting biodiversity and enhancing climate resilience (H2020-BG-2018-2020).
  3. Sumaila, U.R., Walsh, M., Hoareau, K. et al. Financing a sustainable ocean economy. Nat Commun 12, 3259 (2021). https://doi.org/10.1038/s41467-021-23168-y
  4. P. Ramirez-Monsalve, J Van Tatenhove ‘Mechanisms of power in maritime spatial planning processes in Denmark, Ocean & Coastal Management’ (2020).
  5. Taylor S. et al. (2017). Eunomia. Green Jobs in the Blue Economy – A Bottom-up Approach. No 11.066100/2015/716324/SFRA/ENV.C2 . Final Report to DG Environment of the European Commission.
  6. The EU Blue Economy Report 2022. European Union, 2022.
  7. http://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=&cat=pers&leng=ge&adgi=1528&title ნესტან ვარშანიძე ∘ლურჯი ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები
  8. https://oceanfdn.org/ka მდგრადი ლურჯი ეკონომიკა.