English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ნათია ჟღენტი
ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების გარემოსდაცვითი პოლიტიკის შედეგები და ახალი გამოწვევები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია თუ რა უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია გარემოს დაბინძურებას, როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის. გამოკვეთილია გარემოსდაცვითი პრობლემები. აღნიშნულია თუ რა როლს უნდა ასრულებდეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლება გარემოსდაცვითი პრობლემების გამოსასწორებლად და შესამსუბუქებლად. ხაზგასმულია ევროპის ქვეყნების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც ჩადებულია (ასახულია) თავიანთი ქვეყნის კონსტიტუციაში.

საკვანძო სიტყვები: გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები,გარემოს დაცვის უფლება, განაშენიანების პოლიტიკა, კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაბინძურება, ნარჩენების მართვა. 

შესავალი

გლობალური დათბობის, ბიომრავალფეროვენბის დაკარგვისა და გარემოს დაბინძურების მიმდინარე უარყოფითი შედეგები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითადი უფლებებით სარგებლობას მთელს მსოფლიოში, როგორიცაა სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ხარისხიანი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებები. ყოველივე ამან გამოიწვია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პოტენციალის აღიარება. ჯანსაღი გარემოს უფლების ძირითად უფლებად აღიარების იდეა სულ უფრო და უფრო ძლიერდება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაიცვან მოქალაქეების უფლება ყოველდღიურ ცხოვრებასთან სიახლოვისა და ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით გამოწვევებზე რეაგირების პასუხისმგებლობის გამო. აღნიშნული გულისხმობს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილების გაძლიერებას, იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში უფრო აქტიური როლი ითამაშონ, და მათთვის უფრო მეტი მხარდაჭერის უზრუნველყოფას მისი შედეგების აღმოფხვრისას.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერება მკვეთრად გაიზარდა. კლიმატის ცვლილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, საკვებისა და ცხოვრების შესაბამისი სტანდარტის ძირითად უფლებებს საზოგადოებებში მთელს მსოფლიოში. საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა კლიმატის ცვლილების გამოწვევის გადაჭრის ჩარჩოსა და წესებზე (გაეროს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, 1992 წ.; კიოტოს ოქმი. 1997წ.; პარიზის შეთანხმება, 2015 წ.) მსოფლიოს ბევრი ქვეყანის ხელისუფლების ორგანოებმა მიიღეს გეგმები, კანონები და რეგულაციები კლიმატის ცვლილების შერბილების ან მის შედეგებთან ადაპტაციის მიზნით. ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებით (ნახშირბადის ნეიტრალიტეტი 2050 წლისთვის), ასევე სავალდებულო რეგულაციები და დირექტივები. მიუხედავად კლიმატის ცვლილებების გამოწვევებზე მრავალშრიანი პოლიტიკური თუ ნორმატიული პასუხია, მზარდი შეგრძნებაა, რომ საჭიროა უფრო გადაუდებელი მოქმედება.

კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში, რადგან ისინი ყველაზე ახლოს არიან მოქალაქეებთან და უკეთ შეუძლიათ ადგილობრივ საკითხებზე რეაგირება. სახელმწიფო ხელისუფლების მსგავსად, მათაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების სამართლის შესაბამისად შეასრულონ გარემოსდაცვითი ვალდებულებები. კლიმატის კრიზისიდან გამოსავლის პოვნა და კლიმატის მდგრადობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ წარმატებული ადგილობრივი და რეგიონული მდგრადობის და მწვანე გარდამავალი ინიციატივების მეშვეობით, მოქალაქეების აქტიური მონაწილეობით.

ევროპული საბჭო მოუწოდებს ეროვნულ მთავრობებს, აამაღლონ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ცნობიერება გარემოს დაცვაში მათი როლის შესახებ. ის ახალისებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, დაიცვან ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული ვალდებულებები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი მართვის, ასევე თავიანთ თემებსა და რეგიონებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით ადგილობრივი სტრატეგიების შემუშავების გზით.

