English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ქრისტინე უგლავა
ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობა და პარტნიორობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის

Doi: 10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.04.Kristine.Uglava

ანოტაცია. სტატიაში გადმოცემულია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (აეგ) მიდგომის წარმატებულად დანერგვისა და განხორციელებისათვის ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობა. აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება სწორედ თანამშრომლობაზე,  მონაწილეობაზე და ინტეგრაციაზე დაფუძნებულ, განვითარების მიღწევის ჰოლისტურ მიდგომას წარმოადგენს და კონცენტრირებული არ არის რომელიმე ერთი სექტორის განვითარებაზე ან რომელიმე სოციალური ჯგუფის კეთილდღეობაზე. წარმატებული აეგ-ის სტრატეგიები არ იქმნება მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მიერ. აეგ-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა გააერთიანოს ყველა ადგილობრივი აქტორის ძალისხმევა და რესურსები ადგილის განვითარების ერთიანი ხედვის ქვეშ და უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა ადგილზე. აეგ-ის სტრატეგიები უფრო ეფექტიანია როდესაც აეგ-ის პროექტები დაფინანსებულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია არსებობდეს ადგილობრივი აქტორების მზაობა თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფორმატში მუშაობისთვის.  

ნაშრომში აგრეთვე მოცემულია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესებში ადგილობრივი აქტორების, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების როლების ზოგადი მიმოხილვა.

აღნიშნულია, რომ  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიდგომის დანერგვის საკითხზე დაინტერესება საქართველოში სულ რაღაც ხუთი წლის წინ დაიწყო და თანდათანობით უფრო მეტად აქტუალური ხდება. შესაბამისად, უფრო მეტად იზრდება ცნობიერება  იმ საკითხზე, რომ ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობა და ჩართულობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესების წარმატებას.            

საკვანძო სიტყვები: ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, ადგილობრივი აქტორები, პარტნიორობა, ადგილობრივი დიალოგი

 შესავალი

ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება  (აეგ) წარმოადგენს მონაწილეობაზე და ინტეგრაციაზე დაფუძნებულ, განვითარების მიღწევის ჰოლისტურ მიდგომას და იმ პროცესების შედეგს, როდესაც ადგილობრივი აქტორები, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი და საერთაშორისო განვითარების პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფარგლებში, რისკების, პასუხისმგებლობების და რესურსების გაზიარების პირობებით, სინერგიულად და კოორდინირებულად მუშაობენ კონკრეტული ადგილისთვის/ტერიტორიისთვის (დასახლების, დასახლებათა გაერთიანებისთვის, მუნიციპალიტეტისთვის ან რეგიონისთვის) უკეთესი ეკონომიკური პირობების შექმნისა და ყველასათვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით. აგრეთვე, ადგილობრივი განვითარების საერთო ხედვითა და სტრატეგიით იყენებენ ადგილზე კონცენტრირებულ ადამიანურ, ფინანსურ, ფიზიკურ და ბუნებრივ რესურსებს და ახდენენ ადგილის შესაძლებლობების ზრდას და უპირატესობების მაქსიმიზებას ყველა სფეროში.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება  შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ეკონომიკური განვითარების განსაკუთრებული და ეფექტური მიდგომა, რომლის მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ის ქმნის შესანიშნავ პლატფორმას ადგილობრივი დიალოგისთვის, სადაც ადგილობრივ აქტორებს საშუალება ეძლევათ აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი განვითარების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და ძალისხმევათა გაერთიანებით, სინერგიულობით, თანამშრომლობით, პარტნიორობით, რისკებისა და პასუხისმგებლობების გაზიარებით, ადგილობრივი რესურსების ეფექტიანად და ეფექტურად ხარჯვით შეუძლიათ ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის.

