English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ეკატერინე შაინიძე
უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამების შედეგიანობა

DOI: 10.36172/EKONOMISTI.2024.XX.03.SHAINIDZE  

ანოტაცია. უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯების განკარგვის თვალსაზრისით. მისი მიზანია განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული განათლების უფლების დაცვა. ამ საზოგადოებრივი სიკეთის რეალიზება ხდება სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შესაბამის პროგრამებში მიზნების,  დაფინანსების ოდენობისა და მოსალოდნელი შედეგების ასახვით. კვლევის ფარგლებში განხორციელდა უმაღლესი განათლების დაფინანსების  საბიუჯეტო პროგრამების  მიზნების მიღწევის შეფასება, რისთვისაც გაანალიზდა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ასახული ინფორმაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამის შედეგები ასახულია მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლებში (დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა) და არ ითვალისწინებს ხარისხობრივი კრიტერიუმით შედეგების შეფასებას, რის გამოც ბუნდოვანია, მიღწეულია თუ არა პროგრამით განსაზღრვრული მიზნები.

საკვანძო სიტყვები: უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება, საბიუჯეტო პროგრამები, დაფინანსების შედეგიანობა. 

შესავალი

სახელმწიფოს მიერ ქვეყნის მოსახლეობისთვის შექმნილ საზოგადოებრივ სიკეთეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსებას. იგი უზრუნველყოფს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას - სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს უმაღლესი განათლება. სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების დაფინანსებაში დახარჯული საბიუჯეტო სახსრები გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა მიმართულებაზე. აღნიშნულ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაფინანსების მიმართულებების სწორად განსაზღვრასა და შედეგის მიღწევას.

უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების მიმართულებები ასახულია საქართველოს სამივე დონის ბიუჯეტების სხვადასხვა პროგრამებში. ჩვენი კვლევის მიზანია სწორედ ამ პროგრამებში განსაზღვრული მიზნების მიღწევის შეფასება. 

უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამების მიზნების მიღწევის  შეფასება

საქართველოში უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები ასახულია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში, ისე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების (ადგილობრივ) ბიუჯეტებში. დაფინანსების მიზნები განსაზღვრულია შესაბამის  პროგრამებში, ხოლო მიღწეული შედეგები აისახება ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში.

უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების უდიდესი წილი  სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. ამდენად, კვლევის ფარგლებში ბიუჯეტის პროგრამებით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაფასებლად შევისწავლეთ და გავაანალიზეთ 2013-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ასახული ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად იზრდებოდა უმაღლესი განათლების დაფინანსების თანხა, ხოლო ხარჯვითი ნაწილი სრულდებოდა გადაჭარბებით. შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილის სახით (შაინიძე და სხვ., 2023). 

ცხრილი 1:

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში

 უმაღლესი განათლების დაფინანსების მაჩვენებლები 

წლები

გეგმიური ხარჯი
 (ათასი ლარი)

ფაქტიური ხარჯი
 (ათასი ლარი)

გეგმის შესრულების მაჩვენებელი

2013

74,740.50

78,827.50

105.47%

2014

82,683.40

87,933.10

106.35%

2015

130,096.80

132,736.70

102.03%

2016

136,131.70

139,155.20

102.22%

2017

147,630.60

140,742.20

95.33%

2018

168,041.50

175,775.80

104.60%

2019

165,052.50

174,087.70

105.47%

2020

129928.7

139057.9

107.03%

2021

141602

155034.8

109.49%

2022

133862.5

146596.5

109.51%

წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების (2013-2022 წლები) მონაცემების საფუძველზე.

აღნიშნული წლების განმავლობაში თითქმის უცვლელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტით უმაღლესი განათლების დაფინანსების შესაბამისი პროგრამის (უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევების პროგრამა) მიზნები და იგი მოიცავდა შემდეგ ზოგად ინფორმაციას:

- უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებული განხორციელება;

- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო გრანტით დაფინანსების უზრუნველყოფა;

- ყველა წარჩინებული სტუდენტის სტიპენდიით უზრუნველყოფა;

-  წარმატებული სტუდენტების მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლისა და ცხოვრების დაფინანსება;

- განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტების ხელშეწყობა (შაინიძე და სხვ., 2023).