ადგილობრივი და სხვა სუბნაციონალური ხელისუფლების ორგანოები გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს, გარემოსდაცვით პრობლემებს რომლებსაც ადამიანების უმეტესობა აწყდება, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ხმაური, საცობები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აქვს საქალაქო განზომილება. გარემოსდაცვითი პრობლემების უმეტესობას აშკარა კავშირი აქვს საქალაქო დასახლებებთან. განსაკუთრებით ძლიერია ატმოსფერული დაბინძურება ქალაქებში ვიდრე სოფლად, რომლებიც წარმოიქმნება რიგი ფაქტორების გამო: მანქანების მიმოქცევა და სტრანსპორტო გადატვირთულობა, სამრეწველო დაწესებულებები და ა.შ. სწორედ ქალაქებში წარმოიქმნება ყველაზე მეტი ნარჩენები, რომლის განთავსება და გადამუშავება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი ადმინისტრაციისთვის. საქალაქო ჩამდინარე წყლები წყლის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ეფექტიანი მრავალდონიანი მმართველობა, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მიღება და მდგრადი ეკოსისტემების უზრუნველყოფა ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ხელისუფლების ორგანოების, პარლამენტების და მთავრობების ერთობლივი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობებისთვის. მსოფლიოში მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა დონის მთავრობისგან ითხოვენ კლიმატის ცვლილების შერბილების უფრო ამბიციური ზომებისა და პოლიტიკის განხორციელებას ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესაბამისად. უსაფრთხო და მდგრადი გარემოს უფლების ადამიანის უფლებად აღიარება სულ უფრო მეტად ვლინდება საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაში. ბევრმა სახელმწიფომ აღიარა და მიიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ჯანსაღი გარემოს უფლება თავის კანონმდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ ადგენს ჯანსაღი გარემოს უფლებას, თავისი გარემოსდაცვითი პრეცენდენტული სამართლის შემუშავებისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენცია „მწვანე“ ან გარემოსდაცვით ჭრილში განმარტა. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს აქვთ მკაფიო უფლებამოსილება გადადგან კონკრეტული ნაბიჯები და მიიღონ კონკრეტული ზომები კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად და მდგრად განვითარებაში წვლილის შესატანად. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობის თავიანთი წილი სახელმწიფოების ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებაზე ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის შესახებ მრავალმხრივი ინსტრუმენტებისა და შეთანხმებების შესაბამისად. 

გარემოსდაცვითი პოლიტიკის შედეგები

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებს, შესთავაზოს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნების ეროვნული ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს:

ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების ჩართვის მიზნით გააძლიერონ ძალისხმევა ეფექტური კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყონ კოორდინირებული, სასწრაფო რეაგირება კლიმატის გლობალურ კრიზისებზე;

ბ) აამაღლონ ცნობიერება კლიმატის ცვლილების ღონისძიებების ადგილობრივ პოლიტიკაში ინტეგრირების აუცილებლობის შესახებ და გააძლიერონ ადგილობრივი და რეგიონული ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა შეიმუშაონ და განახორციელონ კლიმატის ცვლილების შერბილების, ზემოქმედების შემცირების ეფექტური სტრატეგიები და პოლიტიკა მდგრადი განვითარების მოდელების საფუძველზე;

გ) მიიღონ ყველა საჭირო ზომა სუბნაციონალური ხელისუფლების ორგანოების მხარდასაჭერად მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებების განხორციელებაში და საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული მდგრადი განვითარების მიზნებისკენ წინსვლაში. მიიღონ მიზანმიმართული ზომები იმ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების მხარდასაჭერად, რომლებიც ყველაზე დაუცველია დაბინძურების, გარემოს დეგრადაციისა და კატასტროფების მიმართ;

დ) ხელი მოაწერონ და რატიფიცირება მოახდინონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეებში მონაწილეობის შესახებ ოქმს იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, რათა დაიცვან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მონაწილეობით მიიღონ გარემოსა და მდგრადი განვითარების საკითხებში გადაწყვეტილებები და ა.შ.

ეკოლოგიური პრობლემები სულ უფრო აქტუალური ხდება ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. გარემოსდაცვითი ცნობიერება 1970-იანი წლებიდან სტაბილურად ვითარდება და კლიმატის კრიზისის უეცარმა გამწვავებამ გააძლიერა მოწოდებები გადაუდებელი და ეფექტიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ქმედებებისკენ. ასობით გარემოსდაცვითი დებულება, ხელშეკრულება და დეკლარაცია იქნა მიღებული მთელ მსოფლიოში, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია იქმნება ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად.

