English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ მზია შელია ნათია ჭელიძე
მოსახლეობის აღრიცხვის სრულყოფის შესახებ

DOI: 10.36172/EKONOMISTI.2024.XX.03.SHELIA.CHELIDZE

ანოტაცია

მოსახლეობის აღრიცხვის აუცილებლობის მოთხოვნის გაჩენიდან დღემდე  მუდმივად იხვეწებოდა მოსახლეობის აღრიცხვის პროგრამები, მათ შორის, საქართველოშიც. ეს საკითხი ამჟამადაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. კერძოდ, პოსტსაბჭოთა პერიოდის აღწერებისას მიღებული შედეგები, განსაკუთრებით, მოსახლეობის მიგრაციაზე მიღებული ინფორმაცია მუდმივი კრიტიკის ობიექტი გახდა. 

ნაშრომში განხილულია ისტორიულად რა პროგრამით აღრიცხავდნენ მოსახლეობას საქართველოში, როგორ ხდებოდა ამ პროგრამების სრულყოფა პოსტაბჭოთა პერიოდში. გაანალიზებულია ის ხარვეზებიც, რაც ახასიათებდა ბოლო, საქართველოს 2014 წლის აღწერას და დღევანდელ მოსახლეობის მიმდინარე აღრიცხვას. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მიუხედავად იმ ნაკლისა, რაც ახასიათებდა ემიგრაციის აღრიცხვას, ფინანსური და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, მიზანშეუწონელია მისი აღურიცხაობა მოსახლეობის 2024 წლის აღწერისას, მისი ამოღება მოსახლეობის აღწერის პროგრამიდან; დადგენილია, რომ, მოსახლეობის დათვლა მხოლოდ ერთი კატეგორიის, მუდმივი მოსახლეობის მიხედვით არ უნდა მოხდეს. გარდა ამისა ქვეყნის კრიტიკული დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე, დემოგრაფიული უსაფრთხოების მიზნით, უნდა აღდგეს მიმდინარე აღრიხვისას დაბადებულთა ეროვნულ ჭრილში აღრიცხვა, მოსახლეობის შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მიღებისათვის კი საჭიროა საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდეს ისეთ სამართლებრივ ნორმებს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს აღურიცხავი მოსახლეობის რიცხვს. 

საკვანძო სიტყვები: მოსახლეობის აღწერა, მოსახლეობის მიმდინარე აღრიცხვა, დემოგრაფია, მიგრაცია.

შესავალი 

მოსახლეობის აღრიცხვა ახალი მოვლენა არ არის. ის ცივილიზებულ სამყაროში პერიოდულად ტარდებოდა სამხედრო თუ სამეურნეო მიზნით. საყოველთაო აღწერები კი მე-18 საუკუნიდან იღებენ სათავეს. დროთა განმავლობაში იხვეწებოდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამებიც წინა აღწერის დროს დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით დროის მოთხოვნის შესაბამისად. ეს ცვლილებები დამახასიათებელი იყო საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერებისათვისაც. მაგალითად, 1990-იან წლებში მკვეთრად გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით 2002 წლის აღწერის კითხვარში შეიტანეს კითხვა „მოსალოდნელ ბავშვთა რაოდენობის“ შესახებ, „რელიგიური კუთვნილების შესახებ“.  2014 წლის აღწერისას  - „ჯანმრთელობის შესახებ“. ამავე დროს, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოთხოვნიდან გამომდინარე იგივე წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პარალელურად ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. იგივე ღონისძიებაა დაგეგმილი 2024 წლის საყოველთაო აღწერის დროსაც.

პოსტსაბჭოთა პერიოდში მოსახლეობის სტატისტიკის სრულყოფის ღონისძიებათა მიუხედავად, ჯერჯერობით, მაინც რჩება ზოგიერთი ნაკლოვანება, რისი დანახვა და დროული აღმოფხვის ღონისძიებათა განსაზღვრა გახდა ამ სტატიის მიზანი. 

