English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ სოფიო მაჩხაშვილი
კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საქართველოში

ანოტაცია. უკანასკნელ წლებში საქართველოში შეინიშნება ბიზნესის გააქტიურება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით. კომპანიათა ნაწილი უსისტემო CSR-დან გადადის სტრატეგიულ CSR-ზე. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია პანდემიამდე და პანდემიის დროს ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილ სტატისტიკურ მონაცემებზე, რომლის ანალიზის საფუძველზეც, გამოიკვეთა პროგრესი ბიზნესის მიდგომებში CSR საკითხებთან დაკავშირებით, რაც მეტყველებს კოვიდ 19-ის პანდემიაზე, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელმაც გავლენა იქონია ბიზნესის მიერ CSR-ის სტრატეგიულ ინსტრუმენტად გააზრებაზე კომპანიის მიზნების მისაღწევად.

საკვანძო სიტყვები: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), კოვიდ 19-ის პანდემია, საზოგადოება, დაინტერესებული მხარეები, ბიზნეს სტრატეგია.

შესავალი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონცეფციამ განვითარების გრძელი გზა განვლო და თავდაცვითი CSR-დან ტრანსფორმაციულ CSR-ს მიაღწია, რომლის დროსაც კომპანიები ორიენტირებულნი არიან არამდგრადობის მიზეზების იდენტიფიცირებაზე და მათი დაძლევის ინოვაციური მოდელების შემუშავებაზე [Visser, 2011: 23]. დღესდღეობით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გლობალური მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს და გარდა იმისა, რომ  სტრატეგიული CSR კომპანიებისათვის კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ქმედით ინსტრუმენტია, მისი როლი მდგრადი განვითარების პროცესში ფართოდაა წარმოდგენილი. არაერთ ქვეყანაში  სწორედ CSR-ზე კეთდება აქცენტი, როგორც კომპანიების სამოქმედო გეგმაზე მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად [Yang, 2021: 1]. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) „გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი“, რომელიც მოიცავს ოთხ სფეროს: ადამიანის უფლებებს, შრომის უფლებებს, გარემოს დაცვას და ანტიკორუფციულ საკითხებს [United Nations Global Compact, 2000], წარმოგვიდგება CSR-ის საბაზისო სტანდარტად და მისი რეალიზება ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ბოლო წლებში ბიზნესის მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული სტრატეგიული CSR-ის მიმართულებით, რაც შეიძლება მოვიაზროთ კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენად, რომლის დროსაც ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინების და  „გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის“ რეალიზების აუცილებლობა მეტად თვალსაჩინო გახადა. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ნათლად წარმოაჩინა ბიზნეს სექტორის როლი საზოგადოების კეთილდღეობაში და პასუხისმგებლიანი წარმოების მნიშვნელობა.

წინამდებარე სტატიაში კვლევის მიზანს წარმოადგენს კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენის შეფასება კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობზე საქართველოში. კვლევის მეთოდად გამოყენებულია ლიტერატურის მიმოხილვა. კვლევისას, გავლენის ანალიზისთვის ვეყრდნობით თვისებრივ და რაოდენობრივ მეორად მონაცემებს, რომლებიც ასახულია არსებული კვლევის ანგარიშებში, ხოლო ანალიზის მეთოდებად ვირჩევთ სტატისტიკური და თემატური ანალიზის მეთოდებს.

ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა

ათწლეულების განმავლობაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განმარტებასთან დაკავშირებით  სამეცნიერო წრეებში ფართო დისკუსია მიმდინარეობდა [Hagberg, 2015: 1). საზოგადოებისა კომპანიების მიერ ხშირად ხდება CSR-ის გაიგივება ქველმოქმედებასთან, თუმცა ეს ორი სხვადასხვა ცნებაა და შეიძლება ითქვას, რომ ქველმოქმედება CSR-ის მხოლოდ მცირე ნაწილია. ევროკომისია CSR-ს განმარტავს, როგორც „კონცეფციას რომლის მიხედვითაც კომპანიები აერთიანებენ სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს თავიანთ ბიზეს საქმიანობასა და დაინტერესებულ მხარეებთან, ურთიერთქმედებაში ნებაყოფლობითობის საფუძველზე“ [European Commission, 2011]. ა. ქეროლი, რომელიც CSR-ს წარმოგვიდგენს პირამიდის სახით, მას ყოფს ოთხ ძირითად კატეგორიად: ეკონომიკურ, იურიდიულ, ეთიკურ და დისკრეციულ პასუხისმგებლობად. პირამიდის საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია უპირველესად უნდა კონცენტრირდეს მომგებიან ფუნქციონირებაზე, ხოლო მისი საქმიანობა საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში რომ უნდა განხორციელდეს. ეს სწორედ იურიდიული პასუხისმგებლობის ნაწილია და პირამიდის მეორე საფეხურზე მოიაზრება. რაც შეეხება ეთიკურ პასუხისმგებლობას, კომპანიის მიერ საზოგადოებაში არსებული ეთიკური ნორმების გათვალისწინებით მოქმედებას გულისხმობს, ხოლო დისკრეციული პასუხისმგებლობა ფილანტროპულ და საქველმოქმედო საქმიანობაში რეალიზდება [Carroll, 1979: 500]. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქეროლის CSR პირამიდა ერთი მთლიანი სისტემაა, რაც ნათლად წარმოაჩენს ფილანტროპიას და ქველმოქმედებას CSR-ის მხოლოდ მცირე ნაწილად, რომელიც დისკრეციულ პასუხისმგებლობაში ვლინდება.

1990-იან წლებში ჯონ ელინგტონის მიერ ჩამოყალიბებული იქნა კონცეფცია, რომელიც „სამმაგი ბალანსის“  (Triple Bottom Line) სახელითაა ცნობილი [Hagberg, 2015: 5]  და ის ხშირად გამოიყენება როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ისე მდგრადი განვითარების სფეროში კომპანიების მიერ ბიზნესის გავლენის შესაფასებლად და ანგარიშგებისთვის ძირითადი მიმართულებების განსასაზღვრად [Shnayder, 2015: 13]. აღნიშნული კონცეფციის თანახმად კომპანიებმა ფოკუსირება ისევე უნდა მოახდინონ სოციალურ და გარმოსდაცვით საკითხებზე, როგორც მოგებაზე.

ჯ. ლანტოსის მიერ CSR-ის კატეგორიზება ხდება ეთიკურ, ალტრუისტულ და სტრატეგიულ CSR-ად. იგი ეთიკურ პასუხისმგებლობას სავალდებულო ნორმად მიიჩნევს, თუმცა ალტრუისტული პასუხისმგებლობის არალეგიტიმურობას უსვამს ხაზს და სტრატეგიული მიზნების ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობად სტრატეგიულ CSR-ს მოიაზრებს [Lantos, 2001: 2].

CSR კონცეფცია საზოგადოების მოთხოვნილებების ცვლილების კვალდაკვალ იცვლებოდა და იხვეწებოდა წლების განმავლობაში. კონცეფციის აღმოცენებისას თუ იგი ერთჯერადი ხასიათის მატარებელი იყო და ძირითადად დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან, თანდათანობით დაიწყო მისი ინტეგრირება კომპანიის ძირითად სტრატეგიასთან და სისტემური ხასიათის მატარებელი გახდა, რაც CSR კონტექსტში იმ პროცესებზე ორიენტაციას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც ხდება მოგების გენერირება. როგორც გალბრათი განმარტავს,  CSR არა კომპანიის დამატებითი საქმიანობა ან მარკეტინგული ქმედება, არამედ ბიზნესის წარმოების ხედვაა, რომლის თანახმადაც წარმოების პროცესში ბიზნეს სტრატეგიის დონეზე  უნდა იქნეს გათვალისწინებული ის საკითხები რომელთაც CSR მოიცავს [Galbreath, 2009: 113]. თანამედროვე ეტაპზე შეიძლება გამოვყოთ CSR-ის ექვსი ძირითადი განზომილება. ესენია: საზოგადოება, მრავალფეროვნება, თანამშრომელთა ურთიერთობა, გარემო, ადამიანის უფლებები და პროდუქტის მახასიათებლები [El Ghoul, 2011: 3]. CSR სტრატეგიული ინსტრუმენტია მდგრადი ღირებულების შესაქმნელად, რისი შენარჩუნებაც ხანგრძლივად შეუძლია კომპანიას ისე, რომ მომავალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ორგანიზაციულ  შესაძლებლობებზე ალტერნატიული გავლენა  არ იქნეს გამოყენებული [Nwaneri, 2015: 3]. სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობებში ინვესტირებას და შესაბამისი საკითხების გამჟღავნებას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები თანამშრომლების, როგორც ფუნდამენტური არამატერიალური რესურსების შექმნაზე ან ამოწურვაზე [Branco, 2006: 1]. საქართველოში სოციალურ პასუხისმგებლობას კომპანიები უმეტეს შემთხვევაში ხარჯებად აღიქვამენ და არა ინვესტიციებად [Kharitonashvili, 2022: 58], 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად,  მცირე და საშუალო ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთ ძირითად ბარიერად ასახელებს მის უარყოფით გავლენას მოგებაზე [Kharaishvili, 2023: 11].