აეგ-ის მიდგომის წარმატებულად დანერგვა მოითხოვს მოსახლეობის მაღალ სოციალურ და პოლიტიკურ შეგნებას და სოლიდარობას. აგრეთვე, აეგ მოითხოვს ადგილობრივი აქტორების მხრიდან ახლებურად და სტრატეგიულად აზროვნებასა და ფიქრს, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

  • ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად საჭიროა მოლაპარაკებაზე, კოლაბორაციაზე და თანამშრომლობაზე გადასვლა, საერთო შედეგების მიღწევისათვის ძალების და შესაძლებლობების გაერთიანება;
  • მხოლოდ ხელისუფლება არ არის პასუხისმგებელი განვითარების მიღწევაზე, არამედ მთელი საზოგადოებაა პასუხისმგებელი ამაზე;
  • განვითარების სექტორული დაგეგმვიდან ინტეგრირებულ დაგეგმვაზე გადასვლა;
  • გარედან მიღებულ მხარდაჭერაზე დამოკიდებულების ნაცვლად შიგნით არსებულ რესურსებზე და ფინანსებზე ფოკუსირება;
  • პროცესების ისე წარმართვას, რომელიც გააერთიანებს მონიტორინგის, სწავლების და  განვითარების ელემენტებს;
  • შუალედურ შედეგზე (მაგ: პროექტები და კანონები) ფოკუსირების ნაცვლად საბოლოო შედეგზე ფოკუსირება (მაგ: სიღარიბის შემცირება) (OECD, 2001)

აღსანიშნავია, რომ თუ ადგილობრივი განვითარების მთელ პასუხისმგებლობას ერთ აქტორს, მაგალითად მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას ან ადგილობრივ კერძო სექტორს ან სხვა რომელიმე მხოლოდ ერთ აქტორს მივაკუთვნებთ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ეს სტრატეგიული მიდგომა ვერ იმუშავებს ისე ეფექტიანად, როგორც მუშაობს თანამშრომლობის პირობებში. ამავდროულად ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ხარისხი და მისი განხორციელების პროცესი ვერ იქნება ისეთივე ეფექტური და წარმატებული, როგორიც ადგილობრივი აქტორების მაქსიმალური ჩართულობისა და თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი. თანაც ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობას და პარტნიორობას ყველასათვის სიკეთე და სარგებელი მოაქვს. 

ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობის მნიშვნელობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესების წარმატებისთვის

აღსანიშნავია, რომ აეგ-ის სტრატეგია იყენებს ჰოლისტურ მიდგომას და არ არის კონცენტრირებული რომელიმე ერთი სექტორის განვითარებაზე ან რომელიმე სოციალური ჯგუფის კეთილდღეობაზე და წარმატებული აეგ-ის სტრატეგიები არ იქმნება მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მიერ. აეგ-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა გააერთიანოს ყველა ადგილობრივი აქტორის ძალისხმევა და რესურსები ადგილის განვითარების ერთიანი ხედვის ქვეშ და უზრუნველყოფს მდგრადი განვითარება  და ინკლუზიური ზრდა ადგილზე.  აეგ-ის სტრატეგიები უფრო ეფექტიანია, როდესაც აეგ-ის პროექტები დაფინანსებულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია არსებობდეს ადგილობრივი აქტორების მზაობა თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფორმატში მუშაობისთვის.

განვითარებისკენ მიმართული ძალების პარტნიორობის ფორმატში ურთიერთობებს და ადგილობრივ დიალოგში აქტორების ჩართულობას შეუძლია მნიშვნელოვნად წაახალიოს ინოვაციური ინიციატივების გამოვლენა და დანერგვა, ადგილობრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა, რესურსდამზოგველი მეწარმეობის განვითარება, რეციკლირება, ნარჩენების მინიმიზაცია, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, სოციალური გათანაბრება, დასაქმების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა, ინვესტიციებისა და სამიზნე ჯგუფების მოზიდვის მიზნით ადგილზე კონკურენტული გარემოს შექმნა, ცოდნის ტრანსფერი და ცოდნაზე დაფუძნებული მდგრადი ეკონომიკური განვითარება.