კვლევის შედეგი 

საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერები 1897 წლიდან იწყება. თუმცაივანე ჯავახიშვილი ნაშრომში „ხალხის აღწერის და შემოსავლის დავთრები საქართველოში“, ისტორიულ წყაროებზე დაყდნობით ასაბუთებს საქართვალოში პერიოდული, 7 წელიწადში ერთხელ, მოსახლეობის  აღწერის ტრადიციის არსებობას, მიუთითებს მოსახლეობის აღწერის არსებულ მიზნებზე (ფინანსური და სამხედრო), აღწერის პროგრამის არსებობაზე, აღწერის ფინანსური უზრუნველყოფის წყაროებზე. კერძოდ, მოსახლეობა აღიწერებოდა არა მარტო ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით, არამედ ოჯახური მდგომარეობის, სოციალური სტატუსის (წოდების), კუთვნილების (რომელ ფეოდალს ეკუთვნოდა), ხელობის (პროფესიის), ტერიტორიული მოძრაობის მიხედვითაც კი, მაგალითად,  რამდენი ხიზანი[1] ან აყრილი[2] იყო ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში.  მოსახლეობა აღირიცხებოდა ქალაქისა და სოფლის ჭრილშიც [ ჯავახიშვილი, 1901].

იმ დროში გადასახადების აკრეფის მიზნით ჩატარებული აღწერა არ ითვალისწინებდა ე.წ. „შეუძლებელნის“ (ბავშვების, ქალების, მოხუცების და ღარიბ ღატაკთა) აღწერას. თუმცა „ზემოაღნიშნული დებულების მიუხედავად, დავთრებში ყველგან ობლები, ე.ი. უჰასაკონი, შეტანილნი არიან, ზოგან შეუძლებელიც აქა-იქ იხსენიება. ამას გარდა აყრილის და ამოვარდნილი საკომლოების შესახებაც მოიპოვება ცნობები. ობლებს იმიტომ იხსენიებდნენ, რომ საკომლოს წარმომადგენელნი არიან, დანარჩენი კი უჰასაკონი, აღნიშნულნი არ არიან. აყრილთა და ამოვარდნილთა აღწერაც  საკომლოების აღრიცხვის მიზნით არის ნაკარნახევი. შეუძლებელთა შესახებ ცნობები ყველა დავთარში არ მოიპოვება, იქაც სადაც ცნობები გვხვდება, მაინც იშვითათ გამონაკლისს წარმოადგენს“ [ჯავახიშვილი, 1901].

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მე-19 საუკუნეში, 1801-1802 წლებში რუსეთის მიერ ჩატარებული კამერალური აღწერის პროგრამად ქართული დედანი აუღიათ, გადაურუსულებიათ და „მოსახლეობა აღურიცხავთ ქართული სახელმწიფოებრიობის იმ დროისათვის ჯერ კიდევ გადარჩენილი აპარატის საშუალებით“. მე-17-18 საუკუნის აღწერის დავთრების მიმოხილვის საფუძველზე ივანე ჯავახიშვილი ასკვნის, რომ „ქართულ სახელმწიფოებრიობას თავის მოთხოვნილებათა შესაფერისად დემოგრაფია წესიერად ჰქონია მოწყობილი“ (ჯავახიშვილი, 1930:43). საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ საქართველოში მოსახლეობის არასწორი აღრიცხვა კანონმდებლობით ისჯებოდა. კერძოდ, თუ რომელიმე ფეოდალი ყმას ან კომლს დამალავდა, დაფარული ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში ფეოდალს ერთმეოდა ეს ყმა და ან სხვა ფეოდალის საკუთრება ხდებოდა, ან სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა. „მთავრობის ასეთი სიფხიზლე და სიმკაცრე ამგვარი დანაშაულებისადმი ხალხის აღწერის დავთრების შედგენის დროს უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ დავთრების ცნობათა ამ თვისების ნაკლი ნორმაზე საგრძნობლად მოჭარბებული არ უნდა ყოფილიყო“ [ჯავახიშვილი, 1930:48).

