![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
გიგი ელიზბარაშვილი ∘
პოსტკომუნისტური საქართველოს ეკონომიკა ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდიდან „ჰიპოთეზურ“ ეკონომიკურ ზრდამდე ანოტაცია. სტატიის მიზანია საქართველოს, როგორც კომუნისტური ისტორიის მქონე და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი დანარჩენ პოსტკომუნისტურ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. ანალიზისთვის კი საჭიროა ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ერთმანეთთან შედარება. თუმცა, რასაკვირველია პირდაპირ, ფაქტობრივ ეკონომიკურ ზრდებს ვერ შევადარებთ, რადგან ყველა ქვეყნის ეკონომიკა განსხვავებული სიდიდისაა და საჭიროებს ერთ კონკრეტულ ნიშნულთან გათანაბრებას.სტატიაში კი წარმოდგენილია შესაბამისი გათვლები და შედეგები. საკვანძო სიტყვები. მკვეთრი ზრდის ეფექტი, პროპორციული გადაფარვის კოეფიციენტი, ჰიპოთეზური ეკონომიკური ზრდა. შესავალი ვინაიდან საქართველო პოსტკომუნისტური ქვეყანაა და ამასთანავე ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მისი და სხვა პოსტკომუნისტური თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისთვის საჭიროა ამ 40 ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთმანეთთან შედარება. თუმცა, რასაკვირველია პირდაპირ, ფაქტობრივ ეკონომიკურ ზრდებს ვერ შევადარებთ, რადგან ყველა ქვეყნის ეკონომიკრი განვითარების დონე განსხვავებული სიდიდისაა და მათი ერთმანეთთან შედარებისთვის აუცილებელია აღნიშნული ეკონომიკები გავათანაბროთ რაიმე ნიშნულთან - გამოვრიცხოთ ე.წ. „მკვეთრი ზრდის ეფექტი“ [Mankiw 2004: 546-547; Papava 2012: 127-128; Papava 2014b: 3-13; Papava 2016: 97-103]. ამისათვის საჭიროა ავიღოთ, რომელიმე ეტალონური ქვეყანა და მას შევუსაბამოთ სხვა დანარჩენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები. კველვა ჩატარებულია IMF-ის, როგორც ფაქტობრივი (2001-2023 წწ.), ასევე პროგნოზირებული (2024-2029 წწ.) მონაცემების საფუძველზე [IMF, 2024]. ვინაიდან კვლევისას გამოიკვეთა ირლანდიის ეკონომიკური უპირატესობა დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებით (აღნიშნულ 40 ქვეყანას შორის ირლანდიის საშუალო [1]GDPPPP მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენს 80 866 აშშ დოლარს და ჩამორჩება მხოლოდ ლუქსემბურგის შესაბამის მაჩვენებელს, თუმცა მისი საშუალო ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდა შეადგენს 4,54%-ს და ლუქსემბურგის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 1,84-ჯერ. გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის ეტალონად აღების შემთხვევაში ირლანდიის საშუალო კორექტირებული ეკონომიკური ზრდა გამოდის ყველაზე მაღალი) იგი ავიღეთ, როგორც ეტალონური ქვეყანა და გავუთანაბროთ დანარჩენი 39 ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები. მაგალითად, საქართველოს GDPPPP მოსახლეობის ერთ სულზე 2023 წელს იყო 21 131 აშშ დოლარი, ხოლო ირლანდიის - 132 219 აშშ დოლარი. მათი თანაფარდობით ვიღებთ ე.წ. „პროპორციული გადაფარვის კოეფიციენტს“ [პაპავა, 2020: 231], რომელიც გვიჩვენებს, რომ ირლანდიის ეკონომიკა 2022 წელს 6,26-ჯერ აღემატებოდა საქართველოს ეკონომიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ ირლანდიისთვის 6,26-ჯერ უფრო რთული იყო საქართველოს შესატყვისი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. გამოდის, რომ საქართველოს ეკონომიკის 10,96%-იანი ზრდა ირლანდიის ეკონომიკის 1,75%-იანი (10,96 : 6,26) ზრდის ექვივალენტური ყოფილა და ცალსახად იმის თქმა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ (10,96%) გადააჭარბა ირლანდიის ეკონომიკურ ზრდას (9,43%), როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს არასწორია. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა კიარ აჭარბებს ირლანდიის ეკონომიკურ ზრდას, არამედ 5,39-ჯერ (9,43 : 1,75) ჩამორჩება კიდეც მას. საბოლოოდ „მკვეთრი ზრდის ეფექტის“ გამორიცხვის შემდეგ ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდიდან მივიღებთ კორექტირებულ ეკონომიკურ ზრდას ე.