საერთაშორისო ხელშეკრულებების შესწავლისას შეიძლება დავასკვნათ, რომ გლობალურ საერთაშორისო გარემოსდაცვით ხელშეკრულებაში არ არსებობს ზოგადი და უნივერსალური დეკლარაცია გარემოს დაცვის ადამიანის ან ძირითადი უფლების შესახებ. არ არსებობს ასეთი გლობალური ან ზოგადი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულება, თუმცა არსებობს ასობით ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, დაწყებული ოზონის შრის დაცვიდან ნარჩენების საერთაშორისო ტრანსპორტირების რეგულირებამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე.

მიუხედავად მრავალი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულების ფრაგმენტული ბუნების გადასაჭრელად ექსპერტთა და იურისტთა მრავალეროვნული გუნდი 2017 წლიდან მუშაობს საერთო საერთაშორისო ხელშეკრულების „გარემოს დაცვის გლობალური პაქტის“ შემუშავებაზე, თუმცა მათ ძალისხმევას ჯერ არ მოჰყოლია საბოლოო სავალდებულო ხელშეკრულება. რა თქმა უნდა არსებობს გარემოს შესახებ საერთაშორისო, გლობალური დეკლარაციები, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს არა იურიდიულად სავალდებულო ინსტრუმენტებს, არამედ რბილი სამართლის წყაროებსა და დიპლომატიურ განცხადებებს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებე როგორც საცნობარო დოკუმენტები. ეს არის რბილი სამართლის ინსტრუმენტები: 1972 წლის სტოკჰოლმის დეკლარაცია და 1992 წლი რიოს დეკლარაცია.

გარემოს დაცვის სფეროში ევროკავშირმა კანონების შთამბეჭდავი კრებული მიიღო, 300-ზე მეტი სამართლებრივი ინსტრუმენტი (რეგულაციები და დირექტივები), რომელიც გარემოს დაცვის ყველა შესაძლო სფეროს მოიცავს. სამართლებრივი ინსტრუმენტების უმეტესობა მიმართულია წევრ ქვეყნებზე, უწესებს მათ ვალდებულებებს და არ ქმნის ძირითად უფლებებს მის მოქალაქეთა სამართლებრივ სფეროში.

ევროკავშირის კანონმდებლობის ზოგად მიმოხილვას გარემოს დაცვის სფეოში ან ადამიანთა უფლებათა სფეროში მივყავრათ დასკვნამდე, რომ ევროკავშირს ჯერ არ გამოუქვეყნებია სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც აღიარებს გარემოს დაცვის ადამიანის უფლებას. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ ბოლო 50 წლის განმავლობაში შემუშავებული გარემოსდაცვითი სამართლის შთამბეჭდავ კრებულს საერთოდ არ აქვს „ადამიანის უფლებების“ განზომილება. ევროკავშირმა მოახდინა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემოსდაცვით საკითებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის“ (ორჰუსის კონვენცია) რატიფიკაცია.

ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, შემოიღო გარემოს დაცვის ძირითადი ან ადამიანის უფლება. იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი N1

ცხრილი N1*

ქვეყანა

წელი

საფრანგეთი

1958 წლის საფრანგეთი კონსტიტუციას თანდართული გარემოს დაცვის ქარტია (შესწორებული) რომლის 1-ლი მუხლი აცხადებს დაბალანსებულ გარემოში ცხოვრების უფლებას

გერმანია

1949 წლის გერმანიის კონსტიტუციია 21-ე მუხლი (შესწორებული), რომელიც ითვალისწინებს სიცოცხლისა და ცხოველების ბუნებრივი საფუძვლების დაცვას (როგორც სახელმწიფოს მოვალეობა და არა „ძირითადი“ უფლება)

პორტუგალია

1976 წლის პორტუგალიის კონსტიტუციის 66.1.-ე მუხლი (შესწორებული)

მონტენეგრო

2007 წლის მონტენეგროს კონსტიტუციის 27-ე მუხლი

უნგრეთი

უნგრეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლი (1989 წლის შესწორება)

შვედეთი

1974 წლის შვედეთის კონსტიტუციის მე-2 მუხლი (შესწორებული)

ავსტრია

ავსტრიის პარლამენტმა გარემოს დაცვის შესახებ საკონსტიტუციო კანონი 1984 წელს მიიღო

მოლდოვა

1994 წლის მოლდოვის კონსტიტუციის 37-ე მუხლი აღიარებს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების ძირითად უფლებას

საქართველო

2016 წელს საქართველოს შესწორებული კონსტიტუციის II თავის 29-ე მუხლი „ადამიანის ძირითადი უფლებები“, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას აღიარებს ადამიანის უფლებად ან ძირითად უფლებად

* ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ

არის ისეთი ქვეყნებიც, რომელთა კონსტიტუციაში არ არის ნახსენები გარემოს დაცვა და არც რაიმე გარემოსდაცვითი უფლება. საუკეთესო მაგალითია ისლანდია რომლის კონსტიტუცია არც გარემოს დაცვას მოიხსენიებს და არც ცნობს გარემოს დაცვის ადამიანის ან ძირითად უფლებას.