მაშასადამე, ჩვენს წინაპრებს სრულფასოვანი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი მექანიზმიც ჰქონდათ შემუშავებული სამართლებრივი ნორმის სახით.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას ზუსტი ინფორმაციის მიღება ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად გაცნობიერებული აქვს მოსახლეობას საყოველთაო აღწერის მნიშვნელობა. თუ ის კეთილგანწყობილია აღწერის პროცესის მიმართ, მაშინ აქტიურად თანამშრომლობს და მონაცემთა ხარისხიც მაღალია. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი აქვს დიდ ცდომილებებს. მაგალითად, 5%-იანი ცდომილების შემთხვვევაში ცუდი შედეგი გვაქვს (საქართველოსათვის ეს 185 000 კაცის აღურიცხაობას ნიშნავს), ხოლო 10% და მეტის შემთხვევაში სრულ კრახთან გვაქვს საქმე.

სხვადასხვა ქვეყნებში აღწერაში მონაწილეობის მიუღებლობა ან ცრუ ინფორმაციის მიწოდება სამართლებრივად ისჯება. მაგალითად, კანადაში ასეთი ადამიანი 500 დოლარით ჯარიმდება, ან სამთვიანი პატიმრობა ემუქრება ან კიდევ ორივე ერთად. აღწერის შემდეგ დგება იმ ადამიანთა სიები, ვინც არ მიიღო მონაწილეობა აღწერაში და გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს; ავსტრალიაში სააღწერო ფურცლის მიწოდების დაგვიანების შემთხვევაში ყოველ დაგვიანებულ დღეზე 100 დოლარია ჯარიმა; თურქეთში სანამ ამ ქვეყნის ბინადარი სააღწერო ფურცელს არ შეავსებს, ეკრძალება სახლიდან თუ სასტუმროდან გასვლა და ა.შ. [Проблема полноты учета населения при проведении переписи.: https://istoriirossii.ru/rf/102-problema-polnoty- ucheta-naseleniya-pri-provedenii-perepisi.html]

ჩვენი კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ავალდებულებს საქართველოს ყველა მოქალაქესა თუ ბინადარს მოსახლეობის აღწერაში მონაწილეობის მიღებას და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში არ აწესებს არანაირ სამართლებრივ სასჯელს.

თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის სრულფასოვანი საყოველთაო აღრიცხვის დიდ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას, ბუნებრივია, ამ საგანზე უნდა ვიფიქროთ, მითუმეტეს, რომ ამის ისტორიული გამოცდილებაც გვაქვს.  მითუმეტეს  ყოველ აღწერის ჩატარების შემდეგ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მხრიდან ისმის შენიშვნები ამა თუ იმ კატეგორიის მოსახლეობის აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებების შესახებ. ჩვენ განსაკუთრებით გამოვყოფდით მიგრაციის აღრიცხვას, კერძოდ, გარე მიგრაციის აღრიცხვას, რადგან 1990-იანი წლების დასაწყისიდან ემიგრაცია საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა. მძიმე სოცილურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ ქვეყნებს შორის მიმოსვლის ლიბერალიზაციის პირობებში, გააიოლა ქვეყნის დატოვება. ბუნებრივია, საერთაშორისო მიგრაციის აღრიცხვაც კიდევ უფრო საჭირო გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შემუშავდა მიგრანტთა აღრიცხვის მეთოდოლოგია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც დაიწყო ინფორმაციის დამუშავება მიგრაციის სალდოს ყოველწლიური მაჩვენებლისა; თუმცა ეს ხდებოდა მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება ინფორმაციის მოპოვება მუნიციპალიტეტის დონეზე, რაც საშუალებას მოგვცემდა თვალი მიგვედევნებინა ტერიტორიული განსახლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისათვის და შეგვეფასებინა აღწერათაშორის პერიოდში ცალკეული მხარის და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცვლილების დინამიკა. ეს თავის მხრივ, საშუალებას მისცემდა ქვეყანას, უფრო ეფექტური რეგიონული პოლიტიკა შეემუშავებინა. ამავე დროს პოსტსაბჭოთა პერიოდის (2002, 2014 წლების) აღწერების პროგრამებში ჩაიდო ცალკე სააღწერო ფურცელი მიგრანტთა აღრიცხვისათვის. მიღებული შედეგები მკვლევართა კრიტიკის საგანი გახდა [წულაძე, 2007; მელაძე, 2018;  სულაბერიძე, 2017; ტუხაშვილი, 2016 და ა. შ]. აღმოჩნდა, რომ აღწერათაშორის პერიოდში მოსახლეობის კლება იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე აღწერით აღრიცხული ემიგრანტთა მაჩვენებელი. მაგალითად, 1989-2002 წლების აღწერათაშორის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა 1 409 000 კაცით, 2002 წლის აღწერამ მხოლოდ 110 ათასი ემიგრანტი დააფიქსირა, 2002-2014 წლების აღწერათაშორის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა 587 000 კაცით, 2014 წლის აღწერამ მხოლოდ 88000 ემიგრანტი დააფიქსირა [2002 და 2014 წლის მოსახლეობის აღწერები]. როგორც ჩანს სხვა მიზეზებთან ერთად მოსახლეობამაც  ნაკლებად ითანამშრომლა და აღმწერს არ მიაწოდა ინფორმაცია ოჯახიდან ემიგრაციაში წასულ წევრზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მთელი ოჯახის ემიგრაციაზე და მის აღურიცხაობაზე.