კვლევა და დისკუსია

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში შეინიშნება პროგრესი სოციალურ პასუხისმგებლობის კონცეფციის გააზრების პროცესში. კომპანიათა ნაწილი, უმეტესად კი მსხვილი ბიზნესი, დგას სტრატეგიული CSR-ის გზაზე, რაც გარკვეულწილად შეიძლება მოვიაზროთ კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენად, რადგან კომპანიების ქმედებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინება, რამაც ბიზნესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა, ამავე დროს, უზრუნველყო შესაძლებლობა CSR-ის ახლებურად გააზრებით სოციალური და ეკონომიკური სარგებლის შექმნისთვის [Kasradze, 2022: 46].

კოვიდ 19-ის პანდემიამ უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნები. გარდა იმ გავლენისა, რაც პანდემიამ იქონია ჯანდაცვის სისტემებზე, სოციალური დისტანციის უარყოფითმა ეკონომიკურმა შედეგებმა ფართო მასშტაბებს მიაღწია და სოციალური უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, შეაფერხა მსოფლიო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

ა. ქეროლის მიერ შემოთავაზებული CSR კონცეფცია მეტად რელევანტურია პანდემიის პირობებში კომპანიათა ქცევის ანალიზისთვის CSR კონტექსტში, რადგან კრიზისის ფონზე ეკონომიკური პასუხისმგებლობა მართლაც წარმოგვიდგება უპირველეს მოვალეობად. ეკონომიკური კრიზისის პირობებში საზოგადოება, პირველ რიგში,  მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველყოფას მოელის ბიზნესისგან რათა წარმოებისა და მომსახურების უწყვეტობის პირობებში შენარჩუნებულ იქნას სამუშაო ადგილები. ყოველივე ზემოთ ნათქვამის უზრუნველყოფა კი მომგებიან ფუნქციონირებას მოითხოვს. ა. ქეროლის მიდგომით, მოგების მიღება, როგორც ეკონომიკური პასუხისმგებლობა ღირსეული მიზანია, თუმცა პანდემიის პირობებში ფინანსური მდგრადობა პირდაპირ კავშირშია საქონლის, მომსახურების და სამუშაო ადგილების მიწოდების გაგრძელებასთან [Carroll, 2021].

იურიდიულმა პასუხისმგებლობამ არაერთი ასპექტით შეიძინა აქტუალურობა პანდემიიის პირობებში. გარდა იმისა, რომ რიგი რეგულაციების დაცვა გახდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, შრომითი და ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა კომპანიებისთვის. როგორც ქეროლი განმარტავს, დისტანციური სამუშაოს ფენომენი უამრავ სამართლებრივ პასუხისმგებლობას  წარმოშობს, რადგან მომუშავეები თავიანთ სახლებს აქცევენ სამუშაო სივრცედ, რაც კონფლიქტების წარმოშობის საფუძველს ქმნის სამუშაოს და პირადი პასუხისმგებლობის დაბალანსების პროცესში.[Carroll, 2021].

ა. ქეროლის მოსაზრებით ეთიკური პასუხისმგებლობა თან ახლავს ეკონომიკურ, იურიდიულ და ფილანტროპულ პასუხისმგებლობას, რომელიც კომპანიას გააჩნია დაინტერესებულ მხარეთა მიმართ. კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად თანამშრომლები და მომხმარებლები მოიაზრებიან იმ დაინტერესებულ მხარეებად, რომლებზეც პანდემია ახდენს დიდ გავლენას. თანამშრომლების შემთხვევაში კომპანიები ეთიკურად უნდა მიუდგნენ ისეთი საკითხების რეგულირებას, როგორიცაა, შვებულებები, დისტანციური სამუშაო გარემო, გენდერული უთანასწორობა და ქალის როლი სამუშაო ადგილზე. ასევე, პანდემიით გამოწვეულ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. რაც შეეხება მომხმარებლებს, პროდუქტისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინოვაციური მეწარმეობრივი აზროვნება გახდა მათ მიმართ ეთიკური ვალდებულება. ფილანტროპული პასუხისმგებლობა კი პანდემიის პირობებში მოიცავს გადაუდებელი დაფინანსებისთვის ფონდების შექმნას და რესურსების მიმართვას კრიზისის დასაძლევად.

