ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
გიორგი კეპულაძე ∘
თამილა არნანია-კეპულაძე ∘
იაპონიის ეკონომიკური განვითარების თავისებურებანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში: ისტორიულ-ეკონომიკური კონტექსტი ანოტაცია: მოცემული სტატია მიმართულია მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იაპონიის ეკონომიკაში მომხდარი პროცესებისა და მათი გამომწვევი ფაქტორების გააზრებაზე. ნაშრომში ისტორიულ კონტექსტში განხილულია იაპონიის ეკონომიკის აღდგენის თავისებურებანი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და შესწავლილია ეკონომიკის განვითარების სპეციფიკა 1970-ან, 1980-ან და 1990-ან წლებში, განსაზღვრულია ეკონომიკური წინსვლის ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იაპონიის ეკონომიკის აღმავლობის გზა იყო რთული და არაერთგვაროვანი. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მთავრობის მხარდაჭერას, ექსპორტზე ორიენტირებულ სტრატეგიას და იაპონური საზოგადოების კულტურულ თავისებურებებს, რომლებიც წარმატებით იქნა ინტეგრირებული ეკონომიკური განვითარების უნიკალურ მოდელში და საშუალება მისცა ქვეყანას გარდაქმნილიყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან ეკონომიკად. საკვანძო სიტყვები: იაპონიის ეკონომიკა; „ეკონომიკური ბუშტი“; ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური სასწაული; სახელმწიფოს შელშეწყობა შესავალი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი იყო მნიშვნელოვანი ეტაპი იაპონური ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაში. ამ პერიოში იაპონიის ეკონომიკამ სწრაფი ნახტომი განახორციელა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განადგურებული ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად გადაიქცა. იაპონიის ეკონომიკის ასეთი სწრაფი ზრდა აიხსნებოდა ეკონომიკური „სასწაულით“, რომელიც დაიწყო 1950-იან წლებში და აერთიანებდა კაპიტალიზმის ელემენტებსა და ფირმების თუ სახელმწიფოს მართვისადმი ტრადიციულ აღმოსავლურ მიდგომებს. ამ პერიოდის განმავლობაში ძლიერი ინდუსტრიალიზაციის, კაპიტალის დაგროვების მაღალი დონისა და ექსპორტზე ორიენტირებული სამთავრობო პოლიტიკის წყალობით, ქვეყნის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა. ზრდის მთავარი ფაქტორად აღიარდა კერძო კორპორაციებისა და სახელმწიფოს მჭიდრო ურთიერთქმედება, რომელიც უზრუნველყოფდა საჭირო რესურსებს მობილიზებას და საგარეო კონკურენციისგან შიდა ბაზრის დაცვას. იაპონიის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: მოკლე ისტორიული მიმოხილვა მეორე მსოფლიო ომი იაპონიისთვის დასრულდა ინფრასტრუქტურის განადგურებით, მაღალი ინფლაციითა და ეკონომიკური კოლაფსით. ამერიკული ჯარის ოკუპაციას მოჰყვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რესტრუქტურიზაცია, რაც გამოწვეული იყო ისეთი რეფორმებით, როგორიცაა მსხვილი ფინანსური და სამრეწველო კონცერნების (Zaibatsu) ლიკვიდაცია, მიწის რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების შემოღება და გარკვეული სავალუტო სტაბილურობის უზრუნველყოფა (Johnson, 1982). ასეთ ვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად გადაიქცა მომავალი ინდუსტრიული ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების საფუძვლების შექმნა. 1945 წლის შემდეგ იაპონიის საკვანძო ეკონომიკური პარამეტრები, როგორიცაა წარმოების მოცულობა და სტრუქტურა, ინვესტიციების განაწილება წარმოების სფეროებს შორის და სხვ., განისაზღვრებოდა არა იმდენად ბაზრით, რამდენადაც მთავრობის მიერ. სახელმწიფო განსაზღვრავდა წარმოების განვითარების მიმართულებებს და ხელს უწყობდა მათ წინსვლას, ახორციელებდა პროტექციონისტულ პოლიტიკას უცხოური კონკურენციისაგან ეროვნული მწარმოებლების დასაცავად და ა.