რამდენადაც ემიგრანტთა რიცხვი რეალურად ვერ დგინდებოდა, ლოგიკურად გაჩნდა მოსაზრება, აღწერის პროგრამიდან ემიგრანტთა აღრიცხვის ამოღებაზე, ამ საკითხის ცალკე შერჩევითი კვლევის საგნად გახდომაზე.

მაგრამ ამ მოსაზრებამ ჩვენში ასეთი კითხვები გააჩინა: რამდენად იაფი იქნება ემიგრაციის ცალკე შერჩევითი კვლევით გამოკვლევა, ვიდრე მოსახლეობის აღწერის ფორმატში მისი აღრიცხვაა? რა პერიოდულობით ჩატარდება ის, 10 წელიწადში ერთხელ თუ ყოველწლიურად? შერჩევითი კვლევისას უფრო მეტად ითანამშრომლებს მოსახლეობა აღმწერთან, ვიდრე მოსახლეობის აღწერისას? რამდენად იქნება შესადარისი აღწერის შემდეგ ჩატარებული შერჩევითი კვლევის მონაცემები მიგრაციის შესახებ?

ბოლო აღწერებით, მართალია ვერ ვადგენდით მიგრანტთა ზუსტ რიცხვს, მაგრამ სრულ და ბევრად სანდო ინფორმაციას ვიღებდით მათ სტრუქტურაზე, მოტივაციაზე და ა.შ.. 88000 კაცის შესახებ მიღებული ინფორმაცია ბევრად  რეპრეზენტატულია 10000 კაცის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე. გარდა ამისა, სააღწერო პროგრამიდან მისი ამოღება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ხარჯს არ ამცირებს, დამატებით ამ საკითხის კვლევა კი უფრო აძვირებს მას, ინფორმაციის სანდოობა კი არც შერჩევითი კვლევის დროსაა გარანტირებული. გარდა ამისა აღწერის დროს მიღებული მონაცემები უფრო შესადარისი იქნება, ვიდრე აღწერის შემდგომ. ერთი ან ორი წლის მერე ჩატარებული კვლევის მასალა, რაც მის მნიშვნელობას შეამცირებს.