ხშირად განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივ აქტორებს შორის თანამშრომლობის  და ნდობის ნაკლებობა, რის გამოც მათ შორის არ ხდება აეგ-სთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა და ასევე არ ფლობენ ამომწურავ ინფორმაციას ან ფრაგმენტულ ინფორმაციას ფლობენ ადგილზე არსებული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ეკოლოგიური ფაქტორების და დინამიკების შესახებ. შესაბამისად, განვითარებად ქვეყნებში იშვიათია ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობის და დიალოგის ფორმატები და ასევე საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტები.

განვითარებად ქვეყნებში  ასევე არსებობს პრობლემები გადაწყვეტილების მიღების პროცესებში კერძო სექტორის, სამოქალაქო სექტორის და სხვა ადგილობირვი აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რისთვისაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით მოხდეს მათი დარწმუნება, რომ მათ შესწევთ ძალა და აგრეთვე ფლობენ უნარებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესებზე დადებითი გავლენის მოახდინისთვის, რათა თავი იგრძნონ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების და ცვლილებების პროცესებში ჩართულ მნიშვნელოვან მონაწილედ. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა სოციალური დიალოგის უზრუნველყოფა, ნდობის ამაღლება, მათთვის განვითარების საერთო საბოლოო მიზნების დანახვა და ჩართულობისთვის წამახალისებელი მექნიზმების გამოყენება.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნისათვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმები და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სააგენტოები (აეგს) , რომლებიც ხშირად ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმების ინსტიტუციონალიზაციის შედეგად იქმნება. თანამშრომლობის პლატფორმების საშუალებით ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ დიალოგის რეჟიმში წარმოადგინონ მათი ხმა, საჭიროებების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია  ფართო აუდიტორიას, მონაწილეობა მიიღონ საერთო ინტერესების იდენტიფიცირებასა და ტერიტორიის განვითარების საერთო ხედვის შექმნაში, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს აეგ-ის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გამოვლენას და აგრეთვე აეგ-ის სინერგიულად და სტრატეგიულად დაგეგმვასა და განხორციელებას.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმებში და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სააგენტოებში ადგილობრივი აქტორების მეტი ჩართულობის მისაღწევად მნიშვნელოვანია განხორციელდეს სენსიბილიზაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, რომელთა მიზანია ადგილობრივი აქტორების და დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება აეგ-ის საკითხებზე, მათი მომზადება აეგ-ის სტრატეგიის შემუშავებისთვის დიალოგში ჩართულობის უზრუნველყოფისათვის, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი აქტორების კონსენსუსის მშენებლობას და სინეგიულ თანამშრომლობას აეგ-ის მიზნების მიღწევისათვის. სენსიბილიზაციის დროს ადგილობრივი დაინტერესებული პირებისთვის ტარდება შეხვედრები, კონსულტაციები, ვორქშოფები, პრეზენტაციები, ეწყობა სასწავლო ტურები, ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხების და  შესამუშავებელი აეგ-ის სტრატეგიის შესახებ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის ადგილობრივი აქტორების ადგილობრივ დიალოგში ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათ შორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესების მართვაში და პრომოუშენში ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს შესაბამისი დეკლარირებული უფლებომოსილებები/ვალდებულებები და ინსტრუმენტები ადგილობრივი განვითარების პროცესების სწორად და ეფექტურად მართვისთვის. ადგილობრივ ხელისუფლებას ეფექტურად შეუძლია განახორციელოს შემდეგი აქტივობები: ადგილობრივი მდგომარეობის პირველადი დიაგნოსტირების ჩატარება; მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფა; აეგ-ის პრომოუშენისთვის და იმპლემენტაციისთვის საჭირო ინსტიტუციონალური სისტემის მოწყობა და შესაბამისი ადამიანური რესურსების ალოკაცია; ადგილობრივი აქტორების მოწვევა  და ჩართვა ადგილობრივ დიალოგში; დიალოგის ფასილიტაცია; ადგილობრივი აქტორების ჩართვა აეგ-ს სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების პროცესში; აეგ-ის სტრატეგიის იმპლემენტაციის კოორდინაცია; ეკონომიკური აქტორების ინტერვენციების გაძლიერება იმდაგვარად, რომ მოხდეს მათი რისკების შემცირება; ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება; კერძო-საჯარო პარტნიორობის მხარდაჭერა; რეგულაციების განვითარება და სხვა.