შ. 1945–1952 წლებში იაპონიის სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტები წამყვან როლს ასრულებდნენ და ფინანსურ შუამავლობას ახორციელებდნენ ეკონომიკის აღდგენაში. 1952–1955 წლებში სახელმწიფო დაფინანსების წილმა არასაფინანსო კორპორაციების დაკრედიტებაში მიაღწია 32.1%-ს, ხოლო პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებაში - 38.9%-ს. შემდგომ წლებში დაიწყო სახელმწიფო დაფინანსების წილის თანდათანობითი შემცირება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით მაინც საკმაოდ მაღალი რჩებოდა: სახელმწიფო საბანკო ინსტიტუტების აქტივების წილი იაპონიის საბანკო სისტემის მთლიან აქტივებში შეადგენდა 20-22%-ს (Hamada Koichi, Horiuchi Akiyoshi, 1999). საბოლოო ჯამში, ომისშემდგომ პერიოდში იაპონიაში წარმოიშვა ბიზნეს-საქმიანობის ორგანიზების განსაკუთრებული ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო სახელმწიფო-მონოპოლისტური რეგულირება და სახელმწიფო საკუთრების მაღალი დონის არსებობა, სახელმწიფოს უშუალო ზემოქმედება ეკონომიკაზე საბაზრო მექანიზმების მეშვეობით. ასეთ პირობებში ბიზნეს სექტორში იქმნებოდნენ სახელმწიფო ძალაუფლებას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული სამსახურები, რომელთა მეშვეობით სახელმწიფო ზემოქმედებდა დარგში/ბიზნესში არსებულ ვითარებაზე და ამგვარად უშუალოდ ერეოდა კორპორაციების ეკონომიკურ საქმიანობაში. კორპორაციების მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შერწყმა სახელმწიფო ადმინისტრაციულ აპარატთან გახდა ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის საფუძველი და იაპონური ბაზრის მნიშვნელოვანი მახასიათებელი. იაპონიის ეკონომიკა 1970-ან წლებში 1970-იან წლებში იაპონიის ეკონომიკა განაგრძობდა განვითარებას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შემდეგ, დაიკავა მეორე ადგილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობის მიხედვით. 1950-60-იან წლებში შემუშავებული გრძელვადიანი სამრეწველო სტრატეგიების შედეგად, იაპონიის ეკონომიკას მიეცა ბიძგი სამრეწველო წარმოებისა და ექსპორტის წარმატებული განვითარებისთვის (Johnson, 1982). თუმცა, 1960-იანი წლების ბოლოს თავი იჩინა მთელმა რიგმა სტრუქტურულმა პრობლემამ. კერძოდ, შეიმჩნეოდა მშპ-ს ზრდის ტემპების შემცირება და იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულების ზრდა, დაიწყო შიდა ბაზრის მოთხოვნის სტრუქტურული დარღვევები და სხვ. ეს პრობლემები კიდევ უფრო გართულდა 1973 წელს გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში. ამ კრიზისმა დიდი გავლენა იქონია იაპონიის ეკონომიკაზე, ვინაიდან ქვეყანა საკუთარი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული ნავთობის იმპორტზე. მსოფლიო ბაზარზე ნავთობხე ფასების ზრდამ გამოიწვია იაპონიაში წარმოების ხარჯების მნიშვნელოვანი გადიდება, ინფლაციის ზრდა და ეკონომიკური ზრდის შენელება. ამ პერიოდში იაპონიის ეკონომიკა განიცდიდა სტაგფლაციას, რომლის დროსაც მაღალი ინფლაციას თან ახლდა ეკონომიკური ზრდა შენელებული ტემპაბით (Noland, 2005). 70-იანი წლების იაპონიის ეკონომიკის კრიზისმა გამოაშკარავა მნიშვნელოვანი პრობლემა - ახალი საჭიროებებისადმი უფრო ადაპტირებული ეროვნული ეკონომიკის მართვისა და ორგანიზების ახალი მოდელის შემუშავების აუცილებლობა. მთავრობამ აღიარა იაპონიის ეკონომიკის მოწყვლადობა იმპორტირებულ ნავთობზე დამოკიდებულების გამო და მიიღო ზომები ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად. ამ მიზნის მისაღწევად ორიენტაცია იყო აღებული ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება-დანერგვის ხელშეწყობაზე, ალტერნატიული, და პირველ რიგში ბირთვული, ენერგიის წყაროების აქტიურ ათვისებაზე. ამ ზომებმა იაპონიას მისცა საშუალება სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფად შეეგუებოდა ახალ ენერგეტიკულ რეალობას (Hughes, 1984). თუ 