English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ლელა ჯამაგიძე
სამრეწველო სექტორის განვითარება ევროკავშირსა და წევრობის კანდიდატ ქვეყნებში

DOI: 10.36172/EKONOMISTI.2024.XX.03.JAMAGIDZE

ანოტაცია. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია სამრეწველო სექტორის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი ევროკავშირში და წევრობის კანდიდატ ქვეყნებში და მათი სტრუქტურული დაახლოების პერსპექტივის შესწავლა.ერთი მხრივ, გავაანალიზებთ, მრეწველობის განვითარება კანდიდატ ქვეყნებში რა წვლილს შეიტანს წევრობის ეკონომიკური კრიტერიუმის დაკმაყოფილებაში, კერძოდ, ევროპის კავშირში არსებული კონკურენციისა და საბაზრო ძალების გამკლავების უნარის გაძლიერებაში და, ამავდროულად, ეს როგორ დაეხმარება მათ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში. ანალიზი ეყრდნობა სამრეწველო სექტორის დამატებული ღირებულების, შრომის მწარმოებლურობისა და ექსპორტის მაჩვენებლებს. სამრეწველო სექტორების ფუნქციონირების შედარებითი ეფექტიანობა შეფასებულია პანელის ინდექსის მნიშვნელობების მიხედვით, რომელი ავლენს ცალკეული ქვეყნის პოზიციას როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე განსახილველ წლებთან მიმართებით.

საკვანძო სიტყვები: მრეწველობა, სამრეწველო სტრატეგია, ევროკავშირი, კანდიდატი ქვეყნები

შესავალი

მრეწველობის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე მრავალმხრივია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს განვითარებული ქვეყნების  დასაქმებასა და მსპ-ში უდიდესი წილი მომსახურებას უჭირავს, თვალსაჩინოა ამ ქვეყნების სტრატეგიისა და ეკონომიკური პოლიტიკის შემობრუნება ინდუსტრიალიზაციისა და სამრეწველო პოლიტიკის საკითხებთან, ერთგვარი შესუსტებული ინტერესის შემდეგ, რომელიც 1980-2000-იანი წლების პერიოდში იყო თვალსაჩინო.    

ინდუსტრიალიზაციის საკითხები გლობალურ დღისწესრიგშიც  სულ უფრო აქტიურად ჩნდება _  კერძოდ, ის ჩართულია მდგრადი განვითარების მიზნებში.  მრეწველობა, განსაკუთრებით კი გადამამუშავებელი მრეწველობა, ეკონომიკის სხვა სექტორებთან მჭიდრო კავშირების გამო, ეკონომიკურ ზრდაზე, მწარმოებლურობასა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებაზე დადებითად  მოქმედებს და ეკონომიკური განვითარების პროცესს ასტიმულირებს. მრავალი ინოვაცია და ტექნოლოგიური მიღწევა სწორედ სამრეწველო სექტორში ჩნდება, რომლებიც შემდეგ სხვა, მასთან დაკავშირებულ დარგებში დასაქმებასა და მწარმოებლურობას ამაღლებს, მათ შორის, მომსახურების სფეროშიც. სამრეწველო დარგების განვითარების კიდევ ერთი  უპირატესობა ეკონომიკურ დივერსიფიკაციას უკავშირდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას შოკების მიმართ უფრო მდგრადს ხდის.

ევროკავშირში მრეწველობა მისი ეკონომიკის დაახლოებით 20%-ს შეადგენს და 35 მილიონ სამუშაო  ადგილს ქმნის[1].    წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია სამრეწველო სექტორის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში და მათი სტრუქტურული დაახლოების პერსპექტივის შესწავლა. ერთი მხრივ, გავაანალიზებთ, მრეწველობის განვითარება კანდიდატ ქვეყნებში რა წვლილს შეიტანს  წევრობის ეკონომიკური კრიტერიუმის დაკმაყოფილებაში, კერძოდ, ევროპის კავშირში არსებული კონკურენციისა და საბაზრო ძალების გამკლავების უნარის გაძლიერებაში და, ამავდროულად, ეს როგორ დაეხმარება მათ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში.

ინსტიტუციური რეფორმები კანდიდატ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ქმნის ევროკავშირთან ფორმალური ინტეგრაციის წინაპირობებს, ხოლო ეკონომიკის შესაძლებლობა, დაუახლოვდეს მოწინავე განვითარებულ ქვეყნებს და გაუმკლავდეს გარედან მომდინარე კონკურენციის ძალებს, რეალური ინტეგრაციის საფუძველია. ამის გათვალისწინებით, ნაშრომში ყურადღება ეთმობა სტრუქტურულ  დაახლოებას, რაშიც მნიშვნელოვანი როლის შესრულება  სამრეწველო სექტორის განვითარებას შეუძლია.