აეგ-ის პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან რეალური ეკონომიკური განვითარება მიიღწევა კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის ზრდის შედეგად. ამავდროულად ბიზნეს სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის წარმატებას, რადგან სწორედ კერძო სექტორს აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია ადგილობრივი ეკონომიკის მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და ყველაზე კარგად შეუძლია გაიაზროს და მოახდინოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების არსებული პრობლემების, გამოწვევების და საფრთხეების იდენტიფიცირება. შესაბამისად მათი ჩართულობა აეგ-ის საფრთხეების და გამოწვევების საპასუხოდ წარმართულ პროცესებში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ფორმატები კერძო სექტორს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს ადგილის განვითარების მართვის პროცესში და მონაწილეობა მიიღოს ადგილის განვითარების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, მიაწოდოს ინფორმაცია ბიზნესის განვითარების საჭიროებების შესახებ ადგილობრივ აქტორებს, მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებას და აგრეთვე მიაწოდოს იდეები მათ საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტების შესახებ. ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ კაპიტალითა და სხვა სამეწარმეო რესურსებით უზრუნველყონ სხვადასხვა განვითარების ინიციატივების განხორციელება, რომლებიც პარტნიორობაზე იქნება დაფუძნებული.

აეგ-ის მიდგომის ეფექტიანობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აეგ-ის აქტივობები შეიძლება დაფინანსებული იყოს, როგორც საჯარო ფინანსებით, ასევე კერძო სექტორის ფინანსური რესურსით ან/და თანადაფინანსების ფორმით, რაც საბოლოოდ ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობასაც უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია სამოქალაქო საზოგადოების როლი აეგ-ის პროცესებში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები, განსაკუთრებით კი სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციები ადგილობრივი განვითარების პროცესებში უზრუნველყოფენ სხვადასხვა კვლევების ჩატარებას და  ინფორმაციისა  და ცოდნის მიწოდებას ადგილობრივი აქტორებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ეკონომიკური აქტივობები უფრო და უფრო მეტად ხდება ცოდნაზე დაფუძნებული, ამიტომაც უნივერსიტეტებს და სასწავლო დაწესებულებებს მნიშვნელოვნად შეუძლიათ აეგ-ის პროცესების მხარდაჭერა ადგილობრივი ინდუსტრიული ინოვაციების განვითარების მიმართულებით. მათ აქვთ შესაძლებლობა მოიზიდონ ცოდნა, იდეები და ახალი ადამიანური რესურსები, მოახდინონ ტექნოლოგიების ტრანსფერი, აწარმოონ კვლევები ტერიტორიის მდგომარეობისა და პოტენციალის შესახებ და უზრუნველყონ გამოცდილების ადგილობრივ მდგომარეობასთან და საჭიროებებთან შესაბამისობა და ინტეგრირება.

აღსანიშნავია, რომ აეგ-ის პროცესები ხელს უწყობს უნივერსიტეტების, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებების და სხვა განვითარების პარტნიორების თანამშრომლობის გაღრმავებას ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც მიიღწევა ადამიანური რესურსების განვითარება და ინოვაციების დანერგვის მხარდაჭერა.

აგრეთვე მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების როლიც, რომლებიც უზრუნველყოფენ აეგ-ის პროცესების მეთოდურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ცოდნის ტრანსფერს და სტრატეგიის შემუშავების პროცესების და/ან სტრატეგიის პროექტების დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების როლი განსაკუთრებით კრიტიკული არის მაშინ, როდესაც აეგ-ის პრომოუშენის ეფექტურად წარმართვისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობები და საჭიროებენ მხარდაჭერას.  