1960-ან წლებში იაპონიის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნებოდა მძიმე მრეწველობას, მეტალურგიას, გემთმშენებლობას, ქიმიურ მრეწველობას, რამაც საშუალება მისცა ქვეყანას მიეღწია სამრეწველო წარმოების სწრაფი ზრდისთვის, 1970-ან წლებში ენერგეტიკული კრიზისისა და გლობალური ეკონომიკური პირობების ცვლილებების პირობებში, ამ ინდუსტრიების ზრდა შენელდა (Samuels, 1987) და გეზი იყო აღებული მრეწველობის რესტრუქტურიზაციაზე. ეს პროცესი იყო დაკავშირებული დიდი ინვესტიციების განხორციელებასთან კვლევასა და განვითარებაში (R&D), რამაც იაპონიას საშუალება მისცა გადასულიყო მაღალტექნოლოგიური, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის წარმოებაზე. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Toyota, Sony და Panasonic, გახდნენ იაპონიის ინოვაციური მიდგომის სიმბოლოები, რომლებიც იყვნენ ორიენტირებულნი მაღალ ხარისხსა და მაღალ მწარმოებულობაზე. სწორედ 1970-ან წლებში დაიწყო იაპონიის ეკონომიკის გადასვლა მძიმე მრეწველობიდან მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე, როგორიცაა ელექტრონიკა, მანქანამშენებლობა და ავტომობილმშენებლობა და სხვ. 1960-იან წლებში წარმატებით გამოყენებული ექსპორტზე ორიენტირებული განვითარების (EOI) სტრატეგიის ფარგლებში, იაპონიამ 1970-იან წლებშიც განაგრძო საექსპორტო ეკონომიკის აქტიური განვითარება, რამაც ქვეყანას გაუხსნა სავალუტო შემოსავლის წყაროები და მისცა საშუალება აენაზღაურებინა ნედლეულის, კერძოდ კი ნავთობის, იმპორტზე ფასების ზრდა (Balassa, 1971). იაპონიის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა დასავლეთის, და უწინარეს ყოვლისა აშშ-სა და ევროპის, ბაზრებზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება. საკმაოდ მოკლე პერიოდში იაპონური კომპანიების პროდუქცია, როგორიცაა ავტომობილები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მათი მაღალი ხარისხისა და კონკურენტული ფასების გამო მოთხოვნადი გახდა ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. ამავდროულად იაპონურმა კომპანიებმა დაიწყეს აქტიური ინვესტირება უცხოურ წარმოების ობიექტებში (Vogel, 1979). ყოველივე ამას ჰქომდა ძლიერი მხარდაჭერა სახელმწიფოსა და უშუალოდ საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს (MITI) მხრიდან. სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ზომებმა ხელი შეუწყო ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული შოკების შერბილებას და უზრუნველყო იაპონიის ეკონომიკის შემდგომი გრძელვადიანი მდგრადი განვითარება. იაპონიის ეკონომიკა 1980-ან წლებში მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1980-იანი წლებში ნელ-ნელა მცირდებოდა, იაპონიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რჩებოდა და იაპონური კომპანიები განაგრძობდნენ დომინირებას ელექტრონიკაში, ავტომობილმშენებლობაში და მძიმე მრეწველობაში. 1980-იან წლებში იაპონიის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო მისი გადასვლა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებაზე. კომპანიები, როგორიცაა Sony, Panasonic, Toshiba, Toyota და Honda, გახდნენ ტექნოლოგიური ლიდერობისა და ხარისხის სიმბოლოები. იაპონური კომპანიები დაიკავეს პირველობა რობოტებისა და წარმოების ავტომატიზაციის სფეროში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მწარმოებულობა და შეამცირა ხარჯები (Cusumano, 1985). 1980-იანი წლების დასაწყისისთვის იაპონია გახდა ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში, რამაც გაამწვავა იაპონიისა და აშშ-ს სავაჭრო კონფლიქტების. ამ კონფლიქტების შედეგად არაერთხელ იყო შემოღებული შეზღუდვები იაპონური საქონლის იმპორტზე. ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო 1985 წელს მიღებული პლაზა აკორდები (Plaza Accord) ანუ შეთანხმება საფრანგეთს, გერმანიას, შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და იაპონიას შორის, რომელიც ითვალისწინებდა ვალუტის გაცვლითი კურსით მანიპულირებას იაპონური იენისა და გერმანული მარკასთან შედარებით აშშ დოლარის კურსის შემცირების მეშვეობით. ამ ხელშეკრულებამ შეამცირა იაპონური ექსპორტის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე. სამაგიეროდ, მიღებული ზომების წყალობით, იაპონიაში გაააქტიურდა შიდა მოთხოვნა, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას მოკლევადიან პერსპექტივაში (Frankel, 1994). ამის შედეგად, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში იაპონიამ განიცადა შიდა მოთხოვნის ძლიერი ზრდა. ამას ხელი შეუწყო ქვეყანაში დამკვიდრებული დაბალი საპროცენტო განაკვეთები და მთავრობის მასტიმულირებელი საკრედიტო პოლიტიკა. კრედიტზე მარტივმა ხელმისაწვდომობამ გამოიწვია ინვესტიციების ზრდა უძრავ ქონებასა და საფონდო ბირჟაზე. ეს კი, თავის მხრივ, ხელი შეუწყო “ეკონომიკური ბუშტის“ (economic bubble) ჩამოყალიბებას, როდესაც აქტივების (მიწა და აქციები) ფასებმა დაიწყო მათი რეალური ღირებულების შეუსაბამოდ სწრაფი ზრდა (Hoshi & Kashyap, 2000). 1980-იანი წლების ბოლო იყო იაპონიის ეკონომიკის „ოქროს ხანა“, რომელიც ხასიათდებოდა ინვესტიციების მაღალი დონით და მოხმარების ზრდით. თუმცა, უკვე ისმოდა ხმა ზოგიერთი მეცნიერ-ეკონომისტისა, რომლებიც გამოთქვამდნენ შეშფოთებას იაპონური ეკონომიკის „გადახურების“ გამო (Hoshi & Kashyap, 2000). იაპონიის ეკონომიკა 1990-ან წლებში წარმატებული ათწლეულების განმავლობაში უწყვეტი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 1990-იან წლებში იაპონიამ განიცადა მძიმე ეკონომიკური სირთულეები და “ეკონომიკური ბუშტის“ კრახი, რამაც გამოიწვია ხანგრძლივი რეცესია, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "დაკარგული ათწლეული" („Lost Decade".). მას შემდეგ, რაც 1991 წელს “ეკონომიკური ბუშტი“ გასკდა, დაიწყო უძრავი ქონების ფასების მკვეთრი შემცირება, საფონდო ბირჟის ვარდნა, რამაც მრავალი კომპანიისა და ბანკის გაკოტრება გამოიწვია. კრიზისი შეეხო იაპონიის ეკონომიკის ყველა ასპექტს: ფინანსურ სექტორს, სამრეწველო სექტორს და ა.შ. შედეგად, იაპონიის ეკონომიკა შევიდა ხანგრძლივი სტაგნაციის პერიოდში, დაბალი ზრდის ტემპებით და მაღალი უმუშევრობის დონით (Ito, 1992). 1990-ან წლებში იაპონიის ეკონომიკა დაუპირისპირდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა (Koo, 2003; Lincoln, 2001; Auer, Cazes, 2000; Gordon, 2003): - ეკონომიკის სტრუქტურის პრობლემა, გამოწვეული იმით, რომ ამ პერიოდის იაპონიის ეკონომიკა ძლიერ იყო დამოკიდებული მსხვილ სამრეწველო სექტორზე და ექსპორტზე, ხოლო შიდა მოთხოვნა შედარებით სუსტი რჩებოდ; - კორპორატიული სექტორის „სტაგნაციური“ ქცევა ანუ იაპონური კომპანიების მოუმზადებლობა რესტრუქტურიზაციისა და ხარჯების შემცირებისადმი შეუგუებლობა; - შრომის ბაზრის კრიზისი, რაც გამოიხატებოდა უმუშევრობის დონის რეკორდულად მაღალ მაჩვენებლებში. ეს დიდწილად იყო გამოწვეული კრიზისის პირობებში კომპანიების მხრიდან ე.წ. „მთელი ცხოვრების მანძილზე დასაქმების“ პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადასინჯვით. - სოციალური სფეროს კრიზისი, რაც გამოხატული იყო უთანაბრობის ზრდაში და სიღარიბის გამწვავებაში. - სამთავრობო პოლიტიკისადმი და იაპონიის ტრადიციული ეკონომიკური მოდელის მიმართ უნდობლობა, რაც იყო შედეგი იმ პროცესებისა, რომლებიც 1990-ან წლებში გამოვლინდნენ იაპონიის ეკონომიკურ რეალობაში. ამ ვითარებამ აიძულა იაპონიის მთავრობა გადაეხედა სოციალური გარანტიებისა და სოციალური უსაფრთხოებისთვის. შედეგად, მთავრობამ გააძლიერა ძალისხმევა ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, მიიღო ზომები ფინანსური სექტორის გასაუმჯობესებლად, მათ შორის გადახდისუუნარო