მეხიკოში ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ კოვიდ 19-ის შიდა გავრცელების კვალდაკვალ CSR ინიციატივების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიების ინიციატივები დივერსიფიცირებული იყო სხვადასხვა მიმართულებით,  ღარიბი ადამიანების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებიდან, იმ ადამიანთა დახმარებამდე, რომელთაც ეკონომიკური გააქტიურება სჭირდებოდათ [Díaz-Pichardo, 2021: 50).

საქართველოსა და მთელ მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემიამ კრიზისი გამოიწვია  არამხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, არამედ ყველა სექტორში. პანდემიამ თვალნათლივ დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდის ჩართულობა და პასუხისმგებლობა სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებთან გასამკლავებლად. ასეთ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნესის რეაგირება CSR ინიციატივების მხარდასაჭერად.

საქართველოში CSR მიმართულებით ბიზნეს სექტორის პასიური პოზიციის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ კოვიდ 19-ის პანდემიამ, გავლენა იქონია ორგანიზაციების CSR-ზე. ამ მხრივ საინტერესოა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (Global Compact Network Georgia) დაკვეთით ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია „ინოვას“ მიერ მსგავსი კვლევის დიზაინით 2019 და 2020 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგების შედარება. თუ 2019 წელს CSR-ის მიმართულებით გაწერილი დოკუმენტი გამოკითხული ორგანიზაციების 14%-ს გააჩნდა, ეს მაჩვენებელი 2020 წელს 21%-მდე გაიზარდა. პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც მსხვილი (26%-დან 42%-მდე) ისე საშუალო (18 %-დან 25%-მდე) და მცირე (2%-დან 8%-მდე) ბიზნესის შემთხვევაში [ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია "ინოვა", 2020: 13].  ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია CSR-ის ინტეგრირების ხარისხი ორგანიზაციის სტრუქტურასა და საქმიანობაში. თუ 2019 წელს გამოკითხული ორგანიზაციების 55% პასუხობდა, რომ CSR არ იყო ინტეგრირებული ორგანიზაციის სტრუქტურასა და საქმიანობაში, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წელს 44%-მდე არის შემცირებული [ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია "ინოვა", 2020: 17].

ძირითად სტრატეგიასთან CSR-ის ინტეგრირების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, კომპანიების მხრიდან სტრატეგიული CSR-ისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე მეტყველებს მისი  მონიტორინგის და ეფექტიანობის შეფასების მიმართულებით მოქმედებების გააქტიურება. 2019 წელს გამოკითხული ორგანიზაციებიდან 56% არ ახდენდა CSR-ის მონიტორინგს, 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით კი ეს მაჩვენებელი 45%-მდე არის შემცირებული [ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია "ინოვა", 2020: 32]. რაც შეეხება ეფექტიანობის შეფასებას, თუ 2019 წელს კვლევაში მონაწილე ორგანიზაციების 58% არ აფასებდა CSR-ის ეფექტიანობას, 2020 წელს ეს მაჩვენებელიც შემცირებულია და 48%-ს უტოლდება [ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია "ინოვა", 2020: 33].

საქართველოში მოქმედი კომპანიების CSR-ზე კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენის ა. ქეროლის მიდგომით განხილვისას, თავს იჩენს მნიშვნელოვანი გამოწვევები და შესაძლებლობები. პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილების მიწოდება ეკონომიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია „ინოვას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული ორგანიზაციების 14% ადასტურებს, რომ პანდემიის მიზეზით მოუხდა თანამშრომლების გათავისუფლება, ხოლო 21%-მა კი თანამშრომლები, დროებით, უხელფასო შვებულებაში გაუშვა [ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია "ინოვა", 2020: 77],  რაც იმაზე მეტყველებს, რომ პანდემიის პირობებში, ბიზნესმა ეკონომიკური პასუხისმგებლობის ნაწილში ვერ უზრუნველყო სამუშაო ადგილების მოწოდების გაგრძელება და იურიდიული პასუხისმგებლობის ნაწილში - ხელფასების და სხვა მომსახურების სტაბილური ანაზღაურება.

