English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ გიგი ელიზბარაშვილი
საქართველოს სამომხმარებლო კალათა და სამწუხარო რეალობა

ანოტაცია. ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი ამავე ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკის სიჯანსაღის დონის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მოსახლეობის ცხოვრების დონის სტატისტიკური საზომი სამომხმარებლო კალათაა. ეს უკანასკნელი ყველა იმ საქონლისა და მომსახურების საერთო ნაკრებია, რომელიც აუცილებელია ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მრავალფეროვანი სამომხმარებლო კალათა მიგვანიშნებს ერის სიმდიდრეზე, ხოლო სამომხმარებლო კალათა მწირი საქონლისა და მომსახურების შემადგენლობით მოსახლეობის ცხოვრების დაბალ დონეს გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის სიჯანსაღე, COICOP, ეკონომიკის პარალიზება. 

შესავალი

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე და მის კონკურენტუნარიანობაზე მსჯელობა შეუძლებელია მისი სამომხმარებლო კალათის ანალიზის გარეშე. კონკურენტუნარიანობა ქვეყანას უპირატესობას ანიჭებს საქონლისა და მომსახურების წარმოების და შემდგომ მისი საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციის პროცესში. ეს უკანასკნელი კი საბოლოო ჯამში მოსახლეობის რეალური შემოსავლის მდგრადობასა და მის ზრდას უწყობს ხელს (Shaban, Al-Attar, Hawatmah, Ali, 2019, p. 17). განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წილი სურსათს უჭირავს, რომელსაც ადამიანისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტი თუ მომსახურება მოსდევს. ქვეყანა რაც რაც უფრო ეკონომიკურად მდგრადი და პროდუქტიულობის ზრდაზე ორიენტირებულია,  მით უფრო მაღალია მასში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე (Madgavkar, et al., 2023), რომელთა სამომხმარებლო ხარჯების დიდი ნაწილიც გართობაზე, დასვენებასა და კვების ობიექტებში სტუმრობაზე ნაწილდება. რასაც ვერ ვიტყვით ღარიბ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე. IMF-ის კვლევის მიხედვით განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში შემავალი საკვების მედიანური წილი არის 31%, ხოლო განვითარებული ქვეყნების - 17% [IMF, 2011]. 

საქართველოს სამომხმარებლო კალათის წონები

საქართველოს სამომხმარებლო კალათის ანალიზისთვის სტატიაში მოყვანილია ამ უკანასკნელში შემავალი თითოეული კატეგორიის პროდუქციის წილების ამსახველი ცხრილი (იხ. ცხრილი 1)  [საქსტატი, 2024ა].

 

ცხრილში მოცემულია საქართველოს სამომხმარებლო კალათაში შემავალი თითოეული კატეგორიის პროდუქტისა და მომსახურების წილების დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. აღნიშნული კატეგორიები დალაგებულია მათი საშუალო მაჩვენებლების კლების მიხედვით, რომელიც ნათლად ჩანს ცხრილის ბოლო სვეტში. როგორც ვხედავთ ბოლო 13 წლის განმავლობაში მოხმარების უდიდესი წილი (61,2%), ისეთ საქონელსა და მომსახურებაზე ნაწილდება, რომლის გარეშეც დღეისათვის ცივილიზებული ადამიანის ცხოვრება  წარმოუდგენელია. ესენია: სურსათი (31,4%), ტრანსპორტი (12,3%), ჯანმრთელობის დაცვა (8,8%), საცხოვრებელი (8,7%). სამომხმარებლო კალათაში აღნიშნული კომპონენტების ლიდერობა განვითარებადი ქვეყნისთვის მართალია სამწუხაროა, თუმცა არ არის გასაკვირი. უფრო სავალალო მდგომარეობა კი ისაა, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელი პროდუქციისა და მომსახურების მოხმარების შემდეგ სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს შორის ლიდერობს ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება (6,2%), ხოლო განათლება, რომელიც ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების საფუძველია და ყველაზე დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს, იკავებს მე-9 ადგილს და ჩამორჩება ისეთ კომპონენტებს როგორებიცაა: დასვენება, გართობა, კეთილმოწყობა, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება. ეს ყოველივე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაბალ დონეს უსვამს ხაზს და უფრო უარესიც, აფერხებს მის განვითარებას. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათებს შორის განსხვავების საჩვენებლად, საკმარისია მაგალითად მოვიყვანოთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საერთო სამომხმარებლო კალათა, რომელშიც ზემოთხსენებული სიცოცხლისათვის აუცილებელი 4 კატეგორიის პროდუქტი/მომსახურება 2023 წლის მონაცემებით მხოლოდ 41,7%-ს იკავებს, რაც ამავე პერიოდის საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს ჩამორჩება 21,4%-ით. აქვე აღსანიშნავია რომ მათ სამომხმარებლო კალათაში ჯანდაცვა 1,88-ჯერ, ხოლო განათლება 4,6-ჯერ ნაკლებ ადგილს იკავებს [ECB, 2023]. ეს იმით აიხსნება, რომ აღნიშნულ მომსახურებებს ევროკავშირის მოსახლეობა უფასოდ ან მიზერული თანხის სანაცვლოდ იღებს. 

