English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ალექსანდრე შარაშენიძე
მოთხოვნა ჯანდაცვის სერვისებზე და სამედიცინო დაწესებულებების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობები (საქართველოს მაგალითზე)

DOI:10.36172/EKONOMISTI.2024.XX.03.SHARASHENIDZE

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, შეფასებულია საავადმყოფოს დატვირთვის სტანდარტები, გამოკვეთილია რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი (მოსახლეობის განაწილება, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პროფესიონალების ხელმისაწვდომობა), რომელიც გავლენას ახდენს ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაზე.

ნაშრომში დასაბუთებულია ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის შესწავლისა და სამედიცინო დაწესებულებების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობების დადგენის მნიშვნელობა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნა ზრდადია. სტატიაში გაანალიზებულია ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის ზრდის გამომწვევი ფაქტორები: 1. მოსახლეობის ზრდა და ხანდაზმულობა; 2. ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები; 3. ჯანდაცვის გამოწვევები სასოფლო დასახლებებში; 4. საჯარო ჯანმრთელობის ინიციატივები - ვაქცინაცია და ჯანმრთელობის განათლება; 5 კერძო სექტორის ზრდა.

მონაცემებისა და ჩატარებული კვლევების შეფასებით გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორი ხასიათდება საავადმყოფოების საწოლების სიჭარბით, დაბალი საწოლების დატვირთულობის მაჩვენებლებით და პირველადი ჯანდაცვის სერვისების არასაკმარისი გამოყენებით. ასევე, დასაბუთებულია, რომ სექტორი კვლავ ფრაგმენტულია, რაც ხელს უშლის ოპერაციული და ფინანსური ეფექტიანობის მიღწევას.

ეფექტიანობის ამაღლების ერთ-ერთ გზად მიჩნეულია შედარებით მცირე მოთამაშეების შერწყმა. ამასთან, შერწყმა განხილულია, როგორც სექტორში ეფექტიანობის გაზრდის სტრატეგია.

საავადმყოფოს საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი განხილულია როგორც საავადმყოფოს მუშაობის ან რესურსების გამოყენების ეფექტიანობის შეფასების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. 

ნაშრომში მოცემულია დასკვნები და შემუშავებულია რეკომენდაციები საქართველოში ჯანდაცვის სერვისების მაჩვენებლების გაუმჯობესების გზებსა და სამედიცინო დაწესებულებების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობებზე.

საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვის სერვისები, მოთხოვნა, სამედიცინო დაწესებულებები, ეფექტიანობის ზრდა, შესაძლებლობები.

 

შესავალი

საქართველოს ჯანდაცვის სექტორი დიდწილადაა დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსებაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, ყოველი მოქალაქე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომით. საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, ისტორიული კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს ამ დამოკიდებულებას. მთავრობის მნიშვნელოვანი როლი ფინანსური დაცვის უზრუნველყოფასა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაში ასახავს საბჭოთა ეპოქიდან მემკვიდრეობით მიღებულ ძირითად სერვისებში სახელმწიფოს ჩართულობის აუცილებლობას.

საქართველოს ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების შედეგად ხდება, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ხარჯების დაფარვა. პირდაპირი დანახარჯები მოიცავს სამედიცინო სერვისებზე, საავადმყოფოების ოპერაციებსა და პერსონალის ხელფასებზე დახარჯულ თანხებს. არაპირდაპირ ხარჯები მოიცავს უფრო ფართო ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამები. ასეთი კომპლექსური სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას, მეორე მხრივ, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას. საავადმყოფოს დატვირთვის მაჩვენებელი გადამწყვეტი ფაქტორია, როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი დაანახარჯების დაფინანსებაში ჯანდაცვის სექტორში. ამ დანახარჯების სტანდარტის დადგენისას აუცილებელია განისაზღვროს შესაბამისი მაჩვენებელი, რომელიც უნდა ჩაითვალოს საავადმყოფოს დატვირთვის სტანდარტად.