ბანკების ლიკვიდაციისა და საბანკო აქტივების კონსოლიდაციის გზით, რამაც ხელი შეუწყო ფინანსური სისტემისადმი ნდობის აღდგენას და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პირობების შექმნას (Pempel, 1998). ამგვარად, 1990-იანი წლების ბოლოს იაპონიის ეკონომიკაში გამოჩნდა აღდგენის ნიშნები. დასკვნა ომისშემდგომ პერიოდში იაპონიაში წარმოიშვა ბიზნეს-საქმიანობის ორგანიზების განსაკუთრებული ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო სახელმწიფო-მონოპოლისტური რეგულირება და სახელმწიფო საკუთრების მაღალი დონის არსებობა, სახელმწიფოს უშუალო ზემოქმედება ეკონომიკაზე საბაზრო მექანიზმების მეშვეობით. 1970-იანი წლები იაპონიისთვის სერიოზული ეკონომიკური გამოწვევებისა და გარდაქმნების პერიოდი გახდა. 1973 წლის ენერგეტიკულმა კრიზისმა გამოავლინა იაპონიის ეკონომიკის სუსტი მხარეები და აიძულა ქვეყანა შეემუშავა უფრო მოქნილი ეკონომიკური სტრატეგიები, რომლებშიც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებასა და ინდუსტრიული რესტრუქტურიზაციას. ამ პროცესების კოორდინაციაში წამყვანი როლი სახელმწიფოს ეკუთნოდა. 1980-იან წლებში, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და შიდა პრობლემებისა, იაპონიის ეკონომიკა განაგრძობდა დინამიურ განვითარებას. მაღალტექნოლოგიურმა წარმოებამ, ექსპორტმა და ინდუსტრიაში ინოვაციებმა ქვეყანას საშუალება მისცა შეენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია მსოფლიო ბაზარზე. 1990-იანი წლები რთული პერიოდი იყო იაპონიის ეკონომიკისთვის. „ეკონომიკური ბუშტის“ კრახმა გამოიწვია ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რასაც თან ახლდა ფინანსური არასტაბილურობა, ინვესტიციების შემცირება და უმუშევრობის ზრდა. მთავრობის მიერ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის მიღებულმა ზომებმა მყისიერი შედეგი ვერ გამოიღო და ქვეყანა გაჭიანურებული რეცესიის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, ათწლეულის ბოლოს შეიმჩნეოდა გამოჯანმრთელების ნიშნები, რაც დაკავშირებული იყო შიდა რეფორმებთან და საერთაშორისო ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასთან. გამოყენებული ლიტერატურა Auer, P., Cazes, S. (2000). The Resilience of the Long-term Employment Relationship: Evidence from the Industrialized Countries. International Labour Organization. Balassa, B. (1971). The Structure of Protection in Developing Countries. Johns Hopkins University Press. Hughes, L. (1984). Energy Policy in Japan: From Oil to Nuclear Power. Cambridge University Press. Ito, T. (1992). The Japanese Economy. MIT Press. Johnson, C. (1982). MITI and the Japanese Miracle: The Growth of Industrial Policy, 1925–1975. Stanford University Press. Koo, R. C. (2003). Balance Sheet Recession: Japan’s Struggle with Uncharted Economics and Its Global Implications. Wiley. Lincoln, E. J. (2001). Arthritic Japan: The Slow Pace of Economic Reform. Brookings Institution Press. Noland, M. (2005). The Industrial Policy of Japan: Theory and Practice. Peterson Institute for International Economics. Pempel, T. J. (1998). Regime Shift: Comparative Dynamics of the Japanese Political Economy. Cornell University Press. Samuels, R. (1987). The Business of the Japanese State: Energy Markets in Comparative and Historical Perspective. Cornell University Press. Vogel, E. (1979). Japan as Number One: Lessons for America. Harvard University Press. Cusumano, M. (1985). The Japanese Automobile Industry: Technology and Management at Nissan and Toyota. Harvard University Press. Hoshi, T., & Kashyap, A. (2000). Corporate Financing and Governance in Japan: The Road to the Future. MIT Press. |