ნაშრომი აგებულია შემდეგნაირად: თავდაპირველად განვიხილავთ ევროკავშირის სამრეწველო სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტებს და მის მნიშვნელობას კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. შემდეგ გავაანალიზებით სამრეწველო სექტორის განვითარების არსებულ მდგომარეობას განსახილველ ქვეყნებში. ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების გადამამუშავებელი სამრეწველო საქონლის ექსპორტის პანელური მონაცემების საფუძველზე ავაგებთ პანელური ინდექსის მაჩვენებლებს და განვსაზღვრავთ სამრეწველო სექტორის ფუნქციონირების  შედარებით მახასიათებლებს როგორც ქვეყნების, ისე წლების მიხედვით. დასკვნით ნაწილში წარმოვადგენთ მოსაზრებებს კანდიდატ ქვეყნებში ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული შეიძლება იყოს სამრეწველო სექტორის განვითარებასთან. 

ევროკავშირის სამრეწველო სტრატეგიის ძირითადი მახასიათებლები 

2010 წელს მიღებული ლისაბონის სტრატეგიით ევროკავშირი მიზნად ისახავდა „კონკურენტული და დინამიკური, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის უზრუნველყოფას, რომელსაც შეუძლია მდგრადი ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნით და სოციალური ინტეგრაციით“[2].  ლისაბონის სტრატეგიიდან გამომდინარე,  ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართ მიდგომა ჰორიზონტალური იყო, რაც გულისხმობს საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შესაფერისი ბიზნესის გარემოს უზრუნველყოფით, კვლევასა/განვითარებაში  ინვესტიცირებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით და სხვა ღონისძიებებით.

სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით აუცილებელი მიზნობრივი ღონისძიებები გულისხმობდა 2010 წლისთვის R&D ხარჯების მსპ-ს 3%-მდე გაზრდას, კერძო კვლევითი ინვესტიციებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, სამეცნიერო-კვლევითი პარტნიორობისა და ტექნოლოგიური სტრატაპების განვითარებას, ახალი და უახლესი ტექნოლოგიების ათვისებას, კონკრეტულად კი ბიოტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის ტექნოლოგიების, მაღალკვალიფიციური კვლევითი პერსონალის შენარჩუნებას ევროპის ფარგლებში და სხვა.

ასევე, სამრეწველო დარგების განვითრებაზე მნიშვნელოვანი გავლენით ხასიათდება  გარემოს კუთხით განსაზღვრული მიზნები და პირორიტეტები, რომლებსაც ყურადღება ეთმობა ლისაბონის სტრატეგიაში.  კერძოდ, ეს გულისხმობდა ელექტროენერგიის 22%-ის განახლებადი წყაროებიდან  მიღებას, გარემოს მიმართ მეგობრულ ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, ეკონომიკურ ზრდასა და რესურსების გამოყენებას შორის  ბალანსის მიღწევას, სურსათის ხარისხისა და უვნებლობის უზრუნველყოფას ქიმიკატების გამოყენების, ინფექციური დაავადებების და ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიდგომების გამოყენების გათვალისწინებით და სხვა.

ცხრილი 1

ევროკავშირის სამრეწველო სტრატეგიის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტები 

დოკუმენტი

სამიზნე სფეროები

ინსტრუმენტები

2011 წლის კომუნიკე „სამრეწველო პოლიტიკა: კონკურენტუნარიანობის გაძლიერება“

სტრუქტურული ცვლილება ეკონომიკაში, დარგების ინოვაციურობა, მდგრადობა და

რესურსების ეფექტურობა, ბიზნესგარემო, ერთიანი ბაზარი და მცირე და საშუალო

საწარმოები

 

რესურსების ეფექტიანობის ზრდა, ინოვაციური სისტემების ფრაგმენტაციის შემცირება,  ბიზნესის ადმინისტრაციული ტვირთის შემცირება, და სხვა.

2012 წლის კომუნიკე „ძლიერი ევროპული ინდუსტრია ზრდისა და ეკონომიკური აღდგენისთვის – სამრეწველო პოლიტიკის კომუნიკაციის განახლება“

ინვესტიციების ხელშეწყობა ინოვაციებში  დიდი პოტენციალის მქონე 6 ძირითად

სფეროში:  უფრო სუფთა წარმოების მოწინავე ტექნოლოგიები;

ძირითადი ხელსაყრელი ტექნოლოგიები; ბიოლოგიური პროდუქტები; მდგრადი

სამრეწველო და სამშენებლო პოლიტიკა და ნედლეული; ეკოლოგიურად სუფთა

სატრანსპორტო საშუალებები და გემთშენებლობა, ჭკვიანი ქსელები.