ბოლო დროს მოსახლეობის აღრიცხვის პრაქტიკაში სხვადასხვა ქვეყნები სულ უფრო მეტად ეძებენ მოსახლეობის აღიცხვის ალტერნატიულ გზებს, რომელიც გააიაფებს ინფორმაციას მოსახლეობის შესახებ. მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ფართოდ იყენებენ ელექტრონულ რეგისტრებს, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ თუ ინფორმაცია მკაცრი იურიდიული კონტროლის ქვეშ არაა, ინფორმაციის სიზუსტე საეჭვო ხდება. ამიტომ დამატებით შერჩევით კვლევას ატარებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კლასიკური წესით, აღწერით მიღებული ინფორმაცია მოწმდება ყოველწლიურად ჩატარებული შერჩევითი კვლევებით. ისინი მდიდარი ქვეყნებია და ამის ფუფუნების უფლებაც აქვთ. საფრანგეთში 2004 წლიდან უარი თქვეს აღწერის ტრადიციულ ფორმატზე და მოსახლეობის აღრიცხვას ე.წ. გამჭოლი, მონაცვლეობითი მეთოდით აწარმოებენ და ა.შ. [ Валенте,2012]. მაგრამ რამდენად აქვს უფლება გააძვიროს მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია ქვეყანას, სადაც ერთ სულზე შემოსავალი რამდენჯერმე ჩამორჩება ზემოაღნიშნულ ქვეყნებში იგივე მაჩვენებელს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ცრუ ინფორმაციისგან დაცვის სამართლებრივი ნორმებიც არ გვაქვს შემუშავებული. ამიტომ, ჩვენი აზრით, სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ და შევქმნათ ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ცდომილებები. თუმცა მარტო ეს საკმარისი არ იქნება. ამასთან ერთად საჭიროა მოსახლეობის საყოველთაო აღწერას წინ უძღვოდეს ეფექტური სარეკლამო  საქმიანობა, სააგიტაციო მუშაობა მოსახლეობაში, მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შესახებ. ვფიქრობთ, ეს საშუალებას მოგვცემს მოსახლეობის საყოველთაო აღწერით მიღებული ინფორმაციის ხარისხი ავამაღლოთ, ცდომილებები მინიმუმამდე დავიყვანოთ ისე, რომ ინფრომაციის გაძვირება არ მოხდეს.

მაშასადამე, ემიგრანტთა აღრიცხვის ამოღება მოსახლეობის აღწერის პროგრამიდან ფინანსურადაც და მეთოდოლოგიურადაც გაუმართლებლად მიგვაჩნია. ამ მონაცემთა დროულ მიღებას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების მდგრადობა დიდადაა დამოკიდებული ქვეყანაში მიგრაციული პროცესების დინამიკაზე.

შეუძლებელია არ აღვნიშნოთ  2014 წლის აღწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლიც. ამ დროს აღიწერა მხოლოდ საქართველოს მუდმივი მოსახლეობა. არ აღიწერა ე.წ. „სახეზე მყოფი მოსახლეობა“.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სახეზე მყოფი მოსახლეობის კატეგორია ხმარებაში შემოიტანა ბელგიელმა დემოგრაფმა და სტატისტიკოსმა  ა. კეტლემ 1846 წელს ბელგიაში ჩატარებული აღწერისას. ესაა აღწერის დროს ქვეყანაში არსებული ფაქტიური მოსახლეობა. ის მუდმივ მოსახლეობასთან ერთად მოიცავს იმ პირთ, ვინც დროებით იმყოფება მოცემულ ტერიტორიაზე აღწერის დროს. ესენი შეიძლება იყვნენ ტურისტები, საქმიანი ვიზიტით ჩამოსულნი, სტუმრები, ტრანზიტით მყოფნი, სეზონურ სამუშაოზე ჩამოსულნი და ა.შ.