ჯანდაცვის სისტემაზე, საავადმყოფოს დატვირთვის სტანდარტების ჩათვლით, გავლენას ახდენს რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი, როგორიცაა მოსახლეობის განაწილება, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პროფესიონალების ხელმისაწვდომობა. ფინანსური შეზღუდვები, დაუზღვეველი პირების მაღალი მაჩვენებლები. სოფლის ამბულატორიების დახურვა კიდევ უფრო ამძაფრებს ზეწოლას დარჩენილ სამედიცინო დაწესებულებებზე. ამერიკის საავადმყოფოების ასოციაციის თანახმად, ეს ელემენტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს იმ ოპერაციულ გამოწვევებს, რომლებსაც დღეს ჯანდაცვის პროვაიდერები აწყდებიან (American Hospital Association, 2022). ჩამოთვლილი პრობლემები ახლოსაა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებულ ვითარებასთან.

McKinsey&Company-ის მოხსენების თანახმად, ჯანდაცვის სისტემა მთელ მსოფლიოში ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა ფინანსური ზეწოლა, შრომითი რესურსის დეფიციტი და ტექნოლოგიური წინსვლის საჭიროება. საავადმყოფოს დატვირთვის ეფექტიანი მენეჯმენტი პასუხობს ამ გამოწვევებს და უზრუნველყოფს ჯანდაცვის სფეროს მომსახურებების უწყვეტ მიწოდებას (McKinsey&Company, 2020). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნა მზარდია.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის შესწავლა და სამედიცინო დაწესებულებების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობების დადგენა.

კვლევის მიზანი. კვლევის მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის თავისებურებების გამოვლენა საქართველოში, მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორების დადგენა და სამედიცინო დაწესებულებების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობებზე რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევისმეთოდოლოგია.

ჩატარებულია პრობლემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი, შეფასებულია სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშები, საქართველოს   სამინისტროებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები. შესწავლილია შესაბამისი მონაცემთა ბაზები. გამოყენებულია შედარების, ანალიზის, სინთეზისა და სხვა მეთოდი.

მასალებიდაანალიზი

მოსახლეობის ჯანმრთელობა ნებისმიერი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის (ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა – სტრატეგიული ხედვა 2023). საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უფლება (საქართველოს კონსტიტუცია, 1955), საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის თანახმად კი აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა ხარისხიანი, საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სერვისებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური რისკების გარეშე მოსახლეობის დაცვა ჯანმრთელობის საფრთხეებისგან. ამასთან, სტრატეგიის ზოგად მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით (საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია, 2022). არანაკლებ მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების შემცირება, სერვისების მიწოდების გაზრდა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით სოფლად და მოწყვლად არეალებში (American Hospital Association, 2019).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვამ, ჯანდაცვაზე მიმართული სახელმწიფო ხარჯების ზრდასთან ერთად, უდაოდ დადებითი ზეგავლენა მოახდინა სამედიცინო სერვისების მოხმარების ზრდაზე. თუმცა, იმისათვის, რომ შემცირდეს ან მთლიანად აღმოიფხვრას ფინანსური, კულტურული და სტრუქტურული ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისათვის, საჭიროა ამ ბარიერების სისტემატური შესწავლა, განსაკუთრებით აქტუალურია მოსახლეობის საჭიროებებზე დამყარებული ჯანდაცვის სისტემების ანალიზი და დამატებითი კვლევები ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნისათვის (ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, 2023).

საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე, როგორც აღინიშნა, მოთხოვნა ზრდადია. აღნიშნული  გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, როგორებიცაა: 1. მოსახლეობის ზრდა და ხანდაზმულობა - ხანდაზმულთა რაოდენობის ზრდა და დაავადებების მართვის საჭიროება ზრდის მოთხოვნას; 2. ჯანდაცვის  სფეროში გატარებული რეფორმები -  მოიცავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას; 3. ჯანდაცვის გამოწვევები სასოფლო დასახლებებში - სოფლად ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება; 4. საჯარო ჯანმრთელობის ინიციატივები -  ვაქცინაცია და ჯანმრთელობის  განათლება; 5 კერძო სექტორის ზრდა - კერძო კლინიკების და საავადმყოფოების გახსნა, რაც დამატებით არჩევანს თავაზობს პაციენტებს.

საქართველოს ჯანდაცვის სექტორის ანალიზი უპირველესად მოითხოვს  საავადმყოფოების საწოლფონდის დატვირთვისა და ეფექტიანობის მაჩვენებლების შესწავლას (World Health Organization 2024).

კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძო სექტორისათვის რაც შეიძლება დაბალ მაჩვენებელზე დაფუძნებული საავადმყოფოს დატვირთვის სტანდარტია ხელსაყრელი, ხოლო საჯარო სექტორის ინტერესში სტანდარტის გარკვეულ დონემდე გაზრდაა. სტანდარტის გარკვეულ დონეზე მაღლა გაზრდა შეიცავს რისკებს. საავადმყოფოების დატვირთვა ქვეყანაში ჯანდაცვის ეფექტიანობის კრიტიკული მაჩვენებელია. გლობალური და ადგილობრივი რისკების გათვალისწინებით, საავადმყოფოს 100%-იანი დატვირთვა აშკარად არ არის განხორციელებადი ან მდგრადი განვითარების მიზანი.

გალტის და თაგარტის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, საქართველოში საწოლფონდი 17 500-ია, რაც ყოველ 1000 მოსახლეზე 4.5 საწოლს ნიშნავს. დატვირთვის აღნიშნული მაჩვენებელზე დაყრდნობით საწოლების არსებული რაოდენობა მოსახლეობის საჭიროებებს აღემატება, კვლევის თანახმად საწოლების სიჭარბე ძირითადად საშუალო და მცირე საავადმყოფოების მატებამ განაპირობა (Curatio International Foundation, 2021). თავად კერძო სექტორის თვალსაზრისით ამგვარი მდგომარეობა უარყოფითად არის შეფასებული, რადგან ჭარბი საწარმოო სიმძლავრეები ჯანდაცვის სექტორში ნამდვილად ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, განსაკუთრებით, საქართველოს მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს თუ შევადარებთ. კერძოდ, საქართველოში საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ევროპისა (77%) და დსთ-ის (84%) საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს საავადმყოფოები ნაკლებად ეფექტიანდა იყენებენ საწოლფონდს.

ჯანდაცვის სერვისების გამოკვლევა მოითხოვს, ასევე, სექტორის ფრაგმენტულობის საკითხის ანალიზს. საქართველოს ჯანდაცვის სექტორის ანალიზმა გვიჩვენა,  მისი მკაფიო ფრაგმენტულობა. კერძოდ, დაწესებულებების 60%-დან  მხოლოდ 10,9%-ს გააჩნია ჰოსპიტალიზაცის შესაძლებლობა.  ჯანდაცვის სექტორის ტოპ სამ მოთამაშეზე მოდის შემოსავლების 27.1% და ჰოსპიტალიზაციის 30.9%. დანარჩენი მოთამაშეები ინდივიდუალურად ბაზრის 3%-ზე ნაკლებ წილს იკავებენ, როგორც შემოსავლების, ისე ჰოსპიტალიზაციის მიხედვით.

მონაცემების შესწავლით გამოიკვეთა, რომ საავადმყოფოების უმეტესობა პაციენტთა მცირე რაოდენობით მუშაობს. საქართველოს საავადმყოფოების საშუალო ზომა, საწოლფონდით გაზომილი, დაახლოებით სამჯერ მცირეა OECD ქვეყნების საავადმყოფოების საშუალო ზომასთან შედარებით. ეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს სექტორის არაეფექტიანობას და ფრაგმენტულობას.