უკეთესი საბაზრო პირობების შექმნა, ფინანსებთან და კაპიტალთან

ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადამიანურ კაპიტალისა და უნარ-ჩვევების, როგორც სამრეწველო

კონკურენციის ხელშეწყობის საშუალებების განვითარება

2014 წლის კომუნიკე „ევროპის სამრეწველო რენესანსისთვის“

საინფორმაციო ქსელები, ენერგია და ტრანსპორტი, ღია და ინტეგრირებული შიდა ბაზარი, ინვესტიციები ახალ ტექნოლოგიებში 2012 წლის კომუნიკეთი განსაზღვრულ ექვს სფეროში

უკეთესი საბაზრო პირობების შექმნა, ფინანსებთან და კაპიტალთან

ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადამიანურ კაპიტალისა და უნარ-ჩვევების, როგორც სამრეწველო

კონკურენციის ხელშეწყობის საშუალებების განვითარება, ევროკავშირის ფირმების ინტერნაციონალიზაცია

2016 წლის კომუნიკე „ევროპული მრეწველობის დიგიტალიზაცია – ციფრული ერთიანი ბაზრის სრული სარგებლის მიღება“

ციფრული ტრანსფორმაცია; ICT სტანდარტიზაცია, დიდი რაოდენობის მონაცემები

კერძო ინვესტიციების წახალისება ინოვაციებში  ყველა სამრეწველო სექტორში;  ჰორიზონტი 2020 -ის ფრაგლებშიციფრული ინოვაციური ჰაბების  დაფინანსება;  უკეთესი მარეგულირებელი გარემოს შექმნა REFIT პროგრამის ფარგლებში

2017 წლის კომუნიკე „ინვესტირება ჭკვიან, ინოვაციურ და მდგრად მრეწველობაში“

ერთიანი ციფრული ბაზრის გაღრმავება, ვაჭრობა, მდგრადი მრეწველობა, სახელმწიფო შესყიდვები

 

ცალკეული სექტორის მხარდაჭერის უფრო ტრადიციული მეთოდების გამოყენება

2018 წლის კომუნიკე „ხელოვნური ინტელექტი ევროპისთვის“

ხელოვნური ინტელექტის სამრეწველო შესაძლებლობების ზრდისთვის გამოყენება და შესაბამისი სოციოეკონომიკური ცვლილებებისთვის მომზადება

 

ინვესტიციები, მონაცემებზე გაზრდილი წვდომა, კოორდინაცია წევრ ქვეყნებს შორის, სათანადო ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება

წყარო: ევროკავშირის ოფიციალური ვებ გვერდი EUR-LEX https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/. 

2020 წელს ევროკავშირმა  ახალი სამრეწველო სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლას, ამავდროულად, ევროკავშირის მრეწველობის გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ევროპის სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერებას. 2021 წელს კოვიდ პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე, მის მიზნებში ცვლილებები შევიდა, რათა სამრეწველო სტრატეგიას სრულად გაეთვალისწინებინა უფრო მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი, მწვანე და გლობალურად კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მისაღწევად საჭირო ღონისძიებები. კერძოდ, ის ითვალისწინებს:

  • ერთიანი ბაზრის მედეგობის გაძლიერებას;
  • ევროპის ღია სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერებას;
  • ბიზნესის მხარდაჭერას ერთდროულად მწვანე და ციფრული მიმართულებებით ორმაგი გარდაქმნისთვის (twin transition);

ღია  ეკონომიკური კავშირები ვაჭრობისა და ინვესტიციების გზით კვლავ პრიორიტეტული მიმართულებაა ევროკავშირისთვის, თუმცა მთელ რიგ სფეროებში, რომლებიც ევროპის ინტერესებისთვის სტრატეგულადაა მიჩნეული, მაღალია დამოკიდებულება უცხოურ მიწოდების წყაროებზე.  ერთ-ერთი ამგვარი კატეგორია არის ნედლეული, რომელზეც არა მხოლოდ ევროკავშირის მრეწველობაა დაფუძნებულია, არამედ მასზეა დამოკიდებული მწვანე შეთანხებისა და ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველყოფაც. ევროკავშირის სამრეწველო სექტორი ნელდეულზე წვდომისათვის გლობალურ კონკურენციაში ექცევა. ზოგიერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიწოდება კონკრეტულ ქვეყნებშია კონცენტრირებული (ჩინეთი, თურქეთი, სამხრეთი აფრიკა) და მოთხოვნის ზრდის პირობებში,  მათი მიწოდება გარკვეულ საექსპორტო შეზღუდვებსაც ექვემდებარება[3]. ახალი სამრეწველო სტრატეგია კონკრეტულ სექტორებზეა ფოკუსირებული. ასეთებია ფარმაცევტული პროდუქტები, ლითიუმის ელემენტები წარმოება,  ნახევარგამტარების წარმოება და ქლაუდ სისტემები.

ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდების ჯაჭვი საკმაოდ კომპლექსურია. ის ჯანმრთელობის ეკოსისტემის ნაწილია და, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ამ სფეროში  საკუთარი მძლავრი საწარმოო შესაძლებლობები აქვს, ის მნიშვნელოვანწილად შეიძლება იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნების საწარმოო შესაძლებლობებზე, უცხოურ პროცესებსა და შუალედურ პროდუქტებზე. ამიტომ საჭიროა დადგინდეს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტები, სადაც ევროკავშირს საკმარისად ძლიერი საწარმოო შესაძლებლობები არ გააჩნია. 