იურიდიული პასუხისმგებლობის შესრულებისას გამოვლენილი გამოწვევები ასევე უკავშირდება პანდემიის სამართავად დაწესებული რეგულაციების სათანადოდ შესრულებას. ამ მიმართულებით შეიძლება ვიმსჯელოთ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის მაჩვენებელზე, რომელიც მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში უფრო მაღალია ვიდრე საშუალო და მცირე ბიზნესის შემთხვევაში. მსხვილმა ბიზნესმა უფრო მეტად შეძლო ინოვაციური მიდგომების გამოყენება დისტანციურ ან ნაწილობრივ  დისტანციურ რეჟიმში საქმიანობის გასაგრძელებლად [ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია "ინოვა" , 2020: 78], თუმცა ჩვენი შეხედულება იურიდიული პასუხისმგებლობის შესრულებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ცალსახა ვერ იქნება, რადგან გასათვალისწინებელია საქმიანობის სპეციფიკაც.

 გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან  პარტნიორობის პროექტებში ჩართვის განმაპირობებელ მოტივად ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებზე აკეთებს აქცენტს. 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობის პროექტებში ჩართვის სურვილს გამოთქვამს გამოკითხულ ორგანიზაციათა 40% მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი 2019 წელს მხოლოდ 25%-ს შეადგენდა. კიდევ უფრო თვალსაჩინო პროგრესი იკვეთება მსხვილი ბიზნესის ჭრილში, რომლის შემთხვევაშიც  მაჩვენებელი გაზრდილია 26%-დან 56%-მდე [ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია "ინოვა", 2020: 71]. ვინაიდან კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში ეთიკური პასუხისმგებლობა მომხმარებლის, როგორც დაინტერესებული მხარის მიმართ ასახვას ჰპოვებს ინოვაციურ მეწარმეობრივ აზროვნებაში, მათთვის პროდუქტისა და მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოების მოტივით არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კომპანიათა მხრიდან ეთიკური პასუხისმგებლობის გამოვლინებად შეიძლება მოვიაზროთ. ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ბიზნესის მიერ ინოვაციური მიდგომების გამოყენება დისტანციურ ან ნაწილობრივ  დისტანციურ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელებით მომხმარებლისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება ფილანტროპულ პასუხისმგებლობას, გარდა იმისა, რომ ქართული კომპანიებისთვის გადაუდებელი დაფინანსებისთვის ფონდების შექმნაში წვლილის შეტანა უცხო არ არის,  შეიძლება ვთქვათ, რომ კოვიდ 19-ის პანდემიამ კომპანიები უფრო მგრძნობიარენი გახადა ქველმოქმედების მიმართ,  2019 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულ ორგანიზაციათა 43% აცხადებდა, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის  გარედან შემოსულ პროექტებზე გადაწყვეტილების მისაღებად არც კი განიხილებოდა ასეთი პროექტები. პანდემიის პირობებში კი იგივე მაჩვენებელი შემცირებულია 30%-მდე, რაც გარედან შემოსული კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტების მიმართ კომპანიების ინტერესის ზრდაზე მიუთითებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი პროექტები ძირითადად საქველმოქმედო ხასიათისაა, რასაც  გამოკითხულ ორგანიზაციათა 25%-იც ადასტურებს [ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია "ინოვა", 2020: 20].

დასკვნა

როგორც ვხედავთ CSR არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კომპანიის  მიზნების მისაღწევად და ის ბევრად უფრო ფართე ცნებაა ვიდრე ფილანტროპია. CSR-ის სტრატეგიულ ინსტრუმენტად გამოყენება მოითხოვს მის ინტეგრირებას კომპანიის ბიზნეს სტრატეგიასთან, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს გრძელვადიანი სარგებლის მიღების და მდგრადი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით.