აღსანიშნავია რომ, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიდგომის დანერგვის საკითხზე დაინტერესება საქართველოში სულ რაღაც ხუთი წლის წინ დაიწყო და თანდათანობით უფრო მეტად აქტუალური ხდება. შესაბამისად, უფრო მეტად იზრდება ცნობიერება იმ საკითხზე, რომ ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობა და ჩართულობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესების წარმატებას.

საქართველოს მუნიციპალიტეტების და რეგიონების დონეზე, ადგილობრივ და რეგიონული განვითრების საკითხებზე დღემდე არსებული სტრატეგიული დოკუმენტების (რეგიონული განვითარების სტრატეგიები, მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმები და სხვა) შემუშავებისა და განხორციელების პროცესებში ადგილობრივი აქტორების ჩართულობა უმნიშვნელო იყო და ეს პროცესები ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის EU, UNDP, GIZ) ფინანსური და ექსპერტული დახმარებით და ასევე მუნიციპალიტეტების მერიებთან და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობით წარიმართა.

საქართველოს მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმების გამართვის მხრივაც მცირე გამოცდილება აქვთ. მუნიციპალიტეტებში აეგ-სთან დაკავშირებულ საკითხებზე ფორუმები უფრო მეტად 2018 წლიდან იმართება,  თბილისში დაახლოებით 2006 წლიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფორუმები ინვესტიციების მოზიდვაზე უფრო იყო კონცენტრირებული ვიდრე ადგილობრივ აქტორებს შორის დიალოგის განვითარებაზე. მაგალითად „თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმებში“ მონაწილეობას იღებდნენ ევროპის, აზიის და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებიც და აღნიშნული ფორუმების ძირითადი მიზანი ქვეყნებს შორის გამოცდილების და აეგ-ის საკითხებზე ხედვების გაზიარება იყო.  დედაქალაქის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ტარდება ფორუმები აგრომრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა მიმართულებების განვითარების, საინვესტიციო პორტფელების გაცნობისა და ინვესტიციების  მიზიდვის საკითხებზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებს ასევე მცირე გამოცდილება აქვთ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სააგენტოების მსგავსი ორგანიზაციების მუშაობის  მხრივაც. რამოდენიმე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს აეგ-ის სტრატეგიაზე და ადგილზე ეკონომიკის განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. თუმცა ისინი ძირითადად მუნიციპალიტეტების მერიების მიერ არის დაფუძნებული არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირების სახით და მათი ფუნქცია-მოვალეობები უფრო მეტად ჰგავს მუნიციპალიტეტების მერიების ეკონომიკური სამსახურების ფუნქციებს, ვიდრე ამას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სააგენტოების კლასიკური მოდელი მოაზრებს.  

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2018 წელს მიიღეს „საქართველოს კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ განვითარების აქტორების თანამშრომლობის წახალისების მიზნით, თუმცა ამ კანონში ასახული რეგულაციები მნიშვნელოვნად დასახვეწია, რათა უფრო ნათლად ასახოს უფლებამოსილებები თანამშრომლობის ფორმატში და უფრო სამართლიანად გადაანაწილოს პასუხისმგებლობები და რისკები. ამ მხრივ პრობლემების არსებობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველოში საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტები ძალიან ცოტაა და დედაქალაქის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში კი თითქმის არ არსებობს. 

დასკვნა

გლობალური ეკონომიკა მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ იდენტობას და მახასიათებლებს.  ასეთ პირობებში ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობა და პარტნიორობა საზოგადოებებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას ადგილის საერთო მიზნების ფორმულირების, განვითარების სწორი სტრატეგიის შერჩევისა  და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების  მიღწევის პროცესებში. ამასთან პარტნიორობა მმართველობის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს ცხოვრების სტანდარტების ამაღლებისთვის. ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობისა და პარტნიორობის გარეშე შეუძლებელია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიდგომის წარმატებულად დანერგვა და ეფექტიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შემუშავება და განხორციელება. შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ადგილობრივი დიალოგისთვის შესაბამისი პლატფორმების განვითარების, ადგილობრივი აქტორების ჩართულობის მზაობის უზრუნველყოფის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის წახალისების და ხელშეწყობის საქმეში, რისთვისაც საჭიროა ეფექტურად განახორციელოს სენსიბილიზაციისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.