ლითიუმის ელემენტების, წყალბადის, ნახევარგამტარებისა წარმოებასა და ქლაუდ სისტემების განვითარებაზე  დიდად არის დამოკიდებული როგორც 2050 წლისთვის მწვანე შეთანხმებებით გათვალისწინებული კლიმატის მიმართ ნეიტრალურობის მიზნის მიღწევა, ისე ციფრული ტრანსფორმაცია. ევროპის ციფრულ სივრცეებსა და ქლაუდ სისტემებში თანაინვესტირება განხორციელდება  2021-2027 წლებში „ციფრული ევროპა“ (Digital Europe),  ევროპის დამაკავშირებელი ინსტრუმენტი 2 (Connecting Europe Facility 2) და ჰორიზონტი ევროპა (Horizon Europe) პროგრამების დახმარებით.

რაც შეეხება ვერტიკალურ მიდგომას სამრეწველო პოლიტიკაში, ის უმთავრესად დამოკიდებულია სახელმწიფოს მხარდაჭერაზე კონკრეტული სექტორებისათვის. დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ევროპული მნიშვნელობის პროექტების  დანერგვას ან გამიზნულია წევრი ქვეყნის ეკონომიკის სერიოზული პრობლემების აღმოსაფხვრელად, ევროპის ერთიანი ბაზარის პრინციპებთან თავსებადად განიხილება.

2022 წელს ევროკავშირში გაცემული მთლიანი სახელმწიფო დახმარება 228 მლრდ ევროს შეადგენდა, რაც მსპ-ს 1.43% იყო. მიზნობრივი მიმართულებების მიხედვით, საერთო ევროპული მნიშვნელობის პროექტებზე, ექსპორტისა და ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერაზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებზე, სექტორულ განვითარებასა და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე 2022 წელს 27.4 მრლდ ევრო დაიხარჯა, რაც ევროკავშირის მსპ-ს 0.17% უტოლდება. ამ დანახარჯების განაწილება წევრი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

დიაგრამა 1

ევროკავშირის ქვეყნებში გაცემული სახელმწიფო დახმარება, 2022 წ. (მლრდ ევრო)

 

          წყარო: European Commission. Scoreboard State Aid Data. https://competition-policy.ec.europa.eu/state-aid/scoreboard/scoreboard-state-aid-data_en 

დიაგრამაზე დაჯგუფებულია ახალი და თავდაპირველი წევრი ქვეყნები. თვალსაჩინოა, რომ თავდაპირველ წევრ ქვეყნებში სახელმწიფო მხარდაჭერა ბევრად აღემატება ახალი წევრების მიერ გაცემულ თანხებს. დაფინანსება მიემართება უშუალოდ იმ საწარმოებისკენ, რომელთა საქმიანობა ორმაგი გარდაქმნის (twin transition) პრიორიტეტებს შეესაბამება. მაგალითად, 2023 ევროკომისიამ დაამტკიცა  1.5 მლრდ ევროს ღირებულების სახელმწიფო დახმარება  საფრანგეთში კომპანია ProLogium-სთვის, რომელიც ელექტროავტომობილებისთვის ახალი თაობის ელემენტების წარმოებას ავითარებს მყარი ელექტროლიტების საფუძველზე. კიდევ ერთმა კომპანიამ,   Verkor-მა,  მიიღო  650 მლნ ევროს ოდენობის დახმარება,  სამეცნიერო კვლევითი პროექტისათვის, რომელიც, ასევე, ელექტრომანქანების ელემენტებს ეხება[4].

ამდენად, იმისათვის, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირის სამრეწველო სტრატეგიასთან თავსებადი ღონისძიებები გაატარონ,   უნდა იზრუნონ ღირებულების ჯაჭვში ტექნოლოგიურ აღმასვლაზე, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე, ასევე, ციფრული ტრანსფორმაციისა და მწვანე ტრანსფორმაციის თანდათანობით მიღწევის ღონისძიებებზე. ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულება  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დაფინანსების გაზრდაა, რათა ისინი   ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს დაუახლოვდნენ (მსპ-ს 2.28 %).  დინამიკაში მზარდია სერბეთის დანახარჯები  (0.9%-დან 1%-მდე გაზარდა 2012-2022 წლებში). თურქეთში ის 1.4%-ს უტოლდება და ასევე, მზარდია.  გაუარესება აქვს ჩრ. მაკედონიას (0.5%-დან 0.2%-მდე), საქართველოს (0.3%-დან 0.2%-მდე 2015-2022 წლებში) და უკრაინას (0.8%-დან 0.3%-მდე).