პანდემიამდე და პადემიის პირობებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართულ ბიზნეს სექტორში შეინიშნება პროგრესი CSR-ის კონცეფციის გააზრების პროცესში და კომპანიათა ნაწილი, უმეტესად კი მსხვილი ბიზნესი, დგას სტრატეგიული CSR-ის გზაზე. კოვიდ 19-ის პანდემიამ ეკონომიკური კრიზისის, სოციალური უთანასწორობის გაღრმავების და მდგრადი განვითარების შეფერხების ფონზე CSR-ის მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. პანდემიის პირობებში  კომპანიის დაინტერესებული მხარეები განიცდიდნენ მრავალმხრივ გავლენას, რაც კომპანიებისათვის ერთდროულად წარმოადგენდა როგორც გამოწვევას, ისე შესაძლებლობას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა გავლენა იქონია კომპანიების მიერ CSR-ის სტრატეგიულ იარაღად გააზრებაზე და უბიძგა მათ დამდგარიყვნენ სისტემური CSR-ს გზაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია "ინოვა". (2020). კოვიდ 19-ის გავლენა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე საქართველოში. თბილისი: გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
  2. Branco, M. C., & Rodrigues, L. L. (2006). Corporate social responsibility and resource-based perspectives. Journal of business Ethics, 69, pp. 111-132. doi:10.1007/s10551-006-9071-z
  3. Carroll, A. B. (1979). A three-dimensional conceptual model of corporate performance. Academy of management review, 4(4), pp. 497-505.
  4. Carroll, A. B. (2021). Corporate social responsibility (CSR) and the COVID-19 pandemic: Organizational and managerial implications. Journal of Strategy and Management., 14(3), pp. 315-330.
  5. Díaz-Pichardo, R., & Sánchez-Medina, P. S. (2021). Corporate Social Responsibility Response During the COVID-19 Crisis in Mexico. In Corporate Responsibility and Sustainability during the Coronavirus Crisis: International Case Studies, pp. 37-56. Cham: Springer International Publishing.
  6. El Ghoul, S. G. (2011). Does corporate social responsibility affect the cost of capital? Journal of Banking & Finance, 35(9), pp. 2388-2406.
  7. European Commission. (2011, octobre 25). A renewed EU strategy 2011-14 for Corporate Social Responsibility. Brussels.
  8. Friede, G. B. (2015). ESG and financial performance: aggregated evidence from more than 2000 empirical studies. Journal of sustainable finance & investment, 5(4), pp. 210-233.
  9. Galbreath, J. (2009, European business review.). Building corporate social responsibility into strategy. European business review.
  10. Hagberg, C. J. (2015). The relationship between CSR and financial performance: A quantitative study examining Swedish publicly traded companies.
  11. Kasradze, T., & Machkhashvili, S. (2022). corporate Social Responsibility - Business Opportunity or Obligation for Georgian Companies. European Journal of Marketing and Economics, 6(1), pp. 39–48. Retrieved from https://revistia.org/index.php/ejme/article/view/6019
  12. Kharaishvili, E., & Lobzhanidze, N. (2023). Challenges and Opportunities for Promoting Sustainable Development in Small and Medium-Sized Enterprises (Case of Georgia). Medicon Agriculture & Environmental Sciences, 5, pp. 7-15. doi:10.55162/MCAES.04.110
  13. Kharitonashvili, T. (2022). Social responsibility of the banking business: challenges and prospects. European science review(3-4), pp. 55-60. doi:https://doi.org/10.29013/ESR-21-1.2-55-60
  14. Lantos, G. P. (2001). The boundaries of strategic corporate social responsibility. Journal of consumer marketing, 18(7), pp. 595-630.
  15. Nwaneri, C. (2015). The impact of corporate social responsibility (CSR) on organization profitability. International Journal of Business and Management, 10(9), pp. 60-67
  16. Shnayder, L. V. (2015). Putting your money where your mouth is: Why sustainability reporting based on the triple bottom line can be misleading. PloS one, 10(3). https://doi.org/10.1371/journal.pone.0119036
  17. The Ten Principles of the United Nations Global Compact.  (2000). Retrieved September 2024, from United Nations Global Compact Web Site: https://www.unglobalcompact.org/what-is-gc/mission/principles
  18. Visser, W. (2011). CSR 2.0: Transforming the role of business in society. Social Space, pp. 26-35.
  19. Zhenzhen Yang, H. S. (2021). Can strategic corporate social responsibility drive corporate innovation? South African Journal of Business Management,, 52(1), pp. 1-12.