სახეზე მყოფ ანუ ფაქტიური მოსახლეობის აღწერას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობაც და გაეროს რეკომენდაციებიც. რატომ ვერ მოხერხდა მისი დათვლა ჩვენთვის გაუგებარია. თუმცა შევნიშნავთ იმას, რომ მისი განსაზღვრის აუცილებლობა მომდინარეობს შემდეგი გარემოებიდან: ფაქტიური მოსახლეობის რიცხოვნობით განისაზღვრება მომსახურებისა და ტრანსპორტის განვითარების ტენდენციები. იმ შემთხვევაში, როცა ფაქტობრივ და მუდმივ მოსახლეობას შორის განსხვავება დიდია, მას შეუძლია სირთულეების გამოწვევა სატრანსპორტო მომსახურებაში, საზოგადოების მომსახურების სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება სასტუმროთა მომსახურება, სწრაფი საზოგადოებრივი კვების ობიქტები თუ კულტურულ-გასართობი ცენტრები. იმ ქვეყნებში, სადაც მუდმივ და ფაქტობრივ მოსახლეობას შორის დიდი განსხვავება არაა, მითუმეტეს თუ ეს მრავალრიცხოვანი ქვეყნები არიან, შესაძლებელია ფაქტობრივი მოსახლეობა არც განსაზღვრონ. მაგრამ ჩვენი ქვეყანა ერთი, რომ მცირერიცხოვანია, მეორე რომ სატრანზიტო და მესამე, ტურისტული ნაკადებითაც მზარდი ქვეყანაა, ამიტომ ვფიქრობთ, მისი დათვლა აუცილებელია, რაც უნდა გავითვალისწინოთ 2024 წლის მოსახლეობის აღწერისას.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები განხორცილდა მოსახლეობის მიმდინარე სტატისტიკის აღრიცხვის სფეროში. მეტნაკლებად მოწესრიგდა დაბადებულთა და გარდაცვალებულთა აღრიცხვა. შეგვიძლია მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის დინამიკა შევაფასოთ, თვალი მივადევნოთ მოსახლეობის აღწარმოების მაჩვენებლებს. თუმცა არ შეგვიძლია თვალყურის დევნება აბორიგენი მოსახლეობის, ქართველთა ბუნებრივ მოძრაობაზე.

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა. ცალკეული ეროვნებების მიხედვით მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებელთა განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა ყველა კვლევით ქართველთა რეპროდუქციული ქცევა მოსახლეობის მარტივ აღწარმოებასაც კი ვერ უზრუნველყოფს, ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება საგანგაშოა და დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხი მეტად მწვავედ დგას. პასპორტში ეროვნების დაუფიქსირებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეროვნული სტრუქტურის ცვლილებას თვალი არ ვადევნოთ. ამის საშუალებას კი მხოლოდ მოსახლეობის აღწერა იძლევა, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.  ეს საკმაოდ დიდი პერიოდია იმისათვის, რომ დემოგრაფიული პროცესების რეგულირებისათვის რაიმე ხელშესახები ღონისძიება დროულად განხორციელდეს. ეროვნების მიხედვით დაბადებათა აღურიცხაობა შეიძლება მისაღები იყოს ისტორიულად იმიგრაციული ქვეყნებისათვის, მრავალრიცხოვანი ქვეყნებისათვის, მაგრამ არამც და არამც მცირერიცხოვანი  ემიგრაციული ქვეყნისათვის, რომელიც მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაშია. ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მიმდინარე აღრიცხვისას დაითვალოს ცალკეული ეროვნების ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებელი. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების მართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ერთ-ერთი აღწერის მონაცემებით აბორიგენი მოსახლეობა ამ ქვეყნის ეთნიკურ უმცირესობად იქცეს. ამის რეალური საშიშროება არსებობს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია ეროვნების გრაფა დაემატოს ჯანდაცვისა და სამოქალაქო რეესტრში არსებულ ბაზებს, რათა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საშუალება მიეცეს დათვალოს ეს მაჩვენებელი, ქვეყანას კი - გაატაროს ეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკა.

დასკვნა 

მიგრაციული პროცესების სრულყოფილი აღრიცხვა თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მისი გადაწყვეტა მსოფლიოს ყველა ქვეყნის დღის წესრიგშია. საქართველოს კრიტიკულმა დემოგრაფიულმა ვითარებამ კი განსაკუთრებით გაამწვავა მოსახლეობის აღრიცხვის სრულყოფის საკითხი. ქვეყნის ეკონომიკურმა ტრანსფორმაციამ შეცვალა განსახლების სისტემა, რამაც ცალკეული მხარისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დინამიკაზე პერმანენტული დაკვირვება მოითხოვა. ეს ემიგრაციის სრულყოფილი აღრიცხვის გარეშე შეუძლებელია. მოსახლეობის აღწერა კი ამის ყველაზე უკეთეს საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ტურისტული ქვეყნის სტატუსი მოითხოვს სახეზე მყოფი მოსახლეობის დათვლას. ქვეყნის დემოგრაფიული და ეროვნული უსაფრთხოება კი დაბადებულთა ეროვნულ ჭრილში აღრიცხვას.  გარდა ამისა მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის სრულყოფილი აღრიცხვისათვის საჭიროა იმ სამართლებრივი ნორმების დადგენა, რომელიც გააძლიერებს მოსახლეობის თანამშრომლობას მოსახლეობის აღმწერებთან და უზრუნველყოფს მოსახლეობის შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მიღებას. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