სამრეწველო სექტორი ევროკავშირისა და წევრობის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკების სტრუქტურაში 

ეკონომიკური განვითარების პროცესში მიმდინარეობს სტრუქტურული ტრანსფორმაცია, რაც, ტრადიციულად, მთლიან გამოშვებაში სოფლის მეურნეობის კლებადი, მრეწველობის თავდაპირველად მზარდი, ხოლო მოგვიანებით კლებადი   და მომსახურების მზარდი წილით ხასიათდება.  ევროკავშირის სოფლის მეურნეობის  და მრეწველობისა წილები მის მსპ-ში საშუალოდ, 1.7% და 23.7%-ია, ხოლო მთლიან დასაქმებაში, შესაბამისად, 4% და  25%-ს შეადგენს. ქვემოთ მოცემულია ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკების სტრუქტურული მახასიათებლები 2023 წელს.  

ცხრილი 2

ქვეყნების ეკონომიკის სტრუქტურული მახასიათებლები, 2023

ქვეყანა

სოფლის მეურნეობის წილი % მსპ

მრეწველობის წილი % მსპ

მომსახურების წილი % მსპ

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი %

მრეწველობაში დასაქმებულთა წილი %

 

ბულგარეთი

3.0

25.4

59.3

6

30

ჩეხეთი

1.6

30.2

59.8

3

36

ხორვატია

3.0

18.8

61.2

6

28

კვიპროსი

1.6

12.2

74.0

2

17

ესტონეთი

2.2

22.2

63.8

3

29

უნგრეთი

4.7

24.3

57.6

4

31

ლატვია

4.2

20.9

63.1

7

24

ლიეტუვა

3.0

24.1

63.1

5

26

პოლონეთი

2.9

28.7

58.8

8

31

რუმინეთი

3.9

27.6

59.8

18

33

სლოვაკეთი

2.0

32.7

56.5

3

36

სლოვენია

1.9

29.1

57.8

4

30

ალბანეთი

18.3

21.2

48.0

35

21

ბოსნია და ჰერცეგოვინა

5.4

23.3

56.4

17

33

თურქეთი

6.2

28.3

54.0

17

28

მოლდოვა

7.6

17.4

61.1

55

13

მონტენეგრო

6.9

11.9

62.4

7

18

ჩრ. მაკედონია

7.0

21.4

58.2

10

30

სერბეთი

5.2

26.4

51.2

14

29

საქართველო

7.3

19.0

61.7

40

14

უკრაინა

7.4

18.8

61.3

15

24

წყარო: World Development Indicators. World Bank 

მონაცემები მოწმობს, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან განსხვავებულ სტრუქტურული ტრანსფორმაციის ეტაპზე იმყოფებიან, კერძოდ, სოფლის მეურნეობიდან სამრეწველო სექტორებში სამუშაო ძალის გადანაცვლების უფრო ნელი ტემპით ხასიათდებიან. ეს ტემპი განსაკუთრებით დაბალია მოლდოვაში, საქართველოსა და ალბანეთში. მრეწველობაში დასაქმებულთა წილის მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნებთან ახლოს დგანან ბოსნია, ჩრ. მაკედონია, თურქეთი და სერბეთი.

ახალ წევრ ქვეყნებში მრეწველობა გაცილებით მნიშვნელოვანია მათსავე მსპ-ში წილის მიხედვით, ხოლო მთლიანად ევროკავშირის სამრეწველო გამოშვებაში თავდაპირველი წევრი ქვეყნები ლიდერობენ, როგორც ეს მე-2 დიაგრამაზეა ნაჩვენები.  

დიაგრამა 2

ევროკავშირის მრეწველობის ათი მთავარი კონტრიბუტორი ქვეყანა

 

წყარო: ავტორის გაანგარიშებები Eurostat-ის მონაცემების მიხედვით

ამავდროულად, ახალ წევრი ქვეყნების მიერ მრეწველობაში შექმნილი დამატებული ღირებულების წილი სტაბილურად მზარდია (დიაგრამა 3).

დიაგრამა 3

ახალი წევრი ქვეყნების მრეწველობის წილი ევროკავშირის 27 ქვეყნის მიმართ

 

წყარო: ავტორის გაანგარიშებები Eurostat-ის მონაცემების მიხედვით

2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის  შემდეგ ევროკავშირის მრეწველობის ზრდის ტემპი უარყოფითი იყო, დადებით ზრდას ის მხოლოდ 2014 წლიდან დაუბრუნდა, რაც 2019 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ სამრეწველო ზრდა და სამრეწველო გამოშვება ევროკავშირში ისევ შემცირდა, რასაც კოვიდ პანდემიით გამოწვეული კრიზისი მოჰყვა და ეს სამრეწველო გამოშვების  უარყოფითი ზრდით გამოვლინდა. პანდემიის შემდგომი გამოცოცხლების პირობებში უკვე მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა (9.1% ევროკავშირში, ხოლო 8.9% ევროს ზონაში). ბელგიას, ლიეტუვასა და ირლანდიას 15%-ზე მეტი ზრდა ჰქონდათ 2022 წელს. ასევე, მაღალი იყო ზრდის ტემპი ბულგარეთსა (12.8%) და პოლონეთში (11%)[5].