საქართველოს სამომხმარებლო კალათის პროდუქტების წარმომავლობა

2009 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს იმპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბალანსში განუწყვეტლივ იზრდება და იგი არცერთი წლის მონაცემებით არ ფიქსირდება 70%-ზე ნაკლები. ამასთანავე განუწყვეტლივ მცირდება საგარეო სავაჭრო სალდოც (იხ. ცხრილი 2; დიაგრამა 1) [საქსტატი, 2024გ].

 

საქართველოს ეკონომიკის მომხმარებლური ხასიათიდან გამომდინარე სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების დიდი ნაწილი იმპორტულია, რაც ეკონომიკის განვითარების პარალიზებას იწვევს. საქართველოს სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის/მომსახურების წარმომავლობის ანალიზისთვის სტატიაში ცხრილი 3-ის სახით წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემები [საქსტატი 2024ბ].

ცხრილ 3-ში მოყვანილია საქართველოს სამომხმარებლო კალათის წონები COICOP-ის (Classification of Individual Consumption According to Purpose) ჯგუფებისა და პროდუქტების წარმომავლობის მიხედვით. ადგილობრივ წარმოებასა და იმპორტთან ერთად მოცემულია მესამე კომპონენტი ე.წ. „შერეული“, რომელიც მოიცავს გაუმიჯნავ პროდუქციას/მომსახურებას და ამახინჯებს სტატისტიკურ მონაცემებს. (ცხრილ 2-ზე წარმოდგენილ საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებისა და დიაგრამა 1-ზე წარმოდგენილ საგარეო სავაჭრო სალდოს ბოლო 15 წლის მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე კომპონენტ „შერეულში“ უდიდესი ნაწილი იმპორტს უკავია). ცხრილი 3-ის პირველ სვეტში მოყვანილია ზემოთხსენებული 12 კატეგორიად დალაგებული პროდუქციიდან/მომსახურებიდან თითოეულის შესატყვისი კომპონენტების (ადგილობრივი წარმოება, იმპორტი, „შერეული“) წილების დინამიკის ამსახველი მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს თითოეული წლის მდგომარეობას, ბოლო სვეტი გვიჩვენებს თითოეული კატეგორიის პროდუქციასა და მომსახურებაში საშუალოდ რა წილი უკავია ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და შერეულ კომპონენტს, ხოლო ცხრილის ბოლო სტრიქონზე ნაჩვენებია მთლიანი სამომხმარებლო კალათის წარმომავლობის საშუალო მაჩვენებლები, როგორც ცალკეული წლების ჭრილში, ასევე ერთიანად. ცხრილის ემპირიული ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოს სამომხმარებლო კალათა არასახარბიელო მდგომარეობაშია, რასაც მოწმობს ადგილობრივი წარმოების პროცენტული წილის დინამიკის (როგორც ცალკეული კატეგორიის პროდუქციისა/მომსახურების, ასევე ჯამურად) ამსახველი მონაცემები. ეს უკანასკნელი არცერთ ჩამოთვლილ კატეგორიაში არ იზრდება, გარდა იმ შემთხვევებისა რომელი კატეგორიის იმპორტიც საერთოდ არ ხორციელდება და მხოლოდ ადგილობრივი წარმოება გვაქვს, როგორიცაა: განათლება და სასტუმროების, კაფეების, რესტორნების მომსახურება. ამასთანავე იმპორტის წილები წლების განმავლობაში არცერთ კატეგორიაში არ მცირდება და ასევე არ მცირდება „შერეული“ პროდუქციაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ამ უკანასკნელის უდიდესი ნაწილი სწორედ იმპორტზე მოდის და გვართმევს რეალური სურათის აღქმის საშუალებას. რაც შეეხება მთლიანი სამომხმარებლო კალათის ჯამურ მაჩვენებლებს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი უფრო უარესი მდგომარეობის გამომხატველია ვიდრე ცალკეული კატეგორიების შემთხვევაში. აქ, ადგილობრივი წარმოების წილი 2014 წლიდან დღემდე მცირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება მცირდება. იმპორტის პროცენტული წილი დროთა განმავლობაში იზრდება ან სტაბილურია. ხოლო „შერეული“ პროდუქციის წილი (რომლის დიფერენციაციის შემთხვევაშიც უფრო უარესი სურათი გვექნებოდა) საკმაოდ სტაბილურია. 