არსებობს ევროპული ქვეყნები, რომელთა ეროვნულ კონსტიტუციაში აღნიშნულია გარემოს დაცვის უფლება, რომელიც არ განიხილება საბაზისო, ადამიანის ან ძირითად უფლებად ტექნიკური თუ მკაცრი გაგებით. მაგალითად ესპანეთის კონსტიტუციის 45.1-ე მუხლი აცხადებს, რომ „ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს პიროვნების განვითარებისთვის შესაბამისი გარემოთი და ასევე ვალდებულია შეინარჩუნოს ის“.

მნიშვნელოვანი „საჯარო საქმე“ რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ხელშია და მათ უნდა გადაჭრან, არის ადგილობრივი სივრცითი დაგეგმარება და განაშენიანება. განაშენიანებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზემოქმედება გარემოზე არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ასეთია მაგალითად: საქალაქო ნარჩენების უკანონო გადაყრით გამოწვეული ბუნების დაზიანება; მდინარეებისა და სანაპირო წყლების დაბინძურება საქალაქო ჩამდინარე წყლების გაფილტვრის გარეშე ჩაშვების გამო და ა.შ. ქალაქებში ძირითადად ადგილობრივ დონეზეა მიღებული განაშენიანების გეგმები და პოლიტიკის შედეგები, ჩვენ მიერ არჩეული ადგილობრივი მერებისა და მრჩევლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების შედეგი. ისეთ ქალაქებში ცხოვრება სადაც არის პარკები და მწვანე სივრცეები, სპორტული და კულტურული დასასვენებელი ობიექტები, დაბალი ემისიის და ეფექტიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ეს ელემენტი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და სივრცითი გეგმების შედეგია. გარემოს დაცვის უფლებას „ქალაქში“ განსაზღვრავს განაშენიანების პოლიტიკა და სტრატეგიები, რომლებიც ძირითადად ადგილობრივ დონეზეა ჩამოყალიბებული. 

გარემოსდაცვით პოლიტიკის სამომავლო ამოცანები

გარემოსდაცვითი პრობლემების ხასიათისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ძირითადი როლის გათვალისწინებით, გარემოს დაცვის უფლების ეფექტიანობის უზრუნველყოფაში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს უნდა ჰქონდეს კომპენტეციების ფართო სპექტრი გარემოს დაცვის სფეროში. ასეა ევროპის უმეტეს ქვეყნებში, განსაკუთრებით შემდეგი მიმართებით:

  • სუფთა სასმელი და სამრეწველო წყლის მიწოდება;
  • ნარჩენების გატანა, შეგროვება, ტრანსპორტირება და შენახვა;
  • საქალაქო ჩამდინარე წყლების გასუფთავება;
  • გადაჭარბებულ ხმაურთან ბრძოლა;
  • ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესება;
  • გარემოსდაცვითი საგანგებო სიტუაციების მართვა (მაგ. წყალდიდობა, სამრეწველო ნარჩენები);
  • ხანძრის პრევენცია;
  • ქუჩების, საზოგადოებრივი პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების დასუფთავება და მოვლა;
  • ყველა სახის გარემოსდაცვითი ობიექტების მშენებლობა და მუშაობა, როგორიცაა სანაყაროები, ნაგვის გადამამუშავებელი ნაგებობები, ნარჩენების განმაცალკევებელი და გადამამუშავებელი ნაგებობები, საქალაქო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები, ატმოსფერული დაბინძურების მონიტორინგისა და სინჯების აღების მუნიციპალური სადგურები, გარემოსდაცვითი ლაბორატორიები;
  • გამწვანებული სივრცეების, საზოგადოებრივი პარკებისა და ბაღების, ზოოპარების, ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა და მოვლა;
  • სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტის რეგულირება და კონტროლი.[1]

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს მთელი რიგი გარემოსდაცვითი მარეგულირებელი და სამართლებრივი უფლებამოსილებები აქვთ, როგორიცაა:

  • გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის უფლებამოსილება;
  • გარემოსდაცვითი გადასხადების დაწესებისა და აღსრულების შესაძლებლობა (ხმაურიანის კომერციული ობიექტების შესახებ ან ქუჩების დაბინძურების);
  • ატმოსფერული დაბინძურებისა და ხმაურის კონტროლისა და რეგულირების უფლებამოსილება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მრეწველობის შესაბამისობის მონიტორინგი ჰაერის დაბინძურების შესახებ კანონებითა და რეგულაციებით დადგენილ ემისიების ლიმიტებთან, დამნაშავეთათვის ჯარიმისა და სანქციების დაწესება;
  • ადგილობრივი რეგულაციების დამტკიცების შესაძლებლობა სხვადასხვა გარემოსდაცვით ასპექტებზე, აროგორიც არის საზოგადოებრივი სივრცეების სისუფთავე, ნარჩენების შეგროვება, ცხოველთა კეთილდღეობა, გადაჭარბებული ხმაური;
  • გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარებამდე მიწის განაშენიანების გეგმების დამტკიცების უფლებამოსილება, სამშენებლო და მიწის განვითარების სამუშაოების ზედამხედველობის უფლებამოსილება.[2]

ეროვნულმა ხელისუფლებამ შეიძლება დააწესოს სტანდარტები და წესები ჩამდინარე წყლების გაწმენდისთვის, მაგრამ ადგილობრივ მთავრობას შეუძლია უზრუნველყოს ადგილობრივი ჩამდინარე წყლების გაწმენდა; ეროვნულმა ხელისუფლებამ შეიძლება დაადგინოს რეგულაციები და კანონები გადაჭარბებული ხმაურის შესახებ, თუმცა მერია საუკეთესოდ არის აღჭურვილი იმისთვის, რომ უზრუნველყოს ახლომდებარე ღამის კლუბის შესაბამისობა ამ სტანდარტებთან.

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შეუძლით ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში მოითხოვონ საკუთარი შესაბამისი ფინანსური რესურსები, რომელთაც თავისუფლად განკარგავენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. მათი ფინანსური რესურსები უნდა შეესაბამებოდეს მათ კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა მიიღონ შესაბამისი დაფინანსება ხარისხიანი გარემოსდაცვითი მომსახურებების მისაღებად, რომ მათ ჰქონდეთ უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში გაზარდონ გარემოსდაცვითი გადასახადები.

საქართველომ 2021 წლის 2 მარტს მიიღო კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2022 წლის 1 ივლისს. კანონი ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა გარემოსდაცვითი ზიანის პრევენცია ამგვარი ზიანის გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, ზიანის შერბილება, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორება და გარემოსდაცვითი ზიანის ფულადი კომპენსაცია.  გარემოსდაცვითი კანონის შესრულებაზე პასუხისმგებელი გარემოს ეროვნული სააგენტოა და გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

საქართველოში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის სისტემა კარგად არის განვითარებული. ბოლო წლებში გაიზარდა გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის სადგურების რაოდენობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლაბორატორია უზრუნველყოფს ნიმუშების აღებას და მათ საბაზისო ანალიზს, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტო უფრო სიღრმისეულად ახორციელებს სინჯების აღებას და ანალიზს, შემდეგ კი აქვეყნებს გარემოსდაცვით ინფორმაციას. თუმცა მონიტორინგის სადგურების როდენობა კვლავ არასაკმარია, განსაკუთრებით მიწისქვეშა წყლებისთვის.

საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა რეაგირება გარემოსდაცვითი ნორმების შეუსრულებლობაზე, როგორიცაა: მითითება დარღვევის აღმოფხვრაზე, საქმიანობის შეჩერება, ჯარიმები, ნებართვის ჩამორთმევა და საქმის სასამართლოზე გადაცემა.  ყველაზე ხშირად გამოყენებული სასჯელია ჯარიმები, თუმცა ასეთი ჯარიმები საკმარის შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს, რადგან დაბალია ჯარიმის ოდენობა და არ ხდება მისი ინდექსირება ინფლაციის მიხედვით.

გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების გამართულ სისტემას დიდი სარგებელი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ის ეხმარება ქვეყნებს უკეთესი გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევაში, რათა განახორციელონ გარემოსდაცვითი პოლიტიკა უფრო დაბალი ხარჯებით, რომელიც მიიღწევა მწირი რესურსების იქ მიმართვით სადაც ისინი ყველაზე მეტად საჭიროა და სადაც მათ ყველაზე მეტი ეფექტი მოაქვთ.