წ. „ჰიპოთეზურ ეკონომიკურ ზრდას“ [პაპავა, 2020: 228-233]. აღნიშნული მაგალითის შესაბამისად გამოვთვალეთ 2001 წლიდან 2030 წლამდე თითოეული ქვეყნის „ჰიპოთეზური ეკონომიკური ზრდა“, როგორც ცალკეული წლის მიხედვით ასევე აღნიშნული ბოლო სამი ათწლეულის საშუალო მაჩვენებლები და შევადარეთ ერთმანეთს. დეტალური ცხრილების სიდიდიდან გამომდინარე პარაგრაფში მოყვანილია საშუალო მაჩვენებლების ანალიზი (იხ. ცხრილი 1; დიაგრამა 1- დიაგრამა 2). ცხრილი 1 ფაქტობრივი და „ჰიპოთეზური“ საშ. ეკონომიკური ზრდა (ირლანდიის - 4.54%) ცხრილის პირველ სვეტში ქვეყნები დალაგებულია ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდის კლების მიხედვით, ხოლო მეორე სვეტში კორექტირებული - „ჰიპოთეზური“ ეკონომიკური ზრდის კლების მიხედვით. მათ შორის აშკარად ჩანს თანმიმდევრობის ცვლილება. მაგალითად, ცხრილ 1-დან გამომდინარე საქართველო საშუალო ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდით (5,71%) უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, და ჩამორჩება მხოლოდ რამდენიმე პოსტკომუნისტურ განვითარებად ქვეყანას: ტაჯიკეთს; თურქმენეთს; აზერბაიჯანს; უზბეკეთსა და სომხეთს. რაც შეეხება კორექტირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს (0,95%), ამ კუთხით საქართველო უკვე ჩამორჩება მთელ რიგ განვითარებად, თუ განვითარებულ ქვეყნებს, მათ შორის ეტალონურ ირლანდიას. ამასთანავე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველო კორექტირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით 9 პოსტკომუნისტურ ქვეყანასთან ერთად (ალბანეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, მოლდოვა, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი) 9 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც (ბულგარეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ხორვატია) უსწრებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირლანდიის ეტალონურ ქვეყანად აღების შემდეგ ლუქსემბურგის გარდა ყველა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა (ზოგიერთის უმნიშვნელოდ, ზოგიერთის მნიშვნელოვნად) შემცირდა, მათ შორის, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5,71%-დან 0,95%-მდე, ე.ი. დაახლოებით 6-ჯერ შემცირდა. ამ ცვლილებების თვალნათლივ, წარმოსაჩენად უმჯობესია ცხრილის შედეგების გამოსახვა დიაგრამების სახით, რომლებიც ილუსტრაციულად, ერთი შეხედვით, გვაჩვენებს თითოეული ქვეყნის ფაქტობრივ ეკონომიკურ ზრდასა და კორექტირებულ - „ჰიპოთეზურ“ ეკონომიკურ ზრდას შორის ცხვლილების სიდიდეს. სწორედ ამიტომ, ქვემოთ წარმოდგენილია დიაგრამები (იხ. დიაგრამები 1 - 2). დიაგრამა 1 დიაგრამა 2 დიაგრამა 1-ზე ნაჩვენებია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და პოსტკომუნისტური ქვეყნების ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლები კლებადობის მიხედვით, ხოლო დიაგრამა 2-ზე კი ამავე ქვეყნების კორექტირებული - „ჰიპოთეზური“ ეკონომიკური ზრდა ასევე კლებადობის მიხედვით. აქ თვალნათლივ ვხედავთ ცხრილ 1-ში მოყვანილი მონაცემების ერთმანეთისგან განსხვავებას და ილუსტრაციულადაც მყარდება ჩვენი მსჯელობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ანალიზის შესახებ. კვლევიდან გამომდინარე აშკარა ხდება, რომ სანამ ამა თუ იმ ქვეყნის ფაქტობრივ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მივიჩნევთ სხვა ქვეყნებთან შედარებით პრიორიტეტულად, მანამდე უმჯობესია გავითვალისწინოთ „მკვეთრი ზრდის ეფექტი“ და მისი გამორიცხვის შედეგად მიღებული ცვლილებები. ეს ყოველივე ყველაზე მეტად ეხება განვითარებად ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკური ზრდა ხშირ შემთხვევაში „თვალისმოჭრელად“ მაღალია და იქმნება იმის ილუზია თითქოს ამ უკანასკნელთა ეკონომიკური ზრდა რეალურად აღემატება უფრო დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდებს. თითოეულ განვითარებად პოსტკომუნისტურ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ძალიან გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარების სამომხმარებლო მოდელიდან ინოვაციურ მოდელზე გადავიდეს. ამ გზის წარმატებით გასავლელად მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა არ არის საკმარისი. საერთაშორისო შეთანხმებების პარალელურად აუცილებელია ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იყოს კერძო მეწარმეთა ინტერესების გასაღვივებლად და კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის ინოვაციური ტიპის წასახალისებლად (Papava, 2014a: 8). განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის კონკურენტუნარიანობის მაღალი დონისა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა განვითარდეს წარმოება. წარმოების განვითარების საწინდარია სხვადასხვა სექტორისა და დარგის გამოცოცხლება, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს სამუშაოს მაძიებლებისთვის. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია წარმოების განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ტექნოლოგიური წინსვლისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების კუთხით, ისე იმ ადამიანთა კვალიფიციური მზაობა, რომლებმაც ფრთები უნდა შეასხან მაღალტექნოლოგიურ წარმოებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ეკონომიკის სტრუქტურული მახასიათებელი ცოდნის წარმოების ფუნქციაა (leydesdorff, 2010: 2). ლიტერატურა
|