ფრაგმენტაციის მაღალ დონეს ადასტურებს ბაზრის წილის მონაცემებიც.   ჰოსპიტალიზაციების მიხედვით ბაზრის წილი შემდეგნაირად არის განაწილებული:  ევექსი - 16.7%; ავერსი - 6.9%; ჯეო ჰოსპიტალსი - 5.5%; ინგოროყვას კლინიკა - 2.1%; ვივო მედიქალ ჯგუფი - 1.8%; ნიუ ჰოსპიტალსი - 1.7%; ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 1.7%.; დანარჩენი - 63.7%.

შემოსავლების მიხედვით ბაზრის წილი პირველი ხუთეული კლინიკისთვის ემთხვევა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის თანმიმდევრობას: ევექსი - 13.4%; ავერსი - 7.5%; ჯეო ჰოსპიტალსი - 3.1%; ვივო მედიქალ ჯგუფი - 2,8%; ნიუ ჰოსპიტალსი - 2.3%; თოდუას კლინიკა - 2.1%; ღუდუშაურის კლინიკა - 1.4%; დანარჩენი   - 67.4%.

საავადმყოფოების საწოლების რაოდენობამ 2021 წელს 20.6 ათასს (1000 მოსახლეზე 5.6 საწოლი) მიაღწია. ეს მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია ეუთოს  (76%), ევროკავშირისა (77%) და დსთ-ს საშუალო მაჩვენებელთან (83%) შედარებით, რაც მიუთითებს ჯანდაცვის  სისტემაში ეფექტიანობის დაბალ დონეზე.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორი ხასიათდება საავადმყოფოების საწოლების სიჭარბით, დაბალი საწოლების დატვირთულობის მაჩვენებლებით და პირველადი ჯანდაცვის სერვისების არასაკმარისი გამოყენებით. მიუხედავად ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა, სექტორი კვლავ ფრაგმენტულია, რაც ხელს უშლის ოპერაციული და ფინანსური ეფექტიანობის მიღწევას. ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად საჭიროა უკეთესი ინტეგრაციისა და კონსოლიდაციის ძალისხმევა სექტორში. საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები უპირველესად, უარყოფითად აისახება ფინანსურ მაჩვენებლებზეც. 

ოპერაციული და ფინანსური ეფექტიანობის თვალსაზრისით საქართველოს ჯანდაცვის სექტორის ოპერაციული და ფინანსური ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია შესაბამისი მასშტაბის მიღწევა.

ეფექტიანობის ამაღლების ერთ-ერთ გზად უნდა მივიჩნიოთ შედარებით მცირე მოთამაშეების შერწყმა. ამასთან, შერწყმა განიხილება, როგორც სექტორში ეფექტიანობის გაზრდის სტრატეგია. ჭარბი სიმძლავრე და ფრაგმენტაცია არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ხელს უშლის ოპტიმალურ შესრულებას. შერწყმამ და შესყიდვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ საკითხების შერბილებას საოპერაციო ხარჯების შემცირებით, სერვისების მიწოდების გაზრდით და ზრუნვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, განსაკუთრებით სოფლად და მოწყვლად არეალებში.