მრეწველობის დარგებს შორის, რომელიც NACE ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის მიხედვით, აერთიანებს სამთომომპოვებელ (B),  გადამამუშავებელ (C), ელექტროენერგიის, გაზის და კონდიცირების სერვისს(D), წყლის და სადრენაჟე სისტემას, ნარჩენების მართვასა და გარემოზე ზრუნვის (E) ქვედარგებს, გადამამუშავებელი მრეწველობა მთლიან დამატებულ ღირებულებაში  მისი წილის მიხედვით უდიდესია და, საშუალოდ, მთლიანი მრეწველობის 80%-ს შეადგენს. რაც შეეხება მის წილს მსპ-ში, Eurostat-ის მონაცემების მიხედვით, განხილული  ათწლიანი პერიოდის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს, 15.4% დაფიქსირდა. ის იკლებდა 2016-2020 წლებში, შემცირდა 14.7%-მდე, ხოლო 2021 წლიდან კვლავ იყო ზრდა და 2023 წელს 15%-ს მიაღწია[6].

ცალკეული ქვეყნის მონაცემები მოწმობს, რომ გადამამუშავებელი მრეწველობის დამატებული ღირებულების წილი მსპ-ში განსაკუთრებით მაღალია ირლანდიაში, სადაც 2022 წელს ის 38%-ს შეადგენდა. შემდეგ  მოდიან ჩეხეთი (21%), სლოვაკეთი (20%) და სლოვენია (19.9%). გერმანიას უჭირავს 18%-იანი წილი. ასევე, მაღალია პოლონეთისა და უნგრეთის მაჩვენებელი, შესაბამისად, 17.5% და 17.2%.

გადამამუშავებელი მრეწველობის წვლილი ახალი წევრი ქვეყნების ეკონომიკებში EU 27-ის მაჩვენებელზე  მაღალია.  ეს შეიძლება აიხსნას მათი ამჟამინდელი სტრუქტურული ტრანსფორმაციის სტადიით,  ასევე, მათი სამრეწველო წარმოების ისტორიული გამოცდილებითა  და სამუშაო ძალის ბაზრის უპირატესობებით  (დაბალი დანახარჯები, კვალიფიკაცია და სხვა). რაც შეეხება კანდიდატ ქვეყნებს, თურქეთი არის სათავეში 22%-იანი წილით, რომელიც 2014 წლის შედგომ უმჯობესდებოდა და გაზრდილია 5%-ით. მას მოჰყვებიან ბოსნია, ჩრდილოეთ მაკედონია, და სერბეთი, შესაბამისად, 14-14% და 13%-იანი წილებით. უკრაინის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა ომის გავლენით და 2022 წელს 7%-ს გაუტოლდა. საქართველოსა და მოლდოვას მსპ-ში გადამამუშავებელი მრეწველობის წილი, შესაბამისად, 10% და 9%-ია, ხოლო ბოლო ადგილებს ალბანეთი (7%) და მონეტენეგრო (5%) იკავებენ.

გადამამუშავებელი მრეწველობის სტრუქტურის ანალიზი ცხადყოფს, რომ საშუალო და მაღალტექნოლოგიური წარმოების დამატებული ღირებულების წილით კანდიდატ ქვეყნებს შორის თურქეთი (34%) და ჩრ. მაკედონია (33%) ლიდერობენ. საქართველოში ეს მაჩვენებელი 14%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ალბანეთს (6%) აქვს. თვალსაჩინოა  არსებული განსხვავებები, რადგან ევროკავშირის თავდაპირველ 15 წევრ ქვეყანაში  ის, საშუალოდ, 45%-ს უტოლდება, ხოლო ახალ წევრ ქვეყნებში 37%-ს შედაგენს.

რესურსების გადანაწილების ეფექტიანობაზე, სამრეწველო სექტორის ტექნოლოგიურ უპირატესობასა და კონკურენტუნარიანობაზე შესაძლებელია შრომის მწარმოებლურობის   მაჩვენებლებით ვიმსჯელოთ. მრეწველობის ერთ მუშაკზე დამატებული ღირებულება 2015 წლის დოლარით გამოსახული, ევროკავშირში 68 566 დოლარს შეადგენს, კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთს აქვს (35 523 დოლარი), ხოლო ყველაზე დაბალი _ უკრაინას (4800 დოლარი, 2021 წლის მონაცემებით). საქართველოში ის 18 153 დოლარს უტოლდება და 2010 წლიდან ხასიათდება მზარდი ტენდენციით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა არასაკმარისია, რადგან ევროკავშირთან არსებული სხვაობა არ შემცირებულა (მცირედით გაიზარდა კიდეც).