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის პროგრამაში ჩამოთვლილ მიზნებს დაემატა შემდეგი ჩანაწერი: პრიორიტეტის ფარგლებში სახელმწიფო განაგრძობს შესაბამისი პროგრამების განხორციელებას, რათა საქართველოს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემები მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რის შედეგადაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ღირსეული კონკურენტები იყვნენ დასაქმების მსოფლიო ბაზარზე; ხოლო 2017 წლის ბიუჯეტში კი შემდეგი: დაინერგება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, ეფექტიანი მოდელები, რომლებიც ორიენტირებული იქნება იმ მიმართულებებისა და სპეციალობების გაძლიერებაზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების საჭიროებებთან, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე იქნება იდენტიფიცირებული (შაინიძე და სხვ., 2023).

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამის შედეგებს, იგი წარმოდგენილია შემდეგი სახით:

- 2013 წელს - დაფინანსებით უზრუნველყოფილი ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებმაც უზრუნველყვეს ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვა, რომელიც ორიენტირებული იყო სტუდენტთა ცოდნის დონის ამაღლებაზე; 25%-ით გაზრდილია სტიპენდიების მქონე სტუდენტთა რაოდენობა; გაზრდილია სრული ან ნაწილობრივი სასწავლო და სამაგისტრო გრანტით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა;

- 2014  და 2015 წელს - სტიპენდიების მქონე სტუდენტთა რაოდენობა აღემატება 2 700-ს; სრული ან ნაწილობრივი სასწავლო და სამაგისტრო გრანტით დაფინანსებულია სტუდენტების გაზრდილი რაოდენობა; სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  პროგრამულ მიმართულებებზე დაფინანსდა 11 000-ზე მეტი სტუდენტი; აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სასწავლო და სამაგისტრო გრანტით დაფინანსებულია სტუდენტების გაზრდილი რაოდენობა; მხოლოდ 2014 წლის ანგარიშში კი დამატებით მითითებულია - პროგრამა „ცოდნის კარის“ (მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეთა სწავლის დაფინანსება)  ფარგლებში დაფინანსებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 175 პირი.

- 2016 წელს - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებზე ჩარიცხულ აქტიურ სტუდენტთა სრული (100%) რაოდენობა უზრუნველყოფილია დაფინანსებით. საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 5 000-მდე სტუდენტით გაიზარდა დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა; სულ დაფინანსდა 16 500-ზე მეტი სტუდენტი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ გრანტის მფლობელ აქტიურ სტუდენტთა სრული (100%) რაოდენობა უზრუნველყოფილია სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტით; ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სტიპენდიებს იღებს 2 700 -მდე სტუდენტი;

- 2017 წელს - დაფინანსდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 33 000-მდე ბაკალავრი. პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებზე დაფინანსდა 18 000-მდე სტუდენტი. სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდა 2 000-მდე მაგისტრანტი. ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიები 150 ლარის ოდენობით, გამოეყო საქართველოს 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 2 700-მდე სტუდენტს;

- 2018 წელს -  დაფინანსებულია სასწავლო და სამაგისტრო გრანტები და წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიები; პროგრამის ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურისა და სხვა სასწავლო პროგრამებით სწავლების საფასურით და/ან სტიპენდიით/საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის საჭირო თანხით უზრუნველყოფილია პროგრამის ბენეფიციარები; საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებულია სტუდენტები; საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება დაუფინანსდათ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მქონე სტუდენტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამული მიმართულებების ფარგლებში  დაფინანსებულია 19 200-ზე მეტი სტუდენტი. სახელმწიფო სასწავლო გრანტებით უზრუნველყოფილია 31 300-ზე მეტი სტუდენტი.  სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტებით უზრუნველყოფილია 1 878-ზე მეტი სტუდენტი. ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიები 150 ლარის ოდენობით, გამოეყო საქართველოს 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 2 700 სტუდენტს;

- 2019 წელს - სახელმწიფო სასწავლო გრანტებით უზრუნველყოფილია 35 000-ზე მეტი სტუდენტი; დაფინანსებულია პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 14 400 -მდე სტუდენტი;

- 2020 წელს -  სახელმწიფო სასწავლო გრანტებით უზრუნველყოფილია 33 000-ზე მეტი სტუდენტი, ხოლო პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 18 000-მდე სტუდენტი;