საავადმყოფოს საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საავადმყოფოს მუშაობის ან რესურსების გამოყენების ეფექტიანობის შესაფასებლად. მაღალი დატვირთვის დროს, ცხადია, რესურსების გამოყენება გაცილებით ეფექტიანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ერთიანი ტარიფები განისაზღვრება და განსაზღვრული კატეგორიების მოქალაქეებისათვის ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ ხარჯების დიდი წილი რომ არა აღნიშნული პროგრამა ვერ დაიფარებოდა ვერც მოსახლეობის, ვერც სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. ეს თავისთავად წარმოშობს დამატებით დანახარჯებს.   საავადმყოფოს დატვირთვის მაღალ მაჩვენებელს შესაძლოა ახლდეს უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად, ზოგადი გადატვირთულობა, პაციენტის კომფორტის შემცირება, ცვეთის გაზრდა, შეზღუდული მოქნილობა და სხვა. მაღალი დატვირთვის მაჩვენებელმა გადაუდებელი შემთხვევების დროს შესაძლებელია შეამციროს საავადმყოფოს უნარი გაუმკლავდეს პაციენტის მოცულობის სწრაფ ზრდას, ასევე, უარყოფითი გავლენა მოახდინოს მკურნალობის ხარისხზე.  მიუხედავად აღნიშნულისა, სწორი მენეჯმენტის პირობებში სახელმწიფო რესურსების მეტად ეფექტიანად გამოსაყენებლად მართებულია საავადმყოფოს დატვირთვის მაჩვენებლის გაზრდა, ეს კი საბოლოო ჯამში სამედიცინო დაწესებულებების ეფექტიანობის ზრდასაც გამოიწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსალოდნელია შემდეგი დადებითი შედეგების მიღება: გაუმჯობესდება რესურსების გამოყენების ეფექტიანობის დონე; ჯანდაცვის დაწესებულებები შეძლებენ თითოეულ პაციენტზე დანახარჯების შემცირებას, რაც გაზრდის მათ ფინანსურ მდგრადობას; გაიზრდება სერვისის გაწევის ინტენსიურობა; გაუმჯობესდება ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა; გაიზრდება დაფინანსების დასაბუთების საფუძველი:  კლინიკების დატვირთვის მაჩვენებლის გაზრდა და რესურსების ეფექტიანობის ამაღლება გახდება სახელმწიფო დაფინანსების გაგრძელების ან გაზრდის საფუძველი და სხვა.

ამრიგად, ჯანდაცვის სერვისების მაჩვენებლების გაუმჯობესება მთლიანად გააძლიერებს საქართველოს ჯანდაცვის სექტორს. ქვეყნის შიგნით ეს გამოიწვევს პაციენტების მკურნალობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად მათი კმაყოფილების გაზრდას. საერთაშორისო დონეზე კი, ქართული ჯანდაცვის სექტორის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, რაც სექტორს უფრო მიმზიდველსა და აღიარებულს გახდის.

გამოყენებულილიტერატურა

  1. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა (2023). https://eprc.ge/wp-content/uploads/2023/10/jandatsvis-servisebze-khelmisacvdomoba-compressed.pdf.
  2. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, მიღების თარიღი: 24/08/1995, სარეგისტრაციო კოდი: 010.010.000.01.001.000.116, კონსოლიდირებული პუბლიკაცია: 29/06/2020. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=3
  3. საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია, საქართველოს მთავრობის დადგენილება #230, 2 მაისი, 2022, თბილისი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5453716?publication=0
  4. American Hospital Association. (2019, September 4). New research confirms hospital mergers reduce costs, enhance quality of care. Retrieved from https://www.aha.org/press-releases/2019-09-04-new-research-confirms-hospital-mergers-reduce-costs-enhance-quality-care.
  5. Coombs, N. C., Campbell, D. G., & Caringi, J. (2022). A qualitative study of rural healthcare providers’ views of social, cultural, and programmatic barriers to healthcare access. BMC Health Services Research, 22, Article 182. https://doi.org/10.1186/s12913-022-07829-2.
  6. Curatio International Foundation. (2021). Business Media. Retrieved from http://curatiofoundation.org/ge/business-media-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97/.
  7. McKinsey & Company. (n.d.). How healthcare systems can manage hospital capacity during the pandemic and beyond. Retrieved from https://www.mckinsey.com/industries/healthcare-systems-and-services/our-insights/how-healthcare-systems-can-manage-hospital-capacity-during-the-pandemic-and-beyond.
  8. World Health Organization. (n.d.). Bed occupancy rate, acute care hospitals only. Retrieved from https://gateway.euro.who.int/en/indicators/hfa_542-6210-bed-occupancy-rate-acute-care-hospitals-only/#id=19637.