სამრეწველო სექტორების ფუნქციონირების შედარებითი ეფექტიანობის შესაფასებლად განვიხილავთ გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტის დინამიკას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებსა და კანდიდატ ქვეყნებში. ახალ წევრ ქვეყნები შერჩეული არიან იმ მოსაზრებით, რომ მათ სტრუქტურული ტრანსფორმაციისა და საბაზრო რეფორმების უფრო გვიანდელი გამოცდილება აქვთ, რასაც ამჟამად გადიან კანდიდატი ქვეყნები.  საზომად გამოვიყენებთ პანელის ინდექსის მნიშვნელობებს, რომლის ასაგებად ვიხელმძღვანელეთ Karagoz (2015) მიერ შემოთავაზებული  მეთოდით. გვაქვს ათწლიანი პერიოდი 2014-დან 2023 წლის ჩათვლით (t= 1,2….. T) და 20 ქვეყნის გადამამუშავებელი მრეწველობის საქონლის ექსპორტის ღირებულების პანელური მონაცემები (i= 1.2 . . .N). განსაზღვრულია კუმულაციური ექსპორტი როგორც წლების, ისე ქვეყნების მიხედვით. მის საფუძველზე გამოვთვალეთ ექსპორტის მოსალოდნელი მნიშვნელობები თითოეული ქვეყნისთვის, ყოველ მოცემულ წელს:

Eit = (EXi X EXj) / EX            (1)

სადაც  EX არის მთლიანი კუმულაციური ექსპორტი.

პანელის ინდექსის მნიშვნელობები გამოთვლილია, როგორც:

Pij =EX ij / Eij X100    (2)

ცხრილი 3

გადამამუშავებელი მრეწველობის საქონლის ექსპორტის პანელის ინდექსის მნიშვნელობები, 2014-2023

 

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

2021

2022

2023

ბულგარეთი

90.46

92.63

97.68

99.50

98.53

99.11

100.28

102.71

108.08

103.86

ჩეხეთი

100.90

102.28

103.16

103.00

102.34

101.67

100.17

94.85

96.52

98.90

ხორვატია

87.81

96.90

101.79

103.98

99.42

100.02

100.12

100.17

100.77

105.52

კვიპროსი

143.86

165.16

120.04

87.70

105.69

90.53

91.05

85.60

87.62

63.36

ესტონეთი

106.69

95.09

99.57

94.81

104.29

100.22

104.78

109.85

98.83

87.28

უნგრეთი

100.44

103.08

105.29

103.18

100.64

100.92

100.50

95.21

95.17

99.89

ლატვია

95.57

96.54

95.48

98.01

100.41

95.60

103.80

105.52

104.41

100.05

ლიეტუვა

102.75

92.47

92.07

98.91

97.70

99.37

105.49

106.61

106.28

94.31

პოლონეთი

92.06

95.02

95.40

96.92

97.40

99.13

103.70

105.02

103.72

104.87

რუმინეთი

100.99

100.79

104.07

104.20

106.90

103.20

97.78

94.71

95.30

96.70

სლოვაკეთი

107.20

106.57

106.68

101.80

102.27

98.70

98.03

94.57

92.89

98.51

სლოვენია

86.63

86.96

87.67

90.87

92.49

95.26

100.05

102.61

116.98

121.24

ალბანეთი

77.80

115.88

143.50

123.64

115.64

120.18

124.55

111.84

105.82

0.00

ბოსნია და ჰერცეგოვინა

89.66

89.23

90.86

100.26

101.73

99.10

96.75

104.53

110.08

106.66

თურქეთი

102.63

102.32

98.47

97.76

96.77

98.56

94.30

101.28

106.10

100.27

მოლდოვა

94.28

89.65

87.90

100.09

113.15

126.65

108.77

79.15

95.62

103.36

მონტენეგრო

68.75

93.94

92.25

105.21

105.60

110.15

106.63

89.85

111.33

106.89

ჩრ. მაკედონია

83.94

88.33

90.38

94.79

104.87

109.26

103.71

104.42

105.70

103.85

საქართველო

125.34

87.34

63.94

89.95

99.89

101.15

72.78

97.76

127.55

115.18

უკრაინა

165.52

119.75

104.26

108.01

109.84

105.21

101.47

121.38

61.38

41.20

ცხრილში 3 წარმოდგენილი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის სამრეწველო ექსპორტში გამორჩეულად კარგი ფუნქციონირების მაჩვენებელი აქვს სლოვენიას (121.24), კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს პოზიციები სუსტად გამოიყურებოდა 2015-2021 წლებში,  ხოლო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ის  სამრეწველო ექსპორტის გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს.  როგორც ჩანს, გადამამუშავებელი მრეწველობის წარმოების მაჩვენებლებთან შედარებით, ექსპორტი უკეთ ფუნქციონირებს.   ეს შეიძლება უკავშირდებოდეს რეექსპორტს (ავტომანქანები 2023 წელს მთლიანი ექსპორტის ყველაზე დიდი კატეგორია იყო 32.5%-ით) და არა ადგილობრივი წარმოების განვითარებას. საჭიროა უფრო ხანგრძლივ პერიოდზე დაკვირვება, რომ შევაფასოთ ეს რამდენად მდგრადი ტენდენციაა. 