მელაძე გ., 2018, გარე მიგრაციის სტატისტიკური აღრიცხვის პრობლემები საქართველოში. ჟ. „მიგრაცია“#9. თბილისი. გვ.29-48.

მოსახლეობის 2002 და 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები. Geostat.ge 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური., 2024,  საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა.Geostat.ge 

საქართველოს კანონი  „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“., 2023, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5814124?publication=0 

სულაბერიძე ა., 2017, მიგრაციის სტატისტიკური აღრიცხვის მეთოდოლოგიური პრობლემები და მისი შედეგი საქართველოში. ჟ.“მიგრაცია“. # 8. თბილისი. გვ 70-78 

ტუხაშვილი მ., 2016, საქართველოს მოსახლეობის ტერიტორიული მობილობის კვლევის სტრატეგიის შესახებ. ჟ.“მიგრაცია“. #7. თბილისი. გვ.127-145 

წულაძე გ., 2007, მონაცემები გარე მიგრაციის შესახებ 2004-2005წწ: რეალობა თუ ნონსენსი. ჟ. „მიგრაცია“ #1. თბილისი. გვ.76-81 

ჭელიძე ზ., 2022, მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული ინდიკატორები და საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2024. UNFPA საქართველოს ოფისი. თბილისი 

ჯავახიშვილი ივ., 1901, ხალხის აღწერის და შემოსავლის დავთრები საქართველოში. ჟ. მოამბე. #4. განყ. II. გვ.1-17. https://digitallibrary.tsu.ge/book/ 2021/disertaciebi/javaxishvili_xalxis_ agweris_da_shemosavlis _davtari_ saqartveloshi.pdf 

ჯავახიშვილი ივ., 1930, საქართველოს ეკონომიკური ისტორია. წიგნი პირველი. „ქართული წიგნი“. ტფილისი.

Валенте П.(2012). Как переписывают население в европейских странах в 2010 годhttps:// www.demoscope.ru/ we.ekly/2012/ 0531/analit03.php. 

Методологическоеруководство поиспользованию данныхмобильных телефонов:Статистика Миграции., 2019, Глобальная рабочая группа ООН по использованию больших данных для целей официальной статистики. https://unstats.un.org/bigdata/task-teams/mobile-phone/MPD_Handbook_RUS.pdf 

Организация Объединенных Наций.. 2022.Руководствопо измерению международной миграциис помощью переписей населения. Нью Йорк 

Организация Объединенных Наций.(2021). Руководствопо подготовке и проведениюпереписей населенияи жилищногофонда. Второе пересмотренное издание. Нью-Йорк. 

Проблема полноты учета населения при проведении переписи.(2010) https://istoriirossii.ru/rf/102-problema-polnoty-ucheta-naseleniya-pri-provedenii-perepisi.html 

Пьянкова А., И., 2014, Традиционный и альтернативные методы проведения переписей населения.  Диссертация на соискание ученой степени кандидата социологических наук. Москва 

Рывкина О.Л.,  Османова Э.У., 2021. Перепись населения: зарубежный опит и современные тенденции.Экономика строительства и природопользова ния № 1 (78).DOI 10.37279/2519-4453-2021-1-83-94


[1] ხიზანი -გადმოსახლებული გლეხი, რომელსაც მიწა არ ჰქონდა და იჯარით აღებული მიწის დამუშავებით ირჩენდა თავს.

[2] აყრილი - გადასახლებული, წასული ბინადარი