დასკვნა

წინამდებარე სტატიაში გამოიკვეთა საქართველოს სამომხმარებლო კალათის რამოდენიმე ნაკლოვანება, რომლებიც აფერხებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და რომელთა აღმოფხვრაც შესაძლებელია მთავრობისა და მოსახლეობის ერთიანი მიზანმიმართული ნაბიჯებით. ბუნებრივია, ის ფაქტი, რომ სამომხმარებლო კალათის უდიდესი ნაწილი სიცოცხლისათვის აუცილებელ კომპონენტებს უკავია, თუმცა, ქვეყნისთვის მტკივნეულია, რომ სასურსათო კალათაში საშუალო მონაცემების მიხედვით ნახსენებ თორმეტ კატეგორიის პროდუქტსა და მომსახურებას შორის განათლება თითქმის უკანასკნელ, მე-9 ადგილზეა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი პროდუქციისა და მომსახურების მაჩვენებლების გარდა სამწუხაროდ უსწრებს ისეთი პროდუქცია და მომსახურებები, როგორებიცაა: გართობა, დასვენება, ალკოჰოლი, თამბაქო, მორთულობა-მოკაზმულობა და სხვ. აქ უკვე ცხადია თუ რაოდენ მწვავე პრობლემას ვაწყდებით და თუ როგორ „ეხმარება“ ქვეყანას მოსახლეობა მისი განვითარების შეფერხებაში. ამასთანავე ბუნებრივია, ის ფაქტი, რომ საქართველოს, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყნის სამომხმარებლო კალათის ძირითადი შემავსებელი წყაროა იმპორტი, გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ წლების განმავლობაში არ მცირდება ეს ტენდენცია და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე არ იკვეთება საქართველოს სამომხმარებლო კალათაში ადგილობრივი წარმოების წილის ზრდის პერსპექტივა.

ლიტერატურა

1. საქსტატი, 2024ა. „სამომხმარებლო კალათის წონები“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia>.

2. საქსტატი, 2024ბ. „სამომხმარებლო კალათის წონები COICOP-ის ჯგუფებისა და პროდუქტების წარმომავლობის მიხედვით“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

3. საქსტატი, 2024გ. „საქონლითა და მომსახურებით საგარეო ვაჭრობა“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://ex-trade.geostat.ge/ka>.

4. ECB, 2023. “Inflation in Euro Area.” Euro Area Statistics, European Central bank, September, 2023, <https://www.euro-area-statistics.org/digital-publication/statistics-insights-inflation/bloc-2a.html>.

5. IMF, 2011. World Economic Outlook, Slowing Growth, Rising Risks. International Monetary Fund, 240 p., September 20, <https://www.elibrary.imf.org/display/book/9781616351199/ch003.xml>.

 6. Madgavkar A.,  Smit S., Krishnan M.,  Russell K., Anderson R. J.,  Woetzel L., Ellingrud K., Francis T., 2023. “What would it take to raise minimum living standards and get on a net-zero path in this decade? Our research explores twin ambitions for people and the planet.” From poverty to empowerment: Raising the bar for sustainable and inclusive growth. McKinsey Global Institute, September, 18, <https://www.mckinsey.com/mgi/our-research/from-poverty-to-empowerment-raising-the-bar-for-sustainable-and-inclusive-growth>.

7. Shaban, O. S., Al-Attar M., Al-hawatmah Z., Ali N. N., 2019. “Consumer Price Index (CPI) as a Competitiveness Inflation Measure: Evidence from Jordan.” Journal of Governance and Regulation, Vol. 8, No, 2, pp. 17-22, <https://www.virtusinterpress.org/IMG/pdf/jgr_v8_i2_p2.pdf>.