საქართველოში მაღალია შენობებშიდა და გარე ჰაერის დაბინძურების დონე, ფართოდ არის გავრცელებული უკანონოდ ხე-ტყის ჭრა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე არასაკმარისი კონტროლი შეიმჩნევა (World Bank, 2018). უხვი  წყლის რესურსები ბინძურდება გაუწმენდავი ჩამდინარე წყლების ჩაშვებით.  გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს მუნიციპალური ნაგავსაყრელები და ქვეყანაში დაგროვებული სახიფათო ნარჩენები. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს მიერ 2023 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, ქვეყანაში მოქმედებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემა ოთხი სპეციფიკური ნარჩენის: 1. საბურავების, 2. ზეთების, 3. ბატარეებისა და აკუმულატორების, 4. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვასთან დაკავშირებით. ავტორიზებულია ოთხი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებენ ამ ნარცენების სეპარირებულ შეგროვებას და დამუშავებას. 2024 წლის 29 მაისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 12 800 მწარმოებელი; მგვ-ის როგანიზაციების  მიერ 2023 წლის  განმავლობაში შეგროვდა და დამუშავდა 11,200 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენები. მინისტრის თქმით იგეგმება სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალის გაფართოება.[3] საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გარემოსდაცვითი პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების მხრივ. ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის წარმმართველი ყოვლისმომცველი დოკუმენტია 2022-2026 წლებისათვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა.

2022 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9,484 დარღვევა გამოავლინა, მათ შორის 9.080 ადმინისტრაციული, ხოლო 404 - სისხლისსამართლებრივი ხასიათის. ყველაზე მეტად დარღვევები ეხებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს (24%), ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობას (16%), სატყეო კანონმდებლობას (13%) ხე-ტყის ტრანსპორტირებას (10%), თევზჭერისა და ნადირობის წესებს (9%) (კორკოტაძე, 2022). 2022 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 84 რეგულირების ობიექტს გაუგზავნა შეტყობინება საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნით (კორკოტაძე, 2022). 

დასკვნა

მართალია, საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა გარემოსდაცვითი კუთხით, კვლავ მნიშვნელოვანი ცვლილებებია გასატარებელი. იმისათვის, რომ ვებრძოლოთ საქართველოში არსებულ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებს, აუცილებელია გაუმჯობესდეს ქყვეყანაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების სისტემის სხვადასხვა ასპექტები.

საჭიროა გაუმჯობესდეს ცოდნა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის და მისი აღსრულების შესაძლებლობების შესახებ. საქართველოში უნდა გადაიდგას ნაბიჯები გარემოსდაცვითი ზიანის ფინანსური უზრუნველყოფის შემოღების მიზნით. უნდა გაიზარდოს ინსპექტირების რაოდენობა და გაუმჯობესდეს მონიტორინგის ლაბორატორიების შესაძლებლობები. ადმინისტრაციული ჯარიმების გარდა, საქართველოში საკმარისად არ ხდება სხვა სასჯელის გამოყენება. გარდა ამისა ჯარიმები დაბალია და არ არის ინდექსირებული ინფლაციის გათვალისწინებით. 

ლიტერატურა

  1. Congress of Local and Regional Authorities, CG(2022)43-15prov;
  2. EU4Evironment, 2023;
  3. კორკოტაძე ნ. (2022), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი - შემოწმების შედეგები, 5 დეკემბერი, პრეზენტაცია EU4Environment-ის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების რეგიონულ სემინარზე თემაზე: „უკეთესი გარემოსდაცვითი ინსპექტირება უფრო ძლიერი გარემოსადმი მდგრადობისთვის“;
  4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 17 ივლისი, 2024, https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/21717
  5. საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, 2021;
  6. Air Pollution Control in Georgia: Existing Policies and Needs, South Caucasus Regional Office of the Heinrich Böll Foundation, 2022;
  7. The World Bank, საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ, 2020


[1] CONGRESS OF LOCAL AND REGIONAL AUTORITIES, 2022

[2] CONGRESS OF LOCAL AND REGIONAL AUTORITIES, 2022

[3] საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/21717 ლინკი გახსნილია 17.07.2024