საქართველოს მცირე გამოცდილება აქვს ადგილობრივი აქტორების დიალოგის ხელშეწყობის, აეგ-ის სტრატეგიების შექმნის, აეგ-ის ფორუმების ჩატარებისა და აეგს-ების მუშაოების საკითხებზე, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობისა და პარტნიორობის მხარდაჭერის მიზნით აქამდე გადადგმული ნაბიჯები დასაფასებელია და მთავარი ის არის, რომ ამ საკითხებზე დაინტერესება მუდმივად იზრდება. აგრეთვე, ამ საკითხებზე მუშაობის გააქტიურებისთვის მზაობა და ინტერესიც ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზეც არსებობს და რაც მთავარია ამ მიმართულებით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც დახმარებისთვის ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და მიესალმებიან „ქვემოდან-ზემოთ“ (bottom-up) ინიციატივებს.

საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი პანდემიით შექმნილი კრიზისის და პოსტ კრიზისულ პერიოდებში უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს სამართლებრივი რეგულაციების და პოლიტიკების დახვეწა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესებში ადგილობრივი აქტორების თანამშრომლობისა და ჩართულობის წახალისების, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებისა და აეგ-ის დანერგვის საკითხებზე, რადგან თანამშრომლობის და პარტნიორობის ფორმატებში ბევრად სწრაფად და ეფექტურად არის შესაძლებელი ადგილობრივი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და განვითარების უზრუნველყოფა. აგრეთვე მნიშვნელოვანია ცენტრალურმა ხელისუფლებამ მეთოდური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მუნიციპალიტეტებს აეგ-ის საკითხებზე ადგილობრივი აქტორების სენსიბილიზაციის და ადგილობრივი დიალოგის პროცესების წარმატებულად განხორციელებისათვის, რაშიც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცენტრალური ხელისუფლების შუამდგომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუნიციპალიტეტის მერიების ინტიტუციური გაძლიერებისა და თანამშრომლების გადამზადების მიმართულებით. 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.files.ethz.ch/isn/28509/LIS05-005.pdf (ბოლოს ნანახია 2021 წლის 22 ნოემბერს)

  • The Role of Social Dialogue in Local Economic Development; Isaac Khambule, Cesile Gerwel Proches; 2016

https://www.researchgate.net/publication/320281064_The_Role_of_Social_Dialogue_in_Local_Economic_Development (ბოლოს ნანახია 2021 წლის 22 ნოემბერს)

  • Local area agreements and local economic development; Centre for Enterprise and Economic Development Research (CEEDR) Middlesex University Business School; July 2009

https://www.researchgate.net/publication/279679898_Local_area_agreements_and_local_economic_development (ბოლოს ნანახია 2021 წლის 22 ნოემბერს)

  • Organising Local Economic Development THE ROLE OF DEVELOPMENT AGENCIES AND COMPANIES Greg Clark, Joe Huxley, Debra Mountford; 2010

https://www.oecd.org/publications/organising-local-economic-development-9789264083530-en.htm(ბოლოს ნანახია 2021 წლის 22 ნოემბერს)

  • Strategies for Sustainable Development; The DAC Guidelines; OECD; 2001

https://www.oecd.org/dac/environment-development/2669958.pdf

  • Effect of the Moderation of Economic Institution on Local Economic Development; Yoyok Hendarso, Zulfikri Suleman, Supriyanto Supriyanto, Maulana Ali; 2018

https://www.researchgate.net/publication /332227850_Effect_of_the_Moderation_of_Economic_Institution_on_Local_Economic_Development (ბოლოს ნანახია 2021 წლის 22 ნოემბერს)