დასკვნა

ევროკავშირის სამრეწველო სტრატეგია სამრეწველო სექტორსა და მისი ცალკეული ქვედარგის განვითარებას საერთაშორისო შედარებით კონტექსტში, მსოფლიო ბაზრისა და მსოფლიო ეკონომიკის ტენდენციების გათვალისწინებით განიხილავს და, შესაბამისად, ევროკავშირის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, მეორე მხრივ, კი მისი მიზანია ევროკავშირის შიგნით კონვერგენციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. იმისათვის, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირის სამრეწველო სტრატეგიასთან თავსებადი ღონისძიებები გაატარონ,   უნდა იზრუნონ ღირებულების ჯაჭვში ტექნოლოგიურ აღმასვლაზე, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე, ასევე, ციფრული ტრანსფორმაციისა და მწვანე ტრანსფორმაციის თანდათანობით მიღწევის ღონისძიებებზე. ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულება  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დაფინანსების გაზრდაა, რათა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან არსებული  სხვაობა შეამცირონ.

კანდიდატ ქვეყნებში სტრუქტურული ტრანსფორმაციის ტემპი შედარებით ნელა მიმდინარეობს, ამიტომ მათ ეკონომიკებში, წევრ ქვეყნებთან შედარებით, ჯერ კიდევ დაბალია სამრეწველო სექტორის წილი. კანდიდატი ქვეყნები, ასევე, ჩამორჩებიან სამრეწველო შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებლებით. ამდენად, მათ მრეწველობაში ზრდის რეზერვის გამოყენებისთვის და ევროკავშირის მაჩვენებლებთან  დაახლოებისთვის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება საჭირდებათ.  

ახალი წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტის პანელის ინდექსის მაჩვენებლები 2014-2023 წლებში ავლენს ცალკეული ქვეყნის პოზიციას როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე განსახილველ წლებთან მიმართებით. გამორჩეულად მაღალი ფუნქციონირების მაჩვენებელი აქვს სლოვენიას. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს პოზიციები სუსტად გამოიყურებოდა 2015-2021 წლებში, ხოლო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ის გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს. როგორც ჩანს, გადამამუშავებელი მრეწველობის წარმოების მაჩვენებლებთან შედარებით, ექსპორტი უკეთ ფუნქციონირებს. განსახილველ პერიოდში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს რეექსპორტს და არა ადგილობრივი წარმოების ზრდას. ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით,  საქართველოს მრეწველობის წილი მსპ-ს სტრუქტურასა და დასაქმებაში კვლავ დაბალია, ასევე, დაბალია საშუალო და მაღალტექნოლოგიური სამრეწველო ექსპორტის მაჩვენებლები. ამიტომ სტრუქტურული და სამრეწველო პოლიტიკის სამიზნე მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სამრეწველო დარგები უნდა გახდეს. 

გამოყენებული ლიტერატურა

Ambroziak, A. (2017). The New Industrial Policy of the European Union. Springer

Bartlett, W. (2014). Shut out? South East Europe and the EU’s New Industrial Policy. LEQS Paper No. 84  https://eprints.lse.ac.uk/117490/1/Bartlett_shut_out_published.pdf

European Commission. (2011). Communication Industrial Policy: Reinforcing competitiveness. Brussels. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/ro/MEMO_11_701

European Commission. (2012). Communication A Stronger European Industry for Growth and Economic Recovery. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A52012DC0582

European Commission. (2014). Communication for a European Industrial Renaissance. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A52014DC0014

European Commission. (2021). Updating the 2020 New Industrial Strategy, COMMISSION STAFF WORKING DOCUMENT, Brussels, https://commission.europa.eu/document/download/ 0a5bdf82-400d-4c9c-ad54-51766e508969_en?filename=swd-strategic- dependencies-capacities_en.pdf 

EU State Aid Scoreboard. https://competition-policy.ec.europa.eu/state-aid/scoreboard/scoreboard-state-aid-data_en 

Jamagidze, L. (2023). Structural Transformation, Trade and Development: Georgia in Comparative Perspective. Centre for European Studies (CES) Working Papers15(3).

Karagoz, M. (2015). Comparative performances of EU-15 and Turkey: a PIN analysis. Applied Economics Letters23(1), 19–22. https://doi.org/10.1080/13504851.2015.1047081

Lisbon European Council. (2000). Presidency Conclusions. https://www.europarl.europa.eu/summits/lis1_en.htm

World Bank. (2023). World Development Indicators



[1] https://www.consilium.europa.eu/en/policies/eu-industrial-policy/

[2] The Lisbon Agenda, https://www.europarl.europa.eu/summits/lis1_en.htm

[3]https://commission.europa.eu/strategy-and-policy/priorities-2019-2024/europe-fit-digital-age/european-industrial-strategy/depth-reviews-strategic-areas-europes-interests_en

[4]European Commission (2023), State Aid Scoreboard. https://competition-policy.ec.europa.eu/ document/ download/0b2037c5-c43f-4917-b654 f48f74444015_en?filename=state_aid_scoreboard_note_2023.pdf

[5]https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Industrial_production_(volume)_index_overview# Development_of_main_industrial_groupings_and_individual_industries