- 2021 წელს - სახელმწიფო სასწავლო გრანტებით უზრუნველყოფილია 35 000-მდე სტუდენტი, ხოლო პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 14 000-მდე სტუდენტი;

- 2022 წელს - 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დაუფინანსდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ 32 300-ზე მეტ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს, 1 800-მდე მაგისტრანტს, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებზე დაფინანსდა 19 200-ზე მეტი სტუდენტი, გამყოფი ხაზის მიმდინარე სოფლებში მცხოვრები - 2 000-ზე მეტი სტუდენტი და მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სწავლება დაუფინანსდა 937 პირს, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დაუფინანსდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ 33 300-ზე მეტ ბაკალავრს, 1 900-ზე მეტ მაგისტრანტს, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებზე დაფინანსდა - 19 800-მდე სტუდენტი, გამყოფი ხაზის მიმდინარე სოფლებში მცხოვრები 1 700-მდე სტუდენტი და მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სწავლება დაუფინანსდა 774 პირს.  სახელმწიფო სტიპენდია 150 ლარის ოდენობით 2021-2022 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში გამოეყო 2 755 სტუდენტს და 2022-2023 წლის პირველ სემესტრში 2 930 სტუდენტს, ასევე „დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის“ სახელობის სტიპენდიები 2021-2022 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში 300 ლარის ოდენობით გაიცა 5 სტუდენტზე და 2022-2023 სასწავლო წლის პირველ სემესტრში 7 სტუდენტზე. ამასთან, დაწყებულია მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების განახლებული, შესრულებაზე დაფუძნებული მოდელის დანერგვაზე (შაინიძე და სხვ., 2023).

როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში წარმოდგენილი ინფორმაციით ჩანს, უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში ხარჯვითი ნაწილის გადაჭარბებით შესრულება განპირობებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტით და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობის ზრდით.  ამასთან, აღნიშნულ ნაწილში გეგმის გადაჭარბებით შესრულება ხდებოდა ბიუჯეტის პროგრამის სხვა ქვეპროგრამების (განათლების სფეროში უმაღლესის   შემდგომი განათლება, განათლების სფეროს დამხმარე მომსახურების დაფინანსება, განათლების სფეროში სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა) გეგმის არასრულად შესრულების ხარჯზე (შაინიძე და სხვ., 2023).

დასკვნა

მაშასადამე, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშებში უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამების მიღწეული შედეგები ასახულია მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლებში (დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა) და არ ითვალისწინებს ხარისხობრივი კრიტერიუმით შედეგების შეფასებას, ამასთან, წლების მიხედვით ანგარიშებში გადმოცემულია ერთი და იგივე ინფორმაცია განსხვავებული ციფრებით, რაც არ იძლევა ბიუჯეტის პროექტებით განსაზღვრული ზოგადი მიზნების მიღწევის სრულყოფილად შეფასების საშუალებას. ამასთან, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის პროგრამებშიც მისაღწევი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები აისახოს არა ზოგადად, არამედ ხარისხობრივი და რაოდენობრივი (თვლადი) კრიტერიუმების გათვალისწინებით. აღნიშნული მიდგომა კი პროგრამის განმახორციელებელ სტრუქტურას საშუალებას მისცემს, რეალურად შეაფასოს დაგეგმილი მიზნების მიღწევის მდგომარეობა, გააანალიზოს მათი არასრულად განხორციელების შემთხვევაში ხელისშემშლელი ფაქტორები, გამოავლინოს კონკრეტული მიზეზები და მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს ისინი (შაინიძე და სხვ., 2023). 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. შაინიძე ე.,მამულაძე ნ., გიორგი ქათამაძე გ., ფოლადაშვილი თ.,  სურმანიძე ი., გიორგაძე ტ., თურმანიძე თ., ღოღობერიძე თ., ბერიძე თ.,  ვარშანიძე ნ. და  აბაშიძე გ., მონოგრაფია „უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე“, 2023.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები, განთავსებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე;

https://www.mof.ge/saxelmwifo_biujeti_wlebis_mixedvit

3.  საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წ.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

4. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“

https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830?publication=104  

5.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba